მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

იუდას შეთანხმება ქრისტეს მტრებთან

მათე 26, 14-16

„დედამიწაზე, - ამბობს, - მთ. ეპ. ინოკენტი, - ადამიანური ბჭობით გალილეველი წინასწარმეტყველი არ უნდა მოეკლათ პასექის დღესასწაულის დასრულებამდე; სულ სხვა იყო განსაზღვრული ზეცაში, უზენაესის განგებით. ღვთის ტარიგი, რომელსაც უნდა ეტვირთა ცოდვები ქვეყნიერებისა, უნდა შეწირულიყო იმავე დროს, როცა შეიწირებოდა საპასექო ტარიგი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო პირველსახე ღვთის ჭეშმარიტი ტარიგისა. ხალხი, რომელმაც თავად არც კი იცოდა, ვერ წავიდოდა მისი მარადიული განგების წინააღმდეგ, შეუდგა ღვთის განგებულების აღსრულებას უნებურად, როცა გადაწყდა შეეპყრათ და მოეკლათ იესო ქრისტე დაუყოვნებლად, პირველივე შესაძლებლობისთანავე. სინედრიონის წევრთა ფიქრების ასეთი უეცარი შეცვლის მიზეზი იყო ერთი კაცი, რომელიც ეახლა რა მღვდელმთავრებს, განუცხადა, რომ იგი ეკუთვნოდა იესოს მოწაფეებსა და მის თანმხლებ პირებს, იცოდა ყველა საიდუმლო ადგილი, სადაც კი იმყოფებოდა ქრისტე, შეეძლო დახმარებოდა მათ სურვილის განხორციელებაში, - შეეპყრათ იგი ხალხისაგან საიდუმლოდ და მზად იყო, ამისათვის გამოეყენებინა მთელი თავისი ძალა და საშუალებანი, თუკი უმაღლესი სინედრიონი დაუფასებდა მას ასეთ სამსახურს. ეს საცოდავი კაცი სინამდვილეში იყო სწორედ ის მოწაფე, რომელიც ბეთანიაში პურობისას თვალთმაქცურად წუხდა მირონსა და გლახაკებზე: ეს იყო იუდა ისკარიოტელი“. ასე იწოდებოდა იგი განსხვავებით ქრისტეს სხვა მოწაფისა - იუდა იაკობისა, ანუ ლევისა. იუდა იყო წარმოშობით ქალაქ კარიოფადან, იგი მხოლოდ ერთი იყო იუდეადან, სხვა დანარჩენი მოწაფენი იყვნენ გალილეველნი. იუდა მივიდა უფალთან ქვეყნიური ზრახვით, - მესიის ქვეყნიური მეფობის იმედის გრძნობით. შენიშნა რა, რომ მასწავლებელი არ ეძებდა ქვეყნიურ მეფობას, რომ იგი მეფობის ნაცვლად ლაპარაკობდა ჯვარზე, წამებაზე, იუდას დაუმძიმდა უფალთან დამოკიდებულება და გადაწყვიტა მისი მიტოვება. მაგრამ აქ მას თავი გაახსენა ვერცხლისმოყვარეობისა და ანგარების ვნებამ: რატომ არ შეიძლებოდა ასეთი სიახლოვით ესარგებლა, რათა ამით ფული გაეჩინა?.. და აზრი მისი გაცემისა მიიღო მისმა გულმა. იგი შეეცადა ქრისტეს მტრებთან დაახლოებას. „იმის გამო, რომ მას მიბარებული ჰქონდა ფული იესოს მცირე კრებულისა, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, იუდას ადვილად შეეძლო კეთილი საქმის საბაბით დაეტოვებინა ქრისტეს საკრებულო და წასულიყო ქალაქში საყიდლებზე, მას ჰქონდა საშუალება ეწარმოებინა სამარცხვინო მოლაპარეკება თავისი მასწავლებლის მტრებთან და მისი სიცოცხლით ევაჭრა ისე, რომ რაიმე ეჭვი მის საქციელში ვერავის შეეტანა“. დაივიწყა ყველაფერი, რისი მოწმეც გახდა მთელი სამწელიწადნახევრის განმავლობაში; დაივიწყა ღვთაებრივი სიყვარული მასწავლებლისა, რომელიც ასე ინდობდა მის თავმოყვარეობას, რომელმაც არ მოაკლო მას ბედნიერება სხვებთან ერთად ექადაგა სასუფეველი ღვთისა და სასწაულებიც მოეხდინა... აი, იგი დგას იერუსალიმის ტაძრის დახურულ კარებთან და სთხოვს ტაძრის მცველებს მოახსენონ მღვდელმთავრებს, რომ მათთვის მეტად მნიშვნელოვანი საქმის გამო იყო მისული. მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღვდელთ-მთავართა მათ. მაშინ... მაინც როდის? „როცა უცხო ქალი, მეძავი, მიაგებს ასეთ პატივს, მაშინ მოწაფე მიდის, რათა იგი გაყიდოს!“ -ამბობს წმ. ოქროპირი. იუდა არ შეძრა უფლის სიტყვებმა: „დასაფლველად ჩემდა ყო“, არ შეშინდა, როცა მოისმინა, რომ სახარება იქნებოდა ნაქადაგები ყველგან, - რამეთუ ნათქვამი შეიცავდა გამოუთქმელ ძალას, - არამედ მაშინ, როცა დედანი, და მეძავი ქალები მიაგებდნენ ასეთ პატივს იესოს, იგი ეშმაკის საქმეს აკეთებდა. ამიტომაა ნათქვამი: „მაშინ“, -ამბობს წმ. ოქროპირი, - რათა არ გაბედო მასწავლებლის ბრალის დადება უღონოებაში, როცა ხედავ, რომ მოწაფე ყიდის მას. მასწავლებელს ჰქონდა ისეთი ძალა, რომ მეძავთაც კი თავისკენ იზიდავდა. მაშ, რატომ ვერ მიიზიდა მოწაფე? - იკითხავ ალბათ. მას შეეძლო მოწაფის მიზიდვაც, მაგრამ არ სურდა აეძულებინა სიკეთის კეთება და ძალით სიკეთისაკენ მიდრეკა. „მაშინ წარვიდა“... მღვდელმთავრები არ ეძახდნენ მას, არც აიძულებდნენ, მან თვითონ, საკუთარი ნებით მოიყვანა მოქმედებაში თავისი გადაწყვეტილება, ისე, რომ ამ უწმიდურ საქმეში მას ერთი მრჩეველიც კი არ ჰყოლია. სიტყვები „ერთი იგი ათორმეტთაგანი“ უდიდეს ბრალსა სდებენ მას. ეს იყო კრებული, რომელიც მეფეს ეხვია გარს, ეს იყო მასწავლებელთან დაახლოებული ხალხი, რომელთაც იუდა მოწყდა“.

