ახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ნათლისღება იესო ქრისტესი

მათე 3, 13-17

ჩვენი გადარჩენისათვის იქცა რა ჭეშმარიტ ადამიანად, ქრისტე მაცხოვარმა ყველა ადამიანური ასაკი გაიარა, ჩვილი და სათუთი ყრმობიდან მოყოლებული სრულ ასაკამდე მამაკაცისა. იგი სიმდაბლით დაემორჩილა ადამიანურ კანონებს და უდიდესი სიზუსტით ასრულებდა მოსეს სჯულს. ვერავინ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ვერ იტყვის ეხლა იმას, რომ მან თითქოს იმიტომ შეცვალა ზოგიერთი წეს-ჩვეულება კანონისა, რომ არ შეეძლო მისი შესრულება; არა, მას არცერთი მცნება არ დაურღვევია. ებრაული კანონი 30 წლამდე არავის აძლევდა საღმრთო მსახურებისა და ხალხის სწავლების უფლებას, ამიტომაც იესო მაცხოვარმა 30 წელი გაატარა იმ დროს სრულიად უცნობ პატარა ქალაქ ნაზარეთში, ხუროს მორჩილ საქმეებში და მისთვის განკუთვნილი დროის დადგომის მოლოდინში, რათა ქვეყნისათვის გაცხადებულიყო და კაცთა მოდგმის გადასარჩენად დაედო თავი. უფლის ნათლისღების სვინაქსარში ვკითხულობთ: „იესო ქრისტე მოინათლა ოცდაათი წლისა, იმ ასაკში, როცა ადამიანი ადვილად იხრება ნებისმიერი ცოდვისაკენ. წმ. ოქროპირისა და თეოფილაქტეს თქმით, როგორც პირველ ასაკს - ყრმობას ახლავს უამრავი მოურიდებლობა და უგუნურება, მეორეს - სიჭაბუკისას ახასიათებს სხეულის ხორციელი გულისთქმებით აღგზნება; ხოლო ოცდაათწლიანი, სრული მამაკაცის ასაკისათვის დამახასიათებელია მომხვეჭელობის, ფუჭი დიდებისმოყვარეობის, მრისხანებისა და ყოველი ცოდვისადმი მიდრეკა. აი ამ ასაკამდე გადადო უფალმა თავისი ნათლობა, რათა ყოველი ასაკის კანონი შეესრულებინა: რათა გაეწმინდა და გაენათლებინა მთელი ჩვენი ბუნება და მოეცა ძალა ვნებათა დასათრგუნად და სასიკვდილო ცოდვებისაგან დასაცავად“, - და აი, როდესაც მას შეუსრულდა ოცდაათი წელი, როცა წმ. იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგებებით იუდეველებს საკმაოდ დაანახა თუ ვინ უნდა ყოფილიყო ქრისტე, მაშინ მოვიდა, ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ის, რომელსაც ასე დიდხანს ელოდა ხალხი, - მესია, იესო გალილიაით, ისეთი მხრიდან, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ წარმართებთან ერთად, ამიტომაც იუდეველები იქაურებს უყურებდნენ აგდებით, არ მოელოდნენ რა იქიდან ჩვეულებრივ წინასწარმეტყველსაც კი. მოვიდა იესო ნაკლებადცნობილი და იუდეველთათვის არაფრით გამორჩეული ქალაქ ნაზარეთიდან, მოვიდა იორდანედ იოანესა, დიდი თავმდაბლობით, როგორც უბრალო ხის მუშაკი, როგორც ადამის ერთი მოკვდავი შვილი, ნათლის-ღებად მისგან. ჭეშმარიტად საკვირველია სიმდაბლე მაცხოვრისა! „მონებისათვის უფალი, - ამბობს წმ. ოქროპირი, დამნაშავეთათვის