დადგა დღე, როცა მოსეს სჯულისამებრ საპასექო ტარიგი უნდა შეეჭამათ. იესო ქრისტე მკაცრად ასრულებდა მოსეს სჯულის ყველა მოთხოვნას, რადგან, - ამბობს წმ. ოქროპირი, - თავისი ნათლისღებისას მან თქვა: „ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (მთ. 3,15). „და იქმნა იგი სჯულსა ქუეშე. რათა სჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიხსნეს“ (გალ. 4,5) და თვით სჯული გააუქმოს“. ასე მოიქცა იგი „რათა არავის ეთქვა: მან იმიტომ გააუქმა სჯული, რომ მისი შესრულება არ შეეძლო, რადგან იყო მძიმე, აუტანელი და მოუხერხებელი“. მოსეს პასექი მისთვის იყო, შეიძლება ითქვას, „უფრო სანატრელი და წმიდა, ვიდრე მის სხვა დანარჩენ თანამემამულეთათვის: საპასექო ტარიგი წარმოადგენდა თავად მის პირველსახეს. ამ ტარიგის დაკვლა განასახიერებდა მის მომავალ სიკვდილს ჯვარზე, ამიტომაც აღნიშნავდა რა ამ დღესასწაულს, იგი ყოველთვის წარმოიდგენდა თავის მომავალ სიკვდილს. ახლა, როცა დადგა ჟამი ტარიგის სისხლის მისი საკუთარი სისხლით შეცვლისა, დამდეგი დღესასწაული პასექისა მით უფრო ახლობელი გახდა მისთვის, და მანაც, მიუხედავად მტრებისაგან უამრავი წინააღმდეგობისა, ისურვა მისი შესრულება განსაკუთრებული სახით, რათა უკანასკნელი საპასექო სერობა ქცეულიყო ძველი აღთქმის საბოლოო დასასრულად და დასაწყისად და სრულ გამოხატულებად ახალი აღთქმისა“ (მთ. ეპ. ინოკენტი). - „როცა გამოჩნდა სიმართლის მზე, ამბობს წმ. ოქროპირი, - ჩრდილი გაუჩინარდა: ამიტომაც ერთსა და იმავე ტრაპეზზე სრულდება ორივე პასექი: მიმანიშნებელი და ნამდვილი“. - უფალს სურდა, რომ ამ საღამოზე მასთან ახლოს სხვა არავინ ყოფილიყო, გარდა მოციქულებისა: მას სურდა ეთქვა მათთვის თავისი უკანასკნელი, თბილი გამოსამშვიდობებელი სიტყვა: ამისათვის მთავარი დაბრკოლება იყო იუდა. მაგრამ „კაცთმოყვარეს სურდა, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, რომ ბოლომდე იუდასათვის იმად დარჩენილიყო, რაც იყო დანარჩენი მოწაფეებისთვის - მეგობარი, მოძღვარი და მამა... უკანასკნელი ვახშამი, რომელიც ასე სავსე იყო მოჭარბებული გრძნობებით, არაჩვეულებრივი სიყვარულითა და მადლიერებით, დასაღუპად გამზადებული მოციქულისათვის უნდა ქცეულიყო უკანასკნელ მოწოდებად სინანულისა“.
ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა, მოუხდეს მოწაფენი იესოს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაი ესე? აქ, თუ ბეთანიაში, რომელიც ითვლება იერუსალიმის ნაწილად, თუ შიგ იერუსალიმში? - „იუდა გაცემს უფალს, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ესენი კი ზრუნავენ პასექისთვის; ის უთანხმდება მტრებს ფასზე, ესენი კი მზად არიან მისი მსახურებისათვის. იმასაც და ამათაც ერთნაირი მადლი ჰქონდათ მიცემული სასწაულების მოხდენისა, ერთნაირი მცნებები, ერთნაირი უფლებები: საიდან გაჩნდა განსხვავება? - თავისუფლებიდან. იგია ყველგან მიზეზი კეთილისა და ცუდისა. აქედანაც ჩანს, რომ იესოს არ ჰქონდა სახლი, არ გააჩნდა მუდმივი ადგილსამყოფელი. მე ვფიქრობ, რომ არც მოციქულებს გააჩნდათ იგი, რადგან სხვა შენთხვევაში იესოს იქ შესთავაზებდნენ მისვლას. მაგრამ იმათაც, ყველას და ყველაფერს მორიდებულებს, არ გააჩნდათ არაფერი... ოი თქვენ, რომლებიც იწყობთ დიდებულ სახლებს, ფართო აივნებს და მოსასვენებლებს, იცით, რომ ქრისტეს არ გააჩნდა მცირე თავშესაფარიც კი!“
მოწაფეთა კითხვაზე, თუ სად ისურვებდა პასექის მომზადბას მან მიმართა პეტრეს და იოანეს, ხოლო იესო ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცსა ვისამე - უფალმა არ დაასახელა სახლის პატრონი სახელით, არამედ თქვა: როცა შეხვალთ ქალაქში, შეგვხვდებათ ადამიანი, წყლის კოკებით; გაყევით მას სახლში, სადაც შევა იგი; ჰკითხეთ სახლის პატრონს და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყვის: შენ გეუბნება: ჟამი ჩემი ახლო არს, - მე ცოტა დროღა მაქვს დარჩენილი, მე არ შემიძლია პასექის შესრულება გადავდო ხვალისათვის, როცა ეკუთვნის მას აღნიშვნა, ამიტომაც მე დღესვე შენ თანა ვყო პასექი ესე მოწაფითურთ ჩემით, სად არის ოთახი, სადაც შეიძლება შევასრულოთ პასექი? და იგი გაჩვენებთ თქვენ განმარტოებულ დიდ ოთახს, მომზადებულსა და მორთულს დღესასწაულისათვის. იქ მოგვიმზადეთ ჩვენ პასექი. - მოწაფენი მიხვდნენ, რომ „რაღაც განსაკუთრებული მიზეზის გამო, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - უფალს არ სურდა გაეცხადებინა იმ კაცის სახელი, ვისთანაც უნდა აღენიშნათ პასქა. მაინც რა იყო მიზეზი? უდავოა, - ფიქრობდნენ ისინი, მტრებისაგან შიშის გამო, რომლებიც აკვირდებოდნენ ყოველ ჩვენს ნაბიჯს და მზად არიან ყოველი შემთხვევისთანავე შეგვიპყრან, მაგრამ რატომ მალავს ამას ჩვენგან? ნუთუ ჩვენს შორის ვინმე არ არის საიმედო და სანდო? ამ უკანასკნელს ისინი უნდა მიეყვანა გამცემლამდე, მაგრამ მხოლოდ მიიყვანდა აქამდე, დაჯერებას ამაში კი ვერავინ შეძლებდა, რადგან იგი საოცრად უცხო იყო სუფთა და უბრალო გულის მქონე უფლის მოწაფეებისთვის. დაფარვის ჭეშმარიტ საბაბს ყველაზე უწინ შეიძლება მომხვდარიყო იუდა, რადგანა თავად იყო ამის მიზეზი. ერთი მორიდებაც კი მისი - ვინაიდან ინახავდა და განაგებდა საერთო ფულს, - პასექის მომზადებიდან, რისთვისაც საჭირო გახდა მათი დანაზოგი, უკვე იყო უტყუარი მინიშნება იმისა, რომ მასწავლებელმა იცოდა