სინედრიონის წარგზავნილთა საჯარო დამარცხების შემდეგ უფალმა გააგრძელა თავისი საუბარი ხალხთან, რომელიც ახლა განსაკუთრებით საჭიროებდა ღვთაებრივი მასწავლებლის დარიგებას, რადგან მან აღარ იცოდა რა ექნა. კეთილი გული მოსურნე იყო იმისა, რომ ყოველგვარი აღთქმის გარეშე მინდობოდა იესო ქრისტეს და ამიტომ მისკენ მიისწრაფოდა: მათ იზიდავდა მისი სასწაულები, ღვთაებრივი სწავლება და მისი წმიდა ცხოვრება, მაგრამ ქვეყნიური განსჯა და ძველი ჩვევა ესმინათ ფარისეველთა და მწიგნობრებისთვის, როგორც კანონიერ, თვით ღმერთისაგან დადგენილ მასწავლებელთათვის, - აბრკოლებდა მათ. ფარისევლები მუდამ განმარტავდნენ, რომ იუდეველები არიან ღვთისაგან გამორჩეულები, რომ მათ და მხოლოდ მათ ეკუთვნით მომავალი ღვთის სასუფეველი და ხალხიც ისე მიეჩვია ამ მოსაზრებებს, რომელიც სიცრუეს შეიცავდა, ეს ისე კარგად მოერგო მათ თავმოყვარეობას, რომ ახლა ძალიან უჭირდა უფლისაგან გაგონება მათთვის მეტად მკაცრი სიტყვისა: „მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისა, და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა“ (მთ. 21,43). და რაც უფრო მეტს ფიქრობდნენ ამაზე უფლის მსმენელნი, მით უფრო დამამძიმებელი ხდებოდა ეს მოსაზრებანი, ეს მერყეობანი. გულთამხილავი ხედავდა მსმენელთა ამ სულიერ მდგომარეობას, იცოდა, რომ შესაძლოა იყვნენ კიდეც მზად იმისათვის, რომ წამოეძახათ, როგორც ცოტა ხნის წინ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუხდი? უკეთუ შენ ხარ ქრისტე, გვითხარ შენ განცხადებულად“ (ინ. 10,24), - მაგრამ იცოდა ისიც, საითკენ შეეძლო მიემართა ისინი იმის პირდაპირ გაცხადებას, რომ იგი იყო მესია, ამიტომ ირიდებდა თავიდან ამ კითხვას: და მერმე მიუგო მათ იესო იგავით, თითქოსდა პასუხობდა მათ გულის სიმძიმეს და მასთან პასუხს აძლევდა ფარისეველთა სურვილსაც, რომ ხელი მასზე შეეწმინდათ, და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისა კაცსა მეუფესა, რომელმან ჰყო ქორწილი ძისა თვისისა, და როცა ყოველივე მზად იყო, წარავლინნა მონანი თვისნი, მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას. სტუმრები მოწვეულნი იქნენ ადრე, მათ უკვე იცოდნენ, რომ მეფეს იმ დროს უნდა ჰქონოდა საქორწინო ლხინი, რომ მათ შეატყობინებდნენ, როდის იქნებოდა პურობა მზად. მაგრამ ეს მოწვეულნი გულგრილად მოეკიდნენ მეფისაგან მიპატიჟებას: და არა ინებეს მოსლუად. მეფემ სულგრძელად აპატია სტუმრებს დაგვიანება, ვინ იცის რა გაუგებრობის გამო მოხდა; არ დამუქრებია და არც პასუხი მოუთხოვია მკაცრად, პირიქით თავისი სიკეთით სურდა, რათა მათ ხელიდან არ გაეშვათ დიდებული წვეულებით ტკბობა, მან მხოლოდ დასაჯა თავისი მონები, რათა მათ უფრო მონდომებით დაეჩქარებინათ მოპატიჟებულები მოსასვლელად: კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა, ესერა, პური ჩემი მზა მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა მას. ხოლო მეორე მიპატიჟებასაც მოწვეულები ისევ გულცივად მოეკიდნენ და უხეშადაც; მათ უდებ ჰყუეს და წარვიდეს, რომელიმე თვისსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თვისსა. ჩანს, რომ ანგარებიანი სურვილები მათთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე პატივი მეფის შვილის ქორწილში სტუმართა შორის ყოფნისა. ეს კიდევ ცოტაა: მოპატიჟებულთა შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მოიქცნენ კიდევ უფრო განუსჯელად და საზარლად: ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოჰსწყვიდნეს. ეჭვსგარეშეა, რომ ეს თავხედი ქვეშევრდომები ასევე მოეკიდებოდნენ მეფის ძესაც, მეფეს თავად რომ გაეგზავნა იმათ მოსაპატიჟებლად. ყოველ შემთხვევაში, მეფის წარგზავნილთა შეურაცხყოფით, ქვეშევრდომნი აყენებდნენ უდიდეს შეურაცხყოფას მეფესა და მეფის მაღალი წოდებასაც და დიდებული მიზეზი ზეიმისა ზრდიდა სიმძიმესა და დანაშაულს შეურაცხმყოფელებისას. ხოლო მეუფე იგი აქამდე სულგრძელი, განჰრისხნა, აენთო სამართლიანი რისხვით, ესმა რა ესე მათ უგუნურ თავხედობაზე, რომელთა მოპატიჟებაც სურდა. და მაშინვე გადაწყვიტა დაესაჯა დამნაშავენი მათი საქციელის გამო და მოავლინა ერი თვისი, და მოჰსრნა კაცის მკულელნი იგი, და ქალაქი იგი მათი მოჰსწუა ცეცხლითა, აღგავა პირისაგან მიწისა.
