მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ...

მათე 9, 36-38

ქრისტე მაცხოვარს გვერდი არ აუვლია არცერთი ქალაქის, არცერთი სოფლისათვის და ყველგან მიჰქონდა თან ორი დიდი წყალობა: სახარება სასუფევლისა ანუ ცხოვნებაზე ქადაგება, და ყოველგვარ სნეულებათაგან განკურნება. მაგრამ ესეც ცოტა არ იყო მისი ღვთაებრივი მოწყალებისათვის: და ვითარცა იხილა ერი იგი, გვიყვება წმიდა მათე, მას შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყუნეს დამაშრუალ და დაცვივნებულ, აბუჩად აგდებულნი და მიტოვებულნი, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი, რომელი იზრუნებდა მათთვის. მათი წინამძღოლები არა თუ აუკეთესებდნენ მათ, არამედ კიდევ უფრო ვნებდნენ თავიანთი ყალბი სიბრძნით, და აი, ზეციური მწყემსი იცოდებს ამ დაქსაქსულ ცხვრებს: მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თვისთა: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ბევრია ისეთი ხალხში, რომელსაც სწყურია ქადაგების მოსმენა ღვთის სასუფეველზე, მაგრამ ძალზე ცოტანი არიან ამისთვის მომზადებული მასწავლებლები: ამიტომ ევედრენით უფალსა სამკალისასა, რათა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალისა თვისსა. „რომელ მუშაკებზე ამბობს აქ უფალი? - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: - თორმეტ მოციქულზე, მაგრამ თქვა რა: „მუშაკნი მცირედ“, განა გაზარდა მან მათი რიცხვი? - არა, არამედ მხოლოდ თორმეტი გაგზავნა საქადაგებლად. მაშინ რატომღა თქვა: ევედრენით უფალსა, სამკალისასა, რათა გამოსვლინნეს მოქმედნი სამკალისა თვისსა“, იმისათვის, რომ შემდგომ ეს თორმეტი შეეცვალა სხვებს, რომელნიც მიიღებდნენ მადლიან ძალებს. შეხედე, როგორ შორსაა იგი ცუდმედიდურობისაგან: რათა ყველა თვითონ არ იახლოს, აგზავნის, არამედ თავად მათი განსწავლისათვის, რათა პალესტინაში წარმოქმნილ ერთგავრ სასწავლებელში, შეემზადებინათ თავი მთელი ქვეყნის საგმირო საქმეებისთვის. ამიტომაც იყო, რომ როგორც ბარტყებს, ისე ასწავლიდა ფრენას, და უხსნიდა მათ ფართო ასპარეზს მოქმედებისათვის, რათა შემდგომ მათ უფრო ადვილად დაეძლიათ შემდგომი გმირობანი; და თავიდან ისინი გახადა მხოლოდ სხეულის მკურნალნი, რათა შემდეგ მიენდო მათთვის უფრო მნიშვნელოვანი - მკურნალობა სულისა. შეხედე, როგორ გვაჩვენებს სიმსუბუქესა და აუცილებლობას ამ საქმისა. რას ამბობს? „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირდ“. მე, ამბობს იგი, გაგზავნით თქვენ არა სათესად, არამედ მოსავლის ასაღებად. „სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით“ (ინ. 4,38). ამ სიტყვებით იცავს იგი მათ თვითკმაყოფილებისაგან, განაწყობს მათ მხნეობისადმი და გვაჩვენებს, რომ უკვე გაწეული შრომა იყოს უმეტესი. მკა არის მიწათმოქმედების შრომის დასასრული.

რატომ ლაპარაკობს მაცხოვარი მკაზე, როცა საქმე მხოლოდ დასაწყისში იყო? არაწმიდება იყო მთელ ქვეყანაზე გაბატონებული, სამსხვერპლოები - ანთებული, თაყვანსა სცემდნენ კერპებს, იესოს არ აღიარებდნენე ღმერთად, და წყვდიადი ღამით იყო ყოველივე მოცული - ვნებები უფლებდნენ და ყველაფერი მათში იყო ჩაძირული. მხოლოდ ებრაელ ხალხს, გარეგნულად ღვთისმოსავს, ჰყავდა წინასწარმეტყველნი და შერჩენოდა ღვთისმოსაობის მცველები, მაგრამ იმ დროისათვის ესეც მიწაში იყო დაფლული, ხოლო მასწავლებლებს ამ ხალხისა, არა მარტო არ შეეძლოთ ეხელმძღვანელათ სხვებისათვის ღვთისმოსაობისაკენ, არამედ თავად აძლევდნენ სხვებს საბაბს დაბრკოლებისათვის. ამასვე გამოხატავს წინასწარმეტყველი თავის სიტყვებში: „დღენიადაგ, ილანძღება ჩემი სახელი“ (ის. 52,5).

რატომ ახსენებს ქრისტე მკას და ამბობს: „სამკალი ფრიად არს“. იმიტომ, რომ მას განზრახული ჰქონდა თავისი მოწაფეების გაგზავნა მთელს ქვეყანაზე, ისინი კი ალბათ, ამის გამო შიშობდნენ, შფოთავდნენ და ერთმანეთში ამბობდნენ: შესაძლებელია კი, რომ ჩვენ, უბრალოებმა და უსწავლელებმა, ღარიბებმა, უცნობებმა, შევძლოთ ხალხის მორიდება ძველი ჩვევებისაგან და ახალ შეხედულებებამდე მიყვანა? როდის უნდა ამოვძირკვოთ ეკლები? როდის უნდა დავთესოთ თესლი? როდისღა უნდა გავზარდოთ დათესილი? ვინ არ გვტანჯავს ჩვენ, ვინ არ დაგვამარცხებს ჩვენ? - და აი, რათა ისინი არ შეძრწუნებულიყვნენ ასეთი აზრებით, მან სახარებას უწოდა მკა, და თითქოს ასე თქვა: ყველაფერი გამართულია, ყველაფერი მომზადებულია, მე გაგზავნით თქვენ მოწეული ნაყოფის შესაკრებად; ერთი და იმავე დღეს თქვენ შეგიძლიათ დათესვაც და მომკაც; ამიტომ, როგორც მიწათმოქმედი, გადის რა მკაზე, ხარობს და მძიმე შრომაზე არ ფიქრობს, არამედ ჩქარობს რომ მოწეული შეძინოს, ასევე თქვენც უნდა წახვიდეთ საქადაგებლად, რადგან ეს არის მკა, რომლითაც მოგვეცემა მზა ნაყოფი. მემსახურეთ, ამბობს იგი, სიტყვით, და თქვენ იხილავთ მოწევნულ ნაყოფს, რომელიც შეიკრიბება სამეფო ბეღელში. ამიტომ, შემდგომში, აგზავნიდა რა მათ ეუბნებოდა: „და აჰა ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა, და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28,30). თქვა „ევედრენით უფალსა სამკალისასა“, თვითონ თხოვნისა და ვედრების გარეშე დაუყოვნებლივ ასხამს ხელს და ადგენს მათ ამ წოდებებში და ახსენებს მათ იმას, რაც იოანეს აქვს ნათქვამი კალოზე, ბზესა და მარცვალზე. - „ერთი სიტყვით: ილოცეთ, - ამბობს ერთი განმმარტებელი, უფალი გვასწავლის ლოცვას შეცდომილთათვის“.