მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

იგავი შეუბრალებელ მევალეზე

მათე 18, 23-35

როცა პეტრე მოციქულმა ჰკითხა ქრისტეს: შეენდო თუ არა ძმისათვის შვიდჯერ, იგი თავის გულში უკვე გრძნობდა სიყვარულის ახალ კანონს, რომელიც უფალმა მოიტანა ზეციდან, - ყოველივეს მპატიებელ და დამფარველ სიყვარულს; მაგრამ იგი ჯერ კიდევ ცხადად ვერ ხვდებოდა, რომ სიყვარულის ძალას ვერ მოერევა სიძულვილი, რომ ამის გამო არ შეიძლება მისთვის დადგინდეს რაღაც საზღვრები. როცა ღმერთი ავალებს კაცს აპატიოს ძმას, ადამიანს არ აქვს არავითარი უფლება თავის უფლებებზე მსჯელობისა; მან უნდა აპატიოს უბრალოდ, ყოველგვარი შეთანხმებისა და პირობის გარეშე, რადგან ადამიანი ღვთის წინაშე გადაუხდელი მევალეა. წმ. ოქროპირი ამბობს: „რათა უფლის მოთხოვნა მოყვასის სამეოცდაათჯერ შვიდგზის პატიებისა ვინმეს ძალზედ დიდად და ძნელად არ მოეჩვენოს, იესო ქრისტე იგავით აჩვენებს, რომ ასეთი ბრძანება არა თუ ძნელი, არამედ პირიქით, ძალიან მსუბუქიც კია. მანამდე ამ იგავში წარმოადგინა თავისი კაცთმოყვარეობა, რათა შენ აქედან შეიგნო, მოყვასისათვის კიდეც რომ გეპატიებინა სამოცდაათჯერ შვიდგზის, ყველა შეცოდება რომ მიგეტევებინა ყოველთვის, მაშინაც კი შენი კაცთმოყვარება ისევე შორს იქნება დაუსრულებელი ღვთიური სიკეთიდან, რომელიც შენთვის საჭიროა მომავალ სამსჯავროზე, როცა შენგან ანგარიშს მოითხოვენ, - როგორც წვეთი უკიდეგანო ზღვისა, და კიდევ უფრო მეტი“. რათა პეტრეს შეძლებოდა გაგება, რისთვისაც ბრძანა უფალმა უთვალავჯერ პატიება, ამისთვის, ამბობს უფალი, ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყვის განგებაი ანგარიშის გასწორება მონათა თვისთა თანა, რომელთაც დიდი სიმდიდრე ჰქონდათ მიცემული, რაც მეფეს ეკუთვნოდა.

ეს არის პრველი იგავი, რომელშიც უფალი წარმოდგენილია მეფედ, რომელსაც ყოველი ხელეწიფება მიეცა „ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (მთ. 28,18), ვისთვისაც ზეცა ტახტია, ხოლო დედამიწა კვარცხლბეკი ფეხთა, მთელი ქვეყანა ქვეშევრდომია, მთელი ხალხი, განსაკუთრებით კი ჩვენ, ვისაც მისი რწმენა გვაქვს, მისი წმიდა სისხლითა ვართ გამოხსნილნი გვევალება შესრულება ყოველი მისი კანონისა და მაცოცხლებელი მცნებებისა. და თავის საშინელ სამსჯავრომდე, ყოველ დროს, როცა კი იგი მოისურვებს, მას შეუძლია მოითხოვოს ჩვენგან ანგარიში ყოველი ჩვენი ზრახვისა და სურვილისათვის. სიტყვისა და საქმისათვის, და ჩვენც მუდამ მზად უნდა ვიყოთ ანგარიშის მისაცემად, იგი გვიხმობს ჩვენ ამ ანგარიშსწორებისათვის: თავისი მცნებების ქადაგებით, სხვადასხვა უბედურებითა და მწუხარებით, სატკივრებითა და განსაცდელებით, რომლებიც გვემუქრებიან