მოწყალებაზე სწავლის შემდგომ, უფალი გვასწავლის ლოცვას. და რაჟამს ილოცვიდე, როცა შენს გონებასა და გულს ღვთისადმი აამაღლებ, კრძალულებით რომ შესთხოვ წყალობას, როცა მას მისი კეთილი საქმეებისათვის მადლობ, და მის წმიდა სახელს ადიდებ, - არა იყო ეგრე, ვითარცა იგი ორგულნი, რამეთუ უყუარან შესაკრებელთა შორის და უბანდა ზედა დგომა, საგანგებოდ ჩერდებიან ქუჩების შესაყართან, რომ შეასრულონ, და ლოცუა, რათა უჩუენონ კაცთა, რათა ყველას დაანახონ მათი ლოცვა. ამინ გეტყვი თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. „ეს ორგულები, - ამბობს წმ. ოქროპირი, მხოლოდ ემსგავსებიან ღვთის მლოცველთ, რადგან უყურებენ ხალხს და ამრიგად თავიანთ თავებს წარმოადგენენ არა მლოცველებად, არამედ სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ. ვისაც ჭეშმარიტად სურს ლოცვა, იგი ყველას ივიწყებს, და მხოლოდ იმას უმზერს, რომელსაც ძალუძს მას სათხოვარი შეუსრულოს. მაცხოვარმა არ თქვა, რომ ასეთები არ მიიღებენ კუთვნილს, არამედ ის, რომ „ისინი უკვე ღებულობენ თავიანთ ჯილდოს“ - იგულისხმება ჯილდო იმათგან, ვისგანაც ეს მათ სურთ - ხალხისაგან. ღვთისათვის მათ არაფერი გააკეთეს... ამიტომ მისგან ვერაფერს მიიღებენ“. ეს კიდევ ცოტაა: ისინი ღმერთს თითქოს თავიანთ თავზე დაბლა აყენებენ, საკუთარ თავებს კერპებად აქცევენ, რომელთაც ხალხმა ქება-დიდებით უნდა უკმიოს.
აი, ასეთი არაწმინდა მდგომარეობისაგან გვიცავს მაცხოვარი, როცა გვეუბნება შემდგომ: ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა, - განმარტოებულ ოთახში, როგორიც იყო კეთილმორწმუნე იუდეველთა სახლებში ოჯახური ლოცვისათვის, უმეტესად კი შენი სულის განმარტოებულ ტაძარში, შეკრიბე იქ შენი დაფანტული აზრები, მიმართე მთელი შენი ფიქრები და გრძნობები მხოლოდ ერთი ღმერთისადმი, დაივიწყე ყველაფერი, რითაც ხარ გარემოცული, და დაჰხშ კარი შენი - იგულისხმება შენი გულის კარები, ანდა შენი ხორციელი გრძნობები: ხედვა და სმენა, რათა იქ ვერ შეაღწიოს ვერავითარმა ცოდვიანმა სურვილებმა და ამგვარად ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად, მამა ღმერთის მიმართ, რომელიც ყველგან იმყოფება, იქაც კი სადაც ვერ აღწევს ადამიანური თვალი: - მას შეღაღადე შენი გულის სიღრმიდან, როგორც ღაღადებდა მოსე, როგორც ღაღადებდა სამუელ წინასწარმეტყველის დედა ანნა, და როგორც შეღაღადებდა დავით მეფე: „გულისა სიღრმიდან გადიდებ შენ, უფალო!“ - და მამა შენი, რომელი ჰხედავს დაფარულთა, ყოველიფე დაფარულის მხედველი, შეისმენს შენს ლოცვას და გაგხდის თავის მოვალედ: უბრალოდ კი არ გიწყალობებს, არამედ როგორც მევალე - მოგაგოს შენ ცხადად.
სადაც არ უნდა ასრულებდე ლოცვას: განმარტოებულ ოთახში თუ ხალხმრავალ ტაძარში, - ერთი გახსოვდეს: ვინა ხარ შენ - ერთი არარაობა; და ვის ევედრები? „ღმერთი - ამბობს წმ. ოქროპირი, ყველგან ხედავს ჩვენს განზრახვებს, სადღაც ჩაგმანულ ოთახში რომ შეხვიდე და კარები დახშო, თუ შენ ამას ფუჭი მედიდურობით გააკეთებ, მაშინ დახშული კარები არ მოგიტანენ რაიმე სიკეთეს. უფალს სურს, რათა შენ, ვიდრე განმარტოვდებოდე, შენგან ფუჭი დიდების ტრფიალი განდევნო. ამ ბოროტი ვნების გარეშეც, ლოცვის დროს სად არა ვსცოდავთ ჩვენი აზრებით: ხოლო როცა ლოცვას ფუჭი დიდების სურვილით ვიწყებთ, მაშინ ჩვენს ვედრებას ჩვენ თავადაც კი ვერ შევიგნებთ. როგორ შეიძლება მაშინ ვიქონიოთ იმის იმედი, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვა მოისმინა და მიიღო?“ - „როგორ, - კითხულობს ნეტარი თეოფილაქტე - ნუთუ მე ეკლესიაში არ უნდა ვილოცო? პირიქით, ოღონდ ეს სუფთა განზრახვით უნდა შევასრულოთ, და არა იმისათვის, რომ ეს ხალხმა დაინახოს; რადგან ჩვენ ადგილი კი არ გვნებს, არამედ შინაგანი განწყობილება და მიზანი. ბევრნი, საიდუმლოდ ლოცულობენ და, ამას აკეთებენ იმისათვის, რომ ხალხს თავი მოაწონონ“.
