ადარებს რა თავისი ახალი აღთქმის მცნებებს ძველი აღთქმისას, უფალი ამბობს: გესმა, რამეთუ თქმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ. მეტად მკაცრი გვეჩვენება ჩვენ ეს მცნება, რადგან ქრისტეს მცნებათა მადლიანი გავლენის ქვეშა ვართ გაზრდილები; მაგრამ ძველი აღთქმის მორწმუნეთათვის, ეს მკაცრი კანონიც კი შესაწყნარებელი იყო. იმ დროინდელი მკაცრი ზნეობით, განაწყენებულს შეეძლო თავისი შემაწუხებლისათვის ერთი ამოგდებული კბილის ან თვალისათვის, სამაგიერო სიკვდილით გადაეხადა, მაგრამ კანონი კაცს უფლებას აძლევდა ბოროტებაზე მხოლოდ იმავე ოდენობის ბოროტებით ეპასუხა და მეტით არა. ასე აყენებდა კანონი შეურაცხყოფილის შურისძიებას, აშინებდა რამ მას. „სჯულისმდებელმა დაადგინა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - თუალი თუალისა წილ, იმისათვის კი არა, რომ ერთმანეთს დავთხაროთ თვალები, არამედ რათა დაზარალებულსაც ჰქონოდა შიში იმისა, რისთვისაც იგი თავის მაჭირვებელს იმეტებდა“, ებრაელებს არ ესმოდათ არსი ამ კანონისა, ამიტომაც ხშირად იყო, რომ დასჯილი დამნაშავე ღიზიანდებოდა და კიდევ უფრო მეტს უშავებდა, დასჯილი კი ხელახლა ცდილობდა მისთვის სამაგიეროს მიგებას, რითაც ბოროტება კიდევ უფრო იზრდებოდა.
სურდა რა ეჩვენებინა, რომ ძველი აღთქმის სჯულიც არსებითად მოყვასის სიყვარულს ეფუძნებოდა, რომ იგი იმისათვის კი არ იყო მოცემული, რომ ადამიანური შურისძიება დაეკმაყოფილებინა, არამედ პირიქით, - რათა ლაგამი ამოედო და ჩაეხშო ბოროტება, ქრისტე მაცხოვარს უნდოდა აღმოეფხვრა ბოროტების ძირი - შურისძიება, ამიტომ პირდაპირ მიუთითა: ქრისტიანმა როგორი გულით უნდა მიიღოს ყოველგვარი წყენა, თუ უნდა იმოქმედოს სჯულის შინაგანი სულის თანახმად, და არა სიტყვა-სიტყვით, გარეგნულად: ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა. ეს არ ნიშნავს: რომ საერთოდ არ არის საჭირო ბოროტების დასჯა; უდანაშაულოთა დაცვა და დამნაშავეთა დასჯა მოვალეობაა ყოველი ხელისუფალისა, ამიტომაცაა რომ მოციქული პავლე მთავრებს უწოდებს „ღმრთის მსახურ-არს შენდა რისხვისათვის, შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთა თვის“ (რომ. 3,4). თვით მაცხოვარმა შოლტით განდევნა ტაძრიდან მისი სიწმიდის შემაგინებლები. როცა საქმე ეხება ღვთის დიდებას, მოყვასის გადარჩენას, მაშინ უნდა შეეწინააღმდეგო ბოროტებას, - გააკეთე ყველაფერი, რაც კი შეგიძლია, რათა აღარ იყოს ბოროტება; მაგრამ თუ წყენა მხოლოდ შენ გეხება, როცა იმისაგან სხვებს არაფერი ევნება, შენს გულში კი გაღვივდება შურისძიების სურვილი, მაშინ ნუ დაუპირისპირდები ბოროტებას. „არ ამბობს: ნუ შეეწინააღმდეგები შენს ძმას, - განმარტავს წმ. ოქროპირი, არამედ - ბოროტებას, რითაც გვაჩვენებს, რომ ძმა ვნებას გაყენებს ეშმაკის ჩაგონებით, და ამრიგად დავადანაშაულებთ რა სხვას (ე.ი. ეშმაკს), ამით დიდად შევასუსტებთ და ვეღობებით ჩვენი ძმის მიმართ რისხვას.
