მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

წინასწარი უწყება სახარების გავრცელებაზე, იერუსალიმის დაქცევასა და ბოლო დროის ცრუწინასწარმეტყველებზე

მათე 24, 14-26

მტკიცედ იდექით, ამბობს უფალი: რამდენიც უნდა და ვინც არ უნდა გდევნონ თქვენ, ღვთის საქმე ამით არ დაიტოვება და არც შეყოვნდება. იქამდე, ვიდრე გადაწყდება ბედი იერუსალიმისა და იუდეველეთა ერისა. დევნილი სახარება ღვთის სასუფევლისა, კეთილმაუწყებლობა ქრისტეს სამეფოისა, უკვე მოასწრებს ყველა ხალხში შესვლას: და იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა ყოველსა სოფელსა, მთელ დედამიწაზე, საწამებლად ყოველთა წარმართთა, რომ ისინიც მოიწოდებიან საცხონებლად, რომ დაბრკოლება მათსა და გამორჩეულ ხალხს შორის დაირღვა და ცათა სასუფევლის კარი ყველასათვის გაიხსნა. „ვის შეეძლო ორმოც წელიწადში ყოველივე ამის შესრულების თავსდება?... და მაინც, ეს თითქოს აუსრულებელი წინასწარი უწყება სინამდვილეში აღსრულდა მთელი სიზუსტით... მცირე ფარა, უდაბნოში მიტოვებული მგლებს შორის, მაგრამ ღვთის მეთვალყურეობაში მყოფი, იზრდება და თავისი სრულყოფით უმტკიცებს წარმართებსა და იუდეველებს, რომ მას აღეთქვა სულიერი სამეფო მთელს ქვეყანაზე. ეკლესია ვრცელდება დაუჯერებელი სიჩქარით ყველაზე გაუნათლებელ და ველურ ხალხებშიც კი; მოციქულთა ქადაგებამ მოიცვა მთელი ქვეყნიერება, სახარების გამარჯვება აღწევს კეისრის სახლსაც. არავის შეუძლია წინ აღუდგეს სიბრძნეს, რომელიც ვლინდება მუდამ სახარების მქადაგებელთა ბაგეთადან, როცა მათ უხდებათ დამოწმება მსაჯულებთან ქრისტეს სახელისთვის. მოუსმინა რა პავლეს, რომის პროკურატორი ლამის ქრისტიანი გახდა; თვით ფარისევლები, მისმა სიტყვებმა რომ მოიზიდა, ბრალისდამდებლებიდან გადაიქცნენ დამცველებად; მთელმა სინედრიონმა არ იცის რა უპასუხოს მეთევზეთა სიტყვებს, რომლებიც ადანაშაულებენ მას მესიის მკვლელობაში“ (მთ. ეპ. ინოკენტი). „ამიტომაც იყო, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომ მხოლოდ სახარების მთელ დედამიწაზე ქადაგების შემდეგ დაინგრა იერუსალიმი, რათა უმადურებს არ ჰქონოდათ ჩრდილიც კი თავის გამართლებისა. რათა მისი ძლიერების შემყურეთ, ყველგან რომ აენთო და ასე უცებ რომ მოედო ქვეყანას, რით შეიძლება მოებოდიშათ, რომ უმადურებაში იყვნენ? ის რომ იმ დროს უკვე ყველგან იქადაგებოდა სახარება, აი ამაზე ამბობს პავლე: „ქადაგებული ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქვეშე“ (კოლ. 1,23). შენთვის ცნობილია, როგორ მალე გადავიდა იგი იერუსალიმიდან ესპანეთში. თუკი მან ერთმა შეძლო დედამიწის ამოდენა ნაწილის მოვლა, მაშინ იფიქრე, რამდენს გააკეთებდნენ დანარჩენებიც. რადგან სხვა ადგილას პავლე ამბობს სახარებაზე, რომ იგი „ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ“ (კოლ. 1,6). სწორედ ეს არის უდიდესი ნიშანი ქრისტეს ძალისა, ანუ ის, რომ მისი სიტყვა ოცი თუ ოცდაათი წლის განმავლობაში