პეტრე მოციქულის გულუბრყვილო კითხვაში: „რამე იყოს ჩუენდა“? ისმოდა გარკვეული თვითკმაყოფილება. მართალია, ეს იყო ბავშვური თვითკმაყოფილება; პეტრეს თავადაც კი არ ესმოდა ცხადად, რომ იგი თავისი კითხვით ჯილდოზე თითქოსდა ანგარიშს ასწორებდა უფალთან, გამოჰქონდა რა მასთან დასანახად დამსახურებანი მოწაფეთა, რომელთაც უფლისათვის ყველაფერი მიეტოვებინათ: და მაინც, არ შეიძლებოდა უფალს მიეთითებინა, სად შეიძლებოდა მიეყვანა ყოყოჩურ სულს სხვებთან შედარებისა, და უფალმა ჩაახშო ეს ბოროტება ჩასახვისთანავე საოცრად ფრთხილად, შესანიშნავი იგავით. რამეთუ თქვა მან, მსგავს არს სასუფეველი ცათა კაცსა სახლისა უფალსა, ზეციურ სასუფეველში და ღვთის ეკლესიაშიც ხდება იმის მსგავსად, რაც შეემთხვა ერთ სახლის მეპატრონეს, რომელი განვიდა განთიად, მზის ამოსვლისას მოედანზე, დადგინებად მუშაკთა ვენახსა თვისსა. როგორც ეს სახლის პატრონი თვითონ გამოვიდა თავისთვის დღიური მუშის მოსაძებნად, ასევე ქრისტეც თავად მოუწოდებს მოღვაწეთ: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ“ (ინ. 15,16), ეუბნებოდა იგი თავის მოციქულებს. ყოველი კეთილი აზრი, ყოველი კეთილი განზრახვა ღვთისათვის გარჯისა თავისი სულის გადასარჩენად, მოდის ღვთისაგან: უფალი გვიხმობს ყველას გადარჩენისაკენ, გვეძახის თავის მადლიან ვენახში სამუშაოდ - მის წმიდა ეკლესიაში, ადამიანზეა დამოკიდებული - ყური დაუგდოს თუ არ დაუგდოს ამ ძახილს, მიიღოს გულში მადლიანი ჩაგონება თუ არ მიიღოს იგი. ამაშია ადამიანის თავისუფლება. „განვიდა განთიად“, ანუ ქვეყნის დაარსების დღიდან, დაწყებული პირველი ადამიანიდან - ადამიდან, უფალი უხმობს ხალხს საუკუნო ცხოვრებისათვის გასარჯელად და პირდება ერთი დღის შრომისათვის, ანუ გარჯისათვის ხანმოკლე ქვეყნიურ ცხოვრებაში, რომელიც მარადისობასთან შედარებით არა მარტო ერთ დღედ წოდების ღირსი, არმედ ერთი ჟამიც კი არაა. - ჯილდოდ კი პირდება საუკუნო ნეტარებას ზეცას. და აღუთქვა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა, და წარავლინნა იგინი ვენახსა თვისსა და განვიდა იგი მესამესა ჟამსა, ჩვენი დროით დილით ცხრა საათისათვის, და ჰპოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა მოედანზე უქმად, უსაქმოდ, და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენახსა ჩემსა, და რა იგი იყოს სამართალი, ანგარიშითა და ჩემი შეხედულებისამებრ, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. როგორც მზრუნველი პატრონი ცხელ სამუშაო დროს უფრთხილდება თითოეულ საათს, თითოეულ თავისუფალ მუშაკს, და ამისთვის არა ერთხელ გამოვიდა მოედანზე, რათა კიდევ და კიდევ მოეყვანა მუშები საქმეზე, ასევეა მოწყალე უფალიც, სურს რა გადაარჩინოს ხალხი, მრავალგზის და მრავალნაირად უხმობს მას წინასწარმეტყველთა და ძველი აღთქმის მართალთა მეშვეობით, „ხოლო ბოლო ჟამს“ - თავისი მხოლოდშობილი ძის, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მეშვეობით. - უნდა შევნიშნოთ, რომ პირველი მუშები არ წავიდნენ სამუშაოზე შეთანხმების გარეშე, შეუვაჭრებლად, როცა შემდგომ მოწვეულები უკვე უბრალოდ დათანხმდნენ, ენდნენ პატრონის სიტყვას. პირველთა უნდობლობა ცხადად გამოჩნდა ბოლოს, როცა პატრონმა ანგარიში გაუსწორა მათ. ხოლო მინდობა და მდაბალი იმედი უკანასკნელთა სახლის პატრონის მიერ ღირსეულად იქნა დაფასებული და მათ მიიღეს იმაზე მეტი, ვიდრე წარმოდგენა შეეძლოთ. მოციქულ პეტრეს იგავის მოსმენისას, უნებურად უნდა ესაყვედურებინა თავისთვის უადგილო კითხვის გამო: „რამე იყოს ჩუენდა?