მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ვერ ხელ-ეწიფების ღუთისა მონებას და მამონასა

მათე 6, 22-25

მაცხოვარს სურს გვაჩვენოს: რამოდენას ვნებს კაცს ის, როცა მისი გული ქვეყნიურ საზრუნავებსაა დამონებული. მას მოჰყავს ასეთი შედარება: სანთელი გუამისა არს თუალი. უკეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ე.ი. თუ შენი თვალი ჯანმრთელია და სუფთა, მაშინ ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს - შენი თვალი შენს სხეულს ისეთს დაინახავს, როგორიცააა სინამდვილეში. „რაც თვალია სხეულისათვის, იგივეა გონება სულისათვის“ - გვიხსნის წმ. ოქროპირი. ხოლო უკეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, თუ შენი თვალი არის ავად ან არ არის სუფთა, მაშინ ის ცუდად ხედავს, მაშინ ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს; შენ ვერ დაინახავ კეთილად შენი სხეულის ნაწილებსაც კი. და უკეთუ ნათელი იგი შენი შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენმე? თუ დავბრმავდებით გონებით, მაშინ რიღათი გავიხედებით? გადაღობე წყარო და მაშინ მდინარესაც გამოაშრობ: მსგავსადვე, თუ გონებას, ჭეშმარიტი რწმენის ნათლით განათლებულს შენ დააბნელებ მიწიერისადმი ვნებიანი მიდრეკით, მაშინ როგორიღა იქნება ეს განუჭვრეტელი სიბნელე, ვნებების ეს წყვდიადი, რომელიც ყოველი მხრიდან დაეუფლება შენს სულს? - „როცა მესაჭეს, - ამბობს ოქროპირი, ტალღები მოიტაცებენ, როცა შუქურა ჩაქრება, როცა ბელადს დაატყვევებენ, - მაშინ რა იმედიღა შეიძლება შერჩეთ ქვეშევრდომებს? ღმერთმა გვიბოძა გონება იმისათვის, რომ იმით გავფანტოთ წყვდიადი უხედველობისა, რომ სწორი წარმოდგენა ვიქონიოთ საგნებზე, და რათა მით, როგორც სინათლით, ისე ვისარგებლოთ, და ვიყოთ უსაფრთხოდ“. ნეტარი ავგუსტინე ასე განმარტავს ქრისტეს სიტყვებს: „თუ შენი თვალი იქნება სუფთა, თუ შენი განზრახვანი პატიოსანია და ღვთისათვის მოსაწონი, მაშინ ყველა ის საქმენიც, რომელთაც შენ ამ კეთილი განზრახვით მოიმოქმედებ, ასევე იქნება მართალი და სუფთა: ისინი იქნება ნათელი. თუ შენი თვალი ბოროტია, თუ შენი განზრახვანი შებღალული და დაბნელებულია სხეულებრივი გულისთქმებითა და დროებითი სიკეთეების სურვილით, მაშინ ყოველი შენი მოქმედება, რაც კი ამ არაწმიდა სურვილებსა და გრძნობებს მოყვება, თანაზიარი იქნება სიბნელესთან“.

სურს რა ამის დანახვება, რომ ადამიანის გულში ვერ დაეტევა ორგვარი ზრუნვა: ზრუნვა ღვთის გულის მოსაგებად და ზრუნვა ქვეყნიური სიმდიდრის შესაძენად, მაცხოვარს კიდევ ასეთი მაგალითი მოყავს: ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად. თუ ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგოს უბრძანებენ მას; ანუ ერთი იგი მოიძულოს, და სხუა იგი შეიყუაროს, ანუ ერთისა მის თავს იდუას, და ერთი იგი შეურაცხჰყოს. თავიდან მაცხოვარი ლაპარაკობს უბრალოდ ორ ბატონზე, ისე რომ არ ასახელებს იმათ სახელებს, რათა მსმენელი ამაში, როგორც სიმართლეში, ადვილად დაეთანხმოს. შემდეგ კი უკვე სახელებით იხსენებს იმათ, ვისაც იგი ბატონების ქვეშ გულისხმობს: ვერ ხელეწიფების ღუთისა მონებად და მამონასა, ამ ორიდან ჩვენ ერთ-ერთი უნდა ამოვირჩიოთ: ან ღმერთი, ანდა მამონა. მამონას ძველი სირიელები უწოდებდნენ სიმდიდრის ღვთაებას, ებრაელები კი ამ სიტყვის ქვეშ გულისხმობდნენ უბრალოდ სიმდიდრეს. - „მამონა არის ყოველგვარი უსამართლობა, - განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე: უსამართლობა კი - ეშმაკია. ჩვენ ბატონად ვიდგენთ ეშმაკს, როცა ვასრულებთ მის ნებას, ასევე ჩვენს მუცელს ვიხდით ღმერთად; ამიტომ არ შეგვიძლია ვიღვაწოთ ღვთისთვის, თუ ვირჯებით მამონისათვის“.

