მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

შობა იესო ქრისტესი

მათე 1, 1-17

ძველი აღთქმის მახარებელი, დიდებული წინასწარმეტყველი ესაია, წერდა რა ქვეყნად მომავალი მაცხოვრის ტანჯვა-წამებაზე, კეთილი კრძალულებით ფიქრობდა მასზე: ვინ არის ეს ქვეყნიერების მხსნელი? საიდან და სად გადმოდის ის? და მისი ღვთაებრივი დიდებულებით გაკვირვებული წინასწარმეტყველი წამოიძახებს: „ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე“ (ეს. 53, 8). მართლაც და ვის შეუძლია, ჩვენ, ქვეყანის მკვიდრთ, განგვიმარტოს მისი უწინარეს პირველ საუკუნეთა შობა მამა ღმერთისაგან? იგი მარტო ადამიანთა გონებისთვის კი არა, ანგელოზთათვისაც კი მიუწვდომელია. და აი, ეს ღმერთი, მიუვალი, გამოუთქმელი, მიუწვდომელი და მამის თანასწორი, მოვიდა ჩვენთან დედამიწაზე, არ ითაკილა ქალწულისაგან შობა, და დავითისა და აბრაამის წინაპრებად ყოლა. მარადიული ღმერთი იშვა, როგორც კაცი, მთლიანად მიიღო ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა და ჩვენი მსგავსი გახდა.

