მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

პეტრე მოციქულისაგან სამჯერ უარყოფა

მათე 26, 69-75

იმ დროს, როცა ჩვენი უფალი შებორკილი იდგა ანნასა და კაიაფას წინაშე, მღვდელმთავრების ეზოში, მოხდა მეტად სამწუხარო ამბავი: საყვარელი მოწაფე, სულ ცოტა ხნის წინ რომ არწმუნებდა იესოს მისადმი ურყევ თავდადებაში, ყველაზე ნაკლებად რომ აშინებდა დაბრკოლება, ყველა სხვა დანარჩენზე მეტად დაბრკოლდა, - პეტრემ სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი და მასწავლებელი... ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ მისი მეგობრი იოანეს თხოვნით, შეუშვეს იგი ეზოში, და როცა შედიოდა იქ, მეკარე დედაკაცის კითხვაზე, უკვე წამოსცდა გმობისა და უარყოფის სიტყვები. სიცივისაგან აღძრული, ამავე დროს შეეცადა შეუმჩნეველი ყოფილიყო, იგი გაერია მსახურთა ბრბოში და იჯდა ცეცხლთან სიახლოვეში. ხოლო პეტრე ჰსჯდა გარეშე ეზოსა შინა, მოუხდა მას ერთი მხევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესოსთანა გალილეველისა. შეიძლება მეკარე შიშობდა კიდეც, რათა მისთვის პასუხი არ მოეკითხათ იმისათვის, რომ ეზოში ისეთი შეუშვა, რომელსაც არ ეკუთვნოდა იქ ყოფნა. ერთგულ მოწაფეს, ცოტა ხნის წინ სულის დადებას რომ ჰპირდებოდა მოძღვარს, და ცდილობდა კიდეც მახვილით მის დაცვას, ახლა დაავიწყდა დანაპირები. ხოლო მან უარ-ჰყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა, არა ვიცი რასა იტყვი. კითხვითა და შემდგომ თავისი პასუხით შეშფოთებული პეტრე წამოდგა და შიდა ეზოდან გამოვიდა გარეთ, შეიძლება იმ იმედით, რომ იქ იგი უფრო ნაკლებად იქნებოდა შესამჩნევი. ამ დროს პირველად გაისმა მამლის ყივილი, როცა შუაღამე გადასული იყო. მაგრამ პეტრეს არ მიუქცევია ყურადღება ამისათვის, როგორც უფლისაგან წინასწარუწყებულითვის. ღვთის სიტყვა უნდა აღსრულებულიყო. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან, და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესოს თანა ნაზარეველისა. მეკარე ქალმა ხელახლა დაამოწმა ნათქვამი: „ესეცა მათგანივე არს“ (მარკ. 14,69) თქვა მან და მას მოყვა მღვდელმთავრის მსახურთა კითხვა: „ნუ უკუე შენცა, მოწაფეთა მისთგანი ხარ?“ (ინ. 18,23). ამასთან, ვიღაცამ, რომელიც აკვირდებოდა მას, უკვე პირდაპირ უთხრა მას: „და შენცა მათ თანა ხარ“ (ლკ. 22,58). პასუხი უნდა გაეცა, და აი, მისმა ბაგეებმა, ერთხელ უკვე შეცდომილმა, უფრო ჩქარა წარმოთქვა უარყოფისა და გმობის სიტყვები. მხოლოდ დარწმუნება აღარ იყო საკმარისი, ამიტომ სულმოკლეობაში ჩავარდნილმა მოწაფემ სიცრუეს ფიციც მიუმატა, რომ იგი იესოს საერთოდ არ იცნობდა: ხოლო მან უარ-ჰყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი რასა იტყვი. პეტრე ფიქრობდა ქრისტეზე საუბრისაგან თავის არიდებას, მაგრამ ამან იგი მიიყვანა თავისი მოძღვრისა და მასწავლებლის უარყოფამდე.

