ზეციური მამისგან არავინაა დავიწყებული მის დიდებულ ოჯახში. იგი მარტო იუდეველების ღმერთი კი არ არის, არამედ წარმართებისაც. იგი არის ღმერთი და მხსნელი მთელი ადამის მოდგმისა. „და შეჰქმნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთაგანი, დამკვიდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღაურის-დადებანი დამკვიდრებისა მათისანი. მოძიებად ღმრთისა, და უკეთუმცა ვინ ეძიებდა, ჰპოვამცა იგი“ (საქ. 17,26-27), გვამცნებს საღვთო წერილი. მართალია ხალხმა დაივიწყა ღმერთი და დაიწყო კერპების თაყვანისცემა, მაგრამ მათ გულებსა და სინდისში, მართალია ძნელად, მაგრამ მაინც ისმოდა ღმერთის ხმა, და წარმართებს შორის უკეთესნი, არ წყვეტდნენ ღვთის სიმართლის ძებნას, როგორც ჩააგონებდა მათ საკუთარი სინდისი. სოკრატე ამბობს, ნუ გექნებათ იმედი, რომ შეცვლით ადამიანურ მანკიერებებს, ვიდრე თვით ღმერთი არ ინებებს და არ გამოაგზავნის განსაკუთრებულ მასწავლებელს ჩვენი დამოძღვრისათვის“. - „არ იქნება დედამიწაზე წესრიგი, - ამბობს პლატონი, ვიდრე თვით ღმერთი არ მიიღებს ადამიანურ სახეს და არ გაგვარკვევს ჩვენ და ჩვენს დამოკიდებულებას მასთან, და ერთმანეთთან ჩვენს მოვალეობებსა და ურთიერთობებს“. ამიტომ ქრისტეს შობის წინა ხანებში, არა მარტო იუდეველები მოელოდნენ აღთქმულ მესიას - ქრისტეს, მთელი მსოფლიო, რომელიც ცოდვებში იყო ჩაძირული, მოელოდა გამომხსნელს. ეს მოლოდინი განსაკუთრებით იგრძნობოდა აღმოსავლეთში; სპარსელებში, ბევრად მეტად, ვიდრე სხვა ხალხებში, დაცული იქნა ბიბლიური გადმოცემები. იქ, ბაბილონელთა ტყვეობის შემდგომ, დარჩა ბევრი ებრაელი, რომლებიც აღმოსავლეთის ხალხებში ავრცელებდნენ თავიანთ რწმენას, თავიანთ მოლოდინს აღთქმულ მესიაზე. ებრაელები ყველაზე მეტად და შემდგომ სხვა ხალხებიც მოელოდნენ დიდებულ მეუფეს, რომელიც უნდა შობილიყო იუდეაში და დაემორჩილებინა მთელი ქვეყანა. და აი, როგორც კი უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაიბადა ბეთლემში, - ურწმუნო ქვეყანაში, სიბნელესა და კერპთაყვანისმცემლობაში, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ისე გულმოდგინედ მოელოდნენ ისრაელთა მხსნელისაგან შველას, რომ ზეციდან პირველივე ნიშნანზე, არაჩვეულებრივი ვარსკვლავის გამოჩენისთანავე, წამოვიდნენ, რათა თაყვანი ეცათ ახალშობილი მაცხოვრისათვის. ხოლო იესოს შობასა, გვიყვება მახარებელი მათე, ბეთლემს ჰურიასტანისასა, (იყო სხვა ბეთლემიც - გალილეაში), დღესა იროდი მეფისათა. მახარებელი აქ იროდის იმიტომ ახსენებს, რათა დაგვანახოს, რომ იმ დროს იუდეველებს აღარ ჰყავდათ მეფე, არამედ მათზე მეფობდა უცხო წარმოშობის იროდი, რაც მიანიშნებდა ქრისტეს შობის ჟამის დადგომას, რაც იაკობ მამამთავარს ჰქონდა ნაწინასწარმეტყელები. მეფედ იმიტომ იხსენებს იროდის, რომ განასხვავოს იგი სხვა იროდისაგან, რომელიც იყო პირველის შვილი და სამეფო ტიტულს არ ატარებდა, - აჰა მოგუნი აღმოსავლეთით მოვიდეს იერუსალიმად. შორი ქვეყნიდან წამოსული მოგვები იერუსალიმში შეიძლება მოსულიყვნენ უფლის შობამდე გაცილებით უფრო ადრე, ანდა უფრო გვიან, ისინი კი მოვიდნენ სწორედ უფლის შობის ჟამს, რათა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა დიდხანს არ დარჩენილიყო დაფარული იერუსალიმისათვის. მოგვების მოსვლის ჟამის უფლის შობის დროსთან ასეთი დამთხვევა ამტკიცებს იმას, რომ მათი მოგზაურობა განსაზღვრული იყო ღვთისაგან და იმას, რომ მათი მოგზაურობა ცოტა ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე უფალი დაიბადებოდა (ის. 60,3).