წმიდა ეკლესია დიდი ოთხშაბათის სულისშემძვრელ საგალობლებში ახდენს საკვირველ დაპირისპირებას ცოდვილი ქალისაგან უფლის ცხებასა და იუდას გამცემლობას შორის, რაც ერთსა და იმავე დღეს მოხდა. „მეძავი მოგიხდა, მირონისა ცრემლითურთ, დამსხმელი ფერხთა შენთა მრავალ-მოწყალე, და ძვირთა სიმყრალისაგან, იხსნა ნებითა შენითა, ხოლო სუნნელი მადლითა, მოწაფე იგი უმადლო, ამისგან უცხო იქმნა, და მწვირესა აღერია, ვერცხლის მოყუარებით ჯმნილი შენგან, დიდება ქრისტე წყალობათა შენთა!“ -„ოდეს ცოდვილი იგი შეჰსწირვიდა მირონსა, მაშინვე მოწაფე ეზავებოდა უსჯულოთა, იგი იშუებდა წარმომცლელი მრავალ-ფასსა, ესე ისწრაფოდა განცემად უფასოსა. იგი შეემეცნებოდა უფალსა, ესე განეყოფოდა მეუფესა...“ „განგიმარტნა მეძავმან თმანი შენ მეუფესა, განუმარტნა იუდა ხელნი უჰსჯულოთა. მან მოღებად შენდობისა, ამან მიღებად ვერცხლისა, ვინა გიღაღადებთ განსყიდულსა, და თავისუფალ მყოფელსა ჩუენსა, უფალო დიდება შენდა“.