ბოროტს ისე უნდა შევეწინააღმდეგოთ, როგორც თვით უფალი ითხოვს ჩვენგან, ანუ უნდა ვიყოთ მზად ბოროტების დასათმენად. ასეთი მოქმედებით ნამდვილად ვძლევთ ბოროტს. რადგან ცეცხლით არ აქრობენ ცეცხლს, არამედ წყლით“. არამედ რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. სძლიე მტერს სულგრძელებითა და უბოროტობით. „თუ ასე მოიქცევი, მაშინ აღარ შეიგრძნობ ბოროტებას, ხოლო შენს მაჭირვებელს. მხეცზე უფრო მძვინვარეც რომ იყოს, შერცხვება და აღარ მოგაყენებს ხელახალ დარტყმას. იგი პირველი გარტყმისთვისაც კი დიდად დაადანაშაულებს თავს, რადგან არაფერი ისე არ აკავებს მაჭირვებლებს, როგორც განაწყენებულთა სიმშვიდით მოთმინება: ამით ისინი მოძულეებიდან და მტრებიდან, მის კეთილ მეგობრებადაც იქცევიან“. სწორედ ასე იქცეოდნენ ღვთის კეთილი მოღვაწენი: ერთხელ წმინდა მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი, მივიდა მისთვის ნაცნობ მემამულის ოჯახში, რათა გამოსარჩლებოდა მისგან დაჩაგრულ გლეხს. მეტად თავმოყვარე და ფიცხი მემალულე შეეკამათა მას. მღვდელმთავარმა მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უპასუხს: მემამულე მრისხანებით ისე გამოვიდა წყობიდან, რომ აღარ იცოდა, რას აკეთებდა და მღვდელმთავარს სახეზე გაარტყა. მღვდელმთავარი განერიდა მას, მაგრამ მალევე დაბრუნდა, მემამულეს ფეხებში ჩაუვარდა და დაუწყო პატიების თხოვნა, რომ იგი აქამდე მიიყვანა. ამან ამაყი მემამულე იქამდე შეძრა, რომ აატირა, ფეხებში ჩაუვარდა უბოროტო მღვდელმთავარს და სთხოვდა პატიებას და ამის შემდგომ გლეხების მიმართ უფრო მწყალობელი შეიქნა. ღირსი ისაია ამბობდა: „ვისაც უნდა ბოროტებაზე ბოროტებით მიუზღოს, მას სულ მცირედისათვის, თავის ერთი გაქნევითაც კი შეუძლია შელახოს სინდისი ძმისა“. - „ნუ ფიქრობ, - შენიშნავს ნეტარი თეოფილაქტე, რომ აქ მხოლოდ სახეზე გარტყმაზეა საუბარი, არა, არამედ ყველა დანარჩენ წყენაზეც“.
და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, რომელიც ზედა სამოსელზე უფრო იაფია, მიუტევე მას სამოსელიცა შენი, შენთვის უფრო ძვირფასი. „მაცხოვარს უნდა, - ამბობს წმ. ოქროპირი, რათა ჩვენც ვაჩვენოთ მსგავსი უბოროტება არა მარტო მაშინ, როცა ჩვენ გვირტყამენ, არამედ მაშინაც, როცა სურთ მოგვტაცონ ქონება“. მან არ თქვა: მიეცი მთხოვნელს ტანსაცმელი, არამედ „რომელსაც უნდეს სასჯელად“, ანუ, თუ იგი შენ გეწევა სასამართლოსკენ და სურს შენთან საქმე გაარკვიოს. მაგრამ მაცხოვარს სურს, რომ ჩვენ არა მარტო მოვითმინოთ შემთხვევითი წყენანი და ქონების დაკარგვა, არამედ საკუთარი თავიც კი არ შევიბრალოთ, როცა საჭიროა ბოროტებას სიყვარილუთა ვძლიოთ. იგი ამბობს: და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მიჰვლე მასთან ორიცა, თუ შენ გაიძულებს იარო გამცილებლის ნაცვლად, ერთი ვერსი, გაიარე მასთან ორი. „თუ კი, - გვიხსნის წმ. ოქროპირი, ვიღაც მოისურვებს, რომ შენი სხეული დატვირთოს მძიმე და დამაუძლურებელი შრომით, და ამასთან უსამართლოდ, ამისათვის მზად უნდა იყო“. ნუ შეიბრალებ შენს თავს, როცა ხედავ, რომ სხვისაგან შენი იძულებითი შრომით, შენ შეგიძლია შენი შეუწინააღმდეგებელი სიმშვიდით იხსნა მისი სული.
