და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან გოლგოთა. ვისი გული არ შეტოკდება ამ სიტყვის გაგონებაზე? არის განა დედამიწაზე კიდევ სხვა ისეთი წმიდა ადგილი, როგორიცაა გოლგოთა, რომელზეც მხოლოდშობილმა ძე ღვთისამ, ჩვენთვის განკაცებულმა დაღვარა თავისი წმინდა სისხლი და მოკვდა, როგორც ადამიანი ჩვენთვის, ადამის ცოდვილი მოდგმისათვის? - წმიდა გოლგოთა, - ესაა გახსნილი კარები ცათა სასუფეველში, ზეციური მამის სახლში, კარები, რომლითაც პირველი შევიდა კეთილგონიერი ავაზაკი, ხოლო მას შემდეგ იქ შედიან ჭეშმარიტად მონანული ცოდვილები. აი რატომაა, რომ წმიდა მახარებლები განსაკუთრებული სიზუსტით მიუთითებენ ამ ადგილზე; რომელ არს თხემისა ადგილი, ამბობს წმ. მათე, ხოლო წმიდა მარკოზის თქმით: „რომელ არს გამოთარგმანებით, თხემისა ადგილი“ (19,17). წმ. იოანე ამბობს: „განვიდა ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ გოლგოთა“ (19,17). ეს იყო პატარა გორაკი იერუსალიმის ჩრდილო დასავლეთით, სადაც იმ დროს ჩვეულებრივ აღესრულებოდა ხოლმე საშინელი სასიკვდილო განაჩენები, სადაც ადვილად შეხვდებოდა კაცი სიკვდილით დასჯილთა თავებსაც კი. ძველი გადმოცემა, რომელიც აქვთ მოხსენიებული წმიდა მამებსა და ეკლესიის მასწავლებლებს, ამბობს, რომ აქ, გოლგოთაზე, იყო დაკრძალული ჩვენი შორეული წინაპარი - ადამი. აი რატომაა რომ უფლის ჯვრის ქვეშ გამოხატავენ ხოლმე ადამის თავსაც: „და ვითარცა იგი ადამის გამო ყოველი მოწყდებიან, - ამბობს მოციქული (1კორ. 15-22), - ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ“. თვით სიტყვა გოლგოთა ნიშნავს თავს, თავის ქალას. ასე, რომ ღვთაებრივი მკურნალი, მეორე ადამი, „ხეზე იქნა ამაღლებული იქ, სადაც იწვა სნეული, პირველი ადამი“. სიკვდილი დამარცხებულ იქნა იმავე ადგილზე, სადაც მან მტვრად აქცია პირველი ადამი, როგორც შესაწირი პირუტყვის ხორცი, რომელთა სისხლიც, ცოდვებისაგან განსაწმედად, მღვდელმთავრებს შეჰქონდათ წმიდათაში, და „დაიწვებოდეს გარეშე ბანაკსა მას“, ასევე იესო ქრისტე, მოციქულის თქმით, „გარეშე ბჭეთა ივნო“, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით (ებრ. 13,10). ახლა ეს უწმიდესი ადგილი აღარ არის წმიდა ქალაქის მიღმა: იგი მოთავსებულია აღდგომის დიდ ტაძარში „უფლის საფლავის გამოქვაბულათან ერთად. მიისწრაფიან რა ამ წმიდა საკურთხევლისაკენ, კეთილმორწმუნე თაყვანისმცემელნი შიშითა და სიყვარულით ემხობიან, რათა ეამბორონ წმიდა ადგილს, უფლის სისხლით გამთბარს. და რამდენი ტკბილი, მაცხოვნებელი სინანულის ცრემლი დაღვრილა აქ, უფლის ჯვრის ძირას, საუკუნეების განმავლობაში! რამდენმა ცოდვილმა გულმა მიიღო აქ შვება, რამდენი გულის ჭრილობა განიკურნა, რამდენჯერ გულის სიღრმეში გაისმა საიდუმლო, ყოველივეს მიმტევებელი ზეციური სიყვარულის სიტყვა: „მოგეტევნენ შენ ცოდვანი“ „ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 7,48, 23,43). მაგრამ როგორი საფასურით შეიძინა ეს ყოველივეს მიტევება მინანულმა ცოდვილმა! ყური მივუგდოთ მახარებელთა თხრობას.