ახალი აღთქმის პირველი მახარებელი მათე, გვიხსნის რა მის მიერ დაწერილ სახარებას, კეთილად გვაუწყებს, რომ იგი არის „წიგნი შობისა ქრისტესი“, - რომელშიც ჩამოთვლილია მისი ხორციელი წინაპრები, მთელი ცხოვრება და ქვეყნიური მოღვაწეობა აღთქმული მესიისა, „ძისა დავითისი, ძისა აბრაამისი“. ძველი აღთქმის საღვთო მთხრობელის, წმიდა წინასწარმეტყველი მოსეს მსგავსად, რომელიც ცოდვილი კაცობრიობის ისტორიის აღწერიასას ამბობს: „ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი“ (შექ. 5,1), წმიდა მათეც, დაცემული კაცთა მოდგმის განახლების ისტორიის აღწერისას აღნიშნავს: „შობა იესო ქრისტესი“. პირველი მიწიერი კაცისაგან ყოველივე დაიშალა, აი ახალი ადამიანი, ახალი ადამი „უფალი ზეცით“ (1 კორ. 15, 17), თავისი ხალხის ახალი მოდგმისა, სულიერად შობილთა, რომელნიც იწოდებიან წმიდად. ძველი დრო წავიდა და ახალი დადგა; რამოდენა სიხარულია ჩადებული ქვეყნის მკვიდრთათვის მარტო სახელწოდებაშიც კი ამ წიგნისა: - წიგნი შობისა იესო ქრისტესი! რომელ წარმოშობაზე ამბობ შენ, მოციქულო ქრისტესო? ვინ ვის ენათესავება? ღმერთმა, შემოქმედმა ზეცისა და ქვეყანისამ, შეიერთა ჩვენი ბუნება, და არ ითაკილა ჩვენი მსგავსი ადამიანებისათვის თავისი წინაპრები ეწოდებინა, ჩვენ კი - თავისი ძმები გვიწოდა. განა ეს არ არის სასიხარულო? ეს არ არის კეთილი უწყება? მაგრამ ეს სასიხარულო ცნობა განსაკუთრებულ სიხარულად მორწმუნე იუდეველთათვის იქცა, რადგან იმათ იცოდნენ, რომ დავითსა და აბრაამს ღვთისაგან აღთქმული ჰქონდათ იმათი ტომისაგან ქრისტე მაცხოვრის შობა. და აი, წმიდა მახარებელი მათე, რომელიც სახარებას უმეტესად მორწმუნე იუდეველთათვის წერდა, წიგნის დასაწყისშივე უცხადებს მათ, რომ ეს საუკუნოვანი აღთქმა იესო ქრისტეზე შესრულდა: ის არის - ძე დავითისა, ის არის - ძე აბრაამისა, ძე დაუსაბამო მამისა „რომელი იგი არს ბრწყინვალება დიდებისა და ხატი არსებისა მისისა“ (ებრ. 1,3). მან კეთილად ინება წოდებულიყო ძე კაცისად, დავითის შთამომავლად, რათა შენ ადამიანო, გაეხადე ძედ ღვთისა. მან ინება თავისი მონისთვის ეწოდებინა მამა, რათა შენს მამად გაეხადა მეუფე დიდებისა. ამრიგად ღვთის ძე იქცა ძედ დავითისა და აბრაამისა. არ შეგეპაროს ეჭვი იმაში, რომ შენც, რომელიც ხარ შვილი ადამისა, იქნები შვილი ღვთისა. „იგი ღმერთია, რათა ზიდოს ყველა სისუსტე კაცთა, და იგი ადამიანია, რომელიც ეზიარა ხორცთა და სისხლთა (ებრ. 2,14), რათა გაეხადა ადამიანები თანაზიარნი ღვთიური ბუნებისა“ (მიტრ. ფილარეტი). როგორც ქვეყნიური მეფე ზოგჯერ უბრალო მხედრის სამოსით იმოსება, რათა არ მიიპყროს არმოსურნეთა ყურადღება, ასევე ზეციური მეუფეც  მონის სახეს ამოეფარა, რათა მტრისათვის, - ბოროტისათვის არ მიეცა გასაქანი ბრძოლის ველიდან გადამწყვეტ ბრძოლამდე გაქცევისა. იგი მოვიდა, რათა ჩვენ გვიხსნას, ამიტომ მიიღო სახელი იესო, რაც ებრაულად მხსნელს ნიშნავს. იგი იყო მეფე და გამეფდა, რათა ცოდვა აღმოეფხვრა. იგი იყო პირველი მღვდელმთავარი, მაგრამ ჩვენი ცოდვებისათვის სამსხვერპლოზე საკუთარი თავი მიიტანა. ძველ აღთქმაში მეფენიც და მღვდელმთავარნიც წმიდა მირონით იყვნენ ცხებულნი, ამიტომ ყოველი მათგანი ქრისტედ იწოდებოდა. ჩვენი უფალიც ცხებული იყო ჭეშმარიტი მირონით - სული წმიდით, ამიტომ მასაც ქრისტე ეწოდება, რაც ებრაულად ცხებულს ნიშნავს. მაგრამ აბრაამი დავითზე ადრე ცხოვრობდა, მაშინ რატომაა, რომ მახარებელი იესო ქრისტეს უწოდებს უპირველესად დავითის ძეს, შემდეგ კი აბრაამისას? - იმიტომ, რომ მეფე დავითი იუდეველთა შორის განსაკუთრებით იყო განთქმული თავისი ცხოვრებით, ამასთან დავით მეფე აბრაამის შემდეგ ათასი წლით გვიან ცხოვრობდა, და აღთქმა, რომელიც ღმერთმა მისცა დავითს, როგორც უახლესი ამბავი, ყოველ იუდეველს პირზე ეკერა. აბრაამისთვის მიცემული აღთქმა ერთნაირად ეკუთვნოდა ებრაელთა მთელ მოდგმას, დავითისთვის მიცემული აღთქმა არა მარტო პირდაპირ მიუთითებდა იუდას მოდგმაზე, არამედ დავითის შთამომავლობაზე, საიდანაც უნდა გამოსულიყო აღთქმული მესია. დავითმა, მეფეთაგან პირველმა მოიგო გული ღვთისა და პირველმა მიიღო აღთქმა, რომ მისი მოდგმისაგან იშვებოდა ქრისტე. ამასთან თვით მეფე დავითი პირველსახე იყო ქრისტე მაცხოვრისა: როგორც დავითი გამეფდა ღვთისაგან დასჯილი მეფე საულის ნაცვლად, ასევე ქრისტე გამეფდა ჩვენზე, როცა ადამმა დაჰკარგა ქვეყნად მცხოვრებლებზე ყველა უფლება, რაც მას მიცემული ჰქონდა ღვთისაგან, ასევე უფლება დემონებზეც.

