მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

რომელი გთხოვდეს შენ, მიეც... გიყუარდედ მტერნი თქუენნი... იყუენით თქუენ სრულ...

მათე 5, 42-48

რომელი გთხოვდეს შენ, - მტერი იქნება თუ მოყვარე, ერთგული თუ არაერთგული, ვინც კი გთხოვს, - მიეც, ამბობს მაცხოვარი, და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი - უარს ნუ ეტყვი, ვიღაცას უჭირს საკვები და ჩასაცმელი, სხვას ჭირდება ფული, ზოგს უნდა კეთილი რჩევა, - გულითადი ძმური სიტყვები: ნურავის, ნურაფერში უარს ნუ ეტყვი, გაუნაწილე უკანასკნელიც კი - ქრისტეს სახელით: სიყვარული თავად გიკარნახებს, როდის იქნება გაცემა სასარგებლო მთხოვნელისათვის და როდის საზიანო; იგი არ მოგცემს ნებას მისცე დანა უგუნურს, ანდა საწამლავი იმას, ვისაც თავის მოკვლა სურს. ზოგიერთი სუსტი ადამიანი სასმელისათვის გთხოვს, ზოგიც სხვა ვნებიანი სურვილისათვის: ასეთისათვის, ზოგჯერ უფრო სასარგებლოა ფულის ნაცვლად ძმური, შესაგონებელი სიტყვა. მაცხოვარიც ყოველ მთხოვნელს როდის აძლევდა ზუსტად იმას, რასაც მისგან ითხოვდნენ: მაგალითად, ერთი მთხოვნელი, შეჯგუფული ხალხიდან უძახოდა მას: „მოძღუარ! არქუ ძმასა ჩემსა, რათა განმეყოს მე სამკვიდრებელსა“ (ლკ. 12,13). მაგრამ მაცხოვარმა იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინა მისი სათხოვარი, მასაცა და ყველა იქ მყოფთ, მისცა ასეთი რჩევა: „ეკრძალენით და დაიცუენით თავნი თქუენნი ყოვლისაგან ანგარებისა“ (ლკ. 12,15). როცა გვიდგენს სესხებას, იგი გულისხმობს, რომ ჩვენ იმათზეც გავცეთ, ვისგანაც დაბრუნებას არ ველით.