„ადამიანი, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, ან ღმერთს მოიძულებს და ეშმაკს შეიყვარებს, ანდა ეშმაკის მაამებლობას იწყებს და მოერიდება ღმერთს. ასევე ემართებათ ცოდვილ ადამიანებსაც, თუმცა ისინი ვერასოდეს ხვდებიან, რომ უყვართ სატანა, ღმერთი კი სძულთ“. - „თუ შენ ემონები ცხოვრებისეულ საზრუნავებს, - ამბობს მღვდელმთავარი ფილარეტი, მაშინ შენ ვერ შეძლებ იმავე დროს ემონო ღმერთს“. - „ღმერთმა, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, ერთხელ და სამუდამოდ გარკვევით თქვა, რომ მსახურება ღვთისა და მამონისა არ შეიძლება ერთად შეერთებული იყოს. რადგან მამონა ცდილობს სხვისი მიიტაცოს, ხოლო ღმერთი მზადაა კაცს თავისიც კი უბოძოს; ღმერთი ითხოვს კეთილგონივრული ცხოვრებით ვიცხოვროთ, მამონას კი სურს რომ ვიმრუშოთ; მამონა სიმთვრალისა და სიმაძღრისაკენ გვიხმობს, ღმერთი კი პირიქით, - მუცლისათვის ლაგამის ამოდებასა გვთხოვს; უფალი გვასწავლის რომ მოვიძულოთ დროებითი, ქვეყნიური სიკეთენი, მამონა კი ჩაგვაგონებს, რომ ჩვენ სწორედ იმათ მივეძალოთ: ყოველივე ამის შემდეგ როგორ იტყვი, რომ მსახურება ღვთისა და მამონისა შეიძლება ერთად იყოს?“. არა, თქვენთვის საზიანოა არა მარტო ვნებანი მონება სიმდიდრისა, არამედ ზედმეტი ზრუნვა აუცილებელ სახმარზეც კი: ამისათვის გეტყვი თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის, თქვენი ცხოვრებისათვის - რაი ჰსჭამოთ და რაი ჰსუათ, ნურცა ხორცთა თქუენთათვის, რაი შეიმოსოთ. იყვნენ ღვთისაგან ისეთი გამორჩეულები, რომელნიც ზედმიწევნით იცავდნენ ქრისტეს ამ სიტყვებს: დღეს არ ფიქრობდნენ იმაზე, რა უნდა ეჭამათ ხვალ, სად შეაფარებდნენ თავს. იკვებებოდნენ იმით, რასაც ღმერთი გამოუგზავნიდა, თავს იქ აფარებდნენ, სადაც უწევდათ ყოფნა, და ღმერთიც, ხილულად აჩენდა მათზე თავის საკვირველ განგებულებას: ზოგს საკვებს ანგელოზის ხელითაც უგზავნიდა, ასეთი იყო ღირსი ალექსანდრე, რომელიც იყო დამაარსებელი მღვიძარეთას სავანისა; ასეთი იყო წმ. ბესარიონი, რომელმაც როგორც ფრინველმა, ისე გაატარა ცხოვრება. იგი მუდამ უდაბნოში იმყოფებოდა, არ ჰქონდა სენაკი, არც ზედმეტი სამოსელი; ასეთივე იყო ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი, მრავალი წელი ადამიანისათვის თვალი რომ არ მოეკრა...