მისწვდა მთელს ქვეყანას. და მაშინ, ამბობს, ქრისტე, მოიწიოს აღსასრული, არა მთელი ქვეყნისა, არამედ იერუსალიმისა“. ის რომ უფალი აქ ამბობს იერუსალიმის დაქცევაზე, ეს ჩანს დანიელის წინასწარმეტყველებიდან, რომელშიც ამბობს: როცა დაინახავთ, - ამბობს იგი, იერუსალიმს მხედრებით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია აოხრება მისი, რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქმული იგი დანიელ წინასწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს: მითითებულ ადგილს დანიელ წინასწარმეტყველისა, გულისხმა-ყავნ საიდუმლო აზრი მისი, - როცა დაინახავთ წმიდა ქალაქის ადგილას საშინელ გაუკაცრიელებას, რაც აღძრავს ზიზღსა და სიძულვილს, როცა ტაძრის ნანგრევებს შორის დაინახავთ რომაელთა ნიშანს არწივების გამოსახულებით, რომელთაც რომაელნი მიაგებენ ღვთიურ პატივს, როცა დაინახავთ მათ კერპებს, რომელთაც ისინი შეიტანენ თითქმის დანგრეულ ტაძარში, და იმათი მხედართმთავრის ქანდაკებას იმავე ტაძარში: მაშინ, ყოველმა გადაიწურეთ იმედი სამშობლოს გადარჩენისა და იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე: რომელნი ჰურისტანს იყვნენ, როგორც ქრისტიანები, ასევე ქალაქის სხვა მკვიდრნიც, ყველაზე უფრო ივლტოდეთ მთად, რადგან სწორ ადგილებში არ იქნება თავშესაფარი მტრის მხედრობის სიმრავლის გამო. მთებში კი ბევრია გამოქვაბული, ნანგრევი, უდაბური ადგილი, სადაც შეიძლება უსაფრთხოდ შეაფარო თავი. და რომელი ერდოსა ზედა იყოს. ნუ გარდამოვალნ აღებად რაისამე სახლისაგან თვისისა, კიდეც რომ იყოს ძალზედ აუცილებელი ჩასაცმელი, ან ნივთი: დაე, მან საჩქაროდ აირბინოს იმ კიბეზე, რომელმაც ქუჩაში უნდა გაიყვანოს: წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპვა გარდუვალი იქნება. და რომელი სამუშაოდ ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ ქალაქში, რაც არ უნდა საჭირო საქმისათვის იყოს, მაგალითად აღებად სამოსლისა თვისისა, ზედა ჩასაცმელისა ასაღებად, ურომლისოდაც მუშაობენ მინდორში ჩვეულებრივ, - დაე მინდვრიდან მაშინვე გაიქცეს. ყველასათვის გადარჩენა იქნება მხოლოდ გაქცევაში. ეს იქნება დღენი ნაწინასწარმეტყველები მუქარის აღსრულებისა, საშინელი დღეები ზეციდან მისაგებელის მიღებისა. ხოლო ვაი, მიდგომილთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა. „პირველად ამიტომ, რომ ისინი ფეხმძიმობით დამძიმებულნი, ვერ შეძლებენ სირბილს ადვილად, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ბოლოს კი იმიტომ, რომ ისინი ბავშვებთან არიან გადაფსკვნილნი. ადვილია გადაინახო ფული, ასევე შეინახო ტანსაცმელი; მაგრამ ის რაც ბუნებისგანაა, როგორ გაექცევი? როგორ შეიძლება იყოს მსუბუქი ორსული ქალი? როგორ მიატოვებს ძუძუმწოვარას მშობელი? არამედ ილოცევდით, ევედრეთ ღმერთს, რათა უბედურებათა სიმძიმე, უკიდურეს შემთხვევაში, შეამსუბუქოს მაინც ღმერთმა თავისი მოწყალებით, რაითა არა იყოს სივლტოლაი