მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ბოლო ჟამის უცნობელობა. იგავი ბატონის მომლოდინე მონაზე

მათე 24, 42-51

ლუკას სახარებაში მოყვანილია უფლის სიტყვები: „ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა. ერთი იგი წარიტაცოს და ერთი იგი დაეტეოს“ (ლკ. 17,34). წმ. ოქროპირი ამბობს, რომ უფალი ამ სიტყვებით მიანიშნებს იმაზე, რომ მისი მოსვლა იქნება ღამით: „ხედავ, - ამბობს მღვდელმთავარი, როგორ ზუსტად იცის იესო ქრისტემ დასასრულის შესახებ. „მაგრამ, რათა არ ეკითხათ ამაზე მისთვის მოწაფეებს, კიდევ დასძენს: იღვიძებდით უკუე, სულიერად ნუ დაიძინებთ, ნუ იქნებით უზრუნველად, - იყავით ყურადღებიანნი დროის ნიშნების შესახებ და ყოველთვის მზად უფალთან შესახვედრად, ყოველ ჟამს, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. „არა თქვა: არ ვიცი, - შენიშნავს წმ. ოქროპირი, არამედ „არა იცით“, გამოუცხადა რა მათ თითქმის საათიც კი, ისევ აფრთხილებს მათ ამაზე, სურს რა, რომ ისინი მუდამ იყვნენ ფხიზლად. „ხოლო ესემცა იცით, უკეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმა, რომელსა სამხილავსა ღამით რა დროს მპარავი მოსულად არს, იღვიძებდაცა, საერთოდ არ დაიძინებდა, და არა უტევა დათხრად სახლისა თვისისა, არ გაატიალებინებდა ბინას: ამისთვის თქუენცა იყუენით განმზადებულ თქვენს უფალთან შესახვედრად ყოველ დროს, თუმცაღა არ იცით ზუსტად რომელ დღეს და ჟამს მოვა იგი; შეიძლება მოვიდეს ისეთ დროს, როცა თქვენ არ იფიქრებით ამას, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისა მოვიდეს.

„ადამიანებს რომ სცოდნოდათ, როდის მოკვდებიან, - ამბობს წმ. ოქროპირი, უდავოა გაირჯებოდნენ ამ დღისათვის. ამიტომ, რათა არ ვიზრუნოთ მარტო ერთი სიკვდილის დღისათვის, იესო ქრისტე არ გვიცხადებს არც ქვეყნის დასასრულს, და არც თითოეული ჩვენგანის სიკვდილის დღეს; მას სურს, რომ ჩვენ მუდამ ამ დღის მოლოდინში ვიყოთ, რათა ეს დღე იყოს ჩვენი მოუკლებელი ზრუნვის საგანი. ამიტომაც ყოველი ჩვენთაგანის სიცოცხლის ბოლო დატოვა უცნობი. შემდეგ განცხადებულად უწოდებს თავს უფალს, რაც მას აქამდე არ უთქვამს. აქ იფარება კიდევ ერთი საყვედური მცონარეთა მიმართ, კერძოდ ის, რომ ისინი თავიანთ სულზე უფრო ნაკლებს ზრუნავენ, ვიდრე ირჯებიან თავიანთი ქონებისათვის, რაც მოელის ქურდებს. ამ უკანასკნელთ არ სძინავთ, და არ უშვებენ იმას, რომ მათ საცავებიდან ვინმემ რამე გაიტანოს, თქვენ კი - ამბობს იგი, თუმცა კი იცით, რომ უფალი უნდა მოვიდეს და ამასთან აუცილებლად, და მაინც, სულაც არ ფხიზლობთ, არ ემზადებით და სიკვდილიც გაკითხავთ მოულოდნელად, ამიტომაც ეს დღე მოდის, უზრუნველთა დასაღუპად; როგორც მდიდარი, თუკი ეცოდინებოდა დრო, თუ როდის გაქურდავდნენ მას, ამას აიცილებდა თავიდან, ასევე თქვენც დაიცავდით თავს, თუკი იქნებოდით მზად“.

ქრისტეს მოსვლის მოლოდინი შეიძლება კიდევ შევადაროთ სახლის პატრონის მომლოდინე მსახურთ. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ, რომელიც შორ გზაზე მიდიოდა, თავისი სახლი დაუტოვა მსახურებს ისე, რომ თითოეულს დაუდგინა თავისი საქმე. ვინმე არს სარწმუნო იგი მონა და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თვისმან მონათა თვისთა ზედა თავის სახლეულზე, მიცემად საზრდელი, მათი ჟამსა თვისსა? ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი, და ჰპოვოს იგი ესრეთ მოქმედი, არავისაგან მოისმენს მასზე ჩივილს. ამინ გეტყვი თქუენ, ვითარმედ - ახლა უკვე მარტო თავისი სახლის მსახურებაზე კი არა, არამედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი. ამ იგავში უფალი აძლევს გაფრთხილებასა და დარიგებას თავის მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს - მისი ეკლესიის მოძღვრებს: ისინი - არიან უმეტესად მისი მსახურნი, რომელთაც დაავალა თავისი ცხოველი მადლის დარიგება მორწმუნეთათვის. „ერთგული და კეთილგონიერი მონა, - განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე, არის ყოველი მასწავლებელი, თავის დროს რომ აძლევს თითოეულს სწავლების საზრდოს, როგორიც, მაგალითად, პავლე, ზოგი რომ გამოკვება რძითა და ზოგიც პურით, როცა გამოთქვამდა მაღალი სიწმინდით. იგი - ერთგული მონაა, თუმცა უწინ იყო მგმობელი სჯულის მოშურნეობის გამო. იგია მონა კეთილგონიერი, რომელმაც შეიცნო მტრის ხრიკები. ყოველმა, მიიღო რა ღვთისაგან ქონება, თუ უფლება, ანდა ხელმწიფება, უნდა განაგოს იგი კეთილგონიერად, როგორც ისეთმა, რომელმაც ყველაფრისათვის ანგარიში უნდა გაასწოროს“. „ეს ნათქვამია, - ამბობს წმ. ოქროპირი, - არა მარტო ქონებაზე, არამედ სიტყვაზეც, ძალაზე და ყოველგვარ ნიჭსა და წყალობაზე, ყველა მოვალეობაზე, ყოველ ადამიანზე დაკისრებულზე. ეს იგავი შეიძლება შეეხოს სამოქალაქო ხელისუფალთაც, რადგან თითოეულმა უნდა გამოიყენოს მოცემული ნიჭი საერთო სიკეთისათვის. ფლობ შენ სიბრძნეს, ანდა მოცემული გაქვს ხელისუფლება, მდიდარი ხარ თუ სხვა რამ გაქვს მოცემული, შენ არ უნდა გამოიყენო იგი თანამოძმეების საზიანოდ, ანდა თავის დასაღუპად. იგავში მოხსენიებულ მონას მოეთხოვება ორი რამ: კეთილგონიერება და ერთგულება, რადგან ცოდვა კიდევ ჩნდება უგუნურების გამოც. მონა ერთგულად იწოდება იმისათვის, რომ თავისი უფლის ქონებიდან არაფერი მიითვისა, არც რაიმე განაბნია უმიზნოდ, ხოლო ბრძენად და კეთილგონიერად იმიტომ, რომ შეძლო გამოეყენებინა მინდობილი ქონება საჭიროებისამებრ. ჩვენც ასევე გვჭირდება ერთგულება და კეთილგონიერება. თუ მსახური ერთგულია და არც იპარავს, მაგრამ ქონებას კარგავს, ფლანგავს უსარგებლო ნივთების შეძენაზე, - ესეც არის დიდი დანაშაული; ხოლო თუ მას შეუძლია კარგად განაგოს ქონება, მაგრამ, ამავე დროს, იპარავს კიდეც, ესეც რა თქმა უნდა, არ არის ნაკლები დანაშაული. დაე, ეს შეამჩნიონ ჩვენში იმათ, ვისაც აქვთ ფული, რადგან ქრისტეს სიტყვები ეკუთვნის არა მარტო მასწავლებლებს, არამედ მდიდრებსაც. მათ მოცემული აქვთ სიმდიდრე: მოსწავლეებს ძალზე აუცილებელი, თქვენ მდიდრებს კი - უფრო ნაკლებაუცილებელი. თუ მასწავლებელი უხვად განაბნევენ სიკეთეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანს, თქვენ კი არ გინდათ გამოიჩინოთ სიუხვე ნაკლებმნიშვნელოვანშიც, არა მარტო სიუხვე, არამედ მადლიერებაც, მაშინ რით გაიმართლებთ თავს? - როგორი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს ის ღირსება, ის ნეტარება, როცა ზეციური მეუფე, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, დაადგენს ადამიანს თავის ქონებაზე? ამიტომ უწოდებს მას ბრძენს, მცირეში ერთგულებას მიყავს იგი დიდი წყალობის მიღებისაკენ: კეთილგონიერი მოქმედებისათვის იგი აქვე იღებს ზეცას. შემდეგ იესო ქრისტე ასწავლის მსმენელს არა მარტო ჯილდოს მიღებას, კეთილთ რომ უმზადებს, არამედ სასჯელსაც, რითაც ემუქრება ბოროტებს: ხოლო უკეთუ ჰსთქუას ბოროტმან მან მონამან, რომელიც უფალმა დროებით დაადგინა თავის მსახურებზე, იფიქრებს გულსა თვისსა: ჰყოვნის უფალი ჩემი მოსულად; შეიძლება საერთოდაც აღარ მოვიდეს, - და იწყოს უფლებების ბოროტად გამოყენება, გუემად მისთანათა, მათ მონათა, მათი წამება, ცთუნება და წახდენა, თავისი უფლის ქონების გაფლანგვა, და ჰსჭამდეს, და ჰსმიდეს მომთვრალეთა თანა: მოვიდეს უფალი იგი მონისა მის დღესა, რომელსა არა მოელოდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდეს. და მოარიდებს მას ყველა მის წყალობას და მისცემს მას დიდ სატანჯველს: და ორგან განჰკუეთოს იგი თავისი რისხვით, და ნაწილი მისი დაჰსდუას ორგულთა თანა, და ჩაგდებულ იქნება იგი წყვიადში: მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა - იქნება იქ აუტანელი და დაუსრულებელი სატანჯველები...

„თუ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ვინმე იტყვის: ხედავ, როგორი ფიქრი მოუვიდა მონას საშინელი დღის უცოდინარობის გამო? რადგან მან თქვა: „მალე არ მოვა უფალი ჩემი...“ ამაზე ვიტყვით იმას, რომ ეს აზრი მას მოუვიდა იმიტომ კი არა, რომ დღე იყო მისთვის უცნობი, არამედ იმისათვის, რომ თავად იყო უვარგისი. რაგდან ასეთი აზრი რატომ არ მოუვიდა ერთგულ და გონიერ მუშას? უბედურო! თუმცა უფალი აყოვნებს, მაგრამ რატომ არ გაქვს საერთოდ მისი მოლოდინი? რატომ არ ზრუნავ ამისათვის? მაგრამ უფალი არ დააყოვნებს: ყური დაუგდე, რას ამბობს პავლე მოციქული: ახლოსაა უფალი. შენ ყურადღებიანი იყავი მისადმი და შენიშნე, თუ იესო ქრისტე როგორ ხშირად ახსენებს უცოდინარობას იმ დღისა, რითაც აჩვენებს, როგორი მაცხოვნებელია ეს უცოდინარობა, რადგან იგი ჩვენ გვამყოფებს მოუკლებელ ზრუნვაში. და რამდენადაც ჩვენ ყოველთვის ვდუნდებით უზრუნველი და მშვიდი ცხოვრებით, ხოლო უბედურებათაგან უფრო მეტად ვმტკიცდებით, ამიტომაც იგი მოუკლებელად ჩაგვაგონებს, რომ დამშვიდებულ და უზრუნველ ცხოვრებას მოსდევს უბედურებანი. იმასაც შევხედოთ, ხომ არ ვიქცევით ჩვენც ასე, თუმცა შესაძლოა ამას ვერც ვამჩნევთ? და მართლაც მათ ემსგავსებიან ისინი, რომელთაც აქვთ ფული და არიან უმოწყალონი ღარიბებისადმი. ასევე შენც ხარ მხოლოდ გამომყენებელი შენი ქონებისა ისევე, როგორც ეკლესიის მსახური არის გამანაწილებელი მისი საფასისა. შენც არ შეგიძლია შენი საფასის გაბნევა შენი ნებით, თუმცაღა, მიიღე მშობლებისაგან მემკვიდრეობა და ამ მხრივ მთელი ქონება, ხილულად შენია, მაგრამ სინამდვილეში, ყოველივე შენი ღმერთის კუთვნილებაა. მან სწორედ იმისთვის მოგანდო სიმდიდრე, რათა შენ სხვებსაც უწილადო საზრდელი საჭიროებისას. რას ნიშნავს საჭირო ჟამს მოქმედება? - დახმარება გლახაკებისა. როგორც შენ ანდობ შენი ქონების პატრონობას შენსავე მსგავს მონას, ასევე ღმერთსაც სურს, რომ შენ მისი ქონება გამოიყენო საჭიროებისამებრ. ამიტომაც, თუმცა მას შეუძლია იგი ჩამოგართვას, მაგრამ გიტოვებს იმიტომ, რომ ერთის მეორისადმი სიყვარული ამან კიდევ უფრო ცხოველი გახადოს; მე მგონია - აგრძელებს მსჯელობას ეკლესიის მასწავლებელი, - იესო ქრისტე ამბობს მავნებლებისა და მექრთამეებისათვის, უცხადებს რა მათ მკაცრ განაჩენს იმის გამო, რომ ისინი ვნებენ მათ, რომელნიც უნდა გამოკვებონ, ასევე ვფიქრობ, რომ იგი აქ მიანიშნებს ასევე გემოთმოყვარეობაზეც, რადგან გემოთმოყვარეც მძიმე სასჯელს მიიღებს“.