დავითი თვითონ ბრძანებდა, რომ უფალმა აღუთქვა ფიცით, მისი მოდგმის ნაყოფისაგან დასვამდა თავის საყდარზე. ამიტომაც არავინ უწოდებდა ქრისტეს აბარამის ძეს, არამედ ყველასთვის ის იყო დავითის ძე. წმიდა წერილი ბრძანებს: „არა წიგნი იტყვისა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე?“ (ინ. 7,42). ამიტომაც ქრისტეს მორწმუნე ებრაელნი სიყვარულით უწოდებდნენ დავითის ძეს: „შემიწყალენ ჩუენ ძეო დავითისო“ (მთ. 9,27), „ოსანა ძესა დავითისასა!“ (მთ. 21,9). დავითი და აბრაამი განსაკუთრებით იდიდებოდა ხალხში. დავითი იყო წინასწარმეტყველი და მეფე, აბრაამი - მამამთავარი და წინასწარმეტყველი.

მაგრამ ქრისტე დაიბადა უქმრო ქალწულისაგან; მახარებელი არაფერს ამბობს წმიდა ქალწულის წარმომავლობაზე. საიდან ჩანს რომ ქრისტე არის დავითის ჩამომავალი? - იქიდან, რომ ყოვლად წმიდა ქალწული ჭეშმარიტად იყო დავითის მოდგმისა. აკი მიავლენს ღმერთი მთავარანგელოზ გაბრიელს ქალწულთან „თხოვილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა“ (ლკ. 1,27). იოსების წარმოშობაც იმას ამოწმებს, რომ იგიც იყო ჩამომავალი დავითისა. იუდეველთა კანონით არ შეიძლებოდა ცოლის შერთვა სხვა მოდგმისა და ტომისგან. მართალ იოსებს (ასე უწოდებს მას მათე მახარებელი), არ შეეძლო და არც ჰქონდა არანაირი მიზეზი იმისა, რომ დაერღვია კანონი. - რატომ მოაქვს მახარებელს იოსების წარმომავლობა, და არა მარიამისა? იმიტომ, რომ იუდეველები თავიანთ წარმომავლობას დედის ხაზით არ განსაზღვრავდნენ. მახარებელს რომ მოეთხრო ქალწულის წარმოშობის შესახებ, იუდეველები მას, როგორც უცხოს, არ მიიღებდნენ. იოსებზეც რომ გაჩუმებულიყო, მაშინ ჩვენ არ გვეცოდინებოდა ქალწულის დიდებულ წინაპრებზე, ამასთან მახარებელს არ სურდა, რომ სახარების დასაწყისშივე ურწმუნო იუდეველთათვის გაეხსნა ქალწულისაგან ქრისტეს შობის დიდი საიდუმლო, რათა არ დაბრკოლებულიყვნენ. თუ კი მაცხოვრის მიერ მოხდენილი უამრავი სასწაულის შემდგომაც, ურწმუნო ებრაელნი ქრისტეს უწოდებდნენ იოსების ძეს, მით უფრო ვერ დაიჯერებდნენ მის ქალწულისაგან შობას, თუ მის სასწაულებს არ გაიგებდნენ. თვით მართალ იოსებსაც დაჭირდა ღვთისგან საგანგებო უწყება, რომ ერწმუნა ეს საიდუმლო, თავად ყოვლად წმიდა ქალწულიც კი - ქრისტეს დედა, ვერ ბედავდა დრომდე გაეცხადებინა ეს საიდუმლო. აი, როგორ მიმართა მას თავის ღვთაებრივ ძეს: „აჰა ესერა, მე და მამა შენი ვჰრონინებდით და გეძიებდით შენ“ (ლკ. 2,48).