ამასობაში ლხინის დროც დადგა. მეფეს არ სურდა, რომ მისი სიხარული არ გაეზიარებინათ ქვეშევრდომებსაც. მაშინ ჰრქუა მონათა თვისთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყუნეს. ეს უმადური ხალხი, რომელთაც მე გამოვუცხადე ასეთი პატივი, როცა მოვიწვიე ლხინში, არ იმსახურებენ ჩემს წყალობას, მაგრამ მე მოვიძიებ სტუმრებს: ამიტომ წარვედით მებოძირთა გზათასა, სადაც ბევრი გამვლელ-გამომვლელია, და რაოდენიცა ჰპოვოთ, ვისაც არ უნდა შეხვდეთ იქ, ყველას მოუწოდეთ ქორწილსა ამას, მიუხედავად მათი წოდებისა თუ მდგომარეობისა. მონებმა შეასრულეს მეფის ბრძანება. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა, და შეჰკრიბეს ყოველი, რაოდენი ჰპოვეს ბოროტი და კეთილი; ისინი აღარ აქცევდნენ ყურადღებას: ვინ იყო ღირსი და ვინ უღირსი სამეფო წვეულებისთვის - ეძახდნენ ყველას, ვისაც კი მოსვლა სურდა, - დაე, მეფეს თავად გაერკვია: ვის მიუჩენდა ადგილს სამეფო სუფრასთან და ვის მოარიდებდა იქიდან. და აღივსო ქორწილი იგი მეინახითა - უხვ მაგიდასთან ადგილი დაიკავეს სტუმრებმა, ლხინი დაიწყო. მაშინ გამოვიდა მეფე მიწვეულებთან, რათა თავისი ყოფნით გაეხარებინა: ხოლო შერავიდა მეუფე იგი ხილუად მეინახეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე; მას მეტად შეუფერებლად ეცვა, ისე, რომ ამით იგი შეურაცხყოფდა მეფესა და მის სტუმრებსაც. და ეს მას შემდგომ, რაც მეფის მსახურებმა აღმოსავლური წესის თანახმად, სამეფო პალატაში შესვლის წინ თითოეულ სტუმარს შესთავაზეს სამოსელი მეფის საგანძურიდან. რატომა ზის ეს უცნაური კაცი იმ ჭუჭყიანი სამოსით, რითაც იგი ქუჩაში იმყოფებოდა? შეიძლება ეს მოხდა ჩემი მსახურების უყურადღებობით, იქნებ მათ არ შესთავაზეს სამოსელი მას? - ფიქრობდა მეფე; იგი მიუახლოვდა სტუმარს და კეთილი მისალმებით ისე, რომ არ დაურღვევია საერთო მხიარულება და ჰრქუა მას: მოყუასო! ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? სტუმარს არ შეეძლო ეთქვა, რომ მას უცებ უხმეს სასახლეში ქუჩიდან, რომ მას არ მისცეს დრო შესულიყო სახლში და ტანსაცმელი გამოეცვალა, რომ მას სიღარიბის გამო ამის მეტი აღარაფერი ჰქონდა, - ჩანს, რომ მეფის მსახურებმა მასაც შესთავაზეს სადღესასწაულო სამოსი, მაგრამ მან თავად არ ისურვა ჩაცმა, რითაც არაფრად მიიჩნია მეფის წყალობა და შეგნებულად გამოცხადდა შეუფერებელი სამოსით ლხინში, წარდგა მეფის წინაშე მისი ძის ქორწილში. რა შეეძლო მას ეთქვა თავის გასასამართლებლად? ხოლო იგი ჰსდუმნა. ამ დუმილით იგი ავლენდა თავის არაწმიდებას. იგი ჯიუტად დუმდა, თუმცა ამ დუმილით თავადვე გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს. ამ განაჩენმაც არ დააყოვნა: მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თვისთა: შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი, და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა, გაიყვანეთ აქედან და ჩააგდეთ ყველაზე ღრმა და საშინელ ადგილას; მუნ, იმ წყვდიადში, იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა, უნუგეშო ტირილი, დაგვიანებული, უნაყოფო სინანულისა, და კბილების ღრჭენა საკუთარ თავზე, ღრჭენა გაწირული უიმედობისა. ეს იგავი უფალმა დაასრულა იგივე გამოთქმით, რითაც დაასრულა იგავი ბოროტ მევენახეებზე; რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ რჩეულნი. ამ ჩინებულთა და არა რჩეულთა რიცხვს განეკუთვნებიან არა მარტო ისინი, რომლებიც საერთოდ არ მივიდნენ ლხინში, არამედ ბევრი იმათგანიც, რომლებიც მივიდნენ წვეულებაში, მაგრამ არ ინდომეს შემოსვა საზეიმო შესამოსელით.
ამ იგავის მოსმენის შემდგომ ხალხი უნებურად უნდა დაფიქრებულიყო: „არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მღვდელმთავრებს ქრისტე არა სწამთ: მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა. რაღა საჭიროა კითხვა: ვინ დაიმკვიდრებს ღვთის სასუფეველს, თუკი იუდეველნი ვერ შევლენ იქ? მეფე მონახავს სტუმრებს. ამიტომაც არას მოგვიტანს ფარისევლების ყურება, არამედ ჯობია ყური მივუგდოთ ჩვენს სინდისს, წავიდეთ წვეულებაზე, ოღონდ ღირსეული სამოსით. სწორედ ამ შესაფერის სამოსელში, ანუ ღირსეულ ცხოვრებაშია უმთავრესი საქმე. ღმერთს არ გააჩნია პირმოთნეობა, ვინც დაიცავს რწმენას და იქნება კეთილი, იგი უცილობლად მოხვდება მესიის სამეფოში და მიიღებს ცხონებას“ (მთ. ეპისკ. ინოკენტი).