გავიდა კიდევ ერთი საშინელი საათი და მან დაინახა, რომ მისი უფალი გამოიყვანეს ეზოში, რათა ხალხს გაეკიცხა: სიყვარულის ძალით, მოწაფე უნებურად მიუახლოვდა, რათა კიდევ ერთხელ შეეხედა თავისი მასწავლებლისათვის, ჩვენებოდა მას, თუ ამას შეძლებდა; მას ეგონა რომ ახლა, როცა ყველანი დაკავებულები იყვნენ ღვთიური პატიმრით, დაივიწყებდნენ მას, - რომ უცებ შორიახლოს მოესმა ვიღაცის ხმა, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა სხვებს და მასზე მიუთითებდა: „ჭეშმარიტად ესეცა მისთანავე იყო, რამეთუ გალილეველ-არს“ (ლკ. 22,59). სხვა მსახურნიც ამტკიცებდნენ ამ ეჭვს, რადგან გალილეველური კილო ყველასათვის შესამჩნევი იყო, ხალხმა კი იცოდა, რომ იესოს მოწაფენი იყვნენ გალილეველნი. ისევ მთელი ბრბოს ყურადღება მიპყრობილ იქნა სვიმონ-პეტრეზე, მას ყოველი მხრიდან შემოესივნენ გარს: და შემდგომად მცირედისა მოუხდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, და რამეთუ სიტყუაცა შენი გამოგაჩინებს შენ. „შეუცნობელი სიმონი, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - იყო მეტად მძიმე მდგომარეობაში: თუმცა იესოს დაპატიმრებისას მტრებს არ ჰქონდათ ბრძანება, რათა შეეპყრათ მისი მოწაფეებიც, მაგრამ ახლა, როცა ასე ადვილად შეიპყრეს მასწავლებელი, უეჭველია, რომ აღარ დაინდობდნენ მის მოწაფესაც, რომელიც თავად ჩაუვარდა მათ ხელში, როგორ შეუწუხდებოდა სიმონს გული, როცა არც კი დააცადეს პასუხის გაცემა, რომ მღვდელმთავრის ერთმა მსახურთაგანმა, იმ მალქოზის ნათესავმა, რომელსაც პეტრემ მოჰკვეთა ყური, ყველას გასაგონად იწყო მისი მხილება: „არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა?“ გამოჩნდა მისი სახით ისეთი მამხილებელი, რომელთანაც არ იყო ადვილი თავის გამართლება; ამ მსახურმა კარგად დაიმახსოვრა იმ კაცის სახის გამომეტყვეება, რომელიც თავს დაეხა მისთვის ახლობელ ადამიანს. „მფრთხალმა სვიმონმა არ იცოდა რა ექნა, დაავიწყდა თავიცა და მასწავლებელიც, და წმ. ოქროპირის გამოთქმით, შიშისაგან მოკვდა, ამიტომაც ყოველგვარი ფიცით იწყო იმის მტკიცება, რომ არა მარტო არასოდეს უფიქრია მის მოწაფედ ყოფნა, არამედ საერთოდ არ იცნობდა იმ ადამიანს. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ არა ვიცი კაცი იგი. სულმოკლე მოწაფეს ჯერ არც კი დაესრულებინა თავისი ცრუ ფიცი და შეჩვენება, რომ მამალმა მეორედ იყივლა. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. ამ დროს უფალმა, რომელიც მხედართა შორის იდგა ეზოში, შეხედა პეტრეს“. (მთ. ეპ. ინოკენტი). ეს შეხედვა საკმარისი აღმოჩნდა პეტრესათვის. და მოეხსენა პეტრეს სიტყუა იგი იესოსი, რომელი ჰრქუას მას, ვითარმედ ვიდრე ქათმის ხმობამდე სამ-გზის უარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ჰსტიროდა მწარედ. პეტრე მოციქულის მოწაფე წმ. კლიმენტი გვიყვება, რომ პეტრე მთელი ცხოვრების მანძილზე, შუაღამისას, მამლის ყივილზე, დგებოდა მუხლებზე, იღვრებოდა ცრემლებად, ინანებდა თავის უარყოფას და ითხოვდა პატიებას, რაც მას უფლისაგან მიეცა მისი აღდგომისთანავე. გადმოცემის თანახმად, ხშირი და მწარე ტირილის გამო, პეტრეს თვალები ჰქონდა ჩაწითლებული. „საშინელი და გაუგონარი საქმე, - ამბობს წმ. ოქროპირი: - მაშინ, როცა შეიპყრეს მასწავლებელი, პეტრე ისე გამწარდა, რომ იტაცა მახვილი და მსახურს მოკვეთა ყური; ხოლო როცა ეკუთვნოდა მეტი საყვედური, უფრო მეტი გაფიცხება, ისმენდა რა ასეთ კიცხვას, მაშინ უარყო და შეაჩვენა იგი... პეტრემ ვერ გაუძლო უბრალო მეკარე ქალის ბრალდებას და ერთხელ კი არა, არამედ მეორედაც და მესამეჯერაც უარყო. სამივე გმობა მოხდა მცირე დროში, ისიც არა მსაჯულებთან, არც მაშინვე უგრძვნია თავის დაცემა. და როცა იყივლა მამალმა, თავისით ვერც მაშინ მიხვდა დანაშაულს, არამედ საჭირო გახდა, რომ ესეც მასწავლებელს შეეხსენებინა მისთვის. აი, ასე იყო იგი შიშისაგან დათრგუნული! ხოლო როცა ქრისტემ გაახსენა მას ცოდვა, ვერ გაბედა ცხადად ტირილი, რათა ცრემლებით არ ეცნოთ იგი დამნაშავედ: „და გამოვიდა გარე და ჰტიროდა მწარედ“.

