მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

საღამო სვიმონ კეთროვანის სახლში

მათე 26, 6-13

ჯერ კიდევ იმ დროს, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ქადაგებდა გალილეაში, სულ მალე ნაინელი ქვრივის შვილის აღდგენის შემდგომ, ვინმე სვიმონ ფარისეველის სახლში მოხდა მეტად ამაღელვებელი შემთხვევა, რაზეც კეთილად გვაუწყებს წმინდა მახარებელი ლუკა (7,36-50). როცა უფალი იჯდა მაგიდასთან, ერთმა ქალმა, რომელსაც თავისი ცოდვების გამო ქალაქში ყველა იცნობდა, მოიტანა მირონით სავსე ჭურჭელი, ჩაიმუხლა უფლის ფეხებთან, ტიროდა და ცრემლებით ასველებდა უფალს, უსვამდა მირონს, თმებით უმშრალებდა და ეამბორებოდა. დაინახა ეს ფარისეველმა, რომელსაც ჰყავდა უფალი მიწვეული თავისთან და იფიქრა: „ეს რომ იყოს წინასწარმეტყველი, მაშინ ეცოდინებოდა ვინ და როგორი ქალი ეხება მას, რადგან იგი ცოდვილია“. არ დაიმალა ფარისევლის ასეთი ფიქრი გულთამხილველისათვის; ...უფალი მიუბრუნდა მას და უთხრა: „სვიმონ, მაქუს რაიმე შენდა სიტყუად“. მან უპასუხა: „მოძღუარ იტყოდე“, უფალმა უთხრა: „ორნი თანამდებნი იყვნენ მასესხებელისაი ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას ერგასისი. და ვითარ არარაი აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროის შეიყვაროს იგი ?“ - სვიმონმა უპასუხა: „მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა იგი უფროის მიუტევა“. უფალმა უთხრა მას: „სამართლად ჰსაჯე“ . და მიუბრუნდა რა ქალს, უთხრა სვიმონს: „ჰხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერხთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერხნი ჩემი და თმითა თვისითა წარხოცნა. ამბორის-ყოფაი არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაითგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერხთა ჩემთაითა. ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერხთა ჩემთა, რომლისა მადლისათვის გეტყვი შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად: ხოლო რომელსა მცირედ მიეტევოს, მცირედცა შეიყუაროს“. და უთხრა ქალს: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“. და იქ მსხდომებმა გულში გაივლეს: „ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?“ და მან უთხრა დედაკაცს: „სარწმუნოებამ შენმა გაცხოვნა შენ. გუალე ვიდოდე მშვიდობით“. შეიძლება ამ ამბის შემდეგ, ძალიან მალე, სვიმონ ფარისეველი დაავადდა მეტად მძიმე, უკურნებელი კეთრით, რწმენით მიმართა ქრისტე მაცხოვარს და მიიღო მისგან განკურნება. ორივენი, ღვთისაგან კეთილად შეწყნარებულნი, სიმონიცა და მონანული ცოდვილი ქალიც, გულით ატარებდნენ მადლიერებას და უდიდეს მოსაობას თავიანთი ღვთიური კეთილისმყოფელისადმი. წმიდა მათე და მარკოზ მახარებელთა მონათხრობში, სიმონი უკვე იწოდება არა ფარისევლის სახელით, რომელიც უფლის მტრებს გვახსენებს, არამედ მაღალი წოდებით „კეთროვანი“, რომელიც მიანიშნებდა ქრისტეს მიერ მოხდენილ კეთილ სასწაულზეც. ასე უწოდებენ მას მახარებლები იგივე მნიშვნელობით, როგორც მახარებელი იოანე უწოდებს ლაზარეს „მომკვდარს“, ანდა მათე მოციქულთა საკრებულოში თავს უწოდებს მეზვერეს. სვიმონს სხვა სახლიც ჰქონდა ბეთანიაში, სადაც იგი ალბათ გადადიოდა დიდ დღესასწაულებზე. აქ ცხოვრობდა იგი პასექის იმ დღესასწაულის დროსაც, როცა ეწამა ჩვენი უფალი. ბეთანიაში იესოს მისვლა ყოველთვის დღესასწაული იყო მისი მეგობრების და მაღიარებლებისათვის და ყოველ მათგანს ბედნიერებად მიაჩნდა უფლის, როგორც ძვირფასი სტუმრის, მიღება სახლში. ჩვეულებრივ უფალი ჩერდებოდა ლაზარეს სახლში; მაგრამ თავის მხსნელ წამებამდე, ერთი დღით ადრე, სწორედ დიდ ოთხშაბათს, მან ინება მისვლა სვიმონის სახლში, რომელიც მან განკურნა კეთრისაგან. „უფლისადმი დიდ პატივისცემას უკვე ის აჩვენებდა, რომ ყოველივე ეს ხდებოდა იერუსალიმის მახლობლად, როცა ყოველი ისრაელთაგანი, შეჩვენებისა და დასჯის შიშის გამო, ვალდებული იყო სინედრიონისათვის ეცნობებინა იესოს სამყოფელი“ (მთ. ეპ. ინოკენტი) უფლის სვიმონის სახლში მისვლის ამბავი გაიგო იესოსგან შეწყნარებულმა ქალმაც, რომელიც ასევე დღესასწაულზე იყო მოსული და უდიდესი მადლიერებით აღვსილი მისი სულის მოწყალე მკურნალისადმი, უდიდესი სითამამით გადაწყვეტს, ისევე გამოხატოს მისადმი მადლიერი დამოკიდებულება, როგორც ეს გამოხატა ადრე. ხოლო იესო იყო ბეთანიას, სახლსა სვიმონ კეთროვნისასა, მოუხდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისაი მრავლისა სასყიდლისაი, და დაასხა თავსა მისსა ინახით მჯდომარისა. ძვირფასი მირონის კეთილსურნელება დატრიალდა სიმონის სახლში. მახარებლები არ ამბობენ, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, თანახმად დიდი ოთხშაბათის საეკლესიო საგალობლებისა, გულმოწყალე და მადლიერმა ქალმა მირონი უფალს დაასხა არა მარტო თავზე, არამედ ფეხებზეც. „როცა იყო ცოდვილი, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - მან გაბედა მირონის მხოლოდ იესოს ფეხებზე ცხება, რადგან უღირსად თვლიდა შეხებოდა მაცხოვრის წმინდა თავს; ხოლო ცოდვათაგან განწმენდის შემდგომ, მანვე უკვე გაბედა მირონის არა მარტო ფეხებზე ცხება, არამედ თავზე დასხმაც“. - „ოი, ნეტარი ხელები! - უგალობს წმ. ეკლესია - ოი, კეთილგონიერი მეძავი ქალის თმები და თითნი! მათგან გეცხო შენ, მხსნელო, ფეხებზე მირონი, გიმშრალდება და გეხვეოდა სიყვარულით... ცოდვილო ისწრაფე, რათა შეიძინო შენ ძვირფასი მირონი და მირონის მსყიდველს უღაღადო. მომეც მე მირონი, რათა გცხო და განწმინდო ცოდვები ჩემი“, როგორც ცხებდა მას მარიამი, რომლის ძმაც აღადგინა მან მკვდრეთით. მსჯელობს რა იმაზე, თუ რამ გაუჩინა ქალს უფლისათვის მირონის ცხების სურვილი, წმ. ოქროპირი ამბობს: „მახარებელმა უბრალოდ კი არ მოიხსენა სიმონის კეთრი, არამედ იმისათვის, რათა ეჩვენებინა მიზეზი, თუ რატომ ეახლა იესოს ცოდვილი ქალი კადნიერებით. რამდენადაც მას კეთრი მიაჩნდა არაწმიდებად, მაგრამ დაინახა, რომ იესომ განკურნა ადამიანი კეთრით დაავადებული, თვითონაც