მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ვაი, რომელნი დაჰხშავთ სასუფეველსა ცათასა... ვაი, რომელი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა...

მათე 23, 13-22

მოწაფეთა გაფრთხილების შემდგომ, რათა არ მიმსგავსებოდნენ ფარისევლებს, უფალმა მკაცრი სიტყვით მიმართა უკვე თავად ფარისევლებს. ძველი წინასწარმეტყველების მსგავსად, ხშირი შეძახილებით ემუქრება ღვთის გარდაუვალი სასჯელით მათი არაწმიდებისა და მანკიერებისათვის. მთელი დედამიწის მსაჯულის ხმით აუწყებს რვა სახის მწუხარებას, გააშიშვლა და გააცხადა რა მთელი სისაძაგლე მათი შინაგანი სიცარიელისა. პირველ მწუხარებას იგი აუწყებს არასწორი, ყალბი განმარტებისათვის ღვთისა და საღვთო წერილისა, დამახინჯებისათვის ღვთის სჯულის არსისა, რითაც ისინი თავსაც და სხვასაც უხშობდნენ სასუფევლის კარს; მეორე მწუხარება - რომელიც უფალმა აუწყა მათ იყო გაუმაძღრობის გამო, რომელსაც ისინი იფარავდნენ მოჩვენებითი ღვთისმსახურებით; მესამე მწუხარება - მათი წახდენისა და დაღუპვისათვის, რომლებიც მოაქციეს ჭეშმარიტ რწმენაში წარმართობიდან; მეოთხე მწუხარება - იმისათვის, რომ მათ შეერყვნათ აზრი ფიცისა, და ამას აკეთებდნენ ანგარების გამო; მეხუთე მწუხარება - იმისათვის, რომ არ სურდათ გაეგოთ სული სჯულისა და ასრულებდნენ რა უმნიშვნელო გადმოცემებს თავიანთი უხუცესებისა, დავიწყებოდათ ღვთის მცნებები სიმართლეზე, მოწყალებასა და ღვთის სჯულის ერთგულებაზე; მეექვსე მწუხარება - იმიტომ, რომ ზედმეტად ზრუნავდნენ გარეგან განწმენდასა და განბანაზე, და საერთოდ არ ფიქრობდნენ სულის სასუფეველზე; მეშვიდე მწუხარება - იმის გამო, რომ საერთოდ მომკვდარნი იყვნენ კეთილი საქმეებისათვის და ამ უსირცხვილობასა და უნაყოფობას ფარავდნენ პირმოთნე, ყალბი ღვთისმოსაობით; მერვე მწუხარება - მათი შეურყეველი სიძულვილის გამო ღვთისაგან გამოგზავნილი წინასწარმეტყველების მიმართ, რასაც ორგულობით ფარავდნენ ხალხისაგან, მათი საფლავების შემკობითა და გამშვენებით. ყოველივე ამის დასასრულს, ჭეშმარიტად ქუხილისმსგავსი მხილებით ჩვენი უფალი სამართლიანი საყვედურებით გულანთებული, ფარისევლებს უწოდებს გველებს, იქედნეთაგან შობილებს: ამ ქვემძრომთ, აღძრავდნენ რა შიშისა და ზიზღის გრძნობას, შეეძლოთ ხალხისათვის გაეწიათ სამსახური უფლის დაუნდობილი, გაიძვერა და ბოროტი მტრებისა, მართალთა სულებს რომ წამლავდნენ ცრუმოძღვრებით. ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, რამეთუ დაჰხშვათ შეუვალსა ხდით სასუფევლისა ცათა წინაშე კაცთა! ღმერთი აღებს ამ სამეფოს კარებს ყველასათვის, ღმერთი ყველას უხმობს იქ, მაგრამ თქვენა დგახართ კარებში: თქუენ შეარახუალთ, და შემავალთა უტევებთ არა შესულად. თქვენი ვნებების სასარგებლოდ, თქვენ დაამახინჯეთ სწავლება მესიასა და მის სამეფოზე; მიითვისეთ რა უფლება სჯულის განმარტებისა, თქვენ აიღეთ გასაღები წმინდა წერილის შეცნობისა და დაამახინჯეთ მისი