მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

წინასწარმეტყველება ცრუწინასწარმეტყველებზე, მოციქულთა დევნასა და სხვა უბედურებებზე

მათე 24, 3-13

სევდიანი ფიქრებით და მწუხარე გრძნობებით მიჰყვებოდნენ მოწაფენი ტაძრიდან უფალს. მათ აღარ იკადრეს თავიანთი მოძღვრისათვის დაერღვიათ მდუმარება, უხმოდ ავიდნენ ელეონის მთის ერთ შემაღლებულ ადგილას, რომელიც ტაძრის პირას იყო. აქ უფალი დაჯდა დასასვენებლად. არც თუ უშიშრად, უახლოესმა და უფლისაგან გამორჩევით შეყვარებულმა მოციქულებმა: პეტრემ, ანდრიამ, იაკობმა და იოანემ, რომელნიც იყვნენ მოწმე თავიანთი მასწავლებლის ყველაზე მეტად საიდუმლო მოქმედებებისა, ისარგებლეს რა სხვათა განშორებით, მიუახლოვდნენ უფალს და დაინახეს რა მისი მზერა ტაძრისკენ იყო მიპყრობილი, გადაწყვიტეს მიეცათ მისთვის მტანჯველი კითხვა: და ვითარცა დაჰსჯდა იგი მთასა მას ზეთის ხილთასა, მიუხდეს მას მოწაფენი თვისაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ: ოდეს იყოს ესე, და რაი არს სასწაული იგი შენისა მის მოსვლისა და აღსასრული ამის სოფლისა? „განმარტოებულთან მოვიდნენ“, - ამბობს წმ. ოქროპირი, - იმიტომ, რომ განზრახული ჰქონდათ მეტად მნიშვნელოვან საგანზე შეკითხვა. რადგან მათ მოუთმენლად სურდათ გაეგოთ მისი მოსვლის დღეზე, რამეთუ ძალიან უნდოდათ იმ დიდების დანახვა, რაც იქნებოდა საწინდარი უამრავი წყალობისა. „ამასთან ისინი ძალიან იყვნენ დარწმუნებულნი უცვალებლობაში ძველი აღთქმის დადგენილებისა, რომ ორი მოვლენა: ტაძრის დანგრევა და დასასრული ქვეყნისა მათ გონებაში გაერთიანდა. უფალმა არ ისურვა მათ კითხვაზე პასუხის გაცემა. მოგვიანებით, აღდგომის შემდგომ, მან პირდაპირ უთხრა მათ, რომ მათი საქმე არაა ცოდნა დროისა და წლებისა, რაც ზეციურმა მამან თავის ხელმწიფებით განსაზღვრა; ახლა კი მხოლოდ ის გაუცხადა, რომ მისი მეორედ მოსვლა და დასასრული ქვეყნისა მოხდება არც ისე მალე იერუსალიმის დაქცევიდან. მან გარკვევით თქვა: იუდეველები ამაოდ ფიქრობენ, რომ თითქოს მესია მოვა, რათა გაათავისუფლოს მათი ქალაქი. იერუსალიმი ვერ გაექცევა ღვთის მსჯავრს თავისი ცოდვების გამო. ერთი ხაზით აღნიშნავს იმ დროის გაგრძელებას იერუსალიმის განსჯიდან ქვეყნის სამსჯავრომდე, მაგრამ სადამდე განივრცობა ეს ხაზი - მხოლოდ ერთმა მან იცის. იერუსალიმი, თქვა მან, გაითელება წარმართებისაგან, როგორც ტყე დამპყრობლისაგან იქამდე, ვიდრე არ დასრულდება დრო წარმართებისა. ეს მითითება, თუმცა განსაზღვრული, საკმარისი იყო, რათა მოწაფეები დაეცვა მრავალი განსაცდელისა და უბედურებისაგან. მათთვის დგებოდა დრო უფალთან განშორებისა, რის შემდეგაც ისინი უნდა გამხდარიყვნენ მასწავლებელნი და წინამძღოლნი მორწმუნეებისათვის, მთელი ქრისტიანული ეკლესიისათვის, ხოლო პირველი ქრისტიანები ყოველგვარი მწუხარებისას ნუგეშს ნახულობდნენ ქრისტეს მალე მოსვლაში. აუცილებელი იყო მათი გაფრთხილება, რათა ისინი არ მიეზიდა და არ მოეტყუებინა ვინმე ცრუქრისტეს, რათა აუსრულებელ მოლოდინს ქრისტეს მალე მოსვლისა, არ გაეგრილებინა მათი რწმენა და არ ჩაექრო იმედი, არ შეერყია საფუძველი ქრისტეს ეკლესიისა და ამ გაფრთხილებებს, ამ მითითებებს უფალი აძლევს თავის წინასწარმეტყველებით საუბარში იერუსალიმის დაქცევასა და ქვეყნის ბოლო დროზე. რადგან ეს მოვლენები უფლის საუბარში აისახება თითქოს ერთ დიდ სურათზე, ბევრი მოვლენა ერთმანეთსაა დაშორებული. რაც უნდა მოხდეს ქვეყნის დასასრულს, წარმოდგენილია, როგორც თანადროული წმიდა ქალაქის დაქცევისა, და ეს იმიტომ, რომ ღვთის მსჯავრი იერუსალიმზე იყო პირველსახე, წინა ნიშანი მომავალი საბოლოო ღვთის მსჯავრისა ქვეყნიერებაზე. მაშინ დასრულდა ძველი აღთქმის ეკლესიის ბედი, ხოლო უკანასკნელ, საშინელ სამსჯავროზე ღვთისა, დასრულდება ბედი ახალი აღთქმის ეკლესიისა. ამ ორ უდიდეს მოვლენას შორის კავშირი უწყვეტია, ამიტომაა უფლის წინასწარმეტყველებით სიტყვაში ისინი განუყოფლად წარმოდგენილი. ასე რომ ზოგჯერ ძნელია ზუსტად განისაზღვროს, რომელ მოვლენას განეკუთვნება ესა თუ ის სიტყვა უფლისა; ამასთან ძველი განმმარტებლებიც ერთნაირად როდი განმარტავენ იესო ქრისტეს ზოგიერთ გამონათქვამს, არამედ თავადვე მიუთითებენ ამ განსხვავებაზე. აქ საჭიროა იმის ხსოვნა, რომ ღვთის წინაშე ერთი დღე, როგორც ათასი წელია და ათასი წელი - როგორც ერთი დღეა.

