უამრავი ხალხის წინაშე ფარისევლებისა და მწიგნობრებისათვის იმისი თქმა, რომ მეზვერენი და ცოდვილნი მათზე ადრე შევიდოდნენ ღვთის სასუფეველში, ნიშნავდა მათ, როგორც ქუხილით, დამარცხებას. ახლა უკვე შეიძლებოდა იესოს ხალხისათვის ეთქვა კიდევ ერთი რამ, რომ იგი არის აღთქმული მესია, რომ მათი წინამძღოლები არ იმსახურებენ ნდობას და ამ ბრმა წინამძღოლების ბედი კიდეც გადაწყდებოდა: ხალხი ძალით აიძულებდა მათ, რომ ძალაუფლება იესო ქრისტესათვის გადაეცათ. მაგრამ უფალი იმითაც დაკმაყოფილდა, რომ აიძულა ისინი მოესმინათ კიდევ ერთი, მათთვის მწარე იგავი, რომელშიც მან გახსნა მთელი განგებულება ღვთისა იუდეველ ხალხზე და ღვთის უდიდესი მოთმინება ამ ხალხის წინამძღოლების მიმართ. სხუა იგავი ისმინეთ: თქვა მან: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელსაც უყვარდა სამეურნეო საქმიანობა, რომელმან თავად, თავისი ხელებით დაასხა ვენახი და ზღუდეი გარე-მოსდუა მას ქვისა ან ცოცხალი ეკლიანი ღობე, რომელიც ვენახს იცავს ცხოველებისგან და ქვის ღობეზე უმჯობესიც კია. ჰქმნა მას შინა საწნახელი ქვაში ან მიწაში ამოიღო ორმო, ქვით მოაპირკეთა, რათა მასში შესაძლებელი გამხდარიყო გამოწურვა ყურძნის წვენისა. და აღაშენა გოდოლი, მსუბუქი, მაღალი კოშკი ყარაულებისთვის და მოკრეფილი ყურძნის მოსათავსებლად. ასე, მზრუნველმა პატრონმა ყველაფერი გააკეთა ვენახის კეთილად მოსაწყობად, და რადგან საქმეები ითხოვდა მის სხვაგან წასვლას და მიჰსცა იგი თავისი ვენახი მოქმედთა საქმედ, დადო მათთან ხელშეკრულება, რომ მიიღებდა იმათგან განსაზღვრულ რაოდენობას ღვინისა და ნაყოფისა დროულად, და წარვიდა, დიდი ხნით. და რაჟამს მოიწია ჟამი მოკრეფისა ნაყოფთა, ხოლო ეს დრო ლევიტელთა კანონით დგებოდა არა უადრეს ხუთი წლისა, მან მიავლინნა მონანი მისნი ერთი მეორის მიყოლებით, მოქმედთა მათ მიღებად ნაყოფისა მისისა. მისთვის კუთვნილი მოსავლისათვის, როგორიც უნდა ყოფილიყო იგი. და შეიპყრეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე ჰსცეს, ბევრი ურტყეს და ასე უპატიოდ გაყარეს იქიდან ცარიელნი, რომელნიმე ზოგიერთები საერთოდ დახოცეს, და რომელთამე ზოგს კი ცხოველური გაბოროტებით ქვა დაჰკრიბეს. მიუხედავად ასეთი აღმაშფოთებელი უსამართლობისა და ბოროტებისა, დიდად მომთმენმა ვენახის პატრონმა კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა და მათცა ეგრეთვე უყუეს, და რამდენჯერაც არ მიავლინა პატრონმა თავისი მსახურები, ბოროტ მევენახეებს არ უნდოდათ მისი ცნობა და ამიტომ წარგზავნილებს ველურად უსწორდებოდნენ. უკვე დრო იყო იმისა, რომ პატრონს გამოეტანა განაჩენი ბოროტ მევენახეებზე, მაგრამ ვენახის პატრონი იყო ძალზედ კეთილი კაცი. როგორ მოვიქცე მე? - ფიქრობდა იგი. და მივიდა ამ აზრამდე: მართალია ბოროტმა ადამიანებმა შეურაცხყვეს მონები, მაგრამ ისინი ალბათ პატივს მიაგებენ ჩემს შვილს. ხოლო უკანასკნელ მიუვლინა მათ ძეი თვისი უსაყვარლესი, მხოლოდშობილი, და სთქუა: შეიძლება შერცხვეთ შეხოლოთუ იკდიმონ ძისგან ჩემისა. არ შეიძლება იმათი ბოროტება იქამდე მისულიყო, რომ მათ ჩემს შვილსაც არ მოუსმინონ. ძე წავიდა. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ, ვითარცა იხილეს ძე იგი მისი შორიდან, და სთქუეს გულსა მათსა: ერთმანეთს უთხრეს: ესე არს მკვიდრი: მოვედით და მოვჰკლათ იგი, და დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი, და შეიპყრეს იგი და განიყუანეს გარეშე ვენახისა მის და მოჰკლეს. მაგრამ ვენახის პატრონი ყოველთვის როდი იქნება წასული: იგი, რა თქმა უნდა, დაბრუნდება რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენახისა მის, რამე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ? როგორ ფიქრობთ, როგორ მოექცევა იგი მათ - დაასრულა თავისი იგავი მაცხოვარმა.
არ შეიძლებოდა, რომ ეს იგავი არ გაეგოთ: აზრი მეტად ნათელი იყო. ჯერ კიდევ ძველი წინასწარმეტყველი ისაია გამოხატავდა რჩეულ ხალხს ვენახის სახით და მიმართავდა მას ღვთის სახელით შემდეგი კითხვით: „კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისათვის და რა დავაკელი?“ (ეს. 5,4). ვენახსა და ვაზს ამსგავსებდნენ მას სხვა წინასწარმეტყველებიც: იერემია, იეზეკიელი, ოსია. მსგავსი გვხვდება აგრეთვე მოსეს სჯულშიც და ფსალმუნებში. ვაზი, ეს ყველაზე მორიდებული და, ამავე დროს, ყველაზე კეთილშობილური მცენარე თხოულობს მევენახისაგან მუდმივ, დაუძინებელ გარჯასა და მოვლას მთელი წლის განმავლობაში: ასევე ღმერთი, გამოირჩია რა ებრაელი ხალხი მთელი ქვეყნის ხალხთაგან, მასზე ყოველთვის აჩენდა თავის საკვირველ ზრუნვას. „მაგრამ იუდეველებმა, - ამბობს წმ. ოქროპირი, მიუხედავად მათზე ამდენი ზრუნვისა, მეზვერეებსა და მეძავებს მისცეს უპირატესობა და ისიც ძალზე მეტი. განსაჯეთ, როგორი დიდი იყო ღვთის მზრუნველობა მათზე, და როგორ უზომოა მზრუნველობა მათი, რამეთუ რაც ეკუთვნოდათ რომ გაეკეთებინათ მიწისმოქმედთ, იგი თავად მან გააკეთა: გააშენა ვენახი, ღობით შემოზღუდა და სხვა. რადგან, როცა ებრაელნი გამოვიდნენ ეგვიპტიდან, ღმერთმა მისცა მათ მცნება, მისცა მათ სამოქალაქო ყოფა, მოუწყო სამსხვერპლო (რომელიც მოასწავებდა საწნახელსაც, რადგან მასზე იღვრებოდა სისხლი ცხოველებისა, განასახიერებდა რა ქრისტეს წმიდა სისხლს) და ტაძარიც აუშენა (რაც იგავში იგულისხმება გოდლად). შემოზღუდა რა ისინი სჯულით, იუდეველები ცალკე ხალხად იქცა, ისე, რომ სჯული, რომელიც აღიმართა, როგორც „ცეცხლოვანი კედელი“, აშკარად იცავდა მათ წარმართებისგან. „კერპთაყვანისმცემლობის სენისგან და იყო საწინდარი ღვთის საფრაველისა. თვით მათი ქვეყანა - პალესტინა ყოველი მხრიდან იყო შემოზღუდული და დაცული. აღმოსავლეთიდან იგი გამოიყოფოდა მდინარე იორდანით და ორი ტბით, სამხრეთიდან უდაბნოთი და მთიანი იდუმეათი, დასავლეთიდან ზღვით, ჩრდილოეთიდან კი ანტილიბანით. საკვირველებებში, რომლებიც ხდებოდა ეგვიპტიდან გამოსვლისას, სინას მთაზე, აღთქმული ქვეყნის დაპყრობისას, ღმერთი თავად ავლენდა თავს ხალხის წინამძღოლად უამრავ სასწაულებსა და ჩვენებებში, მაგრამ შემდეგ, როცა ყოველივე კეთილად გამართა, უფალმა თავისი ხალხი მიანდო სულიერ წინამძღოლებს, მღვდელმთავრებს, მღვდელბსა და ლევიტელებს, რომელთაც მისცა კიდეც უფლება მოსეს საყდარზე ჯდომისა, არა ყოველთვის და არც დანაშაულისთანავე სჯიდა. წასვლაში იგულისხმება უდიდესი ღვთიური მოთმინება“ (წმ.ოქროპირი). „მიავლინნა მონანი მისნი“, ანუ წინასწარმეტყველები, ღვთისაგან დიდად გამორჩეულნი, რომლებიც აუწყებდნენ იუდეველთ ღვთის წმიდა ნებას, მოუწოდებდნენ მათ სინანულისაკენ, უცხადებდნენ მომავალს, მიუთითებდნენ ქვეყნიერების მხსნელზე - ღვთის მხოლოდშობილ ძეზე. ეს წარგზავნილები ღვთისა იუდეველთაგან ითხოვდნენ ნაყოფს, ანუ ღვთის ნების აღსრულებას, „მორჩილებას, საქმეებით დამტკიცებულს, მაგრამ იუდეველებმა, ასეთი მზრუნველობის შემდეგ, არა თუ არ გამოიღეს ნაყოფი, არამედ განურისხდნენ კიდეც მათთან მისულთ, და არა მარტო განურისხდნენ, არამედ მათი სისხლითაც გაისვარეს ხელი; თავად იმსახურებდნენ სასჯელს, მათ კი ღვთისაგან მივლინებულნი დასაჯეს“ (წმ. ოქროპირი). ასე ჩაიქოლნენ ქვით იერემია და ზაქარია, იოდაბის შვილნი (იერ. 37,15). ისაია გადახერხილ იქნა ხერხით; სხვებმა დაითმინეს ლანძღვა, დანარჩენებმა კი - ცემა. საპყრობილე და ბორკილები; ჩაიქოლნენ ქვით, გადაიხერხნენ, მახვილით მოილნენ ისინი, რომელთა წინაშეც მთელი ქვეყანა უღირსი იყო. „სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, ნათქვამია ყველა იუდეველზე... „ვგზავნიდი მათთან ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, გამუდმებით ვგზავნიდი და ვაბარებდი: ნუ ჩაიდენთ სიბილწეს, რომელიც მე მძულს-მეთქი (იერ. 44,1-4). იუდეველნი კი იყვნენ შეურყეველნი. „მაგრამ რატომ მაშინვე არ გააგზავნა ღმერთმა თავისი ძე - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: იმისათვის, რომ მათ ეგრძნოთ, როგორ უსამართლოდ მოეკიდნენ გაგზავნილ მსახურებს, რისხვაგადატანილებს - შერცხვენოდათ მისი მოსვლა. სიტყვებით: „შე-ხოლო-თუ იკდიმონ ძისა ჩემისა ჩანს არა არცოდნა ღმერთისა, არამედ მხოლოდ განზრახვა, გააცხადოს სიდიდე ცოდვისა და სრული შეუნანიებლობა იუდეველებისა. რამეთუ ღმერთმა იცოდა, რომ მოკლავდნენ მის ძეს, და მაინც გააგზავნა. თუ მათ არ იცნეს მონები, მაშინ შვილის ღირსებისათვის მაინც უნდა მიეგოთ პატივი“.
ზეციური მამისგან შვილის გაგზავნაში ჩანს უკანასკნელი, უკვე საბოლოო მონდომება ხალხის შეწყალებისა. „მაგრამ როგორ მოიქცნენ ისინი? - ამბობს წმ. ოქროპირი. - ისინი უნდა მისულიყვნენ და ეთხოვათ შეწყალება, ხოლო მათ ძველებურად გააგრძელეს, ახალი დანაშაულიც კი განიზრახეს გულში, წინანდელზე უფრო საზარელი. რა თქვეს, როცა პატრონის შვილი დაინახეს? „მოვედით, და მოვჰკლათ იგი“. რისთვის და რატომ? შეეძლოთ მათ რაიმეში დაედანაშაულებინათ იგი. დიდში ან პატარაში? იქნებ მხოლოდ იმაში, რომ მოვიდა თქვენთან, თქვენთვის იქცა ადამიანად და მოახდინა უამრავი სასწაული? იქნებ იმაში, რომ მოგიწოდათ სამეფოში? შეხედე, თავიანთ არაწმიდებასთან ერთად, როგორი უგუნურნიც არიან, და როგორ განუსჯელია მათი აღძვრა სიკვდილისათვის: „მოვჰკლათ იგი, ამბობენ ისინი, „და დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი“. ასე, ერთ დროს, შეითქვნენ იოსების ბოროტი განზრახვით: დაინახეს რა შორიდან მიმავალი, მათ ერთმანეთს უთხრეს: „შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე... მოვკლათ... მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები“ (შექ. 37,19-20). იმის მსგავსად, როგორც იოსების ძმები, ფიქრობდნენ თავიანთ უმცროს ძმაზე და ღვთის განგებულების დარღვევაზე, ხელი შეუწყეს მის შესრულებას; ასევე იუდეველთა სჯულისმცოდნენი, აღდგნენ რა ქრისტეს წინააღმდეგ, იქცნენ ღვთის განგებულების აღსრულების იარაღად. „ეს არის მკვიდრი, - ამბობენ ბოროტი მევენახენი. იესო ქრისტე, არის ყოველივეს მემკვიდრე, არა როგორც ღმერთი, არამედ, როგორც ადამიანი, რამეთუ როგორც ღმერთი, იგი არის ყოვლივეს შემოქმედი. როგორ შემძვრელ წინასწარმეტყველებად იქცა იგავის სიტყვები: „მოვედით და მოვჰკლათ იგი... დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი“... იუდეველი წინამძღოლებისთვის, რომლებმაც რამდენიმე დღის შემდეგ სინედრიონის საიდუმლო შეკრებაზე კაიაფასგან მოისმინეს: „რაიმე ვჰყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს? უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ... უმჯობეს-არს ჩუენდა, რათა ერთი კაცი მოკუდეს ერისათვის (ინ. 11,47-50). „და განიყუანეს გარეშე ვენახისა მის და მოჰკლეს. „ხედავ, - ამბობს წმ.ოქროპირი, - როგორ წინასწარვე აცხადებს იმ ადგილზეც, სადაც უნდა მოკლან იგი?“ ცნობილია, რომ იგი „გარეშე ბჭეთა ივნო“ (ებრ. 13,12). თავის იგავში უფალი ამბობს, როგორც ყოველივეს წარმმართველი. იგი იუდეველების წინაშე აღწერს მათ მომავალ დანაშაულს ზუსტად ისე, როგორც ყოველივე აღსრულდა რამდენიმე დღის შემდეგ. იგი კითხულობს მათ ბოროტ ზრახვებს და იგავშიც აჩვენებს მათ, როგორც სარკეში, მთელ საშინელებას ამ განზრახვებისა, რათა იქნებ შიში გაეჩინა მათში. იგი სინდისის სამსჯავროს წინაშე აყენებს მთელ მათ მოქმედებას და სთავაზობს პირდაპირ კითხვას, რომელიც წყვეტს მათ პირად მონაწილეობას: „რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენახისა მის, - როცა ამოიწურება უდიდესი მოთმინება ღვთისა და იგი მოევლინება უსამართლობის მკაცრ დამსჯელად, - „რამე უყოს ქუეყანის მოქმედთა მათ?“