ღვთის წმიდა მოღვაწენი ცდილობდნენ შეეთვისებინათ ქრისტეს მცნებათა მაცოცხლებელი სული, ეს სული კი არის სიყვარული, სიყვარულით ახშობდნენ ისინი სათავეშივე ბოროტებას, მათთვის მიყენებულ წყენას კი გადააქცევდნენ ღვთის დიდებად. - „გიყვარდეს, და სიყვარული თვითონ გასწავლის, როდის როგორ უნდა იმოქმედო“ - ამბობს ნეტარი ავგუსტინე: „ბევრი სიკეთე შეიძლება გავუკეთოთ იმას, ვისაც თავისი თავისათვის სიკეთე არა სურს, თუ კი მისთვის კეთილად გაირჯები“. თუ შენ მსაჯულად ხარ დადგენილი და ცდილობ ქურდები და ავაზაკები გაამართლო, მაშინ შენ სცოდავ წინააღმდეგ მტრის სიყვარულის მცნებისა, შენ კიდეც რომ გეჩვენოს, რომ შენ ასე იქცევი სწორად მათი სიყვარულისათვის. გაუფრთხილდი და დაიცავი საკუთარი ქონებაც შენი ოჯახისათვის, რათა ვიღაც უსინდისო ქურდის გამო გასაჭირში არ ჩააგდო სახლეული, მიეცი მტაცებელი მართლმსაჯულებას, რათა მან არ დააზარალოს სხვებიც და ასევე მოიქეცი მისი სიკეთისათვის, რათა სასჯელით გამოსწორდეს იგი. მაგრამ ყველაფერი ეს გააკეთე იმის მსგავსად, როგორც აძლევს მეტად მწარე წამალს ავადმყოფს ექიმი, ანდა მოჰკვეთს სხეულის დაავადებულ ნაწილს, რათა გადაარჩინოს მისი სიცოცხლე. „ყოველივე თქუენი, სიყვარულით იყავნ“ (1კორ. 16,14). შეუძლებელია ყველა იმ სატანჯველთა ჩამოთვლა, რაც გადაიტანა მოციქულმა პავლემ იუდეველთაგან, და წარმართთაგან: მაგრამ როცა თვლიდა საჭიროდ, ღვთის დიდებისათვის, არ დუმდა, არამედ მიმართავდა სამსჯავროს და ბრძანებაზე, რომ ერტყათ მისთვის ბაგეებში, პასუხობდა საყვედურის სიტყვებით. როცა სარაცინებმა უსაყვედურეს სლავების განმანათლებელ წმიდა მღვდელმთავარ კირილეს, რომ ქრისტიანებმა დაივიწყეს ქრისტეს მცნება მტრის სიყვარულის შესახებ და გამოდიან ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველადო, მაშინ ბრძენმა ფილოსოფოსმა გასცა მათ ასეთი პასუხი: „ქრისტემ დაგვიდგინა მტრების სიყვარული, მაგრამ მანვე დაგვიტოვა მცნებად: „უფროსი ამისა სიყუარული არავის აქუს, რათა სული თვისი დაჰსდუას მეგობართა თვისთა თვის“ (ინ. 15,13). ამიტომაც ვითმენთ წყენას, თითოეულს ცალ-ცალკე რომ აქვს მიღებული, მაგრამ საზოგადოებაში ვიცავთ ერთმანეთს და არ ვიშურებთ საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი ძმებისათვის, რათა თქვენ, რომელნიც მათ ტყვეობისათვის იტაცებთ, არ გადასძალოთ ღვთისათვის საძაგელი საქმეებისაკენ“. - და თვით ღვთაებრივი სჯულისმდებელი, როცა მღვდელმთავრის თავხედმა მსახურმა მას გაარტყა ლოყაში, არ დადუმდა, არ მიუშვირა მან მეორე ლოყაც, არამედ მშვიდად უთხრა: „უკეთუ კეთილსა გეტყოდე, რაისა თვითს მცემ?“ (ინ.18,23). ეს, ბოროტის მომქმედისათვის იყო უფრო დამაჯერებელი და შესაგნები, ვიდრე უტყვი მოთმინება. მაგრამ მანვე შემდგომ მდუმარედ გადაიტანა მხედართაგან შეურაცხყოფანი პილატეს სასახლეში.