“ უფალთან არ შეიძლება ანგარიშსწორება: იშრომე, გაისარჯე, დაიცავი მისი წმიდა მცნებები, ხოლო ჯილდო - მიანდე მას. მას, მოწყალეს, შეუძლია სიკეთის ფასი დასდოს იმას, რასაც შენ, სიმდაბლის გამო, სიკეთედ არც კი თვლი, და მოგცეს შენ უფრო მეტი, ვიდრე შენ თავად ისურვებდი - იყავი დარწმუნებული იმაში, რომ იგი არ დაგივიწყებს ერთ ჭიქა ცივ წყალსაც კი, რომელსაც შენ მისი სახელით მიაწვდი, - თანაუგრძნობ სხვათათვის შეუმჩნეველ სულის ოხვრას, - ცოდვებისათვის წუხილს. მით უფრო არ დაივიწყებს სიყვარულის გმირობებს, რომელთაც ახდენენ მისი მსახურები.
და მერმე განვიდა მეექვსესა, ჩვენი დროით თორმეტ საათზე და მეცხრესა ჟამსა, ჩვენი დროით სამ საათზე, და ჰყო ეგრეთვე, თავისუფალი მუშები სამუშოდ მიიწვია თავის ვენახში. და ბოლოს, ხოლო მეათერთმეტე ჟამსა განვიდა, ჩვენი დროით საღამოს ხუთ საათზე, მუშაობის დამთავრებამდე თითქმის ერთი საათით ადრე, - რადგან აღმოსავლეთში მზე ჩადის არა უგვიანეს შვიდი საათისა, - და ჰპოვნა სხუანი მდგომარენი, და ჰრქუა მათ: რასა ჰსდეგით თქუენ აქა დღე-ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუს მას, ვითარმედ არავინ დამიდგინნა ჩუენ. პატრონის კითხვაში: რატომ დგეხართ უსაქმოდ, ისმის გარკვეული საყვედური უსაქმურობისათვის; მაგრამ მუშები მშვიდად პასუხობენ: ჩვენ გვინდა შრომა, მაგრამ არავინ დაგვასაქმა. პატრონმა მოისმინა მათი განმარტება და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენახსა ჩემსა, და რა იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. და ისინიც წავიდნენ სამუშაოდ. და ვითარცა შემწუხრდა, როცა დადგა დღის მუშაკთა ანგარიშსწორების დრო, ჰრქუა უფალმან სავენახისამან ეზოს-მოძღუარსა თვისსა: იმას, ვინც აწარმოებდა ანგარიშს მუშებთან; მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი. სახლის პატრონი მკაცრად იცავს მცნებას, რომლის მიხედვითაც, დაქირავებულ მუშებს არ უნდა ეცადათ სასყიდლისათვის დაღამებამდე: „იმავე დღეს მიეცი სასყიდელი მას, რათა იქამდე მზე არ ამოსულიყო, რამეთუ იგი ღარიბია და ელის მისი სული მას“. მაგრამ კეთილმა პატრონმა ბრაძანა ანგარიშის გასწორება დაეწყოთ არა იმათგან, რომლებიც მუშაობდნენ დილიდან, არამედ იწყე უკანასკნელთაგან, რომლებმაც თუმცა მცირე ხანს, მაგრამ სამაგიეროდ განსაკუთრებით მონდომებით იშრომეს, ვიდრე პირველთამდე. ამით მას სურდა პირველებისათვის შეეგნებინებინა, რომ პატრონს ტყუილუბრაოლოდ, შეუთანხმდნენ ანაზღაურებაში, ჯობდა ისინი მინდობოდნენ მის სიკეთეს: მაშინ შესაძლოა იმათაც მიეღოთ შეთანხმებულზე ბევრად მეტი. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითო დრაჰკანი, ერთი საათის მუშაობისთვის, მოვიდეს პირველსანიცა იგი, გაიგეს სხვა მუშებისგან, თუ როგორ უხვად იქნენ დასაჩუქრებულნი, და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროსი მიიღონ, რადგან უფრო მეტ ხანს იშრომეს, მაგრამ შეცდნენ ანგარიშში: და მიიღეს მათცა თითო დრაჰკანი. ამან დიდად გააღიზიანა ისინი; მიიღეს რა თავიანთი სასყიდელი, იმის ნაცვლად, რომ კეთილი პატრონისადმი უნდობლობის გამო დაედანაშაულებინათ თავი, ხოლო მირაიღეს, ჰსდრტვინვიდეს სახლისა უფლისა მისთვის, და იტყოდეს: ვითარმედ უკანასკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაჰყვეს. და სწორ ჩუენდა ჰყუეს იგინი, რომელთა ვიტვირთეთ სიმძიმეი დღისა და სიცხე: ჩვენ ვიმუშავეთ მთელი დღე გავარვარებული მზის გულზე, იმათ კი მხოლოდ ერთი საათი იშრომეს და ისიც საღამოს სიგრილეში, როცა შრომა არ არის ისე მძიმე, როგორც შუადღისას - და შენ ისინი ჩვენ გაგვითანაბრე...
