მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

უფლის პასუხები ამაყი მწიგნობარისა და მდაბალი მოწაფისათვის

მათე 8, 19-22

„როგორც მთაზე ნეტარებისას ქადაგებისას, - ამბობს წმ. ოქროპირი, მარტო მაშინ კი არ იყვნენ უფლის გვერდით, როცა ის ასწავლიდა, არამედ მას მისდევდნენ მაშინაც, როცა ის დუმდა; - ასევე კაპერნაუმშიც, მას ეკვრებოდნენ არა მარტო მაშინ, როცა ახდენდა სასწაულებს, არამედ მაშინაც, როცა შეწყვიტა სასწაულთა მოხდენა, მხოლოდ სახეში ყურებითაც კი ღებულობდნენ სიკეთეს. და მართლაც, თუ მოსეს ჰქონდა დიდებული სახე, სტეფანეს კი ანგელოზებრივი, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა მაშინ სახე მეუფისა! სინამდვილეში, ბევრი მის მიმართ სიყვარულისა და გაკვირვებისა გამო, ცდილობდა მუდამ დამტკბარიყო მისი სახის მზერით და მოუცილებლივ იყო მასთან. მართლაც და ვინ შეძლებდა მორიდებოდა ასეთი სასწაულების მოქმედს? ვინ არ ისურვებდა უბრალოდ ემზირა მისი სახისა და ბაგენისათვის, რომლებიც ასეთ საკვირველ სიტყვებს წარმოთქვამდნენ? იგი გაოცებას იწვევდა არა მარტო სასწაულებით, არამედ შესახედადაც იყო დიდად საამო, როგორც ამას ამბობს წინასწარმეტყველი: „შუენიერ სიკეთისა უფროის ძეთა კაცთასა„. ისაიასაც აქვს ნათქვამი : „იგი ამას ამბობს ან მიუწვდომელ და გამოუთქმელ დიდებაზე ღვთისა, ანდა იმაზე, რაც შეემთხვა მას წამებისას, და უპატიოებისას, რაც მან დაითმინა ჯვარზე გაკვრისას, ანდა სიმდაბლეზე, რომელსაც ყველას უცხადებდა, მთელი ცხოვრების მანძილზე“.

მაგრამ ყველას როდი სურდა ერთნაირი გულით მის გვერდით ყოფნა. წმიდა მახარებელს მოყავს ამისი მაგალითი. და მოუხდა მას ერთი მწიგნობარი, სიმდიდრეს დამონებული და ქედმაღალი კაცი, როგორც ამას ამბობს წმ. ოქროპირი და ჰრქუა: მოძღუარ! მიგდევდე შენ, ვიდრეცა ჰხვიდოდე. ამაყი მწიგნობარი ფიქრობდა, რომ იესო ქრისტეს გაახარებდა ისეთ საპატიო და სწავლულ კაცთან შეხვედრა, როგორადაც მას წარმოედგინა საკუთარი თავი. „ხედავ, როგორია სიამაყე? - ამბობს წმ. ოქროპირი, იგი თავის თავს დამდაბლებულადა თვლის უბრალო ხალხში ყოფნით, და სურს დაანახოს, რომ იგი ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე მდაბიო ხალხი - და ასეთი ფიქრებით მიდის იესოსთან“. „მწიგნობრის კადნიერებაში - ამბობს წმ. ათანასი ალექსანდრიელი, შეიძლება დავინახოთ მისი წინდაუხედავი მოქმედებისა და უპატივცემობის ნიშანი: მაცხოვრის კვალზე სიარული, რათა მოისმინოს მისი სწავლა, ეს ადამიანისათვის შესაძლებელი საქმეა. მაგრამ მისი ყველგან მიყოლა, შეუძლებელია და კადნიერებაა იმისათვის, ვისაც ასეთი ბუნება აქვს მიცემული: შეუძლებელია ჩვენთვის ყველგან თან ვახლდეთ ყველგანმყოფს, რადგან იგი განუსაზღვრელია, ჩვენ კი შემოსაზღვრულნი“. „მოკლედ - შენიშნავს წმ. ოქროპირი, უფალმა არ განიკითხნა იგი უადგილო კადნიერებისათვის, რითაც გვასწავლა, რომ მოვითმინოთ ასეთებიც. აი, რატომ არ ამხელს ცხადად იმათ, რომელთაც ჰქონდათ ბოროტი განზრახვანი, არამედ თავის პასუხებს მიმართავდა იმათი აზრების საწინააღმდეგოდ რითაც იგი მათ სთავაზობდა მხილებას და ორმაგ სიკეთეს: ერთი მხრივ იგი აჩვენებდა რომ მან იცოდა, რაც მათ სინდისში ჰქონდათ დაფარული, მეორე მხრივ კი იმას, რომ მიუხედავად მისი გულათმხილავობისა, მაინც ფარავდა, რითაც აძლევდა მათ გამოსწორების შესაძლებლობას, თუ კი ისურვებდნენ ამას. ასევე მოექცა იგი ამ მწიგნობარსაც. ხედავდა რა უამრავ საკვირველებებს, მწიგნობარი ფიქრობდა უფრო გამდიდრებულიყო ამ სასწაულებით, ამიტომ სურდა მიყოლოდა ქრისტეს. ეს ჩანს პასუხიდან რომელიც მიუგო მას ქრისტემ, მიუსადაგა რა არა ნათქვამ სიტყვებს, არამედ მთქმელის აზრებს“.

ჰრქუა მას იესო: მელთა ხურელი უჩნს და მფრინუელთა ცისათა საყოფელი; ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს, არ გააჩნია ადგილი, რომელსაც საკუთრად მიიჩნევდა იგი. „რატომ გგონია რომ ჩემი მიყოლით, დააგროვებ ფულს? ნუთუ ვერ მხედავ, რომ მე არა მაქვს ისეთი უბრალო საცხოვრებელიც კი, როგორიც აქვს ფრინველებს? მე მსურს, რომ ჩემი მიმდევრებიც იყვნენ ასეთები, ისინი მზად უნდა იყვნენ ყოველგვარი უნუგეშობისათვის, არ უნდა ელოდნენ მხიარულ დღეებს, დიდებასა და სიმდიდრეს“. - „შეხედე - ამბობს წმ. ოქროპირი, როგორ სიმშვიდეს გვაჩვენებს; არ თქვა: მართალია მე მაქვს, მაგრამ მძულს იგი, არამედ თქვა: არა მაქვს. ხედავ როგორი დიდი ჰქონდა მას წინდახედულება და მასთან შემწყნარებლობაც? და ეს მან იმიტომ კი არ თქვა, რომ მოერიდებინა თავიდან, არამედ რათა ემხილებინა მისი ბოროტი განზრახვა და მიეცა შესაძლებლობა მას გაყოლოდა ასეთი იმედით, თუ კი იგი მას ისურვებდა“.

მწიგნობარი მიხვდა, რომ ყოველივე მისეული გაცხადდა და მოტყუვდა რა მიზანში, დადუმდა. „უფალმა, - ამბობს წმ. ისიდორე პელუსიოტი, - მოარიდა ეს მწიგნობარი თავისთან სიახლოვეს, რათა მის შეუპოვრობას არ დაებრკოლებინა მორწმუნენი, რათა მათ, შეხედავდნენ რა ასეთ ადამიანს, არ განეკითხათ სამეფო ძალა სისუსტისათვის, რომ თითქოს მას არ შესწევდა უნარი სათნოებებისაკენ მოექცია. ამგვარად ხშირად იქცეოდა უფალი სხვა შემთხვევებშიც. თუმცა, ცხადად არ ამხელდა, მაგრამ თავისი პასუხით გამოხატავდა მასთან მისულის აზრს“. ნეტარი თეოფილაქტე და ევთიმი ზიგაბენი უფლის სიტყვებს კიდევ ასეთ აზრს ანიჭებდნენ: „ვნების ბოროტი დემონები ცხოვრობენ შენში, შენს გულში აქვთ სოროები და ბუდეები, ამიტომ მე ვერ შევძლებ სულ მცირედ მაინც დავმკვიდრდე შენს სულში“.

აქ, პირველად სახარებში, გვხვდება მდაბალი სახელი „ძე კაცისა“, როგორც უყვარდა სიყვარულით ეწოდებინა თავისთვის ეს სახელი. ძე კაცისა, იგივეა რაც საერთოდ ადამიანი. ებრაელებს კი, ეს მდაბალი სახელი ახსენებდა დანიელის ჩვენებას: წინასწარმეტყველმა ნახა: „აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი, იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე, მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხნი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დან. 7,13-14). ცხადია, რომ აქ წინასწარმეტყველი აგვიწერს ქრისტე მაცხოვარს, რომელზედაც მოციქული ამბობს, რომ „რომელი იგი ხატი ღმრთისა იყო, ხატი მონისა მიიღო და მჰსგავს კაცთა იქმნა“ (ფილლიპ. 2,6-7), ცოდვის გარდა. ქრისტე მაცხოვარი ღვთის ძედ იმიტომ იწოდება, რომ იგი თავისი ღვთაებრიობით ერთია მამა ღმერთთან; იგივე იწოდება ძედ კაცისა იმიტომ, რომ იგი ჩვენთან ერთად არის ადამიანურობით. მას უყვარდა ეწოდებინა ძე კაცისა იმიტომ, რომ ხალხი ისე უყვარდა, როგორც თავისი ძმები; ამ სახელწოდებით მას სურდა ეჩვენებინა მისი განსაკუთრებული სიახლოვე ხალხთან, ადამიანური ბუნებით ნათესაობა მათთან; როგორი შემძვრელია მორწმუნე კაცის გულისათვის ჩვენთან ასეთი დაახლოება მისი! განა ამისთავის არ მიისწრაფოდნენ მისკენ მათი უბრალო და კეთილი გულები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გავწყვიტათ მიწასთან მიჯაჭვულობანი?