კი მსაჯული მოდის მოსანათლად! უცოდველს, რა თქმა უნდა, არ სჭირდებოდა ცოდვების აღიარება, არ ესაჭიროებოდა სინანულის ნათლობა. მაგრამ სწორედ ამ საკვირველ სიმდაბლეში მოჩანს მისი განსაკუთრებული სიმაღლე და დიდებულება. თუმცა, რაღატომ უნდა გაგვიკვირდეს იმისი მონათვლა, რომელმაც ინება ადამიანად დაბადება, მიიღო ყვრიმლისცემა და ჯვარი? სასწაული ის არის, რომ მან, ღმერთმა ინება ადამიანად გადაქცევა; დანარჩენი ყველაფერი უკვე მისგან გამომდინარეა“. - „როგორი თვინიერება და სიმდაბლეა უფლისა, - ამბობს წმ. გრიგორი ნეოკესარიელი: როგორი დამდაბლებაა თავისა! ზეციური მეუფე მოდის იოანესთან, - თავის წინამორბედთან, ანგელოზთა სიმრავლით გარშემორტყმული კი არა, არამედ როგორც უბრალო კაცი, ისე წარსდგა. ტყვეებს შორის დგება მათი გამომხსნელი და მსაჯული, დაღუპულ ცხვრებს უერთდება კეთილი მწყემსი, რომელიც გზააბნეული ცხვრის საშველად, გადმოვიდა ზეციდან ისე, რომ არ დასტოვა ზეცა. ქვეყნიურ ბზეს შეერია ხორბალი ზეცისა, გაიზარდა ადამიანური თესლის გარეშე“.

რისთვის მოინათლა წმიდათა შორის უსპეტაკესი და უწმიდესი უფალი ჩვენი იესო ქრისტე? ამ კითხვაზე მან თავად ინება იოანესათვის პასუხის გაცემა, რათა ყოველი სიმართლე შეესრულებინა. რომელი სიმართლე? სიმართლე სჯულისა, რომლის წერილსაც მან ისე მკაცრად დაუმორჩილა თავი, რომ ცხადად მიმართავდა თავის მტრებს: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ (ინ. 8,46). ვინ გამამტყუნებს მე სჯულის დარღვევისთვის? - სჯული კი ითხოვდა წყლით განწმენდას, როგორც შესაწირისა, ისე მსხვერპლის შემწირველი მღვდლისა. იესო ქრისტე დადგა უბრალო ცოდვილ ხალხთან და სიმდაბლით ემზადებოდა ჯვარზე საკუთარი თავის მსხვერპლად მისატანად, ადამიანთა მოდგმის ცოდვისაგან გამოსახსნელად. და აი, ამ მარადიულმა მღვდელმთავარმა, რომელიც ასევე შესაწირი კრავია ღვთისა, დაასამარა ცოდვები ქვეყნისა, და მღვდელ ზაქარიას შვილის - იოანესაგან, იორდანის წყლით განიბანა. მოსეს სჯულის თანახმად განსაწმედად უცხო პირისათვის უნდა მიემართა კაცს; მართალი ზაქარიას შვილის გარდა სხვას ვის შეეძლო განწმენდის ეს წესი ღვთის განხორციელებულ ძეზე შეესრულებინა? სწორედ იმისათვის, რომ ამ დიდებული საქმისათვის შეემზადებინა, უფლის წინამორბედი, სიყრმის ასაკიდან განარიდა ღმერთმა უდაბნოში, რათა შეენარჩუნებინა თავისი უცოდველობა და ცოდვილი ქვეყნისაგან თავი დაეცვა. აი, ასე ზედმიწევნით შეასრულა იესო ქრისტემ წესი განწმენდისა და ამავე დროს თავისი წმიდა სხეულის წყალში შთაფლვით, გასწმიდა და განაახლა ბუნება წყლისა, მისცა მას მადლის ძალა, ურომლისოდაც ნათლობისას წყალს არ ექნებოდა უნარი კაცობრიული ცოდვების განწმედისა; და თავისი ღვთაებრივი მაგალითით დაგვიდგინა და განწმიდა ახალი აღთქმის საიდუმლო ნათლობა. ჩვენი უფლისა და მხსნელის ნათლობაში პირველად საჯაროდ გაცხადდა მისი ღვთაებრივი სიყვარული ცოდვით დაცემული კაცობრიობის მიმართ. თავს იდვა რა კაცობრიული მოდგმის ცოდვა, მან ადამიანური განწმედა ინება. თავის თავში იგი ასახიერებს მთელ კაცობრიობას, რომელიც მან იორდანის წყლით განწმიდა, რითაც დედამიწას ზეცისაკენ გზა გაუხსნა და გამოაჩინა დაფარული საიდუმლო ყოვლადწმიდა სამებისა, როგორც საიდუმლო სერობაზე მან ძველი აღთქმის პასექის დღესასწაულიც აღნიშნა, და სანაცვლოდ დაგვიდგინა ახალი აღთქმის საიდუმლო - წმიდა ზიარება, ასევე ინება თავისი ნათლობისას; შეასრულა რა ძველი აღთქმის წესი, საფუძველი დაუდო საიდუმლოს ახალი აღთქმისა. თავის ნათლობაში მან დაფლა პირველი მამის - ადამის ცოდვა. ასე რომ იგი მივიდა იოანესთან მდინარე იორდანეზე მოსანათლად.

იოანე ნათესავი იყო უფლისა, მაგრამ სიყრმიდან მოყოლებული იგი უდაბნოში განმარტოებით ცხოვრობდა, ამიტომაც პირადად არ იცნობდა თავის ღვთაებრივ ნათესავს: „მე არა ვიცოდი იგი“ (ინ. 1,31-34), ამბობს თავად იგი იოანეს სახარებაში. მაგრამ იმას, რომელიც ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას სასიხარულო კრთომით მიესალმებოდა უფლის მოახლოებას, განა შეიძლებოდა რომ ეხლა თავისი წინასწარმეტყველებითი მადლით არ ეგრძნო, რომ იესო არ იყო უბრალო კაცი, არამედ აღთქმული მესია? და მართლაც, ღვთის სულის საიდუმლო ჩაგონებით, იგი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინ იდგა სწორედ ის ქრისტე, ვიზედაც ის-ის იყო ესაუბრებოდა ხალხს. იგი იდგა ვითარცა უბრალო კაცი და როგორც ცოდვილი ითხოვდა მისგან მონათვლას. ქრისტეს წინამორბედის სული კეთილკრძალულმა ძრწოლამ მოიცვა. მის წინ უფალი და ღმერთი იდგა, მეუფე ქვეყნიერებისა, ჭეშმარიტი ნათელი, მთელ ქვეყანას რომ ანათლებდა, წმიდათა შორის უწმიდესი განმწმედელი ჩვენი, - ყოვლისშემძლებელი მსაჯული ქვეყნისა. ერთი სიტყვით: ის მესია, რომლის გამოც იგი დედის მუცელშივე კრთოდა. და აი, მკაცრი მამხილებელი ადამიანთა ცოდვებისა, რომელსაც არ აშინებდა სიმართლის პირისპირ თქმა ამაყ მღვდელმთავრებთან და თვით იროდი მეფესთან, ეხლა როგორც ყრმა, ისე მოლბა მონის სახემდე დამდაბლებული ძე ღვთისას წინაშე: ხოლო იოანე აყენებდა მას. ანდა როგორ უნდა გაებედა მას, მონას, მეუფისათვის ხელი დაესხა? როგორ შეეძლო სინანულის ნათლობით მოენათლა ის, ვინც მთელი კაცობრიობის ცოდვის, წყევისა და სიკვდილის მონებისაგან გამოსახსნელად იყო მოსული ქვეყნად? ან რას იფიქრებდა ხალხი მასზე, თუ იგი გაბედავდა მის მონათვლას? ხომ შეიძლებოდა, რომ იგი მასზე უფრო ნაკლებად წარმოედგინათ?