ჩვენ გარდაუვალი სიკვდილით და გვეძახიან შეძრწუნებული სინდისის სამსჯავროზე. ამასთან იგი გვაძლევს შეგრძნებას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავმართლდეთ მის წინაშე ჩვენგან ჩადენილი უამრავი ცოდავათაგან არც ერთში, რომ უსჯულოებანი ჩვენი უფრო მრავალია, ვიდრე ჩვენი თმა, და ჩვენ გვრჩება ერთი: დავემხოთ მისი უსაზღვრო სიკეთის წინაშე და შევთხოვოთ შეწყალება და მიტევება (მთ. ეპისკ. დიმიტრი). და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისაი - მევალე, რომლის ვალის გადახდა შეუძლებელი იყო. შეიძლება ეს იყოს სამეფო საგანძურის გამგებელი, ანდა მეფისკაცი, რომელსაც ევალებოდა შეეკრიბა და მიერთმია მეფისათვის შესაწირი, რომელსაც გაეფლანგა მეფის კუთვნილი. იგი მიიყვანეს მეფესთან, რადგან თავისით ალბათ არც მივიდოდა მასთან, და თავისუფლად შეიძლება მომხდარიყო ისე, რომ იგი სამეფო ვალს უფრო და უფრო უმატებდა და ზრდიდა თავისი დაუდევრობით. „უბედურება მარტო იმაში კი არ იყო მხოლოდ, რომ ვალი ძალზედ დიდი იყო, - ამბობს წმ. ოქროპირი, არამედ კიდევ იმაში, რომ იგი პირველი იქნა მეფესთან მიყვანილი. იგი რომ მიეყვანათ სხვა მრავალი გამოსწორებული მევალეების შემდეგ, ისე ძალიან არ იქნებოდა გასაკვირი ის, რომ ბატონი არ განრისხდა: ადრე შესულთა გამოსწორებას შეეძლო გაეხადა იგი უფრო შემწყნარებელი გამოუსწორებლებისადმი. მაგრამ ის, რომ მეფესთან პირველად წარდგენილი გამოდგა გამოუსწორებელი, და მიუხედავად ამისა იპოვა ბატონი კაცთმოყვარე, აი, ეს არის განსაკუთრებით გასაკვირი და არაჩვეულებრივი“.

და ყოველი ჩვენთაგანი, ცოდვილი, ღვთის სიმართლის სამსჯავროს წინაშე არის ისეთივე ვერ გადამხდელი მევალე. ათი ათასი ტალანტი - ეს არის ჩვენი ცოდვები ღვთის ათი მცნების წინააღმდეგ, ჩვენი უმადურობის ვალი ღვთისაგან ჩვენზე გაღებული ურიცხვი მოწყალებისა. „რა მოგვცა ჩვენ ვალში ზეციურმა მამამ? - კითხულობს მიტრ. ფილარეტი. - ოჰ, ძალზედ ბევრი! გაცილებით მეტი, ვიდრე ათასობით ტალანტი! მან მოგვცა ჩვენ არსებობა და სიცოცხლე, სხეული და სული, გონება, გული და გრძნობა: მოგვცა ფეხქვეშ მიწა და მშვენიერი ზეცის კარავი ჩვენს თავზე; მისცა მზე ჩვენს მზერასა და სიცოცხლეს, ჰაერი ჩვენს სუნთქვას, მოგვცა ცხოველები ჩვენ განმგებლობაში და სხვადასხვაგვარი ნაწარმი მიწისა ჩვენი საჭიროებისა და კმაყოფილებისათვის. იტყვი ალბათ, რომ მიწით, მზითა და ზეცით სარგებლობ არა მხოლოდ შენ, არამედ ურიცხვი სიმრავლე ღვთის სხვა ქმნილებათა. მით უფრო საკვირველია, მით უფრო შემოუსაზღვრელია სიმდიდრე ღვთისა; რომ თუმცა ამით სარგებლობენ ურიცხვნი არსებანი, შენც სარგებლობ იმით ისე, როგორც შენთვის ნამდვილად მომზადებულით.