ვინ იყვნენ ეს მოგვები? - ესენი იყვნენ მეტად განსწავლული, მეცნიერი და ბრძენი ადამიანები. ამასთან მეტად ღირსეულნი, სარწმუნოებისა და სიწმინდეებისადმი მეტად გულმოდგინენი. სწორედ თავიანთი დიდი სიკეთისა და გულის სიწმიდისათვის გახადა ისინი ღმერთმა ღირსნი, რომ პირველებს ეცათ თაყვანი ბეთლემში შობილი ქვეყნიერების მხსნელისათვის. გადმოცემის თანახმად, ისინი იყვნენ მეფენი, მათი სახელებიც კია შემორჩენილი: მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. იგივე გადმოცემით ისინი წარმოშობით იყვნენ ძველი ბაბილონიდან, სადაც 500 წლის წინათ ცხოვრობდა წინასწარმეტყველი დანიელი. ეს დიდი წინასწარმეტყველი თავის დროზე ყველაზე გამორჩეული იყო ბაბილონელ ბრძენთა შორის. მან, რა თქმა უნდა, გადასცა სხვებსაც ჭეშმარიტი სწავლება ღმერთზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მიუთითა მოგვებს მათი ძველი წინაპრის - მოგვ ვალაამის წინასწარმეტყველებაზე, რომელმაც ჯერ კიდევ მოსეს დროს გამოთქვა მხსნელზე შემდეგი: „ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელ მოდგმას“ (რიცხ. 24,17). შეიძლება ითქვას, რომ დანიელის წინასწარმეტყველების წიგნი მოგვებისათვის იყო ცნობილი. ასე, რომ დანიელის დროიდან მოყოლებული, ქრისტეს შობამდე, აღმოსავლელ სწავლულებში ინახებოდა გადმოცემა ისრაელთა სახელოვანი მეუფის მოსვლის შესახებ. ძველ დროს, ხალხს სწამდა, რომ დიდი ადამიანების დაბადებასა და სიკვდილს ყოველთვის თან სდევდა გამოჩენა ან გაქრობა ცაზე ვარსკვლავებისა. მოელოდნენ რა ღვთის განგებულების აღსრულებას, მოგვები თვალს ადევნებდნენ ასეთი ვარსკვლავის გამოჩენას ცაზე, ისრაელთა მეფის დაბადებამდე. და როგორც კი შეამჩნიეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ იგი უკვე დაიბადა, მაშინვე იუდეველთა სამეფოს დედაქალაქისაკენ გამოეშურნენ, იერუსალიმში მათ გაიკითხეს ახლადშობილი მეფის შესახებ. და ამბობდნენ: სადა არს, რომელი იგი იშუა მეუფე ჰურიათა? როგორი იქნებოდა იმათი გაკვირვება, როცა გაირკვა, რომ იქ ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცოდა მომხდარი უდიდესი საკვირველების შესახებ და იუდეველები განცვიფრებულნი ეკითხებოდნენ მოგვებს: როგორ გაიგეს ებრაელთა მეფის შობის შესახებ? ამაზე მოგვები ალბათ პასუხობდნენ: „საოცარია, რომ თქვენ, იუდეველებმა არაფერი იცით ამის შესახებ; ჩვენ აქ ცნობისმოყვარეობამ კი არ მოგვიყვანა, არამედ ზეციურმა ნიშანმა: რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით. როგორ შეიძლებოდა რომ არ მოვსულიყავით? ასე, რომ სად არის ახალი მეუფე? ჩვენ მისკენ გვიზიდავს არა რაიმე ქვეყნიური სარგებელი, არა რაიმე ანგარიში, არამედ ღრმა სულიერი პატივისცემა და რწმენა მისადმი. „და მოვედით თაყვანისცემად მისსა, რათა მივაგოთ მას პატივი, როგორიც ეკუთვნის ასეთ დიდ და საპატივსაცემო პირს“. წმიდა ეგნატე ღვთისმხილველი აღნიშნულ ვარსკვლავზე წერს: „ეს ვარსკვლავი გაბრწყინდა ცაზე ყველა ვარსკვლავზე უმეტესად, და მისი ნათელი იყო გამოუთქმელი, ხოლო მისმა სიახლემ ყველა მოიყვანა შეშფოთებაში: ყველა დანარჩენი ვარსკვლავი, მზესა და მთვარესთან ერთად თითქოს შეკრებილიყვნენ საკვირველი ვარსკვლავის გარშემო და ის ყველა დანარჩენ მნათობებს, უნათებდა თავისი ნათლით“.