ღვთის სიტყვის განმმარტებელ და სიწმიდით განბრძნობილ წმიდა მამებს, - გრიგოლი ნეოკესარიელს, თეოფილაქტესა და ოქროპირს, შესანიშნავად აქვთ აღწერილი, როგორც სულიერი მდგომარეობა ქრისტეს წინამორბედისა იმ წუთებში, ასევე პასუხი იესო ქრისტესი. მათი აღწერით, ქრისტეს წინამორბედის ბაგეთაგან უნებურად გამოითქვა უდიდესი თავმდაბლობის სიტყვები მასთან მოსული ქრისტეს დიდებულების მიმართ. იგი, რომელიც სხვებისაგან ღებულობდა აღსარებას, ეხლა თვითონ წარმოსთქვამდა აღსარებას უფალთან და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღება, - მე ვარ ადამიანი და მხოლოდ მონაწილე შენი მადლისა, შენ კი ღმერთი და ადამიანი; მე ერთი ცოდვილთაგანი ვარ, შენ კი - ერთად-ერთი უცოდველი; მე ადამის შვილი ვარ და მაწევს მისი ცოდვა და ვსაჭიროებ ამ ცოდვისაგან გათავისუფლებას, შენ კი მისგან თავისუფალი ხარ; მე ვნათლავ წყლით, შენ კი ნათელსცემ წმიდა სულით - და შენ ჩემდა მოჰხუალა? რას შვრები უფალო? რატომ ითხოვ შენი მონისაგან, როგორც მონა? რად გინდა იმის მიღება, რაც შენ არ გჭირდება? „მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღება“, - დიდისაგან ეკურთხება პატარა, და არა უდიდესი უმცირესისაგან; სანათური მზისაგან ენთება და არა მზე სანათურისაგან; ქმნილება განახლდება შემოქმედისაგან, და არა შემოქმედი იმართება ქმნილებისაგან; ასე, რომ მომნათლე, უფალო, თუ ეს შენთვის სათნოა, მომნათლე მე - ნათლისმცემელი! ხელახლა დაბადე ის, რომელიც გააჩინე ქვეყნად! გამოიშვირე შენი ძლევამოსილი მარჯვენა, და შენი შეხებით მაკურთხე, რათა ხმამაღლა კეთილად ვაუწყო ცოდვილთ, მოვუწოდო მათ: „აჰა ტარიგი ღმრთისა, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“ (ინ. 1,29). მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაცხოვრის ამ პასუხში ჩანს ღვთის ძის დიდებულებაცა და კაცთა ძის თავმდაბლობაც. „აცადე აწ. - მოიცილე თავიდან შენი ადამიანური წარმოდგენა; გააკეთე ის, რაც დავალებული გაქვს და მეც იმას შევასრულებ, რაც საჭიროა. ისწავლე ისურვო ის, რაც მე მსურს, ზედმეტად ნუ ჩაღრმავდები იმის გამოცდაში, რისი გაკეთებაც მე მინდა. „აცადე აწ“, - ნუ იქადაგებ ჯერ ჩემი ღვთაებრიობის შესახებ, ნუ ამცნებ ჩემს სამეფოზე; აცადე, ეშმაკს, მე ისე მომეახლოს, როგორც მიდის უბრალო ადამიანთან; მიეცი მას საშუალება, რომ მე შემებრძოლოს, რათა მან თავისი კუთვნილი ჭრილობა მიიღოს. საიდუმლოა და დაფარულია ის, რასაც ეხლა მე ვაკეთებ. „აცადე აწ“. ეხლა ჩემი დიდების კი არა, დამდაბლების დროა. „რამეთუ ესრეთ შუენის“, რადგან ასე გვეკუთვნის ჩვენ „აღსრულებად ყოველი სიმართლე“, კანონისა და ღვთის ნების შესრულება. პირველმა ადამმა არ შეასრულა ერთი მცნება და ამისათვის დაისაჯა მთელი მოდგმა კაცობრიობისა; მე - ახალმა ადამმა, არა მარტო უნდა შევასრულო ღვთის ყველა მცნება, არამედ ამ მცნებებთან შეთანხმებული ადამიანური კანონებიც, და ამით უნდა ვიხსნა კაცთა მოდგმა“. „აცადე აწ“: ყოველთვის ასე არ იქნება, იოანე, „შენ მე მიხილავ იმ მდგომარეობაშიც, რაშიც ეხლა გინდა რომ დამინახო“, შენ ნახავ, როგორ შეიმუსრება ჩემგან უფლება სატანისა; შენ იხილავ, ზეცის, ქვეყნისა და ჯოჯოხეთის ძალნი როგორ მოიხრიან ჩემს წინაშე თავს, - ყოველივე ამას შენ ნახავ, იქამდე გმართებს მოთმინება. ეხლა კი მე შენგან უნდა მივიღო ნათლობა, ისე როგორც ადრე მივიღე წინდაცვეთა. ღმერთმა, ჩემმა მამამ, გამოგაგზავნა ხალხის მოსანათლად; რადგან მე ადამიანი გავხდი, ამიტომ მეც მეკუთვნის შენგან ნათლისღება. თუ მეზვერენი შენგან მონათვლით ადიდებენ უფალს, მეც ხომ მეკუთვნის იგივეს გაკეთება? ხოლო თუ არ ვიზამ ამას, მაშინ განა არ მივემსგავსები მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომელთაც არ მიიღეს რა შენგან ნათლობა, მოირიდეს ღვთის ნება იმათი ცხონებისა?.. „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის“ ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, მე კანონმდებელი ვარ და შვილი კანონმდებლისა, ამიტომ მე უპირველესად თავად მევალება მცნებათა შესრულება, შემდეგ კი ყველგან გავაცხადებ ჩემს უფლება-მოსილებას. მე ჯერ უნდა შევასრულო კანონი, და მხოლოდ ამის შემდეგ ვამცნო მადლი; მე უნდა დავასრულო ძველი აღთქმა, და შემდეგ ვიქადაგო ახალი, აღვბეჭდო იგი ადამიანთა გულებში, გავამაგრო იგი ჩემი სისხლით და დავბეჭდო ჩემი სულით; მე უნდა ჩავიდე ჯოჯოხეთის ქვესკნელში იქ მყოფი მიცვალებულების ამოსაყვანად; ჩემი სხეულის სამდღიანი სიკვდილით მე უნდა მოვკვეთო და გავანადგურო დიდი ხნის მეუფება სიკვდილისა; მე იქ უნდა ავიდე სხეულით, სადაც მარად ვიმყოფები როგორც შეეფერება ღვთაებას; მე უნდა მივიყვანო მამასთან ადამი; მე ეხლა უნდა მოვინათლო ამ ნათლობით, შემდეგ კი მივანიჭო ყველას ნათლობა ერთარსი სამებისა; ეხლა დამასხი შენი მარჯვენა ხელი ნათლისმცემელო, ჩამფალი იორდანის წყალში მსგავსად ახლადშობილისა, რომელიც სახვევებში ეხვევა; შეეხე ჩემს თავს, რომლის წინაშეც ძრწიან და ქედს ხრიან სერაფიმნი“. და ნათლისმცემელი აღარ შეეწინააღმდეგა მეტად, აღსრულებულიყო სიმართლე ღვთაებრივი. მაშინ იოანე მიუშვა მას. იგი უდიდესი მოკრძალებით უყურებდა, თუ იესო ქრისტე როგორ იხდიდა სამოსს, ყველა სხვა ცოდვილის მსგავსად, წინამორბედმა თვითონ შეიყვანა იესო წყალში, აკანკალებული ხელი შეახო მის თავს და მაშინვე იორდანის წყალში შთაფლა. წარმოსთქვა რაიმე სიტყვა ნათლისმცემელმა ამ დროს? ალბათ - არა. რა სიტყვა უნდა მოეძია მას ღმერთის მოსანათლად? მაშინ არ იყო სიტყვის თქმის დრო, არამედ დრო მოწიწებისა და კრძალვისა: - უცოდველს არაფერი ჰქონდა სააღსარებო, ამიტომ, ნათელ-იღო იესო, და მეყსეულად, მაშინვე აჩქარებით აღმოვიდა წყლისა მისგან, და აღაპყრო რა ზეცისკენ თვალნი, თავისი ზეციური მამისადმი, დაიწყო ლოცვა-ვედრება, რათა მას დაელოცა მისი მოღვაწეობა კაცთა მოდგმის საცხონებლად, რათა მისი განბანვით სიწმიდე გავრცელებულიყო ცოდვილ მოდგმაში ადამიანებისა.