უფლის ღვთაებრივი იგავების კითხვისას არ შეიძლება არ გაიკვირვოს კაცმა ის ბრძნული თანმიმდევრობანი, როცა იგი გვიხსნის მასში წმიდა ჭეშმარიტებას თავისი სწავლებისა. ასე, ამის წინა იგავში ბოროტ მევენახეებზე, იგი გვიცხადებს თავის თავს, როგორც მხოლოდშობილ, საყვარელ შვილს სახლის მეუფისა, კეთილი პატრონისა; სერობაზე წვეულთა იგავში იგი უკვე გვევლინება, როგორც უძლეველი მეფის ძე. ამ იგავში მან მხოლოდ შეფარვით მიანიშნა, რომ ღვთის სასუფეველი ჩამოერთმევა იუდეველებს „და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა; აქ გარედან მოწოდებულთა ქვეშ ცხადად გულისხმობს წარმართებს, რომლებიც უნდა შევიდნენ მის სამეფოში. პირველში, როგორც ძველი აღთქმის იგავში, იგი თავად გვევლინება უკანასკნელი დიდი წინასწარმეტყველის სახით, რომელმაც ძველი აღთქმა დაწინდა; უკანასკნელში იგი უკვე ღებულობს თავის სამეფოს, როგორც მეფე, ძველთაგანვე უწყებულს და უხმობს ამ სამეფოში იუდეველებსაც და წარმართებსაც. იქ, სჯულის იგავში, იგი ითხოვს ხალხისგან ნაყოფს, ვალის აღსრულებას; ამ მადლის იგავში კი, იგი თავად სთავაზობს წყალობას ხალხს. იქ მას შეურაცხყოფენ კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობით; აქ - წყალობის მიუღებლობის გამო. ამრიგად, ეს ორი იგავი ავსებს ერთმანეთს. ასე რომ, სადაც მთავრდება პირველი, იქ მეორე იწყება. ახლა შევუდგეთ კეთილკრძალული ყურადღებით სერობაზე წვეულთა იგავის განმარტებას ეკლესიის მასწავლებელთა დახმარებით. მეფედ აქ იწოდება მამა ღმერთი, მეუფე მთელი ქვეყნიერებისა; სასიძო - მისი მხოლოდშობილი ძეა, - ჭეშმარიტი მესია იესო ქრისტე. საქორწინო ლხინი - ქრისტეს სამეფოს ანუ ეკლესიის დაფუძნებაა ქვეყანაზე. ქრისტეს ეკლესია არის მისი წმიდა საპატარძლო. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც წარმოდვიდგენნენ მადლიან სამეფოს დამკვიდრებას საქორწინო ლხინის სახით. „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - უდიდეს მსგავსებასა და ამავე დროს, უდიდეს განსხვავებას ამ ორ იგავს შორის? რადგან ეს იგავიც გვაჩვენებს ღვთის დიდ შემწყნარებლობას, მის დიდ მზრუნველობასა და იუდეველთა არაწმიდებას. იგი გვაუწყებს იუდეველთა დაცემასა და წარმართების მოწოდებას; ასევე იმას, თუ როგორი სასჯელი ელოდა უზრუნველთ. იგი სამართლიანად მოეცა წინა იგავის შემდეგ; თქვა რა, რომ სასუფეველი ღვთისა „მიეცეს ნათესავსა, რომლენი ჰყოფენ ნაყოფსა მისსა“, იესო ქრისტე აქ აჩვენებს, ვის მიენდოს ხალხი. აქ იგი გამოიხატება მომწოდებლად თავის ჯვარცმამდე, აქ კი მათ მიმზიდველად ჯვარცმის შემდეგ; მაშინ, როცა მათ ეკუთვნოდათ მკაცრი დასჯა, იგი მოუწოდებს და იზიდავს მათ დიდებულ ლხინში და ანიჭებს მათ უდიდეს პატივს. როგორც იქ, ჯერ წარმართებს კი არ მოუწოდებს, არამედ იუდეველებს, ასევე აქაც. როგორც იქ, როცა იუდეველებს არ უნდოდათ მისი მიღება და მასთან მისული მოკლეს კიდეც, და მან ვენახი სხვა მევენახეებს გადასცა; ასევე აქაც. როცა მათ არ სურდათ საქორწინო ლხინში მოსვლა, მან სხვებს მოუწოდა. შეიძლება იყოს ამაზე მეტი უმადურება - იყო მიწვეული მეფის საქორწინო წვეულებაზე და არ მიხვიდე? ვინ არ ისურვებს წასვლას ქორწილში, და ისიც მეფესთან, რომელსაც თავისი შვილსიათვის აქვს მოწყობილი დიდებული ლხინი? - შენ ალბათ იკითხავ: რატომ იწოდება ზეციური სასუფეველი ქორწილად? - რათა შენ შეიგნო თუ, როგორ ზრუნავს ჩვენთვის უფალი, მისი ჩვენდამი სიყვარული, მისი დიდებულება ყველაფერში, შეიცნო ისიც, რომ იქ არა აქვს ადგილი არაფერს მოსაწყენსა და სამწუხაროს, არამედ ყველაფერი სავსეა სულიერი სიხარულით. ამიტომაც იოანე მას უწოდებს სასიძოს, რის შესახებაც ამბობს პავლე მოციქული: „მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა, ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“ (2 კორ. 11,2). აქ ქრისტე გვაუწყებს აღდგომასაც. ადრე იგი ლაპარაკობდა სიკვდილზე, ახლა ამბობს, რომ სიკვდილის შემდგომ იქნება ქორწინება, იქნება სასიძო“.
„მამამ, - ამბობს წმ. გრიგორი დიდი, - მოაწყო ქორწილი სამეფო ძისთვის, რომელსაც განკაცების საიდუმლოს გზით, შეაუღლა წმიდა ეკლესია“. ეს საქორწინო ნადიმი, „ქორწილი ტარიგისა“, რომელზედაც ნათქვამია აპოკალიფსში, იდღესასწაულება ქვეყნიერების არსებობის დასასრულს, როცა გაიხსნება სრული ნეტარება უფლისა წმიდა სისხლით გამოხსნილ მართალთა; მაგრამ უფლის პირველი მოსვლისასაც დედამიწაზე, მასთან უკვე იქნა მიყვანილი მისი საპატარძლო - ეკლესია, უკვე შედგა ქორწინება, გაიხსნა საქორწინო სერობა, შემოთავაზებულია ყველა მადლი, - მოდით, ისიამოვნეთ რწმენის ნადიმით, გაიზიარეთ თქვენი უფლის სიხარული! მთლიანად მიიღეთ სიმდიდრე ღვთის სახიერებისა! ღვთის ტარიგი ქრისტე მაცხოვარი დაიკლა; მისი უწმიდესი ხორცი და ღვთაებრივი სისხლი მის წმიდა ეკლესიაში მიეცემა მორწმუნეებს - ყველაფერი მზადაა: ნათლობა, სინანული, ღვთის ყველა წყალობა და თავად სასუფეველი ღვთისა. ამ სერობაზე ქრისტეს ეკლესიის წიაღში უფალი მოუწოდებდა ებრაელებს ძველი დროიდან: მოუწოდა მან მათ მამამთავარ აბრაამს, და აბრაამი არ განეშორა, არამედ ისურვა ქრისტეს დღის ხილვა, დაინახა და გაიხარა: - მოუწოდებდა მათ წინაპართაც, მოსეს მეშვეობით, რომელმაც მათ სჯული მისცა, და მიუთითებდა გზას ქრისტეს რწმენისაკენ მიმავალს; მოუწოდებდა წინასწარმეტყველთა მიერ, რომლებიც უხსნიდნენ მათ ღვთის ნებას; მოუწოდებდა თავად მას იოანეს მეშვეობით, რომელიც ყველას ქრისტესთან აგზავნიდა და ეუბნებოდა: „მისი ჯერ-არს აღორძინებაი და ჩემი დაკლებაი“; შემდეგში კი თვით თავისი ძის მეშვეობით, რადგან იგი ამბობს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქუენ“; „უკუეთუ ვისმე ჰსწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“ (ინ. 3,30; მთ. 11,28; ინ. 7,37). იგი მათ მოუწოდებდა არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითაც; მოუწოდებდა თავისი ამაღლების შემდეგ პეტრესა და სხვა მოციქულთა მეოხებით, რადგან ნათქვამია: „რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ“ (გალ. 2,8) და რისთვის მოუწოდებს იგი მათ, შრომის, გმირობისა და უბედურებათა დასათმენად? - არა, იგი მათ მოუწოდებს გასახარად, რამეთუ ამბობს: „ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან“. როგორი უხვი მაგიდაა, როგორი დიდებულებაა! მაგრამ ისინი ამანაც არ მოაქცია. პირიქით, რაც უფრო დიდხანს უთმენდა უფალი მათ, მით უფრო გაავდნენ, რამეთუ, ისინი ქორწილში არ მოვიდნენ დაუდევრობის გამო და არა იმისათვის, რომ საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. სულიერი საქმისათვის უნდა დათმოს კაცმა ყველა სხვა საზრუნავი, აუცილებელიც კი. მაგრამ მარტო ეს როდია ცუდი, რომ არ მოვიდნენ, არამედ აი, რა არის უფრო უგუნური და საშინელი - ისინი მეტად ცუდად შეხვდნენ მოსულებს: შეურაცხყვეს ისინი და მოკლეს, რაც წინანდელზე ბევრად უარესია. ადრე მასთან მოდიოდნენ ნაყოფის მისაღებად, და მოსულნი მოკლულ იქნენ; ახლა მათგან, მოკლულთაგან მოდიან საქორწინო ლხინში დასაძახებლად და ისინი ამათაც კლავენ. რა შეიძლება შეედაროს ასეთ ულმობელობას? რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? ეს არის მათი მესამე დანაშაული. პირველი დანაშაულია ის, რომ შეურაცხყვეს წინასწარმეტყველები; მეორეა ის, რომ მათ მოკლეს ძე; და ბოლოს, მესამე დანაშაულია ის, რომ მათ მიერ მოკლულთაგან მოწოდებულნი საქორწინო ლხინში არ მოვიდნენ, არამედ ნახულობენ მიზეზებს, თითქოს სასიკეთოს, მაგრამ აქედანვე ვგებულობთ, რომ რაგინდ აუცილებელი საქმეც უნდა გვაჩერებდეს, ყველაზე წინ მაინც უნდა დავაყენოთ სულიერი“. „ერთი წავიდა თავის მინდორში, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - ანუ მიიდრიკა ხორციელი, უზრუნველი ცხოვრებისადმი, სხვა კი გაიტაცა შეძენილმა, ანუ სახმართმოყვარულმა ცხოვრებამ“ (წმ. ოქროპირი).