მისთვის უკვე აღთქმული სამარცხვინო ვერცხლის ფულზე“ (მთ. ეპ. ინოკენტი), ამიტომ შეეძლო გაქცეოდა მტრებისგან მომზადებულ სასჯელს „რისთვისაც გზავნის ქრისტე უცნობ ადამიანთან მოციქულებს? - კითხულობს წმ. ოქროპირი, - რათა მათთვის ეჩვენებინა, რომ მას შეეძლო ვნება აეცილებინა თავიდან. რადგან თუკი მან მხოლოდ ერთი სიტყვით განაწყო ადამიანის გული მისკენ, რომ მიეღო მისი მოწაფენი: რამდენჯერ უფრო მეტად შეეძლო ემოქმედა მათზე, რომელთაც ჯვარზე გააკრეს იგი, მაგრამ სურდა წამება თავის ნებით მიეღო. როგორც მოიმოქმედა მან უწინ, გააგზავნა მოწაფეები სახედრისათვის. „მაშინ მათ უთხრა: „უკუეთუ ვინმე გრქუას რაიმე, თქუენ არქუთ, ვითარმედ უფალს უხმან ეგენი“ (მთ. 12,3.). ასევე აქაც, - ამბობს მთ. ეპ. ფილარეტი, იგი მოქმედებს იგივე ხელმწიფებით და ძალით. ეს იგივე ღვთიური ძალაა, რითაც ნაგრძანები იყო თევზის დაჭერა, რათა ძვირფასი თვალით, რომელსაც მასში იპოვნიდნენ გადაეხადათ ხარკი. თუ მოწაფეებს უნდა ეთქვათ სახლის პატრონისათვის: „მოძღვარი ეგრეთ იტყვის“, ეს ნიშნავს იმას, რომ სახლის პატრონი ეკუთვნოდა უფლის მოწაფეთა რიცხვს. აქედან კი ჩანს, რომ მართალია ბევრი მტერი ყავდა იესოს, იერუსალიმელთა შორის, მაგრამ იყვნენ მისი ერთგული ადამიანებიც, მისი მსასოებლები, ყოველ შემთხუევაში მისი, როგორც დიდი წინასწარმეტყუელის დამფასებელნი, საჭირო იყო გეთქვა ერთი რომელიმე მათგანისათვის „მოძღუარი ეგრეთ იტყვის“ და იგი მაშინვე შეასრულებდა იმას, რაც მასწავლებლისათვის იქნებოდა სასურველი. ამგვარად, უფალმა მისცა მოწაფეებს და მათ შორის, იუდას, ახალი გამოცდა, თავის მიერ მომავლის ჭვრეტაში. - „ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს“ (ინ. 7,8), ამბობს უწინ მაცხოვარი, როცა იწვევდნენ ასეთივე დღესასწაულზე იერუსალიმში, ახლა კი სულ სხვას ამბობს იგი: „ჟამი ჩემი ახლო არს“. ახლა მოვიდა დრო, საქმისათვის განკუთვნილი, ზეციურმა მამამ რომ დამაკისრა და ასევე ჩემმა სიყვარულმა ხალხისადმი, - მოვიდა დრო საკუთარი სულის დიდებისა სხვისათვის“. „მან თქვა: „ჟამი ჩემი ახლოს არს“ - ამბობს წმ. ოქროპირი, - ამიტომ, რათა ერთი მხრივ ხშირი შეხსენებით და წინასწარი უწყებით მოწაფეთათვის თავის წამებაზე ესწავლებინა მათთვის შეშფოთების გარეშე მომავალზე ფიქრი; მეორე მხრივ კი - რათა ეჩვენებინა, როგორც თავად მოწაფეთათვის, ასევე იმათი მიმღებლებისათვის და საერთოდ, იუდეველთათვის, რომ იგი წამებაზე არ მიდიოდა მისი ნების საწინააღმდეგოდ. შემდეგ დასძენს: „მოწაფითურთ ჩემით“, ამიტომ, რომ მომზადებაც ყოფილიყო საკმარისი, მიმღებელსაც არ ეფიქრა, რომ იგი იმალება“. - „ყურადღების ღირსია, - შენიშნავს ფილარეტი ჩერნიგოველი, რომ ჩვენს მხსნელს სხვა შემთხვევებში უყვარდა უბრალოება ყველაფერში: ჩაცმაში, კვებაში, ცხოვრებაში. ახლა კი, როცა სურს შესთავაზოს მოწაფეებს საიდუმლო სერობა, იგი ირჩევს ამისათვის არა უბრალო ადგილს, არამედ საგანგებოდ მოწყობის დიდ ოთახს. ასეთი უნდა ყოფილიყო ადგილი უფლის უწმინდესი ხორცისა და სისხლის საიდუმლოსი თავად მისივე მითითებით“.