ამ წუთებში, წმიდა მამათა აზრით, ქვეყნიერების მხსნელისაგან თავისი ზეციური მამის წინაშე იქნა წარმოთქმული ის სიტყვები ლოცვისა, რომლებიც თავის დროს მეფე დავითს შთაგონებით მიეცა: „ესერა მოვალ... ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო“ (ფს. 39,7-8; ებრ. 10,7). და აი, დამთავრებულიც არა ჰქონდა მას ეს მხურვალე ლოცვა, რომ იგი იქნა შესმენილი და მას მოყვა ზეციური მამისაგან პასუხი საყვარელი შვილისადმი: აჰა განეხუნეს მას - მის თავზე ცანი, ცის თაღი მის თავზე გაიხსნა, იმის მსგავსად, როგორც ელვის ძლიერი ნათლით იპობა ღრუბლები ზეცას, - და იხილა, დაინახა როგორც თვით იესომ, ისე იოანემაც სული ღვთისა: გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. წინამორბედი ქრისტეს უწოდებდა ღვთის კრავს, რადგან იგი იყო მშვიდი და მდაბალი გულით, რომელიც შემდგომ, როგორც უბოროტო კრავი, ისე იქნა ჯვარზე გაკრული. სული წმიდა მტრედის სახით იმიტომ გადმოვიდა მასზე, რომ ეს კეთილი ფრინველი ყოველთვის ითვლებოდა სისუფთავისა და უდანაშაულობის, უბოროტობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ. ოდესღაც მტრედმა აუწყა მამამთავარ ნოეს წარღვნის შეწყვეტა: ეხლაც წმიდა სულით ეუწყა კაცობრიობას ცოდვებისაგან გამოხსნა. ნოეს მტრედი იყო პირველსახე ღვთის სულისა, რომელიც გადმოვიდა ქრისტეზე მტრედის სახით, - მაგრამ, განა არ მკვიდრობდა ღვთის სული იესოსთან ქალწულ მარიამში მისი ჩასახვის დღიდან? თავისი ღვთაებრიობით ღვთის ძე განუყოფელია მამისა და სულისაგან; მაშინ რაღაზე გადმოვიდა მასზე სული წმიდა ხილულად? „იმიტომ, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება, რომელიც იოანეს მიეცა: „რომელსა ზედა იხილო გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“ (ინ. 1,33). იმისათვის, რომ იესოში ხალხს შეეცნო ძე ღვთისა, მხსნელი ქვეყნისა, იმისათვის, რომ ახალი აღთქმის დასაწყისშივე, აქამდე დაფარული საიდუმლო ყოვლად წმიდა სამებისა, გაცხადებულიყო და ხილულადაც გამოჩენილიყო და ადამიანთათვის საცნაური გამხდარიყო“, - და ხმა იყო მამა ღმერთისა - ზეცით და ჰსთქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელიც მე სათნო-ვიყავ. ეს არის ჩემი საყვარელი, მხოლოდშობილი ძე, ჩემგან საუკუნეებზე უწინ შობილი და დაუსაბამო! „რომლისაგანაც ყოველი შეიქმნა“, ჩემი სწორი ძალაში, ხელმწიფებასა და დიდებაში! ეს არის ჩემი ძე, მასშია ყოველი ჩემი ნება-სურვილი, სისრულე