ეხლა მივყვეთ თანმიმდევრობით ქრისტეს წარმოშობას: მახარებელი ამას წერს ებრაელთათვის, ამიტომ საჭიროად არ თვლის წინაპართა ჩამოთვლას ადამიდან, არამედ ამას იწყებს აბრაამიდან: აბრაამ ჰშუა ისააკ. აბრაამს პირველს ჩაუნერგა უფალმა გამართლების რწმენა, მან პირველმა მიიღო ღვთისაგან აღთქმა, რომ მისი თესლისაგან ანუ მისი ტომისაგან იქნებოდნენ ქვეყნად კურთხეულნი (შექ. 22,18). ქრისტე არის სწორედ ის აბრაამის თესლი, რომელითაც ვიკურთხეთ ჩვენ ყველანი, ადრე წარმოშობაში მყოფნი. მახარებელი არ იხსენებს აბრაამის სხვა შვილებს, რადგან ებრაელნი მხოლოდ ისააკისგან იყვნენ წარმოშობილნი. სწორედ ამიტომაც იგი არაფერს ამბობს ესავზეც, ისააკის ძეზე, არამედ მხოლოდ იაკობზე: ისააკ ჰშუა იაკობ; იაკობ ჰშუა იუდა და ძმანი მისნი. იაკობის 12 შვილთაგან მახარებელი უმეტესად იუდას მოიხსენიებს, რადგან სწორედ იუდას მოდგმისაგან იშვა ქრისტე. იუდას ძმები საერთოდ იმიტომ არიან მოხსენიებულნი, რომ ისინი არიან ღვთისაგან გამორჩეული ისრაელი ერის ფუძემდებლები. მამამთავარმა იაკობმა, თავისი გარდაცვალების წინ, დალოცა რა შვილები, ასე მიმართა იუდას: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგან ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (შექ. 49,10). ე.ი. არ მოაკლდება მეფეთა უფლება იუდას ტომს, ვიდრე არ მოვა აღთქმული შემრიგებელი - ქვეყნიერების ხალხთა მოლოდება - მხსნელი ქრისტე. ყოველივე ეს აღსრულდა მაცხოვრის შობისას: იუდეველებს აღარ ესვათ თავიანთი მეფე, მეფე ჰეროდე იყო უცხო ტომისა და მისი მეფობაც რომაელთაგან იყო.

იუდა ჰშუა ფარეზ და ზარა თამარისაგან. თამარი იყო საპატარძლო იუდასი, ქვრივი, უშვილოდ დარჩენილი  მისი ორი შვილის შემდეგ. სურდა რა, რომ ჰყოლოდა შვილები აბრაამის თესლისაგან, იგი მიემსგავსა მეძავს და თავისი მამამთილის - იუდასგან იყოლია ტყუპები - ფარეზე და ზარა. ასე ახსენებს რა თამარს, მახარებელი არ ფარავს იუდას ცოდვასაც. „რას შვრები შენ, ღვთივგანბრძნობილო კაცო“ - ეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი, - „გვახსენებ უკანონო სისხლის აღრევას?“ - და თვითონვე პასუხობს კითხვას: „ხორცშესხმული ღმერთის შთამომავლობაში ამაზე დუმილი არა მარტო არ შეიძლება, არამედ ხმით უნდა ეუწყოს ყველას, რათა გაცხადდეს მისი განგება და დიდებულება. რადგან იგი იმისათვის კი არ მოვიდა, რომ მორიდებოდა ჩვენს შერცხვენილ მდგომარეობას, არამედ რათა ეს შერცხვენა გაენადგურებინა. ქრისტე ჩვენში ბადებს გაკვირვებას მარტო იმის გამო კი არა, რომ ადამიანური ბუნება შეიძინა, არამედ იმისთვისაც, რომ მან ცოდვილი ხალხის ნათესაობა არ ითაკილა და არ შერცხვა ჩვენი მაკიერებისა. მან არ ითაკილა ჩვენი ცუდი, რითაც ყველას გვასწავლა, რომ ჩვენც არ უნდა შეგვარცხვინოს ჩვენი წინაპრების ცოდვებმა, ანდა დაბალმა შთამომავლობამ, არამედ მხოლოდ მოკეთე უნდა ვეძიოთ იმათთან, რადგან კეთილისმოქმედს, უცხო ტომისგანაც რომ იყოს, ანდა შობილი მეძავისგან, ვერაფერს ავნებს იგი“. სწორედ ამით უნდა დამდაბლებულიყო იუდეველთა სიამაყე. მათ ეამაყებოდათ თავიანთი წარმოშობა აბრაამისგან და სჯეროდათ, წინაპართა კეთილი საქმეებით გადარჩენა. მაგრამ აი, „მათი დიდებული შორეული წინაპრებიც კი ცოდვით დამნაშავენი ყოფილან. თვით მამამთავარი იუდაც, რომლისგანაც მიიღო ებრაელმა ხალხმა სახელწოდება, თურმე არანაკლებ ცოდვილი ყოფილა, რადგან თამართან ურთიერთობა აცხადებს, რომ მას მრუშობაში წილი ჰქონდა. მეფე დავითსაც სოლომონი მრუშობისგან შეეძინა. თუკი ამ დიდებულმა ადამიანებმა ვერ შეძლეს კანონის შესრულება, მათზე დაბლა მდგომთ ეს რამდენჯერ უფრო გაუძნელდებოდათ. და რახან არ ასრულებდნენ, გამოდის რომ ყველანი სცოდავდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ქრისტეს მოსვლა“ (ოქროპირი).

მახარებელი განაგრძობს ქრისტეს წინაპართა ჩამოთვლას: ფარეზ ჰშუა ესრომ; ესრომ ჰშუა არამ; არამ ჰშუა ამინადაბ, ამინადაბ ჰშუა ნაასონ; ნაასონ ჰშუა სალმონ; სალმონ ჰშუა ბოოს რექაბისაგან. ფიქრობენ, რომ რექაბი ის მეძავი ქალია, რომელმაც მიიღო და შეიფარა თავისთან ისინი, ისუ ნავინმა  იერიქონში რომ გაგზავნა, სწორედ ამიტომ გადარჩა იგი, როცა ებრაელებმა შეძლეს ქალაქის აღება. მახარებელი ამ მეძავ ქალს არ იხსენიებს შემთხვევით, მას სურს ჩვენ გვითხრას, რომ მთელი წარმართობა სცოდავდა. ამ ქალმა მიიღო ისუ ნავინის წარგზავნილნი და გადარჩა: წარმართებიც, მიიღებდნენ რა ქრისტეს წარგზავნილებს, ანუ წმიდა მოციქულებს და იწამებდნენ მათ - ასევე გადარჩებოდნენ“ (წმ. თეოფილაქტე). ბოოს ჰშუა იობედ რუთისაგან. აი კიდე ერთი უცხო ტომის ქალი რუთი. მან დატოვა თავისი მშობლიური ქვეყანა, სახლი მამისა და თავის დედამთილთან ერთად მოაბიტელთა მიწიდან გადავიდა ბეთლემში, იწამა ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც ღირსი გახდა გამხდარიყო შორეული მშობელი დავითისა და თვით იესო მაცხოვრისა: „ასევე წარმართების ეკლესიამაც დაივიწყა თაყვანისცემა კერპებისა და მათი მამის - ეშმაკისა და დაიწინდა ღვთის მხოლოდშობილ ძეზე“ (წმ. თეოფილაქტე).

იობედ ჰშუა იესე; იესე ჰშუა დავით მეფე; დავით მეფემან ჰშუა სოლომონ ჰურიის ცოლისაგან, ანუ ბერსაბესაგან, რომელიც იყო დავითის მხედართმთავრის მეუღლე. დავითი მოიხიბლა მისი სილამაზით და მასთან შესცოდა. შეეცადა რა ამ ცოდვის დამალვას, მან უბრძანა თავის სარდალს, რომ ურია ყველაზე საშიშ ადგილზე გაეშვა, რათა მომკვდარიყო. ასეც მოხდა, ურია ბრძოლაში დაიღუპა, დავითმა კი ბერსაბეზე იქორწინა.

ამრიგად, მახარებელმა გაიხსენა რა ურიის ცოლი, მან ქრისტეს წინაპართა შორის კიდევ ერთი ცოდვილი დაგვანახა და გაგვახსენა მაცხოვრის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წინაპრის, დიდებული მეფე დავითის ცოდვით საშინელი დაცემა. აქ იესო ქრისტეს დიდება მისი დიდებულებით კი არ მჟღავნდება, არამედ მისი ქვეყნიური წინაპრების ცოდვებითა და უკეთურებებით. თამარი და რექაბი - მემრუშენი, რუთი - უცხო ტომისა, ბერსაბე - მეძავი, - და ყველა ესენი ღირსნი გახდნენ ქვეყნიერების მხსნელის წინაპრებად წოდებისა. როგორ არ უნდა გაგვაკვირვოს უფლის დიდმა სიმდაბლემ. ჭეშმარიტად მისთვის „არა არს ურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება (გალ. 3,28), არამედ სიყვარულით ღებულობს ყველას, ვინც კი სინანულითა და თავის დამდაბლებით მიდის მასთან. ჭეშმარიტად იგი მოვიდა ცოდვილთა მოსანანიებლად, მოვიდა, რათა მოსპოს ყველა ჩვენი ცოდვა, მოვიდა როგორც მკურნალი და არა გამკითხავი. ამის შემდეგ ვის შეუძლია იამაყოს თავისი წარმოშობით, დიდებული და სახელოვანი წინაპრებით? - „შეუძლებელია, - ამბობს წმიდა ოქროპირი, - ყოვლად შეუძლებელია წინაპართა კეთილი ან ბოროტი საქმეებით, ვიყოთ მართალნი ან უწმინდურნი, სახელოვანნი ან უცნობნი. შეიძლება უფრო მეტის თქმაც: ის არის დიდი და სახელოვანი, ვინც უშვა უკეთური მშობლებისგან და თვითონ გახდა კეთილი“. ჭეშმარიტად, ადამიანს არაფერი აქვს თავის მოსაწონი...

დავუბრუნდეთ ისევ სახარების თხრობას. დავითით იწყება მეფეთა რიგი ბაბილონელთა ტყვეობამდე. სოლომონ ჰშუა რობოამ; რობოამ ჰშუა აბია; აბია ჰშუა ასა; ასა ჰშუა ოისაფატ; იოსაფატ ჰშუა იორამ; იორამ ჰშუა ოზია. წმიდა წერილიდან ცნობილია, რომ იორამს ჰყავდა შვილი ოხოზია, ოხოზიას - იოას, იოასს - ამასია, ამასიას კი ოზია. ფიქრობენ, რომ მახარებელმა აქ გამოტოვა სამი მეფე, რათა გაეადვილებინა მკითხველისათვის წინაპართა სიის დამახსოვრება. ოზია ჰშუა იოათამ; იოათამ ჰშუა აქაზ; აქაზ ჰშუა ეზეკია; ეზეკია ჰშუა მანასე; მანასე ჰშუა ამონ; ამონ ჰშუა იოსია; იოსია ჰშუა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილონელთასა. ქრისტეს დაბადებამდე 600 წლით ადრე, ებრაელები ისე დიდ გარყვნილებაში ჩავარდნენ, რომ უფალი განურისხდა მათ და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისაგან დაატყვევა. ნაბუქოდონოსორმა, ქრისტემდე 607 წელს, აიღო იერუსალიმი და დიდძალი ებრაელობა ბაბილონში გადაასახლა. ტყვეობაში 70 წელი მოუწიათ ებრაელებს ყოფნა.

