ხოლო დღისა მისთვისა და ჟამისა, გააგრძელა უფალმა თავისი საუბარი მოწაფეებთან, - ქვეყნის ბოლო დღესა და ჟამზე არა ვინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, რომლებიც თუმცაღა აღწევენ ღვთის საიდუმლოებებში, მაგრამ არ იციან ის, რაც მათთვის არ არის გახსნილი, არც შვილისთვის, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან. ეს დღე და საათი დაფარულია ისეთი საიდუმლოთი, რომ თქვენ არა მარტო არ გევალებათ მისი ცოდნა, არამედ ამის კითხვაც კი. ყოველგვარი ცნობისმოყვარეობა აქ უადგილოა. თქვენთვის საკმარისია ის ნიშნები, რომლებიც ჩემგან მოგეცათ, დროისა და წლების განსაზღვრა - ეს თქვენი საქმე არაა. იგი ჩემმა ზეციურმა მამამ თავის ნებაში მოაქცია.
„უფალი სამსჯავროს დროზე იმიტომ გაჩუმდა, - ამბობს წმ. ბასილი დიდი, - რომ არ იყო ხალხისათვის სასარგებლო ამის მოსმენა: რადგან მუდმივი მოლოდინი ადამიანს ხდის უფრო მოშურნეს ღვთის მოსაობაში, ცოდნა კი იმისა, რომ სამსჯავრომდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ადამიანს გახდიდა უფრო უმოქმედოს იმის იმედით, რომ შეიძლება გადარჩენა შემდგომში მონანიებით. და განა შეიძლება, რომ ყოველივეს წინასწარმხედველს, თუ რა იქნებოდა იმ დრომდე, არ ცოდნოდა ის ჟამი? წინააღმდეგ შემთხვევაში მოციქულმა ტყუილად თქვა: „რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი“ (1 კორ. 2,10). ხოლო ძემ იცოდა, როგორი სახით უნდა განსჯილიყო, იცოდა საიდუმლო თითოეულისა, განა შეიძლებოდა, რომ მას არ სცოდნოდა ის, რაც უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია? თუკი „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რა იქმნა, რაოდენი რამ იქმნა“ (ინ. 1,3), განა შეიძლებოდა, რომ მას ეს დღე არ სცოდნოდა? რადგან თუ მან შექმნა საუკუნეები, შექმნა დრონიც; და თუ შექმნა დრონი, უდაოა, რომ შექმნა დღეც. როგორ შეიძლება არ იცოდეს ბოლო დღე ძემ, რომელიც მუდამ იმყოფება მამის სამყოფელში, მით უფრო, რომ შეცნობა არსისა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეცნობა დღისა. - თუ შენ კითხულობ დღესა და საათზე, - ამბობს უფალი, მაშინ ვერაფერს გაიგონებ ჩემგან; ხოლო თუ იკითხავ საერთო დროსა და მიმანიშნებელ ნიშნებზე, არ დაგიფარავ არაფერს და ყოველივეს აგიხსნი დაწვრილებით. ის, რომ ჩემთვის ცნობილია ის დღე, ამისათვის მე მოგეცით მრავალი მტკიცება, გიწინასწარმეტყველეთ ყველა მომავალი მოვლენა. აღვნიშნე ისიც, თუ ეხლანდელი დროიდან იმ დრომდე რამდენი დარჩა, - ამას გიხსნის შენ იგავი ლეღვის ხეზე, - და ამგვარად მიგიყვანე თითქმის კარიბჭესთან. თუ მე შენ არ გაგიხსენი კარები, ეს ისევ შენი სიკეთისათვის. „უფლის სიტყვები შეიძლება გავიგოთ ასეც, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე: მან, როგორც ღმერთმა, იცის, ხოლო როგორც ადამიანმა, არ იცის დრო თავისი მოსვლისა. ამიტომ იქცა რა ადამიანად ჩვენთვის იგი, იმავე დროს, შეიქმნა არმცოდნედაც, რამეთუ ხალხისათვის დამახასიათებელია მომავლის არცოდნა“. - თუ ყურადღებით ჩავუკვირდებით, - შენიშნავს წმ. ბასილი დიდი, - მაშინ მივხვდებით, რომ უფალი ბევრს ელაპარაკებოდა ხალხს თავისი ადამიანური ბუნებით“. - „ყველასათვის ცხადია, - ამბობს წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი, რომ ძემ იცის, როგორც ღმერთმა და მაგრამ თავის თავს მიაწერს უცოდინრობას, როგორც ადამიანი. ასეთი აზრს გვაწვდის ისიც, რომ სახელწოდება ძისა, მარკოზის სახარებაში მოცემულია ამის დართვის გარეშე: ვისი ძეა - რათა ჩვენ ეს უცოდინარობა მივაწეროთ ადამიანურობას და არა ღვთიურობას. ეს ადგილი შეიძლება ასეც წავიკითხოთ: და ძემაც სხვანაირად კი არ იცის დღე და საათი, არამედ ისე, როგორც ეს იცის მამამ, რამდენადაც იცის მამამ, ამიტომ იცის ძემაც, და ცხადია, რომ არავისთვის ეს არ არის უცნობი და მიუწვდომელი, გარდა პირველი მიზეზისა“.