ამ საუბრის მთავარი აზრი, მისი ძირითადი ტონი ხასიათდება, როგორც ოთხი მითითება: „მოერიდეთ“, „შეხედეთ“, „მოითმინეთ“ და „ილოცეთ“.

მიუგო იესო და ჰრქუა მათ: თქვენ ტყუილად არ ირჯებით მომავლისათვის. ჩემთან განშორების შემდეგ, თქვენ ნამდვილად გელით უამრავი განსაცდელი და საცდური. ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ ჩემს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. მე მალე მომიწევს ჩემს მამასთან მისვლა; მაშინ სიცრუე და სიყალბე გაძლიერდება იქამდე, რომ გამოჩნდებიან თვითმარქვია ცრუქრისტენი, რამეთუ მრავალნი მოვიდოდენ სახელითა ჩემითა, და იტყოდენ, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, დადგა მესიის დრო: არცთუ ცოტა დაუჯერებს მათ და დაბრკოლდება და მრავალთა აცდუნებდენ, მაგრამ თქვენ ნუ გაყვებით მათ კვალს - გაფრთხილდით! - უფლის ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა სულ მალე, მისი ამაღლების შემდგომ გამოჩნდა ბევრი ცრუქრისტე მატყუარა. „ქვეყანა, - ამბობს ებრაელთა ისტორიკოსი ფლავიუსი, - სავსე იყო ჯადოქრებით, რომელთაც ხალხი გაყავდათ უდაბნოში, რათა იქ ეჩვენებინათ სასწაულები, თითქოს ღვთის მოხდენილი“. ასეთები იყვნენ: დოსითეოს სამარიტელი, რომელიც თავს უწოდებდა ქრისტეს, სიმონ მოგვი, ასევე სამარიიდან, რომელსაც სურდა ფულით ეყიდა წმიდა სული, კადნიერად რომ ეკამათებოდა მოციქულ პეტრეს; მენანდარი - სიმონის მოწაფე, ფევლა, რომელმაც ურიცხვი ხალხი გაიყვანა იორდანეს ნაპირას, პირდებოდა რა მათ მდინარის ორად გაპობას ილიასა და ელისეს მსგავსად; ვიღაც ეგვიპტელი, რომელიც „საქმე მოციქულთაში“ იხსენიება და სხვები.

