სად და როდის მოიკიდა იესო ქრისტემ თავისი მძიმე ჯვარი, რათა გოლგოთაზე აეტანა იგი? სად და როდის დაიწყო მისი ტანჯვა-წამება ჩვენი გადარჩენისათვის? არც იერუსალიმში, არც პილატეს სამსჯავროზე, არამედ ბეთლემში, როცა იგი ჯერ კიდევ სახვევებში იყო შეკრული. მთელი ქვეყნიური ცხოვრება მისი, იყო დიდი ჯვარის ზიდვა. თავისი მიწიერი ცხოვრების დასაწყისშივე, მან გადაიტანა იროდისაგან სასტიკი დევნა. აი, რას გვიყვება მახარებელი მათე ამის შესახებ: და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგი, ალბათ პირველივე ღამეს, მოგვების წასვლის შემდეგ, რადგან დაყოვნება არ შეიძლებოდა, იროდის ბოროტება არ თვლემდა, - აჰა, ანგელოსი უფლისა გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს, როგორც წმიდა ქალწულზე მზრუნველსა და ღვთაებრივი ყრმის აღმზრდელს და ჰრქუა: აღსდეგ ამ ღამესვე, არ დააყოვნო მცირე ხნითაც, ეხლავე წარიყვანე ყრმაი ეგე - პირველ რიგში ყრმა და მასთან დედაი მაგისი, დედა, და არა ცოლი შენი, როგორც ადრე ვუწოდე მას პირველი გამოცხადებისას, რადგან ეხლა შენ უკვე იცი, რომ ამ ყრმას არა ჰყავს ქვეყნიური მამა და არც ამ ქალს ჰყავს ქმარი. ასე, ადექი, გააღვიძე თუ საჭიროა, ხელი მოკიდე დედას, და წაიყვანე, კიდეც რომ ძნელად მოგეჩვენოთ გვიან ღამით, შორეულ გზაზე დადგომა, ადექი და ივლოტე, როგორ გარბიან სახლიდან, სადაც ხანძარია, როგორც გარბიან მძვინვარე მხეცისგან, რაც შეიძლება ჩქარა, ნუ დაზოგავ თავს, და განერიდე ეგვიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, სამუდამოდ არ დარჩებით ევგიპტეში, არამედ დროებით, - მე კვლავ გეჩვენები შენ და გეტყვი, როდის გადაივლის საშინელება: რამეთუ ეგულუების იროდის მოძიებად ყრმაი ეგე და წარწყმედად ეგე. მაგრამ არ შეშინდეთ; თქვენ არავითარი განსაცდელი არ შეგეხებათ, რადგან თქვენთან მუდამ იქნება ღვთის ძალა, თქვენთან თვით ღვთის ძეა, რომელიც სიმდაბლით ჩვრებშია შეხვეული. - ალბათ არ მოელოდა მართალი მოხუცებული იოსები ასეთ შემაწუხებელ სიზმრეულ ჩვენებას ყოველივე იმის შემდეგ, რაც მან ცოტა ხნის წინ ნახა და მოისმინა. მან თავად იხილა აღმოსავლელი მოგვები, რომლებმაც ძღვენი მიართვეს ახალშობილს და თაყვანისცეს, მას მოსმენილი ჰქონდა მათგან საკვირველი ვარსკვლავის შესახებ, იცოდა მეფე იროდი სურვილიც, რომ მასაც სურდა ყრმის თაყვანისცემა, და აი, უცებ, - ღვთაებრივი ყრმის სიცოცხლის გადასარჩენად უნდა დასტოვოს თავისი ქვეყანა და უცხო და შორეულ ქვეყანაში გაარიდოს ყრმა დედასთან ერთად. მაგრამ ეხლა არ იყო დრო განსჯისა და გამოძიებისა, არც მერყეობა დაუფლებია წმიდა მოხუცს, არამედ მაშინვე დაეშურა უწყებულის აღსრულებას, ხოლო იგი აღსდგა, და წარიყუანა ყრმა იგი და დედაი მისი ღამე და წარვიდა ეგვიპტედ. „წარმოიდგინეთ, - ამბობს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი, - წმიდა მოხუცი, შუაღამისას თავისი ღარიბული საწოლიდან წამომდგარი წარმოიდგინეთ, ანგელოზისგან