უფრო მეტად იმაში დასამოწმებლად, რომ იესო ქრისტე გაჩუმდა საბოლოო დღეზე არა უცოდინარობის გამო, იგი გვიხსნის ახალ ნიშნებს თავისი მოსვლისა: ვითარცა იგი დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ ასევე უცაბედად, მოულოდნელად ოყოს მოსლუაი ძესა კაცისა, რამეთუ ვითარცა იგი იყუნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისა, როგორც მაშინ ეწეოდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, რომ თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ უნდა მომხდარიყო, ცხოვრობდნენ უზრუნველად, ჰსჭამდეს და ჰსმიდეს, იქორწინებდეს და განქორწინებდეს, მუნ იმ დღემდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად, - როგორც მაშინ არავინ ფიქრობდა მომავალზე, არ მოელოდა არავითარ საშიშროებას, თუმცა კი უნდა ეფიქრათ ამაზე, რადგან ნოე უქადაგებდა მომავალ ღვთის რისხვას თვით კიდობნის შენებით, მაგრამ ამას არავიან მიაქცია ყურადღება: და ვერ ჰსცნეს, ხოლო ზოგიერთები დასცინოდნენ კიდეც კიდობნის კეთებას ვიდრემდე მოიწია წყლით რღუნა იგი, და წარიღო ყოველი: ესრეთ იყოს მოსლუაცა ძისა კაცისა, იქნება ისეთივე უზრუნველობა, განცხრომა, ისეთივე ურწმუნოება, ისეთივე გარყვნილება, როგორც იყო ნოეს დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ და ყიდიდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ; მაგრამ როგორც იმ დღეს, როცა ლოთი გამოვიდა სოდომიდან, წამოვიდა ზეციდან ცეცხლის წვიმა და ყველა გაანადგურა, ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა მოგვევლინება; - იესო ქრისტემ ეს თქვა იმის დასამოწმებლად, რომ იგი მოვა უცაბედად, მოულოდნელად, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როცა უმეტესობა ხალხისა ქვეყნიურ სიამეებში იქნება ჩაძირული. იგივეს ამბობს მოციქული პავლეც: „რამეთუ რაჟამს ჰსთქუან: მშვიდობა და კრძალულება; მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი“ (1 თეს. 5,3) და ამ უცაბედობის ასახსნელად მოციქული დასძენს: „ვითარცა სალმობა შობადისა“. როგორ თქვა იესო ქრისტემ: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთასა“? განცხრომისას რა დარდი შეიძლება ჰქონდეთ? -მათ ექნება მხოლოდ კმაყოფილება და მშვიდობა, რომელთაც არ ექნება არავითარი გრძნობა. ამიტომაც მოციქულმა არა თქვა უბრალოდ: როცა იქნება მშვიდობა, არამედ „რაჟამს ჰსთქუან: მშვიდობა და კრძალულება“, გამოხატა რა ამით მათი უგრძნობელობა და როგორც ნოეს დროსაც უსჯულო ხალხი მიცემული იყო ქვეყნიურ კმაყოფილებას, მართალნი კი ატარებდნენ ცხოვრებას დარდსა და მწუხარებაში, ანტიქრისტეს მოსვლისას, არაწმინდა და თავიანთ გადარჩენაში უიმედო ადამიანებში, გამრავლდება თავაწყვეტილი გემოთმოყვარება: მაშინ ექნება ადგილი ღორმუცელობას, ლოთობას, როგორც