ვენახში მომუშავეთა ამ სიტყვებში აშკარად ჩანს შური თავიანთი ამხანაგებისადმი, ხოლო ეს შური გააჩინა ეჭვმა, თავიანთი შრომის ზედმეტად შეფასებამ. მსგავსადვე ლაპარაკობდა უფროსი ძმა უძღები შვილის იგავში: „ესოდენი წელნი გმონენ შენ, და არა სადა მომეც ერთი თიკანი, რათამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე; და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჰსჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული“ (ლკ. 15,29-30). და როგორც უძღები შვილის იგავში კეთილი მამა შთაგონებით შეაგონებს შვილს, ასევე აქაც კეთილი პატრონი მშვიდად, მაგრამ შთაგონებით შეაგონებს უკმაყოფილო მუშებს: ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა და სხვებზე უფრო კადნიერად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას, და ჰრქუა: მოყუასო! არა რას გავნებ შენ; ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? მე არ შემიმცირებია ჩვენ მიერ შეთანხმებული თანხა; შენი პირობით შენ თვითონ წაართვი შენს თავს უფლება გეკამათა ნაშრომის ფასზე, ამიტომ გაწყრომა არ მეკუთვნის. მიიღე შენი და ვიდოდე; ხოლო მე მნებავს უკანასკნელსა ამას მოცემად, ვითარცა შენ. ეს უკვე ჩემი საქმეა და შენ ეს სრულიად არ გეხება. შენთან მე ანგარიში გავასწორე, სხებთან მე სხვა ანგარიში მაქვს, რაც მინდა, იმას მივცემ. ანუ არა ჯერ-არს ჩემდა, რაცა მინდეს ყოფად ჩემსა ზედა? ჩემი ქონება ისე განვაგო, როგორც მოვისურვებ? არამედ თუალი შენი ვიდრემდე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ? ესრეთ იყუნენ წინანი უკანა, - დაასკვნა უფალმა ეს იგავი, და უკანანი წინა, რამეთუ მრავლნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ. უკანასკნელმა მუშებმა, თავიანთი სიმდაბლისა და ბატონისადმი სრული მინდობის გამო, პირველებმა მიიღეს საზღაური და ისიც მთელი დღისა; ხოლო პირველებმა, თავიანთი დრტვინვით, თვითდაჯერების, ბატონისადმი უნდობლობის გამო მიიღეს მხოლოდ პირობით დათქმული თანხა, ნამატად კი გაკვეთილი და შეგონება: არ უნდა შეშურებოდათ ამხანაგის და არც საკუთარ თავზე უნდა ჰქონებოდათ დიდი წარმოდგენა. აი, ასე შეიძლება დაკარგოს ღვთის მადლი იმანაც, ვინც იამაყებს თავისი კეთილი საქმეებით, ვინც დაიცავს ღვთის მცნებებს, არა თავისი მაცხოვრის სიყვარულისთვის, სიმდაბლით რომ შეეცდება ვნებისაგან განიწმიდოს გული, არამედ იმისთვის, რათა ფარისევლის მსგავსად მოეწონებინა თავი თავისი სიმართლით, ექნება რა მოლოდინი არა მოწყალებისა, არამედ ზეციური სახლის მეუფისაგან კუთვნილი ჯილდოსი.