რა ვარსკვლავი იყო ის, მოგვებმა რომ იხილეს? - წმ. ოქროპირის განმარტებით ეს იყო ანგელოზთა უხილავი ძალი, რომელმაც მიიღო ვარსკვლავის სახე, სინამდვილეში, ნახეთ როგორ მოქმედებს ეს საკვირველი ვარსკვლავი: ყველა ვარსკვლავი მიემართება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ეს კი - ჩრდილოეთიდან, სპარსეთიდან, სამხრეთისაკენ - იერუსალიმისაკენ. ჩვეულებრივი ვარსკვლავები ჩანან მხოლოდ ღამით, ეს კი კაშკაშებდა დღისითაც, მზის სინათლეზეც კი. იგი ხან გამოჩნდებოდა, ხანაც იმალებოდა. როცა მოგვები მივიდნენ იერუსალიმში, ვარსკვლავი აღარ ჩანდა, ხოლო როცა გამოვიდნენ იერუსალიმიდან, იგი ისევ გამოჩნდა. იგი ემსგავსებოდა ღრუბლის სვეტს, ებრაელებს უდაბნოში რომ უძღოდა. იგი მოგვებს წინ მიუძღოდა, მიდიოდნენ თუ ჩერდებოდნენ, ვარსკვლავი მათ მისჩერებოდა და ასე მიიყვანა იმ ადგილიდან, სადაც ახლადშობილი ყრმა იმყოფებოდა; ამის შემდეგ ვარსკვლავი სრულიად გაუჩინარდა. ცხადია, რომ უბრალო ვარსკვლავით მოგვების ასეთი წინამძღოლობა ვერ მოხდებოდა: ეს იყო ანგელოზთა ძალა. „რატომ მაინც და მაინც ვარსკვლავის სახით მოხდა ქრისტესთან მოგვების მიყვანება? - კითხულობს წმ. ოქროპირი და თავადვე პასუხობს: ადამიანური სისუსტეებისადმი უფლის განსაკუთრებული შემწყნარებლობისა გამო. ღმერთმა მათ მოსაქცევად გამოიყენა ის, რაც უფრო ნაცნობი იყო მათთვის. ისინი ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ ადრეც, ამიტომ ღმერთმაც ვარსკვლავით ინება მათი მოწოდება. ასე რომ, როგორც საეკლესიო საგალობელშია ნათქვამი, „რომელნი ვარსკვლავსა თაყვანისცემდნენ, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყუანისცემა სიმართლის მზისა - ქრისტესი“. როგორ მიხვდნენ მოგვები, რომ ვარსკვლავი მათ აუწყებდა სწორდ იუდეველთა მეუფის დაბადებას და არა სხვა ვინმესას? - „მე ვფიქრობ, - ამბობს წმ. ოქროპირი, რომ ეს არ იყო მარტო ვარსკვლავის საქმე, არამედ ღმერთმა თავად მისცა მათ ისეთი გულისხმიერება, როგორც თავის დროს სპარსეთის მეფე კიროსს ჩააგონა, იუდეველთა ბაბილონელთა ტყვეობიდან გაშვება“ (1 ეზდ. 1,1). ისინი მოელოდნენ ებრაელთა დიდებულ მეუფეს, - აი მადლი ღვთისა, ყოველთვის რომაა მართალთა სულებთან; სწორედ ღვთის მადლმა ჩააგონა მათ ყველაფერი დაეტოვებინათ და წასულიყვნენ იუდეაში. - როდის გამოჩნდა ეს ვარსკვლავი? - წმ. ოქროპირი ამბობს, რომ მოგვებმა იგი შეამჩნიეს ბევრად უფრო უწინ ქრისტეს დაბადებამდე, ყოველ შემთხვევაში იმდენი ხნით ადრე, რამდენიც მათ ებრაელთა ქვეყანაში ჩასასვლელად დასჭირდებოდათ. მაგრამ რატომ პირდაპირ ბეთლემში არ მიიყვანა მოგვები ვარსკვლავმა? - ისინი რომ არ შეჩერებულიყვნენ იერუსალიმში, მაშინ ხომ ყოველგვარ განსადცელს აარიდებდნენ როგორც საკუთარ თავს, ისე ახალშობილს იროდისგან? ღმერთს თავად სურდა, რომ იერუსალიმისათვის სწორედ მოგვებს ეუწყებინათ ქრისტეს დაბადება, ებრაელთა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს სწორედ წარმართი მოგვებისგან უნდა შეეტყოთ თავიანთი მეუფის დაბადება, რათა ამით გაცხადებულიყო მათი სულიერი მოშვებულობა და მოუქნელობა.