ვისაც სურს, იგი ეკლესიაშიც, ხალხშიც შეასრულებს უფლის მცნებას დაფარული ლოცვის შესახებ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიური ლოცვა ბევრად მეტია სახლში ლოცვასთან შედარებით. „ამბობენ, - წერს წმ. ოქროპირი, - სახლშიც შემიძლია ვილოცოო, - შენ თვითონ იტყუებ თავს, ჩემო მეგობარო: მართალია, სახლშიც შეგიძლია ლოცვა, მაგრამ ისე არა, როგორც ეკლესიაში, სადაც ღვთისადმი აღევლინება ერთიანი სავედრებელი. შენ არ აშეგიძლია ასე ამაღლება, როცა ერთი იწყებ უფლის მოხმობას. ისე როგორ ამაღლდები როგორც ძმებთან ერთად ტაძარში დგომისას; აქ რაღაც უფრო მეტი არის - სიყვარულის კავშირი, სამღვდელო პირთა მეშვეობით. სწორედ ამისთვის არიან სამღვდელონი დადგენილნი, რათა გააძლიერონ ხალხის ლოცვა და აამაღლონ ზეცაში. მოციქული პეტრე საპყრობილიდან გათავისუფლდა, რადგან „ლოცუა გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთვის“ (საქ. 12,5). თუ ეკლესიის ლოცვა სასიკეთოდ ექცა წმ. პეტრეს, მაშინ შენ, როგორ უარყოფ მის ძალას. რით გინდა ეს გაამართლო?“ მსგავსი მაგალითი მოჰყავს მიტროპოლიტ ალექსისაც: „არ შეიძლება სახლში ლოცვას ჰქონდეს წარმატება ეკლესიური ლოცვის გარეშე. როგორც ცეცხლის გარეშე, მარტო ერთი კვამლით, შეუძლებელია გათბობა, ასევე ემართება სახლში ლოცვას ეკლესიურის გარეშე. ეკლესია არის ზეცა დედამიწაზე: აქ იკვლება ღვთის კრავი მთელი ქვეყნის განსაწმენდად; აქ იქადაგება ღვთის სიტყვა; მასში ქერუბიმები უხილავად ეხვევიან გარს ღვთის დიდების საყდარს; აქ სამღვდელო პირთა ხელით მიიღება და გადაეცემა მართალთ ღვთაებრივი ხორცი და სისხლი ქრისტე მაცხოვრისა. აი, რა არის ეკლესია. როგორ შეიძლება ეკლესიური ლოცვის სახლში ლოცვით შეცვლა?“ ღვთის ეკლესიაში ჩვენთან ერთად ლოცულობენ ჩვენი ზეციური მცველნიც - წმიდანები ღვთისა; ლოცულობს თვით ზეციური დედოფალი ანგელოზებთან და მთავარანგელოზებთან ერთად; ვლაქერნის ტაძარში დაინახა ქრისტესთვის სალოსმა, წმ. ანდრიამ, დედა ღვთისა, რომელიც მთელი ქვეყნისა და მისი წმიდა ომფორის ქვეშ მდგარი მორწმუნე ერისათვის ევედრებოდა უფალს. ეკლესიურ ლოცვებში ჩვენ ვხედავთ მაგალითს ლოცვისა, როგორითაც უნდა ვილოცოთ სახლში. ეკლესიური ლოცვები აღსავსეა ღვთის სულის ცხოველსმყოფელი მადლით, რომლის ჩაგონებითაც არის დაწერილი ეკლესიური საკითხავები და საგალობლები წმიდა ადამიანების მიერ.
