დილის დადგომისთანავე, კაიაფას სახლში ხელახლა შეიკრიბნენ უხუცესნი და მწიგნობარნი. და ვითარცა განჰსთენა, ზრახუა-ჰყუეს ყოველთა მღუდელთ-მთავართა და მოხუცებულთა ერისათა იესოსთვის, რათა მოჰკლან იგი. ისინი ფიქრობდნენ, რომ მოისმენდნენ იესოსაგან იმის აღიარებას, რომ იგი იყო მესია და ამით საბოლოოდ დაამტკიცებდნენ მის სასიკვდილო განაჩენს. რაც დააკლდებოდა ერთსულოვნებას, იგი შეიძლებოდა გაეკეთებინათ დაფარული კავშირებით ღამით. ისე აღარ აშინებდათ უკვე ხალხის აღელვება: იერუალიმელებმა ჯერაც არაფერი იცოდნენ გასულ ღამეს მომხდარის შესახებ. ბნელი საქმე ისე წარმატებით შესრულდა, როგორც ეს შეეძლო ესურვათ მსახურებს სიბნელისა. მსაჯულთა ამ სხდომის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიყვება მახარებელი ლუკა. ღვთიური ტყვე, რომელსაც დაკითხვისას ბორკილები მოხსნეს, შეიყვანეს სხდომაზე. - „უკეთუ შენა ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ“ - ჰკითხა მას კაიაფამ ისეთი ხმით, რომელშიც უკვე გაისმოდა სასიკვდილო განაჩენი. გასაგებია, რატომ არ ეკითხებიან: შენ ხარ ღვთის კაცი? მათ სურდათ უფლისთვის დაეცდინათ ის, რომ იგია ქრისტე, რათა ამ საბაბით გადაეცათ პილატესათვის, როგორც რომის კეისრის წინააღმდეგ ხალხის აღმაშფოთებელი. მათ არ ეკითხებოდათ ის, რომ უფალმა არა ერთ გზის ამხილა ხალხის არასწორი წარმოდგენები მესიაზე, როგორც დამპყრობელ მეფეზე, არა ერთხელ გარიდებია ხალხს, როცა მოინდომეს მისი აღიარება მეფედ... უფალმა მათ უპასუხა: „უკეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი, და უკეთუ გკითხო თქუენ, ვერავე მომიგოთ მე, გინა განმიტევოთ“. მე უკვე გითხარით თქვენ იოანეს ნათლობაზე, მშენებელთაგან შეურაცხყოფილ ლოდზე, იმაზე, რატომ უწოდებს დავითი თავის შვილს - მესიას, თავის უფალს, და თქვენ არაფერი მიპასუხეთ. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი - გაგიმეოროთ ის, რაც გითხარით გუშინ: „ამიერითგან იყოს ძე კაცისა მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა“, - როგორც ყოვლად ძლიერი მეუფე და მსაჯული“ - მაშინ სინედრიონის წევრებმა ერთხმად წამოიძახეს: „შენ უკუე ხარ ძე ღმრთისა? - „თქუენ იტყვით, ვითარმედ მე ვარ“ - მშვიდი დიდებულებით უპასუხა მათ ქრისტემ. - ეს საკმარისი იყო ბოროტებით დაბრმავებული არაწმიდა მსაჯულებისთვის, რათა მეორედ გამოეტანათ სასიკვდილო განაჩენი. „რასაღა გვიხმან მოწმენი? რამეთუ ჩუენ თვით გუესმის პირისაგან მაგისასა“ - ბოროტი სიხარულით გადაულაპარაკეს მათ ერთმანეთს. აღარაფერია განსასჯელი, სიკვდილი, სიკვდილი ღვთისმგმობელს“ და „აღჰსდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა“. - „კეთილად მოაზროვნე წევრები სინედრიონისა, - ამბობს მთ, ეპ. ინოკენტი, - ან არ იყვნენ ამ გადამწყვეტ სხდომაზე, ანდა იძულებულნი გახდნენ ყოფილიყვნენ დადუმებულნი. მათი მართალი სიტყვა მხოლოდ ავნებდა და არაფერს მოუტანდა სასიკეთოს უსამართლოდ განსჯილს. იოსებ არიმათიელის შესახებ პირდაპირ მიუთითებს მახარებელი ლუკა, რომ იგი არ მონაწილეობდა ამ დანაშაულსა და უკანონო მოქმედებაში სინედრიონისა“.