ასე, რომ მოგვებმა იერუსალიმელებს კეთილად აუწყეს მხსნელის დაბადება. როგორ იმოქმედა მათზე ამ სასიხარულო უწყებამ? ვითარცა ესმა ესე იროდი მეფესა, შეჰძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მის თანა. განსაკუთრებით კი, ცხადია, შეშფოთდებოდნენ მომხრენი იროდისა. როგორ არ შეშფოთდებოდა ეჭვიანი იროდი, რომელმაც აღმოფხვრა მის მეფობამდე მიმყვანებელი ყველგა გზა? იგი იყო უკანონო მეფე, უცხო ტომისა, თვითმარქვია, რომაელთაგან რომ გამეფდა. იგი სძულდა ხალხს თავისი სისატიკისა გამო, რომელიც იქამდე მივიდა, რომ უმნიშვნელო ეჭვის გამოც კი, სასჯელისათვის თავის საკუთარ შვილებსაც იმეტებდა. იროდი, ის-ის იყო სისხლით გაუსწორდა მის წინააღმდეგ შეთქმულთ, რომელთაც სასხლეში მისი მოკვლა უნდოდათ. წლებითა და მძიმე სატკივარებით გულდამძიმებული მბრძანებელი შეშინდა, როცა მას მოახსენეს, რომ სწორედ იმ დროს, როცა მას ძალები აკლდებოდა, დაიბადა მესია, ჭეშმარიტი შვილი დავითისა, კანონიერი მეუფე ურიათა, რომელიც ალბათ წაართმევდა მას მეფობას. როგორ არ შეძრწუნდებოდა ასეთი ტირანი მსგავსი უწყებისას? მაგრამ რა აშინებდა იერუსალიმს? წინასწარმეტყველებს ხომ ადრევე ჰქონდათ ნათქვამი, რომ ქრისტე უნდა მოსულიყო ხალხის გადასარჩენად, რომელიც მადლსა და თავისუფლებას მიანიჭებდა მათ. რა აშფოთებდა იერუსალიმელთ, განა მათ ეხლა არ უნდა გაეხარათ ისეთი მეფის დაბადებით, რომელიც ჯერ კიდევ ყრმობისას იზიდავდა აღმოსავლელ ბრძენთ, რათა მისთვის თაყვანი ეცათ, ხოლო შემდგომ მთელი ქვეყნის ხალხებზე გამეფდებოდა? მათ რომ ქრისტე ჰყვარებოდათ, რა თქმა უნდა, სიხარული დაეუფლებოდათ, როცა შეიტყობდნენ მის შობას, ისე როგორც ზოგიერთ ღვთის რჩეულს შეემთხვა, როგორც მაგალითად მართალ სვიმეონსა და ანნას. მაგრამ ებრაელებს ქრისტეზე მეტად საკუთარი თავი უყვარდათ. თითოეული მათგანი ალბათ იმასაც ფიქრობდა, რომ როგორც კი მეფე იროდი გაიგებს ქრისტე-მეუფის შობას, საშინლად განრისხდება და დაუწყებს დევნას ყველას, ვინც კი ქრისტეს თაყვანისცემად გაბედავდა. ამიტომ თითოეულმა ამჯობინა საკუთარი თავის დაცვა და შეეშინდა ქრისტეზე რაიმეს გაცხადება. მეფე იროდიმ კი ამასობაში მიიღო გადაწყვეტილება: რა ექნა, მოგვები დაეხოცა? მაგრამ აქედან იგი რა სიკეთეს მიიღებდა, თუ ახლადშობილი მეფე მრთელი დარჩებოდა? იმან ხომ ისიც კი არ იცოდა, თუ ვინ იყო ან სად იმყოფებოდა ეს ყრმა? და აი იროდის ბნელ სულში საშინელი სურვილი გაჩნდა: თავად მოგვებისაგან შეეტყო ყოველივე ახლადშობილი ყრმის შესახებ, შემდეგ კი იგი მოეკლა, და თუ საჭირო იქნებოდა, მასთან ერთად მოგვებიც დაეხოცა, რომელთაც ააფორიაქეს მისი ქვეყანა. და შეჰკრიბნა ყოველნი მღუდელთ-მთავარნი, სინედრიონის ყველა წევრი (სულ 72) და მწიგნობარნი ერისანი, საღვთო წერილში განსწავლული მეცნიერნი, და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? - სად უნდა დაბადებულიყო იგი ძველი აღთქმისა და წინასწარმეტყველების მიხედვით? მართალია მოგვებს არ უთქვამთ, რომ მეფე, რომელსაც ისინი დაეძებდნენ იყო ქრისტე, მაგრამ იროდი მაშინვე მიხვდა, საუბარი რომელ მეფესაც შეეხებოდა. და, აი ვერაგმა მეფემ, ვითომდა ისრაელთა ღმერთის გულმხურვალე მაღიარებელმა, იკითხა აღთქმულ ქრისტეზე, და ამათაც მაშინვე პირდაპირ მოახსენეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა. სწავლულ კაცებს არ შეეძლოთ სიმართლის დაფარვა, რადგან იგი თითოეული ებრაელისათვის იყო ცნობილი (ინ. 7,42), რამეთუ ამაზე გარკვევით საღვთო წიგნი ამბობდა: რამეთუ ესრეთ წერილ არს მიქეა წინასწარმეტყველისა მიერ, 700 წლის წინათ: და შენ, ბეთლემ, ქუეყანა ეგე იუდასი. მართალია პატარა ხარ, სხვა ქალაქებთან შედარებით მცირეა შენი მოსახლეობა, მაგრამ შენ დიდი უპირატესობა გაქვს, არა სადა უმრწემეს-ხარ მთავართა შორის იუდასთან, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი ე.