„ომი, - ამბობს უფალი, - იქნება ორგვარი: მოტყუებულთა მხრიდან და მტრების მხრიდან, მაგრამ პირველი ბევრად უფრო სასტიკი იქნება. რადგან დაიწყება არეულობებისა და საშინელებების ჟამს, როცა ხალხი იქნება შიშსა და შეშფოთებაში“ ( წმ. ოქროპირი). და გესმოდენ ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და როგორც არ უნდა საშიში იყოს ეს ხმები, ნუ შეჰსძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად. ნუ გეშინიათ, რომ ამ არეულობისას შეწყდება სახარების ქადაგება: ყველაფერი, რაც მე ვთქვი, აღესრულება ისე, რომ იგი ზიანს ვერ მოუტანს სახარების საქმეს. „მოვლენები შემთხვევით რომ მომხდარიყო - ამბობს მიტრ. ფილარეტი - მაშინ შეუძლებელი იქნებოდა შიშისათვის ზღვარის დადება; მაგრამ როცა ცნობილი იყო, რომ ყველა მოვლენა, არა მარტო სასიკეთო, არამედ ძალზე დიდი, რაც შეაშფოთებს და შეაშინებს ხალხს, როგორიცაა ომები და მასზე ხმები, ხდება ღვთის განგებით, ღვთის განგებულების უხილავი მიმართვით ღვთის კეთილი მიზნებისათვის; მაშინ მთელი ხალხებიც რომ აღსდგნენ, თქვენს შესაშინებლად, ეს შიში, თუკი ესასოებით ღმერთს, შეიძლება იყოს ისე მცირე, როგორიცაა ღვთის წინაშე ყოველი ხალხი, წინასწარმეტყველის სიტყვით, როგორც წვეთი წყალში. ასე დაიცავით რწმენა, სიმართლე, ღმერთზე მინდობა, და ნუ იქნებით მშიშრები, მიანდეთ თავი ღვთის განგებულებას“. „იხილეთ და ნუ შეჰსძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად“. მიტრ. ფილარეტი შენიშნავს: „ცნობისმოყვარე გონება ალბათ იტყვის: რანაირად „ჯერ-არს ესე... ყოფად“ და ისეთი მოვლენებიც კი, როგორიცაა ბრძოლანი, უბედურებანი, საუკეთესო ადამიანების ტანჯვაც კი არის ღვთის განგებულებით „და არის მართალი და კეთილი?“ - ეს მოსაზრება შეიძლება მძიმედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში იგი მხოლოდ კადნიერებაა: რადგანაც ასეთი გაგებით მიწის მტვერი ცდილობს ზეცაში ასვლას, ქვეყნის შემოქმედისა და მსაჯულის განსჯას და მისი ქვეყნიერების მართვის საიდუმლოთა წვდომას. მივცეთ ასეთსას მოკლე პასუხი: არ გაგიგონია შენ, რომ ქრისტემ თავის უბედურებებსა და ბრძოლებზე თქვა: „ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად?“ შეგიძლია ეჭვი შეიტანო იმაში, რომ ქრისტე არის თავად სიბრძნე, თავად სიმართლე და თავად სიკეთე? როგორ შეგიძლია იეჭვიანო იმაშიც, რომ შენი შეხედულებისამებრ, მისი მბრძანებლობით „ჯერ-არს... ყოფად“, რომ უცვალებლივ ხდება, და მოხდება მისი სიბრძნის, სიმართლისა და სიკეთესთან შესაბამისობაში? ამის დანახვა შეგიძლია თვით მოვლენებშიც, თუკი გაიხედები სუფთა თვალით. „უფალი ამბობს იმ ომებზე, რომლებიც ხდებოდა პალესტინაში, და არა სხვა ადგილებში დედამიწაზე. რადგან რა გასაჭირი შეიძლება ჰქონოდათ მათთან მის მოწაფეებს?“ (წმ. ოქროპირი).