აბა შეეცადე და უარი თქვი მიწაზე, მზეზე, ზეცაზე და მაშინ ძნელია არ ჩათვალოთ მათთვის მევალედ ღვთის წინაშე თავი; ხოლო თუ ეს არ შეგიძლია გააკეთო, მაშინ სცან, რომ მზის ყოველი სხივი, ყოველი წვეთი ჰაერისა არის შენი ახალი ვალი ღვთის საგანძურიდან. ვალი, რომელიც მარადის ახლდება და შესაბამისად ყოველთვის გადაუხდელია. და როგორ უხვად გვაძლევს უფალი თავისი განგებულების საგანძურიდან ყოველ წუთს, როგორი დიდია მისგან მფარველობა ჩვენი ძალისა და შესაძლებლობებისადმი, შეწევნა ყოველ კეთილ საქმეში, ცხოვრების საშუალებათა მოძებნა, არიდება უბედურებათა და სხვა მრავალი. რაღა უნდა ვთქვათ მისი მადლის საგანძურზე. უფალმა გვიბოძა ჩვენ რწმენის ნათელი, გადარჩენის იმედი, თავისი მხოლოშობილი ძის სიკვდილით გადაიხადა ჩვენი მარადიული ვალი სიკვდილისაგან გამოხსნისათვის, გვიბოძა ჩვენ წმიდა სული, უხრწნელი საზრდო - ქრისტეს ხორცი და სისხლი, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი. არსებობს ღვთის წინაშე ჩვენი ვალები, რომლებიც ავადმყოფურად გვამძიმებენ, - ეს არის ჩვენი ცოდვები“. „ჩვენ ანგარიში უნდა მივცეთ უფალს ჩვენთვის დადგენილ მცნებათა შესრულებისათვის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის შესრულება, რაც არ უნდა ვეცადოთ“, - ამბობს წმ. ოქროპირი. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ იმაზე მეტის გაეკთებას, რისი გაკეთებაც გვევალება ღვთის სჯულის მიხედვით, ხოლო ცოდვა - მაინც რჩება ცოდვად; ვალი რჩება ვალად, და მისი გადახდისათვის ჩვენ აღარა გვაქვას თავი, არც სახსრები. ჩვენ ვცხოვრობთ ცოდვებში და ყოველ დღეს ვუმატებთ ჩვენს ვალს ღვთის სამართლიანობის ზეციურ წიგნში.

და ვითარ არარაი აქუნდა მას, რაიმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაი გაყიდვა მისი მუდმივ მონობაში, და არა მარტო მისი, არამედ კიდევ ცოლისა მისისა და შვილთა მისთაი და რაიცა აქუნდა მას და გარდახდა იგი, ვალი. - რატომ ინება ხელმწიფემ მისი ცოლის გაყიდვა? „არა სიმკაცრისა და არაადამიანურობის გამო, - პასუხობს წმ. ოქროპირი, არამედ იმისათვის, რომ დაეშინებინა მონა და ამით შეეგულიანებინა იგი მორჩილებისათვის, გაყიდვის ყოველგვარი განზრახვის გარეშე! რადგან ეს რომ ჰქონოდა მას მხედველობაში, მაშინ ყურადაც არ იღებდა მის თხოვნას და არ გაუწევდა მას თავის მოწყალებას. მას მხოლოდ სურდა შეგონება მონისა, თუ რამდენ ვალს პატიობდა მას და ამით აეძულებინა იგი შემწყნარებელი ყოფილიყო თავისი ახლობელი - მოვალეებისადმი, რადგან, თუ მაშინაც, როცა გაიგო სიმძიმე თავისი ვალისა და სიდიდე პატიებისა, მაინც განიზრახა თავისი ამხანაგის გამეტება, მაშინ როგორ სიმკაცრემდე შეიძლება მისულიყო იგი, თუკი იქამდე არ შეაგონებდა მას ამ საშუალებით? როგორ იმოქმედა მასზე ამ საშუალებამ?