საშინელ მუქარას, რომელიც წარმოთქვა იესო ქრისტემ ტაძრის მიმართ, არ შეეძლო ისრაელის მკვიდრთა სულების გახარება და მის მოწაფეებს რაღაც დიდ საშინელებად წარმოუდგათ. ნაღვლიანები მისდევდნენ თავის მასწავლებელს უკან, როცა მას მოუწია ტაძრის დატოვება. მიუხედავად მაშინ არსებული ყოველგვარ უბედურებათა მოლოდინისა, რაც მესიის მოსვლის წინ უნდა მომხდარიყო, მოციქულები როგორც ჭეშმარიტი იუდეველები, ვერაფრით შეეგუებოდნენ იმ აზრს, რომ ეს ბრწყინვალე ტაძარი, ეს აღთქმული სიწმიდე ისრაელისა, დაინგრეოდა. იუდეველებს ეგონათ, რომ ეს ნგრევა იქნებოდა შეურაცხყოფა თვით უფალი ღმერთის დიდებისა, იუდეველთა რწმენისა და ხალხის დაღუპვა. სწორედ ამ ტაძარზე იყო წინასწარმეტყველება გაუკაცრიელებისა და ისიც ვისგან? თვით მესიისგან, რომელიც თავად განეშორება მას, სამუდამოდ ტოვებს მას... მოწაფენი ტაძრიდან გასვლისას უნებურად გაჩერდნენ, რათა ერთხელ კიდევ შეეხედათ მისთვის ნაღვლიანად: უმშვენიერესი ნაგებობა ტაძრისა, ქრისტეს სამწუხარო წინასწარმეტყველების შემდეგ, მათთვის კიდევ უკეთესი გახდა, უფრო ლამაზი გამოჩნდა. ქვები, რისგანაც იყო იგი ნაშენი, წარმოადგენდა წითელი და თეთრი მარმარილოს უზარმაზარ მოელვარე მთას. მისი სახურავი დაფარული იყო ოქროთი,რომელიც მზეზე ისე ბრწყინავდა, რომ არც ერთ ფრინველს არ შეეძლო მოელვარე სახურავზე დაჯდომა, ყველა გაურბოდა იმისი თვალის მომჭრელი ელვარების ცქერას. ეს შესანიშნავი შესასვლელები, მარმარილოს უზარმაზარი სვეტები, ეს ოქროს დიდი მტევნები ყურძნისა, თითო ადამიანის სიმაღლისა, ოქროს ჭიშკარზე რომ იყო გამოკიდებული, - ყოველი მნიშვნელოვანი ნაკეთობა, თუ ნივთი, რომლის შორიახლოსაც მოუწია გავლა მოწაფეებს, - ყველაფერი იპყრობდა მათ ყურადღებას. გულის სიღრმეში გრძნობდნენ გულისწყვეტასა და სინანულს ტაძრისადმი, რომელსაც დანგრევა ჰქონდა განსაზღვრული; მათ ვერ გაბედეს ეჭვი შეეტანათ თავიანთი ღვთაებრივი მასწავლებლის სიტყვების ჭეშმარიტებაში; მათ, როგორც ბავშვებს, უნდოდათ რომ მასწავლებელს, საშინელი წინასწარმეტყველებისა და იერუსალიმზე მუქარის ნაცვლად, მეტი ყურადღება მიექცია ტაძრის დიდებულებისათვის, ეხსნა იგი, თუ შეიძლებოდა, დაღუპვისა და განადგურებისაგან, და შემდგომ დაებრუნინა თავის საკუთრებაში, როგორც მესიას. მათგან ერთმა, ალბათ პეტრემ, ვერ შეიკავა თავი, რომ ხმამაღლა არ გამოეთქვა თავისი გაკვირვება და გაოცება ტაძრის ქვების სიდიდისა და სილამაზის გამო, მთელი ეკლესიის მშვენიერებასა და სიმტკიცეზე: მოძღვარო! - წამოიძახა მან, შეხედე, როგორი ქვები და როგორი ნაგებობებია! - მიუახლოვდნენ უფალს დანარჩენი მოწაფენიც: და მიუხდეს მას მოწაფენი მისნი, და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა, იმ სიმდიდრეს, რითაც იყო შემკული ტაძრის უამრავი სტოას სვეტები და კედლები. მოწაფენი თითქოსდა ასე ეუბნებოდნენ: ნუთუ ყოველივე ეს უნდა დაინგრეს? და უფალიც შეჩერდა, შეხედა იმას, რითაც იყვნენ გაკვირვებულნი მოწაფენი; მათ მოეჩვენათ თითქოს, რომ უფალი იზიარებდა მათ აზრს ტაძრის დიდებულებაზე, რომ იგი თითქოს ნანობდა კიდეც მისთვის, მაგრამ იმავე წუთს, იმათი მოლოდინის საპირისპიროდ, მან უფრო ძლიერ და ცხადად დაამოწმა უწინდელი მუქარა ტაძრის მიმართ: ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა ხედავთ ამას ყოველსა? - ამ დიდებულ შენობებს? ამინ გეტყუვი თქუენ: არაფერია ქვეყანაზე ნამდვილად დიდებული, ჭეშმარიტად მშვენიერი, ადამიანთაგან გაკეთებული, თუ მასზე არ იქნება ღვთის კურთხევა. ხალხმა კი ეს სახლი გადააქცია ავაზაკთა ბუნაგად: როგორ იქნება მასზე ღვთის კურთხევა? ამიტომ არა დაჰშთეს აქა ქუა ქუასა ზედა, რომელი არა დაირღუეს, არ დარჩება ამ დიდებული ტაძრის კვალიც კი...
გაბედულება და ძალა, რითაც იქნა წარმოთქმული ეს სიტყვები, გაისმოდა, როგორც გარდაუვალი განაჩენი მარადიული განგებისა. და საშინელი განაჩენი აღსრულდა მთელი სიზუსტით 36 წლის შემდგომ უფლის წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან. როცა იერუსალიმი აღებულ იქნა რომაელთაგან, ტაძარი გადაქცეულ იქნა ნანგრევებად. ამაოდ შეეცადა რომაელი სარდალი ტიტე ტაძარში ცეცხლის ჩაქრობას. უფალი სხვანაირად სჯიდა. ტაძარი ცეცხლმა შთანთქა. ყველაფერი მიწის პირს გაუსწორდა და ერთ დროს დიდებული ტაძრის ნანგრევებზე გუთანმა გადაიარა. სამასი წლის შემდგომ, ამაოდ შეეცადა იულიანე განდგომილი იუდეველთა ტაძრის აღდგენას, რათა ქრისტეს წინასწარმეტყველებისათვის დაეცინა. მისი ბრძანებით ათასობით იუდეველი, ყოველი მხრიდან, გაეშურა პალესტინისაკენ. დაიწყეს ტაძრის საფუძვლის გამოყოფა; ქალებიც კი თავიანთი ხელებით თხრიდნენ მიწას; მონდომებამ დიდ შემართებას მიაღწია, მაგრამ ყველაფერი ამაოდ! მიწიდან უცებ ამოხეთქავდა ცეცხლი, მომუშავეთ განაბნევდა. იგივე მეორდება ყოველთვის, როცა კი ცდილობენ დაწყებული საქმის განახლებას, და მშენებლები ტაძრისა, ბაბილონის გოდოლის მაშენებელთა მსგავსად, იფანტებიან თავად დარწმუნებულნი იმაში , რომ ამ ტაძრის ნანგრევები იმყოფება არა ქვეყნიურ მბრძანებელთა უფლებაში, არამედ ზეციური მეუფისა, რომელიც ამოწმებს თავისი ძის დიდებას. უფლის განაჩენი დღემდე ძალაში რჩება. სწავლულნი დღესაც კამათობენ, თუ რომელ ადგილზე იდგა წმიდათა წმიდა, და მხოლოდ ომარის მეჩეთის მახლობლად, რომელიც დგას სოლომონის დიდებული ტაძრის ადგილას, არის ნარჩენი ძველი კედლებისა - ტაძრის საფუძვლისა: აქ, იერუსალიმის ძველი დიდების მწირ ნარჩენებთან, წელიწადში ერთხელ იკრიბებიან იუდეველნი და ცრემლებითა და ოხვრით ეამბორებიან ამ ქვებს, რითაც თითქოს სურთ შეასრულონ სიტყვები წინასწარმეტყველისა; „რამეთუ სთნდეს მონათ შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ“ (ფს. 101,15).