თქუენი ზამთარსა შინა, როცა წვიმები და უამინდობები ლტოლვით კიდევ უფრო დაუმძიმებენ წვალებას, გინა შაბათსა, როცა სჯულის მიხედვით აკრძალულია შორეული მოგზაურობა ძალზედ საჭირო შემთხვევაშიც კი. მე გეუბნებით თქვენ: რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისათ ვიდრე აქამომდე, და არსაღა ყოფად არს! ბევრი დაეცემა მახვილით, უფრო მეტი კი ტყვედ იქნება წაყვანილი ქვეყნის სხვადასხვა მხარეს. იერუსალიმს მოაკლდება ზეციური მფარველობა და მიეცემა წარმართებს გასათელად, რაც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი დრო არ გავა. და უკუეთუმცა არა შემოკლდნენ დღენი იგი, დღეები ალყისა, შიმშილისა და ომებისა, არამცა განერა ყოველი ხორციელი. იუდეველთაგან ვერავინ გადაურჩება სიკვდილს, იერუსალიმის მთელი მოსახლეობა ამოწყდება მახვილით, შიმშილით და ჭირიანობით. ხოლო რჩეულთა მათთვის, იმათთვის რომელთაც აქვთ ჩემი რწმენა ან ირწმუნებენ, მათ გადასარჩენად შემოკლდენ დღენი იგი... ეს უფალმა თქვა იმიტომ, რომ დაემშვიდებინა მორწმუნენი, რომლებიც იყვნენ იუდეველთა შორის, ენუგეშებინა ისინი, რათა არ შეშინებოდათ, რომ დაიღუპებოდნენ იუდეველებთან ერთად“, - ამბობს წმ. ოქროპირი. ევსევი ისტორიკოსის ცნობით, ქრისტიანებმა, რომლებიც შეადგენდნენ იერუსალიმის ეკლესიას, ნახეს რა აღსრულება უფლის სიტყვებისა, დატოვეს ქალაქი და გადასახლდნენ პატარა ქალაქ პელში, რომელიც მდებარეობდა მთებში, იორდანის იქითა მხარეს, ასე რომ, იერუსალიმის დაქცევისას მათგან არავინ დაღუპულა.

უფლის წინასწარმეტყველებათა აღსრულებაზე მსჯელობისას, მთ. ეპ. ინოკენტი შესძახებს: ღმერთო ჩემო! როგორი საშინელი და შემაგონებელი სანახაობაა! როგორი საკვირველი თანხმობაა მოვლინებისა ნაწინასწარმეტყველებთან! როგორი გაუთვალისწინებელი შემთხვევითობა და სიზუსტეა შესრულებაში! საშინელი მიწისძვრები, შიმშილი, ჭირი, სისხლისმღვრელი უთანხმოებანი, - ერთი სიტყვით, ყველა ის უბედურებანი, რომლებზედაც ამბობდა იესო მაცხოვარი, - ჩანს, აუწყებენ მთელ ქვეყანას რაღაც უჩვეულოს, აიძულებენ დაელოდონ ღვთის ყველაზე დიდი სამსჯავროს აღსრულებას. მაგრამ აი, უბედურებათა მაუწყებელი ღრუბლები, აქამდე სხვადასხვა ადგილებში რომ ტრიალებდნენ, უცებ მიიმართებიან პალესტინისაკენ, იკრიბებიან იერუსალიმის თავზე, ხილულად თითქოს კეისართა წინაშე ამხედრების გამო, სინამდვილეში კი იუდეველთა ღვთის წინაშე ურჩობისათვის, მესიის მოძულებისათვის. იწყება მწუხარება, რომლის მსგავსიც, თვალითმხილველ ფლაბიუსის სიტყვებით, ჯერაც არ ყოფილა და არც იქნება. ათობით ათასობით იუდეველი, პირუტყვების მსგავსად, იკვლება ომამდეც კი: იუდეველთა ქალაქები ეცემა ერთი მეორის მიყოლებით, ხდება ნანგრევები; მიწა, რომელიც ადრე დუღდა თაფლითა და რძით, ხდება უდაბნო უდაბური; მხოლოდ ერთი დგას იერუსალიმი, მაგრამ ღმერთო ჩემო, როგორი იერუსალიმი! ყოველი მხრიდან რომაული ლეგიონით გარშემორტყმული, რომელთა გაშლილ დროშებზე