გაბედა მისვლა მასთან - სხვაფრივ არ ისურვებდა დარჩენას კეთროვანთან, - არც გაჩერდებოდა მასთან: მას გაუჩნდა ასევე დიდი იმედი, რომ იესო ადვილად გაწმედდა მის არაწმიდებასაც“. იგივეს ამბობს ნეტარი თეოფილაქტეც: „დაინახა რა კეთროვანი განწმედილი, ცოდვილ ქალსაც გაუჩნდა რწმენა, რომ ისიც მიიღებდა ცოდვათაგან განწმედას და სულის კეთროვანებისაგანაც განიკურნებოდა. რწმენით წავიდა იგი, იყიდა მირონი და კადნიერად დაასხა იესოს თავზე, რითაც პატივი მიაგო სხეულის უმთავრეს ნაწილს. ასევე შენც, როცა შეპყრობილი ხარ სულიერი კეთრით, ფარისეველივით ხარ ქედმაღალი და იმის გამო ღმერთს დაშორებული, მიიღე იესო შენს სახლში და სცხე მას სათნოებების ზეთი... შენც ხომ შეგიძლია დაამზადო შენი შესაფერი მირონი ცოდვის კეთრისაგან განმწმედი და დაასხა იესოს თავზე. შენც მიუძღვენი ქრისტეს ღვთაებრიობას კეთილსუნნელება მირონისა, რომელიც სათნოებებისგან იქნება შემდგარი. იცანი, უფალი, აღიარე არა მარტო ადამიანად, არამედ ღმერთადაც: რადგან ამით შენ სცხებ კეთილსურნელოვან მირონს მის თავს“. - „საკვირველ ქალს“ უწოდებს წმ. ოქროპირი ლაზარეს და მარიამს, მაგრამ ამ ყოფილ ცოდვილ ქალსაც გააკვირვების ღირსად თვლის. „ყველა დანარჩენი ქალები, - ამბობს იგი, - მიდიოდნენ რათა მიეღოთ სხეულის სიმართლე, ის კი მივიდა იმისათვის, რათა პატივი მიეგო იესოსთვის და მიეღო განკურნება სულიერი. მას არ ჰქონდა სხეული რაღაცით დაავადებული, ამიტომაც ყველასათვის საკვირველი უნდა ყოფილიყო მისი მოქმედება. იგი იესოსთან მივიდა არა როგორც უბრალო ადამიანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში თმებით კი არ შეუმშრალებდა ფეხებს, არამედ როგორც ისეთ პირთან, რომელიც ადამიანზე მეტი იყო. ამიტომაც მიიტანა ქრისტეს ფეხებთან თავისი თავი, რომელიც, როგორც სხეულის უმთავრესი ნაწილი, ყველაზე ძვირფასია სხეულისათვის“. მისი ასეთი საქციელი გამომდინარეობდა კეთილკრძალული აზრიდან, გამთბარი რწმნიდან და შემუსრვილი გულიდან. „ხედავდა რა ქალის ფიქრებს, უფალმა დაუშვა, რომ ქალი მიახლებოდა მას; და რადგან მისი კეთილმოსაობა დიდი იყო და გულმოდგინება განუზომელი. იესომ თავისი უდიდესი შემწყნარებლობით, მისცა ნება ქალს, რომ მირონი მის თავზე დაექცია. თუ მან არ ითაკილა ადამიანად შობა, ადამიანის მიერ მუცლით ტარება, რძით გამოკვება: რაღატომ უნდა გავიკვირვოთ, თუ არც ეს ქალი მოირიდა თავიდან? როგორც იესოს მამა ღებულობდა შესაწირის დაწვით კვამლსა და ბოლს, ასევე მანაც მიიღო მეძავი, დაინახა რა მისი შინაგანი განწყობილება. ზეთით იაკობმა სცხო სვეტი ღვთის სამსხვერპლოდ, ზეთი შეიწირებოდა ძღვნად; ზეთით იყვნენ ცხებულნი მღვდლები“.

