მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის... ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა...

მათე 6, 31-34

ნუ ჰზრუნავთ, - ამბობს ჩვენი უფალი და იტყვით: რაი ვჰსჭამოთ? ანუ რაი ვჰსუათ? ანუ რაი შევიმოსოთ? ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო ნათქვამი „უფალი მართალის სულს არ დაამშევს“ (იგავ. 10,3). „ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა“ (ფს. 39,25) - ამბობს წინასწარმეტყველი დავითი. „უფალი არ გვთხოვს რაიმე მძიმესა და ძნელადშესასრულებელს. ამიტომ, როგორც ადრე ამბობდა: თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, ამით დიდს არაფერს აკეთებთ, რადგან ასე წარმართებიც იქცევიან: იგი წარმოგვიდგენს წარმართებს იმისათვის, რათა ჩვენ გვამხილოს და დაგვანახოს, რომ ჩვენგან მხოლოდ ძალზედ აუცილებელს ითხოვს“ (წმ. ოქროპირი). რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ. მათ არ იციან ჭეშმარიტი ღმერთი, რომ იგი იღწვის თითოეული მისი შექმნილისათვის; ისინი ცხოვრობენ მხოლოდ მიწიერი ცხოვრებით, ამიტომ მათ ეპატიებათ ასეთი საზრუნავები: „ვჰსჭამოთ და ვჰსუათ, რამეთუ ხვალე მოვჰკუდებით“ (1 კორ. 15,32) - ასე სჯიან ისინი. ხოლო თქვენ იმათზე მაღლა უნდა იდგეთ.

მაცხოვარმა, მას შემდეგ, რაც შეძრა, გააღვიძა და ძლიერ გაკიცხა თავისი მსმენელნი, დაამშვიდა კიდეც ისინი და უთხრა: რამეთუ იცის მამამან თქვენმან ზეცათამან, რა გიხმს ამათ ყოველთაგანი. არ თქვა: იცის ღმერთმა, არამედ: „იცის მამამან“, რათა გააღვივოს მათში მეტი იმედი: რადგან, თუ ღმერთი მამაა ჩვენი, და თან მამა ყოვლისმხედველი და მზრუნველი, არ შეიძლება, რომ მან მოიძულოს შვილები, რომლებიც იმყოფებიან გასაჭირში, ასეთ დროს ადამიანებიც კი არ იქცევიან სხვანაირად. თუ შენ იტყვი: მე იმიტომ უნდა ვიზრუნო საჭმელზე და ჩასაცმელზე, რომ საჭიროა ჩემთვის, მაშინ მე საპირისპიროს გეტყვი: სწორედ მიტომ, რომ ისინი არის აუცილებელი, შენ ზედმეტად არ უნდა იზრუნო მათთვის. რადგან, რომელი მამა არ ინდომებს, რომ თავის შვილებს მისცეს აუცილებელი? ამიტომ, თვით ღმერთი აუცილებლად მოგვცემს, რაც საჭიროა ჩვენთვის. იგი ხომ შემოქმედია ჩვენი ბუნებისა და კარგად იცის მისი მოთხოვნები. განა ზრუნავს საკვებისათვის ის, ვინც დიდებულ სადილზეა მიწვეული? რომელი ირჯება სასმელის მომარაგებისთვის, თუ იგი წყაროზე მიდის? და ჩვენც, ვიცით რა ღვთის განგებულება, არ უნდა ვიყოთ სულმოკლენი“.

