მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ქრისტეს მოვლინების უეცრობა, ზეციური ნიშნები. ჯვარის გამოჩენა, წინასწარმეტყველების უტყუარობა

მათე 24, 27-35

რამეთუ ვითარცა ელვა რა გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით, და ჰსჩანნ - უცებ გაიელვებს ვიდრე დასავალამდე, ეგრეთ იყოს, თავის დრო მოსვლა ძისა კაცისა, მოულოდნელად, უცაბედად. „როგორა ბრწყინავს ელვა? იგი არ საჭიროებს მაუწყებელს, არც მქადაგებელს, არამედ უცაბედად გამოჩნება ქვეყანაზე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მას ყველა ამჩნევს, სადაც უნდა იყვნენ, ასევე იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომელიც ყველას უცებ მოევლინება თავის დიდების ელვარების გამო“. რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მომკვდარი სხეული, მუნცა შეჰკრბეს ორბები: როგორც მკვდარ სხეულზე, მაშინვე იკრიბებიან მტაცებელი ფრინველენი, ასევე იქაც, სადაც გამოჩნდება ქრისტე ყოველი გარდაცვლილისთვის, შეიკრიბებიან წმინდანები, რომელნიც სუფევენ სათნოებათა სამყოფელში და მიმოდიან ღრუბლებით ზეცაში არწივების მსგავსად...