გესმა, რამეთუ თქმულ არს: შეიყუარო მოყვასი შენი. ამაყი იუდეველები თავიანთ მოყვასად მიიჩნევდნენ მხოლოდ თავიანთ თანამემამულეებსა და ერთმორწმუნეებს - იუდეველებს, წარმართებს კი, და განსაკუთრებით რომაელებს, ღვთის მტრებად თვლიდნენ და რა თქმა უნდა საკუთარ მტრებადაც. იმათ ზედმიწევნით სიტყვა-სიტყვით ესმოდათ ის ადგილები წმიდა წერილისა, სადაც ნათქვამია უფლის მოძულეთა სიძულვილზე; მათ ჰქონდათ დადგენილი, რომ არ ემეგობრათ, არ დაახლოებოდნენ მეზობელ კერპთაყვანისმცემელ ხალხებს, რათა იმათი არაწმიდებით არ შერყვნილიყვნენ; მაგრამ მათ ჯერაც არ შეეძლოთ გაეგოთ, რომ ღმერთი ითხოვდა თავად არაწმიდებისა და ცოდვის შეძულებას, ხოლო თვით ცოდვილი ადამიანისას - სიყვარულსა და შებრალებას. და აი, გაიგეს რა მოყვასის სიყვარულის მცნება ვიწრო, სიტყვა-სიტყვითი გაგებით, იმათ უკვე თავიანთით დაუმატეს შემდეგი დასკვნები: თუ მოყვასი, ანუ იუდეველი უნდა ყვარებოდათ, გამოდიოდა, რომ ყოველი არაიუდეველი, როგორც ღვთის მტერი უნდა მოეძულებინათ; და მოიძულო მტერი შენი; თუმცა ასეთი სიტყვები წმიდა წერილში არსადაა მოხსენიებული. ქრისტე კი გვასწავლის ისეთ სიყვარულს, რომელიც მოიცავს ყველას განურჩევლად. ხოლო მე გეტყვი თქუენ: გიყუარდედ ყოველი ადამიანი, ვინც გინდა იყოს, გიყვარდეთ ასევე მტერნი თქუენნი - ისინიც, ვინც ბოროტებას გიკეთებენ თქვენ, ექნება მას თქვენი რწმენა თუ არა: და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა - იმათზე თქვით მხოლოდ კარგი, მხოლოდ სიკეთე ისურვეთ მათთვის, - ესეც ცოტაა: თავად კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. თუ შენი მტერი ჩავარდა რაიმე განსაცდელში, იჩქარე მის დასხმარებლად; თუ იგი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, ასვი მას. ნუ მიუშვებ მას მძიმე ცოდვამდე; სადაც შეიძლება - დაუთმე მას, ხოლო სადაც სინდისი არ გაძლევს ნებას რომ დაუთმო, იქ შეეცადე, რომ შეაგონო ძმურად. და ულოცევდით მათ, რომელნი გეძლავრობდნენ თქუენ და გდევნიდნენ თქუენ - ყველა იმათთვის, ვინც გვნებენ, გაბეზღებენ, მტრობას გიწევენ ისინი შეიბრალეთ: იმათ თვითონ არ იციან, არ ესმით, რომ თქვენთვის ბოროტის კეთებას ასწავლის ყოველი ბოროტების სათავე - ეშმაკი. ილოცეთ იმათთვის, რათა ზეციურმა მამამ არ დასტოვოს ისინი ეშმაკის ტყვეობაში. შეიბრალეთ ისინი: ეს არის დაბრკოლებული, ავადმყოფი ხალხი; ისინი უფრო მეტს საკუთარ თავს ავნებენ, ვიდრე თქვენ. ისინი თქვენ დროებით გიშავებენ, საკუთარ თავს კი - მუდმივად. ილოცეთ მათთვის, ისინი არიან თქვენი საუკეთესო კეთილისმყოფლები: ვინც გდევნით და გვნებთ თქვენ, ის თქვენი ცოდვებისათვის სასჯელს გიმსუბუქებთ. ვინც შეურაცხგყოფთ, გამდაბლებთ თქვენ, იგი თქვენ გაძლევთ შემთხვევას, რომ თქვენს საკუთარ გულში ჩაიხედოთ: და როცა ჩაიხედავთ, დაინახავთ, რა სისაძაგლეები არ არის იქ, როგორ ვნებებს არ იპოვით... ვიდრე არ გასტეხ პურს, მის ლპობას ვერ შეამჩნევ; და როგორც კი გადატეხ, მაშინ დაინახავ, რომ იგი მთლიანად არის გაფუჭებული. იგივე ხდება თქვენს გულებშიც: ვიდრე არავინ გეხება, გგონია რომ შენ მოყვასთან ბოროტი დამოკიდებულებისგან ხარ თავისუფალი, მაგრამ გეტყვიან თუ არა საწყენ სიტყვას - დაინახავ, როგორ აენთება ეს ბოროტება შენს გულში. ილოცე შენი მტრებისათვის: იმათ გარეშე ვერ დაინახავ შენს არაწმიდებას, ხოლო გულით არაწმიდანი ვერ იხილავენ ღმერთს, ხედავ, როგორი მაღალია სიყვარულის სიბრძნე? სამაგიეროდ ბრწყინვალეა ჯილდო! მაცხოვარი ასეთებს პირდება, რომ იქნებიან ღვთის მსგავსნი, რამდენადაც კი შესაძლებელია ადამიანისათვის: რათა იყუნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათასა... ასე, რომ რაზეც ერთ დროს იოცნება ჩვენმა შორეულმა წინაპარმა ადამმა სამოთხეში, იმას ეხლა ჩვენ გვპირდება უფალი სიყვარულით. ღმერთი აღგვითქვამს, რომ გვიშვილებს, და სურს და თხოულობს ჩვენგან, რომ ჩვენ ვიყოთ მისი მსგავსნი.

ასე რომ, არ არის ძვირი ჩვენთვის ეს დიდი საბოძვარი! „გიყუარდედ მტერნი თქუენნი... რათა იყუნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათასა“... ხალხები - შვილებია ერთი ზეციური მამისა, მათი შემოქმედისა და გამგებელისა: მაგრამ ყველა როდია ღვთის მადლით სამწყსო მისი. ვინც შეიყვარა თავისი მტერი ძმური სიყვარულით, ვინც ტირის მისი შემცდარობისათვის და ლოცულობს მისთვის, როგორც ახლობელი მეგობრისათვის, ძმისა და კეთილისმყოფელისათვის, - იგი მადლით ჭეშმარიტად არის ზეციური მამის შვილი, რომელსაც უყვარს მართალნი და ცოდვილების მიმართ არის შემწყნარებელი. რამეთუ მზე მისი აღმოვალს - აფრქვევს მზის სინათლეს ბოროტთა ზედა და კეთილთა და ჰსწვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. როგორი მშვენიერი, ყველასათვის გასაგები მაგალითია ღვთის ყოვლისმომცველი სიყვარულისა! უფალი, თავისი უხვი მარჯვენით აბნევს თავის წყალობას მის მიერ შექმნილებზე; კეთილნიცა და ბოროტნიც, ერთნაირად ტკბებიან და სარგებლობენ მზის შვილი ნათელითა და მისი მაცოცხლებელი სითბოთი, ნაყოფისმცემი წვიმით, რომელიც უხვად ედინება მინდვრებზე და კეთილთა და ბოროტთ ერთნაირად ახარებს სიკეთით.

შეიძლება ვიგულისხმოთ, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, წვიმისა და მზის ქვეშ კიდევ სული წმიდის მადლი, სწავლება ქრისტესი: ქრისტეც მზადაა ყველას უწილადოს თავისი მადლი და ყველას ასწავლის. ამიტომ ისწავლე ადამიანო, სიკეთე გაუკეთო შენს მტერს, ისწავლე ეს თვით ზეციური მამისაგან. ამასთან იფიქრე: ვინ არის ის და ვინა ხარ შენ? - „შენ შეურაცხგყოფს შენი მსგავსი, - ამბობს წმ. ოქროპირი, მას კი - მონა, რომელსაც მისგან უამრავი სიკეთე აქვს მიღებული; როცა შენ ლოცულობ მტრისათვის, შენ მას კეთილად ეწევი სიტყვებით, ღმერთი კი აღავსებს მას დიდი და საკვირველი საქმეებით, ანათებს მას მზით და საჭირო დროს ახარებს წვიმით. მაგრამ შენ დიდად ხარ განაწყენებული? რა შეგემთხვა მაინც ისეთი, რაც იქნებოდა შენი მეუფის წამების მსგავსი? როცა სულით ავადმყოფები, თავიანთ მკურნალებს ცუდად ეკიდებიან და ვნებენ, სწორედ ამ დროს მკურნალნი მათ უფრო იბრალებენ და იმათ დახმარებასა და განკურნებას უმეტესად ცდილობენ. შენც ეცადე, რომ შენს მტერს საშინელი ბოროტი მძვინვარებისა მოარიდო. იგი ეშმაკეულზე უბედურია, რადგანაც მართალია ეშმაკეულივით იქცევა, მაგრამ გონება ჯერ არ წართმევია, ამიტომ მისი გაცოფება არ არის საპატიო. თვით ღმერთი დაგაჯილდოვებს იმისათვის, რომ შენ გაათავისუფლე შენი ძმა საშინელი სენისაგან. ღვთის წმიდანებისათვის ეს იყო მათი ცხოვრების წესი. მაცხოვარი კი განგაწყობს შენ ამ სათნოების კეთებისადმი არა მარტო კეთილი მაგალითით, არამედ საწინააღმდეგოთიც: უკეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაი სასყიდელი გაქუს? აქ საგმირო ჯერ კიდევ არაფერი არის: შენ იმიტომ გიყვარან ისინი, რომ იმათაც აქვთ შენი სიყვარული, ე.ი. შენ ასეთ შემთხვევაში გიყვარს მხოლოდ შენი თავი. რამეთუ მეზვერეთაცა ეგრეთუე ჰყვიან. ასეთ ადამიანებსაც კი, რომელთაც იუდეველები თვლიდნენ ანგარების მოყვარეებად, გაცხადებულ ცოდვილებად, ასეთებსაც კი უყვართ იმათი მოყვარენი: ე.ი. ეს არ არის დიდი საქმე; რისთვისაც შეიძლება ასეთი ადამიანები დაჯილდოვდნენ ღვთისაგან? და უკეთუ მოიკითხვიდეთ შეხვედრისას მეგობართა ხოლო თქუენთა, - მხოლოდ თქვენს ნათესავებსა და ახლობელ ადამიანებს, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთუე ჰყვიანა? ეს ცოდვილი ადამიანებიც კი, განა იგივეს არ აკეთებენ. რა არის ეს სიყვარული? რისთვის დაგასაჩუქროთ ზეციურმა მამამ?

„ხედავ, - ამბობს წმ. ოქროპირი, როგორ თანდათან, მცირედ-მცირედ ავყავართ ზეცას? რისი ღირსები შევიქნებით ჩვენ, რომელთაც დაგვევალა რომ მივემსგავსნეთ ღმერთს, და ვინ იცის, იქნებ ჯერ მეზვერეებსაც კი არ ვართ მიმსგავსებულები სიყვარულში? როგორ არ მივეცემით მკაცრ სასჯელს, რომ მეზვერეებსა და წარმართებზე უფრო დაბლა ვიმყოფებით, მაშინ როცა უნდა ვიყოთ მწიგნობრებზე მეტი? - თუ არ ისწავლი შენი მტრების სიყვარულს, მაშინ ტყუილად გექნება ქრისტიანის სახელი. ქრისტეს მოწაფისათვის მეტად ცოტაა, რომ იცხოვროს წარმართების მსგავსად. იყუენით თქუენ, - ამბობს უფალი, სრულ, იყავით ისეთივე წმიდანი, მართალნი და სიყვარულით სავსენი, ვითარცა მამა თქუენი, ზეცათა სრულ არს. მიუწვდომელია ეს ადამიანთათვის, მაგრამ თითოეულ ადამიანში არის ხატება ღვთისა, თითოეულმა თავისი შესაძლებლობისდა მიხედვით, ღვთის მადლის დახმარებით, უნდა განსწმიდოს იგი და მიუახლოვდეს ღმერთს და მიემსგავსოს მას. „რა თქმა უნდა, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, შენ არ შეგიძლია აანთო ახალი მზე ქვეყნისათვის, მაგრამ შენ შეგიძლია მხსნელი ჭეშმარიტების ნათლით გაასხივოსნო გონება ურწმუნო ადამიანის გაქვავებულ გულში: და აი ამით შენ იქნები ღვთის მსგავსი, არა მარტო ხილულ ქვეყანაზე მანათობელი მზით, არამედ სულის განმანათლებელი სულიერი ნათელით. შენ არა გაქვს მოცემული, რომ ზეციდან მოიღო წვიმა და მორწყო, როგორც მართალი, ისე ცოდვილი ადამიანების მინდვრები, მაგრამ შენ შეგიძლია თანადგომის სიყვარულის ცრემლებით მორწყო მწუხარებით გამომხმარი, უდანაშაულოდ დატანჯულის გული, ანდა სინანულით მოალბო მონანული, ცოდვილი ადამიანი. და აი, შენ მიემსგავსები ღმერთს, რომელიც აწვიმებს მართალ და ცოდვილ ადამიანებზე“. - „ნურასოდეს, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, იქნები შენით კმაყოფილი; ყოველთვის უმატე ღვაწლს, მუდამ იარე წინ. თუ იტყვი: საკმარისია, იცოდე ამით დაიღუპები“. - როგორი საკვირველი და ჭეშმარიტად ღვთაებრივი სწავლაა! როგორ პასუხობს იგი ადამიანის გულის ყოველ მოთხოვნას: ჭეშმარიტად აქ მეტყველებს არა ადამიანი, არამედ თვით გულთამხილავი ღმერთი.