“ მოისმინა რა საშინელი განაჩენი, მან მიმართა ხვეწნა-მუდარას, როგორც მისთვის ერთადერთ საშუალებას გადარჩენისა: მაშინ დავარდა უკუე მონაი იგი, თაყუანუს-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო! მომეცი დრო, რათა მე გამოვასწორო საქმენი და ყოველივე მიგცე შენ. საშინელებაში, უბედური მზად იყო ფიცით დაპირებოდა შეუძლებელს, დაედგა ოქროს მთები, რაც მას არ შეეძლო რათა, როგორმე დაღუპვისაგან ეხსნა თავი. ასევე ცოდვილი, მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს მზადაა აღუთქვას ღმერთს ისეთი დაპირებანი, რომელთა შესრულება მას არ შეუძლია, და ხშირად, ამ მონის მსგავსად, ვერ იგნებს იმას, როგორი დიდი და გადაუხდელია ღვთის წინაშე მისი ვალი. „მაგრამ, ყური მივუგდოთ ლოცვაში დაუდევარნო, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, როგორია ლოცვის ძალა. ამ მევალეს არ გამოუჩენია არც უანგარობა, არც უმარხულია, არც სხვა რამ მსგავსი, და მაინც, ყოველგვარ სათნოებებს მოკლული მხოლოდ ეხვეწება თავის ბატონს და ამით შეძლო მისი მოწყალებისაკენ მიდრეკა. ამიტომ ნუ მოვისუსტებთ ლოცვებში. შენ არ გაქვს გაბედულება? მაინც შეუდექი ლოცვის საქმეს, რათა შეიძინო იგი. ის, ვისაც სურს შენთან შერიგება, არ არის ადამიანი, ვის წინაშეც შეიძლება შეგრცხვენოდა; იგი ღმერთია, რომელსაც უნდა შენი ცოდვებისაგან გათავისუფლება. შენ იმდენად არ გინდა საკუთარი უსაფრთხოება, რამდენსაც ცდილობს იგი შენი ხსნისათვის“. კეთილმა მეფემ კარგად იცოდა, რომ მევალეს არაფერი გააჩნდა გადასახდელად, ამიტომაც გადავადების ნაცვლად, ყველაფერი აპატია: შეეწყალა უფალსა მისსა, მონაი იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას. როგორი მშვენიერი მაგალითია ღვთის მოწყალებისა ცოდვილი ხალხის მიმართ! „მევალეს არა აქვს საშუალება გასამართლებლად, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - კანონი სჯის მას; მეფეს აქვს ყველა უფლება შეასრულოს განაჩენი, დამნაშავე არ თვლის შესაძლებლად თხოვნას, რათა ვალი ეპატიოს მას, არამედ მხოლოდ უნდა, რომ მისცენ დრო გადასახდელად და უცებ ყველაფერი ეპატია“. ღვთის სამსჯავროს სიმკაცრე შერბილდა, როცა ცოდვილმა გულწრფელად აღიარა თავისი დანაშაული. ამ მოჩვენებითი სიმკაცრით მხოლოდ შეინიღბა ღვთის უსაზღვრო სახიერება, საკუთარი დანაშაულის შეგნებამდე ადამიანის მიყვანა ხელახალი სიკეთეა ღვთისა; თვით ეს ანგარიშგება, რომელიც თავდაპირველად სიკვდილით იმუქრებოდა, ხდება უკვე უდიდესი მოწყალება. ცოდვილმა თავიდანვე უნდა შეიგნოს სიმრავლე თავისი ცოდვებისა, იქამდე, ვიდრე ეს უმძიმესი ტვირთი ჩაიძირება ღვთის მოწყალების სიღრმეში. მან საკუთარ თავზე უნდა განიცადოს მკაცრი განაჩენი ღვთისა და მხოლოდ მაშინ შეძლებს მისი გული ღვთის მოწყალების სამკურნალო სალბუნის მიღებას. „მეფეს იქამდეც უნდოდა ესპატიებინა თავისი მონისათვის ვალი, - ამბობს წმ. ოქროპირი, მაგრამ არ სურდა, რომ ეს ყოფილიყო მისგან მხოლოდ ერთი წყალობა არამედ, რათა მონის მხრიდანაც ადგილი ჰქონოდა რაღაც მოქმედებას, რამეთუ შეიგნებდა რა საკუთარ უბედურებას, უფრო შემწყნარებელი გამხდარიყო თავისი ამხანაგის მიმართ. და მართლაც იმ წუთში მონა იყო კეთილი და მგრძნობიარე: იგი ფეხებში ჩაუვარდა ხელმწიფეს თხოვნა-ვედრებით, ვინაიდან შეაწუხა თავისმა ცოდვებმა და შეიცნო სიდიდე თავისი ვალისა“. „ეს ისე მშვენიერია, ამბობს - მიტრ. ფილარეტი, - რომ უფალს სიტყვის გაუგრძელებლად რომ ეთქვა, როგორც სხვა იგავში: „წადი და შენც ასე მოიქეცი“, გაუქვავებელ გულს უნდა ეპასუხა: წავიდეთ, შევასრულოთ. მაგრამ უფალმა არ ისურვა შეჩერება, რითაც აჩვენა, თუ როგორ ლამაზია სათნოება“; იგი ხედავდა წინასწარ, რომ მისი სილამაზე არ ატყვევებდა ყველას, და საჭიროდ ჩათვალა ეჩვენებინა უხამსი დაპირისპირება.

იგავი აგრძელებს: და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაი იგი, როცა ბატონის სასახლიდან გამოვიდა, მაშინვე, როცა ჯერ კიდევ ცხოველად განიცდიდა მადლის მოქმედებას, რომელიც მიაგეს მას, პოვა ერთი მისი თანამონაი, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი (მეტად მცირე თანხა). „აი როგორი დიდია განსხვავება ღვთის საწინააღმდეგო ცოდვასა და ადამიანის წინაშე ჩადენილ ცოდვას შორის! - ამბობს წმ. ოქროპირი. - იგი იმდენად დიდია, რომ ათი ათასი დრაჰკანი ას დინართან შედარებით, და თითქმის უფრო მეტიც. ადამიანის თვალწინ ჩვენც თავს ვიკავებთ და ვერიდებით ცოდვის ჩადენას, ღვთის წინაშე კი, თუმცა იგი მუდამ გვიყურებს ჩვენ, - არ გვრცხვენია, პირიქით, ყველაფერს ვაკეთებთ, ყველაფერს ვამბობთ უშიშრად“. ნათქვამია, რომ მონა გამოვიდა იმიტომ, რომ თავისი ბატონის თანდასწრებით, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდა ამოდენა თავხედობას, რაზედაც შემდეგაა ნათქვამი: შეიპყრა იგი, თავისი მოვალე, და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაიცა - იგი თანა-გაც. ვალი იმდენად მცირე იყო, რომ თვით ვალის მიმცემს შერცხვა ეთქვა: მომეცი მე ჩემი ასი დინარი, არამედ ამბობს გაურკვევლად: „რაიცა იგი თანა-გაც“. ეს შეუბრალებელი მასესხებელი იქცევა უფრო მკაცრად, ვიდრე სურდა მოქცეოდა მას თვით მეფე, - მას უნდოდა, რომ იგი განეკითხათ ერთი საზომით, თვითონ კი განიკითხავს თავის მოვალეს სხვა საზომით. მას სურს იყოს შენდობილი, ხოლო თავად არ უნდა აპატიოს სხვას დანაშაული, მას არ სურს იცოდეს, რომ თვითონ იპოვა სიყვარული, უნდა უყვარდეს სხვებიც, რომ ისარგებლა რა მოწყალებით, უნდა დაივიწყოს თავისი უფლება მოვალეზე, ხოლო თუ უნდა ისარგებლოს მოყვასთან დამოკიდებულებაში მართლმსაჯულების კანონებით, მაშინ თავადაც უნდა დაელოდოს იგივე მართლმსაჯულებას და ასევე უნდა იცოდეს რომ, როგორი საზომითაც ზომავს იგი, იგივეთი განიზომება თავადაც, მაშინ შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ, მაგრამ ამაოდ: მკაცრი ადამიანი ვერ შეძრა იმ სიტყვებმაც კი, რამაც ის-იყო თავად იხსნა დაღუპვისაგან, მოასწრო იმ მოწყალების დავიწყება, რომელიც მიიღო თავად, და ახლა თავის ამხანაგს ახრჩობდა ისეთი სიმკაცრით, რაც ველური მხეცებისათვისაც კი უცხოა. „რას აკეთებ ადამიანო? - შესძახებს წმ. ოქროპირი, განა ამით ხანჯალს არ სცემ საკუთარ თავს, როცა შენს საწინააღმდეგოდ ამხედრებ ხელმწიფის მოწყალებას? მაგრამ ამაზე იგი სულაც არ ფიქრობდა, არ სურდა რა გადაევადებინა ცოტათი მაინც მცირეოდენი ვალის გადახდა: ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანა-ნადები იგი. მან უმოწყალოდ მისცა მოვალე მკაცრ მცველებს, საერთოდ ვერ შეიგნო, რომ ამით დაუნდობლად ასამართლებდა საკუთარ თავს ასეთი კაცი, როცა მკაცრი და დაუნდობელი ხდება იგი, როცა შორდება ღმერთს, გადადის ჭემარიტი გზიდან ივიწყებს ღვთის მოწყალებას და მთლიანად ეძლევა ცოდვიან ვნებებს. ვინც ვერ ამჩნევს თავის ცოდვას, იგი მუდამ მზადაა მკაცრად განიკითხოს მოყვასი, დავითის მსგავსად, რომელმაც, თავად იმყოფებოდა რა ცოდვებში, წარმოთქვა სასიკვდინო განაჩენი მეზობლისა, ვინც უკანასკნელი კრავი წაართვა ღატაკს. განა იგივე არ ხდება ჩვენს თავს? როგორ ხშირად განვიკითხავთ მოყვასს სულ უმნიშვნელო საქციელისათვისაც კი, თუ იგი შეეწინააღმდეგა ჩვენს ღირსებას, მოუფრთხილებელი სიტყვით, თავმოყვარეობას რომ გვილახავს, როგორ ხშირად გვიდუღს გულში სურვილი - სამაგიერო მიუზღათ ადამიანს ამ უმნიშვნელო წყენისათვისაც და აღვიდგინოთ საკუთარი ღირსება! ის კი თავში არ მოგვდის, რომ ღმერთი სწორედ იმისათვის უშვებს ჩვენზე ამ წყენას, რათა ჩვენ გვახსოვდეს, თუ როგორ შეურაცხვყოფთ მუდამ უფლის გულმოწყალებას, სწორედ ამისათვის უშვებს იგი ჩვენი თავმოყვარეობის შელახვასა და ტანჯვას, რათა ჩვენ შევუნდოთ ეს უმნიშვნელო ვალი მოყვასს, შეგვეძლოს დიდი მონდომებით შევთხოვოთ ზეციურ მამას: „მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. გულთამხილავი ყოველივეს ხედავს. ყველაფერი იცის; უახლოესი მოწმეა ჩვენი, რასაც არ შეიძლება თავი დავაღწიოთ, ჩვენი სინდისი ამოწმებს საწინააღმდეგოდ: შეურაცხყოფილი ღვთის სიმართლე, რომელიც საჭიროებს შეწყალებას შემწყნარებლისაგან, იწვევს თანაგრძნობას უცხო მოწმეებშიც კი ადამიანური სისატიკის გამო: ხოლო იხილეს რა თანა-მონათა მათ მისთა საქმე ესე, არაადამიანობა ახლახან შეწყალებული მოვალისა, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე, რაიცა იქმნა. ასევე მფარველი ანგელოზები, ჩვენი განუშორებელი მცველნი, ღრმა მწუხარებით ხედავენ ჩვენს სისასტიკეს ერთმანეთის მიმართ და აღავლენენ ღვთისადმი ლოცვებს განაწყენებულთათვის, რითაც ამოწმებენ მართლმსაჯული მოსამართლის წინაშე ჩადენილ წყენას (წმ. ოქროპირის განმარტება). და ეს თანაგრძნობის ჩივილი არაა უშედეგო: თუ ადამიანთათვის აღმაშფოთებელი დანახვა იმისა, თუ როგორ არ შუძლია ხალხს შეფასება მათზე გაწეული მოწყალებისა, რა უნდა ვთქვათ ღმერთზე, რომლის სიმართლეცაა სიყვარული სიწმიდისა, და არ დაუშვებს, რომ ადამიანმა ბოროტად გამოიყენოს სხვა ადამიანის მიმართ მისი უსაზღვრო სიყვარული და მოწყალება. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. თუ შენ გინდოდა გესარგებლა ამ ჩემი მოწყალებით, მაშინ უნდა ცდილიყავი შენც უპირველესად ღირსი გამხდარიყავი ამ წყალობისა. არა ჯერ იყო შენდაცა, თუნდაც ჩემდამი მადლიერების გამოხატვისათვის მაინც, შეწყალებით გამოწვეული სიხარულისთვის, უბედური თანამოძმის თანაგრძნობის, თუნდაც ქვეყნიური ანგარიშების გამო, - ნუთუ არ გეკუთვნოდა რაითამცა შეიწყალე შენ თანა-მონაი იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? თუ შენ არ გინდოდა გეპატიებინა ვალი, როგორც მე გაპატიე, მაშინ გადაგედო მაინც მცირე ხანს გადახდა მისი, ვიდრე მიეცემოდა შესაძლებლობა მისი გადახდისა შეგრცხვეს შენი ულმობელობისა! „თუმცა შენ მძიმედ მოგეჩვენა ვალის პატიება, მაგრამ შენ უნდა გეფიქრა ჩემგან ამისთვის კუთვნილზე. ამასთან, შენმა მოვალემ კი არ მოგაყენა შეურაცხყოფა, პირიქით, შენ შეურაცხყავი ღმერთი, რომელმაც ყველაფერი გაპატია ერთი შენი თხოვნისათვის. შენთვის მას მეურაცხყოფაც რომ მოეყენებინა და ამის გამო მძიმე გამხდარიყო მისი მეგობრობა, მაინც უნდა გაგეთვალისწინებინა, რამდენად უფრო მეტად სამძიმოა მოხვედრა გეენაში, თუ ჩემმა სიკეთემ ვერ გაგხადა შენ უკეთესი, მაშინ შენს გამოსასწორებლად მრჩება მხოლოდ სასჯელი“ (წმ. ოქროპირი). შენ დევნი მოწყალებას შენი საკუთარი გულიდან და ამიტომაც არ რჩება შენს გულში ადგილი ჩემი მოწყალებისათვის.

