მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ყოველი როელი გინდეს თქუენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყავთ... შევედით იწროისაგან ბჭისა...

მათე 7, 12-14

ლოცვაც არ უშველის იმას, ვინც თვითონ დაუდევრად ცხოვრობს: ილოცე, რომ ღმერთი გადარჩენაში შეგეწიოს; მაგრამ შენც უნდა იშრომო, სიკეთე აკეთო, როგორც შეძლებ. აი, ამიტომაც უფალმა, მას შემდეგ რაც თქვა: „ითხოვდით, ეძიებდით, ირეკდით, - მაშინვე მოგვცა საერთო კანონი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა; ამ კანონს, ღვთის სიტყვის განმმარტებლები სამართლიანად უწოდებენ ოქროს კანონს: ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რათა გიყონ კაცთა, - თქვენ, რა თქმა უნდა, გინდათ, რომ ყველას უყვარდეთ, და ყველა თქვენ სიკეთეს გიკეთებდეს: ეგრეთცა თქუენ ჰყავთ მათდა მიმართ: თქვენც ყველას და თითოეულს გაუკეთეთ მხოლოდ სიკეთე. გინდათ, რომ თქვენ კეთილად გექცეოდნენ, გაკურთხევდნენ, თქვენთვის ლოცულობდნენ, გპატიობდნენ დანაშაულებს - ყველანი, მტრებიც კი? იგივე თქვენც გააკეთეთ. საერთოდ: რასაც ხალხისაგან ითხოვ, იგი ხალხისათვის აკეთე. ხალხს რომ ეხელმძღვანელა ქრიტეს ამ მცნებით, მაშინ აღარ იქნებოდა ქვეყანაზე ამდენი წყენანი, სასამართლონი, ტაცებანი, მკვლელობანი, ანგარიშსწორებანი, ომები და უღმრთოებანი. აი სიმართლე ქრისტესი, ყველასათვის გასაგები და ყველასათვის კეთილად მისაღები!.. ამ მოკლე სიტყვებში, - ამბობს წმ. ოქროპირი, მაცხოვარმა გვიჩვენა, რომ კეთილი საქმე მარტივია, მოსახერხებელი და ყველასთვის არის ცნობილი. მან არ თქვა: რაც შენთვის გინდა ღვთისაგან, იგივე გაუკეთე შენს მოყვასს, რათა შენ არ გესაყვედურა: როგორ შეიძლება ეს? - იგი ღმერთია, მე - ადამიანი; არამედ წარმოთქა: რაც გინდა შენთვის შენი სწორისაგან, იგივე შენც მიაგე შენს მოყვასს. რა უნდა იყოს ამაზე უფრო ადვილი? რა უფრო სამართლიანი? რამეთუ ესრეთ არს ჰსჯული და წინასწარმეტყუელნი, - ეს არ არის ახალი კანონი: ამას ასწავლიდნენ ძველი აღთქმის წიგნები და წინასწარმეტყველნი, და თვით ადამიანური ბუნების კანონიც. კეთილისყოფა ადამიანისათვის თანდაყოლილია: ჩვენ სინდისითაც ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ, ასე რომ, ვერ გავიმართლებთ თავს უცოდინარობით. წარმართი ბრძენნიც კი, რომელთაც არ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი, ამბობდნენ: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც არ ისურვებ შენთვის“. ეს კანონი ღვთის ხელითაა აღბეჭდილი ყოველი ადამიანის გულში. „ადამიანის სული, თავისი ბუნებით ქრისტიანია“ - ამბობს ტერტულიანე. თავიანთი გამოცდილებით ჰქონდათ რა შეცნობილი აღნიშნული კანონის მადლიანი ძალა, წმიდა მამები ამბობდნენ: „მოყვასზეა დამოკიდებული სიცოცხლეც და სიკვდილიც“.

მიუხედავად იმისა, რომ სათნოებები ასეთი მშობლიური და ახლობელია ადამიანის გულისათვის, მათი შესრულება მაინც ვერ ხდება წუხილისა და განსაცდელების გარეშე, რაც ადამიანის ცოდვილ ბუნებას ეჩვენება აუტანლად, ამიტომაც უფალი ამბობს: შევედით იწროისაგან ბჭისა. „ვიწრო ბჭეს, ანუ კარს, - განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე, უფალი უწოდებს განსაცდელებს, როგორც თვითნებურს, როგორც მაგალითად მარხვა, მღვიძარება, უპოვარება ან სიღარიბე საკუთარი ნებით და სხვა, ასევე არათვითნებურს, როგორიცაა: საპყრობილე, დევნა, დაკარგვა ქონებისა და დიდებისა, ასევე შვილებისა, ავადმყოფობანი, ჭრილობები და სხვა, რაც იობმა დაითმინა, თუმცა ეს მას არ სურდა. როგორც მსუქანი და გათქვირებული კაცი, ანდა დიდი ტვირთის მქონე ვიწრო ადგილზე ვერ გაივლის, ასევე გემოთმოყვარენი და შეძლებულნი მიდიან ფართო გზით“.

ამ ფართო გზიდან მორიდებასა გვთხოვს ჩვენი უფალი, როცა გვეუბნება: „რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზა ცოდვილი ცხოვრებისა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად დამღუპველი ვნებების მონებამდე და საუკუნო დაღუპვამდე - და მრავალნი ვლენან მას ზედა! ბევრნი ცხოვრობენ უზრუნველად, არაფერში არ ზღუდავენ თავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სჩადიან ცოდვას, და ატყუებენ რა თავიანთ მთვლემარე სინდისს, ამბობენ: „მარტო ჩვენ ხომ არა ვართ, ყველანი ასე ცხოვრობენ“ - უსუსური გამართლებაა! წარღვნამდელ ხალხსაც შეეძლო ასე ემართლებინა თავი, ისინი ყველანი სცოდავდნენ, მართალი ნოეს ოჯახის გარდა, - ყველა სცოდავდა და ამიტომაც ყველა დაიღუპა საშინელ წარღვნაში. ასევე სცოდავდნენ სოდომის მკვიდრნიც, ლოთის გარდა, და ყველა დაიწვა ზეციური ცეცხლით! საშინელია სწორედ ის, რომ რაც უფრო მეტია ჩვენს შორის მოუნანიებელი ცოდვილი, მით უფრო ახლოა ჩვენთან ღვთის სასჯელი: და თუ უფალი გვიბრალებს მაინც, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს შორის ჯერ კიდევ არიან ცოტანი ისეთებიც, რომელნიც ღვისათვის არიან მართალნი, ღვთის მადლით გამორჩეულნი; ცოდვისადმი სიყვარული ჩვენ გვიბიძგებს ცოდვის ფართო გზისა და დაღუპვისაკენ. თვით მაცხოვარი მწუხარებით ამბობს: ვითარ იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა - ო, როგორი ვიწროა კარიბჭე და წვრილია გზა! რომელი მიიყვანებს ცხოურებასა მარადიულსა! ეს არის გზა საკუთარი ზრახვების ლაგამის ამოდებისა, ღვთისათვის საკუთარი სურვილებისაგან განდგომისა, გზა მწუხარებისა და დაკარგვისა, მაგრამ სამაგიეროდ მას მიჰყავს ადამიანი წმიდა და ღვთისათვის სათნო ცხოვრებასთან, სისუფთავესთან და უვნებელობასთან, შემდეგ კი მარადსანეტარო ცხოვრებასთან! „ეს გზა იმდენად ვიწროა, - ამბობს წმ. ბასილი დიდი, - რომ საშიშია ყოველგვარი გადახრა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს, როგორც ბეწვის ხიდზე, საიდანაც საითაც უნდა გადაიხარო, ყველგან ჩავარდები წყალში, ამიტომ, ვინც მიდის ამ ვიწრო და მძიმე გზით, იგი ყოველმხრივ უნდა ერიდოს ყოველგვარ გადახრას, ყოველგავრ დარღვევას გადახვევას უფლის მცნებებიდან, როგორც არის დაწერილი: „არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიო სიტყვას“ (მეორე, 17,11).