გამოსახული წარმართული ღმერთების გამოსახულებანი, თითქოს იწვევენ მას დასაღუპად; შიგნით კი - ზილოტთა მოთარეშე ბრბონი, იდუმალნი, რომელნიც უწინ თავს იმაღლებდნენ, როგორც სიწმიდეთა მცველნი, ახლა თავად ბილწავენ მას დანაშაულებით; გაუგონარი გარყვნილებანი სახლებში, უმოწყალოდ იმეტებენ სასიკვდილოდ საუკეთესო მოქალაქეებს, ჭრიან და ჩეხავენ ერთმანეთს, აბუჩად იგდებენ მესიის წინასწარმეტყველთ, თავად უფალ ღმერთს!.. დანიელის მიერ დანახული სისასტიკე მოოხრებისა შეიძლება ყოფილიყო ამ სისასტიკეზე მეტი?.. „მეგობრები, შიმშილისაგან გონს გარდასულნი, ჩხუბობენ რაღაც ერთი ლუკმის, ან ყლუპი წყლისათვის; ალყაშემოტყმულნი ყიდულობენ დიდძალ ოქროზე და საკვებად იყენებენ იმას, რასაც ერიდებოდნენ პირუტყვებიც კი, რომელსაც ძნელია ეწოდოს სახელი... დიდებული ქალბატონი, შიმშილისაგან გაცოფებული და გონსგადასული, კლავს და ჭამს თავის საკუთარ შვილს; გასისხლიანებული ზილოტები, შიმშილისაგან პირდაღებულნი, დაძრწოდნენ და ცოფიანი ძაღლების მსგავსად იქით-აქეთ ეცემოდნენ... ქუჩები, მოედნები და სახლები სავსე იყო დახოცილთა გვამებით, რომელთა რიცხვი ექვსას ათასს აღწევდა, ხოლო იერუსალიმის ჭიშკარს იქით აღარ იყო საკმაო ადგილი ჯვრებისათვის და აღარც ჯვარი იყო საკმარისი, რათა მასზე გაეკრათ ღვთისაგან მოძულებული იუდეველები, რომელთაც უმოწყალოდ უსწორდებოდნენ რომაელი მხედრები, სიძულვილისა და სამაგიეროს მიგების მიზნით რომ ერთიმეორეზე აკრავდნენ მათ ჯვარზე... ქუჩებში, ტაძრის ეზოში და საკურთხევლის სიახლოვეშიც კი იდგა სისხლის გუბეები, რომელთა გამო ზოგან ცეცხლი გაჩნდა. „თვით რომაელი მხედართმთავარი მოიყვანა შეძრწუნებაში უბედურებებმა, რასაც ითმენდნენ ალყაშემორტყმულები და ფიცულობდა თავის ღმერთებს, რომ ამაში მას არ მიუძღოდა ბრალი, რადგან მათ ბევრჯერ შესთავაზა მშვიდობა“ (მთ. ეპ. ინოკენტი). ტიტეს სურდა აეძულებინა ქალაქი დანებებოდა შიმშილით, ამიტომ ყოველი მხრიდან შემოავლო თხრილები, რათა არ დაეშვა საკვების შეტანა ქალაქში და იქიდან გაქცევა ვინმესი. მაგრამ იმპერიის საქმეებმა მოითხოვა მისი დაბრუნება რომში, ამიტომ მან დააჩქარა ქალაქის აღება იერიშით. ასე, ისევ ღმერთმა შეამცირა ამ საშინელებათა დღენი, „რათა იუდველებს არ ეთქვათ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომ ეს უბედურებანი მოხდა სახარების ქადაგებისა და ქრისტეს თაყვანისცემის გამო“, რათა ეჩვენებინა მათთვის, რომ „მორწმუნენი კი არ იყვნენ მიზეზნი ამ უბედურებებისა, არამედ პირიქით, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, საერთოდ დაიღუპებოდნენ ყველანი.“