იმ დროს; როცა კეთდებოდა კიდობანი. ხალხს არ სწამდა მაშინაც კი, როცა კიდობანი უკვე მზად იყო და აუწყებდა უბედურების მოახლოებას, ისინი მშვიდად უყურებდნენ მათ და განცხორმას ეძლეოდნენ, თითქოს მას არავითარი საფრთხე არ ელოდა, ახლაც ასე იქნება, თუმცა მოვა ანტიქრისტე, რომელსაც მოყვება დასასრული, ბოლოს კი - სასჯელი და გამოუთქმელი სატანჯველები; მაგრამ ხალხს, რომელიც მთვრალი იქნება გახრწნილებით, ეს მომავალი უბედურებანიც ვერ მოგვრის შიშს. ამიტომ, როგორც სატანჯველი აღწევს მუცელში არსებულსაც, - როგორც ამბობს მოციქული, - ასევე მათაც მიაღწევს ეს საშინელი და გარდუვალი უბედურებანი. შემდეგ იესო ქრისტე წარმოადგენს ახალ ნიშანს თავისი მოსვლისა. „ასე, რომ ყველა ამ ნიშანთა გააზრებით ნათელი ხდება, მან იცოდა ის დღე. რომელია ეს ნიშანი?“ მაშინ, ამბობს იგი ამ დღის მოულოდნელობაზე, მოხდა ისე, რომ ორნი იყუნენ, მუშაობდნენ მინდორში ველსა გარე, მათგან, უცაბედად ერთი წარიყუანოს, ერთს ან მოიტაცებს უეცარი სიკვდილით, ან წაიყვანს ანგელოზებით, რომელთაც მოავლენს მაცხოვარი, რათა შეკრიბონ რჩეულნი, და ერთი დაეტეოს. ორნი ჰფქვიდენ ფქვილსა და მათგან ერთი წარიტაცოს, რათა იგი ქრისტესთან, იყოს, და ერთი დაეტეოს. „იტაცებს და ტოვებს, - ამბობს წმინდა ოქროპირი, - მსახურებს, მონებს, მათაც, ვინც შრომაში იქნება გართული, მათაც, რომლებიც იქნებიან შვებასა და ლხინში, ყველა მდგომარეობიდან, რადგანაც ძველ აღთქმაშიცაა ნათქვამი: „ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის“ (გამ.11,5). მართალნი წაიყვანება, ხოლო ცოდვილნი დაიტოვება. „იმ დროს, - განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე, - როცა ყველა უზრუნველად იქნება თავისი საქმით დაკავებული სოფლად, სოფელი კი არის ეს ქვეყანა, - ერთი, ანუ მართალი წაიყვანება უფალთან შესახვედრად ზევით, მეორე კი, ანუ ცოდვილი, რომელიც არაა ღმერთთან შეხვედრის ღირსი, დარჩება ქვევით. ვინც გინდა იყოს, მონაცა და მუშაკიც, ანუ საქმით დაკავებული, ანდა ქვეყნიერ საქმეს მიყოლილი, - რადგან ხელსაფქვავი მიანიშნებს ხალხში გავარდნილ ხმას, - ამ ხალხიდანაც კი ერთნი, ანუ ღირსეულნი, იქნებიან წაყვანილნი, სხვები, კი, როგორც უღირსნი, იქნებიან დატოვებულნი“. შეხედეთ, უფალი გვაფრთხილებს, მღვიძარედ იყავით და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ეს დრო. ყურადღება მიაქციეთ თქვენს თავს, რათა არ დაიტვირთოთ თავი რაიმე ზედმეტით, რათა თქვენი გული არ დაიმძიმოთ ჭამა-სმით, სიმთვრალით და ქვეყნიერი საზრუნავებით, რათა ის დღე უცაბედად არ დადგეს ჩვენთვის. რადგან იგი, როგორც ბადე, ისე დაიპყრობს ყველას, დედამიწის მკვიდრთ. მუდამ ფხიზლად იყავით და ილოცეთ, და ღირსნი შეიქმნებით ყველა ამ უბედურებათა თავიდან არიდებისა და უფალთან შეხვედრისა...“