და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა პერტემ და იოვანემ, ვითარცა უბრძანა მათ იესო და მოუმზადეს პასქაი იგი. ისინი წავიდნენ იერუსალიმში, სადაც ყველაფერი ისე მოსდა, როგორც თქვა მოძღვარმა: „კარიბჭესთან, საიდანაც ქალაქში შედიოდნენ ელეონის მხრიდან მომავალნი, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - შეხვდა კაცი, რომელიც წყალს ეზიდებოდა კოკით: გაყვნენ მას და მივიდნენ სახლთან, გადასცეს სახლის პატრონს მოძღვრის ნათქვამი, რის შემდეგაც მან მაშინვე უჩვენა მომზადებული ფართო ოთახი და ისინიც შეუდგნენ პასექის დღესასწაულის სამზადისს: იყიდეს ტაძრის შემოგარენში საპასექო კრავი, მისცეს იგი მღდელს დასაკლავად, ანდა თავად დაკლეს იგი, უფლის კურთხევით, ამისათვის განკუთვნილ ადგილებში, ტაძართან სიახლოვეში; სახლში დაბრუნებულებმა, დადგენილი წესით ცეცხლზე შეწვეს იგი მთლიანად, ისე, რომ არ დაუყვიათ ნაწილებად, არ დაუზიანებიათ არც ერთი მისი ძვალი; - მოამზადეს ასევე აპრესნოკიც, გაფუებული პური, და სხვა სახმარიც, რაც საჭირო იყო დღესასწაულისათვის“. განსაზღვრული დროის დადგომისას, არაუგვიანეს საღამოს ათი საათისა, იესო ქრისტე დაჯდა თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად, და ვითარცა შემწუხრდა, ინახით ჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა. მაშინდელი წესის თანახმად, დაბალი მაგიდის გარშემო დაფენილი იყო ბალიშები, თითოეული ისეთი ზომისა, რომ მასზე ეტეოდა სამი-ოთხი ადამიანი. მაგიდა ოდნავ მაღალი იყო ამ დასაჯდომელებზე. ამათ შორის გამორჩეული იყო ადგილი მაგიდის შუაში, და, რა თქმა უნდა, მასზე მოთავსდა უფალი. იქ მსხდომთ ფეხები მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ჰქონდათ მიქცეული. თითოეული დამსწრეთაგანი თავსდებოდა მთელი სიმაღლით და დგებოდა ზევით მარცხენა იდაყვზე დაყრდნობილი ისე, რომ მარჯვენა ხელი რჩებოდა თავისუფალი. თავდაპირვანდელი დადგენით, პასექის დღესასწაულზე უნდა ეჭამა კაცს ფეხზე მდგარს, სამგზავრო სამოსელით, კვერთხით ხელში, რასაც უნდა გაეხსენებინა მათთვის ეგვიპტიდან ჩქარი გაქცევა, მაგრამ დროთა განმავლობაში წესად დამკვიდრდა ჩამოსხდომა, რადგან „ფეხზე მდგარი ჭამა, - როგორც ამბობდა ებრაული თალმუდი, - მონათა წესია, იუდეველები კი მონობიდან გამოვიდნენ თავისუფლებაში“. - როგორ შესრულდა უფლის მიერ ძველი აღთქმის პასექის დღესასწაული, წმ. მახარებლები არ ამბობენ: იმ დროს, როცა ისინი წერდნენ სახარებას, ეს ყველასათვის კარგად იყო ცნობილი; ასეც რომ არ ყოფილიყო, რა სიკეთეს მოუტანდა ქრისტიანებს ამის აღწერა? სამაგიეროდ ისინი დაწვრილებით გადმოგვცემენ იმაზე, თუ რით განსხვავდებოდა ეს სერობა, ძველი ღთქმის პასექის აღნიშვნისაგან. ასე წმ. მახარებელ ლუკას (22,15-18) მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები სერობის დასაწყისში: „გულის სიტყვით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა. ხოლო გეტყვი თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა“. და აიღო სასმისი, ებრაული წესის თანახმად და წარმოთქვა ღვთის სამადლობელი სიტყვა: „მიიღეთ და განიყავით თავსა თქუენსა. ხოლო გეტყვით თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენახისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაი მოვიდეს“. ეს მახარებელივე იხსენებს იმ კამათს, რომელიც წარმოიშვა მოწაფეთა შორის პირველობის გამო, ხოლო იოანეს სახარებიდან ჩანს, რომ მიზეზი ამ კამათისა იყო ჩვევა ფეხების დაბანისა, ამიტომაც ქრისტეს საყვარელი მოწაფე გვაძლევს გულისშემძვრელ მოთხრობას იმაზე, თუ როგორ მისცა უფალმა მაგალითი მოწაფეებს თავმდაბლობისა და თავად დაბანა მათ ფეხები (ინ. 13,2-19). „შეიყვარა რა თავისიანები, უფალმა ბოლომდე შეიყვარა ისინი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - სერობაზე ყოფნის დროსაც, წამოდგა, მოიხადა ზემოთ მოსასხამი, აიღო ტილო, და შემოირტყა წელზე. შემდეგ აიღო წყალი საბანელით და დაიწყო მოწაფეთა ფეხები ბანა და შემშრალება ტილოთი, რაც წელზე ჰქონდა მორტყმული. მიდის სვიმონ პერტესთან და ეს უკანასკნელი ეუბნება მას: „უფალო, შენ დაბან ფეხთა ჩემთა?