ვიდრე მხედრები აღმართავდნენ და ამაგრებდნენ ჯვარს, მაშინდელი წესისამებრ, და მისცეს ჩვენს უფალს, ძმარი, ნაღვლითა აღზავებულნი, ანდა როგორც ამბობს მარკოზი: ღვინო, რათქმა უნდა წამხდარი, დაძმარებული, მწარე გემოსი: ასეთი სასმელი უკარგავდა კაცს განსჯას და ჯვარზე გაკვრისას ტკივილებს შედარებით უფრო დასათმენსა ხდიდა. მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ როცა სთავაზობდნენ ნაღვლით შეზავებულ ძმარს, სინამდვილეში ასრულებდნენ დავით მეფის წინასწარმეტყველების სიტყვებს: „და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნაღველი, და წყურვილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“ (ფს. 68,21), უფალმა მორჩილად მიიღო მწარე სასმელი, და გემო რაი იხილა, არა უნდა სუმის, უკან დაუბრუნა სასმელი. მიუხედავად ტანჯვათა სისატკისა, რაც მას ელოდა ჯვარზე, ძე კაცისას სურდა დაეთმინა ისინი მთელი შეგნებით, შეხვედროდა სიკვდილს ყველა მისი საშინელებით ისე, რომ არ შეესუსტებინა არც ერთი მისი მტანჯველი გრძნობა: ის ერთი ყველასათვის სვამდა ღვთის რისხვის სასმელს, მხოლოდ მოგვიანებით, ცოტათი ადრე სიკვდილამდე, საშინელი წყურვილით ანთებულმა, მოსვა, რამოდენიმე წვეთი ძმარი, მხედრის მიერ მიწოდებული.
და აი, ჯვრები დაამაგრეს მიწაზე. ქრისტეს გახადეს სამოსელი, უხეში ტილო თეძოებთან შემოარტყეს შემდეგ ასწიეს ჯვრამდე, უწმიდესი ხელები გაუშალეს და გაისმა საშინელი დარტყმის ხმა. ლურსმნებმა გაატანეს მის წმიდა ხელებში და სისხლი ნაკადულებით გადმოდინდა დედამიწაზე, მაგრამ მაცხოვარმა მშვიდად აღაპყრო თვალები ზეცისაკენ და თქვა: „მამაო! მიუტევე ამათ: რამეთუ არ იციან, რასა იქმან!“ (ლკ. 23,34). მან დაივიწყა თავზე ფიქრი, თავისი ჯოჯოხეთური ტკივილები, მას მხოლოდ უყვარდა სხვები, და მაინც ვინ? თავისი მტრები, ისინი რომელთაც ჯვარს აცვეს იგი! მთელი მისი ცხოვრება იყო ადამიანების სიყვარული, სიყვარულითვე აღბეჭდავს იგი თავის სიკვდილს. ასეთი იყო მისი მორჩილება ზეციური მამისადმი, მორჩილება სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. მან დაუდგინა მცნებად თავის მემკვიდრეებს მტრებისათვის ლოცვა, ეხლა კი იძლევა ყველაზე ჭეშმარიტად ღვთიურ მაგალითს ასეთი ლოცვისა, ამას იძლევა ყველაზე საშინელ წუთს მისი მტრებისათვის, რომელთაც აღასრულეს განაჩენი, არამედ ლოცულობდა ანნასთვისა და კაიაფასთვის, იროდისა