ბოლოს დაეცა იერუსალიმი; ყველაფერი მიეცა ცეცხლს; უდიდესი და უმდიდრესი ტაძრის ადგილზე ჩნდება ქვის გორები და ნანგრევები. მთელი იერუსალიმიდან გადარჩა მხოლოდ სამი კოშკი, როგორც ძველი დიდების ნიშანი. ასი ათასი იუდეველი იქნა დატყვევებული. შედარებით ჯანმრთლენი და მოსაწონნი წაასხეს რომში გამარჯვებულთა საზეიმო აღლუმისათვის, გასართობი სანახაობისათვის, ცირკში ცხოველებისათვის შესაჭმელად, სხვები კი გაყიდეს, როგორც მოძულებული მონები. აზიის, ევროპისა და აფრიკის ბაზრებზე ისე მრავლად, რომ აღარც კი იყო მათი მყიდველი... მილიონზე მეტი უბედურად დაიღუპა იმ წელიწადს. „არ იფიქროს ვინმემ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომ ყოველივე ეს გაზვიადებითაა ნათქვამი; არამედ წაიკითხოს იოსების ისტორია და გაიგებს ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტებას. არავის შეუძლია იმის თქმა, რომ იოსებმა, როგორც მორწმუნემ, გააზვიდა ეს უბედურებანი იმიტომ, რომ ქრისტეს ნაწინასწარმეტყველები დაემტკიცებინა, რადგან იგი არ იყო ქრისტიანი, არამედ იუდეველი, მეტად მკაცრი და მოშურნე იუდეველი, იმათთაგანი, ვინც ცხოვრობდა ქრისტეს მოსვლის შემდგომ. რას ამბობს იგი? იმას, რომ ეს უბედურებანი აღემატებოდა ყოველგვარ აღწერას, რომ მსგავსი უბედურებანი არ დატეხია თავს არცერთ ხალხს. მისი თქმით, ისეთი საშინელი შიმშილობა იყო, რომ თვით დედები სიხარბით შეექცეოდნენ თავიანთ შვილებს და ცილობდნენ ამის გამო ერთმანეთში, და ბევრი მიცვალებულიც კი გამოშიგნეს.“... დაუჯერებლობა, დაღუპულ იუდეველთა რიცხვისა იმით აიხსნება, რომ რომაელებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს პასექის დღესასწაულზე, როცა იერუსალიმში შეკრებილი იყო ორ მილიონზე მეტი ებრაელი, ქალებისა და ბავშვების გარდა; ასე აღსრულდა მათზე საშინელი სიტყვები, მათ მიერ თქმული: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“ (მთ.27,25). „ფლაბიუსი წერდა რა თავის ისტორიას, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ ჰქონდა ჭეშმარიტების გაყალბება ქრისტიანთა სასარგებლოდ, და მაინც, მისი ისტორიის ბევრი ფურცელი, ჩანს, რომ დაწერილია სწორედ იმისათვის, რათა შთამომავლობას სცოდნოდა, როგორ ზუსტად აღსრულდა იუდეველებში იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება“, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი. - მეორე მხრივ, „შენიშნე - ამბობს წმ. ოქროპირი, - ბრძნული განგებულება ღვთის სულისა იმაში, რომ მახარებელი იოანე არაფერს წერს ამის შესახებ, რათა არ მოეჩვენოთ, რომ იგი წერს მომხდარის შესახებ გადმოცემით, რადგან მან დიდხანს იცოცხლა კიდევ იერუსალიმის დაქცევის შემდეგ; მაგრამ სხვა მახარებლები წერენ ამაზე, რომლებიც გარდაიცვალნენ დაქცევამდე, და თვალით არ დაუნახავთ არც ერთი მომხდარი უბედურება, ასე რომ, წინასწარმეტყველების ძალა ბრწყინავს ყველგან“. - იგი სრულდება ჩვენს დრომდეც. რას წარმოადგენს იერუსალიმი ახლა? როგორია ერთ დროს აყვავებული ქვეყანა, რძე და თაფლი რომ გამოედინებოდა მისგან? იგი დღესაც უდაბნოს წააგავს, აღარ არის ბაღები, მდინარეები დამშრალია, ბევრი ქალაქიდან სასაფლაოებიღა შემორჩა, ზოგიერთ მათგანზე დღესაც კამათობენ: სად არსებობდნენ ისინი? მოსახლეობაც უმეტესად შიშშია...