იგავში არ არის ნათქვამი, რომ მოუწოდა თავისთან საქორწინო ლხინში და თვით ძე იყო მეფე; ადამიანური განსჯით ეს არასწორი იქნებოდა, მისი ღირსებისადმი შეუფერებელი; სინამდვილეში კი ზეციური მამის ძემ ისე დაიმდაბლა თავი, რომ სიყვარულის გამო მიიღო მონის სახე, ერთი იმათგანის სახე, რომელთაც მისი მამა აგზავნიდა მოწოდებულთა მოსაწვევად. და აი, ამ მოწოდებულებს მანამდე არ უნდოდათ წასვლა, ვიდრე არ შეურაცხყვეს წარგზავნილნი, იქამდე მეფე სულგრძელად ითმენდა და პატიობდა მათ დაუდევრობას და უკეთურებას. ასეთი სულგრძელი შეწყალება ისმის პეტრეს ყოველ საუბარში იუდეველებთან ერგასის შემდგომ: „და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით“ (საქ. 3,17), - ამბობს იგი. „მსახურები, - ამბობს წმ. ილარი, - არიან მოციქულნი, რადგან მათ უნდა შეეხსენებინათ მათთვის, ვისაც იწვევდნენ წინასწარმეტყველნი. მეორედ გაგზავნილები არიან მოციქულთა მემკვდრენი“. მოციქულნიცა და მათი მოწაფენიც, პირველ სასიხარულო უწყებას ქრისტე მაცხოვარზე ახარებდნენ იუდეველთ, მაგრამ იუდეველებმა, მცირე გამონაკლისის გარდა, მოიძულეს მათი ქადაგება. საქმე მოციქულთას წიგნში ჩვენ ხშირად გვხვდება ასეთი უწყებანი: „ხელი შეახეს მათ“... „შეურაცხყვეს ისინი“... „მოჰსწყვიდეს ისინი“... ბოლოს, ღვთის დიდი მოთმინება იუდეველებზე ამოიწურა; ზეციური მეფე განრისხდა: „რამდენადაც მათ არ ისურვეს მოსვლა, არამედ მოჰკლეს მათთან მისულნი, ამიტომ უფალმა გადაწვა მათი ქალაქები, და გააგზავნა ძალები, რათა მთლიანად აღმოეფხვრათ ისინი. ამით უფალი წინასწარ გვამცნებს იმას, რაც უნდა მომხდარიყო ვესპასიანესა და ტიტეს დროს“. წმიდა წერილში არაწმიდა ადამიანები ზოგჯერ იწოდებიან ღვთის მსახურებად, თუკი ღმერთი მათი მეშვეობით სჯის მისი წმიდა ნების დამრღვევთ; ასე მაგალითად, ასირიელებზეა ნათვამი: „ო, ასირია, ჩემი რისხვის მახვილი“. ნაბუქოდონოსორზე კი: „ნაბუქოდონოსორი, მონა ჩემი“. იგივე მნიშვნელობით რომაელთა ლეგიონები იგავში იწოდება ზეციური მეუფის მხედრობად. რომაელებმა გაანადგურეს მათი ქალაქიც, ანუ იერუსალიმი, რომელმაც უკვე შეწყვიტა არსებობა, როგორც ღვთის ქალაქმა, დიდებული მეფის ქალაქმა, რომელიც განეშორა უფალს და აღარა ცნობს მას თავისად. „აჰა ესერა, დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად“ (მთ.23,38) - „ქრისტეს გარდაცვალებისთანავე კი არ მოხდა ქალაქის აოხრება, არამედ ორმოცი წლის გასვლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც მათ მოკლეს სტეფანე, მოაკვდინეს იაკობი, და შეურაცხყვეს მოციქულნი, რათა გაცხადებულიყო მისი სულგრძელი მოთმინება. ხედავ, როგორ ჩქარა და ზუსტად აღსრულდა მოვლენები? ჯერ კიდევ იოანე მოციქულისა და სხვათა სიცოცხლეშივე, რომლებიც ახლოს იყვნენ ქრისტესთან, მოხდა ეს და მოწმეებად ამ ამბებისა იყვნენ ისინი, რომლებიც ისმენდნენ ამ წინასწარუწყებათ. შენიშნე განსაკუთრებული მზრუნველობა ღვთისა. მან გააშენა ვენახი, და მისი მსახურების მოწყვეტის შემდგომ, გაგზავნა სხვები; ამათი დახოცვის შემდგომ კი მიავლინა თავისი ძე, და შვილის მოკვლის შემდგომ, მოუწოდებს მათ ქორწილში, ხოლო ისინი არ ისურვებენ მისვლას. შემდეგ მიავლენს სხვა მონებს, და ამათაც დახოცავენ ისინი. მხოლოდ მაშინღა ღუპავს იგი მათ, როგორც უკურნებელი სენით დაავადებულთ. ის, რომ მათი სნეულება უსაშველო იყო, ამას ამტკიცებს არა მარტო მათი საქმეები, არაგედ ისიც, რომ ამას ისინი სჩადიოდნენ მაშინ, როცა რწმენას იღებდნენ მეძავები და მეზვერენი“ (წმ. ოქროპირი). ყოველივე ამის შემდეგ ხდება წარმართების მოქცევა ქრისტესაკენ. „მოწაფენი პირველად მიმართავდნენ იუდეველებს უწინაც და ჯვარის შემდეგაც. რადგან ჯვარის შემდგომ ამბობდა იესო: „მივედით უფროს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა“; ჯვარის შემდეგაც მან არ თქვა უბრალოდ: „მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, არამედ, „მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყუნეთ ჩემდა მოწამე იერუსალიმს და ყოველთა ჰურიასტანსა და სამარიასა, და ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა“ (მთ. 10,6; 28,19; საქ.1,8). მოციქულები ასეც იქცეოდნენ, მაგრამ რადგანაც იუდეველები არ წყვეტდნენ მტრობას მოციქულებისას, ამიტომ პავლე ეუბნება მათ: „თქუენდა ჯერ იყო პირველად ჰრქუმად სიტყუა ესე ღმრთისა, ხოლო ვინათგან განიშორებთ მას, და არა ღირსად გიჰსჯიან თავნი თვისნი ცხოვრებასა საუკუნესა: აჰა, ესერა, მოვიქცევით წარმართთა მიმართ“ (საქ. 13,46). ამიტომაც თავად უფალი ამბობს: „ქორწილი ესე მზა არის, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყუნეს“. თუმცა მან აქამდეც იცოდა ამის შესახებ, მაგრამ რათა არ მიეცა იუდეველთათვის რაიმე საბაბი უსირცხვილო თავის მართლებისა, თავად მივიდა მათთან პირველი და გააგზავნა თავისი მოციქულები, რათა მათთვის პირი დაეხშო, ჩვენთვის კი ესწავლებინა ყველაფრის შესრულება, რაც საჭიროა, თუმცაღა აქედან სიკეთე არავის მიუღია. ასე ამბობს იგი, რამდენადაც „ჩინებულნი იგი არა ღირს იყუნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა, და რაოდენიცა ჰპოვოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას“, უღირსთა და უკეთურთაც და როგორც იგი ადრე ხშირად ამბობდა, რომ მეძავნი და მეზვერენი დაიმკვიდრებენ ზეცას, და რომ პირველები იქნებიან უკანასკნელნი, ხოლო უკანასკნელნი - პირველნი, და რაც განსაკუთრებით შეურაცხყოფდა იუდეველთ, ახლა უკვე ჩვენებს, რომ ყოველივე ეს კეთდება სამართლიანად. რადგან იმისი ყურება, რომ წარმართები სასუფეველში მათთვის განკუთვნილ ადგილებში შეჰყავთ, იყო უსაშინლესი და უმძიმესი მწუხარება იუდეველთათვის, ვიდრე იმათი აოხრებული ქალაქების ყურება“ (წმ. ოქროპირი).
