მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უფლის წინასწარმეტყველება მოწაფეთა დაბრკოლებასა და პეტრეს უარყოფაზე

მათე 26, 31-35

ჯერ კიდევ სიონის მაღლობზე ყოფნისას წმ. მახარებელ იოანეს მოთხრობით, როცა უფალმა უთხრა მოციქულებს მათთან მოსალოდნელ განშორებაზე, „ანთებულ პეტრეს ბაგეებს, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - მაშინვე უნებურად დასცდა კითხვა: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ იგი ხედავდა, რომ მოძღვარს ელოდა საშიშროება და სურდა მასაც გაენაწილებინა იგი. უფალმა მიუგო: „ვიდრე იგი მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიძს მოსლუად აწ. ხოლო მერმე მომდევდე მე“. პეტრემ უთხრა: „უფალო! რასა ვერ ძალ-მიძს მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავჰსდუა“. უფალმა მიუგო და უთხრა: „სული შენი ჩემთვის დაჰსდუა? ამინ, ამინ გეტყვი შენ. არღა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უარ-მყო მე სამ-გზის“. წმ. ლუკა დასძენს, რომ უფალმა, რათა დაეცვა პეტრე თვითდაჯერებისაგან, დიდად გულაჩვილებულმა უთხრა: „სვიმონ! სვიმონ!“ - შენ რომ დაგენახა, როგორ მტრებთან მოგიწევთ შებმა! „აჰა, ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი“. რათა მე მივცე ნება აღგაშფოთოთ, შეგარყიოთ, გამოგცადოთ, როგორც მოექცა ერთ დროს იობს. „ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს“, უკიდურეს შემთხვევაში „სარწმუნოება შენი“, თუკი მას უკვე აღარ შეუძლია დაგიცვას შენ დაცემისგან. ამიტომ როცა წამოდგები დაცემის შემდგომ, განმტკიცდი, შენი ნამოქმედარის გამოსასწორებლად. „თუ, - ამბობ წმ. ოქროპირი, - სატანა გთხოვს ყველაში დასთესო, მაშინ რატომ არ თქვა ქრისტემ, რომ ლოცულობდა ყველასათვის? ქრისტე თავის სიტყვას მიმართავს პეტრესაკენ, რათა შეძრას იგი და აჩვენოს, რომ მისი დაცემა უფრო საშიშია, ვიდრე სხვებისა; რატომ ასევე არ თქვა: მე არ დავუშვი, არამედ თქვა: „მე ვევედრე“. მიდიოდა რა წამებაზე, იგი ლაპარაკობდა მშვიდად, რათა ეჩვენებინა თავისი ადამიანურობა. ის, რომელმაც უფლებითა თქვა: დავაფუძნებ ჩემს ეკლესიას, ისე შემოვზღუდავ მას, რომ ურიცხვი საშიშროებანი და სიკვდილი ვერ მოერევა მას, რომელმაც თქვა: „მოგცნე კლიტენი სასუფევლისანი“, - რა თქმა უნდა, არ საჭიროებდა ლოცვას. - ქრისტემ არ თქვა, რათა არ იბრუნო პირი, არამედ, „არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი“, რათა საერთოდ არ დაღუპულიყო იგი“. როცა პეტრე არწმუნებდა უფალს, რომ მზად იყო მიეღო საპყრობილე და სიკვდილიც კი, იგი ამას ამბობდა გულწრფელად. რათა ღრმად აღბეჭდილიყო გულანთებული პეტრეს სულში, როგორც მეტად თვითდაჯერებულ მოწაფეში მოსალოდნელ საშიშროებაზე ფიქრი, რათა შემდგომ განდგომისა, იგი არ ჩავარდნილიყო უიმედობაში, უფალმა საჭიროდ ჩათვალა გეთსამანიის გზაზე ერთხელ კიდევ გაემეორებინა თავისი გაფრთხილება.