“ იესომ უპასუხა მას: „რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად“. პერტე ეუბნება მას: „არა დამბანნა ფერხნი ჩემნი უკუნისამდე“. იესო მიუგებს მას: „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“. პერტე ეუბნება მას: „უფალო, ნუ ხოლო ფერხი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი“. იესო ეუბნება მას: „განბანილსა მას არა უხმს გარნა ფერხნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმინდა არს იგი, და თქუენცა წმინდა ხართ, არამედ არა ყოველნი“. რადგან იცოდა მან გამცემელი მისი, ამიტომაც თქვა: „არა ყოველნი“. როცა დაბანა მათ ფეხები, და ჩიაცვა თავისი სამოსელი, დაბრძანდა ჩვეულებრივ და უთხრა მათ: „უწყით, რაი-ესე გიყავ თქუენ? თქუენ მხადეთ მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ; უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთსა დაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მოგეც თქუენ, რაითა ვითარცა-მე გიყავთ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ. ამინ, ამინ გეტყვით თქუენ: არა არს მონაი უფროის უფლისა თვისისა, არცა მოციქული უფროის მომავლინებლისა თვისისა. ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას. არა თქუენ ყოველთათვის ვიტყვი, რამეთუ მე გიცნი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაითა წერილნი იგი აღესრულნენ: „რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“ (ფს. 40,10). უფალი ცხადია ამ სიტყვებით მიანიშნებდა იუდას, მოუწოდებდა რა მას სინანულისაკენ... წმინდა ლუკა (22,29) გადმოგვცემს უფლის საკვირველ ანდერძსაც: „და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმა სასუფეველი“... წმ. მათე მახარებელი კი გვიყვება საიდუმლო სერობაზე სხვა მახარებლებთან შედარებით მოკლედ. იგი ჩერდება მხოლოდ ორ საკითხზე: გამცემლის მხილებაზე და ზიარების ღვთიური საიდუმლოს დაწესებაზე. ჩვენც, ჩვენი კეთილკრძალული ყურადღებით შევჩერდეთ მხოლოდ ამ ორზე, და შევსვათ ისინი ნაწილობრივ სხვა სახარებებიდან და წმიდა მამათა და ეკლესიის მასწავლებელთა განმარტებებით.
მოჰყავს რა მახარებლის სიტყვები: „ინახით-ჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა“ წმ. ოქროპირი შესძახებს: „ოი, უსირცხვილობა იუდასი! იგი იქაც ესწრებოდა, და მივიდა იმისათვის, რომ მიეღო საიდუმლო ზიარება, და მხილებული ყოფილიყო თვით ტრაპეზისას. როცა მას შეეძლო გამხდარიყო უწყინარი, თუმცა სინამდვილეში იყო მხეცი. ამიტომაც შენიშნავს მახარებელი, რომ როცა ისინი ჭამდნენ, ქრისტე ესაუბრებოდა მათ გაცემაზე, რათა თავად და ტრაპეზობით ემხილებინა ბოროტი გამცემელი“. და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესო: ამინ გეტყვით თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ არ იმეტებს თავის გამცემს, რადგან არ თქვა: ეს გამცემს მე! არამედ „ერთმან თქუენგანმან“ - იმისათვის, რომ იფარვიდა რა მას, ხელახლა სურდა მიეცა საშუალება მომანიებისა, და სურდა შეეშინებინა სხვები, რათა გადაერჩინა იგი. „ერთმან თქუენგანმან“ - თორმეტთაგანმან, რომლებიც ყველგან ჩემთან იმყოფებით, რომელთაც მე დავბანე ფეხი, და შევპირდი დიდ სიკეთე! მაშინ წმინდა საკრებულო მოიცვა აუტანელმა წუხილმა. იოანე ამბობს, რომ მოწაფენი საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი და ყურადღებით აცქერდებოდნენ ერთმანეთს“. და უფალმაც დასძინა: „აჰა ხელი გამცემლისა ჩემისაი ჩემ თანა ტაბლასა ზედა“ (ლკ. 22,21)... ამის შემდეგ თითოეული მათგანი, უკვე ვეღარ ბედავდა სხვის შეხედავს, აღარ ენდობოდა საკუთარ თავსაც და შიშით ეკითხებოდა, თუმცა კი არ ცნობდა ასეთად თავს, ისინი უკვე იყვნენ განსწავლულნი, მათ იცოდნენ როგორი ცვალებადია ადამიანის გული, და ამიტომ გაისმა კითხვები: და იგინი შეწუხნეს ფრიად და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუ უკვე მე ვარ, უფალო? „არის განა დამახასიათებელი ცოდვილთათვის დამდაბლება, ეჭვის შეტანა საკუთარი თავის ცოდვიანობაში? ო, არა! ეს მისთვის არის სიმართლის საქმე... პირიქით, იგი ჩავარდებოდა დამღუპველ თავის მოტყუებაში, თუკი ჩათვლიდა თავს მართლად ყველაფერში“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნიგოველი).
მაცხოვარი დუმდა, მოწაფეთა ბავშვური უბრალოება და გულწრფელობა ასაჩუქრებდა მის გულს, რომელიც მხოლოდ ერთის გამო იყო დამძიმებული. მაშინ უფალი იძლევა უფრო მეტ მინიშნებას გამცემელზე: ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ერთი თორმეტთაგან, რომელმან შთამოყო ჩემ თანა ხელი ერთსა და იმავე პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე! წმ. ოქროპირი შენიშნავს: „ზოგიერთები ამბობენ, რომ იუდა იმდენად თავხედი იყო, რომ აღარ ერიდებოდა მასწავლებელს და მასთან ერთად აწობდა ხელს. ჩემი აზრით კი, ქრისტემ ეს დაუშვა იმის გამო, რომ შეერცხვინა იგი და გაეღვივებინა მასში კეთილი განწყობილებანი... ვინ იქნება, რომ იფიქროს ამ სერობაზე, გამცემელზე, მაცხოვართან ერთად მსხდომებზე, და იმაზეც, თუ როგორ მშვიდად საუბრობს ის, რომელმაც იცის, რომ უნდა გასცეს, - ვინ იქნება, რომ ამაზე იფიქროს და არ მოიშოროს მთელი შხამი რისხვისა და გულისწყრომისა? შეხედე, როგორი სიმშვიდით წარმართავს თავის სიტყვას იესო იუდას მისამართით“. ძე-სამე კაცისაი წავალს, ვითარცა წერილ არს მისთვის წინასწარმეტყველთა წიგნებში, იგი მიდის წამებაზე წამების გზით - თავის ზეციურ მამასთან, - ასე იყო ზემოდან განსაზღვრული, მაგრამ ეს არანაირად არ ამსუბუქებს გამცემლის დანაშაულს, არ ასუსტებს იმ მწარე ხვედრს, რაც მას ელოდა ამისათვის: ხოლო ვაი კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაი მიეცეს, უდიდესი დამნაშავე უსაშინლესად იქნება დასჯილი... უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი! „შენიშნე, - ამბობს წმ. ოქროპირი, მხილებაში ისევ რამოდენა სიმშვიდეა, ახლაც მრისხანედ კი არა, არამედ შემწყნარებლურად ემსახურება თავის გამცემელს, და ამასთან დაფარულად, მიუხედავად იმისა, რომ არამარტო უწინდელი მისი უგრძნობელობა, არამედ შემდგომშიც მასში გამოვლენილი უსირცხვილობა, იმსახურებდა გაწყრომას“. ასე, ზეციური მასწავლებელი „თავისი დიდ სიკეთით ედავება ცოდვილის ბოროტებას და სიკეთით სურს მასზე გამარჯვება“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნიგოველი).
ბოლოს, უკვე მხილებული, „რათა არ დარჩენილიყო მარტო სხვებს შორის, რომლებიც ეკითხებოდნენ უფალს, კითხვის გარეშე, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - და ამ სახით სრულად არ გაეცხადებინა თავი, ეს უბედურიც ბედავს ხმის ამოღებას და უსირცხვილოდ ეკითხება სხვების მსგავსად: მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და ჰრქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? „ო უგრძნობლობა! - შესძახებს წმ. ოქროპირი: - ეკითხება მაშინ, როცა ეს თავადაც შეგნებული ჰქონდა. რატომ არ ჰკითხა ამაზე თავიდან? იგი ფიქრობდა, რომ ვერ გაიგებდნენ მისას, როცა ითქვა „ერთმან თქუენგანმან“; როცა ქრისტემ გააცხადა იგი, მაშინ იმანაც გაბედა კითხვა, იმედი ჰქონდა რა მასწავლებლის სიმშვიდისა, არ ამხელდა მას“. - აღნიშვნის ღირსია, რომ „მაშინ, როცა სხვა მოწაფენი ამბობდნენ: „ნუუკვე მე ვარ ვარ, უფალო?“, იუდამ თქვა: „ნუუკუე მე ვარ, მოძღუარო?“ პირველი ცხადია არის ნაყოფი კეთილმოსაობისა, მეორე კი - სულ სხვაა: მოძღუარი, ანუ რაბბი - ეს დასაფასებელი წოდებაა, რომელსაც ითხოვდა მარტივი განსწავლულობა ნებისმიერი მასწავლებლის მიმართ, ე.ი. იუდა ლაპარაკობს მხოლოდ უბრალო ჩვეულებრივ ენაზე“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნიგოველი).
იუდა ეკითხება: „ნუუკუე მე ვარ?“ იგი მოწაფეების წინაშე იქცევა როგორც თვალთმაქცი. მაგრამ როგორი იყო იგი თავისი სინდისის წინაშე? ოი, როგორი მძიმე იყო გულთამხილავისათვის მოსმენა უსირცხვილო კითხვისა! როგორ შეიძლებოდა წყრომის გარეშე ეპასუხა ასეთი საშინელი სულისათვის? შენმა ზეციურმა მადლმა, უფალო, მშვიდად მიუგო იუდას: ჰრქუა მას იესო: შენ სთქუ. ანუ შენ თვითონ იცი, რომ შენა ხარ გამცემელი... „თუმცა შეიძლებოდა ეთქვა: ო, საძაგელო და ბილწო, ბოროტო და არაწმიდა ადამიანო! რამდენ ხანს ემზადებოდი, რომ ასეთი ბოროტება ჩაგედინა, განმეშორე მე და სატანურად შეუთანხმდი მტერებს, დათანხმდი ვერცხლის მიღებას, და უკვე მხილებული, როგორ ბედავ კიდევ ასეთ კითხვას?... მაგრამ ქრისტემ არაფერი უთხრა მას მსგავსი. რა უთხრა მაინც: „შენ სთქუ“, რითაც გვაძლევს ჩვენ მაგალითს მოთმინებისა და სიმდაბლისა“ (წმ. ოქროპირი). უფალმა იუდას უპასუხა „ისე მშვიდად და ხმადაბლა, რომ არც კი გაუგია სხვებს, ანდა ვერ მიხვდნენ, გარდა იუდასი, რაც ჩანს შემდგომიდანაც, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი - გამცემელმა დუმილით გადაიტანა საყვედური, რათა აერიდებინა დიდი შერცხვენა - ყველას წინაშე მხილება. დანარჩენ მოწაფეებსაც აღარ გაუგრძელებიათ ცნობისმოყვარეობა, დაინახეს რა, რომ მასწავლებელს არ სურდა გამცემელზე პირდაპირ მითითება. ერთ პეტრეს ვეღარ ასვენებდა აზრი, რომ გამყიდველი, რომელზეც ის იყო ბრძანა მოძღვარმა, შეიძლება მის გვერდითაც იჯდეს; კიდევ უფრო უარესიც იფიქრა: იქნებ მას გულისხმობდა მასწავლებელი, იქნებ იგი რაღაც საშინელ განსაცდელს მიეცა, - განა ერთხელ უკვე არ იქნა უბედური, როცა მოძღვარმა მას დამსახურებულად სატანა უწოდა: - არ აძლევდა ასეთი ფიქრი მას მოსვენებას. დაფარულის გასაცხადებლად მან მიმართა იოანეს რომელიც ახლა სულ ახლოს იჯდა მაცხოვართან, და ნიშანი მისცა, რათა მას საიდუმლოდ ეკითხა ქრისტესათვის: ვინაა ის, ვისზედაც იგი ამბობდა? - იოანემ, რომელიც უფალის მკერდს მიყრდნობოდა, მაშინვე ჰკითხა უფალს: ვინაა გამცემი? კითხვა ვერავინ გაიგო და ვერც შეამჩნია, პეტრეს და უდავოა თვით იუდას გარდა, რომელმაც, როგორც დამნაშავე, ყველაზე ეჭვიანობდა, ამიტომ მათ თვალყურს ადევნებდა: „რომელსა მე დავაწო პური და მივჰცე, იგი არს“ - უთხრა დაბალი ხმით უფალმა და დაასველა რა ნაწილი, მიაწოდა იუდა ისკარიოტელს. ეს მეგობრული საბოძვარი დასაღუპად განწირული მოციქულისათვის იყო უკანასკნელი მოწოდება სინანულისაკენ. მაგრამ იუდას სულში მოხდა სრულიად საპირისპირო რამ, პურთან ერთად, იოანეს თქმით, რომელიც ამ დროს აკვირდებოდა იუდას, იმ წამს მასში შევიდა სატანა. სიმშვიდისა და მეგობრობის