როგორ იქცევიან ამის შემდეგ მწიგნობრები და ფარისევლები? მათ გაიგეს იგავი, მიხვდნენ საითაც მიყავდა ამ ბოლო კითხვას ისინი; კითხვა დასმულ იქნა ხალხის თანდასწრებით, ამიტომ არ შეიძლებოდა მას არ გასცემოდა პასუხი და მათაც უპასუხეს... მოჩვენებითი სიმშვიდით, სინამდვილეში კი გასაკვირი უსირცხვილობით, მეორედ კიდევ წარმოთქვეს თავიანთთვის საწინააღმდეგო განაჩენი. ჰრქუეს მას: რა თქმა უნდა, ბოროტნი იგი ბოროტად წარჰსწყმიდნეს, და ვენახი იგი მიჰსცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოჰსცინ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა. ჩანს, მათმა დამწვარმა სინდისმა მისცა მათ უფლება აქ ისეთი სახე მიეღოთ, თითქოს ეს იგავი მათ საერთოდ არ ეხებოდა და მსჯელობდნენ მიუკერძოებლად და უფალმაც, წმ.ლუკა მახარებლის თქმით, დაამოწმა მათი გადაწყვეტილება: ასე თქვა მან, მოვა და გამოუსადეგარ მევენახეებს მისცემს დასასჯელად და ვენახს გადასცემს სხვებს დასამუშავებლად. მაგრამ მკაცრი ტონი ხმისა და მისი მზერაც მოწმობდა იმას, რომ ეს მძიმე სიტყვები პირდაპირ ეკუთვნოდათ სინედრიონის წევრებს. ამან ისე შეძრა ერთი მსმენელთაგანი, რომ მან წამოიძახა: „გვაშორე ღმერთო! ჩანს, რომ იგავი გაიგეს არა მარტო ფარისევლებმა, არამედ სხვებმაც: ეს შეძახილი უნებურად აღმოხდა ალბათ რომელიმე ფარისეველთა მოწაფეს: თავად ფარისევლები იყვნენ მეტად ფრთხილნი და თავს არ გასცემდნენ ადვილად. უფალმა კიდევ ერთხელ შეხედა თავის თანამოსაუბრეთ გულში გამჭოლი მზერით... ჰრქუა მათ იესო: თქვენ შეუძლებლადა თვლით, რომ ჩამოგერთვათ თქვენი უპირატესობანი? მაგრამ ნუთუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა? თქვენ უნდა იცოდეთ, რომელ ლოდზე ამბობს აქ მეფსალმუნე, თქვენ თავად მიაკუთვნებთ ამ სიტყვებს მესიას. თქვენ გქონდათ დავალებული მშენებლობა სულიერი ტაძრისა - ღვთის ეკლესიისა, მაგრამ თქვენ მომიძულეთ მე, უკიდეგანო ლოდი ამ ტაძრისა. მიუხედავად ამ მორიდებისა, ეს ლოდი მოექცევა თავში, წვერში, რომელიც შეაერთებს ორივე კედელს: ჩემს ეკლესიაში მე ვაერთებ მორწმუნეებს იუდეველთაგან და წარმართებს. ასე სურს თვით ღმერთს, ჩემს ზეციურ მამას: უფლისა მიერ იყოს ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა. თქვენ კი, თქვენი გაავებისა და ურწმუნოებისათვის, თავად იქნებით მოკვეთილნი: ამისთვის გეტყვი თქუენ: ვითარმედ მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისა, რომელიც თქვენ ასე გსურთ, მაგრამ სად არის იგი არ გინდათ ცნობა ამისი, და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდნენ ნაყოფსა მისსა.
ასე, ბოლოს ფარისეველთა ორგულებამ და ბოროტებამ აიძულა უფალი მთელი სიცხადით ეთქვა, რომ ისინი სასუფევლიდან იქნებოდნენ გაძევებულნი, რომ ღვთის სასუფეველი ჩამოერთმეოდა იუდეველებს და გადავიდოდა სხვა ხალხების ხელში. სინედრიონის წარგზავნილებთან ასეთი გახსნილი განცხადების შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო თავი ისე მოეჩვენებინათ, რომ თითქოს არ ესმოდათ. წმ. ოქროპირი ამასთან შენიშნავს, რომ ახლაც კი, უფალმა პირდაპირ არ დაასახელა წარმართები, როგორც ღვთის სასუფევლის მემკვიდრენი, „რათა უფრო მეტად არ გაეღიზიანებინა იუდეველები მის საწინააღმდეგოდ, არამედ მხოლოდ მიანიშნა, როცა თქვა: „მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. ეჭვს გარესეა, იგავი იმიტომ თქვა, რათა იუდეველთ თავად გამოეტანათ განაჩენი, როგორც დავითმა თავად წარმოთქვა თავისი მსჯავრი, როცა ნათანის იგავი მოისმინა. ამის მიხედვით განსაჯე, როგორი სამართლიანია მსჯავრი, როცა დასასჯელად განკუთვნილნი თავად ადანაშაულებენ თავს! შემდეგ, რათა მათ დაენახათ, რომ არა მარტო თვით სამართლიანობა ითხოვდა ამას, არამედ ეს დიდი ხანია წინათვე გამოთქვა სულიწმიდის მადლმა და ღვთისგან ასე განისაზღვრა, იესო ქრისტეს მოყავს წინასწარმეტყველება. ლოდად უწოდებს თავს, ხოლო მშენებლებად - იუდეველთა მასწავლებლებს; იგივე ითქვა წინასწარმეტყველ ეზეკიელის მიერ: „ჩემი ხალხი კედელს აშენებს და აჰა, ესენი კირით ლესავენ“ (ეზ. 13,10) - როგორღა მოიძულეს, როცა ამბობდნენ: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან“ (ინ. 9,16). „სამარიტელ ხარ შენ და ეშმაკი არს შენთანა?“ (ინ. 8,48). ბოლოს, რათა მათ სცოდნოდათ, რომ მათ ემუქრებოდა არა მარტო მოკვეთა, არამედ დიდი სასჯელი. რაზეც მიუთითებს: და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს ეს ქვა, - განანქრიოს იგი. „აქ, - ამბობს წმ.ოქროპირი, იესო ქრისტე წარმოგვიდგენს ორგვარ დაღუპვას: ერთს დაბრკოლებისა და შეცდენისაგან, რასაც ნიშნავს სიტყვები: „რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა“ სხვას კი ტყვეობით, უბედურებითა და საბოლოო დაღუპვით, რაც ცხადად არის გამოთქმული სიტყვებში: „განანქრიოს იგი“, ამით მან მიუთითა თავის აღდგომაზეც“. ქვისაგან ივნებოდნენ ისინი, რომელნიც ცდებოდნენ ქრისტეს სიმდაბლით და სულიერად იღუპებოდნენ. ხოლო ისინი, რომლებზედაც ეცემოდა ეს ლოდი, იყვნენ ქრისტეს მოუნანიებელი მტრები, რომელთაც იცოდნენ, თუ ვინ იყო იგი, და მაინც, ბოლომდე მის წინააღმდეგ იყვნენ ამხედრებულნი. დაცემულს შეუძლია, თუმცა უვნებლად არა, წამოდგომა: შემცდარს კიდევ შეუძლია გონს მოსვლა, დაფიქრება, მონანიება, მაგრამ ვისაც დაეცემა ლოდი, როგორც ზეციდან ჩამოვარდნილი, იგი დაიმსხვრევა, დაიფშხვნება, „როგორც ბზე გაზაფხულის კალოზე“ (დან. 2,35), ანუ სამუდამოდ დაიღუპებიან. ქრისტეს მტრებმა თავად წარმოთქვეს მათთვის საწინააღმდეგო განაჩენი „სწორედ ეს იყო იმის ნათელი დადასტურება, რომ დამსჯელი კი არა, არამედ თვით დასჯილები იყვნენ დამნაშავენი მათზე დაშვებულ სასჯელებით“ (წმ. ოქროპირი).
ადვილად შეიძლება წარმოდგენა იმისა, როგორი სირცხვილი, როგორი დაბნეულობა დაეუფლათ სინედრიონის წარმომადგენლებს, როგორი ბოროტება აალდა იმათ გააფთრებულ გულებში, მაცხოვრის ამ მეტად მცდარი სიტყვების მოსმენისას. და ესმნეს რა მღუდელთმთავართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ჰსცნეს, რამეთუ მათთვის ჰსთქუნა. ისინი მზად იყვნენ გამოეყენებინათ ძალა, რათა შეეპყროთ მამხილებელი, და ეძიებდეს მას შეპყრობად, და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ვითარცა წინასწარ-მეტყუელი აქუნდა მათ იგი. და ისინი განეშორნენ უფლისგან ისეთი სახით, როგორიც ექნებოდათ მხოლოდ იმათ, რომელნიც სახალხოდ იქნენ დამარცხებულნი და მაინც არ უნდოდათ, რომ მათი სიძულვილი ჰქონოდა ხალხს. უფალი ახლაც, როგორც ყოველთვის, მოქმედებდა სიყვარულით თავის მტრებთან. რა იქნებოდა, თუკი იგი ახლავე გადაჭრით და პირდაპირ გამოაცხადებდა თავს მესიად, როგორც ეს სურდათ მწიგნობრებსა და ფარისევლებს? მათ, რა თქმა უნდა, უნდოდათ ასეთი განცხადებებით ეპოვათ საბაბი რომაელთა წინაშე მის დასადანაშაულებლად მაგრამ, როგორ საფრთხეს უქმნიდნენ ისინი იერუსალიმსა და საკუთარ თავს? ხალხი მოისმენდა რა მისი ბაგენიდან, რომ იგია მესია, მაშინვე აღელდებოდა უცხოტომის მბრძანებელთა წინააღმდეგ, და ამ აღშფოთებით ადვილად შეიძლებოდა დაღუპულიყვნენ მღვდელმთავრებიცა და მწიგნობრებიც. უფალი ყოველივეს ჭვრეტდა წინასწარ; და მისი მტრები მაინც მოისმენენ ამ მტკიცე სიტყვებს: „მე ვარ - ძე ღვთისა“, მაგრამ მოისმენენ უკვე მაშინ, როცა ეს სიტყვები არ აღძრავდა აღარავითარ მღელვარებას ხალხში, არამედ დააჩქარებდა უფრო მის ჯვარზე გაკვრას. და სხვათა შორის, ყველაფერი, რისი ცოდნაც სურდა სინედრიონს, გაიგო. მაცხოვრის ამ იგავიდან ჩანს, რომ იგი არის მესია, უფრო მეტიც: რომ მან ყოველივე იცის, რაც მათ გულში აქვთ, იცის, რასაც ისინი უმზადებენ, რომ იგი საკუთარი ნებით მიდის სიკვდილზე. მათ რომ სდომებოდათ თავიანთი სინდისის ხმის მოსმენა, იგი ეტყოდა მათ, რომ იესო სხვა არა არის, თუ არა ძე ღვთისა ცხოველისა - ჭეშმარიტი მესია ქრისტე. მაგრამ მათ არ უნდოდათ ამის გაგება და მიდიოდნენ აშკარა დაღუპვაზე და ლოდი დაეცა მათ მთელი თავისი სიმძიმით: ქრისტეს ამაღლებიდან 40 წლის შემდგომ, იერუსალიმი დანგრეულ იქნა, იუდეას თავს დაატყდა საშინელი უბედურებანი: დაიღუპა ასობით-ათასობით იუდეველი და მილიონი ტყვედ იქნა წაყვანილი. იუდეველთა სამეფომ შეწყვიტა არსებობა. მაშინ ჭეშმარიტად აღსრულდა სიტყვები ქრისტეს იგავისა: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის მოქმედთა“ - თავის მოციქულებს.
ასე ჩამოერთვა ებრაელებს ღვთის სასუფეველი და მიეცა ხალხს, „რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა“. „რომელია ეს ხალხი, ღვთისაგან გამორჩეული უმადური და რწმენაშერყეული ისრაელის ნაცვლად? - ეს ხალხი - ჩვენა ვართ, ქრისტიანები; ჩვენა ვართ ახალი ვენახი, რომელიც თავად უფლისაგან არის გაშენებული, მისი სიტყვის მიხედვით: „მე ვარ ვენახი, ხოლო თქუენ რტონი“. ჩვენ ვართ შვილები ახალი ისრაელისა; ახლა ჩვენ მიღებული გვაქვს ყველა ღირსება და უპირატესობა ძველი ისრაელისა - უფრო მეტიც კი. ჩვენ, მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, ვართ „ნათესავი რჩეული, სამეფოი სამღვდელოი, თესლი წმიდაი“, „მკვიდრ ღმრთისა თანა და თანა-მკვიდრ ქრისტესა“, „ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისა დამკვიდრებულ არს თქუენ შორის“ (1 პეტ. 2,9; რომ. 8,17; 1 კორ. 3,16). ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს მოცემული, რათა გამოვიღოთ კეთილი ნაყოფი; წმიდა ეკლესია - „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15), არის ჩვენი ზღუდე; ცხოველმყოფელი სისხლი იესო ქრისტესი და მადლი სული წმიდისა, როგორც საწნახელიდან, ისე მოეცემა ეკლესიას სულებისთვის, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლე. რწმენის კეთილი ნაყოფის გამოსაღებად - კეთილი საქმეების კეთება უფალმა დაგვავალა ჩვენ მიწისმოქმედთ - მოძღვრებსა და მასწავლებლებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან „დასამტკიცებლად წმიდათა, საქმედ მსახურებისა“ (ეფ. 4,12). ასე, ყოველივე მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რათა ჩვენ შევძლოთ წმიდად და გონიერად ცხოვრება; განვეშოროთ არაწმიდებას და ხორციელ ვნებებს, რამეთუ ეს დამახასიათებელია ახალი მადლიანი სამეფოს შვილთათვის. მაგრამ ყველა ეს ღირსება და უპირატესობა ეკუთვნის ჩვენგან მხოლოდ იმათ, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი მაღალი წოდების შესაბამისად. თუ ჩვენ მხოლოდ სახელით განვსხვავდებით ულმობელი იუდეველებისგან, თუ მხოლოდ ერთი ბაგენით ვაღიარებთ ქრისტეს, ხოლო გულითა და საქმეებით დაშორებულნი ვართ მას, თუ მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილით გამოხსნილნი ხელმეორედ ვაკრავთ უფალს ჯვარს ჩვენი ცოდვებითა და უმადურობით, მაშინ არა მარტო ყველა მსჯავრი და წყევა, რომელიც განუსაზღვრა ღმერთმა გაბოროტებულ იუდეველებს, თავს დაგვატყდება ჩვენ, არამედ უფრო უარესიც კი დაგვემართება.