„შენიშნე კიდევ უწყინარობა მეფისა, - ამბობს წმ. ოქროპირი. იგი განიკითხავს თავის მონას და თითქოს თავს იცავს, განზრახული აქვს რა თავისი წყალობის გაუქმება. როცა მას ემართა ათი ათასი ტალანტი, მეფემ არ უწოდა მას ბოროტი და არც შეაჩვენა, არამედ შეიწყალა. ხოლო როცა მოექცა იგი მკაცრად თავის ამხანაგს, მაშინ ხელმწიფემ უთხრა მას: „მონაო ბოროტო“. ისმინეთ, მექრთამენო, რადგან თქვენთან მაქვს სიტყვა, ისმინეთ, შეუბრალებელნო! თქვენ ასეთი მკაცრნი ხართ არა სხვებისათვის, არამედ თქვენი თავისათვის. როცა შენ კვებავ ბოროტებას, იცოდე, რომ ზრდი მას შენთვის და არა სხვისთვის, რითაც ამძიმებ თავს ცოდვებით, და არა მოყვასს. რაც არ უნდა გაუკეთო მას, გააკეთებ ამას მხოლოდ ახლანდელ ცხოვრებაში, ღმერთი კი მოგცემს შენ მარადიულ სატანჯველს მომავალში: და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები მისი, ანუ სამუდამოდ, რადგან სიკვდილის შემდეგ რაღას დასჯიდა, და იმას არასოდეს ექნებოდა მდგომარეობა ისეთი, რომ თავისი ვალი გადაეხადა. ამრიგად, „სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ყონ წყალობაი“ (იაკ. 2,13). „როცა ხელმწიფემ ბრძანა მისი გაყიდვა, ბრძანება გასცა განრისხების გარეშე, და რამდენადაც არ იქნა განაჩენის აღსრულება დაშვებული, ამით იქნა უფლის კაცთმოყვარეობა ცხადად დასაბუთებული - ამბობს წმ. ოქროპირი. - მაგრამ ახლა ეს განისაზღვრა უდიდესი გულისწყრომით, შურისგებითა და სასჯელით“. მეფე მაშინ მშვიდად მორიგდა მასთან, როგორც მევალესთან მასესხებელი, ახლა კი ისეთი დამოკიდებულება დამყარდა, როგორც არის მსაჯულსა და დამნაშავეს შორის. მეფე ისეთი კეთილია, რომ ადვილად აპატია თავად მისთვის საზიანო ცოდვებიც კი, ვიდრე სავნო მოყვასისათვის. რა არის ბოროტის ხსოვნაზე უფრო ცუდი, როცა იგი უკან ართმევს კაცს ღვთისაგან უკვე გამოვლენილ კაცთმოყვარეობას? ეს ცოდვა არა მარტო თავისთავად არ შეიძლება რომ ეპატიოს, არამედ ისევ ახლდება და ასევე სხვა ცოდვებიც, რომლებიც სრულიად იყო განდევნილი. არაფერი ისე არ სძულს ღმერთს, როგორც ბოროტი ხსოვნა“ - ამბობს წმ. ოქროპირი.