უწყებულის აღსასრულებლად როგორ ფეხაკრეფითა და მოწიწებით მიუახლოვდა მძინარე ყმაწვილ ქალსა და ყრმას და ძილისაგან ფრთხილად გამოაღვიძა, შემდეგ კი როგორ მორიდებით გამოუცხადა მას, რომ უკიდურესი საჭიროების გამო, მაშინვე, ღამით, ვიდრე ხალხისათვის იქნებოდა დაფარული, უნდა დაეტოვებინათ არა მარტო თავიანთი სამყოფელი, არამედ სამშობლო ქვეყანა, და თავი ეგვიპტისათვის შეეფარებინათ; ამის შემდეგ როგორი მოჩქარებით იწყებენ ისინი გასამგზავრებლად მზადებას; დედამ, რომელსაც არასოდეს ემოგზაურა უწყლო და ხრიოკ უდაბნოში, როგორ აეყვანა ხელში მძინარე ყრმა, ფრთხილად დაჯდა სახედარზე და იოსების წინ ძღოლით გაუყვა გრძელ გზას. და ეს ყველაფერი ხდებოდა ღამით. როგორი შემძვრელი სანახაობაა! რამოდენა თავდადებაა ღვთის ნების აღსასრულებლად!“ - წმიდა მახარებელს არ ჰქონდა გეგმაში დაწვრილებით აღეწერა მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრება; მას სურდა მხოლოდ ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტად აღთქმული მესია ქვეყნისა, ამიტომაც არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ მიაღწიეს ეგვიპტეს წმინდა მოგზაურებმა, სად გაჩერდნენ და როგორ ირჩენდნენ იქ თავს; არამედ მხოლოდ ამბობს, რომ: და იყო მუნ იოსებ ვიდრე აღსრულებამდე იროდისა. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ ღვთაებრივი ყრმისათვის აეცილებინათ ყოველგვარი საფრთხე და დევნა, დედისათვის კი - შიში და დარდი განსაცდელებისა.
შემორჩა რამდენიმე ძველი გადმოცემა წმიდა ოჯახის მოგზაურობიდან: არ ენდო რა საკუთარ თავსა და შესაძლებლობას, წმ. იოსებმა თან იახლა თავისი შვილი წმ. იაკობი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის ძმად იწოდა. რამოდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ წმიდა მოგზაურნი მოხვდნენ იმ უწყლო და უმკაცრეს უდაბნოში, რომელიც ეგვიპტიდან წამოსულმა ებრაელებმა გაიარეს. საშინელი სიძნელეები და უსიამოვნებები შეხვდა მათ აქ. გზა უმეტესად უდაბნოს ქვიშაზე მიდიოდა და ხშირად საერთოდ იკარგებოდა. უდაბნოში საკვები არ მოიძებნებოდა, ამიტომ ყველაფერი განსაზღვრული რაოდენობით წინასწარ უნდა მოემზადებინათ. იმათ კი მხოლოდ ერთი ვირი გააჩნდათ, რომელზედაც ყმაწვილი დედა ღვთაებრივ ყრმასთან ერთად იჯდა. დღისით აუტანელი სიცხის გადატანა უხდებოდათ, ღამით სიცივისგან იცავდნენ თავს; მაგრამ როგორ უნდა დაეცვათ თავი ყოველივე ამისგან იქ, სადაც დასასვენებელი ადგილი იყო უდაბნოს ქვიშა, საფარველი კი - ცის კამარა. - ამბობენ, რომ უდაბნოში, ერთგან, მათ ყაჩაღები დაესხნენ თავს და სურდათ მათთვის სახედრის წართმევა, მაგრამ ერთი ყაჩაღთაგანი ღვთაებრივი ყრმის სალამაზემ ისე მოხიბლა, რომ არ მისცა ნება თავის თანამზრახველებს წმიდა მოგზაურთათვის მისცა ნება თავის თანამზრახველებს წმიდა მოგზაურთათვის რამე დაეშავებინათ: „ღმერთს რომ ადამიანის სახე მიეღო, - თქვა მან, - იგიც კი ამ ყრმაზე უკეთესი არ იქნებოდაო“. მაშინ ღვთის დედამ უთხრა ამ კეთილგონიერ ყაჩაღს: „გწამდეს, რომ ეს ყრმა არ დაგივიწყებს შენ ამ სიკეთეს, იგი სიკეთით გადაგიხდის იმისათვის, რომ ეხლა შენ დაიცავი მისი სიცოცხლე“. და ეს იყო სწორედ ის ყაჩაღი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის მარჯვნივ იქნა გაკრული ჯვარზე და ღირსი შეიქნა მისგან სანატრელი სიტყვების მოსმენისა: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43), ასე აღსრულდა მასზე ღვთისმშობლის სიტყვა. როცა ყოვლადწმიდა ქალწული თავისი ღვთაებრივი ყრმით ეგვიპტეში გამოჩნდა, წარმართულ ტაძრებში კერპები დაეცა, რითაც აღესრულა მათზე წინასწარმეტყველება: „აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე (ყოვლად წმიდა ქალწულის ხელში), და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები“ (ეს. 19,1). ეხლაც აჩვენებენ კაიროსთან ახლოს, დასახლება მატარიესთან, იმ უზარმაზარი ხის კუნძს, რომლის ძირშიც ისვენებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, სადაც იყვნენ ისინი გაჩერებულნი. გადმოცემა გვეუბნება, რომ ამ ხის მახლობლად მაშინ გაჩენილა წყარო, სასიამოვნო გრილი წყლით, რათა უწმიდეს ქალწულსა და მის კურთხეულ ყრმას დაეცხროთ წყურვილი. ეს წყარო ეხლაც არის შემორჩენილი, წმიდა ხის ნარჩენიდან ეხლაც ხარობენ წვნიანი ტოტები.
წმ. მახარებელი მათე ამ დაწვრილებითი ცნობების ნაცვლად გვიხსნის, თუ რატომ ისურვა ღმერთმა სწორედ ეგვიპტე და არა სხვა რომელიმე ქვეყანა, წმიდა ოჯახის თავშესაფრად: რათა აღესრულოს სიტყუა იგი უფლისა თქმული წინასწარმეტყუელისა ოსიას მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა (ოსია 11,1; ფს. 79,9; რიცხ. 24,8). ბაბილონი და ეგვიპტე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - აი ორი ადგილი ყოველგვარი არაწმიდებისა. ბაბილონელი მოგვებისგან ქრისტემ მიიღო ღირსეული თაყვანისცემა, ეგვიპტე კი, თავისი იქ მიბრძანებით, განსწმიდა უფალმა, რითაც მან გვაჩვენა, რომ იგი ქვეყნად მოვიდა ყველაზე უსაშველო ცოდვილთა სახსნელად, თუ კი ისინი საშველად სინანულით მიმართავდნენ მას. ეგვიპტე ყველაზე ახლო იყო ბეთლემთან, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანა. იქ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, რომელთა შორისაც იოსები და მარიამი იპოვიდნენ საიმედო თავშესაფარს. ეგვიპტე განასახიერებდა სატირალ მდგომარეობას ცოდვისა და სიკვდილისა, საიდანაც ღვთის ძე მოვიდა, რათა კაცთა მოდგმისათვის ეუწყებინა გამოხსნა, ისე როგორც თავის დროს მოსემ გამოიყვანა ებრაელობა ეგვიპტიდან. ქრისტე მაცხოვარი არის თავი ახალი ისრაელისა - მისი მორწმუნეებისა, ამიტომ მასზე, როგორც ღვთის მხოლოდშობილ ძეზე, აღსრულდა ყოველივე, რასაც წინასწარმეტყველი ოსია ამბობს ისრაელი ერის ეგვიპტიდან გამოხსნაზე. და მართლაც ვისთვის შეიძლებოდა ღვთის ერი გვეწოდებინა: ებრაელი ერისათვის, რომელიც არა ერთ გზის განუდგა უფალს, კერპებს თაყვანი სცა და ჩვილი ბავშვები ეშმაკებს შესწირა მსხვერპლად, თუ იმისთვის, რომელიც ბუნებით არის ძე ღვთისა და აღიარებს თავის მშობელ მამას? ამასთან წმ. ოქროპირი სამართლიანად შენიშნავს, რომ ქრისტე ეგვიპტეში რომ არ მისულიყო, მაშინ წინასწარმეტყველება ჯეროვნად ვერ აღსრულდებოდა, რადგან ეგვიპტიდან ებრაელი ერის დაბრუნება იყო მხოლოდ პირველსახე იგივე ეგვიპტიდან ქრისტეს დაბრუნებისა. მაგრამ თუ ვინმე იკითხავს: განა არ შეეძლო ღვთაებრივ ყრმას, რომ თვით ბეთლემში დაფარულიყო რაიმე სასწაულით? რა საჭირო იყო ასეთი სამძიმო მოგზაურობა? ამაზე წმ. ოქროპირი პასუხობს ასე: მაშინ შეიძლებოდა დაეჭვებულიყვნენ, რომ მან მთლიანად მიიღო ადამიანური ბუნება. აკი მართლაც იყვნენ შემდგომში ერეტიკოსები, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ თითქოს უფალს სინამდვილეში ხორცი არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ ხორცის სახეს ფლობდა. ქრისტე მაცხოვარს ჩვენთვისაც უნდოდა მოეცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ განსაცდელებს: განა მას არ გააჩნდა საკვირველი საშუალებანი, იროდისაგან თავის დაღწევისა? იმას ეხლაც შეეძლო მოეწოდებინა თავის დასაცავად ანგელოზთა სიმრავლისათვის (მთ. 26,53), მაგრამ ანგელოზთა მაგივრად მან ამჯობინა მოხუცი იოსებისა და ქალწულ მარიამის დასაქმება: ეგვიპტეში იგი, როგორც ადამიანი, ისე გაიქცა, რათა ამით თავი ეხსნა, ნუ დაელოდები შენც, საჭიროების გარეშე, რაღაც სასწაულებს, რათა მოგარიდოს მოსალოდნელ საშიშროებას, არამედ ისარგებლე იმ საშუალებებით, რაც შენს ხელთაა. ნუ ჩაიგდებ საფრთხეში თავს, თუ შეგიძლია მისგან მორიდება, რომ არ დაარღვიო განგებულება, ნურც შეძრწუნდები, ნურც მოიწყენ ზედმეტად: მწუხარება - საერთო ხვედრია მართალთა (ფს. 33,20). გავაგრძელოთ სახარების თხრობა.
როცა მოგვები წავიდნენ იერუსალიმიდან ბეთლემში, იროდი ცოტა დამშვიდდა, მან დაუწყო ლოდინი იმათ დაბრუნებას და წინასწარვე ხარობდა სულში, რომ ასე ადვილად გაიგებდა მოგვთაგან ახალშობილი მეფის ადგილსამყოფელს და ბოლოს მოუღებდა მას. მაგრამ იგი თავის მოლოდინში მოტყუვდა. მაშინ, ამაბობს მახარებელი, ე.ი. როცა მოგვები სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში, ვითარცა იხილა იროდი, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, - მოგვებს, რა თქმა უნდა, აზრადაც არ ჰქონდათ მეფის დაცინვა, არამედ შეასრულებს მხოლოდ ღვთის ნება, მაგრამ იროდიმ ეს მიიღო პირად წყენად, რადგან მიაჩნდა, რომ მათ შეურაცხყვეს მისი მეფური ღირსება, - იმის ნაცვლად, რომ მოეცილებინა თავისი უგუნური განზრახვა , იგი აანთო ბოროტებამ და სირცხვილმა: განრისხნა ფრიად. ეს იყო სისხლმოწყურებული ტირანი: არ შეიძლება ყველა იმ უბედურთა ჩამოთვლა, რომლებიც მან მოაკვლევინა. გრძნობდა რა თავისი დიდების დასასრულს, მან გასცა ბრძანება - შეეკრიბათ ადრევე წარჩინებულნი ებრაელთა შორის იერიქონში და მაშინვე ყველა დაეხოცათ, როგორც კი