„ეს გზა, მღვდელმთავარ ფილარეტის გამოთქმით, ცრემლების წყალზე გადის: „ნეტარ იყუნენ მგლოვარენი“, - აქ, სულიერი სიღარიბის უდაბნოში: „ნეტარ იყუნენ გლახაკნი სულითა“; - დამდაბლების უღრანში; „ნეტარ იყუნენ დევნულნი“ - ამ გზაზე ჩვენ გველის დამღუპველი საფრთხენი: „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან ჰპოვოს იგი“ (მთ. 16,25), ზოგჯერ კი საჭიროა უახლოეს ადამიანებთან განშორებაც კი: „რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა“ (მთ. 10,35). ვიწროა და მძიმე ეს გზა: წმიდა მოღვაწეებმა დაასველეს იგი თავიანთი ოფლით, ხოლო წმიდა მოწამეებმა - თავიანთი სისხლითაც კი“. „ამრიგად, - ამბობს მღვდელმთაავრი ილია მინიატი: ვინც თავაწეული დადის, ვინც სხვებთან არის ამაყი, იგი აქ ვერ გაივლის, თუ თავს არ მოხრის, თუ არ დამდაბლდება იგი: „იწრო არს ბჭე და საჭირუელ გზა“. ვინც გამაძღარია ქვეყნიური სიკეთით, იგი მასზე ვერ გაივლის, თუ ლაგამს არ ამოსდებს თავის სხეულს მარხვითა და შრომით: „იწრო არს ბჭე და საჭირუელ გზა!“ ვისაც აქვს ყოველგვარი ზედმეტი სიკეთენი, და მათ არ უნაწილებს ახლობლებს, იგი ამ გზაზე ვერ გაივლის, თუ ქონებას არ მოაკლებს: „იწრო არს ბჭე და საჭირუელ გზა!“ ბევრი უნდა დაღვარო ოფლი, დიდად უნდა გაისარჯო შრომით, ბევრი უნდა მოითმინო და იტანჯო, რომ შეხვიდე სამოთხეში: „მრავლითა ჭირითა ჯერ არს ჩუენდა შესლუად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქ. 14,22). ვის სხეულსაც უყვარს განცხრომა და მოსვენება, ვისაც არ შეუძლია ერთი საწყენი სიტყვის გადატანაც კი, იგი ვერ შევა სამოთხეში;

„იწრო არს ბჭე და საჭირუელ გზა!“ - და მცირედნი არიან, ამბობს მაცხოვარი; - ო, ასეთები როგორ ცოტანი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას! ხოლო, იმათგან, რომელნიც პოულობენ, ზოგი გზის დასაწყისში, ზოგიც - შუაში, სხვები კი თითქმის ბოლოს, - იღუპებიან. ჭეშმარიტად ვიწროა ეს გზა, მაგრამ აუცილებელი გასავლელი მათთვის, ვისაც სურს მოხვედრა ცათა სასუფეველში. იქ არავის შეუშვებენ ცოდვის სამოსით: საჭიროა მოვიცილოთ ეს სამოსი, რა გზით? ნეტარი ავგუსტინე გვპასუხობს: „მაგალითისათვის გამოიყენე გველის მოხერხება: იმისათვის, რომ მოიცილოს ძველი ტყავი, იგი ძვრევა მეტად ვიწრო ხვრელში. ალბათ იტყვი: სად მოვძბენო მე ასეთი ვიწრო ხვრელი? - მოისმინე: მწუხარებათა ვიწრო კარიბჭეებს შევყავართ ცხოვრებაში...“ ღირსი დედა თეოდორა ამბობდა: „როგორც ხეებს არ ძალუძთ გამოიღონ ნაყოფი, თუ არ დაითმენენ ქვეყნიურ ქარიშხლებსა და წვიმებს; ასევე ჩვენთვის ეს ცხოვრება არის ზამთარი, და ჩვენ სხვანაირად ვერ შევძლებთ გავხდეთ ზეციური სასუფევლის მკვიდრნი, თუ არ გადავიტანეთ უამრავი მწუხარებანი და განსაცდლენი“.