მაგრამ ეს არის გმირობა, რომლის შესრულება თვითნებურად არ შეუძლია ყველას; ეს არის განსაკუთრებული გზა ღვთის მადლით გამორჩეულებისა. თვით წმინდანებს შორისაც ყველას არ შეეძლო ასეთი დიდი გმირობის ჩადენა. ზოგი უბრალოდ სიზარმაცის გამო არ ისურვებს გარჯას და შეეცდება ამ სიზარმაცის დამალვას, ვითომ ენდობა ღვთის განგებას. არა. უფალი ჩვენი არ გვასწავლის უზრუნველობას, იგი ჩვენ არ გვიშლის შრომას, რომელიც ნაკურთხია ღვთისაგან. სამოთხეშიც კი ღმერთმა ადამს დაუდგინა შრომა, ხოლო სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ მით უფრო მეტი შრომა და გარჯა მოსთხოვა მას, რათა ოფლით მოეპოვებინა პური არსობისა. შრომობდნენ წმინდანები ღვთისა; ასე, მოციქული პავლე თავისი შრომით ირჩენდა თავს და სხვებსაც მისცა მკაცრი მცნება: „თუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჰსჭამნ“ (2 თეს. 3,10): მაცხოვარი გვიშლის მხოლოდ ისეთი საზრუნავებს, რომლებიც ავიწყებენ კაცს ღმერთს, რაც ჩვენთვის არის ზედმეტი, არ არის აუცილებელი, რაც ახირება ხდება ჩვენთვის და არ არის ჩვენს განკარგულებაში, არამედ ღვთის ხელში. ამიტომაც არ თქვა უფალმა უბრალოდ: „ნუ ჰზრუნავთ“, არამედ დაუმატა: „სულისა თქუენისათვის“, ე.ი. ნუ მიეცემით მთელი სულით ასეთ საზრუნავებს. უფალმა არ თქვა: გულხელი დაიკრიფე და იჯექი უსაქმოდ: მე მოგცემ შენ საჭმელს და ტანსაცმელს, არამედ: ნუ იქნები შენი მუცლის მონა, ნუ გადააყოლებ მთელ შენს გონებას ხორციელ საზრუნავებს“.

ასევე განმარტავენ ქრისტეს სიტყვებს წმინდა მამების: „როგორ - კითხულობს წმ. ოქროპირი, ნუთუ უნდა მოვისროლო ყველაფერი? მაშინ როგორი იქნება ცხოვრება? ნუთუ აღარ უნდა ვთესოთ? არა, მას არ უთქვია, რომ არ არის საჭირო თესვა და მუშაობა, არამედ ის, რომ არ უნდა ვიყოთ სულმოკლენი და უსარგებლო საზრუნავებით არ დავიუძლუროთ თავი. მან დაგვიდგინა ჭამაც, მაგრამ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ საკვებისათვის, როგორც კი მიხვდები ამ საზრუნავების უაზრობას, ჯობს მაშინვე დაუტევო ისინი. ქრისტემ თქვა: „ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის“ - იმიტომ კი არა, რომ სულს ესაჭიროება საზრდელი: იგი უსხეულოა, არამედ იმისათვის, რომ იგი ვერ დაიმკვიდრებს სხეულში, თუ არ იკვება იგი.

ანუ არა სული უფროს არს საზრდელისა, ამბობს უფალი, და გუამი სამოსელია? ასე, რომ ვინც შექმნა სხეული, რომელიც საჭიროებს საკვების მიღებას, განა იგი არ მისცემს საკვებს მას? „დათესე, მაგრამ ნუ გააწვალებ თავს უსარგებლო საზრუნავებით. ათასჯერ მეტად რომ გაისარჯო, შენ მაინც არ შეგიძლია მოიყვანო წვიმა, მართო მზე, ქარი, რომელთა დახმარებითაც თესლმა უნდა გამოიღოს ნაყოფი. ამის მოცემა შეუძლია მხოლოდ ერთ ღმერთს“, - „თავისი სიკეთით, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, ღმერთმა მოგცა შენ სიცოცხლე, შექმნა საოცარი შემადგენლობა სხეულისა: ნუთუ არ ეყოფა მას ძალა და სიკეთე, რომ შენ მოგცეს ყოველივე, რაც ესაჭიროება შენს სიცოცხლეს: საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი? ეს ყველაფერი ხომ უფრო ნაკლებადღირებულია, შენს სიცოცხლესთან შედარებით: რაში გვჭირდება ამისათვის ამდენი მოუსვენრობა და საგანგაშო საზრუნავები? - შენ მუდამ არ იცხოვრებ დედამიწაზე: მაშ ასე ძალიან რატომ მისცემიხარ ამაო საზრუნავებს, ირჯები შენი ამქვეყნიური ცხოვრების კეთილმოწყობისათვის, და დაგვიწყებია ფიქრი საუკუნო ცხოვრებაზე? შენთვის საკმარისია გაისარჯო მხოლოდ აუცილებელზე - არსებობის პურზე; დანარჩენი ღმერთის ნებას უნდა მიანდო: მოგცემს ღმერთი - მადლობდე და მის სადიდებლად გამოიყენე; არ მოგცემს, - იყოს მისი წმინდა ნება, შეეგუე და დაემორჩილე და თქვი: „არ ვიმსახურებ უფალო“, და ისევ მადლობდე, რომ არ მოგცა; ვინ იცის: რომ მოეცა ღმერთს, რაც შენ გინდოდა, იქნებ იგი შენს დასაღუპად გამოგეყენებინა, ღმერთმა შენზე უკეთ იცის, რა არის შენთვის სარგო და საზიანო“.