მთელი ჩემი სახიერებისა, ვისგანაც ხალხზეც გადმოვა ჩემი სიყვარული! ასე დაამოწმა მამა ღმერთმა თავის მხოლოდშობილ ძეზე; ასე საზეიმოდ მან ეს გაუცხადა არა მარტო იოანეს, არამედ ყველას, ვინც იწამებს ქრისტეს, რომ ეს ნათელღებული იესო, არის ჭეშმარიტი მესია, ქრისტე მაცხოვარი ქვეყნისა. და რომ არ ეფიქრათ, რომ ეს ხმა ეკუთვნოდა იოანეს, სული წმიდა, თავისი გარდამოსვლით, თითქოს თითით ანიშნებდა, როგორც იოანეს, ისე იქ მყოფთ, რომ ეს სიტყვები იოანეს კი არა, არამედ იესო ქრისტეს ეკუთვნოდა. მაშინ, ალბათ იტყვიან, რაღატომ არ ირწმუნეს იუდეველებმა იესო ქრისტე? - „თავიანთი გულქვაობისა გამო, - გვპასუხობს წმ. ოქროპირი“. მოსეს დროსაც ბევრი იყო სასწაულები, მაგრამ ხალხმა, ხმების, საყვირებისა და ელვის შემდგომ ჩამოასხა ხბო; იმათაც კი, რომლებიც ესწრებოდნენ ნათლისღებას, შემდგომში კი დაინახეს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა, მაინც არ ირწმუნეს. თუკი ისინი, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს მკვდრების აღდგომა, ასე იყვნენ გაბოროტებულნი, მაშინ რაღა გასაკვირია, თუ მათ არ ირწმუნეს ხმა, რომელიც მოისმა ზეციდან? როცა სული იმყოფება უგრძნობელობაში, გახრწნილებასა და შურში, მაშინ იგი ვერ რწმუნდება ვერავითარ სასწაულში.

ამ დღიდან დაიწყო უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ადამიანთა გამოხსნისათვის მსახურების შესრულება; ამის შემდეგ იოანე ქადაგებდა არა მომავალ, არამედ მოსულ მესიაზე. ქრისტეს ნათლისღებამდე, მისი დიდება, როგორც მხსნელისა, იყო ხალხისათვის დაფარული; ეხლა, ნათლისღებისას კი, იგი თითქოს საზეიმოდ დადგინდა წმიდა სულით თავისი ამქვეყნიური მსახურების შესასრულებლად, თითქოს მთელი ქვეყნიერების წინაშე ეცხო მას მირონი, და გამოცხადდა მეფედ, მღვდელმთავრად და წინასწარმეტყველად, ამიტომაც იწოდება იგი ქრისტედ, რაც ცხებულს ნიშნავს.

ქრისტიანო ძმაო! რაც გადახდა მხსნელს, იგივე შენზეც გამეორდება. შენი მონათვლისასაც იხსნება ცა და შენზეც, ნათლობისას წმიდა სული გადმოდის ზეციდან შენც მოგიწოდებს უფალი უმაღლესი სამყოფელისაკენ. წმინდა ნათლობისას სულიწმიდა გვხდის ჩვენ არა ანგელოზებად და მთავარანგელოზებად, არამედ ღვთის უსაყვარლეს შვილებად. ასე, რომ იცხოვრე ამ დიდი პატივის შესაფერისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდვებისათვის დაისჯები არა მარტო როგორც ადამიანი, არამედ როგორც ღვთის შვილი.