ი. ყოვლისშემძლე მეუფე ქვეყნიერებისა, რომელმაც დამწყსოს, როგორც კეთილმა მწყემსმა, ერი ჩემი, ისრაელი, (მიქ. 5,2; ინ. 10,11; გამ. 2,27; იეზ. 34,23), ყველა, ვისაც კი ექნება ღვთის რწმენა, რადგან „არა ყოველნი ისრაელისაგანნი, ესრეთ არიან ისრაელ“ (რომ. 9,6). - „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი: როგორი საკვირველი და არაჩვეულებრივი საქმეები ხდება! წარმართები და იუდეველები ასწავლიან ერთმანეთს რაღაც ძალზედ დიდს. იუდეველებს ესმით მოგვებისგან, რომ სპარსთა ქვეყანაში ვარსკვლავი ქრისტეს აუწყებდა, მოგვები კი იუდეველთაგან გებულობენ, რომ ის, ვის შესახებაც შეიტყვეს ვარსკვლავებისაგან, წინასწარმეტყველთაგან წინასწარუწყებული იქნა“. ამრიგად, იუდეველთა სინედრიონმა დაამოწმა, რომ ქრისტე იუდესა ბეთლემში უნდა შობილიყო; მთელმა იერუსალიმმა შეიტყო მხსნელის დაბადება და აღელდა. ბეთლემელმა მწყემსებმაც მოუთხრეს ხალხს, თუ როგორი დიდებულებით გამოეცხადნენ ანგელოზები მათ, როგორ მიაგნეს ახლაშობილს და თაყვანი სცეს მას. მოგვები შორი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ საკვირველი ვარსკვლავის წინამძღოლობით: ეხლა იუდეველებს არ შეეძლოთ იმისი თქმა, რომ არ ვიცოდით, როდის და სად უნდა შობილიყო ქრისტე. მღვდელმთავრება და მწიგნობრებმა, წინასწარმეტყელებათა სათანადო გააზრების შემდგომ, ხმამაღლა და მტკიცედ განაცხადეს ის, რაც მაშინ სინამდვილეში მოხდა: ქრისტე ჭეშმარიტად იშვა იუდეას ბეთლემში. და ეს განცხადება-დამოწმება ჩვენ უფლის მიმდევართ, იმიტომ გაგვიჩნდა, რომ იგი ბოროტი, იროდისათვის საჭირო შეიქნა: აი ასე, ღვთის განგებას შეუძლია ბოროტის ვერაგობაც კი ღვთის სახელის დიდებისაკენ მიმართოს (1 კორ. 3,19). უფრო უკეთესი და სრული დამოწმება ჭეშმარიტებისა ამ შემთხვევაში ძნელიც კია წარმოვიდგინოთ.
ნახე სიზუსტე წინაწარმეტყელებისა, - ამბობს წმ. ოქროპირი: მიქეამ არ თქვა, რომ იცხოვრებს ბეთლემში, არამედ ბეთლემიდან „გამოვა“, რაც ნიშნავს: მხოლოდ დაიბადება ბეთლემში. ტყუილად ამბობენ ებრაელნი ეხლა, რომ თითქოს ეს წინასწარმეტყველება ეკუთვნოდეს ზორობაბელს. ზორობაბელი დაიბადა არა ბეთლემში, არამედ ბაბილონში. ისედაც, განა შეიძლება წინასწარმეტყველის დანარჩენი სიტყვები მას მივაკუთვნოთ, რაზეც, იროდის საამებლად, მწიგნობრებმა დუმილი ამჯობინეს: „და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან“. - მისი წარმოშობა დასაბამიდანაა, მარადისობიდან? მოკლედ ებრაელნი ამ წინასწარმეტყველების ზორობაბელს მიაკუთვნებდნენ ქრისტეს შობის შემდგომ, მაშინ კი, როგორც ეს ჩანს იროდისათვის სინედრიონის განმარტებიდან, მას ყველა ქრისტეს მიაკუთვნებდა. ყურადსაღებია ისიც, რომ თვით სიტყვა „ბეთლემი“ ებრაულად ნიშნავს „პურის სახლს“, იესო ქრისტე კი თავის თავზე ამბობდა: „მე ვარ პური ცხოვრებისა“ (ინ. 6,35).
