მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

თქუენ ხართ მარილი ქუეყანისა... ნათელი სოფლისა...

მათე 5, 13-19

მისცა რა მოწაფეებს ასეთი ამაღლებული და მძიმე მცნებები, უფალი შემდეგ გვაჩვენებს, თუ რატომაა საჭირო მათთვის ისინი: სწავლა, რომელიც თქვენ მოგეცათ, მარტო თქვენთვის კი არ არის აუცილებელი, არამედ მთელი ქვეყნიერებისათვის. მთელი დედამიწა არის ცოდვით დაავადებული: თქვენ ჩემი სწავლებით უნდა აღმოფხვრათ ეს გადამდები სენი. თქვენ ხართ მარილი ქუეყანისა. როგორც მარილით ხდება საზრდელი მარილიანი და გემრიელი, ასევე თქვენც, ჩემმა მოწაფეებმა, სხვებიც უნდა გახადოთ ჩემი მოწაფენი; ბევრი არ არის საჭირო მარილი, რათა საჭმელი გახადოთ გემრიელი და ვარგისი: ასევე, თქვენც არა ხართ ბევრნი, მაგრამ მთელი ქვეყანა მიიღებს ჩემს სწავლებას თქვენით. მარილი ინახავს საჭმელს წახდენისაგან, ასევე თქვენც უნდა დაიცვათ ხალხი ცოდვის ბოროტებისაგან ჩემი მხსნელი სწავლებით, თქვენი ლოცვითა და წმიდა ცხოვრების მაგალითით. სხვები თქვენით უნდა გამოსწორდნენ და გახდნენ უკეთესნი. მაგრამ, თუ თქვენ თავად არ გამოსწორდებით და ჩაცვივდებით დაბრკოლებებში, მაშინ თქვენთან ერთად დაიღუპებიან ისინიც. უკეთუ მარილი იგი განჰქარდეს, რაითამე დაიმარილოს? თუ მასწავლებელი გონიერებას დაჰკარგავს, თუ იგი ვეღარ შესძლებს სწავლებას, მხილებასა და გამოსწორებას, და გაზარმაცდება, მაშინ როგორღა გაიმართებიან მოწაფენი?

ძალდაკარგული მარილი კი არღარა შემძლებელ არიან მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. ასევე ეკუთვნის მასწავლებელს, მას უნდა ჩამოერთვას მასწავლებლობა და საძულვილი გახდეს. თუ თქვენ, ჩემი მოწაფენი, დაჰკარგავთ ჩემს მადლს, მაშინ რაღა განგამტკიცებთ? თქვენზე ცუდს იტყვიან, მაგრამ ასეა საჭირო. მარილი თავისი სიმლაშით უგემურად ეჩვენება სიტკბოსმოყვარულით: ასევე თქვენც, ვერ შეგიყვარებენ ცოდვისმოყვარულები, ისინი თქვენ დევნას დაგიწყებენ, მაგრამ არ შეშინდეთ: მათ არ შეუძლიათ თქვენ გავნონ. თუ თქვენ მათი ბოროტმეტყველება შეგაშინებთ და თქვენთვის აუცილებელ სიმტკიცეს დათმობით, მაშინ ყველასთვის საძულველი გახდებით, რაც სწორედ თქვენი დათრგუნვა იქნება. მარილი გამოირჩევა მლაშე და მძაფრი გემოთი, მაგრამ მას მაინც კმაყოფილებით ურთავენ საჭმელებს; ასევე თქვენი სიმტკიცე და დიდი მოთმინება უნდა აკვირვებდეს თავად თქვენს მტრებს - წარმართებს, და ჭეშმარიტებაც სწორედ ამით უნდა შეიცნონ. - მაინც რა საკვირველი ძალაა ეს, რაც ქრისტეს მოწაფეებს ქვეყნის მარილად აქცევს? - ეს არის სული წმიდის მადლი, რომელიც მკვიდრდება ქრისტიანის სუფთა სულში. სწორედ იმით ხდება ქრისტეს მიმდევარი ქვეყნის ნათელი.

მთელი ქვეყანა ცოდვითაა დაბნელებული, - ეუბნება მაცხოვარი თავის მოციქულებს: - თქვენ ხართ ნათელი სოფლისა. მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ნათელი არსებობს, რომელიც განანათლებს ყოველ ადამიანს - თვით უფალი ჩვენი რაზედაც თავადვე ამბობს: „მე ვარ ნათელი სოფლისა“ (ინ. 8,12). მაგრამ როგორც მზე აძლევს თავის ნათელს მთვარეს, ასევე უფალი ანათლებს მოციქულებს და მათი მეშვეობით - მთელ ქვეყანას, თავისი მადლის ნათლით ანათლებს ხალხებს. წინასწარმეტყველები ერთ რომელიმე ხალხთან იგზავნებოდნენ: მოციქულები კი მთელი ქვეყნისათვის გამოირჩნენ, ამიტომ ისინი ერთი ხალხის ნათელი კი არ არიან, არამედ მთელი დედამიწისა, - ისინი ქვეყნიერების სულიერ ნათელს წარმოადგენენ. მზის სინათლე განდევნის სიბნელეს: ასევე მოციქულებიც სახარების ქადაგებით კერპთთაყვანისცემლობის სიბნელეს განდევნიდნენ. მზის სინათლე მარტო კი არ ანათებს, არამედ ათბობს კიდეც: ასევე მოციქულნიც ქრისტეს მადლით ათბობდნენ ადამიანთა გამძვინვარებულ გულებს და მათ კეთილი საქმეების საკეთებლად განაწყობდნენ, ამიტომაც ეუბნება უფალი მოციქულებს: ნუ დაფარავთ ჩემს მადლს, ჩემს მაცხოვნებელ სწავლებას; მარტო თქვენთვის კი ნუ გამოიყენებთ, არამედ სხვების გადასარჩენადაც. იყავით ფრთხილნი: თქვენ ყველასათვის იქნებით დასანახი: ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარუად მთასა ზედა დაშენებულსა. სათნოებებით შემკული სული, უახლოვდება რა ღმერთს, ვერ დაემალება ყურადღებიან მზერას. თქვენ სწორედ ამისთვის გამოგარჩიეთ, რათა მთელ ქვეყანას უნათებდეთ. არცა აღანთიან სანთელი დაჰსდგიან ქუეშე ხვიმირსა, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაზე აანთებდნენ? არამედ სასანთლესა ზედა და ჰნათობენ იგი ყოველთა, რომელნი იყუნიან სახლსა შინა. მაშ ასე, მარტო სიტყვით კი არ ასწავლოთ, არამედ საქმითა და თქვენი კეთილი მაგალითითითაც. უფალმა არ თქვა: გამოაჩინეთ თქვენი კეთილი საქმენი, - ეს არ არის კარგი, ასე იქცეოდნენ მხოლოდ ფუჭი დიდებისმოყვარე ფარისევლები, არამედ თქვა: ეგრეთ ჰბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, - დაე თავად ნათობდეს თქვენი რწმენა, და თქვენი კეთილი საქმენი; და ისინი იმდენი იყოს, რომ თქვენ უნდა ცდილობდეთ ყოველნაირად, რომ ადამიანთა თვალს მოარიდოთ ისინი. ყოველი კეთილი საქმე თავისთავად არის ნათელი; აკეთე ის ფარულად: მას ნათელი თვითონ გააბრწყინვებს, როცა ამას ნათლისმომცემი უფალი ინებებს. ბედნიერნი იქნებით თუ უბედურნი, მდიდარნი თუ გლახაკნი, როგორ წოდებასა და მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ, დაე ბრწყინავდეს თქვენი სიმართლე, თქვენი ნათელი ცხოვრება. თუ პატიოსნად იცხოვრებთ, მაშინ ღირსი გახდებით ღვთის სახელის დიდებისა, რათა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი - რათა თქვენი მტრებიც კი, თქვენი სიკეთით გაკვირვებულები, ადიდებდნენ - თქვენ კი არა, არამედ მამასა თქუენსა ზეცათასა, - ადიდებდნენ იმისათვის, რომ ღმერთმა ჩააგონა ადამიანთ ასეთი ამაღლებული ცხოვრება. ხოლო ბოროტი ცხოვრებით, დაღუპავთ ადამიანებს და მისცემთ მიზეზს, რათა ღვთის სახელი ბოროტად მოიხსენიონ. უფალმა არ თქვა: ადიდებდნენ ღმერთს, შენიშნავს წმ. ოქროპირი, არამედ თქვა - მამასა, რითაც მიუთითა იმ უპირატესობაზე, რაც მათ მიეცემათ. - ვინც თვითონ ცხოვრობს სათნო ცხოვრებით, იგი სხვებს უსიტყვოდაც ასწავლის.