არამედ არა არს აღსასრული, მაგრამ ამის შემდეგ უცებ არ მოხდება ტაძრისა და ქალაქის დასასრული. მოვა კიდევ უფრო მეტი უბედურებანი: რამეთუ აღჰსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფება მეუფებასა ზედა: და იყუნენ სიყმილნი, და სრუანი - შიმშილი და ჭირიანობა, - და ძრუანი, ადგილად ადგილად. და დიდი მინიშნებანი ზეციდან. მაგრამ ეს საშინელებანი, რომელთაც ბევრი მიიღებს მესიის მოსვლის ნამდვილ ნიშნად, სინამდვილეში იქნება მხოლოდ დასაწყისი მშობიარობის სატანჯველებისა, მშობიარობის პირველი შემაწუხებელი ტკივილებისა, რომელთაც მოსდევს უდიდესი მწუხარებანი. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათა არს. „უფალი წინასწარ აუწყებს ყოველივე ამას, - ამბობს წმ. ოქროპირი - იმის დასამოწმებლად, რომ თავად იგი აღდგება იუდეველთა წინააღმდეგ და შეებრძოლება მათ შიმშილით, ჭირიანობითა და მიწისძვრებით; იგი თვითონ დაუშვებს ომებს და ყოველივე ეს უბრალოდ კი არ იქნება, არამედ ღვთის რისხვით. ამიტომ ამბობს, რომ ეს მოხდება არა მოულოდნელად და უცებ, არამედ მინიშნებებით“.

და ყოველივე დიდი სიზუსტით აღსრულდა. იერუსალიმის დანგრევამდე ყველგან იყო არეულობა და უთანხმოებანი. რომაელების წინააღმდეგ ამხედრებულ იუდეველებს შორისაც დიდი იყო აშლილობა და მტრებთან შებრძოლებამდე უხვად დაიღვარა ძმათა სისხლი. რომში, ნერონის სიკვდილის შემდეგ, წელიწადნახევარში სამი იმპერატორი გამოიცვალა და ყოველ შეცვლას თან ახლდა ჯარისა და ხალხის ამბოხება, რომელთა შესახებაც ხმები იუდეამდეც აღწევდა, ამიტომ იერუსალიმში მცხოვრებს შეიძლება ეფიქრა: ყველგან სისხლისღვრაა: დადგა ბოლო ჟამი! მოციქულთა წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველ ანგიას ჰქონდა უწყებული შიმშილი იუდეაში, რომელიც იოსებ ფლავიუსის სიტყვებით, ისეთი ძლიერი იყო იერუსალიმში, რომ შიმშილისაგან დაიხოცა უამრავი ხალხი. 41-დან 45 წლებში ქრისტეს შობის შემდგომ, ოთხჯერ იყო დიდი შიმშილობა რომში, საბერძნეთსა და პალესტინაში. იყო გავრცელებული გადამდები სნეულებანი, როგორც ამას წერენ იმ დროის ისტორიკოსები. იყო მიწისძვრანიც, რომელთაგანაც დაიანგრა ქალაქები: ლაოდიკია, იერაპოლი და კოლოსი, ხოლო დაზარალდა: სმირნა, ხიოსი, მილეტი და სამოსი. ამ უბედურებათა გარდა უფალი ავლენდა განსაკუთრებულ, სასწაულებრივ ნიშნებსაც თავისი მართლმსაჯულებისა იერუსალიმზე: მთელი წელიწადი მის თავზე ჩანდა კომეტა მახვილის მსგავსი, ტაძარში ღამით შეინიშნებოდა დღის სინათლე, შესაწირი ძროხიდან იშვა კრავი, ტაძრის აღმოსავლეთი კარებები, სპილენძისგან რომ იყო შეჭედილი, თავისით გაიხსნა, მაშინ, როცა ჩვეულებრივ ოცი კაცი ძლივს აღებდა მას; ღრუბლებში წარმოისახებოდა ეტლები და მხედრობა, ერგასის დღესასწაულზე, მღვდლების ტაძარში შესვლისას, გაისმა უჩვეულო ხმაური და ბოლოს გარკვევით ხმა: „და იყუნენ ძრუანი დიდ-დიდნი, ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრუანი, საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყუნენ“ (ლკ. 21,11) უფალი ყველა ამ უბედურებებს ადარებს, საშინელი ტანჯვით მშობიარობას, მთელი სიმძიმით და მგრძნობიარობით. ამათი წინასწარი უწყებით იგი ეუბნება თავის მოწაფეებს: ნუ გეშინიათ ამ უბედურებების, ისინი გარდაუვალია ღვთის განგებით, იქამდე თქვენ თავად გელით დიდი საშიშროებანი. მამაცურად იდექით! საყოველთაო უბედურებათა დაწყებამდე თქვენ მოასწრებთ და საკუთარ თავზე გამოცდით ყოველგვარ უსიამოვნებებს. მთელი თქვენი უდანაშაულობის მიუხედავად, თქვენზე მოიმართება ხალხების სიძულვილი, ბოროტება იუდეველთა და წარმართთა. მაშინ აღმართავენ თქვენზე ხელებს და დაგიწყებენ დევნას, მიგცენ თქუენ ჭირსა, მიგიყვანენ მეფეთა და ხელისუფალთა წინაშე, დაგიწყებენ ცემას, საპყრობილეში ჩაგსვამენ. ბნელი, არასწორი წარმოდგენებით დაბრკოლებული თქვენი ნათესავებიც კი: მშობლები, ძმები, მეგობრები იქცევიან თქვენს მდევნელებად, გამცემლებად და მკვლელებად; და მოგწყვიდნენ თქუენ; და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა, მაგრამ, მაშინაც გიხაროდეთ, რადგან ყოველივე ამას დაითმენთ სახელისა ჩემისათვის, თვით თქვენი სახელწოდება ქრისტიანი, საძულველი იქნება იუდეველებისა და წარმართებისათვის; მაგრამ ნუ მოიწყენთ: თქვენზე იქნება განგება და სიყვარული ზეციური მამისა; მისი ყოვლადძლიერი ნების გარეშე ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოვარდება თქვენი თავიდან.