შემდგომად ტყუებისა მის ბაბილონისა, იექონია ჰშუა სალათიელ. თვით იექონია უშვილოდ აღესრულა, ასე უწინასწარმეტყველა ამ უღვთო მეფეს იერემია წინასწარმეტყველმა. მაგრამ ებრაელებს ჰქონდათ წესად, რომ როცა ვინმე მოკვდებოდა უშვილოდ, მისი ქვრივი უცხოს არ უნდა გაყოლოდა, იგი ცოლად უნდა შეეერთო გარდაცვლილის რომელიმე ძმას ან ახლო ნათესავს და მისგან შობილნი კანონიერ შვილებად იწოდებოდნენ გარდაცვლილი უშვილო კაცისა. ამრიგად, მათ ეყოლებოდათ ორი მამა: ერთი, რომელაც ისინი მართლა შვა და მეორე, რომელსაც კანონი ცნობდა. იერუსალიმის დაცემისას, მეფე იექონიას ძმები და ახლობლები ამოწყდნენ მტრისაგან, ამიტომ მისი ქვირივი შეირთო ნირმა, რომელიც იყო ჩამომავალი დავით მეფისა, მისი ძის ნათანისაგან. აი, ამიტომაა, რომ ლუკა მახარებელთან იესო ქრისტეს წარმომავლობა გადის ნათანსა და ნირზე. სალათიელ ჰშუა ზორობაბელ. ძველი აღთქმის წმიდა წერილი გვამცნებს, რომ სალათიელს შვილები არ ჰყავდა, ამიტომ მისი ცოლი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, გაყვებოდა მაზლს - ფადეს; ამ ქორწინებისგან იშვა ზორობაბელი, რომელიც სისხლით იყო შვილი ფადეისა, მაგრამ კანონით ითვლებოდა სალათიელის შვილად. ზორობაბელ ჰშუა აბიუდ; აბიუდ ჰშუა ელიაკიმ; ელიაკიმ ჰშუა აზორ; აზორ ჰშუა სადუკ; სადუკ ჰშუა აქიმ; აქიმ ჰშუა ელიუდ; ელიუდ ჰშუა ელეაზარ; ელეაზარ ჰშუა მატათან; მატათან ჰშუა იაკობ. საიდან აიღო მახარებელმა იესო ქრისტეს ეს წარმომავლობა? - ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ თავიანთი წინაპრების აღრიცხვა. ეს ჩანაწერები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველ ოჯახში სათუთად ინახებოდა. წმიდა მახარებელმა იგი ალბათ გამოართვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ან იოსების შვილს იაკობს, ანდა რომელიმე ახლობელს ოჯახისა და თავად სახარებაში მოათავსა. დავითის სამეფო შთამომავლებში ცოცხლობდა იმედი იმისა, რომ შეიძლებოდა სწორედ თავიანთ ოჯახში ეხილათ აღსრულება ღვთის აღთქმისა - დაბადება მხსნელისა. იაკობ ჰშუა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰრქვიან ქრისტე. ლუკა მახარებელთან იაკობის ნაცვლად იოსების მამად დასახელებულია ილი, ამიტომ ქრისტეს ნათესაობა სალაფიელიდან გადის არა აბიუდზე, არამედ რისაზე. მიზეზი ამისა ისევ კანონია ნათესაობისა, რაზეც ზემოთ ითქვა. ილი მოკვდა უშვილოდ, ხოლო მისი ცოლი გაყვა ქმრის ნათესავს იაკობს, რომლისგანაც იოსები იშვა. ამით ხსნიან სახარების ძველი განმმარტებლები იმ განსხვავებებს, რაც მაცხოვრის ნათესაურ წარმომავლობაში შეინიშნება. წმიდა მახარებელი მათე იოსებით არ ამთავრებს ქრისტეს ხორციელ წინაპართა ჩამოთვლას, არამედ ახსენებს მარიამის სახელსაც, რათა აჩვენოს, რომ სწორედ მისთვის, მარიამისთვის დასჭირდა მას იოსების წინაპართა ჩამოთვლა, რომ იესო ქრისტე დაიბადა არა იოსებისაგან, არამედ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან. ეს თვით სახარებიდან ჩანს. მახარებელი არ ამბობს „იოსებმა შვა იესო მარიამისგან“, არამედ ამბობს: რომლისაგან იშვა იესო, რომელიც თვითონ დაიბადა წმიდა სულისაგან, მამაკაცის გარეშე. იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე. წმიდა მათე იოსებს უწოდებს მარიამის ქმარს, ისეთივე გაგებით, როგორც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ დაწინდულ მამაკაცს, დაწინდული ქალის ქმარი, თუმცა მათი ქორწინება არ არის შემდგარი. ნათესაური ჩამონათვალის ბოლოს მახარებელი თვლის თაობებს, რათა გაგვიადვილოს დამახსოვრება მათი. მას მთელი ეს გრძელი გზა ქრისტეს ხორციელი წარმომავლობისა, სამ თანაბარ ნაწილად აქვს დაყოფილი: ყოველი ნათესავი აბრაამისითგან ვიდრე დავითისამდე, ნათესავი ათ-ოთხ-მეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათ-ოთხ-მეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისათ ვიდრე ქრისტესადმდე ნათესავი ათ-ოთხ-მეტ. ასე შეიძლება დაიყოს ღვთის ხალხის მთელი ისტორია აბრაამიდან ქრისტემდე - აბრაამ მამამთავრიდან დავითამდე ებრაელ ხალხს მართავდნენ უხუცესები და მსაჯულები, მეფე დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - მეფენი, ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - მღვდელმთავრები. ქვეყანას მოევლინა ქრისტე - ჭეშმარიტი მსაჯული, მეფე და მღვდელმთავარი და დასრულდა ებრაელებში ყოველგვარი მმართველობა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოდგმას მახარებელი მიაკუთვნებს ქრისტესაც, რითაც ჩვენთან მის ერთობას იცავს იგი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მახარებელი ქრისტეს ნათესაობაზე წერდა იმ დროს, როცა მისი დავითი შთამომავლობა ნებისმიერი იუდეველისათვის მას შეძლო დაემტკიცებინა წერილობითი საბუთით, როცა ყოველ მათგანს შეეძძლო თავად დარწმუნებულიყო ამაში, თუ რა თქმა უნდა ექნებოდა ამისი სურვილი.