მაგრამ მარტო მოციქულებს როდი ეკუთვნით ქრისტეს სიტყვები: უფალი ამ სიტყვებით ყველა თავის მიმდევარს ასწავლის: რაც უფრო მაღლა დგახარ შენ, მით უფრო გაფრთხილდი, რომ უწესო მაგალითით დაბრკოლებად არ იქცე სხვებისათვის. მაგრამ მაღლაც რომ არ იდგე, უჩინო ღარიბი და ღატაკიც რომ იყო, მაინც გააკეთე იმდენი სიკეთე, რამდენსაც შესძლებ, და შენი კეთილი საქმენი, როგორც ნათელი, ისე გაანათებს და გაათბობს ადამიანებს, შენთვის ახლობლებს: და ისინიც შენს გამო ზეციურ მამას ადიდებენ. სახარებაში მოხსენიებულმა ქვრივმა მხოლოდ ორი კაპიკისოდენა შესწირა ეკლესიას, და მისი ეს მცირე სიკეთეც კი უფალმა მთელი ქვეყნისათვის საცნაური გახადა, და საუკუნეებში იკიაფებს, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი იმ ღვთიურ ცაზე, სადაც მცირე ნაპერწკალიც კი სინათლისა, აქაურ მზეზე უფრო ნათელია.

ამის შემდეგ უფალი დაწვრილებით იწყებს ახსნას: როგორ უნდა იქნას გაგებული მისი ახალი მცნებები? ეს მცნებები ბევრად აღემატებოდა მოსეს უძველეს მცნებებს. ხალხს, თუმცა ნაკლებად ასრულებდა მათ, მაინც უყვარდა და ღვთისაგან მოცემულ სიწმიდედ მიაჩნდა ისინი. და აი, იმისათვის, რომ იუდაველებს არ ეფიქრათ, იესო ქრისტე თავისი ახალი სჯულით ცვლის და არღვევს მოსეს ძველ სჯულსო, მან პირველმა უთხრა მათ: ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჰხსნად სჯულისა, გინა წინასწარმეტყუელთა; და საგანგებოდ უმეორებს: არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად. იუდეველები სჯულს უწოდებდნენ მოსეს ხუთ წიგნს, ძველი აღთქმის დანარჩენ წმიდა წიგნებს კი - წინასწარმეტყველებებს, რადგან ისინი წინასწარმეტყველთაგან იყო დაწერილი. სჯული და წინასწარმეტყველნი - ეს ნიშნავდა ღვთის სიტყვას ძველ აღთქმაში. - იცოდეთ, - ეუბნება უფალი ებრაელებს: - მე არა მარტო არ დავარღვევ ღვთის სჯულს, არამედ მას კიდეც შევასრულებ; მე არა მარტო არ შევეწინააღმდეგები მას, არამედ მოვიწონებ და კეთილად მივიღებ, - უფალმა იმითაც შეასრულა წინასწარმეტყველებანი, რომ თავის ცხოვრებაში და საქმეებში ყოველივე ისე გააკეთა, როგორც ეს მასზე ჰქონდათ უწინ ნაწინასწარმეტყველები. სჯული კი შეასრულა იმით, რომ ჯერ ერთი არ დაურღვევია არცერთი მისი მცნება: „სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა“ (ის. 53,9). და მეორე კიდევ იმისთვის, რომ ღვთის ყველა სიმართლე შეასრულა ჩვენთვის: სჯული ხალხიდან ითხოვდა სამართლიანობას, მაგრამ ხალხს თვითონ არ შეეძლო შეესრულებინა სჯულით გათვალისწინებული და გამართლებულიყო ღმერთთან; ქრისტე მაცხოვარმა კი ყოველივე შეასრულა, რითაც მისდამი რწმენით კიდეც გაგვამართლა ღმერთთან. მესამე კიდევ, მან სჯული შეასრულა, იმითაც, რომ შეავსო იგი და ხალხსაც ასწავლა, რომ დაეცვათ და შეეცნოთ არა მარტო ასონი სჯულისა, არამედ მისი სული.

და მართლაც, როცა კი ვადარებთ სახარების ახალ სჯულს მოსეს უძველეს სჯულთან, ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ეს ძველი იყო მხოლოდ ჩრდილი ახალი სჯულისა. მოსეს სჯული ამბობს: „არა კაც ჰკლა“, ქრისტე კი ამბობს: ნუ განურისხდები უბრალოდო. ასევე სხვა დანარჩენებშიც. ძველი აღთქმის კანონი მსხვერპლისა ქრისტე მაცხოვარმა ისე შეასრულა, რომ მას ვერ შეასრულებდა ისე ვერც-ერთი მღვდელმთავარი ძველი აღთქმისა: მან თვითონ მიიტანა მსხვერპლად საკუთარი თავი მთელი ქვეყნის ცოდვებისათვის, რითაც მსხვეპლის შეწირვა აღარ გახადა აუცილებელი და სამუდამოდ გააუქმა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვანი, რაც მხოლოდ პირველსახე იყო ჯვარზე მისი მსხვერპლად შეწირვისა. მაგრამ ათი მცნება ღვთისა მოცემულია ყოველი ტომისა და ხალხისათვის, და ყოველი დროისათვის; და ვინც შეასრულებს ქრისტეს მცნებებს, იგი ამით შეასრულებს ძველი აღთქმის მცნებებსაც. ამიტომაც ამბობს უფალი: - ამინ გეტყვი თქუენ; ვიდრემდე წარჰხდეს ცა და ქუეყანა, - ე.ი. სადამდეც დგას ეს მიწა, ანუ ქვეყნის დასასრულამდე. იოტა ერთი, ყველაზე პატარა ასო, გინა, რაც უფრო პატარაა, რქა ერთი, ანუ ერთი შეხედვით, ყველაზე უფრო მცირე განაწესი ღვთის მცნებისა, არა წარჰხდეს სჯულისაგან, არ შეიცვლება, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს - როგორც უტყუარი სიტყვა ღვთისა.

