იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლამ უკიდურესად არია და დაძაბა მღვდელმთავრები და მწიგნობრები. იქამდე ცოტა ხნით ადრე მათ გადაწყვიტეს ქრისტეს მოკვლა და გასცეს კიდეც მითითება, რომ ყველას, ვინც კი იცნობდა იესოს, მის შესახებ დაუყოვნებლივ მათთვის ეცნობებინათ და უცებ მათ გაიგეს, რომ მათ მიერ განსჯილი იესო საზეიმოდ შედის იერუსალიმში, როგორც მეფე მათ მიმართ აშკარა აშკარა საყვედურებით, რომ დაუდევარნი და უსულგულონი არიან ღვთის ტაძრის სიწმიდის მიმართ, ტაძრიდან განდევნა გადამყიდველნი და მათი მსგავსნი... ცხადია, რომ იგი იწყებს მოქმედებას, როგორც მესია. რა უნდა ექნათ მათ? - დაუყოვნებლივ შეეპყრათ იგი და გადაეცათ სამსჯავროსათვის? მაგრამ მას მუდამ ახვევია ათასობით მისი ერთგული ადამიანი... შეიძლება ამას გამოეწვია ხალხის აღშფოთება. ეს მათ უკვე ადრევე მოიფიქრეს და დაადგინეს იესო შეეპყრათ და მოეკლათ. ოღონდ „ნუ დღესასწაულსა ამას, რათა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის“ (მთ. 26,5). მათ მოიგონეს გაეგზავნათ მასთან მთელი სინედრიონისგან წარმომადგენლობა, რათა საჯაროდ, ხალხის თანდასწრებით, მოეწყოთ ფორმალური დაკითხვა მისი დანაშაულებისა და განზრახვებისა. ამ დაკითხვის მიზანი იყო იესო ქრისტეს მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება და მისი სიტყვებში გამოჭერა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ უფალი თავისი მოქმედების გამართლების მიზნით მიუთითებდა მათ თავის უფლებებზე და თავს გამოაცხადებდა მესიად, ქრისტედ, აი, მაშინ კი აღარ იქნებოდა ძნელი მათთვის მისი დადანაშაულება და მხილება რომის ხელისუფალთა წინაშე. ყველაფერი მოფიქრებული იყო ეშმაკურად, ამავე დროს, ვითომ კეთილად და კანონიერად. საერთო აზრით, სინედრიონს ჰქონდა უფლება გამოეცადა წინასწარმეტყველნი და განეკითხა მათი ღირსებაც. საკითხი პირდაპირ იყო დასმული ცხადად, მთელი ხალხის წინაშე, მასწავლებელსაც ასევე ცხადად შეეძლო დაესაბუთებინა თავისი ღვთაებრივი ღირსება, თუკი იგი შეძლებდა ამის დამტკიცებას. სინედრიონიდან შერჩეულ იქნენ გამორჩეული მღვდლები, რომელთაც მახარებელი მღვდელმთავრებადაც კი იხსენებს რადგან, როგორც ჩანს, ისინი სამღვდელოთა შორის უპირატესნი იყვნენ, ასევე შეირჩნენ უხუცესები და სწავლული მწიგნობრებიც (ლკ. 1,5). უდავოა, რომ ასეთი წარმომადგენლობა მიიპყრობდა საყოველთაო ყურადღებას, ტაძრის შესასვლელებში მდგარი ზღვა ხალხი მოკრძალებით უთმობდა მათ გზას... სინედრიონის ამ წარმომადგენლობის სახით ქრისტეს უპირისპირდებოდა არა მარტო სინედრიონი, არამედ მთელი ებრაელი ერი. თვით უფლის მოწაფეებსაც კი არ შეეძლოთ უსულგულოდ განწყობილიყვნენ ამ წარმომადგენლობისადმი: მათ, რა თქმა უნდა, სურდათ, რომ სინედრიონის წევრებს ეცნოთ მათი ღვთაებრივი მასწავლებელი მესიად ისევე, როგორც თავად ცნობდნენ ისინი, მისი მოწაფენი, მაშინ გაქრებოდა ყველა საფრთხე სინედრიონის მხრიდან, როგორც უფლისათვის, ასევე მისი მიმდევრებისათვის. და აი, მეორე დღეს, იერუსალიმში უფლის საზეიმოდ შესვლის შემდეგ, და მორავიდა იგი იესო ქრისტე, ტაძრად ერთ ვრცელ სტოაში ტაძრისა, სადაც ყოველთვის ბლომად იკრიბებოდა ხალხი, მოუხდეს მას და შეაწყვეტინეს მას ხალხთან საუბარი, მღუდელთმთავარნი ებრაელთა უმაღლესი სამსჯავრო წარმომადგენლები და მოხუცებულნი ერისანი სწავლულ მწიგნობრებთან ერთად, ვითარ იგი ასწავებდა ერსა და ჰრქუეს მას, დაუწყეს იესო ქრისტეს მკაცრი დაკითხვა, როგორც უფროსებმა: სინედრიონს სურს, რადგან მოვალეა, იცოდეს: რომლითა ხელმწიფებითა ღვთიურით თუ ადამიანურით ამას იქმ? - აი, შენ იღებ ხალხისაგან დავითის ძის სახელს, მეფესავით დიდებით შედიხარ იერუსალიმში, ჩვენი ნების გარეშე განდევნი ტაძრიდან ვაჭრებს, რომელთაც ჩვენ არ ვუშლით საქმეს, - აქაც საჯაროდ ასწავლი ხალხს ჩვენთან შეთანხმების გარეშე... და ვინ მოგცა შენ ხელმწიფებაი ესე? პირდაპირ ღმერთიდან მოგეცა შენ ეს, თუ ვიღაც ისეთისგან, ვისაც აქვს ღმერთთან სიახლოვე, იმის მსგავსად, როგორც იერემიამ მისცა უფლება თავის მოწაფე ბარუქს? (იერ. 36,43-45). მაშინ გვითხრაი, ვინ არის ეს ღვთის რჩეული? ჩვენ, სინედრიონმა უნდა ვიცოდეთ ეს - ასეთი სიზუსტე და დანაწევრება კითხვისა მოწმობდა, რომ სწავლული მწიგნობრები დიდხანს ფიქრობდნენ ამ კითხვებზე. ისინი ასე მსჯელობდნენ: თუ იგი იტყვის: მე ამას ვაკეთებ ჩემი უფლებით, მაშინ შეიძლება მას დავდოთ ბრალი, როგორც თვითმარქვიას; ხოლო თუ იტყვის: მე ვმოქმედებ ღვთიური უფლებით, მაშინ მოვთხოვთ მას, რომ დაამტკიცოს თავისი ღვთისაგან მოვლინება და, თუ არ დაამტკიცებს, მაშინ მას ღვთის შეურაცხყოფაში დავადანაშაულებთ. - „თუმცა ქრისტემ, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - არაფერი მოიმოქმედა, რასაც შეეძლო გამოეჩინა მისი სიამაყე, არამედ მხოლოდ საჭირო წესრიგი დაამყარა ტაძარში, ამიტომ არაფერი ჰქონდათ სათმელი მის წინააღმდეგ, თუმცა იუდეველები ამაშიც მას საყვედურობდნენ. მოკლედ, სასწაულების მიზეზით, გუშინ რომ მოახდინა მან ტაძარში, მათ ვერ გაბედეს ბრალი დაედოთ მისთვის, როცა მან ვაჭრები განდევნა ტაძრიდან, არამედ უსაყვედურეს უკვე გვიან, როცა იგი დაინახეს“.
ეჭვსგარეშეა, რომ გარშემრტყნული ხალხი უდიდესი ყურადღებით ელოდა: რა პასუხს მიუგებდა მათ დიდებული მასწავლებელი და სასწაულმოქმედი იესო? - უფალმა მოისმინა, მაგრამ პირდაპირ არაფერი უპასუხა. მან აგრძნობინა მათ, რომ თუკი მათ სინამდვილეში არაორგულად სწადდათ მისი უფლების გაგება, მაშინ ეს დიდი ხანია ეცოდინებოდათ და ამის შესახებ არ ჰკითხავდნენ მას. მიუგო იესო და ჰრქუა მათ, გკითხო მეცა თქუენ სიტყუა ერთი, რომელი უკეთუ მითხრათ მე, თუ თქვენ გამცემთ პირდაპირ პასუხს, მაშინ მეცა გითხრა თქუენ რომლითა ხელმწიფბითა ვიქმა ამას. - მწიგნობრები დუმდნენ, რითაც თანხმობას აცხადებდნენ. მათ თავად ჰქონდათ ჩვევად კითხვაზე კითხვითვე ეპასუხათ, და ეს ღირსებადაც კი ეთვლებოდა პასუხის გამცემს. და უფალმა განაგრძო: როგორ ფიქრობთ თქვენ: ნათლის-ცემა იოანესი, და მასთან, მთელი მისი მსახურება, ვინა საიდან იყო: ზეცით, ღვთისაგან, ანუ კაცთაგან, თუ ადამიანის მიერ მოწყობილი? ღმერთმა გამოაგზავნა იოანე სამოღვაწოდ, თუ იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და თავად გამოაცხადა ღვთისაგან მოვლინებულად თავი, ანუ შეაცდინა ხალხი?
ამ კითხვაზე პასუხისაგან თავის შეკავება აღარ შეიძლებოდა; პირიქით, არ მოხერხდებოდა ამ შემთხვევისათვის შესაფერისი სხვა კითხვის მოძებნა. თუ სინედრიონი ცნობდა იოანეს ღვთის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად, მაშინ არ იქნებოდა საჭირო მისთვის ქრისტეს გამოძიებაც: მესია იყო იგი თუ არა და როგორი ხელმწიფებით მოქმედებდა? იოანემ დიდი ხანია აღიარა, შესაძლოა სინედრიონის იმავე წევრების წინაშეც, რომლებიც მასთანაც იყვნენ წარგზავნილნი, იორდანეზე, როგორც ახლა იყვნენ მივლენილნი იესოსთან, რომ იესო არის ტარიგი ღვთისა, რომელმაც იტვირთა ცოდვები ქვეყნიერებისა, რომ იგი არის გამოგზავნილი ზეციდან, ყველაზე მაღლა არსებული, ძე ღვთისა, რომლის უკანასკნელ მსახურად ყოფნის ღირსადაც კი არ თვლიდა თავს. ამგვარად, უფლის კითხვაში მწიგნობრების მიმართ, რომელიც ეხებოდა იოანეს ნათლობას, შეუმჩნევლად, მაგრამ მთლიანად იყო ჩადებული პასუხი მათ შეკითხვაზე: ვინ იყო და როგორი უფლებით მოქმედებდა? უფალი თითქოს ასე ეუბნებოდა მათ: თავად განსაჯეთ, ვინ ვარ მე? თქვენ იცით, რას ამბობდა ჩემზე იოანე, და მე მართლაც ისა ვარ, - როგორადაც მცნობდა იოანე: ასე რომ, თუ თქვენ გწამთ იოანე, როგორც ღვთის წინასწარმეტყველი, მაშინ თავად მიხვდებით - ვინა ვარ მე; მაგრამ თუ არ გჯერათ იოანესი, მაშინ, რა თქმა უნდა, მეც არ მირწმუნებთ. მწიგნობრები კარგად მიხვდნენ უფლის სიტყვების აზრს; მათ მაშინვე იგრძნეს, რომ თავად აღმოჩნდნენ იმ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორშიც სურდათ ჩაეყენებინათ ქრისტე. განხორციელებულმა ღვთიურმა სიბრძნემ, - ნეტარი თეოფილაქტეს განმარტებით, - „გამოიჭირა თავისით ბრძენნი მზაკვრობაში“. მათ ცალკე რომ ჰქონოდათ უფალთან საუბარი განმარტოებით, მაშინ მათ ენას, რომელიც მიჩვეული იყო ყოველგვარ სიცრუესა და ბოროტებას, არ გაუჭირდებოდა ეპასუხა, რომ იოანეს ისინი არ ცნობენ ღვთის წინასწარმეტყველად, ამიტომაც მის ნათლობას ისინი თვლიან ადამიანურ გამონაგონად და არა ღვთისაგან დადგენილად. მაგრამ ახლა, როცა მათ კითხვა დაუსვეს უამრავი ხალხის თანდასწრებით, რომელიც ასე პატივსა სცემდა იოანეს სიცოცხლეში, და კიდევ უფრო მეტად აღიარა იგი მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ, იმათ ვერ გაბედეს იოანეზე საჯაროდ გამოეთქვათ თავიანთი აზრი. შეიძლება რამდენიმე წუთმაც კი განვლო, ვიდრე ისინი მდუმარედ ფიქრობდნენ პასუხის გარშემო.
ხოლო ისინი განიზრახვიდეს თვისაგან და იტყოდეს: უკეთუ ვჰსთქუათ: ზეცით იყო მაშინ გურქუას ჩუენ: რასათვის უკუე არა გრწმენა მისი? რატომ არ გინდათ მიიღოთ მისი დამოწმება ჩემზე; და უკეთუ ვჰსთქუათ, კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინასწარმეტყუელი უპყრიეს იოანე, მაშინ შეიძლება ხალხმა დაგვიშინოს ქვები. - „ხედავ წამხდარ გულს? - ამბობს წმ. ოქროპირი. - ღვთისას ყველგან უგულებელყოფენ, ხალხის დასანახავად კი ყველაფერს აკეთებენ. რადგან იოანესიც ეშინოდათ ხალხის გამო, პატივსა სცემდნენ წმიდა კაცს არა თავად მისთვის, არამედ ხალხისთვის“, - რათა ხალხს არ შეეწყვიტა თავად მათი აღიარება, როგორც ეს მათ სურდათ; „მათ არ უნდოდათ იესო ქრისტეს რწმენაც, - აი, სად არის სათავე ყოველი ბოროტებისა მათთვის“. - და ბოლოს, უფალმა დაარღვია მათი დუმილი: მიპასუხეთ მე, - უთხრა მან. და აი, თავიანთი ჩვეულების საპირისპიროდ, რომ ხალხის წინაშე ყოველთვის მცოდნეთ გამოეჩინათ თავი, მათ ამჯერად ამჯობინეს უცოდინარობით დაეცვათ თავი. უნებურად დაფარეს ბოროტი გრძნობა და მიუგეს იესოს და ჰრქუეს: არა უწყით საიდან იყო იოანეს ნათლობა: სინედრიონს ჯერ არ გადაუწყვეტია ეს საკითხი. როგორი სირცხვილი, როგორი გაწბილება უნდა ეგრძნოთ ამით სინედრიონის ამაყ წარმომადგენლებს! ისინი, ცნობილი განმმარტებლები საღვთო წერილისა, ხალხის აღიარებული მასწავლებლები, ახლა იძულებულნი არიან მთელი ხალხის თანდასწრებით საჯაროდ დაამოწმონ, რომ ისინი უხეირო მსაჯულნი არიან წინასწარმეტყველთა ღირსების დადგენის საქმეში. განა მათ უნდა გადაეწყვიტათ ქრისტეს საკითხი? ეს იყო ჭეშმარიტად საშინელი დამდაბლება, რაც მათ არასოდეს შეეძლოთ დაევიწყებინათ, ამას ვერასოდეს აპატიებდნენ უფალს ისინი და მაინც, როგორ მართლად გადაიტანეს მათ ეს საყოველთაო სირცხვილი. კითხვა, რითაც ფიქრობდნენ უფლის დამარცხებას, მიიქცა თავად იმათკენ, და მიაყენა მათ აუტანელი გაწბილება და სირცხვილი... იესო ქრისტეს, თავისი მოწყალების გამო, აღარ გაუგრძელებია დაკითხვა მათი, და არც საჭიროდ მიიჩნია ეპასუხა იმათი კითხვისათვის: ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ხელმწიფებითა ვიქმ ამას. თქვენ მზაკვრულად იქცევით, და ამიტომაც არა ხართ ღირსნი პასუხისა. - უფალი არ ამბობს: მე არ ვიცი, არამედ: „არცა მე გითხრა თქუენ“, რადგან „ჭეშმარიტებას სიცრუის თქმა არ შეუძლია“...