როგორ მოიქცა იროდი? მაშინ იროდი იდუმალ მოუწოდა მოგუთა და ჰკითხა მათ სად შეიძლებოდა ქრისტეს მოძიება და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისა. იგი ფიქრობდა, რომ ებრაელნი დაუმალავდნენ მას ყრმას და შეეცდებოდნენ მის გადარჩენას, როგორც თავიანთ მეფესა და გამომხსნელს, ამიტომ მოგვებს შეხვდა ფარულად, მას არ უნდოდა პირდაპირ ეკითხა მათთვის თუ როდის დაიბადა ყრმა, შიშობდა რა იმას, რომ მოგვები შეიძლება მიმხვდარიყვნენ მის ბოროტ განზრახვას, ამიტომ ეშმაკურად გაიგო მათგან ჟამი ვარსკვლავის გამოჩენისა, რადგან ფიქრობდა, რომ ქრისტე სწორედ მაშინ დაიბადა. რამდენი მზაკვრობა და ეშმაკობა იყო ყოველივე ამაში და რამდენი უაზრობა! მის თვალწინ სასწაულები ხდებოდა: ზეცის ვარსკვლავი ქრისტეს ქადაგებდა, წინასწარმეტყველება მისი შობის ადგილს მიუთითებდა, - განა შეეძლო იროდს ღვთის წინააღმდეგ წასვლა? თუ იგი უჯერებდა წინასწარმეტყველებას, მაშინ მან შეუძლებელი განიზრახა, თუ არ სჯეროდა, მაშინ რიღასი ეშინოდა? რისთვის სჭირდებოდა მას ამდენი ბოროტება? აი, სადამდე შეიძლება დავიდეს ადამიანი, რომელიც სიამაყითაა დაბნელებული და ბოროტებას დამონებული. ამის მიუხედავად, ყოველივე ეს გულმართალ მოგვებს შეიძლებოდა მოჩვენებოდათ სიკეთედ, კეთილგონიერებად, მით უფრო, რომ იროდი არა თუ ცდილობდა გადაეთქმევინებინა მათთვის მოგზაურობა, არამედ ისინი კეთილად შეიწყნარა და წარავლინნა იგინი ბეთლემად და ჰრქუა: მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის, რაც შეიძლება გულდასმით მოიძიეთ და გამოიკითხეთ ყრმის შესახებ, აქ იროდმა თითქმის ვერ დაფარა თავისი მტრობა და სიბოროტე, ვერ აიძულა თავი ეთქვა: გამოიკითხეთ მეფის შესახებ. აი ასეთი საძულველი გახდა მისთვის მეფე-ყრმის სახელის გაგონებაც კი, - გამოიკითხეთ, ამბობს მეფე ყრმაზე; თქვენ თავად ხედავთ, ამ საქმეში არის რაღაც დიდი საიდუმლო: თქვენ მასზე აღმოსავლეთში გეუწყათ, ჩვენ კი არაფერი ვიცით; საჭიროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ. თქვენ თავად ზეცა მოგიწოდებთ ახლადშობილისაკენ, ამიტომ თქვენ ისევე გააგრძელეთ გზა, რათა არ გამოიწვიოთ უდროო ხმაური და მღელვარება ხალხში, - გაიგეთ ყველაფერი ზუსტად, და რაჟამს ჰპოვოთ იგი, მითხარით მე, რათა მეცა - პირველმა მივაშურო მას და მივაგო კუთვნილი პატივი, მივიდე, ვეახლები, ყოველგვარი სამეფო ფუფუნების გარეშე, სამეფო ეტლების, მცველებისა და ყოველგვარი ამალის გარეშე, უბრალო მწირისა და მლოცველი კაცის სახით, რათა თაყუანის ვჰსცე მას. იროდმა ეხლა უკვე იცოდა, სად დაიბადა ქრისტე; ვარსკვლავის გამოჩენის მიხედვით მიხვდა იმასაც თუ როდის დაიბადა; მაგრამ თავის ანგარიშში შეცდომა რომ არ დაეშვა, მას უნდოდა ყველაფერში დარწმუნებულიყო მოგვების დახმარებით. მოგვები კი, თავიანთი კეთილი და მიმნდობი გულის გამო, არაფერ საეჭვოს არ ამჩნევდნენ მეფეს და დაიჯერეს მისი. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, ოდნავადაც რომ ვერ შეამჩნიეს მეფეს სისხლიანი განზრახვა, აღუთქვეს მისი სურვილის შესრულება და წარვიდენ - ბეთლემში. მაგრამ ღვთის განგებამ წინასწარ განსაზღვრა ყველაფერი. შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ ეჭვიან მბრძანებელს უცებ გადაეფიქრებინა, არ მოეცადა მოგვების დაბრუნებისთვის და მისი სისასტიკე თავს დატყდომოდა ბეთლემს, სადაც ჯერ კიდევ იმყოფებოდა ახლადშობილი ქვეყნიერების მხსნელი. არ შეიძლებოდა დროის დაკარგვა. ალბათ უკვე დრო იყო მოგვებს ჯილდო მიეღოთ თავიანთი ხანგრძლივი მოგზაურობისათვის, და აი, მათ ისევ გამოუჩნდა ზეციური წინამძღოლი: და, აჰა, ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავლეთით, წინა-უძღოდა მათ. ადვილი წარმოსადგენია მოგზაურთა ის დიდი სიხარული, რომელიც მათ ნაცნობი ზეციური მნათობისა და წინამძღოლის დანახვაზე დაეუფლებოდათ, რომელიც ეხლა უკვე პირდაპირ მიუძღოდა მათ, დღისითაც კი.