ფარისევლები და მწიგნობრები ღვთის მცნებებს ყოფდნენ დიდებად და პატარებად. განსაკუთრებით მცირედ და ნაკლებადმნიშვნელოვნად მოეჩვენებოდათ ის მცნებები, რომელთა შესახებაც მაცხოვარს მათთვის უნდა ემცნო შემდგომში, საუბრის გაგრძელებაში, რადგან ეს მცნებები, საქმეებზე კი არ ამბობენ, არამედ გულის დაფარულ ზრახვებზე. - მაგრამ ქრისტემ თქვა, რომ ეს ბოროტი გულისთქმებიც კი ღვთისათვის საძაგელია, რომ ყოველი სიტყვა ღვთის მცნებისა უნდა იყოს წმინდა და შეუცვლელი, რომ მცნებათა დაყოფა უმთავრეს და უმცირეს მცნებებად - არის მძიმე დანაშაული; ყოველი მცნება მაცხონებელია და მნიშვნელოვანი, ამიტომაც - უკეთუ ვინმე დაჰხსნას უგულებეყოს თუნდაც ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთა, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მას მოეჩვენება უმნიშვნელოდ, და ასწავოს ესრეთ კაცთა, - სხვებსაც ჩააგონოს ასეთი მსჯელობა ამ მცნებაზე, - უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა, - ანუ, როგორც განმარტავს წმ. ოქროპირი, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, როცა გაიხსნება ცათა სასუფეველი მართალთავის, სჯულის ისეთი დამრღვევი იქნება უმცირესი, ანუ უკანასკნელი, გარიყული, ასეთი კი, უდავოა, რომ მძვინვარე ცეცხლში იქნება ჩაგდებული. რადგან „შეიძლება კი, ამბობს წმ. მღვდელმთავარი, რომ ის, რომელიც თავის ძმას უწოდებს უგუნურს, ჩაეგდოს ცეცხლში, ხოლო ის, რომელიც არღვევს ყველა მცნებას და სხვებსაც ამას ასწავლის, იგი იყოს სასუფეველში? რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია, ამიტომ „უმცირესი სასუფეველსი“ ნიშნავს: საერთოდ მოაკლდება ზეციურ სასუფეველს“.

ამრიგად, თუ მამა აკეთებს რაიმე ცუდს შვილებთან, თუ ოჯახის უფროსი არაწესიერ მაგალითს აძლევს ოჯახის წევრებს, თუ ხელმძღვანელი უგუნურად არღვევს კანონს თავისი ქვეშევრდომების თანდასწრებით, - ყველა ისინი არა მარტო არღვევენ ღვთის სჯულს, არამედ ამასვე ასწავლიან სხვებსაც, ანდა, თუ თვითნება ქრისტიანებს არაფრად მიაჩნიათ ეკლესიური კანონები, და არა მარტო თვითონ არ ასრულებენ, არამედ სხვებსაც ჩააგონებენ, რომ ეს კანონები თითქოს ადამიანთაგან იყოს დადგენილი, რომ მაგალითად, მარხვის დაცვა, - არ არის აუცილებელი, - ყველა ასეთს, რა თქმა უნდა, ემუქრება ქრისტეს სიტყვა: „უმცირეს ეწოდოს“, - ასეთი გამოუსედეგარი გახდება ცათა სასუფევლისათვის.

და მართლაც, რომელ ჩვენგანს შეუძლია მოიწინოს თავი, რომ იგი არ არღვევს ღვთის არც ერთ მცნებას ცხოვრებაში? გახსოვდეს ქრისტიანო, რომ ყოველი ცოდვა, განსაკუთრებით კი ცდუნება ვინმესი, ადამიანს აქცევს გეენიის შვილად; მაგრამ გული არ გაიტეხო. ვინც გუშინ მცირე ან დიდი ცოდვით დამდაბლდა გეენიამდე, მას დღეს შეუძლია გულწრფელი სინანული და გამოიღოს კეთილი საქმეების ნაყოფი, ხოლო რომელმან ჰყოს და ასწავლოს, ვინც ჯერ თვითონ საქმით გამოცდის და შემდეგ ღვთის მცნებათა შესრულებას სხვებსაც ასწავლის, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა, და იქ მიიღებს უმაღლეს ჯილდოს. „როგორ უნდა გავუძღვე სხვას იმგზაზე, რომელზედაც მე არ მივლია? - ამბობს ნეტარი ტეოფილაქტე: ყველას შეუძლია მითხრას: „მკურნალო. განიკურნე თავი შენი“ (ლკ. 4,23). მეორე მხრივ, თუ მე ვიმოქმედებ, მაგრამ არ ვასწავლი, როცა მე სხვების სწავლისათვის ვარ დადგენილი, ვერ მივიღებ ასეთ ჯილდოს, - უფრო მეტიც, შეიძლება კიდეც დავისაჯო, თუ სიზარმაცისა და მცონარების გამო არ ვასწავლი“.