მწარე ხვედრი ელოდა დამნაშავეს მტანჯველთა ხელში: მათ სტანჯეს იგი იმის საღიარებლად, ხომ არ ჰქონდა სადმე ქონება გადამალული; კიდევ უფრო საშინელი ხვედრი ელის ცოდვილებს ჯოჯოხეთურ სიბნელეში, სადაც არიან მისი მაწამებელნი - ბოროტი სულები და უიმედობის სატანჯველნი... საშინელი გაფრთხილებით ამყარებს თავის ღვთაებრივ იგავს უფალი: ეგრეცა, ასეთივე სიმკაცრით, მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მოუტევნეს კაცად-კაცადმან - არა მარტო სიტყვით, არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ გულწრფელად ძმასა თვისსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი, თქვენს წინააღმდეგ ჩადენილნი! როგორი დიდიცაა სიუხვე ზეციური მამის მოწყალებისა და ყოვლისმიმტევებლობისა, ასევე დიდიცაა მისი სამართლიანი რისხვის სიუხვე ბოროტი ხსოვნის მატარებელზე. აქ არ ამბობს უფალი; „მამა თქვენი“, არამედ „ჩემი“, რადგან არ არის ღირსი მამა უწოდოს ღმერთს ასეთმა ბოროტმა და კაცთმოძულე მონამ.

„ამრიგად, თუ გვახსოვს ცოდვები, - გვასწავლის ოქროპირი, უნდა გვახსოვდეს მხოლოდ საკუთარი, რადგან როცა გვახსოვს პირადი ცოდვები, უცხოთა ცოდვებზე ჩვენ აღარ ვიფიქრებთ: და რაც უფრო მალე დაგვავიწყდება საკუთარი, მით უფრო ადვილად გაგვახსენდება სხვისი. უმადურ მევალეს რომ ხსომებოდა თავისი ათი ათასი ტალანტი, მაშინ აღარ გაახსენდებოდა სხვისი ასი დინარი. უფალი თხოულობს, რათა ვგრძნობდეთ ჩვენს ცოდვებს იმისათვის, რომ უფრო გაგვიადვილდეს სხვებისთვის მათი პატიება. მაგრამ უნდა ვაპატიოთ წმიდა სულით, რათა ჩვენსკენ არ შემოვაბრუნოთ მახვილი ჩვენივე ბოროტი ხსოვნით“ და არ განვაგდოთ ჩვენგან ღვთის მხსნელი მადლი.

წმიდანთა ცხოვრებაში არის ასეთი მოთხრობა: იყო ორი მეგობარი, საპრიკი და ნიკიფორე, რომელნიც წაიჩხუბნენ ერთმანეთში. ეს მოხდა იმ დროს, როცა ქრისტიანებს აწამებდნენ ქრისტეს რწმენისათვის. საპრიკის მიუსაჯეს ქრისტესათვის სიკვდილი. გაიგო ამის შესახებ ნიკიფორემ და როცა საპრიკი მიყავდათ დასასჯელად, მიირბინა მსჯავრდადებულთან, ჩაუვარდა ფეხებში და სთხოვდა შერიგებას. საპრიკმა პირი იბრუნა მისგან, ნიკიფორემ კიდევ სცადა პატიების მიღება, მაგრამ ამაოდ: მას მოსმენაც კი არ სურდა მისი. ბოლოს საპრიკი მიიყვანეს დასჯის ადგილზე და უბრძანეს მახვილის ქვეშ მოეხარა თავი... და აი, ამ დროს ღვთის მადლმა მიატოვა უბედური ბოროტისმხსოვნელი და მან უარყო ქრისტე. ნიკიფორემ კი საჯაროდ აღიარა ქრისტე და მიიღო მოწამის გვირგვინი ნაცვლად საპრიკისა. ასე, უფალი და მსაჯული ზეცისა და ქვეყნისა გვპირდება ჩვენ თავის უდიდეს წყალობას, მაგრამ იმ პირობით, რომ ჩვენც გავიღოთ მცირედი მოწყალება მოყვასისათვის. ზეციური მასესხებელი გვპირდება ჩვენ გვაპატიოს სიბნელენი, მაგრამ ერთი პირობით, რათა ჩვენც ვაპატიოთ ჩვენს მევალეებს თუნდაც სულ მცირეოდენი. დავეშუროთ ამ პირობის აღსრულებას, რათა მისგან მივიღოთ წყალობა დიდი...