დიდი კრძალულებით მოისმინეს რა მოწაფეებმა მოძღვრის საუბარი: მარტო ოთხი კი არა, ყველა შეიკრიბა მის გარშემო და მოთავსდა მასთან სიახლოვეში: დრო და დრო, როცა ის დუმდებოდა, ისინი მიმართავდნენ კითხვებით მომავალ დიდ მოვლენებზე და იგი აგრძელებდა რა საუბარს, პასუხობდა კითხვებზე. მახარებლებმა არ ჩაიწერეს ეს კითხვები, შემორჩა მხოლოდ უფლის სიტყვები, ასე რომ, უფლის ეს საუბარი მოწაფეებთან მათ ჩაწერილი აქვთ, როგორც ერთი მთელი საუბარი, აი, რატომაა, რომ ამ საუბრების კითხვისას შესამჩნევია გარკვეული ნაწყვეტ-ნაწყვეტობა. დაშორებული მოვლენები უახლოვდებიან, კითხვებზე მიგებული პასუხი ჩანს შემდგომი მოვლენის კუთვნილებად. ასეთია, მაგალითად, შემდეგი გამოთქმა: „მეყუსეულად“. ხოლო მეყუსეულად, შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთასა „რომელ ჭირიან დღეებზე ამბობს იგი? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: ანტიქრისტესა და ცრუწინასწარმეტყველთა ჭირიან დღეებზე. რადგან დიდი გასაჭირი იქნება მაშინ, როცა იქნებიან ამდენი მაცდუნებლები, მაგრამ იგი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან თუ იუდეველთა ომის ხანგრძლივობა შემცირდა რჩეულთა გამო, მით უფრო შემცირდება ეს განსაცდელი მათთვისვე. ამიტომაც არ თქვა ქრისტემ: „შემდგომად ჭირისა“, არამედ „მეყუსეულად, შემდგომად ჭირისა“, რადგან ყველაფერი მოხდება უცაბედად. ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუქრისტენი თავიანთი მოსვლით გამოიწვევენ შფოთს, და უცებ მოვა თვით ქრისტე. როგორ მოვა იგი? ისე, რომ გარდაიქმნება ყოველივე შექმნილი. „ამას თან სდევს საშინელი მოვლენები ცაზე და დედამიწაზე: მზე დაბნელდეს კი არ განადგურდება, არამედ მას დაჩრდილავს ქრისტეს მოსვლის ნათელი; და მთოვარემან არა გამოჰსცეს ნათელი თვისი, იმავე მიზეზით, და ვარსკვლავნი დამოჰსცვივნენ ზეცით, აღარ იქნებიან დასანახნი, რადგან არ იქნება ღამის სიბნელე; ყველა გამოვა თავისი საზღვრებიდან, და ძალნი ცათანი, ღვთის ანგელოზები, შეიძრნენ, იხილავენ რა ასეთ ცვლილებებს: „დედმიწაზე იქნება ისე, როგორც დიდი ქარიშხლის წინ: ყველგან შეშფოთება, გაურკვევლობა, შიში და ძრწოლა. ზღვა აზვირთდება და აღელდება. უბედურებათა მოლოდინი უფრო მძიმე შეიქმნება, ვიდრე თავად უბედურებანი, მთელი ბუნება იქნება მშობიარობის ტკივილებში“ - ამბობს წმ. ოქროპირი. მაშინ გამოჰჩნდეს სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა, „ანუ ჯვარი, რომელიც იქნება მზეზე უფრო მოელვარე, რადგან მზე იქნება დაბნელებული და დამალული, ჯვარი, კი გამოჩენილი. იგი არ გამოჩდებოდა, რომ არ ყოფილიყო მზის სხივები უფრო მოელვარე. მაგრამ რისთვის გამოჩდა ეს ნიშანი? იმისათვის რომ სრულიად დაამსხვრიოს იუდეველთა უსირცხვილობა. ქრისტე მოვა ამ სამსჯავროზე და მას ექნება უდიდესი გამართლება - ჯვარი; იგი აჩვენებს არა მარტო ჭრილობებს, არამედ სამარცხვინო სიკვდილსაც“ (ნეტარი თეოფილაქტე). „სასწაულს უფალი უწოდებს ჯვარს, როგორც ძლევისა და სამეფო ნიშანს“. და მაშინ, დაინახავენ რა ჯვარს, იტყებდნენ მწარედ ატირდებიან ქრისტეს დიდებით მოსვლის გამო ყოველნი ტომნი ქვეყანისანი, და პირველად, ისრაელთა ყოველი ტომი დაიტირებს თავის დაუმორჩილებლობას, „რადგან ვერ ისარგებლეს მისი სიკვდილით, და ჯვარს გააკრეს ის, ვისთვისაც უნდა ეცათ თაყვანი“. ატირდება ყველა, ვინც სჯიდა ქვეყნიური სიბრძნით, „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ საშინლად წარმოგვიდგინა ქრისტემ თავისი მეორედ მოსვლა? როგორ გაამხნევა მან მოწაფეთა გული? იმიტომ წარმოადგინა მან პირველად სამწუხარო ნიშნები, რათა ამით დაეწყნარებინა და დაემშვიდებინა ისინი. კიდევ ერთხელ შეახსენა რა მათ წამებასა და აღდგომაზე, გამოაჩინა ჯვარი გაბრწყინებული სახით, რათა მათ არ შერცხვენოდათ და არ ყოფილიყვნენ შეწუხებულნი, როცა, იგი გამოაჩენდა მას სხვა ნიშნებთან ერთად თავისი მოსვლის ჟამს. სხვაგან კი წმიდა წერილში ნათქვამია: „მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ“ (ზაქ. 12,10). ამიტომაც ატირდებიან მწარედ ტომები, დაინახავენ რამ მას, რომელიც მოიძულეს. გაიგონებთ რა ჯვარზე, - ამბობს უფალი, - არ წარმოიდგინოთ რაიმე სამწუხარო, რადგან ჯვარი გამოჩდება იმიტომ, რომ იუდეველთა ცოდვა თავისთავად განისაჯოს: როგორც ქვით დაშავებული უჩვენებს ქვასა და გასისხლიანებულ ტანსაცმელზე, ასევე მეც გაჩვენებთ ჯვარს, რათა იუდეველებმა თავად გამოუტანონ თავს განაჩენი“. მაგრამ ჩემი ჭეშმარიტი მიმდევრებისათვის ეს დრო უნდა იყოს დრო იმედისა და ნუგეშისა. მაშინ მათ შეეძლებათ მშვიდად ასწიონ თავი მაღლა. მათთვის დადგება დრო ხსნისა. და იხილონ ძე კაცისა, მომავალი უკვე არა ჯვარზე, არამედ ღრუბელთა ზედა, რითაც იგი თავის აღდგომის შემდეგ ამაღლდება ზეცას, დაინახავენ მას მომავალს ძალითა და დიდებითა მრავლითა, მისი ძალა გამოვლინდება მაშინ განსაკუთრებით ცეცხლის მიწაზე გადმოყვანებაში, მიცვალებულთა აღდგომაში, ცოცხალთა შეცვლაში აღდგომილთა სახის მიხედვით და ცოცხალთა და მკვდართა გასამართლებაში. ქრისტეს დიდება გამოჩნდება მისი მოსვლის დიდებულებაში, როცა იგი ათობით ათასობით ანგელოზით იქნება გარშემორტყმული. და წარავლინეს ანგელოსნი თვისნი, და მისი ბრძანებით განაწილდებიან ანგელოსები ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდის, საყვირითა ხმისა დიდისათა, უფლის ყოვლად ძლიერი ღვთიური ბრძანებით, რომელიც გაისმება, როგორც ღვთის საყვირი, საყვირი მაღალხმიანი, და ამ საყვირის ხმაზე აღდგებიან მკვდრები, და შეჰკრიბნეს უზენაესი ღმერთის ანგელოსები, რჩეულნი მისნი - ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს, ქრისტეს სასუფეველში მოწოდებულთ, შეჰკრებენ ასევე ყველა უკეთურებათა მოქმედს, ოთხთაგან ქართა, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, კიდითგან ცათათ, ვიდრე კიდემდე მათთა, ცისქვეშეთში მკვიდრთ. რჩეულთ ისინი შეკრებენ მარადიული დიდებისათვის, ცოდვილთ კი - მარადიული ტანჯვისათვის, და მაშინ იქნება ქვეყნის დასასრული და დადგება დიდებული სამეფო ღვთისა. „მაგრამ რატომ მოუწოდებს ქრისტე თავისი ანგელოზების მეშვეობით რჩეულებს, თუ იგი ასე ცხადად უნდა მოვიდეს? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: - იმისათვის, რომ ამით ისინი დააფასოს. პავლე ამბობს, რომ ისინი იქნებიან ატაცებულნი ღრუბლებზე. აღდგომაზე მსჯელობისას იგი აღნიშნავს: „თავად უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოსთ-მთავრისათა და საყვირითა ღმრთისათა, გარდამოხდეს ზეცით“, (1 თეს. 4,16). ასე, ანგელოზები შეკრებენ მკვდრეთით აღდგომილთ, ხოლო ღრუბლები აიტაცებენ რჩეულთ, და ხმა დიდი? გამოსაღვიძებლად, გასახარად, საშინელი მოვლენების წარმოსადგენად, იმათ საწამებლად, ვინც დატოვებულ იქნება. ვაი, ჩვენ ამ საშინელი დღის გამო! უნდა გაგვხარებოდა, როცა ამას გავიგონებდით, ჩვენ კი ვწუხვართ, ვიწყენთ და დარდიანნი ვხდებით. ნუთუ მე ერთი ვითმენ ამას, და თქვენ ხარობთ? - ამბობს წმ. ოქროპირი. მე რაღაც საშინელება მეუფლება, როცა საუბრობენ ამაზე და მწარედ ვტირი და გულის სიღრმეში ვკვნესი, მე ვტირი, როცა წარმოვიდგენ, როგორ დიდებას მოვაკლდებით, როგორ იმედს ვკარგავთ სიკეთისა და ამასთან სამუდამოდ, თუ კი ცოტა მაინც არ გამოვსწორდით...“