მაშინ, - ამბობს წმ. მათე, - სიონის მაღლობიდან გამოსვლისას, იმ სანუგეშო, დამამშვიდებელი და გამამხნევებელი სიტყვების შემდეგ, რომლებიც მოტანილია იოანე მახარებელთან, ჰრქუა მწუხარებით მათ თავის საყვარელ მოწაფეებს იესო: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა. ვერ გამოიჩენთ სიმტკიცეს იმის აღიარებაში, რომ მე ვარ ჭეშმარიტი ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე, შეგეშინდებათ და მიმატოვებთ; როცა მე ამ ღამით დამამცირებენ და შეურაცხმყოფენ, თქვენ ვერ გაბედავთ ჩემი მტრების წინაშე ცხადად აღიაროთ, რომ მე ვარ უფალი და მასწავლებელი თქვენი; შეიძლება თვით თქვენი რწმენაც კი შეირყეს, რადგან ჯერ „კიდევ კარგად არ გესმით, რაში მდგომარეობს ქვეყნის გამოხსნა ჩემი ტანჯვითა და სიკვდილით. მაგრამ, ესეც ადრევეა ნაწინასწარმეტყველები: რამეთუ წერილ-არს ზაქარია წინასწარმეტყველთან: დავჰსცე მწყემსი და განიბნენ ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი, უფალს „მოჰყავს წინასწარმეტყველება, რათა ერთი მხრივ დაარწმუნოს მოწაფენი, ყოველთვის მიუგდონ ყური საღვთო წერილს, ხოლო მეორე მხრივ აჩვენოს, რომ იგი ჯვარს ეცმის ღვთის ნებით, რომ მოსახდენი არის საქმე ღვთის განგებულისა (წმ. ოქროპირი). იესო ქრისტე იწოდება მწყემსად, მორწმუნენი, განსაკუთრებით კი მოციქულები, მის ცხვრებად. ამ სიტყვებით - უფალი გვაჩვენებს, - აგრძელებს წმ. ოქროპირი, - „როგორები იყვნენ მოწაფენი მისი ჯვარზე სიკვდილის წინ და როგორები ჯვარზე სიკვდილის შემდეგ. რადგან ისინი, რომელთაც მისი ჯვარცმისას დგომაც კი ვერ შეძლეს იქ, მისი სიკვდილის შემდგომ გახდნენ უფრო ძლიერნი და გამძლენი. ხოლო გაქცევა და შიში მოწაფეებისა დამოწმებაა მაცხოვრის სიკვდილისა. მოკლედ, უფალმა არ დაუშვა მათი დატოვება მწუხარებაში, არამედ უთხრა: ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა წაგიძღუე თქუენ გალილიას, აღდგომილი თქვენზე ადრე ვიქნები გალილიაში. თავსდატეხილი ქარიშხალი მალე გადაივლის: იგი მალე აღგება მკვდრეთით და შემოიკრებს მათ თავისთან, როგორც დამფრთხალ ფარას.

მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავჰბრკოლდე... „რას ამბობ პეტრე? - ეუბნება წმ. ოქროპირი - წინასწარმეტყველმა თქვა: „განიბნინენ ცხოვარნი“; ქრისტემ დაამოწმა ნათქვამი, შენ კი ამბობ: არა? განა შენთვის არ არის საკმარისი, რაც მოხდა უწინ, როცა შენ ამბობდი: მოწყალე ხარ, უფალო, და მაშინ იქენი მხილებული? რას ნიშნავს ეს: როცა ქრისტე ამბობდა: „ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“, შენ გეშინოდა, რომ არ ყოფილიყავი გამცემელი, ახლა კი, როცა იგი ცხადად წარმოსთქვამს: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ“, შენ საწინააღმდეგოს ამბობ, და ერთხელ კი არა, არამედ რამდენჯერ? - ასე ამბობს ლუკა. - რატომ შეემთხვა ეს მათ? დიდი სიყვარულისა და დიდი გულმოდგინებისაგან, რადგან, როცა იგი გათავისუფლდა გამცემელთან დაკავშირებული შიშისაგან და იცნა გამცემელი, უკვე იწყო კადნიერი საუბარი და სხვებსაც კი წინ აღუდგა, როცა ამბობდა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. მაგრამ მოწაფის ამ თვითდაჯერებულ სიტყვებში „ორი დანაშაული იმალებოდა: პირველი ის, რომ იგი ეპასუხებოდა, მეორე კი ის, რომ თავს სხვებზე უფრო ძლიერად თვლიდა, ან თუ უკეთ ვიტყვით: იყო მესამე დანაშაულიც - ის, რომ ყველაფერს თავის თავს მიაწერდა. ასე რომ, ამის განსაკურნებლად ქრისტემ დაუშვა მისი დაცემა“, რომელსაც ახლა უფალი პირდაპირ აცხადებდა წინასწარ: ჰრქუა მას იესო: ამინ გეტყვი შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმის ხმობადმდე სამგზის უარმყო მე, ერთხელ კი არა, არამედ სამჯერ უარმყოფ მე და იტყვი, რომ საერთოდ არ მიცნობ მე. - მაგრამ პეტრე, უწინდელზე უფრო მეტად დაჟინებით უმტკიცებდა უფალს, რომ თითქოს მან უფრო იცოდა თავისი თავი: ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა სადა უარგყო შენ. დანარჩენმა მოწაფეებმაც ისურვეს არ ჩამორჩენოდნენ პეტრეს და იწყეს იმის მტკიცება, რომ უფალთან ერთად მოკვდებოდნენ: და ეგრეთვე მჰსგავსად ყოველნი მოწაფენი ეტყოდეს, უფალმა არაფერი უპასუხა მათ მტკიცებას: დაე, იმ ღამის მოვლენებს ეჩვენებინა, თუ როგორ ცდებოდნენ მოწაფენი.

