მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

ითხოვდით და მოგეცეს თქუენ... მამამან თქუენმან ზეცათამან მისცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას

მათე 7, 7-11

დიდებული და საკვირველი მცნებები მოგვცა მაცხოვარმა, - ამბობს წმ. ოქროპირი: მან დაგვიდგინა ყოველგვარ ვნებებზე ამაღლება, მიგვაახლოვა ზეცას და მოგვთხოვა მიმსგავსება არა ანგელოზებთან, არამედ მთავარანგელოზებთან, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. ხოლო თავის მოწაფეებს დაუდგინა, ყოველივე ამის არა მარტო თავად შესრულება, არამედ სხვების გამოსწორებაც. და აი, რათა არ თქვან, რომ ეს ძნელია და შეუძლებელი, იგი ამბობს, რომ მარტო ჩვენით კი არ უნდა ვეცადოთ ამის შესრულებას, არამედ შეწევნა უდნა ვითხოვოთ ზეციდან, რომელიც აუცილებლად მოვა ჩვენთან და შეგვიმსუბუქებს ჩვენს ღვაწლს, ყოველივეს გახდის ადვილად გადასატანს. ამიტომაც დაგვიდგინა თხოვნაც და აღგვითქვა კიდეც თხოვნის შესრულება: ითხოვდით, ამბობს იგი, და მოგეცეს თქუენ. თხოვნა საჭიროა, რადგან ზეციური მწყალობელი კეთილია, და როგორც ჩვენ აგვიკრძალა ძვირფასი თვლების ღორებთან დაფენა, ასევე თვითონაც არ შვება ამას: იგი არ აძლევს სიკეთეს იმათ, ვისაც არ უნდა ამისი გამოთხოვა მისგან, ვინც ხურავს თავის გულს და ამის გამო უვარგისია ღვთის მადლის მისაღებად. არა, უბრალო თხოვნას კი არ ითხოვს ჩვენგან, არამედ მთელი მონდომებითა და ძალით ვედრებას: ეძიებდით და ჰპოოთ, - მოთმინებითა და მუდმივად: ირეკდით და განგეღოს თქუენ; „ჩვილი, - ამბობს ღირსი მაკარი დიდი, - როცა ეძებს დედას, ტირის, და დედაც სიბრალულით ეგებება მას; დედას ახარებს, რომ შვილი მთელი ძალითა და ტირილით ეძებს მას, ამიტომ დიდი სიყვარულითა და მოფრთხილებით იყვანს ხელში, ეფერება და აჭმევს მას. იგივეს აკეთებს კაცთმოყვარე ღმერთი ადამიანის სულისათვის, რომელიც ეძებს მას“.

„ასე, რომ ადამიანო, ნუ მოიწყენ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ითხოვე, უკაკუნე მოწყალე ღმერთის კარს; მაშინვე კიდეც რომ არ მიიღო, გულს ნუ გაიტეხ. ამისთვის თქვა ქრისტემ: „ირეკდიო“, რათა ეჩვენებინა, რომ კარები მალე კიდეც რომ არ გაგიხსნას, მაინც უნდა ეცადო. თუ შენ ხშირად გექნება ხალხთან ასეთი შეხება, მაშინ შეიძლება მოწყენილი და მძიმე ბუნებისად მოეჩვენო მათ: მაგრამ სათხოვარს მაინც მიიღებ მისგან, აუცილებლად მიიღებ მას. „ითხოვეთ, ამბობს ერთი მოღვაწე მამა, ლოცვის სიტყვებით: ეძიეთ მთელი გულით; ქრისტიანული მოწყალების საქმეებით უკაკუნეთ ღვთის მოწყალების კარს“. „იმიტომაა კარი დაკეტილი, - ამბობს წმ. ოქროპირი, რომ შენ გაგიღვივოს სურვილი მისი მიწოლისა; მაშინვე იმიტომაც არ იღება. რათა შენ სთხოვო მას“. მადლის საგანძური ნებისმიერისათვის მისაწვდომია, ამაში შენ გარწმუნებს, ამას გპირდება მოწყალებით მდიდარი მეუფე ამ საგანძურისა: რამეთუ ყოველი, ამბობს იგი, რომელი ითხოვდეს, მიიღოს, და რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს. თუ არ ენდობი ჩემს სიტყვებს, მაშინ ამ მაგალითს მაინც ენდე: ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ჰსთხოვდეს ძე თვისი პურსა, ნუ ქუაი მიჰსცესა მას? პურის ნაცვლად, რომელიც პურს მხოლოდ გარეგნულად თუ ემსგავსება. გინა თუ თევზსა ჰსთხოვდეს, ნუ გველი მიჰსცეს მას? თევზის ნაცვლად, რომელიც მხოლოდ გარეგნულად თუ წააგავს თევზს?