„დაასრულა რა იერუსალიმზე წინასწარმეტყველება ქრისტე გადავიდა თავის მეორედ მოსვლაზე - ამბობს წმ. ოქროპირი, - და ეუბნება მოწაფეების ნიშნებზე. არა მარტო მათთვის სასარგებლოზე, არამედ ჩვენთვის, ყველასათვის საჭიროზე, რაც მოხდება ჩვენს შემდგომ. მაშინ: როდის? აქ სიტყვა „მაშინ“ არ აღნიშნავს ზუსტ თანმიმდევრობას დროისა და ზემოთ მოყვანილ ამბებში, მსგავსად იმისა, როგორც ზემოთ იყო, სახარების დასაწყისში, მახარებელი იესო ქრისტეს შობის შესახებ თხრობისას, ასევე მოგვების მოსვლასა და იროდის სიკვდილზე, საუბრისას ამბობს: „მათ დღეთა შინა, მოვიდა იოანე ნათლისმცემელი“, და ამით არ მიანიშნებს დროს, რომელიც მაშინვე მოყვა, არამედ გულისხმობს იმ დროს, რომელიც იყო მრავალი წლის გასვლის შემდგომ, რადგან ამ მოვლენებს შორის ოცდაათმა წელმა განვლო, - ასევე აქაც, გამოტოვა რა შუალედი დიდი იეუსალიმის დაქცევისა და ქვეყნის დასასრულს შორის, ქრისტე ლაპარაკობს იმ დროზე, რომელიც იქნება ქვეყნის დასასრულამდე ცოტა ხნით ადრე“. უნდა გვახსოვდეს, რომ იერუსალიმის დაქცევა არის პირველსახე ქვეყნიერების დაღუპვისა, ამიტომაც ორივე მოვლენას უფალი აგვიწერს განუყოფელად, ისე, რომ ზოგიერთი რამ ეკუთვნის ერთ, ზოგი კი მეორე მოვლენას და უფლის სიტყვები გაუკაცრიელების სისაძაგლეზე, ცრუ ქრისტეებსა და ცრუ წინასწარმეტყველებზე, ეკუთვნის ორივე მოვლენას. წმიდა მამათა გაგებით, გაუკაცრიელების სისასტიკეს ადგილი ექნება ქვეყნის დასასრულის წინაც, როცა მოვა ანტიქრისტე, „კაცი იგი უსჯულოებისა, შვილი იგი წარსაწყმედელისა. მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმერთად, გინა სამსახურებლად, ვითარმედ დაცაჰსჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსსა თვისსა, ვითარცა ღმერთი“, (2 თეს. 2,3-4). ძველი აღთქმის ტაძრის შერყვნა სახეა ღვთის ეკლესიის შერყვნისა ეშმაკის მსახურთაგან. იგივე ეხება ცრუქრისტეებსა და ცრუწინასწარმეტყველთაც. იუდეველებმა ვერაფერი შეიგნეს, ვერც იერუსალიმის დაქცევით, ვერც მათი გაბნევით მთელ ქვეყანაზე, და აგრძელებდნენ თავიანთი ქვეყნის დიდებული დედაქალაქის აღდგენას, ამით სარგებლობდნენ ცრუ ქრისტენი, როგორც იყო, მაგალითად: ბარკოჰემა და ომერითი, რომელთაც თავი მესიად გამოაცხადეს; ისინი აცდუნებდნენ ხალხს, აშფოთებდნენ მას, რის გამოც ისევ იღვრებოდა სისხლის ნიაღვრები და ისევ ასობით ათასობით ებრაელი ექცეოდა ტყვეობასა და მონობაში... უფრო უარესი და უფრო საშიშნი იქნებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველნი ბოლო დროს, აფრთხილებდა რა თავის მოწაფეებს და ყველა მორწმუნეს, რათა მათ დაეცვათ თავი, უფალი ამბობდა: მით უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ ისინი, რადგან უბედურებათა სიმძიმე გააძლიერებდა აღთქმული მხსნელის მოლოდინს იქამდე, რომ განაწყობდა ხალხს მასზე ყოველგვარი ცნობისადმი რწმენით, ეს კი მისცემდა შემთხვევას „შვილებს წარწყმედისა“ ბოროტად გამოეყენებინათ მესიის სახელი.