თვითონ მოკვდებოდა. იგი არ ინდობდა თავის უახლოეს ადამიანებსაც, უბრალო ეჭვის გამოც კი, მან ბრძანა თავისი უდანაშაულო ცოლის დახრჩობა, სამი შვილისა და ნათესავების დახოცვა. მით უფრო არაფერს წარმოადგენდა მისთვის ებრაელი ყრმების დახოცვა. და მან, სინამდვილეში გახელებულმა დაიწყო ფიქრი საშინელ საქმეზე: „მოგვები წავიდნენ, - ფიქრობდა იგი, - მაგრამ ვერსად გამექცევა ყრმა. მე ვიცი, რომ იგი უნდა იყოს ბეთლემში ან მის შემოგარენში. ისინი ამბობდნენ, რომ ვარსკვლავი ეჩვენა მათ იმ დროს, ე. ი. ყრმა ეხლა არ იქნება წლისახე მეტი ხნის; მაგრამ ჯობია ყოველი შემთხვევისათვის ვივარაუდო ორ წლამდე, დედებიც ხომ აწოვებენ ძუძუს ჩვილს. - და, აი ბრძანა, დაეხოცათ ორ წლამდე ყრმები ბეთლემსა და მის შემოგარენში. რა მოსარიდია რამოდენიმე ასეული ყრმის ამოწყვეტა, როცა საქმე ეხება ჩემი მეფობის უსაფრთხოებას“. როგორც ჩაიფიქრა, ისეც აღასრულა. იმ დროს, მოსახლეობის აღწერის გამო, ბეთლემსა და მის ახლო-მახლო ადგილებში მრავლად იყვნენ მოსულნი დავითის შთამომავლები თავიანთი პატარებით. და აი ამ დროს წარავლინა იროდმა თავისი გულქვა მხედრები, და მოჰსწყვიდნა ყოველნი ყრმები, რომელნი იყუნეს ბეთლემსა და ყოველთა საზღუართა მისთა, ორით წლითგან და უდარესი, მჰსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან. რა თქმა უნდა, მიღებულ იქნა ზომები, რათა სიკვდილმისჯილთაგან არავინ გადაემალათ, შესაძლოა, თავიდან რაღაც მიზეზით ართმევდნენ მშობლებს შვილებს, შემდეგ კი ყველანი დახოცეს. გადმოცემის თანახმად მაშინ ქრისტესათვის ეწამა 14 000 უდანაშაულო ჩვილი. ათასობით ოჯახს დაატყდა თავს უბედურება დიდი, ბეთლემის მშვიდობიან მინდვრებზე, სადაც ცოტა ხნის წინ ისმოდა ზეციურ ანგელოზთა გალობა, რითაც ადიდებდნენ ქრისტეს შობას, ეხლა გაისმოდა დახოცილ ყრმათა კვნესა და ოხვრა გულისშემძვრელი, „ვის შეუძლია აღწეროს ბეთლემში დატრიალებული უბედურება? - შეძრწუნებული ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი, - ვის შეუძლია გადმოსცეს ეს საყოველთაო გლოვა, ეს საცოდავი კვნესა ბავშვების, დედების, მამების და ნათესავებისა? ვის შეუძლია წარმოიდგინოს ეს უბედურება მთელი სინამდვილით, დაწვრილებით?“ ადამიანის გული თავისდაუნებურად წუხს, როცა კი ამ შემაძრწუნებელ ამბავს გებულობს და მაშინვე გაკვირვებით კითხულობს: რატომ დაუშვა უფალმა ყრმების ამოხოცვა? - „იმიტომ , - პასუხობს ამ კითხვას წმ. ოქროპირი, - რომ ყოველი ასეთი უბედურებით უფალი ან ცოდვებს გვპატიობს, ანდა მისთვის გვიმზადებს ჯილდოსა და დიდების გვირგვინს“. შენ შეიძლება იკითხო, რომ ბავშვებს დიდობისას შესაძლოა რაიმე დიდი საქმეები გაეკეთებინათ; მაგრამ ღმერთი არ დაუშვებდა იმათ ნაადრევ სიკვდილს, ისინი მომავალში დიდებული ადამიანები რომ ყოფილიყვნენ. პირიქით, ისინი უფრო ადვილად შეიძლება მოხვედრილიყვნენ იმათ შორის, რომლებიც პილატეს უძახოდნენ: „ ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე“ (ლკ. 23,21). შესაძლოა იმათ დაასტეხოდათ თავს ის მწუხარება და უბედურებანი, რაზეც მაცხოვარი ამბობდა თავისი წამების წინ: „რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა ჰსთქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა ჰშუნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განჰზარდნეს“ (ლკ. 23,29). აი, რა შეიძლებოდა მიეღოთ ბეთლემელ დედებს. მათთვის უმჯობესი იყო დაეკარგათ შვილები ისეთ ასაკში, ვიდრე ისინი უდანაშაულონი იყვნენ, ვიდრე ენახათ მათი უბედური სიკვდილი ან სხვა საშინელებანი მოგვიანებით, როცა ისინი გახდებოდნენ საყრდენები მათი სიბერისა. ასეთია მიზეზები – ამბობს წმ. ოქროპირი, - მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი: არის კიდევ სხვა, უფრო დაფარული, რასაც ხედავს მხოლოდ ერთი ღმერთი. ბეთლემში უდანაშაულო ყრმათა საშინელი მოწყვეტის შემდეგ, რაც ყველაზე მეტად აღელვებს მკითხველს, მახარებელი თითქოს ცდილობს, ჩვენს დამშვიდებას და გვახსენებს, რომ ყველაფერი ეს მოხდა იმიტომ კი არა, რომ ღმერთს არ შეეძლო ამ საშინელებას წინ აღსდგომოდა, არამედ ეს ადრევე იყო მისგან ცნობილი და უწყებული წინასწარმეტყველის პირით: „მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისა, რომელი იტყვის: ხმაი ჰრამათას ისმა გოდებისა და ტირილისა, და ტყებისა მრავალი, რახილ ჰსტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არნნ. (იერ. 31,15). იაკობ მამამთავარის საყვარელი ცოლის - რაქილის საფლავი მდებარეობდა ქალაქ რამას მახლობლად, ბეთლემის სანახებში. წინასწარმეტყველი იერემია უყურებდა თუ როგორ მიჰყავდათ ბაბილონელებს დატყვევებული ებრაელნი ქალაქ რამადან, რომელიც ბეთლემთან ახლოს არის; რაქილის გოდებაში მან ასახა დედების მწუხარება დატყვევებულთა გამო. ის რასაც თავის დროს იგლოვდა წინასწარმეტყველი, იყო ბეთლემში მოწყვეტილთა გლოვის პირველსახე: აი რატომ ეყრდნობა მახარებელი მათე აღნიშნულ წინასწარმეტყველებას. - ბეთლემის სისხლისღვრის შემდგომ, იროდს დიდხანს აღარ უცოცხლია: ღვთის ხელმა დიდად დაუმძიმა ცხოვრება ტირანს; სიცოცხლეშივე მატლები ჭამდნენ და ძლივს სუნთქავდა; მისგან ისეთი სიმყრალე მოდიოდა, რომ ძნელი იყო მასთან ახლოს მისვლა. მას წყურვილი კლავდა და დაუკმაყოფილებელი შიმშილი ტანჯავდა. მისი ტანჯვა ისეთი აუტანელი გახდა, რომ რამოდენიმეჯერ თავის მოკვლაც სცადა. ხოლო რაჟამს აღესრულა იროდი, აჰა ანგელოსი უფლისა გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგვიპტეს და ჰრქუა:აღსდეგ და წარიყუანე ყრმაიეგე და დედაი მაგისი, და წარვედ ქუეყანად ისრაილისა. ანგელოსი ეუბნება: წადი, და არა გაიქეცი, როგორც ეს ადრე უთხრა რადგან ეხლა აღარ იყო საჭირო აჩქარება, შეიძლებოდა მშვიდად ევლოთ გზაზე; რამეთუ მოჰსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყმისასა. იროდი მოკვდა, სიკვდილის წინ კი მან მოაკვლევინა თავისი შვილი ანტიპატრი, ისეთივე ულმობელი, როგორიც იყო