რატომაა, რომ მოწყალე ზეციური მამა ყოველთვის არ გვისრულებს ჩვენ სათხოვარს? იმიტომ, რომ ხშირად ჩვენ პურის მაგივრად ქვასა ვთხოვთ მას, იმას ვითხოვთ ღვთისაგან, რაც ჩვენთვის სასარგებლო არაა... „ნუ ითხოვ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ნურაფერს ქვეყნიურს, არამედ მხოლოდ სულიერი გამოითხოვე და აუცილებლად მიიღებ. ამიტომ მლოცველმა ორი წესი უნდა დაიცვას: პირველი ის, რათა ითხოვოს მთელი ძალისხმევით, მეორე კი რათა მხოლოდ საჭირო გამოითხოვოს ღვთისგან. რამეთუ თქვენც, - ამბობს მაცხოვარი, იქნებით რა მამები, მოისმენთ თქვენი შვილების სათხოვარს; და როცა პატარა ბავშვები თხოულობენ დანას, ან გავარვარებულ ნაკვერცხალს, თქვენ არ აძლევთ მას, რადგან იცით, ეს მათთვის როგორ საზიანო იქნება, ხოლო როცა მოგთხოვენ სასიკეთოს, მაშინ ხალისით უსრულებთ თხოვნას“. ჩვენ ყველაფერს ვერ ვხედავთ: ჩვენ ისიც კი არ ვიცით, - ამბობს მოციქული პავლე (რომ. 7,26), რაზე და როგორ ვილოცოთ, ღმერთმა კი ჩვენზე უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და სასიკეთო, ამიტომაც არ გვისრულებს რა ზოგიერთ ჩვენს სათხოვარს, ამით დიდ სიკეთეს გვიკეთებს. მოციქულმა პავლემ სამჯერ შესთხოვა უფალს, რათა განეშორებინა მისგან „ანგელოზი სატანისა“, ანუ განსაცდელი, და უფალმა არა მარტო არ შეუსრულა ეს თხოვნა, არამედ გადაჭრით უარი უთხრა ამაზე მას. „ნუ მოიწყენთ თქვენ, - გვეუბნება ნეტარი ავგუსტინე, როცა ითხოვთ და ვერ ღებულობთ; ნუ იფიქრებთ, რომ ღვთის თვალი მოგერიდათ. ექიმი ყოველთვის როდი აძლევს ავადმყოფს იმას, რაც მას უნდა, არამედ ხშირად სწორედ იმას უდგენს, რაც მისთვის სასურველი არაა. მკურნალი არ აძლევს ხშირად ავადმყოფს უფლებას, რომ მიიღოს გემრიელი საკვები, რათა ყველაფრის უფლება მისცეს მას, როცა გამოჯანმრთელდება“. - ასე ასრულებს ღმერთი თავისი ერთგული მონების გულის უმთავრეს სურვილს: გახდნენ წმიდანები, ხოლო დროებით სურვილებს ყოველთვის არ უსრულებს მათ, რადგან ისინი მათთვის ხშირად მავნეა.

ზოგჯერ ღვთისაგან საწადელი დროზე არ გისრულდება. მაშინაც ნუ მოიწყენ, „ნუ მოეშვები იქამდე, - ამბობს ოქროპირი, ვიდრე არ მიიღებ სათხოვარს; ნუ განერიდები, ვიდრე არ იპოვი, ვიდრე შენთვის კარები არ გაიღება. შენ აუცილებლად მიიღებ, თუ მხოლოდ იმას ითხოვ, რისი მოცემა ღვთისათვისაც სასურველია და შენთვის, მთხოვნელისათვისაც მისი მიღება სასარგებლოა“. გახსოვდეს, რომ სიზარმაცე და მოწყენა ლოცვისას - ეს მტრისაგანაა: ღირსი მამა აღათონი ამბობს, რომ „არ არსებობს კიდევ ისეთი შრომა, როგორიცაა ღვთისადმი ლოცვა, ყოველთვის, როგორც კი ადამიანი მოიწადინებს ლოცვას, მტერს სურს მისი ლოცვიდან მოწყვეტა; მან იცის, რომ არაფერი ისე არ უწევს მას წინააღმდეგობას, როგორც ღვთისადმი ლოცვა, ამიტომაც ლოცვა სიცოცხლის ბოლო წუთამდე ითხოვს მლოცველისაგან ბრძოლას“. ზოგჯერ ღმერთი თავად აყოვნებს სათხოვარის შესრულებას იმისთვის, რომ შენ არ დაივიწყო იგი, არ განეშორო მას მას შემდეგ, როცა შეგისრულდება თხოვნა. ანდა იმიტომ ვერ ღებულობ სათხოვარს, რომ შენ თვითონ გახადე შენი თავი უღირსი თხოვნის მისაღებად. წმიდა მამები ამბობდნენ: „ღმერთი იმას უსმენს, ვინც თვითონ უსმენს ღმერთს“, ანუ ვინც ასრულებს ღვთის მცნებებს. ზეციური მამა კეთილია, და ამავე დროს სამართლიანიც, ამიტომაც არ შეუძლია უღირსს მისცეს წყალობა, ზოგჯერ კი თვით სიკეთის გამო არ შეუძლია ბოროტება მისცეს მთხოვნელს. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ლოცვა არ შეისმინება, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ იგი შესმენილ იქნა ბევრად უკეთესად, ვიდრე მლოცველს შეეძლო ამის წარმოდგენა. ასეთ დროს ჩვენთვისვე უკეთესია, თუ ღმერთი არ ისმენს ჩვენსას: მაშინ სათხოვარის შეუსრულებლობით ვღებულობთ ჩვენ სარგებელს.

„ღმერთს ისე უყვარს ხალხი“, - ამბობს წმ. ოქროპირი, და თავისი სიყვარულით იმდენად გარდაემატება ქვეყნიურ მამებს, რამდენჯერაც სიკეთე აღემატება ბოროტებას“; ასე რომ, თვით ადამიანურ სიკეთეს, ღვთის განუსაზღვრელ სიკეთესთან შედარებით, შეიძლება ეწოდოს ბოროტება, როგორც ამას ამბობს წმ. ისიდორე პელუსიოტი. ამიტომ მაცხოვარი შემდეგ ბრძანებს: უკეთუ თქუენ უკეთურთა, რომელნიც თქვენი ცოდვილი ბუნებისა გამო ყოველთვის ბოროტისაკენ იხრებით, და მაინც იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, ყოველგვარ ქვეყნიურ სიკეთეს შოულობთ მათთვის, რაც კი საჭიროა მათ მიწიერი ცხორებისათვის, - რაოდენ უფროსღა მოწყალე მამამან თქუენმან ზეცათამან, რომელმაც იცის, როდის რა მოგვცეს, მოჰსცეს ჭეშმარიტად სულიერი წყალობანი, კეთილი, რომელნი ჰსთხოვდენ მას - თავის სამწყსოს ამიტომ ყოველგვარი თხოვნა, ყოველი თქვენი ლოცვა მთლიანად მიუძღვენით ზეციური მამის ნებას; ისურვებს იგი იმის შესრულებას - იყოს ყოველივე მის სადიდებლად, არ ისურვებს და - იყოს ჩვენზე მისი წმიდა და ყოვლადკეთილი ნება. ასე, რომ თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტეც ლოცულობდა გეთსამანიის ბაღში: „მამაო ჩემო! უკეთუ შესაძლებელ არს, თანა წამხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მთ. 26,39,42).