„და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა, და შეჰკრიბეს ყოველი, რაოდენი ჰპოვეს ბოროტი და კეთილი“. სწორედ ასე იქცეოდნენ მოციქულები. ასე მივიდა ფილიპე სამარიტელთა ქალაქში და ქადაგებდა ქრისტეს. პეტრემ მონათლა კორნილიუსი და მისი სახლეული, ხოლო პავლემ ათინელების წინაშე წარმოთქვა, რომ ღმერთი ყველას უბრძანებს სინანულს. ნათქვამია, რომ მათ შეკრიბეს ბოროტები და კეთილნი. კეთილი იყო ნათანელი, კეთილი იყო კორნილიუსი, კეთილნი იყვნენ წარმართები, რომელთაც არ ჰქონდათ რა სჯული, თავად იყვნენ სჯულისანი; სხვა მხრივ - ბოროტები იყვნენ, რომლებზეც ცოდვა ძლიერ მოქმედებდა, ვიდრე სხვებზე; ავადმყოფობამ, რომელმაც დააავადა მთელი კაცობრიობა, უმეტესად თავი მოიყარა სხეულის ერთ ნაწილში, ვიდრე სხვაში. ღვთის სასუფეველი არის ბადე, რომელიც იჭერს კარგსაც და ცუდსაც. მათ, რომელნიც უწინ ისწრაფოდნენ მართალი ღვთიური ცხოვრებისაკენ და მათაც, რომლებიც საერთოდ მოკვდნენ ცოდვებსა და უსჯულოებაში, მაგრამ მოისმენენ რა სახარებას, შეინანებენ და მოექცევიან ქრისტესაკენ. „და აღივსო ქორწილი იგი მეინახითა“. აქამდე ქრისტეს იგავი გვიხსნიდა იმას, თუ რისთვის და როგორ სჯიდა ღმერთი იუდეველ ხალხს და მათ უხუცესებსა და წინამძღოლებს, რომელთაც აშკარად უარყვეს კეთილი უწყება ცხონებისა; ხსნიდა, თუ როგორ შევლენ ღვთის სასუფეველში წარმართები. ახლა უფალი ხსნის და გვაფრთხილებს ჩვენ, რომ ყველა იმათგან, ვინც მის ეკლესიაში შევა, არ იქნება ღირსი სასუფეველისა. „შერავიდა მეუფე იგი ხილულად მეინახეთა მათ“, უფალი, როგორც ერთადერთი გულთამხილავი, თავად განსჯის ვინ არის ღირსი და ვინ უღირსი მისი სამეფოსი, ამაზეა სწორედ ნათქვემი: „რომლისა ნიჩაბი ხელთა მისთა, განჰსწმიდოს კალო თვისი“ (მთ. 3,12). სამეფო ქორწილში მიწვეულ ყოველ სტუმარს ეძლეოდა შესაფერისი სამოსი, ყველა ვინც კი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება ნათლობის საიდუმლოს ძალით, იმოსება სიმართლის სამოსელით, ნათელი სამოსით, სულიერი სისუფთავის ნიშნად, მადლით ხდება ახალი ადამიანი და ვალდებულია დაიცვას სულის ეს სისუფთავე და არ შებღალოს იგი ახალი ცოდვებით. საქორწინო სამოსელი არის წმიდა და უმანკო ცხოვრება, მსგავსად სამოსისა, რომელიც მოქსოვილია სათნოებებისაგან. „შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაი, შეწყნარებაი, სიტკბოებაი, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაი“(კოლ. 3,12). „სამოსელის ქვეშ, - ამბობს წმ. ოქროპირი - იგულისხმება ცხოვრებისეული საქმენი. მაგრამ ის, რომ მოწოდებულებმა და სუფთა სამოსით შემოსილებმა მუდამ შეინარჩუნონ ასეთად იგი, დამოკიდებულია თავად მოწოდებულთა მცდელობაზე. მოწოდება ხდება არა დამსახურებით, არამედ მადლით; ამიტომ საჭიროა შეესაბამებოდეს მადლს მორჩილებაც, და მიიღებს რა პატივში, არ გამოაჩინოს იგი უპატიოებად. ამიტომ დიდი სასჯელი ელით დაუდევართ. რადგან თუ მიიდრიკები ბიწიერი ცხოვრებისაკენ, ამით შეირაცხყოფ ღმერთსაც, როგორც შეურაცხყვეს იგი მათ, რომლებიც არ მივიდნენ მასთან. შესვლა უსუფთაო სამოსით ნიშნავს არაწმიდა ცხოვრებას და მადლის დაკარგვას. ამიტომაცაა ნათქვემი: „ხედავ, უფალი ადრე კი არ აჩენს, არამედ უკვე მაშინ, როცა ცოდვის ჩემდენმა თავად განსაჯა თავი? არაფერი გააჩნდა რა, რითაც შეეძლო თავის დაცვა. მან თავად განიკითხა თავი და მიეცა ამ უმკაცრას სასჯელს“.