უკეთუ ვინმე გრქუან თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინათუ იქი, - ნუ გრწამნ. ჭეშმარიტი მესია მაშინ ისე არ მოვა, როგორც მისი პირველი მოვლინებისას ბეთლემში, ქვეყნის ერთ პატარა კუთხეში, როცა თავიდან არაფერი იცოდნენ მასზე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - არამედ მოვა განცხადებით, მთელი დიდებით, ისე, რომ აღარ იქნება საჭირო ამის შესახებ უწყება ვინმესი“. ასე რომ, ნუ ენდობით ასეთ ხმებს: რამეთუ აღჰსდგენ ქრისტე მტყუანნი, და ცრუწინასარმეტყუელნი, და ჰყოფდენ მოიმოქმედებენ ცრუ სასწაულებსა და დიდ-დიდსა და ნიშებსა, აჩვენებენ ისეთ საშინელ და უჩვეულო საქმეებს, რომლებიც მიემსგავსა ჭეშმარიტ სასწაულებს, ისე, რომ ძნელი იქნება სიცრუის შეცნობა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკეთუმცა ვითარ შეუძლეს რჩეულთა მათცა. მსგავსად იმისა, როგორც ეგვიპტელი მოგვები ჰბაძავდნენ მოსეს სასწაულებს, და ეს თვითმარქვიები და მატყუარები ეშმაკის მოხერხებით ხალხის წინაშე ისეთ ამბებს მოახდენენ, რომ ზოგს კიდეც მოხიბლავენ; თვით მართალნიც კი, ჭეშმარიტი ქრისტიანები, თუ მუდამ არ იქნებიან სიფრთხილეში, შეიძლება მოტყუვდნენ და ჩავარდნენ ხიბლში და აღიარონ ეს ცრუ მესიები და ცრუწინასწარმეტყველნი. ასეთი იქნება ქვეყნის დასასრულის წინ ანტიქრისტე და მისი მსახურები. მათ მსგავსადვე მსჯელობს პავლე მოციქულიც, რომელმაც უწოდა მას სახელად „კაცი იგი უსჯულოებისა, შვილი იგი წარწყმედისა“. „რომლისა იგი მოსვლა არს შეწევნითა ეშმაკისათა, ყოველითავე ძალითა და ნიშნებითა და სასწაულებითა ტყუილისათა. და ყოველივე საცთურითა სიცრუისათა წარწყმედულთა მათ შორის“ (2 თეს. 2,9-10). მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც ამბობს მათზე გამოცხადების მე-13 თავში. „მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესია დედამიწაზე არის მართლმადიდებელი ეკლესია. აქ არის ქრისტე. თუ გაიგონებთ ვინმესგან ჩემში ლაპარაკობს ქრისტე, ხოლო ეკლესიისათვის იგი უცხოა, მის მოძღვრებას იგი არ ცნობს და არც მისი საიდუმლოებებით განიწმინდება, - მისას ნუ ირწმუნებ“ (ეპ. თეოფანე). ამიტომაც ყოველივეს გაუწყებთ მე, ამბობს უფალი: აჰა ესერა, წინასწარ გარქუ თქუენ, რათა თქვენ სიცრუეს წინ აღუდგეთ მტკიცედ, უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს - მესია, - ნუ განჰხუალთ; აჰა ესერე საუნჯეთა შინა არა, ნუ გრწამნ. ასე არ მოვა ჭეშმარიტი მესია, როცა მოვა ამისი დრო, მას აღარ დასჭირდება მინიშნება საამისოდ.