და აი წმიდა მახარებელს მოჰყავს ერთი ასეთი კეთილი, მაგრამ მერყევი სულის მაგალითი: და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან უკვე მისმა ყოფილმა მოწაფემ, ჰრქუა მას: უფალო! მიბრძანე მე პირველად, ვიდრე გავხდებოდე მუდმივი, განუშორებელი შენი მოწაფე, მისლუად, და დაფლუად მამისა ჩემისა, შევასრულო წმიდა მოვალეობა შვილისა - მივაგო მამას უკანასკნელი ვალი. „ხედავ განსხვევებას? - ამბობს წმ. ოქროპირი. ის ურცხვად ამბობდა: „ყოველგან გამოგყვები, სადაც არ უნდა წახვიდე“, ეს კი, ეკითხება რა კეთილ საქმეზე ნებართვისათვის, ეუბნება: „მიბრძანე მე“. ქრისტე არ დათანხმდა ამაზეც. ხოლო იესო ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკვდარნი სულიერად მომკვდარნი, - მიატოვე ისინი, ვინც უგრძნობელია ჩემი სიტყვისადმი, ჩემი საქმისადმი, რომელთათვისაც გაუგებარია იგი, არ სწამთ ჩემი, ამიტომ თავიანთი ცოდვებით არიან მომკვდარნი, იმათ მიანდე დაფლუად თვისთა მკვდართა - ე.ი. სხეულით მომკვდართა დამარხვა. გულთამხილავი უფალი ხედავდა, რომ ცხოვრებისეული საზრუნავები არიდებდა ღვთის საქმეებს ამ კაცს, რომელიც თუმცა უკვე მისდევდა მას, და ამიტომაც აღარ მისცა ნება მიყოლოდა ასეთ საქმეებს: „მის გარეშეც იყვნენ ისეთები, ვისაც შეეძლო დაეფლათ მიცვალებული“, - ამბობს წმ. ოქროპირი: მიცვალებული არ დარჩებოდა დაუმარხავი, ის კი არ უნდა განშორებოდა ბევრად უფრო საჭირო საქმეს. ტყუილად არ თქვა უფალმა: „თვისთა მკვდართა“, ამით გვაჩვენებს რომ მომკვდარი, ჩემი აზრით, იყო ურწმუნოთაგანი. მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას: განა მამის დაკრძალვაზე დაუსწრებლობა არ იქნებოდა უმადურობა დიდი? - ეს რომ მას გაეკეთებინა სიზარმაცით ან დაუდევრობით, მაშინ რა თქმა უნდა, უმადურად გამოჩნდებოდა იგი; მაგრამ თუ ეს მან გააკეთა იმისათვის, რათა არ დაერღვია უფრო აუცილებელი საქმე, ასეთ შემთხვევაში იგი მოიქცა კეთილგონივრულად. რა თქმა უნდა, იესომ იმიტომ კი არ დაუშალა ეს საქმე, რომ ამით მშობლებისადმი უპატივცემობა ებრძანებინა, - არამედ იმისათვის, რათა ეჩვენებინა, რომ ჩვენთვის ციურ საზრუნავზე უმეტესი არაფერია, რომ ზეცისათვის ზრუნვა არ უნდა გადაიდოს არაფრის გამო, კიდეც რომ გვარიდებდნენ მას ძალზედ საჭირო და გადაუდებლი საქმენიც კი.

მართლაც, რა შეიძლება იყოს მამის დაკრძალვაზე უმეტესი? ამისათვის დიდი დრო არ იქნებოდა საჭირო. თუ კი, იმ მცირე ხნითაც კი, რაც მამის დამარხვას ესაჭიროება, სულიერი საქმის მიტოვება უსაფრთხო არ არის, წარმოიდგინეთ რა გვეშველება ჩვენ, რომელნიც ხშირად ვტოვებთ ქრისტიანულ საქმეებს და ყველაზე უმნიშვნელოს ვამჯობინებთ აუცილებელს? მაცხოვრის სწავლების სიბრძნე იმითაც გვანცვიფრებს, რომ მან ძლიერ მიიზიდა თავისკენ ჭაბუკი სიტყვით, და ამასთან ერთად უამრავი წვრილმანისაგან გაათავისუფლა იგი: მოთქმის, ტირილის და ყველა სხვა საქმისაგან, რაც მისთვისაა დამახასიათებელი; დაკრძალვის შემდგომ უნდა გაერკვია ანდერძით რა ჰქონდა დანატოვარი და ა.შ. ამრიგად, ამ მღელვარე ტალღებს, ერთიდან მეორეზე რომ გადადის, შეეძლოთ ჭეშმარიტ ნავთსაყუდელს დაეშორებინა იგი. აი, რატომ იზიდავს მას თავისკენ უფალი - თუ მაცხოვარმა მას არ მისცა ნება რომ თუნდა მცირე ხნით მიეტივებინა მისი სწავლა, როგორი სასჯელი გველის ჩვენ, მის მცნებებს მუდამ რომ ვართ დაშორებულნი?!