ბეთლემი მდებარეობს ორი საათის სავალზე იერუსალიმის სამხრეთით მთიან ადგილზე, რომელიც მშვენიერი ბაღებითაა დაფარული. დიდი დრო არ დაჭირდა მოგვებს ახლადშობილი მეფის მიგნებისათვის. არ იყო საჭირო სხვებისათვის კითხვა ამისთვის: გზამკვლევი ვარსკვლავი ეხლა პირდაპირ მიუძღოდათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, - და თითქოს თითით მიანიშნაო იმ ადგილზე, რომელსა იყო ყრმაი იგი. შესაძლოა ვარსკვლავი ისე შესამჩნევად დაეშვა ქვევით, რომ მისგან ძირს დაშვებული სხივებით, ადვილად იქნა ის ადგილი მოძიებული, სადაც იყო ჩვილი. ხოლო მათ, ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი, სადაც დაეშვა იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, როგორ არ უნდა გაეხარათ მოგვებს, როცა ასე ახლოს იყვნენ თავიანთჲ ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის მიზანთან. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას - ცხადია იგულისხმება ის გამოქვაბული, რომელიც წმ. მოხუცმა იოსებმა მონახა ახალგაზრდა დედისა და მისი ახალშობილისათვის (ლკ. 2,16), - იხილეს ყრმაი იგი, დაინახეს მათთვის სასურველი, დიდი გულმოდგინებით მოძიებული ყრმა-მეფე სიღარიბეში, ბაგაში, უბრალოებასა და მორიდებაში, მარიამისთანა ყოვლადწმია დედისა თვისისა. იოსებს მახარებელი აქ არ იხსენებს, შესაძლოა იგი ამ დროს რაღაც ოჯახური საზრუნავის გამო იყო გასული. მიუხედავად ასეთი სიღარიბისა, რითაც იყო ახალშობილი ყრმა და მისი დედა გარემოცული, მოგვები, როგორც კი იხილეს იგი, მაშინვე დავარდეს, - ძრწოლითა და კეთილკრძალულებით დაემხნენ მიწაზე და თაყუანის-ჰსცეს მას, - თაყვანისცეს როგორც ღვთის სახებას. მათმა კეთილმა და წმიდა გულმა მაშინვე შეიგრძნო მათი გონებისათვის მიუღწეველი დიდი საიდუმლო ღვთისა, ისე როგორც ეს წმ. იოანე წინამორბედს შეემთხვა (ლკ. 1,41), ჯერ კიდევ თავისი დედის მუცელში ყოფნისას, რომელიც სასიხარულო კრთომით მიესალმებოდა მასთან მიახლოებულ ღვთაებრივ ყრმას, რომელიც ასევე თავისი დედის მუცელში იმყოფებოდა. და აღაღეს საუნჯეთა მათთა, და შეჰსწირეს მისსა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური, - და მას, თავის უბადრუკ აკვანში მიაგეს ისეთი პატივი, რაც მეფე იროდისთვისაც არ მიუგიათ სამეფო სასახლეში. სამი ძღვენი მიართვეს ერთს სამებიდან, პატივად წმიდა სამებისა: ოქრო - როგორც მეფეთა მეფის მისართმევი; გუნდრუკი - სუფთა, კეთილსურნელოვანი, როგორც ღვთისა და ამავე დროს მარადიული ზეციური მღვდელმთავრის უსისხლო შესაწირი, და მური - როგორც მოკვდავს მომავალში (ინ. 19,39), რომელიც შემდგომში სიკვდილის სამეფოს დაარღვევს თავისი სიკვდილით. ცნობილია, რომ მურს, რომელსაც აგროვებდნენ ხიდან, ებრაელნი ცხებდნენ მიცვალებულის სხეულს. ოქრო, გუნდრუკი და მური - ყოველივე ის, რითაც განთქმული იყო მოგვთა სამშობლო - შორეული აღმოსავლეთი. და როგორც ეს ძღვენი არაფრით ემსგავსებოდა ებრაელთა სისხლიან მსხვერპლს, ისევე განსხვავებული იქნებოდა ქრისტიანული ძღვენიც. წმ. ოქროპირი ტყუილად როდი უწოდებს მოგვებს ქრისტიანული ეკლესიის პირველ წევრებს, წარმართთაგან ქრისტეს პირველ მორწმუნეებს. მათი სახით „წარმართების უნაყოფო ეკლესიამ“ იცნა ხალხთა მოლოდება - ქრისტე, და ქედი მოიხარა საკვირველი ყრმის წინაშე, რომელიც მალე შეკრებდა ერთად თავის გაბნეულ შვილებს. ახალ მეფესთან ძღვენით მისვლა აღმოსავლეთის ხალხებში ისედაც წესად ჰქონდათ (შექ. 32,14; 43,11; 1 მეფ. 10,27); არასოდეს წმიდა ოჯახისათვის ისე არ ყოფილა საჭირო შეწევნა, როგორც მაშინ. კიდევ რომ ჰქონოდათ, რაიმე ნაზარეთში, ბევრს მაინც ვერ წაიღებდნენ თან, რადგან ფიქრობდნენ, რომ მალე დაბრუნდებოდნენ, ეხლა კი მიუწია ნაჩქარევი და სრულიად მოულოდნელი შორეული მოგზაურობა ეგვიპტეში. როგორ გაემგზავრებოდნენ უცხო ქვეყანაში საკვირველი დახმარების გარეშე, რომელიც მათ მიიღეს მოგვებისგან? მათი ძღვენი იყო შორეული მოგზაურობისათვის დახმარება ზეციდან. მაგრამ ვის ეკუთვნოდა ეს ძღვენი? მას, რომელიც საკვირველი სიღატაკით მოვიდა ჩვენთან, რათა ჩვენთვის სიმდიდრე და სიკეთე მოეტანა, რომელიც სიცოცხლესა და სუნთქვას ანიჭებს ყოველივეს. როგორი დიდია მისი ღვთაებრივი სიმდაბლე! წმიდა დიმიტრი როსტოველის თქმით, ღვთისმშობელმა მოგვებისაგან შეწირული ოქრო, ღარიბ-ღატაკებს დაურიგა.
ეხლა მივუბრუნდეთ მოგვებზე საუბარს. როგორც კი შეასრულეს თავიანთი ნანატრი სურვილი და თაყვანი სცეს უფალს, მოგვებმა ისრუვეს იერუსალიმში დაბრუნება, რათა იროდისთვის მიცემული სიტყვა შეესრულებინათ, და მეფისა და იერუსალიმელთათვის გაეზიარებინათ თავიანთი სიხარული, რითაც უხვად იყვნენ აღვსილნი. მაგრამ სწორედ ეს იყო საშიშროება დიდი. და აი, უფალმა ისევ ჩააგონა მათ, მაგრამ არა ვარსკვლავით, არამედ ძილში, როგორც ეს შეემთხვევა იოსებს: და მოიღეს ბრძანებაი ჩუენებით, რათა არ მიაქციონ იროდისა, მათ არ დაიწყეს მიზეზის ძებნა, არამედ კეთილად ირწმუნეს უწყებული და დამორჩილდნენ უფლის ნებას, და სხვა გზით, ალბათ ქებრონის მხრით, მკვდარი ზღვის შემოვლით, წარვიდენ სოფლად თვისსა. საეკლესიო გადმოცემა გვამცნებს, რომ მოგვები თავიანთ ქვეყანაში ყველას მოუთხრობდნენ რაც ნახეს და გაიგონეს ქვეყნიერების მხსნელზე, რითაც წარმართებს შორის ქრისტეს პირველ მქადაგებლებად იქცნენ.
საკვირველია ღვთის განგების გზები. ვინ იფიქრებდა, რომ სადღაც სპარსეთსა და არაბეთში ასეთი მოლოდინით ელოდნენ იმას, ვისი შობის შესახებაც არაფერი იცოდნენ თვით იერუსალიმში. მიუხედავად ამისა, წარმართმა მოგვებმა ამის შესახებ არა მარტო შეიტყვეს, არამედ ახლადშობილი მხსნელის თაყვანისსაცემად შორი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. როგორც ჩანს ისინი ღვთის ასეთი დიდი წყალობის ღირსნი იყვნენ. მოგვები არ კითხულობდნენ წინასწარმეტყველებებს, არამედ მხოლოდ წინაპართა გადმოცემებიდან იცოდნენ, რომ იუდეველბში უნდა შობილიყო დიდებული მეფე, და დაინახეს თუ არა საკვირველი ვარსკვლავი, მაშინვე იერუსალიმისაკენ გამოეშურნენ, და მისი ძებნა მხნედ დაიწყეს. და მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ იმ დროს ებრაელთა ამაყი და მკაცრი მეფის შესახებ, ისინი სხვა მეფის მოძიებას არ მოერიდნენ, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდეს. ისინი არ დაუბრკოლებია ახალშობილის დიდ სიღატაკეს, მის ღარიბულ სახვევებს, უბრალო დედას... სიღატაკეში მათ შეიცვნეს მაცხოვარი და სცეს თაყვანი. რისთვის გადაიტანეს მათ ამდენი სიმძიმენი, საფრთხე და განსაცდელი? რათა მხოლოდ მისულიყვნენ ახალშობილ მეუფესთან თაყვანის საცემად, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეძლო დაჯილდოვება მისი თაყვანისმცემლებისა და წასულიყვნენ თავიანთი გზით?.. ხომ არ არის ეს რწმენა, მორწმუნეთა მამამთავრის - აბრაამისათვის დამახასიათებელი? სწორედ ასეთი რწმენისათვის გახდნენ ისინი იუდეველებზე უფრო დაფასებულნი. ქრისტეს მოციქული შემთხვევით არ გვასწავლის, რომ: „ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის მისსა და იქმს სიმართლესა, სათნო მისსა არს“ (საქ. 10,35). მოგვების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება ყოველ ხალხში იყვნენ. იუდეველები კანონს ეყრდნობოდნენ, იცოდნენ ყველა წინასწარმეტყველება ქრისტეზე, მოგვებს კიდეც მიუთითეს თუ სად უნდა შობილიყო ქრისტე, და მიუხედავად ამისა, მათგან არც ერთს არ მოსვლია აზრად, თუნდაც ცნობისმოყვარეობით, რომ მოგვებთან ერთად ბეთლემში მისულიყვნენ, და ეხილათ ქრისტე, რომელსაც მოგვები ეძებდნენ... როგორი დაუდევრობაა! როგორი სულიერი სიბრმავეა!.. სწორედ ამისთვის მოაკლდნენ ებრაელნი დიდ სულიერ სიხარულს, რომლის ღირსნიც წარმართი მოგვები გახდნენ. „დედოფალი იგი სამხრისა აღჰსდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამისთანა, და დაჰსაჯოს იგი; რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისათ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა, უფროს სოლომონისსა არს აქა“ (მთ. 12,42). აღსდგებიან სამსჯავროზე ეს წარმართი მოგვებიც და განსჯიან ებრაელთა უსულგულობას. წმ. იოანე ოქროპირი მოგვთა თაყვანისცემაში ხედავს ეკლესიის მომავალს: მოგვებმა ებრაელებზე ადრე სცეს თაყვანი ქრისტეს, ასევე წარმართები ებრაელებზე ადრე მოვლენ ქრისტეს ეკლესიაში.