საქმენი აუცილებელია, რადგან მათ გარეშე თვით სარწმუნოებაც მკვდარია, მაგრამ ისინი, - მხოლოდ მოვალეობაა ჩვენი, და არა ღვთის წინაშე ჩვენი დამსახურება, ვინც ასრულებს ამ მოვალეობას სიმშვიდით, მათზე გადმოდის ღვთისაგან მხსნელი მადლი; ხოლო ვინც ამ მოვალეობას იხდის თავისი სიმართლის ამაყი შეგნებით, იგი აკლდება ამ მადლს და იღუპება. ამიტომ, რაგინდ დიდიც უნდა იყოს შენი საქმენი და გმირობანი სიმდაბლის გარეშე ღვთის წინაშე, ისინი არაფერია. აი, რატომ არიან მოწოდებულნი ბევრნი, ხოლო რჩეულნი ცოტანი. ღვთის მადლიანი შეწევნის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ვერავითარი ჭეშმარიტად კეთილი საქმის კეთებას. „ნახეთ, - ამბობს წმ. ოქროპირი, რომ ჩვენ დაქირავებული მუშები ვართ. და რადგან ვართ მუშები, უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი გასაკეთებელი, რადგან მუშაკი საქმის გარეშე არ არის. ჩვენი საქმენია სათნოებები, არა ის, რომ დავამუშავოთ ვენახები, არამედ ის, რომ სიკეთე გავაკეთოთ - მოყვასისთვის და როგორც არავინ იყვანს მუშას მარტო იმისთვის, რათა მან მოამზადოს თავისთვის საჭმელი, ასევე ქრისტემაც მოგვიწოდა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ მხოლოდ ვიზრუნოთ საკუთარი თავისთვის, არამედ, რათა გავაკეთოთ ისიც, რასაც მივყავართ ღვთის დიდებასთან. ჩვენ, მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვიყენოთ ღვთის დიდებისათვის და მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი მისი, - ჩვენი დროებითი საჭიროებებისათვის... დაქირავებულ მუშას, თუ რომელიმე დღეს არ შეასრულებს თავის საქმეს, ერცხვინება ბატონის სახლში შესვლა და პურის თხოვა; შენ როგორ არ გრცხვენია ეკლესიაში შესვლა და ღვთის წინაშე დგომა, როცა ღვთისთვის არაფერი კარგი არ გაგიკეთებია?“ ეს იგავი მთელი ძალით გამართლდა იუდეველებზე, რომლებიც იყვნენ ღვთის სასუფეველში ყველაზე უწინ მოწოდებულნი; ისინი დიდხანს შრომობდნენ სჯულის სიმძიმის ქვეშ, მაგრამ უშედეგოდ, რადგან თავს იწონებდნენ თავისი რჩეულობით, სძულდათ წარმართები და ამიტომაც იქნენ ზურგშექცეულნი, ხოლო წარმართები მორჩილად რომ მიყვნენ სახარების ქადაგებას, მათზე უწინ შევიდნენ ღვთის სასუფეველში, ქრისტეს ეკლესიაში. მაგრამ იგივე შეიძლება შეგვემთხვას ჩვენც - ქრისტიანებს; ჩვენც არა ერთ დროს მოგვიწოდებს უფალი, რათა გავისარჯნეთ ჩვენი სულის ვენახში: ზოგს დილით, ადრეული სიჭაბუკისას, სხვებს მესამე ჟამზე, სხვებს მეექვსე და მეცხრე საათზე, - სხვადასხვა ასაკში სიცოცხლისა, ხოლო ზოგიერთებს ღრმა სიბერეში - მეთერთმეტე ჟამზე ცხოვრებისა: შეხედე ამის მიხედვით, - ამბობს წმ. ოქროპირი, „ვინ როდის არის მზად მისი შედგომისათვის. ამას გვიხსნის პავლეც, როცა ამბობს: „ხოლო რაჟამს სათნო იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან“ (გალ.1,15).