ლოცვისას ღმერთს ჩვენი სიტყვები კი არ სურს, არამედ ჩვენი გული; აი რატომაც ამბობს შემდეგ უფალი: და რაჟამს ილოცვიდე, ნუ მრავალს იტყვით, შეუფერებელს. ნუ სთხოვთ ღმერთს თქვენთვის უსარგებლოსა და ამაოს, ვითარცა იგი წარმართთაგანი, როგორც ამას აკეთებენ კერპების თაყვანისმცემლები: თავიანთ გრძელ ლოცვებში ისინი ბევრს მეტყველებენ, ჩამოთვლიან თავიანთი კერპების სახელებს, გამოსთხოვენ თავიანთ ყალბ ღმერთებს, სხვადასხვა ცოდვილ და ღვთისსაწინააღმდეგო სიამეებს. და ფიქრობენ, რომ რადგან მათი ღმერთები სხვადასხვა საზრუნავებით არიან დაკავებულნი, მეტი ღაღადებაა საჭირო, რომ შეისმინონ, რამეთუ ჰგონებენ, ვითარმედ მრავლის-მეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი. „მრავლისმეტყველების ქვეშ, - ამბობს წმ. ოქროპირი, უფალი გულისხმობს ცარიელ სიტყვებს. მაგალითად, როცა ღმერთს ვევედრებით უფლებას, დიდებას, სიმდიდრეს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც არაა ჩვენთვის სასარგებლო“. ხოლო თქუენ ნუ მიემსგავსებით მათ - ნუ მიბაძავთ მათ ასეთ უაზრობაში, რომელიც მხოლოდ შეურაცხოფს ღვთის დიდებულებას; რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რა იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან. ე.ი. მან ყველაფერი იცის, რა არის თქვენთვის უმჯობესი. „მაგრამ თუ მან ყოველივე იცის, - კითხულობს წმ. ოქროპირი: მაშინ რიღასთვის უნდა ვევედროთ? - იმისათვის არა, - პასუხობს თვითონვე, რათა შენ იგი დაგენახოს, არამედ იმისათვის, რათა მან მოგდრიკოს, რომ მოუკლებელი ლოცვით, მას მიგაახლოს და შეგაერთოს, რათა მის წინაშე თავი დაიმდაბლო, და საკუთარი შეცოდებანი გაიხსენო“.
ღვთის საწინააღმდეგოა ისეთი ფიქრი, რომ თითქოს ჩვენთვის ლოცვა არ არის საჭირო. რადგან მან იცის ჩვენი საჭიროებანი. ღმერთი მუდამ მზადაა ყველაფერი მისცეს კაცს, მაგრამ ადამიანი არ არის ყოველთვის მზად, რომ მიიღოს ღვთისაგან სათხოვარი. ღატაკს რომ უწყალობონ, ამისთვის მან უნდა გაიშვიროს ხელი; ჩვილმა რომ მიიღოს საზრდო, მან უნდა გახსნას პირი: ამის მსგავსად, ადამიანსაც ევალება ლოცვა, რათა ღვთისაგან მიიღოს წყალობა სასურველი. ლოცვა ღვთისაკენ გაშლილი ხელია მისგან მადლის მიღებისათვის, ბაგენის გახსნაა, ზეციური საზრდელით გამოკვებისათვის; აი, რატომაა, რომ როცა უფალმა თქვა: „იცის მამამან თქუენმან, რა იგი გიხმს თქუენ“, მაშინვე მოგვცა კიდეც ლოცვის მაგალითი. იგი თვითონვე ამბობს მოგვიანებით: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“ (მთ. 7,7); იგი თვითონ ატარებდა მთელ ღამეებს მხურვალე ლოცვაში და თავისი იგავით ქვრივზე, რომელმაც უსამართლო და შეუბრალებელი მსაჯულიც კი მოუკლებელი თხოვნა-ვედრებით გახადა მოწყალე და შემწყნარებელი, გვასწავლის, რომ უფალს გულით უნდა მოვახსენოთ ჩვენი სათხოვარი. საქმე იმაშია, რომ ბაგენით ლოცვისას უნდა ილოცო გულითა და კეთილკრძალულებით, შეუორგულებელი რწმენითა და ღვთის დიდი სიყვარულით. დიდხანს ილოცებ თუ ცოტას, რამოდენიმე წუთით თუ საათობით, მოკლე სიტყვებით თუ განგრძობილად - ეს მაინც ერთია: ღმერთი მიიღებს შენს ლოცვას. ღირსი მამა ეპიფანე ამბობს: „ქანანელი ქალი ყვიროდა და შესმენილ იქნა; სისხლმდინარე დედაკაცი დუმდა და სანატრელი შეიქნა; ფარისეველი ხმამაღლა მიმართავდა და გამტყუნდა, მეზვერე კი თავის ბაგეებს ძლივს ამოძრავებდა და უფალმა მისი ისმინა“.