აქ უფალმა მიუთითა მოწაფეებს ლეღვის ხეზე. რაც არ იყო ცოტა ელეონის მთის ფერდობზე, და გააგრძელა: ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი, ვითარცა იგი რაჟამს რტონი მისი დაჩჩვიან და ფურცელნი გამოვალნ, დაინახავთ რა ამას, თქვენ თვითონ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების გარეშე უწყოდეთ და კიდეც ამბობთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული, ეგრეცა თქუენ ოდეს იხილოთ ესე ყოველი, როცა ყველაფერი, რასაც მე გეუბნებოდით, აღსრულდება იერუსალიმზე და იუდეველებზე, მაშინ უწყოდეთ, რამეთუ ღვთის სამსჯავრო ახლო არს, სასჯელი ღვთისა მომდგარია კართა ზედა. როგორც ბუნების კანონით აუცილებელია, რომ გაზაფხულს მოჰყვეს ზაფხული, ასევე აუცილებლად უნდა შესრულდეს ყოველივე ის, რასაც ახლა მე გიწინასწარმეტყველებთ. ამინ გეტყვი თქვენ: არა წარჰდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს! ახლანდელი თაობა ხალხისა ჯერ კიდევ არ იქნება ამ ქვეყნიდან გასული, რომ ყოველი აღსრულდება, რასაც მე გამცნობთ იერუსალიმსა და იუდეველებზე, არ გავა ორმოცი წელიწადიც კი, რომ ამ ქვეყანას დაატყდება თავს ომი და შიმშილი, ჭირი და მიწისძვრანი, შფოთი და ამბოხი, - გამოჩნდებიან ცრუ ქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი. არ გავა ქვეყნიდან მართალთა მოდგმაც, ისინი, რომლებიც ეძიებენ უფალს. რომ ყოველივე ეს აღსრულდება. „დაინგრევა იერუსალიმი, დაიღუპება იუდეველთა დიდი ნაწილი, მაგრამ ვერაფერი მოერევა ამ მოდგმას - ჩემს მორწმუნეებს - არც შიმშილი, არც ჭირი, არც მიწისძვრები და საშინელი ბრძოლანი, არც ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, ვერც მაცდურნი და დამაბრკოლებლები, ვერც გამცემელნი და ცრუ მოკეთენი, და ვერავითარი განსაცდელი. ცანი ქვეყანა წარჰხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჰხდენ, უფრო უწინ დაიქცევა ცა და დედამიწა, ვიდრე გამტყუნდება თუნდაც ჩემი ერთი სიტყვა“ (წმ. ოქროპირი).

„აუხსნელი ღვათებრივი დიდებულება აისახა უფლის ამ სიტყვებში. მსმენელთაგან თითოეული გრძნობდა, რომ არ ესმოდა უბრალო მუქარა, რომ ზეცა და დედამიწა იყო მზად გამოსულიყო მისთვის დადგენილი მდგომარეობიდან, ოღონდ კი მიეცათ დრო ამის შესრულებისა“ (მთ. ეპ. ინოკენტი). - „ვისაც ამაში ეჭვი ეპარება დაე, მან გამოიკვლიოს ყოველივე თქმული და დაინახავს, რომ შემდგომში მომხდარმა მოვლენებმა სრულიად გაამართლეს წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება. იესო ქრისტემ სტიქიანი იმიტომ მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ეკლესია ზეცასა და დედამიწაზე მეტია, ასევე ის, რომ იგი არის შემოქმედი ყოველივე არსებულისა, მეუფე ქვეყნიერებისა.“