რატომ თქვა უფალმა იგავში: „ჰყო ქორწილი“ და არა „ქორწილები“? იმიტომ, რომ - პასუხობს ამაზე წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, - ეს ქორწილი უწევს ყოველ ერთგულ შვილს ნათლისა, ყოველ მორწმუნე სულს შეუძლია გახდეს მონაწილე ღვთის საუფევლისა და იქცეს ქრისტეს საპატარძლოდ. უფალიც ჩვენ გვაძლევს ყველა საშუალებას, რათა ჩვენ შევძლოთ რწმენით ცხოვრება მისი. წმიდა ეკლესიის საიდუმლოებებში ჩვენ ვიძენთ განწმენდასაც და სულის განახლებასაც. ასე, რომ ვერაფრით გავიმართლებთ თავს, თუ არ შევიმოსებით სიმართლით, იმ სამოსელით, რომლის მოსაცემადაც მზადაა ზეციური მეუფე, ოღონდ კი მთელი გულით დავეშუროთ მისი წმიდა ნების შესრულებას და შევღაღადოთ მას: „სასახლესა შენსა ვხედავ, მხსნელო ჩემო, შემკულს, და არა მაქუს სამოსელი, რაითა მისთვის შევიმოსო; განანათლე სულისა ჩემისა სამოსელი, ნათლისმცემელო და შემიწყალე მე“ (დიდი მარხვის საკითხავი).
უღირსი სტუმარი სდუმდა... დადუმდება ცოდვილის ენა, როცა იგი ღვთის სამსჯავროზე წარდგება, ვერ გაბედავს იგი თავის მართლებას, როცა გაეხსნება მას თვალი და დაინახავს მთელ ბოროტებას, რაც მის სულსა ბღალავს. მხილებული სინდისისაგან, იგი უსიტყვო ძრწოლით დაელოდება ღვთის მსჯავრის გამოთქმას და ეს მსჯავრიც არ დააყოვნებს, მისგან თავის არიდება მას არ შეუძლია. იტყვის მეფე: „შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განიგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“. და მაშინ ღვთის სასუფევლიდან განდევნილისათვის, მოუნანიებელი ცოდვილისათვის, დგება „ღამე, ოდეს ვერვის ხელეწიფოს საქმედ“ (ინ. 9,4). დგება დრო, როცა უკვე შუძლებელია სინანული და გამოსწორება, რადგან მას თავად არ სურდა სინათლეში ცხოვრება, არ ისწრაფოდა სიცოცხლის სინათლისაკენ და იქცა შვილად სიბნელისა და საუკუნო დაღუპვისა. სიკვდილი მისი სულის სამოქმედო ძალებს შებორკავს.
„გვესმის რა, ბნელსა და წყვდიდაზე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ნუ იფიქრებ, რომ იგი მხოლოდ ამით დაისაჯა, რომ მოთავსებულ იქნა ბნელ ადგილას; არა, აქ კიდევ იქნება ტირილი და კბილების ღრჭენა; რაც მაჩვენებელია აუტანელი ტანჯვისა. ყველამ მიაქციეთ ამას ყურადღება, რომელნიც წმიდა საიდუმლოებებში ღებულობთ მონაწილეობას და მიწვეულნი ხართ ქორწილში და არაწმიდა საქმეებით ბღალავთ სულს! მისმინეთ, საიდან ხართ მოწოდებულნი? - გახრწნილებიდან. რა იყავით თქვენ? - სულით ბრმანი და კოჭლნი, რაც ხორციელ სიბრმავესა და სიმახინჯეზე უარესია, მიაგეთ კაცთმოყვარება მომწოდებელს; ნურავინ მოვა უსუფთაო სამოსით, არამედ დაე, თითოეულმა იზრუნოს თავისი სულის სამოსელზე. მისმინეთ დედანო, მისმინეთ მამანო! ამისათვის თქვენ გჭირდებათ ოქროქსოვილი სამოსელი, რათა შეამკოთ თქვენი სხეული, ისეთი სამოსი, რომელიც შეამკობს თქვენს სულს. მაგრამ ჩვენ გვიჭირს ასეთი სამოსით შემოსვა, ვიდრე ჩვენ ვატარებთ პირველს. შეუძლებელია ვამკობდეთ სულსაც და სხეულსაც, - ეს შეუძლებელია! შეუძლებელია ერთდროულად ვემსახუროთ მამონასა და ქრისტეს, როგორც საჭიროა, ამიტომ მივატოვოთ ეს მავნე ჩვევა, რომელიც უფლებს ჩვენში. შენ, რა თქმა უნდა, სულგრძელად ვერ დაითმენდი თუ კი ვინმე მორთავდა შენს სახლს ოქროს ფარდებით, ხოლო შენ გაიძულებდა თითქმის შიშველი იქ ჯდომას. მაგრამ აი, შენ ახლა თავად აკეთებ ამას, როცა რთავ შენი სულის სამკვიდრებელს, ანუ სხეულს, ურიცხვი სამოსელით, ხოლო სული მწირი პერანგის ამარა მიგიტოვებია. ნუთუ არ გესმის, რომ სამეფო ლხინში მოწოდებულ შენს სულს ეკუთვნოდა შემოსვა და მორთვა ოქროს სამოსით? გინდა, მე გაჩვენებ შენ ამგვარად შემოსილებს, საქორწინო სამოსელით