და პილატესათვის, ყველასათვის, რომლებიც ბოროტებით იყვნენ დაბრმავებულნი და სინამდვილეში არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ, რადგან რომ სცოდნოდათ, როგორც ამბობს პავლე მოციქული (2კორ. 2,6-8), მაშინ არ გააკრავდნენ ჯვარზე მეუფეს დიდებისა, მაგრამ შეეძლოთ ამის ცოდნა, თუკი მოინდომებდნენ. და ვინ იცის, უფლის ამ ღვთიური ლოცვის გარეშე, შეიძლება გარე სამყაროს ვერც კი გადაეტანა ასეთი შეურაცხყოფა თავისი შემოქმედისა და მისი მტრების მსგავსად, შთანთქმულიყვნენ დედამიწის მიერ, რომელიც მოთმინებით იკავებდა უფლის ჯვარს (წმ. იოანე დამასკელია აზრები). უფალი ლოცულობდა ყოველი ადამიანისათვისაც, რომელთა ცოდვებიც იტვირთა საკუთარი ნებით. მან ერთხელ წარმოთქვა: „მიუტევე“, მაგრამ ეს სიტყვა სრულდება მარად და მსურველი ყოველთვის მიიღებს შენდობას.
წმიდა მახარებლები ძალიან მოკლედ ყვებიან თვით უფლის ჯვარზე და არცაა გასაოცარი. არა მარტო ადამიანურ ენით, არამედ ღვთის ანგელოზთა ენითაც ვერ მოიძებნებოდა სიტყვები იმ საშინელ და მტანჯველ ტკივილთა გამოსახატავად, რომლებიც ჩვენმა უცოდველმა უფალმა დაითმინა, ჯვარზე მილურსმისას, როცა ბოროტი სიხარულით ხარობდნენ მღვდელმთავრები და უხუცესნი იუდეველთა, რომლებიც, მიუხედავად პასექის დიდი დღესასწაულის მოახლოებისა, ვერ მოითმინეს, რომ არ შეკრებილიყვნენ გოლგოთაზე, ვერასოდეს, ვერავითარი ადამიანური ულმობელობა ვერ მოისაზრებდა უფრო საშინელ სატანჯველს, უფრო დამამცირებელს, ვიდრე იყო ჯვარზე გაკვრა. ამას უსჯიდნენ მხოლოდ დაუნდობელ ყაჩაღებსა და მეამბოხეებს, და კიდევ მონებს, რომელთაც ადამიანებად არც კი თვლიდნენ. ერთი წარმართთაგანი კიდეც ამბობდა, რომ ეს - „სასჯელი არის ყველაზე საშინელი და ყველაზე ულმობელი, რომლისგანაც უნდა მომერიდებინა თვალიც, ყურიც და ფიქრიც კი“ (ციცერონი). - „ჯვარის საფუძველს, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - წარმოედგენდა ბოძი ანუ დაცვა, რომელიც მიწაზე მაგრდებოდა. ზედა ნაწილში, ხელების მისაჭედებლად, კეთდებოდა აქეთ-იქით ძელი, ზოგჯერ ბოძის თავთან, ამიტომაც ჯვარი ხშირად წააგავდა ასო T-ს, მაგრამ უფრო ხშირად ეს მაგრდებოდა ცოტა ქვემოთ, ხელების მიხედვით, რომელიც მასზე უნდა მიეჭედათ, რის გამოც ბოძის ზედა ბოლო, წმ. მოწამე იუსტინეს სიტყვებით, წააგავდა რქას. შუაგულში, სხეულის შესამაგრებლად კეთდებოდა საბჯენი, რათა სხეულს, თავისი სიმძიმის გამო ძალა არ დაეტანებინა ხელებისათვის და ჯვარიდან არ მოეცილებინა. ამრიგად, წმ. ირინეის სიტყვების მიხედვით, ჯვარს ჰქონდა ხუთი ბოლო, ორ-ორი იქით და აქეთ და ერთიც შუაში. ჯვარზე გაკრულნი იტანჯებოდნენ საშინელი წამებით. სულ უმნიშვნელო სასიცოცხლო მოძრაობაც