მაგრამ როდის მოუწოდა? მაშინ, როცა ის მორჩილებისთვის მზად იყო. მართალია, ღმერთს ეს სურდა თავიდან, მაგრამ რადგან პავლე მაშინ არ მოუსმენდა მას, ამიტომ უფალმა მისი მოწოდება ინება გვიან, როცა პავლე ამისთვის უკვე მზად იყო. იმავე დროს მოუწოდა მან ავაზაკსაც, თუმცა შეეძლო მისი უფრო ადრე მოწოდება, მაგრამ იგი არ დაემორჩილებოდა“. მოწყალე უფალი ჩვენც გვიხმობს თავისთან ნათლისღების დღიდან, მაგრამ, რადგან ჩვენ არ ვღებულობთ ღვთის ამ მოწოდებას, ამიტომაც იგი ისევ და ისევ გვიხმობს, ან ჩვენს გულზე ღვთის სიტყვის ზემოქმედებით, ანდა განსაკუთრებული ცხოვრებისეული მდგომარეობებით. ეკლესიაში არავის შეუძლია ისე გამართლება, როგორც გამართლდნენ ვენახში მომუშავენი: „არავინ დამიდგინნა ჩუენ“; ყველამ უნდა იცოდეს, რას ითხოვს ქრისტე მოწოდებულებისაგან გადასარჩენად; და ჩვენ ვიცით ეს, მაგრამ ერთნი ჩვენთაგანი ასრულებენ ამ მოთხოვნებს, როგორც დაქირავებული მუშები, კმაყოფილნი არიან, როგორც ფარისევლები, თავიანთი „გამართულობით და ოცნებობენ ჯილდოებზე, სხვები შესრულებას გადასდებენ დღიდან დღემდე, თავიანთ სინდისს ატყუებენ ფუჭი იმედებით ღვთის მოწყალებაზე: „მოვასწრებთ, შევინანებთ“; სხვანი კი უბრალოდ ცხოვრობენ ცოდვებში, დავიწყებიათ ღმერთი და უზრუნველად არიან თავიანთ ვნებებს მიცემულნი. უფალი დგას ყოველი ჩვენგანის გულის კარებთან და ამბობს: „ეშურვებოდნენ უკუე, და შეინანე. აჰა ესერა ვსდგა კარსა ზედა, და ვრეკ. უკეთუ ვინმე ისმინოს ხმისა ჩემისა, და განაღოს კარი, შევიდე მისთანა და ვჰსჭამო მის თანა სერი და მან ჩემთანა... რომელსა ასხენ ყური ისმინენ!“(გამ. 3,19; 29,22). და უფრო ხშირად ამ მადლიან მოწოდებას ეხმაურებიან უსიტყვოდ ცოდვილები, რომელთაც აზრადაც არ მოსდით დატკბნენ ღვთის წინაშე რაიმე დამსახურებით: ისინი ინანიებენ და ჩქარობენ თავიანთი დარჩენილი დღენი მთლიანად მიუძღვნან უფალს. და აი, დასრულდება გარჯის ჟამი, - ესაა ახლანდელი ცხოვრება. დადგება საღამო და უკანასკნელი ანგარიშსწორება, განსჯა სიკვდილისას, შემდეგ კი - დღე საყოველთაო განკითხვისა; ამ სამსჯავროზე წარდგება, ყოველი დროისა და მდგომარეობის ხალხი, და ვინ იცის? იქნებ ჩვენ, თავს წესიერ ქრისტიანებად რომ ვთვლიდით ჩვენი დროებითი გამოსწორებისათვის, აღმოვჩნდებით უკანასკნელებზე უარესი ცოდვილები. „თუ წმიდანები, - ამბობს წმ, ოქროპირი, - ახლანდელ ცხოვრებაშიც სულს დებდნენ ცოდვილთათვის, ხედავდნენ რა მათ ღვთისაგან მომზადებული სიკეთეებით ტკბობაში, ისინი მით უფრო ხარობენ იქ და მიაჩნიათ ეს საკუთარ ნეტარებად“. ამიტომაც ამაყი და შურიანი მოღვაწენი საერთოდ განიდევნებიან პირისაგან ღვთისა. უფალი ხედავს ყველაზე დაფარულ მოძრაობებსაც კი ჩვენი გულისა. ვინც გადასდებს სინანულსა და კეთილ ცხოვრებას, იგი ამით აჩვენებს, რომ მას ცოდვა მეტად უყვარს ვიდრე უფალი ღმერთი. მაგრამ არ იქნებიან ცოტანი ისეთებიც, რომლებიც იძენენ სინანულს ბოლო ჟამს, რომლებიც ღრმა სინანულით, თვითდამდაბლებითა და გვემით შეივსებენ საგმირო საქმეთა ნაკლოვანებას კეთილი საქმეებით და