უფალმა არაფერი უთხრა ქალს, მაგრამ მისი დუმილი უკვე იმას მოასწავებდა, რომ მიიღო ქალის სუფთა გულმოდგინება, ამაზე მეტი ჯილდო კი რაღა უნდა ისურვოს მადლიერი ადამიანის გულმა. ყველა ხარობდა, მაგრამ ეს სიხარული უცებ შეცვალა უკმაყოფილებამ: ხოლო იხილეს რა მოწაფეთა, განრისხნეს... შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამჯერადაც, როგორც ოთხი დღის წინ, ლაზარეს სახლში, როცა მარიამმა სცხო უფალს, ეს უკმაყოფილება ქალის საქციელის გამო გამოთქვა იუდა ისკარიოტელმა, რომელმაც ვერ შეიკავა თავი, რომ თავისი აზრები ამასთან დაკავშირებით არ გაეზიარებინა იმ მოწაფეთათვის, რომლებიც ახლოს ისხდნენ მასთან; მათ კი დაიწყეს განცხადებით თავიანთი ნაფიქრალის გამოთქმა და იტყოდეს: რაისათვის იყო წარწყმედაი ნელსაცხებლისაი ამის? რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა. „საიდან გაჩნდა მოწაფეებში ასეთი აზრი? - კითხულობდა წმ. ოქროპირი. როგორ შეიძლებოდა დათანხმებოდნენ ვერცხლისმოყვარე იუდას მოსაზრებას? „მათ ელმოდათ, როცა მასწავლებელი ამბობდა: „წყალობაი მნებავს და არა მსხუერპლი“ (მთ. 9,13) და ადანაშაულებდა იუდეველთ იმისათვის, რომ მათ მიატოვეს უმთავრესი - სამართალი, მოწყალება და რწმენა, ყოველივე აქედან ასკვნიდნენ და მსჯელობდნენ ერთმანეთში: თუკი იგი არ ღებულობს ყოვლადდასაწველსა და ძველ ღვთისმსახურებას, მით უფრო ნაკლებად მიიღებს მირონის ცხებას. ასე ფიქრობდნენ მოწაფენი. არ იცოდნენ რა ქალის ფიქრები, ისინი უადგილოდ ადანაშაულებდნენ მას და თავად ბრალდებად მიუთითებდნენ ქალის სიუხვეზე, ახსენებდნენ რა, ანგარიშობდნენ რამდენი დახარჯა მან მირონის შესაძენად“. მაგრამ ასეთი მსჯელობით არღვევდნენ მოვალეობას, რომ პატივი უნდა ეცათ ქალის კეთილი საქციელისათვის, და უფრო მეტად - თავიანთი მასწავლებლისათვის. ისინი ამბობდნენ ამას არა მარტო ბოროტი განზრახვით, არა ცუდი გულით, არამედ უბრალებით, რადგან ჩვევად ჰქონდათ თავისუფლად გამოეთქვათ მასწავლებლის წინაშე ნაფიქრალი; მაგრამ ახლა მეტად უდროოდ, გლახაკებზე ზრუნვის გამო კი არა, უფრო მეტად, რა თქმა უნდა, იუდას მაგალითის მიბაძვითაც, რადგან იუდას, თავისი უტიფარი ხასიათის გამო, ადვილად შეეძლო მიედრიკა სხვები თავისი კადნიერი მსჯელობისაკენ. მოწაფენი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სჯიდნენ თავიანთი მასწავლებლისათვის დამახასიათებელი სულით. სრულიად სხვა ფიქრები და აზრები, იწვოდა ისკარიოტელის გულში. „ანგარების სიყვარული იყო განუკურნებელი სენი იუდას სულისა, რაც ახლა მთლიანად დაუფლებოდა მის ფიქრებსა და სურვილებს“ (მთ. ეპ. ინოკენტი).

ახლა წარმოვიდგინოთ, რა უნდა სდებოდა გულში უფლის მცხებელ ქალს, მოწაფეთა ასეთი შეხედულებებისას მისი გულანთებული საქმის გამო და უფლისადმი უსაზღვრო სიყვარულისათვის. „თუკი სისხლმდინარე ქალი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომელიც არაწმინდა იყო თავისი ბუნებრივი ავადმყოფობით, შიშითა და ძრწოლით მიეახლა, მით უფრო მეტი შიში და სირცხვილი უნდა ჰქონებოდა ამ ქალს თავისი სინდისის არაწმიდებისა გამო“, რომელიც შემდგომში განიწმინდა ქრისტეს მადლით, მაგრამ აი, - იგი მაცხოვრის ფეხებთანაა დამხობილი, მისკენ აქვს თავისი ცრემლიანი მზერა მიპყრობილი, მის კაცთმოყვარეობაში ეძიებს თავის საფარს ღვთის უმკაცრესი მართლმსაჯულებისაგან, და თუ ბაგენით არა, გულით მაინც შეღაღადებს მას: „ნელსაცხებელისა ღონიერ ვარ მე, ხოლო სათნოებათაგან უღონო, და რომელი ესე მაქუს, შევჰსწირავ, ხოლო შენ მომეც, რომელი იგი გაქუს და მილხინე მე... მირონი ჩემი განხრწნადი არს, ხოლო მირონი შენი ცხოველსმყოფელი, და რამეთუ მირონად, წარმოცალიერებულად ღირსთათვის გეწოდების, მომეც შენდობაი!.. (დიდი ორშაბათის საკითხავი). ხოლო იესო გულისხმა-ყო და ჰრქუა მათ: რაისა შრომასა შეამთხვევთ დედაკაცსა მაგას? თავი დაანებეთ მას, რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ; მან კეთილი სამსახური გამიწია, რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, და ყოველთვის შეგიძლიათ მათთვის კეთილის გაკეთება. ეს საქებია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ხოლო მე არა მარადის თქუენთანა ვარ. მე მალე მომიწევს თქვენთან განშორება ხილულად, თუმცა უხილავად მუდამ ვიქნები თქვენთან: ამიტომაც ისეთი პატივი, როგორიც მე მომაგო ქალმა, შეუძლებელი იქნება შემდგომ, თქვენ არ იცით, რომ ეს ქალი ასე მოიქცა ღვთის განსაკუთრებული შთაგონებით, განასახიერებს რა ჩემს დაკრძალვას: რამეთუ დამასახა მაგან ნელსაცხებელი ესე ხორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო. „ამიტომ ნურავინ გაუწყრება მას, მე არა მარტო არ მინდა მისი განსჯა, როგორც რაიმე ცუდის ჩამდენისა, არც საყვედურის თქმა, თითქოს არასწორი საქმის გამო, არამედ არ დავუშვებ იმას, რომ მომხდარი არ გახდეს საცნაური, და მოვახდენ ისე, რომ მთელი ქვეყანა გაიგებს იმას, რაც მისგან ამ სახლში ფარულად მოხდა. რამეთუ ეს საქმე მომდინარეობდა კეთილკრძალული აზრიდან, თბილი რწმენიდან და შემუსრვილი გულიდან“ (წმ. ოქროპირი). ამინ გეტყვი თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაი ესე ყოველსა სოფელსა, ითქმოდის რომელიცა - ესე ყო მაგან სახსენებელად მაგისა. „აი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - შესრულდა ის, რაც ქრისტემ იწინასწარმეტყველა და მართლაც, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან დაინახავ, რომ აუწყებენ იმ ქალზეც, თუმცა კი იგი არ იყო ცნობილი, არ ჰყავდა ბევრი მოწმე, არ გამოდიოდა ყველას წინაშე, არამედ გამოჩნდა სახლში, და ამასთან ვინმე კეთროვანის ბინაში და მხოლოდ უფლის მოწაფეების თანდასწრებით. ვინ ამცნო და იქადაგა მასზე? მისმა ძალამ, ვინც იწინასწარმეტყველა ეს. სდუმან უამრავ გმირობებზე მეფეებისა და მხედართმთავრებისა, რომელთა ძეგლები დღესაც შემორჩა; უცნობნი არიან სრულიად ისინიც, ვინც ქალაქები ააშენა, ზღუდენი აღმართა, გამარჯვებები მოიპოვა, დაიმორჩილა ხალხები და მათზე იუფლა: მაგრამ ის, რომ მეძავმა ქალმა სურნელოვანი ზეთი დააქცია უფალს ვიღაც კეთროვანის სახლში თორმეტი კაცის თანდასწრებით, ამას უგალობენ ქვეყნის ყოველ კუთხეში. რამდენი დრო გავიდა მას შემდეგომ, მაგრამ ხსოვნა ამ შემთხვევისა არ დაკარგულა; ყველგან, ყოველ ქვეყანაში ჰყვებიან იმაზე, რაც მეძავმა ქალმა მოიმოქმედა ფარულად“.