„მე არ ვირჯები ბედნიერებისათვის“, - ამბობდა ერთი წმიდა ბერი, და არასოდეს ვევედრები ამისთვის ზეციურ მამას, რომელიც ყოველივეს განაგებს, და ამდაგვარი მოქმედებით მე არასოდეს ვყოფილვარ უბედური, იმის მსგავსად, ვისაც სურვილი ყოველთვის არ უსრულდება. მშიერი ვარ? ამისთვის ვმადლობ ღმერთს, როგორც მამას, რომელიც ყოველივეს ხედავს და იცის რა გვესაჭიროება; მცივა თუ მტანჯავს უამინდობა? მაინც ვმადლობ მას; ყველანი მე დამცინიან? - მაინც ვადიდებ მას, რადგან ვიცი, რომ ყოველივე ამას უშვებს, ან აკეთებს ღმერთი, და შეუძლებელია, რომ ის რასაც იგი უშვებს, იყოს ცუდი. ამრიგად, ყველაფერს სასიამოვნოსა და საზარელს, ტკბილსა და მწარეს, ვღებულობ სიხარულით, როგორც კეთილი მამის ხელიდან; მსურს მხოლოდ ის, რაც სურს უფალს, ამიტომაც ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ ხდება. ბოროტებას მიიღებს ის, რომელიც სიკეთეს ეძებს ამ ქვეყანას, რადგან აქ არ მოიპოვება სხვა ბედნიერება, ვიდრე მთლიანად ღვთის ნების მინდობაა. ღვთის ნებაა ყოვლად კეთილი და მართალი. მე ვცდილობ მთლიანად მინდობილი ვიყო მას, და მხოლოდ იმაზე ვირჯები, რომ ის მინდოდეს, რაც ღმერთს უნდა, და არ ვისურვო ის, რაც არ სურს მას“.

წმიდანებიც თავიანთ სიხარულს მთლიანად მიანდობდნენ ღვთის წმიდა ნებას ამქვეყნიური ცხოვრებისას და ნეტარებას მომავალ ცხოვრებაში. აი მაგალითად, როგორ ლოცულობდა ყოველდღე მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი: - „დამიცევ მე, მცველო ჩემო, შენი სიკეთით, და არა ჩემი საქმით. შენ გინდა ჩემი გადარჩენა. შენ თავად განსაზღვრე, როგორ უნდა იყოს იგი; დამიფარე მე, როგორც გსურს შენ, რამდენადაც არის შესაძლებელი: შენ განაგებ ბედს, დამიცევ მე! მე შენზე, ჩემს უფალზე ვარ მონდობილი და შენს წმიდა ნებაზე ვარ დამოკიდებული; ის ინებე ჩემზე, რასაც ისურვებ, თუ გსურს ჩემი ყოფნა ნათელში, იყავი კურთხეული! თუ გახსნი ჩემთვის შენი მოწყალების კარებს, სიკეთეა და წყალობა დიდი; თუ დაჰხშავ შენი მოწყალების კარს, კურთხეული ხარ, უფალო, სიმართლისათვის რომ დახშე იგი; თუ არ დამღუპავ ჩემს უსჯულოებებში, დიდება შენს უსაზღვრო მოწყალებას; თუ წარმწყმედ ჩემს უსჯულოებებთან, დიდება შენ სამართლიანი განსჯისათვის: როგორც ისურვო, ისე განაგე ყოველივე ჩემზე!“