რომელთაც ჩვენ შესაძლოა უკანასკნელ ცოდვილებად ვთვლით... ნუ გვექნება იმედი ღვთის წინაშე შენი რაიმე უფლებისა, არამედ ყოველივე მიიღე, როგორც მისი მოწყალება და შენგან დაუმსახურებელი მადლი. „ამიტომ ნუ იამაყებ მათ წინაშე, - ამბობს ეპ. თეოფანე, - რომლებიც გამოვიდნენ ღვთის საქმეზე შენს შემდეგ, და ნუ მოიწყენ, თუ თავად გამოხვალ გვიან იგივე საქმეზე. ნურც სიბერის გამო გაიტეხ გულს და იფიქრებ, რომ უკვე გვიანია დაწყება. დაიწყე გაბედულად და თქვი: იქ ბატონმა გვიან მოუწოდა, და მეც მომიწოდოს უფალმა. განა იგი არ გიხმობს? არ გესმის განა ეკლესიაში უფლის ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი“ და მოციქულებრივი მოწოდება: „ქრისტესთვის უკუე ვჰსთქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთვის: დაეგენით ღმერთსა“ (2 კორ.5,20). - „მცირე დროშიც შეიძლება ამის შეძენა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - აქამდე უფალმა იმსჯელა დიდ მოშურნეობაზე, ცხონებისათვის საჭიროზე, ქონების დატოვებაზე, არაფრად მიჩნევაზე ყუველივე ქვეყნად არსებულისა; ამისთვის კი საჭიროა დიდი მამაცობა და ჭაბუკური მოშურნეობა; ახლა, რათა აანთოს მათში სიყვარულის ცეცხლი და განამტკიცოს მათი ნება, იგი გვაჩვენებს, რომ შემდგომ მოსულთაც შეუძლიათ მიიღონ ჯილდო მთელი დღისა. იგი არ ამბობს ამას პირდაპირ, რათა ისინი არ გაამპარტავდნენ; მაგრამ გვაჩვენებს, რომ ყოველივე ეს არის საქმე მისი კაცთმოყვარეობისა.
მშვენივრად ურთავს უფლის ამ იგავს წმ. ოქროპირი თავის შეუდარებელ სააღდგომო სიტყვაში: ვინც არის კეთილმოსავი და ღვთისმოყვარული, დაე, დატკბეს ახლა ამ წმიდა და ნათელი დღესასწაულით! ვინც არის კეთილგონიერი მონა, დაე, სიხარულით შევიდეს თავისი უფლის სიხარულში! ვინც გაისარჯა მარხვაში, დაე, მიიღოს მან სასყიდელი! ვინც მუშაობდა პირველი ჟამიდან, დაე, მიიღოს მთელი კუთვნილი! ვინც მოვიდა მესამე ჟამის შემდეგ, მადლობდეს და გიხაროდეს! ვინც მოასწრო მოსვლა მხოლოდ მეექვსე ჟამის შემდეგ, დაე, არ შეწუხდეს, რადგან არაფერი დააკლდება. რომ დაგეყოვნებინა მეცხრე ჟამამდეც, მაინც შეუდექ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, და თუ ვიღაცამ მოასწრო მოსვლა მხოლოდ მეთერთმეტე ჟამზე, თავის დაყოვნებას ასეთიც კი არ უნდა შეუშინდეს, რადგან სახლის მეუფე ჩვენი მოყვარულია და უხვი; მიიღებს უკანასკნელსაც, როგორც პირველს; მეთერთმეტე ჟამზე მოსულსაც ისევე დაამშვიდებს, როგორც მშრომელს პირველი ჟამიდან. იგი პირველისთვისაც ირჯება და უკანასკნელზედაც იჩენს მოწყალებას; იმას აძლევს, და ამასაც; საქმისთვის ხარობს, მაგრამ კეთილ განზრახვასაც ღებულობს სიყვარულით; მოქმედებას მიაგებს კუთვნილ პატივს, და კეთილ განწყობასაც აქებს. ასე, რომ, ყველანი შეხვალთ თქვენი უფლის სიხარულში! პირველებიც და უკანასკნელნიც მიიღებთ ჯილდოს! მდიდარნო და ღარიბნო, იხარეთ ერთმანეთით! მმარხველნო და არამმარხველნო, ყველამ იხარეთ! ტრაპეზი უხვია: ყველანი დაპურდით! ყველანი დატკბით რწმენის ფუფუნებით, ყველამ ისარგებლეთ მადლიანი სიმდიდრით!..“