კი, იწვევდა ახალ აუტანელ ტკივილებს ნაჭრილობევ ადგილებში, ჩამოკიდებული სხეულის სიმძიმე უფრო და უფრო დაწოლით აფართოებდა ჭრილობებს ხელებსა და ფეხებზე, რაც ყოველ წუთს მძაფრი და აუტანელი ხდებოდა, ჩვენი სხეულის არცერთ ნაწილში არ არის თავმოყრილი იმდენი ნერვი და წვრილი ძარღვი, რამდენიც ხელსა და ფეხის გულებში, ამიტომ სულ უმცირესი ნერვის დაზიანებაც კი, მტანჯველ ტკივილებს აღძრავს ადამიანში. მაშინ კი რამდენი ნერვი და ძარღვი იქნა ჩატანილი და დაზიანებული ლურსმნებისაგან. როგორ საშინელ ტკივილებს უძლებდა უფალი! სხვათა შორის, სისხლი, მოაკლდა რა ბუნებრივ ბრუნვას, მიიმართა თავისა და გულისაკენ, რაც იწვევდა თავბრუსხვევასა და დამძიმებას, რომელიც სიკვდილზე უარესი იყო. მცხუნვარე მზე და შუადღის ქარი, კიდევ უფრო სწვავდა ჭრილობებს, აღვივებდა მათ და ყოველწუთს აძლიერებდა ტკივილს. ენა და ყელი შრებოდა, მოამეს ტანჯავდა აუტანელი საშინელი წყურვილი. იგი ითმენდა ჯოჯოხეთურ ტკივილებს. წარმართისათვის არაფერი იყო ჯვარზე უფრო სასირცხვილო და საძულველი, ხოლო იუდეველისათვის წყეულთა შორის წყეული. და სწორედ ეს სასჯელი ამოირჩია ზეციურმა მამამ თავისი მხოლოდშობილი, უსაყვარლესი ძისათვის - ჩვენ ცოდვილთა გადარჩენისათვის! ამ რისხვის დათმენა ინება დიდების უფალმა, ცისა და ქვეყნის დიდებულმა მეუფემ: გაზომეთ, თუ ეს შესაძლებელია, თავმდაბლობის სიღრმე ჩვენთვის განკაცებული ღვთის ძისა! ჩაიბეჭდეთ თითოეულმა თქვენს გულში ყოველივე, რაც მან დაითმინა შენთვის და განერიდეთ ცოდვებს, რითაც, მოციქულის თქმით, ისევ ჯვარს ეკვრება მაცხოვარი, ვინ ჩაწვდება მთლიანად უდიდეს საიდუმლოს უფლის ამ მხსნელი სატანჯველებისა? მასში სურთ შეღწევა ღვთის ანგელოზებსაც, ხოლო ადამიანთაგან მხოლოდ ის შეიქმნება ამისი მცირეოდენ წვდომის ღირსი, ვინც ქრისტესთან ერთად გაეკვრება ჯვარს, და მასთან ერთად დაეფლობა, რომელიც თავისი ჯვარით გაუყვება უფლის გზას, უდიდესი სიმდაბლითა და მთელი მონდომებით მიენდობა მხსნელის ნებას:
კეთილკრძალულებით მსჯელობენ რა უფლის ნებაყოფლობით წამებაზე, წმ. მამები გამოთქვამენ შემდეგ სამოძღვრო აზრებს: 1) თვით უფალმა აირჩია თავისთვის და იწინასწარმეტყველა სწორედ ჯვარზე სიკვდილი, რომ ასე შვენის ძე კაცისას: „ჩაწვდი ამას, - ამბობს წმ. გრიგოლი ნოსელი, და შენ დაინახავ, რომ მასში არის რაღაც ისეთი, რომელიც არ დაუშვებდა სხვა სახის სიკვდილს, გარდა ჯვრისა“. წმ. პავლე მოციქულის აზრით, ყველაფერი, რაც კი არის ქვეყანაზე, ზეცაში, ქვესკნელში, თუ დედამიწაზე, ქვეყნის ერთი მხრიდან მეორემდე, - ყოველივე ცოცხლობს და იმყოფება ჯვარის საფარველის ქვეშ, ღვთის სიყვარულის ყოველგვარ გაგებას აღმატებული. „ქრისტე კვდება