„ვისაც ჰყავს ღმერთი, - ამბობს წმ. კვიპრიანე, არაფერი შემოაკლდება ცხოვრებაში, თუ თავად არ განუდგება ღმერთს“. როგორც შეემთხვა დანიელს, როცა იგი მეფის ბრძანებით, ჩააგდეს მშიერ ლომებთან ორმოში, ღვთის განგებულებამ მას მოუმზადა სადილი და აი, ღვთის კაცს აპურებდა მშიერ ლომებშიც კი. ასე იკვებებოდა ილია დევნისას, როცა მას საკვებს უზიდავდა ყორანი: დიახ, ფრინველებს მიჰქონდათ მისთვის საზრდელი. ასევე ჩვენს სანატრელ მამა შიოსაც, ღვთის განგებით საკვებს უზიდავდა მტრედი, როცა იგი სრულ განმხოლოებულ ცხოვრებას ეწეოდა სარკინეთის მიდამოებში. „ვინ ცხოვრობს ნამდვილად მართალი სულით, რომელსაც გვაძლევს მაცხოვარი? -კითხულობს ნეტარი ავგუსტინე; ის, ვისაც ახსოვს, რომ მხოლოდ ზედმეტი ზრუნვანი იგმობა და არა შრომა, რომელიც ღვთისაგანაა დალოცვილი“. უფალი მხოლოდ ამბობს: „ნუ მიეცემით ზედმეტად იმ საზრუნავებს, რითაც ჩვეულებრივ დაკავებულია ხალხი. ყველა საზრუნავს ამჯობინეთ ერთი და ყველაზე მეტად მოიძიეთ ის: ხოლო თქუენ ეძიებდით ნურანაირ შრომას ნუ მოერიდებით, პირველად, ე.ი. საზრუნავებამდე უწინ, სასუფეველსა ღმრთისასა, რათა გახდეთ ჭეშმარიტი შვილი ამ სამეფოსი, მორჩილი წევრები ღვთის ეკლესიისა დედამიწაზე და ღვთის სასუფევლის მემკვიდრენი ზეცაში; - ეძიებდით ასევე სიმართელსა მისსა, ღმერთთან გამართლებას, ღვთის ძის დამსახურებისამებრ; მაშინ ყველაფერ დანარჩენს, რასაც ხალხი დაეძებს, თავისთავად შეიძენთ: და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ - მიიღებთ როგორც შემატებას ღვთის სასუფევლის ძიებისას დათმენილი შრომისათვის. ღმერთი არ დაგტოვებთ, არ დაგივიწყებთ, რაც კი საჭიროა თქვენთვის, ყველაფერს გიწყალობებთ, ყველაზე მეტად კი ღვთიურ მშვიდობასა და სულიერ სიხარულს მოგანიჭებთ. მაშინ თქვენს სულში მუდამ იქნება სინათლე, სინდისი გექნებათ სუფთა და დამშვიდებული, მთელი გულით იქნებით კმაყოფილნი და ყველაფრისათვის მადლობას შესწირავთ ღმერთს“.

„ეძიებდით, ამბობს უფალი, „პირველად სასუფეველსა ღვთისასა“. მაშასადამე, - წერს მღვდელმთავარი ფილარეტი, ცათა სასუფევლის შემდეგ არ იკრძალება იმის ძებნაც, რაც ქვეყნიური ცხოვრებისთვისაა საჭირო; მაშასადამე, ზეციური სასუფევლის ძებნა არ აიძულებს ყველას გაქცევას უდაბნოში, არ გვიშლის ცხოვრებასა და შრომას ერში“. - არ შესცოდავ, თუ ხვალისათვის დაზოგავ იმას, რაც დღეს უხვად გამოგიგზავნა ღმერთმა: მან თავადაც ბრძანა ერთ დროს ხალხის საკვირველი დაპურების შემდეგ მონარჩენის აკრეფა, რათა არ წამხდარიყო უქმად; მარამ თუ შენ მოგეცემა შემთხვევა, რომ ეს ზედმეტი დაურიგო იმათ, ვისაც დღეს უჭირს, ნუ დაიშურებ მათ, დაარიგე, ხვალისათვის კი გადადე ზრუნვა, გახსოვდეს, რომ ღვთის სასუფეველში შევლენ მხოლოდ მართალი ადამიანები, ამიტომაც ეძიე ამ სამეფოს სიმართლე, აჩვენე ცხოვრებაში სიმართლის საქმენი და განდევნე შენგან ყოველი სიცრუე; სიმართლე ისე დაიცავი, როგორც შენს სიცოცხლეს იცავ. მაშინ „ყოველი შეგეძინოს თქუენ“. წმინდა მამები ღვთის სასუფევლის ძიებას უწოდებენ ზრუნვას ღვთის გულის მოსაგებად და სულის გადასარჩენად ნამდვილი საქმეებით, ხოლო ქვეყნიური საქმეები მეორეხარისხოვანი და ნაკლებადმნიშვნელოვანია. - „შენ პატივს არა სცემ თავს, - ამბობს წმ. ოქროპირი, როცა აუძლურებ თავს წარმავალ სიკეთეებზე ფიქრით. იკითხავ: ქრისტემ რატომ დაგვიდგინა პურის თხოვა? მაგრამ მაშინვე დასძინა: „არსობისა“ და ამას კიდევ დაუმატა: „მომეც ჩუენ დღეს“. იგივეს ჩაგვაგონებს აქაც, როცა უბრალოდ კი არ გვეუბნება „ნუ ჰზრუნავთ“, არამედ ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის. სუსტი ადამიანისთვის ესეც საკმარისია: რამეთუ ხვალემან თვითონ იზრუნოს თავისა თვისისა, - უფალი ასე გამოთქვამს იმიტომ კი არა, რომ დღემ იზრუნოს თავის თავზე, არამედ რადგან ამას იგი ეუბნებოდა უბრალო ხალხს, დროს წარმოიდგენს სინამდვილესთან შესაბამისობაში. რათა ძლიერ ემოქმედა თავის მსმენელებზე იგი თავად დროს წარმოგვიდგენს, როგორც განაწყენებულს: შენ მოგეცა დღე იმისათვის, რათა ამ დღისათვის განკუთვნილისათვის იზრუნო; რატომ უმატებ მას მომავალი დღის საზრუნავს?“ კმა არს თითოეული დღისა მის სიბოროტე თვისი.

„სიბოროტეს, - გვასწავლის წმ. ოქროპირი, მაცხოვარი აქ უწოდებს არა ბოროტებას, არამედ ბოროტად წვალებას, შრომას და უბედურებას, რადგან სულს ისე არაფერი ტანჯავს, როგორც ზედმეტი გარჯა და ჯაფა. ღმერთის ჩვენზე ზრუნვა აღემატება ყოველი ქვეყნიური მამისაგან შვილზე ზრუნვას. და ამას გიდგენთ, გვეუბნება უფალი, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენ გაგათავისუფლოთ ზედმეტი და უსარგებლო საზრუნავებისგან“. მოვიფიქროთ, რომელი უმჯობესია: მთლიანად დავეყრდნოთ ჩვენი უფლის შეურყეველ აღთქმას, თუ თავად ჩვენ ვამჯობინოთ ჩვენი მომავლისათვის ზრუნვა? მამათა წიგნში არის ერთი ასეთი მოთხრობა: ვინმე მშრომელი - მებაღე ბევრს მუშაობდა, მაგრამ ფულს არ აგროვებდა: რაც რჩებოდა, ყველაფერს ღატაკებს ურიგებდა. ერთხელ თავში ასეთი აზრი მოუვიდა: „რა მომივა, როცა მე დავბერდები და ავად შევიქნები, მაშინ ვინ მომხედავს? რით გავიტან თავს?“ და ამის შემდეგ დაიწყო სიბერისა და ავადმყოფობისათვის ფულის შეგროვება. მალე ფეხი ისე საშინლად დაეწყლულა, რომ აღარ შეეძლო შრომა. მთელი თავისი დანაზოგი მოახმარა, მაგრამ სატკივარს ვერაფერი მოუხერხა. ექიმებმა გადაწყვიტეს მისთვის ფეხი მოეკვეთათ და აი მას გაახსენდა თავისი ადრინდელი ცხოვრება, როცა კეთილად შრომობდა, სინანული დაეუფლა და დაიწყო ღვთისადმი ვედრება, რომ შეეწყალებინა. მაშინ გამოეცხადა მას ანგელოზი ღვთისა და უთხრა: „იოანე, სადაა შენი ფული, რომელიც შენ დააგროვე?“ - სნეული ატირდა: „შეგცოდემე უფალო, შემინდევ, ასე აღარ ვიზამ!“ -და შეეხო ანგელოზი მის სნეულ ფეხს და იოანე სრულიად განიკურნა. იმ დღიდან იგი ცოდვად თვლიდა ფულის შეგროვებას: „რისთვის მინდა ისინი მე, როცა ჩემთვის თავად უფალი ირჯება?“...