მღვდელმთავრებთან წარმდგარი იუდა მაშინვე გამოთქვამს თავის ანგარებიან სურვილს. შეიყვანეს თუ არა დარბაზში, სადაც მაშინვე შეიკრიბა რამდენიმე წევრი სინედრიონისა, იუდამ მიმართა და ჰრქუა: რა გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? პირდაპირ გააცხადა, რომ მას სურდა ფული და ფულის გამო მზად იყო, გაეცა თავისი მასწავლებელი. „იგი არ ითხოვს რაიმე განსაზღვრულ ფასს, რათა რაც შეიძლება მეტად გაეყიდა უფალი, - ამბობს ნეტარი იერონიმე, - არამედ ფასის დადებას უტოვებს მსყიდველთ, ისე თითქოს ყიდდა მონას საძულველს“. „ოი წყეული სიტყვა! -ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ დასცდა ის ბაგს? როგორ გაბედა ეს ენამ? როგორ არ გაუშეშდა მთელი სხეული? როგორ არ გადავიდა გონს?... „რაი გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი“ - განა ამას გასწავლიდა შენ ქრისტე? განა არ გეუბნებოდა შენ: „ნუ მოიგებთ ოქროს, ნუცა ვერცხლსა, ნუცა რვალთა სარტყელთა თქუენთა“ (მთ. 10,9). „რაი გნებავს მოცემად ჩემდა, და მიგცე იგი“... როგორი უგუნურობაა! რისთვის ისურვე, მითხარი მე? რა ბრალისთვის, დიდისა თუ პატარისთვის გასცემ მასწავლებელს? იქნებ იმისათვის, რომ მან მოგცა უფლება დემონებზე? იქნებ იმისათვის, რომ მან მოგანიჭა შენ სნეულებათა განკურნების მადლი, კეთრისაგან განწმედის უნარი, მკვდრების აღდგინების ნიჭი? ან იქნებ იმისათვის, რომ მან მოგცა უფლება სიკვდილზე, ასეთი სიკეთეებისთვის ნუთუ ასე უხდი? ოი, უგუნურება, ან უკეთ თუ ვიტყვით: ოი ვერცხლისმოყვარებავ, - რამეთუ ყველა ბოროტება მისგან არის შობილი: მას დემონებზე უფრო მეტად მოყავს სული მძვინვარებაში, როცა ეუფლება, აიძულებს დაავიწყოს ყველაფერი - თავიც, მოყვასიც და ბუნების კანონებიც, ართმევს გონებას და კაცს სულელსა ხდის. მიუხედავად იმისა, რომ იუდა ხშირად ხედავდა, იესო როგორ გადიოდა ხალხის ბრბოში უვნებლად, აჩენდა უამრავ დამტკიცებას თავისი ღვთაებრიობისა და ძალისა, იგი ფიქრობდა გამოეჭირა იგი, და ისიც იმ დროს, როცა იესომ რამდენჯერმე გაუმეორა მას საშინელი და მშვიდი სიტყვები, რათა დაერღვია ბოროტი განზრახვა მისი“...

ძნელია წარმოდგენა იმ ჯოჯოხეთური სიხარულისა, რაც დაეუფლა ქრისტეს მტრების გულს, როცა იხილეს გამცემელი. მისი წინადადება, მეტი რომ არ შეიძლებოდა, ისე პასუხობდა მათ სურვილებს, ამიტომ მაშინვე შეცვალეს თავიანთი თავდაპირვანდელი გეგმა. „ეშმაკმა სადუკეველმა კაიაფამ, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - მაშინვე გაიაზრა თავის გონებაში, რომ ასეთი ადამიანის დახმარებით, როგორადაც მათ გამცემელი წარუდგა, შესაძლებელი იქნებოდა იესოს შეპყრობა ყოველგვარი შფოთის გარეშე, ისე, რომ ხალხს ვერც გაეგო. სასწრაფო გასამართლებითა და რომის მმართველობის ხელში გადაცემით, კაიაფას წარმოდგენით ამ უკანასკნელ საშიშროებასაც თავიდან აიცილებდა; ხალხი, - ფიქრობდა იგი, - ვერ გაბედავს რაიმეს ჩადენას რომაელების წინააღმდეგ, რადგან პასექის დროს განსაკუთრებით აძლიერებდნენ იერუსალიმში სამხედრო ძალას... დაუყოვნებლივ დგინდება გასაცემი თანხაც - ის ოდენობა, რომელიც მოსეს მიერ იყო დაწესებული უკანასკნელი მონის საფასურად, როცა ადამიანი ვინმეს მიერ მოიკვლებოდა უნებურად, ანუ ოცდაათი ვერცხლი“. ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი. „მით უფრო გასაკვირია გამცემლის ანგარება, -ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - რომელსაც შეეძლო ამ მცირედითაც დაკმაყოფილებულიყო, ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა იესო ქრისტეს მტრები, სრულიად სარწმუნოა, რომ არ გაუძვირებდნენ არანაირ ვერცხლისმოყვარეებს“. ასე რომ, იუდა დათანხმდა და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაითა მისცეს იგი მათ, ხალხისგან დაფარულად.

დადო რა ასეთი სამარცხვინო პირობა, მორიგებული გამცემელი საიდუმლო გზებით დაბრუნდა კაიაფას სახლიდან იესოს კრებულში, რათა დრომდე თავი მოციქულად გამოუჩინა. - იმაზე ფიქრს, თუ როგორ მოხდა, რომ ასე დიდხანს ღვთის ძესთან იყო სიახლოვეში და კეთილად მაინც ვერ იქცა, არ მიიღო მისგან წმიდა სულის მადლი, - მოყავს ადამიანი განკვირვებასა და გაოცებაში. ცოდვილი ზრახვები ბობოქრობდა იუდას სულში. ჭეშმარიტად სატანა შევიდა მასში, ასევე ხსნიან იუდას მდგომარეობას წმიდა მახარებლებიც. „მართლაც, მხოლოდ სატანას შეეძლო მოციქული ექცია გამცემლად და დაღუპვის ძედ“ (მთ. ეპ. ინოკენტი). უნდა გვახსოვდეს, რომ კაცთა მოდგმის გამოხსნის საიდუმლო ძე ღვთისას სიკვდილით, გაუგებარი დარჩა ბოროტი სულისათვის. ამ საიდუმლოს საფარველის ქვეშ ღვთის სიბრძნემ, დასცინოდა რა მტრის მზაკვრობებს, მოახდინა ისე, რომ მან უფალმა თავად მოაწყო თავისი დაღუპვა. სატანას სურდა ბოლო მოეღო მისთვის აუტანელი ქადაგებებისა და იესოს სასწაულებისთვის, იმის მსგავსად, როგორც მიყავდა მას მოწამეობრივ აღსასრულამდე წინასწარმეტყველნი, ასევე ცოტა ხნის წინათ არაწმიდა იროდისაგან რომ დაადუმა იოანე ნათლისმცემლის ბაგენი; ამ შემთხვევაში კი გამოუვიდა სრულიად საწინააღმდეგო: ძე ღვთისას სიკვდილით, რომელიც ადამიანთა მოდგმის მტერს ასე ძვირად უღირდა, ღვთის მიერ მოპოვებულ იქნა გადამწყვეტი გამარჯვება, ერთხელ და სამუდამოდ დაემხო უფლება ცოდვისა და სიკვდილისა. წმ. იოანე მიუთითებს, ასე ვთქვათ, იმ ხვრელზე, რომლითაც ძველი გველი შეძვრა იუდას სულში და შეუმჩნევლად შემოეხვია მის გონებასა და გულს. ესაა - ვერცხლისმოყვარების ვნება, რომელიც ადრიდანვე ჩაისახა მის სულში, თანდათან იწყო გაღვივება და ბოლოს აგიზგიზდა ჯოჯოხეთის ცეცხლად, რომელშიც, როგორც თავის საყუდარში, იჯდა და უფლებდა სატანა. ბეთანიაში ვახშმობისას, როდესაც იუდა წუხდა მირონის გამო, ეშმაკმა უკანასკნელი მოსაბმელი გამოსდო ვერცხლისმოყვარის სულს, რათა იგი ჯოჯოხეთში თან გაეყოლა. უფალი ყოველივეს ხედავდა, რაც ხდებოდა ამ უბედურის სულში, მაგრამ ამას შეგნებულად ფარავდა თავისი მოწაფეებისგან უკანასკნელ შესაძლებლობამდე: წინააღმდეგ შემთხვევაში რას არ მოიმოქმედებდა გულანთებული და თავგამოდებული პეტრე ასეთი უბედურების თავიდან ასაცილებლად. - „ასეთი დიდია ბოროტება ვერცხლისმოყვარებისა, -ამბობს წმ. ოქროპირი; მან აქცია იუდა გამცემელად. ისმინეთ ვერცხლისმოყვარენო, იუდას სენით დაავადებულნო! ისმინეთ და უფრთხილდით ვერცხლისმოყვარების ვნებას! თუკი ის, რომელიც იმყოფებოდა ქრისტესთან, ახდენდა სასწაულებს, სარგებლობდა მისი სწავლებით, მაინც ჩავარდა უბედურებაში იმის გამო, რომ არ იყო თავისუფალი ამ სენისაგან, მით უფრო თქვენ, რომელნიც არ ისმენთ წმიდა წერილისას, უფრო ადვილად არ იქნებით ძლეულნი ამ საშინელი ვნებისაგან, თუკი იქნებით უზრუნველად. ეს ვნება ყველაზე საშინელია ვნებათა შორის, აქედან ჩნდებიან მკვლელები, ამის გამოა ომები და არეულობანი, აქედან მოდის ყოველი ბოროტება, რომელიც უნდა დაასახელო.