ჯვარზე, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - რათა ხეც განიწმიდოს, რითაც ჩვენ დავიწყევლენით, და აკურთხებს ყოველივეს, ზეციურს, მოასწავებს რა ჯვარის ზედა ნაწილს და ქვესკნელს, - რასაც მიანიშნებს კვარცხლბეკი, და დედამიწის ყოველ მხარეს, რასაც აღნიშნავს ჯვარის გვერდითი ნაწილები; ერთად კი იმიტომ, რათა განრთხმული ხელებით, მოუწოდოს და შეკრიბოს ღვთის დაფანტული ცხვრები. - „ქვეყნის ყოველი ნაწილი, - ამბობს, წმ. ბასილი დიდი, - ჯვარის ნაწილებით არის გადარჩენილი“. 2) ხიდან, ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, სამოთხეში დაიწყო და გადმოიღვარა სიკვდილი კაცობრიობის მთელ მოდგმაზე პირველი ადამის მეშვეობით: ხიდანვე, ჯვარის ხიდან, მეორე ადამის მეშვეობით გამოედინება და მიეწოდება მთელ ქრისტიანულ სამყაროს სიცოცხლე. „ხე ხისა წილ, და ხელი ხელისა წილ, - ამბობს წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი. ხელები, მამაცურად განრთხმული, ხელის წილ.“ - „ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი: რითაც სძლია ეშმაკმა, იმითვე იქნა იგი ძლეული: იგი ხის მეშვეობით მოერია ადამს, და ქრისტეც ხითვე ერევა მას. იმ ხემ ჩვენ ჩაგვყარა ჯოჯოხეთში, ამ ხემ კი ჯოჯოხეთში ჩაყრილნიც კი გამოიხსნა. - 3) ღვთის სიტყვა ამბობს: „წყეულ იყოს ყოველი, ვინც არ შეასრულებს უფლის მცნებებს“. მაგრამ არავის შეუძლია სჯულის შესრულება მთლიანად, ამიტომაც ყველანი იყვნენ წყევაში. იგივე ღვთის სიტყვა გამოთქვამს: „ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული“ (რჯ. 21,23). და აი, ჩვენი მხსნელი მაღლდება ჯვარზე, და ეკიდება მასზე, და ექცევა ამ წყევის ქვეშ, წყევას ეზიდება ჩვენთვის, გვიხსნის და ანადგურებს მას, რათა ვიყოთ თავისუფალნი - 4) უფალი მაღლდება ჯვარზე, როგორც ჩვენი ცოდვებისათვის მსხვერპლი, ზეციური მართლმსაჯულებისადმი მირთმეული. უფალი თავის სისხლს ღვრის ჯვარზე, რათა გაწმიდოს ჩვენი ცოდვები, რომ იგი შემოგვთავაზოს ზიარების საიდუმლოში, ამ უსისხლო მსხვერპლში, რომლითაც ჩვენ ვხვდებით, პეტრე მოციქულის გამოთქმით „საღმრთოსა მის ზიარ ბუნებისა“ (2 პეტ. 1,4). -5) განირთხამს თავის უწმიდეს ხელებს უფალი, მელქისედეკის წესისამებრ, როგორც მღვდელმთავარი დიდებული, ჩვენი გამოხსნისათვის მსხვერპლის შემწირველი, დიდებული ლიტურღიის აღმსრულებელი არა რომელიმე ტაძრის საკურთხეველში, არამედ ჯვარის სამსხვერპლოში; შეეძლო მას არ ელოცა ახლა, ამ უწმიდეს ჟამს, და წუთებში? და იგი ლოცულობდა მხურვალე ოხვრით, ზეცაში ამავალით. -6) „მან ინება ისეთი სიკვდილი, როგორითაც კვდებიან ყველაზე შეურაცხყოფილნი, რათა არ მოიძებნოს არც ერთი ისეთი, რომელსაც არ შეეძლოს შეუდგეს უფალს“. „მან აირჩია საძულველი და დამდაბლებული სახე სიკვდილისა, რადგან შეეძლო მოეკვდინა ყოველი სიკვდილი“ (ნეტ. ავგუსტინე). -7) ხუთ ჭრილობასა და წყლულს ითმენს უფალი ჯვარზე, რათა მით განწმიდოს განსაკუთრებით ჩვენი ხუთი გრძნობა, ეს შესასვლელი და გამოსასვლელი ყოველი ცოდვისა. -8) იესო ქრისტემ არ დაითმინა, არც იოანეს მსგავსი სიკვდილი - თავის მოკვეთა, - შენიშნავს წმ. ათანასე დიდი, არც ისაიასი - ხერხით გადახერხვა, რათა მისი სიკვდილის შემდეგ სხეული მისი არ ყოფილიყო დანაწევრებული, რათა ამით არ მიეცა საბაბი მათთვის, რომელნიც გაბედავდნენ დაენაწევრებინათ მისი ეკლესია“. -9) ჯვარზე ჩამოკიდებული მაღლდება ყველაზე და ყველასათვის დასანახი ხდება. იმიტომ იქნა ჯვარი ამორჩეული, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტე იმდენად იქნება დასანახი და იმდენად ამაღლებული, რომ მასთან შეიკრიბებიან მთელი ქვეყნიერების ხალხები. მან განირთხა ხელები და დედამიწას მთლიანად გადააფარა ისინი, რათა ეჩვენებინა, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მისი კალთის ქვეშ დადგებიან ყოველი ტომისა და ხალხისაგან შეკრებილნი, დიდებული ხალხი, რომელსაც ექნება რწმენა მისი. მან განირთხა ხელნი რათა ერთი ხელით მიეზიდა ძველი ხალხი - იუდეველნი, ხოლო მეორით - წარმართები და ყველა შეკრიბა ერთად: და თავად მან, აჩვენებდა რა როგორი სიკვდილით სურდა გამოსყიდვა ყველასი, იწინასწარმეტყველა: „და მე ოდეს ავმაღლდე ქვეყანით, ყველანი მოვიზიდნე ჩემდა“ (ინ. 12,32). 10) „ჩვენი მოდგმის მტერი ეშმაკი, - ამბობს წმ. ათანასე დიდი, - ჩამოვარდა რა ზეციდან, ისიძავს ჰაერის სივრცეში. უფალი მოვიდა, რათა დათრგუნოს ბოროტი, გაწმიდოს ჰაერი, რადგან მხოლოდ იგი კვდება ისე, ვინც ასრულებს თავის სიცოცხლეს ჯვარზე“. ბოლოს, წმიდა მამები შენიშნავე:; „რამდენადაც ადამიანი იყო შექმნილი მეექვსე დღეს, ხოლო აკრძალული ხის ნაყოფი იგემა მეექვსე საათზე, ანუ საზრდელის მიღების ჟამს, ამიტომ უფალი ააღორძინებს რა ადამიანს, მკურნალობს მის დაცემას, ჯვარს მიელურსმება მეექვსე დღესა და მეექვსე ჟამზე“. მაგრამ უფლის ჯვრის საიდუმლონი იმდენად მიუწვდომელია, იმდენად ამოუწურავია ადამიანის გონებისთვის, რომ მასზე მსჯელობისას უნებურად იმეორებ დიდებულ გალობას, რომელიც ესმა საიდუმლო მხილველს გამოცხადებაში: „ღირს არს კრავი დაკლული მიღებად ძალისა, და სიმდიდრისა, სიბრძნისა და ძლიერებისა, და პატივისა და დიდებისა, და კურთხევისა... გვიყიდენ ჩუენ ღმერთმან სისხლითა შენითა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და წარმართთა... რომელი ზის საყდარსა ზედა, და კრავისა კურთხევა და პატივი და დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 5; 12,9,13).