წმინდა აზრი თქვენი გამონაგონი გადმოცემებით; თქვენ შეუპოვრად უარმყოფთ მე ბოროტად ცილსა მწამებთ, როცა მიწოდებთ მჭამელსა და ღვინისმსმელს, მატყუარას, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარს, რომ მე ღმერთსა ვგმობ, როცა თითქოს სასწაულებს ვახდენდე ეშმაკის ძალით... ბევრი მზადაა მიწამოს მე, მზადაა შევიდეს სასუფეველში, მაგრამ თქვენ აფორიაქებთ მათ სინდისს, ისინი თქვენ გიყურებენ როგორც ღვთისაგან დადგენილ მასწავლებელს, ელიან თქვენს სიტყვას და ამიტომაც ირყევიან და რჩებიან ჩემი სამეფოს კარს გარეთ... ბევრს სწყურია ჭეშმარითება, სწყურია ცხონება, მაგრამ ხედავს თქვენს პირმოთმინებას, ორგულობას, თქვენს სიცრუეს თქვენს სიხარებესა და ყალბსიწმინდეს და ბრკოლდებიან; თქვენ, როგორც ღვთის მოწინააღმდეგენი, თავად არ შედიხართ და სხვებსაც უხშობთ ღვთის სასუფევლის კარებს... თქვენ სამართლიანად უნდა გეწოდოთ ხალხის წყლული თქვენი გაუმაძღარი ანგარებისა და ფუჭმედიდურობის გამო! ვაი, თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ შეჰსჭამთ სახლებსა ქურივთასა, - არ ჯერდებით თქვენ მდიდარ ხალხს, თქვენ არ ინდობთ ღარიბებსაც, სიცრუითა და მოტყუებით სტაცებთ დაუცველ ქვრივებს უკანასკნელ გროშებს, იმის მაგივრად რომ, როგორმე შეგემსუბუქებინათ გასაჭირი მათთვის და რაც ყველაზე ამაზრზენია, ამ მტაცებლობას ფარავთ ყველაზე მდაბალი ბოროტებით და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით, სხვათა დასანახად, და ამ მოჩვენებითი ღვთისმოსაობით იძენთ უბრალო ხალხის ნდობას, განსაკუთრებით ქალებისას, და უსირცხვილოდ, კეთილმსახურების სააბაბით ძარცვავთ მათ, რითაც იმათ უბრალოებას არაფრად აგდებთ. „თუ ყოველი ბოროტისმოქმედი იმსახურებს სასჯელს, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მაშინ როგორ მკაცრ სასჯელს მიეცემით თქვენ, რომელთაც მიიღეთ სახე ღვთისმოსავისა და ამას იყენებთ თქვენი ბოროტი საქმეების დასაფარავად!“ ამისათვის მიიღეთ უმეტესი სასჯელი. თქვენ გევალებოდათ უბედურ ქვრივთა დახმარება, თქვენ კი იმათაც ვნებთ და ამავე დროს გინდათ გამოჩნდეთ, სხვების წინაშე, როგორც ისრაელის ღმერთის დიდების მოშურნენი: ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღვასა ზედა და ხმელსა, გარეგნულად არ ერიდებით არავითარ სიძნელეებს, რათა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ, რომ თქვენს რწმენაზე მოაქციოთ თუნდაც ერთი უცხო წარმართი, მაგრამ ყოველივე თქვენი გარჯისა და მონდომების შემდგომ, თქვენ არ შეგიძლიათ მოქცეული დაიფაროთ და რაჟამს არნ, როცა იგი ხდება იუდეველი, ჰყვით იგი ნაშობ გეენიისა ორწილ თქუენისა, რადგან მას ახდენთ თქვენი ორგული ცხოვრებით, ღირს ხდით ცეცხლში დაწვისა, თქვენზე ორჯერ უფრო მეტად! იგი ხდება გამოუსადეგარი არა ღვთაებრივი ჭეშმარიტების შესაცნობად და საუკუნოდ იღუპება... ამ დაღუპვას თქვენ თავად უწყობთ ხელს, რადგან შერყვენით მცნებები ღვთისა, რადგან ასწავლეთ მას ღვთის მცნებათა გვერდის ავლა. ვაი, თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, თქვენ სხვებს უჩვენებთ გზას ცათა სასუფევლისას, თავად კი არ გინდათ ამ გზის დანახვა. როგორ უაზრობამდე მიდიხართ, მაგალითად, რომელთა ჰსთქუთ: ვითარმედ რომელმან ჰფუცოს ტაძარსა ამას, არა რაი არს; ეს, თქვენი აზრით, არაფერს ნიშნავს, - შეიძლება, თითქოს ასეთი ფიცის დარღვევა; ხოლო რომელმან ჰფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, დაიფიცოს ტაძრის ოქროს მორთულობანი, ოქროს ჭურჭელი, სამღვდელო ნივთები, ანდა ოქრო, რითაცაა დაფარული ტაძრის კარიბჭე და სხვა ნაწილები ტაძრისა, ანდა ბოლოს იმ ოქროთი, რომელიც ინახება ტაძრის საცავში, - ჯერ არს, ასეთმა ადამიანმა შეუცვლელად უნდა დაიცვას ფიცი, ხოლო თუ არ დაიცავს, იგი უნდა დაისაჯოს როგორც ფიცის დამრღვევი. ცოფნო და ბრმანო! რომელი უფროს არს, ოქრო ანუ ტაძარი, რომელი განჰსწმედს ოქროსა მას? ნუთუ ვერ ხვდებით, იმიტომ ხდება ოქრო წმიდა, რომ იგი ტაძარშია, - განა უაზრობა არაა, რომ უფრო წმიდად იქნას მიჩნეული ის, რაც თავად საჭიროებს განწმედას ტაძრიდან, ვიდრე თვით ტაძარი, მისი განმწმედელი? ასევე და ჰსთქუთ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, სადაც მიიტანება მსხვერპლი და ყოვლადდასაწველი ძღვენი, არა რაი არს, თქვენი გაგებით - არაფერს ნიშნავს, ხოლო რომელმან ჰფუცოს შესაწირავსა მას, რომელ-არს საკურთხეველსა ზედა, დაიფიცავს შესაწირს, რომელიც მასზეა, ეს ჯერ-არს, ვალდებულია მიიტანოს ტაძარში ის, რაზეც დაიფიცა: ხარი, ცხვარი თუ სხვა შესაწირი. ცოფნო და ბრმანო! რომელი უდიდეს არს, შესაწირავი, ანუ საკურთხეველი, რომელი განჰსწმედს შესაწირავსა მას? შესაწირავიდან იწმიდება შესაწირი ძღვენი, ცხადია, შესაწირი ადგილი უმეტესია და უწმიდესია, ვიდრე მსხვერპლი, რომელიც უნდა განიწმიდოს მისგან. მაინც რისთვის არის ასეთი განყოფა ფიცისა მნიშნველოვან და უმნიშნველო ფიცად? ეს თქვენთვის ხელსაყრელია. და აი, თქვენი ანგარებიანი ზრახვების გამო ისე დაამახინჯეთ ჭეშმარიტი აზრი ყოველგვარი ფიცისა, რომ დაივიწყეთ უმთავრესი. საქმე საგნებში კი არაა, რითაც იფიცებიან, არამედ იმაში, ვისთვისაცაა იგი განკუთვნილი, - ადამიანი მოუწოდებს თვით ღმერთს თავისი სიმართლისა და გულწრფელობის დასამოწმებლად, ამიტომაც ყოველგვარ ფიცს, როგორც არ უნდა იყოს იგი წმიდა, ერთნაირი მნიშვნელობა აქვს: რამეთუ რომელმან ჰფუცოს საკურთხეველსა, ჰფუცოს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა, და რომელმან ჰფუცოს ტაძარსა, ჰფუცავს არა მარტო მას, არამედ იმასაც, და რომელი დამკვიდრებულ არს მას შინა, ანუ თვით უფალ ღმერთს, ასე რომ, ტაძრის დამფიცებელი, ფიცულობს ზეცასაც; და რომელმან ჰფუცოს ცასა, ჰფუცავს საყდარსა ღმრთისასა, როგორც ადგილს, სადაც განსაკუთრებითაა დამკვიდრებული ღმერთი, და რომელი ჰზის მას ზედა: მთელი თავისი დიდებულებითა და მიუწვდომელი ნათლით.