მაგრამ თუ ცათა სასუფევლის გზა ვიწროა, მაშინ რატომ ამბობს სხვაგან უფალი: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მთ. 11,30). როგორაა ეს გზა ერთდროულად ვიწროც და მოსახერხებელიც? - კითხულობს წმ. ოქროპირი და თავადვე პასუხობს: „მოსახერხებელი ეს გზა იმიტომ არის, რომ იგი არის გზა და კარიბჭეც: მასზე არაფერი ჩერდება, არამედ ყველაფერი გადის, - როგორც მწუხარებანი, ისე სიხარული ცხოვრებისეული“. - „ვინც წყენას ითმენს, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, იგი თითქოსდა გვერდს უვლის სხვა კარიბჭეებს: ასევეა გემოთმოვაყრეც, მიძალებულია რა გემოთმოყვარეობას, გადის მხოლოდ გარკვეულ გზას. მაგრამ როგორც ის, ისე მეორე არის დროებითი, ამიტომ აირჩიე უკეთესი“. „სასუფევლის კარნი თავისთავად კი არ არიან ვიწრონი, ამბობს ნეტარი ავგუსტინე, ჩვენ ვავიწროვებთ მათ ჩვენივე სიამაყით, შემდეგ კი ვწუხვართ, რომ ვერ ვახერხებთ შესვლას იქ, წინააღმდეგობების გამო ვჭმუნავთ და ვღიზიანდებით. როგორ უნდა მივცეთ შვება სულს? თავმდაბლობის სასმისიდან უნდა შევსვათ, თუმცა მწარე, მაგრამ სამკურნალო სასმელი“. „როგორც შევიწროებული წყალი მაღლდება ზევით, ასევე სულიც, უბედურებებით შევიწროებული, სინანულით ღმერთმადე ადის და გადარჩება“ - ამბობს ღირს იოანე კიბისაღმწერი. აი ამიტომაც, ერთმა მწარედ მტირალმა ღვთისმოშიშმა ქალმა, მოხუცი ბერის კითხვაზე, თუ რა ატირებდა, ასე უპასუხა: „იმიტომ ვტირივარ, რომ დავივიწყე ღმერთი, და ღმერთმაც დამივიწყა მე: აი, უკვე მესამე წელია და ჩემი ცოდვების გამო, ღმერთს ერთი დარდიც კი არ გამოუგზავნია ჩემთვის“. მწუხარება და დარდი მას მიაჩნდა ღვთის დიდ წყალობად. „პავლემაც მწუხარებას უწოდა მსუბუქი, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მაგრამ, ასე მოიხსენა არა მწუხარების თვისების გამო, არამედ მოღვაწეთა თვითნებობისა, და მომავალი სიკეთის იმედისათვის. ასე რომ, ნუ ვიდარდებთ, თუ ცხოვრების გზაზე შეგვხვდება უბედურებანი. უფალმა იმიტომაც უწოდა ამ გზას მძიმე, რათა ძილისაგან გამოაღვიძოს მასზე მავალი. მაგრამ, დაე იყოს ეს გზა მწუხარე და დარდიანი და მისი ბჭენი ვიწრონი, - სამაგიეროდ ის ქალაქი არ არის ასეთი, საითკენაც ამ გზას მივყავართ!“