ნიღაბი სრულიად ჩამოდნა მხილების ცეცხლისაგან, რომელიც მის გულში აგიზგიზდა. გამცემლის სახე ბნელი და აშინელი გახდა. წმიდა კრებული უკვე აუტანელი გახდა იმ ადამიანებისათვის, რომელსაც გულში ეშმაკი ჰყავდა; უხილავი უკეთური ძალა გარეთ ეზიდებოდა მას... გულთამხილავი ყოველივეს ხედავდა, რაც ხდებოდა მის სულში და აღარ ისურვა მეტად იქ უნაყოფოდ დასწრება გამცემლისა: „რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე“ (ინ. 13,27-30); უთხრა ეს და ამით მისცა მას კარგი საბაბი სერობის დასატოვებლად, რითაც არ აღიძვრებოდა მოწაფეებში ეჭვი მის მიმართ. აი, ეს მორიდებული ნახევარი საყვედური მადლის დატოვებაზე, ჩანს ძლიერ მუქად გამოჩნდა: „მე აღარ დავაყოვნებ ჩემს საქმეს“, - ფიქრობდა იგი და იქიდან კიდეც გავიდა. - „იყო ღამე“ - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - ანუ არა უადრეს საღამოს 9 საათისა, ჩვენი დროის მიხედვით. მოწაფეებმა იფიქრეს, რომ გაგზავნილ იქნა სადღესასწაულოდ რაიმეს საყიდლად, ანდა მას დაევალა მოწყალების გაცემა გლახაკებზე დღესასწაულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რაიმეს შეძენა ასე გვიან იქნებოდა ძნელი, ღატაკთა მოძიებაც ასეთ დროს არ იქნებოდა ადვილი, მაგრამ მოციქულები მზად იყვნენ ნებისმიერი რამ დაეჯერებინათ, ვიდრე ეფიქრათ ის, რომ იუდა ისკარიოტელი პირდაპირ საპასექო მაგიდიდან, მას შემდეგ, რაც მას მასწავლებელმა დაბანა ფეხი, წავიდოდა მმღვდელთმთავართან, რათა მიეღო აღთქმული ვერცხლი“...
იუდას გამცემლობაზე მსჯელობისას, წმ. ოქროპირი ამბობს: „ვიღაც იტყვის: თუ დაწერილია, რომ ქრისტე ასე უნდა ევნოს, რიღასთვის ისჯება იუდა? მან შეასრულა ის, რაც დაწერილია, - მაგრამ მან ეს გააკეთა არა ამ აზრით, არამედ ბოროტებით. თუ შენ არ შეხედავ მიზანს, მაშინ ეშმაკსაც გაათავისუფლებ ბრალისაგან. მაგრამ არა, არამც და არამც. ისიცა და სხვაც ღირსნი არიან ურიცხვი სატანჯველებისაგან, თუმცა ამით მოხდა „ქვეყნის გამოხსნა. რადგან იუდას გამცემლობამ კი არ გამოიხსანა, არამედ მაცხოვრის სიბრძნემ და მისმა უდიდესმა გონიერებამ, რომელიც სხვათა ბოროტებასაც კი ჩვენთვის სასიკეთოდ აქცევს. მაშინ რა, - იკითხავ შენ, - თუკი იუდა მას არ გასცემდა, განა მას სხვა ვინმე არ გაიმეტებდა? ყველა კეთილი რომ ყოფილიყო ქვეყნად, მაშინ ვერ შესრულდებოდა ჩვენი ხსნის სახლის აგება. - ღმერთმა ნუ ქნას! რადგან თავად ყოვლადბრძენმა იცოდა, როგორ უნდა შესრულებულიყო ჩვენი გადარჩენა, კიდეც რომ არ მომხდარიყო გამცემლობა. სიბრძნე მისი ძალზედ დიდი და მიუწვდომელია. ამიტომაც, რომ არ ეფიქრა ვინმეს, იუდა ემსახურებოდა გამოხსნის საქმეს, იესო უბედურ ადამიანს უწოდებს მას“...