უფალი იერუსალიმში მიდიოდა იერიქონის გავლით. აქ გამოაჩინა მან თავისი მოწყალება მეზვერეთა უფროსზე - ზაქეზე; ასევე როცა განკურნა ქალაქში შესვლისას ერთი, ხოლო გამოსვლისას კიდევ ორი ბრმა. და ვითარ გამოვიდოდეს იგინი იერიქოით, მისდევდა მას ერი მრავალი. იერიქონი იყო ბოლო ქალაქი იერუსალიმამდე; შემდეგ, 25 ვერსტზე, გზა გადიოდა უკვე მკაცრ უდაბნოში, სადაც გამოქვაბულებსა და ნაპრალებში მრავლად აფარებდნენ თავს ყაჩაღები, რომლებიც თავს ესხმოდნენ მარტოხელა მგზავრებს. ამიტომაც იერიქონიდან მოგზაურნი იერუსალიმისკენ მიემგზავრებოდნენ ქარავნებთან ერთად. ახლა იერიქონის გავლით ბევრი მიდიოდა გალილეიდანაც, რადგან უმოკლეს გზას სამარიის გავლით თვლიდნენ არხელსაყრელად, იმ სიძულვილის გამო, რომელიც სამარიტელებს გააჩნდათ ებრაელების მიმართ. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა, რომელთაგან ერთს წმიდა მახარებელი მარკოზი იხსენებს სახელით - ბარტიმეოს; ისინი ისხდნენ იქ, რათა გამვლელებისთვის ეთხოვათ მოწყალება, განსაკუთრებით მლოცველებისგან, - და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესო წარმოვალს, ხალხის ჩოჩქოლიდან შეიტყვეს რა, რომ შორიახლოს მიდიოდა დიდი სასწაულმოქმედი იესო ნაზარეველი, როგორც ყველა ეძახდა უფალს, ჰხმობდეს და იტყოდეს, ხმამაღლა ეძახოდენ: შემიწყალენ ჩვენ, შეგვიბრალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო! - ამ მოკლე შეძახილში, გულიდან გამოსულში, ჩანდა უსინათლოთა გულწრფელი რწმენა უფლისა, როგორც აღთქმული მესიისა, დიდი დავითის დიდებული ჩამომავლისა. ბრმებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ფარისევლები და მწიგნობრები დევნიდნენ უფალს, იცოდნენ, რომ ასეთი გაცხადებული აღიარებისათვის შეიძლებოდა ისინიც ედევნათ, მაგარამ არ სურდათ ფიქრიც კი ასეთ განსაცდელზე, თუმცა ხალხი აჩერებდა მათ, აიძულებდა გაჩუმებას. ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ შესაძლოა იმიტომ, რომ ამ დროს იესო ქრისტე მოძღვრიდა თანამგზავრებს, მათ კი არ სურდათ, რომ დიდებულ მასწავლებელს შეეწყვიტა თავისი ქადაგება უსინათლოთა გამო. ხოლო იგინი უფროის ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო! „ეს ბრმები, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ბევრ სხვა მრავალზე უკეთესნი იყვნენ. თუმცა არ ყავდათ წინამძღოლი, თუმცა ვერ ხედავდნენ მოახლოებულ ქრისტეს, მაინც ჰქონდათ ძლიერი სურვილი მასთან ახლოს მისვლისა, და ამიტომ დაიწყეს ყვირილი; სხვები უშლიდნენ, მათ კი უფრო გააძლიერს გოდება. აი, რას ნიშნავს ძლიერი სული! თავად წინააღმდეგობებს მიყავს მიზანთან ადამიანი და ქრისტემაც არა ჰკითხა მათ: გწამთ თუ არა? როგორც ჩვეულებრივ იქცეოდა ხოლმე სხვებთან, რადგანაც ყვირილი და გულმოდგინე სურვილი მასთან როგორმე მიახლოებისა, უკვე ყველას ცხადად აჩვენებდა მათ რწმენას. აქედან ისწავლე, საყვარელო, რომ რაც არ უნდა ღატაკნი და მორიდებულნი ვიყოთ, თუკი გვექნება ჭეშმარიტი სურვილი ღმერთთან მიახლებისა, შევძლებთ მისგან ყოველივეს გამოთხოვას, რაც კი საჭირო იქნება ჩვენთვის. მივბაძოთ ამ უსინათლოთ, დაე, ღმერთმა ჩვენზე წყალობა დააყოვნოს, დაე, ბევრი შეეცადოს ჩვენი ლოცვიდან მორიდებას, ჩვენ ვედრება მაინც უნდა გავაგრძელოთ, რადგან ღმერთი მხოლოდ ამ გზით გახდება ჩვენთვის მოწყალე. შეხედე ბრმებს: ვერაფერმა გააჩერა ისინი“. სამაგიეროდ უფალმაც შეიწირა მათი გოდება და ტირილი და დაჰსდგა იესო, მოუწოდა მათ, ბძანა ბრმები ახლოს მიეყვანათ მასთან; მაშინ უთხრეს ბარტიმეოსს, რომელიც ყველაზე მეტს ყვიროდა: „ადექი ჩქარა, გიხმობს შენ“. და მან მოიცილა ზედა, გრძელი ჩასაცმელი, რაც ხელს უშლიდა სირბილში, წამოხტა და გაიქცა იესო ქრისტესაკენ; უფალმა კი ორივეს უხმო და ჰრქუა: როცა ისინი მივიდნენ მასთან: რაი გნებას და გიყო თქვენ? „იკითხა იმიტომ, რომ ვინმეს არ ეფიქრა, რომ იგი მისცემდა არა იმას, რაც მათ სურდათ“ (წმ. ოქროპირი). მათ ჰრქუეს მას: უფალო, ჩვენ არ გთხოვთ შენ მოწყალებას, არამედ რათა აღვიხილნეთ თუალნი. მათ, როგორც ჩანს, ეშინოდათ, რომ ხელიდან არ გაეშვათ შემთხვევა ყოვლისშემძლე მკურნალისაგან განკურნებისა. „ასე, უფალი ყოველთვის ჯერ პოულობდა ყველას წინაშე კეთილ განწყობილებას, განკურნების მთხოველებისა და შემდეგ უკვე ანიჭებდა კურნებას. იესო ქრისტე, ეს განხორციელებული მოწყალება და მადლი, თავად ეძიებდა ღირსეულთ“ (წმ. ოქროპირი). „მას სურს, რათა ჩვენ ვთხოვდეთ, თუმცა თავად იქამდეც იცის, რა უნდა ვთხოვოთ, და რა უნდა მოგვცეს ჩვენი სათხოვარიდან. იგი გვამცნებს ჩვენ მოუკლებელ ლოცვას, და ამის მიუხედავდ, ამბობს: „რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რა იგი გიხმობს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან“ (მთ. 6,8). ე.ი. აუცილებელისათვის თხოვას ცნობს, რათა ლოცვისათვის განაწყოს ჩვენი გული“ (წმ. გრიგორი დიადოხოსი). შეეწყალნეს იგინი იესოს, და შეახო თუალთა მათთა, და ჩვეულებრივ წარმოთქვა ნაცნობი სიტყვა: „სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნა შენ“, - და მეყუსეულად აღეხილნეს მათ თვალები და შეუდგეს მას, და მადლიერების გრძნობით გაყვნენ თავიანთი გამკურნებლის კვალს...