წმ. ოქროპირი ამბობს: ქრისტემ დაუშვა პეტრეს დაბრკოლება, რათა ესწავლებინა მისთვის ყველაფერში მინდობოდა და დამორჩილებოდა მას და მისგან განსაზღვრული მიეჩნია უფრო სარწმუნოდ, ვიდრე საკუთარი მსჯელობა. სხვებმაც არ მიიღეს ცოტა სარგებელი მისი დაბრკოლებიდან, აღიარეს რა ადამიანური უძლურება და ღვთიური ჭეშმარიტება რადგან, როცა თვით ღმერთი წინასწარ აუწყებდა რაიმეს, არ უნდა გაეხადათ იგი სადავოდ. ჯობდა ელოცათ და ეთქვათ: დაგვეხმარე, რომ არ განგეშორნეთ! ეს მოწაფე კი, ენდობოდა რა თავს, ამბობს: ყველას რომ შეემთხვეს ეს, მე არ შემემთხვევა მსგავსი, - ამას კი ნელ-ნელა მიყავდა იგი სიამაყისკენ. ამისგან თავის დასაცავადაც დაუშვა ქრისტემ პეტრეს უარყოფა. რამდენადაც პეტრე არ იჯერებდა, არც ქრისტეს და არც, წინასწარმეტყველის სიტყვებს, - ქრისტემ სწორედ იმიტომაც მოიყვანა წინასწარმეტყველის სიტყვები, რათა პეტრე არ შეწინააღმდეგებოდა, - ახლა მას ასწავლის თვით საქმე. შეხედე, როგორი მშვიდი და მდაბალი გახდა იგი ამის შემდეგ, როცა აღდგომის შემდგომ თქვა: „უფალო, ხოლო ესერა?“ და გაჩერდა, აღარ იკადრა უკვე შეპასუხებოდა, როგორც ადრე, არამედ გაჩუმდა. ამის შემდგომაც, როცა სახლის ბანზე ხილვისას მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა მას: „რომელი იგი ღმერთმან წმიდა ჰყო, შენ ნუ შეგინებულ-გიჩნს“ (საქ. 10,15), და თუმცა არ იცოდა ცხადად, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, დუმდა და არ ეკამათებოდა. ყოველივე ეს იყო ადრინდელი დაბრკოლების შედეგი. აქედან ჩვენც ვსწავლობთ იმ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რომ ადამიანის თავისადმი მინდობა არასაიმედოა, თუ ზემოდან არ ექნება შეწევნა; ასევე ჩვენც ვერანაირ სარგებელ მივიღებთ ზეციდან შეწევნით, თუკი მოკლებულნი ვიქნებით საკუთარ მცდელობას. ის და სხვა მიანიშნებენ იუდასა და პეტრეს. პირველმა, მიიღო რა დიდი დახმარება, ვერ შეიძინა აქედან ვერანაირი სარგებელი, რადგან არ მოინდომა და არ დაურთო მას საკუთარი კეთილი მცდელობა. უკანასკნელი კი, დაბრკოლდა თავისი საკუთარი მცდელობით, რადგან ვერ მიიღო შეწევნა ზეციდან. კეთილი საქმე კი იჭედება ამ ორი საჭიროებით. ამიტომ მე გევედრებით, რათა არ მიეცეთ ძილს, და რათა არ იფიქროთ, რომ ყველაფერს თქვენი გარჯით აკეთებთ. რამდენადაც ღვთისათვის არ არის სათნო, რომ დაუდევარნი ვიყოთ, ამდენად, იგი თავად ახდენს ყოველივეს; ასევე არ არის მისთვის სათნო ისიც, რომ ვიყოთ ქედმაღალნი, ამიტომ ყველაფერი არ მოგვცა, არამედ მოგვარიდა საზიანო და დაგვიტოვა ჩვენთვის სასარგებლო“.