განსაკუთრებით უნდა შეეძრა მოციქულთა გული უფლის სიტყვებს მისი მოახლოებული სიკვდილის შესახებ. მათ ის-ის იყო მოისმინეს უფლისაგან, რომ მირონის მცხებელმა ქალმა იგი უკვე მოამზადა დასაკრძალვად. ნუთუ მართლა ასე მალე უნდა მოკვდეს იგი?.. მატად მტკივნეული იქნებოდა ქალის კეთილი გულისათვის იმის გაგება, რომ მან უნებურად შეუსრულა უფალს წესი დაკრძალვისა, როცა ქრისტემ თქვა: „დასაფლავებად ჩემდა ყო“. და რომ არ მოსჩვენებოდათ მოციქულებს - ამბობს წმ. ოქროპირი, - ეს ქალს უხერხულობას გვრიდა, გაიხსენა უფალმა სიკვდილსა და დაკრძალვაზე და დაამტკიცა უფალმა სიტყვებით: „ყოველსა სოფელსა ითქმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან“. ეს მოწაფეთათვის უწყება იყო, ხოლო ქალისათვის ნუგეში და შექება. ყველა, ამბობს იგი, შემდგომში შეაქებს მას, და ახლა კი წინასწარ გვაუწყა ტანჯვა-წამება, მოიტანა რა აუცილებელი ჩემს დასამარხად. - რატომ აღუთქვამს ქრისტე ქალს არა რაიმე სულიერს, არამედ მის მარადიულ ხსენაბას? იმისათვის, რომ ამით გაუჩინოს იმედი სულიერ სიკეთეთა მისაღებად. თუ მან გააკეთა კეთილი საქმე, მაშინ ცხადია, მიიღებს ღირსეულ ჯილდოსაც“. წმ. ოქროპირი ამბობს: „თუ შენც დაინახავ, რომ ვინმემ გააკეთა და მოაქვს საეკლესიო ჭურჭელი, ანდა ირჯება ეკლესიის გასამშვენებლად, ნუ მისცემ თავს უფლებას მოირიდო ან მოსპო, რაც გაკეთებულია, რათა არ შეასუსტო მისი გულმოდგინება“. იგივე ქრისტეს სულისკვეთებით მსჯელობს ნეტარი თეოფილაქტეც: „როცა ვინმეს მიაქვს ძრვენი ღმერთთან, ნუ მოირიდებ მას და ნუ გაანელებ მის გულმოდგინებას, ნუ გააგზავნი მას ღარიბთათვის იმის დასარიგებლად, არამედ მიეცი საშუალება, რომ შეწიროს. თუკი შენ ოდესმე ვინმე მოგთხოვს რჩევას, ღარიბებს უნდა მიეცეს რაიმე, თუ მიერთვას ღმერთს, ასეთ შემთხვევაში ურჩიე, რომ უმჯობესია ღატაკთა შეწევნა. მაგრამ თუ მან უკვე მიუტანა შესაწირი ღარიბებს, მაშინ ტყუილადღა გააგზავნი მას: საჭიროა იმის გაკეთება, და ეს არ უნდა მიატოვოს მან. ამასთან პატივი, უშუალოდ ღვთისადმი მიგებული, უნდა გარდაემატოს ყველა სათნოებას და თვით მოწყალებასაც. და თუკი ქრისტე, კაცთმოყვარებისა გამო, მიაკუთვნებს მოწყალების საქმეებს უპირატესობას, არ იფიქროთ, რომ ღმერთი უნდა მივატოვოთ და ვიზრუნოთ მარტო მოწყალებაზე. არ შეიძლება ამისი დაშვება. სხვა საქმეა ქრისტეს მსახურება და სხვა გლახაკთა შეწყალება, თუმცა ქრისტე, თავისი კაცთმოყვარეობის გამო, მიაწერს თავის თავს იმას, რასაც აკეთებენ ღატაკთათვის, სიკეთე იქნება თუ ბოროტება“.

ბეთანიაში ქრისტეს მიერ გატარებულ საღამოზე მსჯელობა დავასრულოთ წმ. ოქროპირის სავედრებელი სიტყვები: ვითარცა არა უღირს იჩინე შესლვად და სერობად ცოდვილთა თანა სახლსა სიმონ კეთროვანისასა, ეგრეთვე სათნო-იყავ შემოსვლად სახლსა მდაბლისა სულისა ჩემისასა კეთროვანსა და ცოდვილსა, და ვითარცა არა განაგდე მსგავსად ჩემსა მეძავი, და ცოდვილი მოსრული, და შემხებელი შენდა, ეგრეთვე შემიწყალე მეცა ცოდვილი, მოსრული, და შემხებელი შენი, და ვითარცა არა მოიძაგე მწიკვლევანი იგი პირი მისი, და არა-წმინდა ამბორისმყოფელი შენი, ნუცა ჩემსა მოიძაგებ უმწიკვლევანესსა მისსა პირსა, და უარაწმინდესსა, ნუცა საძაგელთა და უარწმიდისთა ბაგეთა, და შეგინებულსა და არაწმიდიდასა ენასა ჩემსა...“ (ზიარებისწინა ლოცვა). „უფროს მეძვისა განვრდომილმან სახიერ, ღუარნი ცრემლთანი არა შევსწირენ შენდა, გარნა დუმილით მოქენე შეგივრდები, სურვილით შემტკბობი, უხრწნელთა ფერხთა შენთა, რათა შენდობა ვითარ, მეუფემან მომმადლო, თანამდებთა მხმობელსა მაცხოვარ, მწვირით საქმეთა ჩემთათ გამომიხსენ მე“ (დიდი ოთხშაბათის კონდაკი).