მორთულებს. გაიხსენე წმიდანები, ფლასებში შემოსილნი, უდაბნოში მცხოვრებნი. ისინი გამორჩევით ატარებენ საქორწინო სამოსელს. შენ ნახავ, რომ ისინი არ დაგთანხმდებიან პორფირის მიღებას, თუ შეაძლევთ მათ, მაგრამ, როგორც მეფემ ვინმეს რომ მოეთხოვა მისთვის ღატაკის უბრალო სამოსელის ჩაცმა, მოიცილებდა მას ზიზღით, ასევე მოიცილებენ ისინი მეფის სამოსელს და ამას ისინი აკეთენებ არა სხვა რომელიმე მიზემით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად იციან თავიანთი სამოსელის სილამაზე. ამიტომ სძულთ მათ მდიდრული ტანსაცმელი, როგორც ობობას ქსელი. შენ რომ შეგძლებოდა გაგეღო მათი გულის კარი და დაგენახა მათი სული და მთელი შინაგანი სილამაზე, დავარდებოდი ძირს, ვერ გაუძლებდი იმ სილამაზის ელვარებას, სიკაშკაშეს მათი სამოსელისა და ბრწყინვალებას მათი სინდისისა. ამრიგად თუ ჩვენ შევადარებთ მათ თავს, რითი ვიქნებით ჭიანჭველებზე უკეთესნი? არაფრით, რადგან როგორც ჭიანჭველევი ზრუნავენ ქვეყნიურზე, ასევე ვზრუნავთ ჩვენც. და ნეტავ, მხოლოდ ამისთვის გვეზრუნა ჩვენ, ვიდრე უფრო უარესზე, რადგან ვზრუნავთ არა მარტო აუცილებლობაზე, როგორც ჭიანჭველები, არამედ ზედმეტზეც. ჭიანჭველები შრომობენ და მათი შრომა უსაყვედუროა, ჩვენ კი ყოველთვის ვშრომობთ მომხვეჭელობისათვის“.
„მე, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - ყოველთვის ვძრწი, როცა ვიხსენებ სიტყვებს: „მოყუასო! ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არ გმოსიეს სამოსელი საქორწინე?“ ამ მკაცრი სიტყვების გახსენება განსაკუთრებით გვმართებს მაშინ, როცა ვემზადებით უფლის სერობაზე მისასვლელად - ქრისტეს წმიდა ზიარების მისაღებად. ვარავითარი სამეფო სერობა ვერ შეედრება ზეციური მეუფის ამ პურობას. როგორი შიშითა და ძრწოლით, როგორი წმიდა სულითა და გულით გვმართებს ჩვენ მასთან მიახლება! „არავინ არს ღირს თანა შეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა მეუფეო დიდებისაო“ (წირვის საიდუმლო ლოცვა). მაგრამ სიკეთის მეუფე დიდებისა სამოსელს თავადვე სთავაზობს ყველას, ვისაც კი სურს მის სულიერ ტრაპეზს მიეახლოს. ეს სამოსი არის სინანულის მადლი. იქამდე, ვიდრე უფლის ტრაპეზამდე მიხვიდოდე, მიდი ქრისტეს მსახურთან, განიწმიდე თავი აღსარებით და შეიმოსები სიმართლის მოსასხამით, და უღირსიც რომ იყო, უფალი თავისი მოწყალებით ღირსს გაგხდის შენი სიმდაბლისთვის, რათა იგემო საზრდელი მისი უკვდავი ტრაპეზიდან.
მკაცრია ქრისტეს ეს სიტყვაც: „მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ რჩეულნი“. ბევრია ისეთი, რომლებიც იწოდებიან ქრისტიანებად, მაგრამ განა ბევრია მათგან, ვინც შევა ცათა სასუფეველში, ქრისტეს დიდ წვეულებაში? რამდენია ისეთი, რომლებიც რჩებიან იმავე ტანსაცმელში, როგორშიც მოუსწრო მათ მხსნელი მადლის მოწოდებამ მიწიერ ცხოვრებაში - რომელთაც არ შეცვალეს გული, არ გამოასწორეს თავიანთი ცხოვრება... „იცხოვრე ისე, - გვასწავლის ეპისკოპოსი თეოფანე, - რათა სიყვარულის ღმერთმა შეგიყვაროს შენ მარადიული სიყვარულით. გადი შენს სავაჭროში, მაგრამ გაისარჯე, რათა ქვეყნიურ სიკეთეთა შეძენით არ მიჰყიდო ქვეყანას შენი სული. გადი შენს მინდორში, დაამუშავე მიწა და დათესე იქ თესლი, რათა იქიდან მოწეული ნაყოფით გაიმაგრო შენი სხეული, მაგრამ განსაკუთრებით თესე სულის ველზე სათნოებათა თესლი, რათა იგემო მათგან მარადიული სიცოცხლის ნაყოფი. დაიცავი სუფთად, ლაქების გარეშე, სამოსელი შენი, რომელიც მოგეცა წმიდა ნათლობისას, სიცოცხლის ბოლომდე, და იქნები ღირსეული მონაწილე ზეციური საქორწინო ლხინისა, სადაც შედიან მხოლოდ ისინი, რომელთაც აქვთ სუფთა სამოსი და ხელში ანთებული ლამპარი...“