და მაშინ დაჰბრკოლდებოდენ მრავალნი და დაშორდებიან რწმენას. უფრო მტკივნეული და ყველაზე საშიში იქნება ის, რომ ამ დროს სიყვარული გაგრილდება ახლობლებშიც კი, გაჩნდება მტრობა და განხეთქილებანი, გამოჩნდებიან გამცემელნი და მოღალატენი ერთმორწმუნეთა შორისაც კი; და ურთიერთარს შინა განჰსემდენ, რწმენისაგან, განდგომილნი დაიწყებენ დარჩენილი მართალი ადამიანების გაცემას მდევნელთა გულის მოსაგებად, მიუთითებენ თავიანთ უწინდელ ძმებზე, მათ სახლებსა და სამყოფელებზე, რათა მდევნელებმა ისინიც შეაცდინონ, ანდა აწამონ და დახოცონ, და ჰსძულობდენ ურთიერთარს, რწმენისაგან განდგომილნი ვეღარ აიტანენ მათ, რომელნიც მკიცედ იდგებიან რწმენაში, რამეთუ ეს უკანასკნელნი იქნებიან მათი მამხილებლები. და მრავალნი ცრუ წინასწარმეტყველნი აღჰსდგენ, როგორც მორწმუნეთა შორის, ასევე იუდეველებში და აცთუნებდენ მრავალთა თავიანთი ცრუსწავლითა ერესებით, დაიკარგება ნდობა ერთმანეთში, გაქრება მეგობრობა და სიყვარული: და განმრავლებითა უჰსჯულოებისათა, ზნეობის წახდენით, განხმეს სიყუარული მრავალთა: რაც უფრო მეტი იქნება ცოდვები, მით მოიკლებს სიყვარული, ასე რომ რწმენა მიეცემა სიბნელეს. იქნება ძალზედ მძიმე დრონი, მაგრამ თქვენ, ჩემგან გამორჩეულებმა, მოთმინებით უნდა გადაირჩინოთ სული: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი სცხოვნდეს, ვინც შეინარჩუნებს რწმენას, საშინელ განსაცდელთა მიუხედავად, გადარჩება.

ყველა ეს წინასწარი უწყება უფლისა აღსრულდა მოციქულებსა და ძველი დროის ქრისტიანებზე; მაგრამ ყოველივე ეს გამეორდება ბევრად უფრო მეტად ქვეყნის ბოლო ჟამს, უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ.