მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ქრისტეს აღდგომა. ანგელოზის გამოჩენა საფლავთან. დაცვის გაქცევა. ნელსაცხებლები და უფლის პირველი გამოცხადება

მათე 28, 1-10

არ არის სასწაული, უფრო დამოწმებული, არ არის ჭეშმარიტება უფრო გასახარი ადამიანის გულისათვის, როგორც ქრისტეს ყოვლადდიდებული მკვდრეთით აღდგომა! მოკლედ გვიყვებიან წმინდა მახარებლები უფლის აღდგომაზე, მის გამოცხადებაზე მენელსაცხებლე დედებთან და მოწაფეებთან; მაგრამ ამ მცირეოდენშიც ჩვენი გული შეიგრძნობს ამ სიხარულის სიჭარბეს, რომელმაც აღავსო გულები წმინდა კეთილმაუწყებლებისა, იმ ზეციურ სიხარულს, რომელიც ვერ გამოიხატება სიტყვებით, და არ ავრცობს რა დაწვრილებით, აჩენს მას უმეტესად აღფრთოვანებით სავსე გულის წამოძახილში: „რაბბუნი!... უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (ინ. 20, 16,28). და ამ წმინდა სიხარულის გამოძახილად ჩვენ გულებში ჩნდება ჩვენი ტკბილი სააღდგომო მილოცვა „ქრისტე აღსდგა - ჭეშმარიტად აღსდგა!..“ გადმოვცეთ ქრისტეს აღდგომის სასიხარულო დილის მოვლენები თანმიმდევრობით, მათე მახარებლის მიერ მონათხრობის შემავსებელი სხვა მახარებლის მიერ უწყებულით, და ამ მოვლენებთან დაკავშირებული თეოფანე დაყუდებულის მითითებებით.

წმ. მახარებელი მათე გვაუწყებს, რომ ხოლო მწუხრი შაბათისა ის იყო გავიდა დიდი დღესასწაულის გამო დასვენების დრო, ვიდრე საფლავთან დაცვას დააყენებდნენ, რომელი განჰსთენდებოდა ერთ-შაბათად, - ხოლო ებრაელებთან, როგორც ცნობილია დღე იწყებოდა საღამოდან, - მოვიდა მარიამ მაგდალინელა, და სხუა იგი მარიამ, ხილვად საფლავისა მის. წმინდა დედები მოვიდნენ, რათა ენახათ მათთვის ძვირფასი საფლავი, იყო თუ არა ყველაფერი ისე, როგორც დატოვეს გუშინ, და სახლში დაბრუნებულებმა თავისთან კიდევ მიიწვიეს ზებედეს შვილების დედა, სალომეა, წავიდნენ არომატის შესაძენად იესო ქრისტეს გვამისათვის საცხებლად. იმავე საღამოს, წმინდა დედები, უეჭველია, შეხვდნენ იოანასაც, იროდის სახლის გამგებლის ცოლს და სხვა დედებს, რომლებიც მოყვებოდნენ იესოს გალილიიდან და ბჭობდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ დილით. გადაწყვეტილი იყო: ქალაქში არ გამოჩენილიყვნენ ერთად, რათა არ მიეპყროთ ყურადღება, არამედ ერთმანეთისათვის დაეცადათ საფლავთან, იოსებ არიმათიელის ბაღში, რათა ყველას ერთად შეესრულებინა იესოს სხეულის ცხება. ისინი არ ჩერდებოდნენ ერთ რომელიმე სახლში, ამიტომ არ შეეძლოთ ზუსტად იმის ცოდნა, ვინ როდის გამოვიდოდა. დაცვის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. სხვათა შორის, ალბათ შუაღამისას, და აჰა ძრვა იყო დიდი, მიწა ძლიერ შეიძრა „და არც შეეძლო, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - რომ არ შეძრულიყო, იმიტომ რომ მისი წიაღიდან ახლა გამოდიოდა მკვდართაგან პირველი“, რომლის დიდებული აღდგომის მოწმენი გახდნენ ზეცისა ძალნი: რამეთუ ანგელოზი უფლისა გარდამოჰხდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჰსჯდა მას ზედა.

უფლის ყოვლადწმინდა გვამი საფლავში უკვე აღარ იყო. იგი აღდგა, დაბეჭდილი საფლავიდან, გამოვიდა სამარიდან ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ქვაც თავის ადგილას იდო, და ბეჭდებიც მთელი იყო, გამოვიდა ისევე სასწაულებრივად, როგორც შემდგომ სასწაულებრივად წარდგა მოციქულებთან კარდახშულ სახლში. „მსგავსად იმისა, როგორც მოხდა მისი შობისას, როცა დაცული იქნა ბეჭედი მისი კურთხეული დედის ქალწულობისა, ასევე აღდგა, დაიცვა რა უვნებლად ბეჭდები საფლავისა“ (ე. ზიგაბენი). დედამიწის მკვიდრთაგან არავინ შეიქნა ღირსი უფლის საფლავიდან დიდებული აღდგომის ხილვისა, რაგდან არავის ძალუძს ამის დანახვა; მოკვდავ თვალს არ შეეძლო, გაეძლო იმ მიუახლებელი ნათელისათვის, როგორშიც დატოვა აღდგომილმა საწოლი სიკვდილისა. ზეციურმა მაცნემ ლოდი მოაცილა საფლავს მხოლოდ იმისათვის, რათა ყველას შეძლებოდა დანახვა, რომ საფლავი უკვე ცარიელი იყო... „წმინდა მამანი და მასწავლებლები ერთხმად ამბობენ, რომ იესო ქრისტეს აღდგომა მოხდა მამლის პირველი ყივილისას, რაც წინ უძღოდა უკვე კვირა დღის გათენებას. ამიტომ მეექვსის, ანუ ჩვენი დროის თორმეტი საათის შემდეგ, კეთილმოსავი ადამიანები წყვეტენ მარხვას და იწყებენ ზეიმს“ (ე. ზიგაბენი). იგი აღდგა მესამე დღეს , როგორც წინასწარმეტყველი, აღდგა მესამე დღის დაწყებისას, თითქოს დაეშურა კიდეც სიკვდილზე გამარჯვების უწყებას. „ადრე დადგენილების დროზე ადრე შესრულება მოწმობს ძალას, ხოლო დროის შემდგომ აღსრულება ნიშანი იქნებოდა ძალის უქონლობისა. და მეფეც, შეპირდება რა ვინმეს რაიმე სიკეთეს განსაზღვრულ დღეს, შემდეგ კი სიკეთეს გააკეთებს დაპირებულზე უფრო ადრე, არა მარტო შეასრულებს დანაპირებს, არამედ უმატებს ახალ წყალობასაც, ნაჩქარევი შესრულებით“ (ე. ზიგაბენი). „შეეძლო მას, - ამბობს წმ. ათანასი ალექსანდრიელი, - თვით სიკვდილის ჟამსაც, აღემართა სხეული და სჩვენებოდა ისევ ცოცხალი, მაგრამ შეგნებულად და წინდახედულად არ მოიმოქმედა ეს, რადგან იტყოდნენ, რომ სხეული საერთოდ არ მომკვდარაო“.

შეიძლება წარმოდგენა იმ საშინელებისა, რომელიც მოიცავდა ყველა დამცველს საფლავისა, იმ დროს რომ ფხიზლობდა ქრისტეს სამარის კართან? უკვე ბრწყინვალე ანგელოზის ხილვამ ღამის წყვდიადში, მათ თვალი დაუბნელა: ხოლო იყო ხილვა მისი, ვითარცა ელვა, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. იგი მთლიანად ბრწყინავდა არამიწიერი სიწმინდით, დიდებით, ღვთის დიდების ნათლით. ერთი შეხებით გადააგორა მან უზარმაზარი ლოდი გამოქვაბულის შესასვლელიდან, და აფრქვევდა რა ელვას თავის გარშემო, მშვიდად ჩამოჯდა მასზე. ხოლო იყო ხილვა მისი, ვითარცა ელვა, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. იგი მთლიანად ბრწყინავდა არამიწიერი სიწმინდით, დიდებით, ღვთის დიდების ნათლით. ერთი შეხებით გადააგორა მან უზარმაზარი ლოდი გამოქვაბულის შესასვლელიდან, და აფრქვევდა რა ელვას თავის გარშემო, მშვიდად ჩამოჯდა მასზე, ხოლო საშინელებისაგან მისისა შეჰსძრწუნდეს მცუელნი იგი, და იქმნეს ვითარცა მკვდარნი, საშინელებისაგან გაშეშებულნი. „მთელი უშიშრობა რომაელი მხედრისა არარაობად იქცა ზეციური არსების ერთი გამოჩენითაც კი: ერთი, ვამბობ, გამოჩენით, რადგან არ ჩანს, რომ ზეციურ მაცნეს რაიმე ეთქვას მხედართათვის, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - მან მხოლოდ გადააგორა ქვა საფლავიდან და მასზე დაჯდა. მაგრამ ამ ჯდომით ყველაფერი ითქვა“. ამიტომაც მხედრები, როცა გონს მოვიდნენ, მაშინვე გაიქცნენ იქიდან. ამრიგად წმ. მენელსაცხებლე დედებისათვის ახლა სრულიად უსაფრთხო გახდა უფლის საფლავთან მიახლოება; მათ კი, მთელი ღამე, უდავოა, უძილოდ გაატარეს, რათა მოემზადებინათ ყველაფერი უფლის წმინდა სხეულის საცხებად.

ყველაზე უწინ წამოდგა საოცრად ერთგული მარიამ მაგდალინელი. შეიძლება სურდა, რომ რაც შეიძლება ადრე მისულიყო მოძღვრის საფლავთან და შესაძლოა სადღაც გაათია ქალაქის კარიბჭის მიღმა, გათენებამდე რომ არ იღებოდა. ჯერ კიდევ სიბნელე იდგა, იგი კი უკვე იოსების ბაღში იყო; უახლოვდება საფლავს და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია საფლავიდან... მაგრამ ღვთის ანგელოზმა არ დაანახა მას თავისი სახე, ამიტომაც მარიამი მაშინვე გარბის საფლავიდან, მიდის სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, ანუ იოანესთან და გამწარებული ეუბნება მათ: „აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დაჰსდუეს იგი“. „სხვათა შორის, მის კვალდაკვალ, ასევე ძალზედ ადრე, საფლავზე მოვიდნენ სხვა დედანიც, რომელთაც მოჰქონდათ მომზადებული არომატი. ეს იყო იოანნა, სხვა რამოდენიმე დედასთან ერთად, - ამბობს ეპ. თეოფანე. - და მათ ნახეს საფლავს მოცილებული ქვა და შევიდნენ რა შიგნით, ვერ იპოვეს უფლის გვამი. მაგრამ, როცა ამის გამო გაურკვევლობასა და დაბნეულობაში იყვნენ, უცებ მათთან წარსდგა ორი კაცი ბრწყინვალე სამოსელით და უთხრეს: „რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? არა არს აქა, არამედ აღჰსდგა. მოიხსენეთ, ვითარ იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილიას... ვითარმედ ჯერ არს ძისა კაცისა, მიცემად ხელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცმად, და მესამესა დღესა აღდგომად“. და გაახსენდათ მათ უფლის სიტყვები, და საფლავიდან დაბრუნებულებმა, ამცნეს ყოველივე ეს თერთმეტ მოციქულსა და სხვებს. მაგრამ უფრო ადრე, ვიდრე ისინი მივიდოდნენ მოციქულებთან, პეტრე და იოანე, მიიღეს რა ცნობა მარიამ მაგდალინელისაგან, მაშინვე გაეშურნენ საფლავისკენ. მათ უკან ტირილით გაყვა მაგდალინელი. მოციქულები ერთად მირბოდნენ, მაგრამ რადგან იოანე ახალგაზრდა იყო, იგი პეტრეზე უფრო ადრე მივიდა საფლავთან. იქ ძირს დალაგებული სახვევები დაინახა, მაგრამ გამოქვაბულში არ შევიდა. ამასობაში სვიმონ-პეტრემაც მოირბინა და მაშინვე შევიდა საფლავში. მან დაინახა მხოლოდ სახვევები და სუდარა, რომელიც მას თავზე ეფარა, და რომელიც სახვევებთან არ იყო, არამედ სხვა ადგილას იდო. მაშინ სხვა მოწაფეც შევიდა, რომელიც პეტრეზე ადრე მივიდა საფლავთან, დაინახა და ირწმუნა. რადგან მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ საღვთო წერილიდან, რომ მას ელოდა მკვდრეთით აღდგომა. ასე, რომ მოწაფენი, ისევ უკან დაბრუნდნენ. მარიამი კი დარჩა საფლავთან და ტიროდა და როცა ტიროდა, შეიხედა საფლავში, დაინახა ორი თეთრ სამოსელში მყოფი ანგელოზი, რომელთაგან ერთი იჯდა თავთან და ერთიც ბოლოსთან, სადაც ადრე ესვენა უფლის გვამი. მათ უთხრეს მარიამს: „დედაკაცო! რასა ჰსტირ?“ მარიამმა უთხრა: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დაჰსდუეს იგი“. ესა თქვა თუ არა, შემობრუნდა და დაინახა იესო მდგომარე, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს იყო უფალი. იესომ უთხრა მას: „დედაკაცო, რასა სტირ! ვის ეძიებ“. მას ეგონა, რომ მებაღე იყო, ამიტომ უთხრა: „უფალო! უკეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დაჰსდევ, და მე წარმოვიღო იგი“. უფალმა მიუგო მას: „მარიამ“. შეხედა მარიამმა და უთხრა „რაბბუნი“, რაც ნიშნავს „მოძღვარ!“ მარიამმა მოინდომა მისი მთხვევა, მაგრამ იესომ შეაჩერა: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ აღარ აღვსრულვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმერთისა ჩემისა და ღმერთისა თქუენისა“. მარიამ მაგდალინელი წავიდა და აუწყა მოციქულებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას. ბოლოს, მზის ამოსვლისას, მიდიან საფლავთან მარიამ მაგდალინელი და სულიერი დებიც - მარიამ იოსებისა და სალომე - და ეუბნებიან ერთმანეთს: „ვინ გადაგვიგოროს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?“ და როცა შეხედეს დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებული იყო და მასზე იჯდა ანგელოზი გაბრწყინებული. მიუგო ანგელოზმან მან, როცა ისინი ახლოს მივიდნენ, და რჰქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ... „უპირველესად ათავისუფლებს მათ შიშისაგან და შემდეგ ესაუბრება აღდგომაზე, - შენიშნავს წმ. ოქროპირი - თქვენ კი არ უნდა შეგეშინდეთ, არამედ მათ, რომელთაც ჯვარს აცვეს იგი. და როცა გაათავისუფლა ისინი შიშისაგან სიტყვებითა და ხედვით, რადგან სპეტაკი სამოსით ეჩვენა მათ, როგორც მაუწყებელი სიხარულისა, მაშინღა დასძინა: ვიცი, რამეთუ იესოს ნაზარეველსა ჯუარ-ცმულსა ეძიებთ. „არ ერიდება უფალს უწოდოს ჯვარცმული, რადგან ჯვარს, რითაც მოგვენიჭა ყოველი სიკეთე, იგი აქებს, როგორც გამარჯვების იარაღს“ (ნეტ. თეოფილაქტე). არა არს აქა, რამეთუ აღჰსდგა. საიდან ჩანს, რომ იგი აღდგა? - მისსივე სიტყვებიდან, ვითარცა ჰსთქუა: „თუ მე არ მიჯერებთ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - გაიხსენეთ მისი სიტყვები, მაშინ აღარ გექნებათ უნდობლობა ჩემს მიმართ. შემდეგ, აი სხვა მტკიცებაც; მოვედით, შემოდით ამ გამოქვაბულში, და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. მე სწორედ იმიტომ გადმოვაგორე ქვა, რათა დამერწმუნებინეთ თქვენ აღდგომაში“. აქ, ამ გამოქვაბულში იყო ერთი ადგილი დასამარხი, მაგრამ ეს ადგილი ახლა ცარიელია... იგი აღდგა, და ადრე წარვედით, და უთხრათ მოწაფეთა, მისთა, ვითარმედ აღსდგა მკვდრეთით და აჰა წინა-გიძღვის თქვენ იგი თქვენზე ადრე იქნება გალილიას: იქ, მშობლიურ ქვეყანაში, თქვენ ყველას შეგეძლებათ უშიშრად შეკრება, მორიდებით მისი მტრებისაგან. იგი, უფალი ბევრად უფრო ადრე იქნება, ვიდრე თქვენ დაბრუნდებოდეთ და გამოგეცხადებათ ყველას: მუნ იხილოთ იგი, აჰა ესერა, გარქუ თქუენ ჭეშმარიტება. „მათ სასიკეთოდ თქვა: გალილიას, - შენიშნავს წმ. ოქროპირი: ამ სიტყვით იგი იცავს მათ შიშისა და საზრუნავისაგან, რაც მათ იუდაში ელოდათ, რათა მომეტებულ შიშს არ შეერყია მათი რწმენა“.

წმ. მარკოზ მახარებლის თქმით, წმინდა დედები ანგელოზის მიწვევით შევიდნენ გამოქვაბულში, სადაც მათ იხილეს სხვა გაბრწყინვებული ჭაბუკი, მარჯვნივ მჯდომი, თეთრებში შემოსილი და შეშინდნენ. ანგელოზმა კი უთხრა მათ: „ნუ განჰკრთებით, იესოს ეძიებთ ნაზარეველსა ჯუარ-ცმულსა: აღსდგა; არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დაჰსდუეს იგი. არამედ წარვედით, და უთხრათ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ აჰა ეგერა წინა გიძღვის თქვენ გალილიას; მუნ იხილოთ იგი“. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით, შიშითა რადგან იხილეს არაჩვეულებრივივი, და სიხარულითა დიდითა, რადგან მოისმინეს დიდად გასახარი, მიჰრბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. „დაინახეს, - ამბობს წმ. ოქროპირი, - საშინელი და გასაკვირი საქმე: საფლავი ცარიელი, რომელშიც ცოტა ხნის წინ მათ თვალწინ დაიდო ცხედარი. იმიტომაც მოიყვანა ისინი ამის დასანახად, რათა ყოფილიყვნენ მოწმენი ერთისაც და მეორისაც, საფლავში დადებისაც და აღდგომისაც, ამიტომ არიან განკვირვებასა და სიხარულში“, და ძრწიან შიშისაგან ისე რომ გზაზე შემხვედრ ნაცნობებისთვის, არაფერი შეეძლოთ ეთქვათ. მაგრამ ეს შიშიც მალე გაიფანტა აღდგომილი უფლის ხილვით გამოწვეული ნათელი სიხარულისაგან: და ვითარ იგი მოვიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა, იესო შეემთხვა მათ, და რჰქუა: გიხაროდენ! „გამოელაპარაკა, რათა მათ უფრო მეტად ეცნოთ იგი ხმით, და პირველს ეუწყებინა სიხარული“ (ე.ზიგაბენი). ოი, როგორი წმიდა აღფრთოვანებით, ყოველივე ქვეყნიურის დავიწყებით, წმ. დედები დაემხნენ თავიანთ საყვარელ უფალთან! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერხთა მისთა, - და მან არ დაუშალა ეს, რათა დაერწმუნებინა, რომ არ იყო მოჩვენება, და თაყვანი-სცეს მას. „უდიდესი სიხრულით მიეკვრნენ მას, შეხებით მტკიცედ დარწმუნდნენ მის აღდგომაში და თაყვანისცეს მას“ (წმ. ოქროპირი), თაყვანისცეს უკვე არა როგორც მარიამის ძეს, არამედ ღვთის მხოლოდშობილ ძეს, რომელიც სავსე იყო მადლითა და ჭეშმარიტებით“. და მოწყალე უფალი ამშვიდებს მათ, განდევნის მათგან შიშს და ამზადებს მათში შესაფერის გზას რწმენისაკენ. მაშინ რჰქუა მათ იესო: ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, - როგორი შემძვრელი და ფაქიზი სიტყვა გაისმის მკვდრეთით აღდგომილი უფლის ბაგეთაგან მათზე, რომელთაც ამზადებს თავის მამასთან მისასვლელად! მას არ ერცხვინება ძმები უწოდოს თავის მოციქულებს: უთხართ, ამბოს, ჩემს ძმებს, რათა წარვიდნენ გალილიას, და მუნ მიხილონ მე. და მე ვეტყვი მათ, რა უნდა გააკეთონ. თქვა ეს უფალმა და გაუჩინარდა...

როგორი სიყვარულით ზრუნავს აღდგომილი უფალი, რათა რაც შეიძლება მალე დაამშვიდოს და გაამხნევოს თავისი საყვარელი მოწაფენი! იგი ხედავდა, თუ როგორ შესაბრალის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ისინი მას შემდეგ, რაც დაობლდნენ. მის დაკრძალვაზე კი, არც ერთი მათგანი, იოანეს გარდა, არ გამოჩნდა; თვით უმწეო დედაკაცებიც კი მათზე უფრო ძლიერად გამოიყურებოდნენ მაშინ; წმინდა დედებს ჩვენ ვხედავთ გოლგოთაზეცა და ქრისტეს საფლავთანაც, უკანასკნელ წუთამდეც, ვიდრე ლოდმა არ დაჰფარა საფლავის შესასვლელი, ვიდრე დამდეგი ღამის ბინდმა არ გაახსენა მათ, რომ დრო იყო, დაეტოვებინათ მათთვის ძვირფასი სამარხი... მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი იოანე იდგა ჯვართან და ასეთი სიყვარულისათვის უფალმა თავისი კურთხეული დედის შვილობილობა არგუნა. დანარჩენები კი იყვნენ მწუხარებით განგმირულნი, შიშისაგან ვერ ბედავდნენ სახლიდან გარეთ გამოსვლას, ისხდნენ დახშული კარების მიღმა... და აი, ჩვენ ვხედავთ, რომ „როგორც ანგელოზებთან, ასევე თვით უფლისაგან, ორივე გამოცხადებისას, მეორდება ერთი და იგივე მოთხოვნა, - ამბობს მთ.ეპ. ინოკენტი, - რათა საჩქაროდ წასულიყვნენ მოწაფეებთან აღდგომის საუწყებლად. აღდგომილის ნეტარება უფალს არასრულადე ჩვენებოდა, ვიდრე მას არ გაიზიარებდნენ ისინი, რომლებიც ბოლომდე შეიყვარა, და რომლებიც ამის გამო ახლა იწოდებიან არა მოწაფეებად, არამედ ძმებად, სხვათა შორის, პეტრემ იოანესთან ერთად, გამოქვაბულში მყოფებმა, საფლავთან ვერ იხილეს თავად აღდგომილი, ვერც ერთი ანგელოზი. უდავოა იმიტომ, რომ მათთვის ჯერ მომწიფებულიყო სრული სიხარულის ჟამი, და მათი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად მათთვის სასარგებლო იყო დასაწყისში მოესმინთ აღდგომაზე სხვებისაგან, ვიდრე მაშინვე თავად ეხილათ აღდგომილი“.

ყურადღების ღირსია ისიც, ვის ქონდა მიცემული მიღება და აღდგომაზე პირველი ცნობის გავრცელება, - არა იოვანეს, არა პეტრეს და იაკობს - თავ მოციქულებს, არამედ სუსტ, მაგრამ გულმოდგინე დედებს, ნელსაცხებელი რომ მოემზადებინათ. ეს საცხებელი გამოუყენებელი გახდა, მაგრამ ისინი, თავიანთი სიყვარულის გამო, თავად შეიქნენ ქრისტეს კეთოლსურნელებად. „ქალმა, - შენიშნავს წმ. გრიგორი დიდი, - გველისაგან მიიღო პირველი სიცრუე, და ქალმავე თვით მკვრეთით აღდგომილი უფლისაგან მოისმინა პირველი სასიხარულო ჭეშმარიტება; ვისი ხილვითაც გაზავდა სასიკვდილო სასმელი, იგივე ხელმა მოგვცა სასმელი ცხოვრებისა“. და წმ. დედანი გახდნენ მოციქულები თავად მოციქულთათვის, ახარებდნენ რა მათ ქრისტეს აღდგომას. წმინდა ეკლესიას კი სწამს, და თავის რწმენას საზეიმოდაც კი აღიარებს თავის სააღდგომო საგალობლებში, რომ დედათაგან პირველი, რომელმაც მიიღო ანგელოზისაგან სასიხარულო ცნობა უფლის აღდგომაზე, პირველი, რომელიც მისი ხილვის ღირსი გახდა, იყო არა მარიამ მაგდალინელი, არამედ დედათა შორის ყოვლადკურთხეული ღვთისმშობელი. და მართლაც, განა შეიძლებოდა მომხდარიყო სხვანაირად? ქრისტიანის გული გონებაზე უკეთესად უპასუხებს ამ კითხვას: არა, სხვანაირად არც შეიძლებოდა! დედა ღვთისა თავის უსაყვარლეს შვილთან ერთად გულით გაეკრა ჯვარს ყველაზე მეტად, და მასზევე იზრუნა წამებულმა ძემ საოცრად ფაქიზად ჯვრიდან. და განა დატოვებდა მას თავის დიდებულ აღდგომაზე უცნობებლად? და, მართლაც, აღდგომის ტაძარში, ძველ იერუსალიმში, უფლის საფლავის მახლობლად, ახლაც მიუთითებენ ადგილზე, სადაც უფალი ეჩვენა თავის უწმიდეს დედას. თუ მახარებლები არ ამბობენ ამაზე, მიზეზი გასაგებია. ღვთისმშობლისათვის არ იყო სასურველი, რომ მასზე გაცხადებულიყო, და მოციქულებიც კეთილი კრძალვით ეკიდებოდნენ ამ უჩვეულო სიმდაბლეს დედათა შორის უწმინდესი დედისა, როგორც კანონს, აფასებდნენ მის სურვილს და ერიდებოდნენ მასზე საუბარს, რადგან თავადაც მდუმარება უყვარდა.

უფლის მენესაცხებლე დედებთან გამოცხადებაზე საუბრისას, წმ. ოქროპირი ამბობს: „შეიძლება თქვენს შორის ვინმემ ისურვოს, ქების ღირსი დედების მსგავსად, იესოს ფეხების შემოხვევა? ეს შეგიძლიათ ახლაც, თუ გინდათ, არა მარტო ხელებისა და ფეხების მოხვევა, არამედ წმინდა თავისაც: სუფთა სინდიდით ეზიარეთ წმინდა საიდუმლოთ. და არა მარტო აქ, არამედ იმ დღესაც დაინახავთ მას, გამოუთქმელი დიდებით მომავალს, ანგელოზთა დასთან ერთად, თუკი ისურვებთ ყოფნას კაცთმოყვარეებად. თქვენ მოისმენთ არა მარტო სიტყვებს, „გიხაროდენ“, არამედ „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი, დასაბამითგან სოფლისათ“ (მთ. 25,34). ასე, რომ ვიყოთ კეთილმოსავები, ღვთისმოყვარულნი, ვაჩვენოთ სიყვარული ყველას, რათა მოვისმინოთ ეს სიტყვები, და მივიღოთ თავად ქრისტე ჩვენთან“.