წმ. მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი პეტრეს გმობაზე მსჯელობისა ამბობს: „უფლისათვის მისი მტრებისაგან ცემა და შეურაცხყოფა არ იყო ისე მძიმე და მწარე, როგორც მოსმენა პეტრეს სიტყვებისა: „არა ვიცი კაცი იგი“. პეტრე წმიდაო! ნუთუ შენც დაგავიწყდა შენი კეთილისმყოფელი, რომლის შეხედვაც ყოველთვის გამშვიდებდა, რომლის სახეც მზეზე უფრო გაბრწყინვებული იხილე თაბორის მთაზე, რომელიც ცოტა ხნის წინათ შენ თავად აღიარე ღმერთად? იგი ხომ ისაა, რომელმაც შენი სიდედრი განკურნა, ისაა, რომლის ფეხებთან დამხობილი ეუბნებოდი მას: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!“ ეს ის ღმერკაცია, რომელაც შენ გამოთხოვე წყალზე გავლა, და რომელმაც გიხსნა ჩაძირვისაგან. ვიდრე მეუფე გიყურებდა, ეუბნებოდი: „არა შევიძრა მე უკუნისამდე“ (ფს. 29,7), ხოლო როგორც კი მიიბრუნა პირი, უკვე უარყავ იგი... ჩანს, მართალს ამბობს ზირაქი: „ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება“ (ზირ. 6,10). ვიდრე პეტრე ინაწილებდა უფლის ტრაპეზს, აჩვნებდა თავის სიყვარულს, ახლა კი, დადგა რა ქრისტესათვის მწუხარების ჟამი, იგი უარყოფს მას... მაგრამ, - მიხედა უფალმა პეტრეს, და ამ უკანასკნელს გაახსენდა უფლის ნათქვამი, ამიტომ „გამოვიდა გარეთ და სტიროდა მწარედ“. შენც მწარედ იტირე პეტრესთან ერთად, ცოდვილო კაცო, რომელიც ყოველდღე ცოდვებით უარყოფ უფალს, როცა ადამიანურად კი არა, პირუტყვულად ცხოვრობ, იტირე მწარედ და შენი მონანული გულის სატკივრები შეადარე შენი უფლის ტკივილს: „თუ ყოფილა სატკივარი, ჩემი სატკივარის მსგავსი“ (გოდ. 1,12).

„ეს უცაბედი და დიდი დაცემა პეტრესი, რომელიც მან მწარედ დაიტირა, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - დაშვებულ იქნა ღვთის განგებით არა მარტო მისი გამოცდისათვის, არამედ ყოველი ქრისტიანის დასამოძღვრად. იგი დაეცა, რათა ვისწავლოთ ცხოვრების გზის ფრთხილად გავლა. „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუ უკუე დაეცეს“ (1 კორ, 10,12). თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვისურვებდით ქრისტესათვის სიცოცხლის შეწირვას, როცა არ უნდა იყო საჭირო: პეტრეს მსგავსად, არ მოვიტყუოთ თავი, ჩვენ გულდასმით ჩავუკვირდეთ, თუ როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, რამეთუ ქრისტეს ურყევი აღსარებისათვის, საჭიროა გაცილებით უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე სიცოცხლეა...“