თავად იგი. ძალა და გავლენა დაკარგეს იმათაც, ვინც ემსახურებოდნენ იროდს ბოროტებასა და უგუნურებაში. იოსები ელოდა ამ უწყებას: იგი აღჰსდგა და წარმოიყუანა ყრმაი და დედაი მისი, და მოვიდა ქუეყანად ისრაილისა. მას სურდა ბეთლემში დასახლება, და ვითარცა ესმა, რამეთუ არხელაოს იროდის შეუბრალებელი შვილი, ჰმეფობს პურისტანს, იროდის წილ, მამისა თვისისა , შეეშინა მისლუად მუნ. ტახტზე ასვლისთანავე გამოაჩინა არქელაოსმა თავისი სისასტიკე: პასექის დღესასწაულზე მან მოაკვდინა სამი ათასი ებრაელი იმისათვის, რომ ისინი მის მიმართ უარყოფითად იყვნენ განწყობილნი, ამის შესახებ ესმა იოსებსაც, მართალი მოხუცი მიხვდა, რომ უფალი დიდი საჭიროების გარდა არ ახდენდა სასწაულებსა და საკვირველებებს, შეეშინდა, რომ ყრმასა და მის დედას არ შემთხვეოდათ რაიმე განსაცდელი. და ბრძანება მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილიასათა, რომელიც ეკუთვნოდა არა ულმობელ არქელაოსს, არამედ სუსტ და უმწეო იროდი ანტიპას. იროდის სიკვდილის შემდგომ, მისი შვილების რიცხვის მიხედვით, სამეფო რომის იმპერატორმა ოთხ ნაწილად გაყო, ამიტომ თითოეულს იროდის შვილთაგან მეფეს კი არ უწოდებდა, არამედ ოთხმმართველს ანუ ტეტრარქს (ბერძნულად), როგორც ისინი მოიხსენებიან სახარებაში. და მოვიდა იოსები და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰქვიან ნაზარეთ, იქ, სადაც, ისინი ადრე ცხოვრებდნენ, და იოსებს ჰქონდა სახლი, სადაც იყვნენ მისი შვილებიც პირველი ქორწინებიდან. ეს არის პატარა ქალაქი გალილეაში, იგი მდებარეობს მთა-გორიან ადგილზე და გამოირჩევა მშვენიერი ადგილმდებარეობითა და კეთილზომიერი ჰავით. აქ გაატარა უფალმა თავისი ბავშვობა და სიჭაბუკე 30 წლამდე; აქ გაიზარდა იგი სულითა და სხეულით თავისი კურთხეული დედის - მარიამისა და მამობილის - ხურო იოსების მზრუნველობით. მახარებელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ სწორედ ნაზარეთი, და არა სხვა რომელიმე ადგილი იქნა უფლის საცხოვრებლად შერჩეული, რათა აღესრულოს თქმული იგი წინასწარმეტყველისა მიერ, ვითარმედ ნაზარეველ ეწოდოს. მარტო ერთ რომელიმე წინასწარმეტყველს კი არა აქვს ამის შესახებ ნათქვამი, არამეად სხვადასხვა წინასწარმეტყველებთან შეიძლება იქნას მოძიებული ამაზე ადგილები (ის. 52,2,3; ფს. 21), სადაც ქრისტე წარმოდგენილია მეტად დამდაბლებული სახით, ნაზარეთი კი, რომელიც იუდეველთა აზრით ისედაც არაფერს წარმოადგენდა, მდაბლად არის მოხსენიებული (ინ. 1,46-47). და მართლაც, იესო ქრისტეს ხშირად დამცირებით ნაზარეველს უწოდებდნენ და ჩვენს უფალს არ ერცხვინებოდა ეს სახელი, რითაც ჩვენ მოგვეცა თავმდაბლობის მაგალითი. „ნაზორეველებად“ ძველ აღთქმაში (მსახ. 13,5) იწოდებოდნენ ისინი, რომელნიც თავს უფალს უძღვნიდნენ. ქრისტე მაცხოვარი არის წმიდათა შორის უწმიდესი, განმწმენდელი ყოველივესი, ამიტომ იგი არის სრული ნაზორეველი ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით.