თეიმურაზ დუნდუა, სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი:
თქვენო უწმიდესობავ!
თქვენო მაღალყოვლადსამღვდელოებავ, მეუფეო ანანია!
ბატონო რექტორო!
ქრისტესმიერნო, საყვარელო დანო და ძმანო - ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო სტუდენტებო!
მაქვს პატივი მოგესალმოთ ამ სადღესასწაულო შეხვედრაზე და ჩემი ხმა შევუერთო საერთო საზეიმო ვითარებას. ჩემი სიტყვა კი იმ ფიცისშემცველი დაპირებით დავიწყო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირი და სრულიად სტუდენტობა მუდამ იქნებიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან და ძალასა და ენერგიას არ დაიშურებენ სტუ-ს თეოლოგიის კათედრის მხარდაჭერისათვის, მუხლჩაუხრელად იმოღვაწებენ ჩვენი ენის, მამულისა და სარწმუნოების შესანარჩუნებლად და სადიდებლად.
ჩვენმა სტუდენტურმა კავშირმა დღიდან დაარსებისა არაერთი საეროვნო საქმე ითავა და არაერთ მამულიშვილურ საქმეში მიიღო მონაწილეობა.
2001 წლიდან დღემდე სტუ-ს თეოლოგიის კათედრისა და მისი ხელმძღვანელის მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევითა და სტუდენტური კავშირის ინიციატივით სტუდენტური რაზმები სისტემატურად მონაწილეობენ საქართველოს ეპარქიებში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისა თუ სხვა სახის აღდგენით სამუშაოებზე. დღემდე ასეთ სამუშაოებში 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
2004 წელს, მისი უწმინდესობის კურთხევით, ვმონაწილეობდით სამების საკათედრო ტაძრის გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებში, მშენებლებს სხვადასხვა სამუშაოთა დასრულებაში ვეხმარებოდით.
დამსწრეთაგან ბევრს ახსოვს 2003 წელს ვატიკანთან სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულების ხალხისაგან მალულად გაფორმების მცდელობის ფაქტი. სტუ-ს სტუდენტები, მთელი თბილისის ახალგაზრდობასთან ერთად, წინ აღვუდექით ამ ფაქტს და ხელშეკრულება არ დაიდო. უფლის წყალობით სტუ-ს სტუდენტებს ქართველ ხალხთან ერთად გაუმარჯვდა. სტუ-ს სტუდენტური კავშირი ჩვენი ქვეყნის საბედისწერო ვითარებებში ყოველთვის იდგა, დგას და იდგება საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი მაღალი სულიერების - მართლმადიდებლობის ინტერესთა სადარაჯოზე, როგორც მისი ერთგული და საიმედო ლაშქარი (მოყმენი).
ჩვენი სარწმუნოებისადმი - მართლმადიდებლობისადმი დიდი ერთგულების გამოვლენად უნდა აღვიქვათ ის ფაქტიც, რომ სტუდენტები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების თეოლოგიის სექციის მუშაობაში. ასე, მაგალითად, 5 წლის მანძილზე 150 სტუდენტმა წაიკითხა სამეცნიერო მოხსენებები. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სტუდენტტური კავშირი თეოლოგიის კათედრის მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიების თანამოაზრე და თანამოთავეა.
დიდება უფალს მადლისათვის, დიდება უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქათველოს კათოლიკოს–პატრიარქს კურთხევისათვის, მადლობა რექტორს, მეუფე ანანიას იმისათვის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს ჩვენი დროის უდიდესი მონაპოვარი სტუ-ს თეოლოგიის კათედრა.
თქვენო უწმინდესობავ, უმორჩილესად გთხოვთ, დაგვლოცოთ და ლოცვა-კურთხევა არ მოგვაკლოთ, რათა უფლის ნათელი გვიძღოდეს ჩვენს რთულსა და საპასუხიგებლო ცხოვრების გზაზე.
ძვირფასო სტუდენტებო, ქალბატონებო და ბატონებო, ვთხოვ მაღალ ღმერთს, რომ იხაროთ ორთავ სოფელსა შინა.
პროფ. რაფიელ ჩიქოვანი, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი:
თქვენო უწმიდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს პატრიარქო ილია II, ბატონო რექტორო, მიტროპოლიტო ანანია, პატივცემულო საზოგადოება!
ნება მომეცით მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების სახელით გულითადად მივულოცო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრას დაარსების 5 წლისთავი.
თეოლოგიის კათედრის 5 - წლიანი განვითარების ისტორიამ ნათლად აჩვენა ამ კათედრის მოღვაწეობის არაჩვეულებრივი ეფექტურობა და დაადასტურა მისი გახსნის აუცილებლობა და დროულობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შექნილი კათედრის მოღვაწეობამ უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (და არა მარტო ტექნიკური უნივერსიტეტის) თანამშრომელთა და სტუდენტთა სულიერ აღზრდაში, რაც დღეს პირველხარისხოვანი საკითხია ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღევანდელი საქართველოსათვის არის ახალგაზრდების, მომავალი მეცნიერების, პროფესიონალი ინჟინრების ეროვნული ფენომენის მატარებელ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, სტუდენტების მიერ თანამედროვე ცხოვრებაში არსებული მრავალი ცდუნებისა და მანკიერი მიდრეკილების დაძლევა, მათი ჭეშმარიტ ქრისტიანებად აღზრდა. ამ რთულ და უაღრესად მაღალ მისიას სტუ-ს თეოლოგიის კათედრა უდავოდ წარმატებით ასრულებს. ამიტომაა, რომ კათედრის მოღვაწეობამ ფართო რეზონანსი ჰპოვა ქართულ საზოგადოებაში.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს კათედრის შექმნას უშუალოდ უმაღლესი განათლების წიაღში – უნივერსიტეტში, რადგან, ასე ვთქვათ, ერთ ბუდეში ერისა და ბერის ერთად მოღვაწეობას მივყავართ გასარწმუნოებული მეცნიერებისაკენ (ილია ჭავჭავაძის მიერ გამოთქმული ტერმინი რომ გამოვიყენოთ).
მეტად საინტერესო და ეფექტურია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქართული ენისა და კულტურის სამეცნიერო საბჭოს მოღვაწეობა, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი, თეოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი ანანია ჯაფარიძე, ცნობილი მეცნიერი.
აღვნიშნავ, რომ კათედრის წარმატებები ბევრად განაპირობა მის გამგედ მეუფე ანანიას არჩევამ. მინდა გავიხსენო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ კათედრის გახსნასთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის დიდ საბჭოზე წარმოთქმული სიტყვები: „მეუფე ანანია წმინდა სინოდში თავისი ერუდიციით და ღრმა აზროვნებით გამოირჩევა და მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი არჩევანია“. უკეთესად ვერ იტყვი.
მეუფე ანანია დაუღალავად, უდიდესი ენერგიით და ეფექტურად მოღვაწეობს იმ დიდი მისიის შესრულებისათვის, რაც კათედრას აკისრია. მეუფესთან თანამშრომლობა მეტად სასიამოვნო, სასარგებლო და ყურადსაღებია.
მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოება ამაყობს იმით, რომ მეუფე ანანიასა და მის კათედრასთან მუდმივი თანამშრომლობა აქვს. სწორედ მისი მხარდაჭერით მრავალ სასიკეთო ღონისძიებებში ვმონაწილეობთ. ამის საილუსტრაციოდ „მეცნიერების და რელიგიის“ შესახებ კონფერენციების მომზადებასა და ჩატარებაში საერთო თანამშრომლობა გამოდგებოდა. ჩვენი საზოგადოება მუდამ გვერდში ედგება თეოლოგიის კათედრას.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ კათედრას ამ სახელოვან იუბილეს და ვუსურვებთ დიდ წარმატებას მის კეთილშობილურ მოღვაწეობაში ერის სასარგებლოდ, მეუფე ანანიას კი ხანგრძლივ სიცოცხლეს და დიდ შემოქმედებით წარმატებებს.
თეიმურაზ გვანცელაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრული პროფესორი:
თქვენო უწმიდესობავ, მეუფეო, ღირსნო მამანო, პატივცემულო სასაზოგადოებავ!
ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების პროფესურისა და სტუდენტობის სახელით, მოგილოცოთ ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის დაარსების 5 წლისთავი. დღეს შესანიშნავი დღეა არა მარტო ამ კათედრისა და ამ უნივერსიტეტისათვის, არამედ სრულიად საქართველოსთვისაც, ვინაიდან ეს კათედრა საღვთო საქმეს აკეთებს და ღვთის გზაზე მიუძღვის სრულიად საქართველოს ყველა კუთხიდან ცოდნის მისაღებად შემოკრებილ ჭაბუკობას.
ამ მშვენიერ დღეს შურის შესახებ საუბარი უხერხული ჩანს, მაგრამ მე მაინც მინდა გამოვტყდე, რომ მშურს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტობისა იმის გამო, რომ ჩვენ, საქართველოს დედაუნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, არა გვაქვს ასეთი კათედრა; გვშურს ისიც, რომ არა გვაქვს საშუალება, ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდეს ისეთ გამორჩეულ თეოლოგთან და ისტორიკოსთან, როგორიც ბრძანდება მეუფე ანანია, კაცი, რომელიც დაუღალავად იღწვის ღვთისაკენ სავალ გზაზეც და მეცნიერებაშიც.
თქვენო უწმიდესობავ, მინდა მადლობა მოგახსენოთ იმის გამო, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოში შეიქმნა ქართული ენისა და კულტურის სამეცნიერო საბჭო მეუფე ანანიას ხელმძღვანელობით. ეს საბჭო უკვე მრავალი სასიკეთო საქმეს აკეთებს: ოპერატიულად ეხმიანება ერისა და ქვეყნის, ჩვენი დედაენისა და კულტურის არსებობისათვის საჭირბოროტო საკითხებს, აწყობს დისკუსიებს, სამეცნიერო სესიებს, საბჭოს წევრები ვუძღვებით გადაცემებს საპატრიარქოს რადიოში და ა.შ. იუბილარი კათედრისა და ხსენებული სამეცნიერო საბჭოსათვის გზის გამკვალავია თქვენი უწმიდესობის შარშანდელი საშობაო ეპისტოლე, რომელშიც თქვენ აღნიშნავდით, რომ ქართულ ისტორიოგრაფიასა და ენათმეცნიერებაში ბლომად დაგროვდა საბჭოური იმპერიული იდეოლოგიის მიერ ძალდატანებით დანერგილი თვალსაზრისები, რომლებიც ანგრევენ ქართველი ერისა და სრულიად საქართველოს ერთიანობას. ერთ-ერთი ასეთი ფსევდოთეორიაა შეხედულება იმის შესახებ, თითქოს ქართველები ლაპარაკობენ არა ერთადერთ, არამედ სამ ან ოთხ „ენაზე“, რაც არ ემყარება მტკიცე მეცნიერულ არგუმენტებს. იუბილარი კათედრაც და საპატრიარქოსთან არსებული ქართული ენისა და კულტურის სამეცნიერო საბჭოც აქტიურად მუშაობენ საიმისოდ, რათა საბოლოოდ უკუგდებულ იქნეს დამღუპველი, იმპერიის მიერ შემოგდებული ფსევდოთეორია და აღდგეს მრავალსაუკუნოვანი შეხედულება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არსებობს არა სამი, ან ოთხი, არამედ ერთადერთი ქართველური ენა. ამ მხრივ აღსანიშნავია მეუფე ანანია ჯაფარიძის მრავალი საპოლემიკო ნაშრომი, პროფ. ტ. ფუტკარაძის მონოგრაფია „ქართველები“ და სხვანი, რომლებშიც წარმოდგენილია მეცნიერულად გამართული შეხედულებანი ამ საკითხის შესახებ.
თქვენო უწმიდესობავ, თქვენმა შარშანდელმა საშობაო ეპისტოლემ ხელი შემიწყო დამეწერა წიგნი იმის შესახებ, თუ რამდენი დედაენა გვაქვს ქართველებს. ნება მიბოძეთ, მოწიწებით გადმოგცეთ იგი და ლოცვა-კურთხევა გამოგთხოვოთ.
ივანე გორგიძე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს – მდივანი:
თქვენო უწმიდესობავ! პატივცემულო საზოგადოებავ!
5 წლის წინ უწმიდესის ლოცვა-კურთხევით დაარსდა თეოლოგიის კათედრა. კათედრის ხელმძღვანელობა დაევალა გამოჩენილ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, ჩვენი უნივერსიტეტის კუსდამთავრებულს, რითაც ჩვენ ვამაყობთ.
კათედრამ განვლილ პერიოდში მოიპოვა დიდი ავტორიტეტი, როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე მის ფარგლებს გარეთ. 30 ათასზე მეტი სტუდენტი კათედრის თანამშრომლებმა აზიარეს ღვთისმეტყველების საფუძვლებს.
მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით 2 წლის წინათ შეიქმნა ქართული ენისა და კულტურის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. ეს ორი სტრუქტურა იქცა ერთიან სულიერ, ეროვნულ სამეცნიერო-სასწავლო ცენტრად ჩვენი ქვეყნის სადიდებლად.
ვუსურვებთ უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, კათედრის და საბჭოს წევრებს, მთელ საზოგადოებას დაუცხრომელ სვლას უფლისაკენ, ახალ სამეცნიერო წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ნუგზარ ვანიშვილი, სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო განყოფილების უფროსი:
რაც არ მომხდარა ის არ მოხდება და რაც მომხდარა ისევ მოხდება.
... გაივლის წლები, საუკუნეები, ათასწლეულები და სანამ მოაზროვნე კაცობრიობა იარსებებს მანამდე იარსებებს ზეციური დედოფლის წილხვედრი საქართველო და მაცხოვრის სწავლებების მიმდევარი მართლმადიდებელი ქართველი ერი.
... საბედნიეროდ და სასიხარულოდ მოხდება იბერიის გაბრწყინება და ქართველთა 15-20 მილიონამდე გამრავლება.
... საუბედუროდ და სამწუხაროდ იქნება წინააღმდეგობები, ბრძოლები, გამოცდები. მსგავსად წართმეული ტაო-კლარჯეთისა, ლაზეთისა, საინგილოსი, ლორეს ოლქისა, შეეცდებიან მიიტაცონ მადლიანი ქართული მიწები, მსგავსად საუკუნეების მანძილზე ქართველთა გათათრებისა, გასომხებისა, გაფრანგებისა, გააფხაზებისა, გალეკებისა, გაოსებისა, გაბერძნებისა და ა.შ. ჩვენი მრავალი მოყვასის მსგავსად გამუსულმანება-გაკათოლიკება-გაგრიგორიანებისა იქნება მცდელობები ჩვენი მართლმორწმუნე ხალხის არასწორი, მზაკვრული, ახლადგამომცხვარი ე.წ. რელიგიური სწავლებებისა.
ძველი ლათინები ამბობდნენ, რომ არსებობს სამი უბედურება: ავადმყოფობა, უნაყოფობა და მეზობელი.
ავადმყოფობას მორალურსა და ფიზიკურს ლოცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და შრომა დაგვაძლევინებს; უნაყოფობას შემოქმედებითსა და გამრავლების სფეროში ქრისტესადმი რწმენა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული დაგვამარცხებინებს. მეზობელ ერთა მზაკვრობასა და მცდელობებს ჩვენი მიწების, სიწმიდეებისა და მრევლის მიტაცებისა – ერთიანობა, კულტურა, ტრადიცია, მშობლიური ენა და ჩვენი წმინდა სარწმუნოება გააუვნებელყოფს.
... ვგონებ გავკადნიერდით და თითქოს ჩვენეულ ნააზრევს გადმოგცემდეთ, ისე ვყვები დიდი ილია მართლის თეზისებს, ქართველი ერის სულიერი მამის, პატრიარქის ილია II ეპისტოლეების ამონარიდებსა და მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა მიტროპოლიტ ანანიას შეხედულებებს გლობალიზაციის საშიშროებაზე. დიდი ილია ჭავჭავაძე განიცდიდა 10-10 აგრონომისა და ინჟინრის არყოფნას იმჟამინდელ საქართველოში. ჩვენ კი განვიცდით, რომ ამ ათასწლეულის მიჯნაზე - მსოფლიო გლობალიზაციისა და კატაკლიზმების დროს, მხოლოდ თითოოროლა სახელმწიფო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯგუფი და კათედრა დგას ხმალამოღებული სიტყვით, კალმითა და წმინდა ზიარებით შეიარაღებული ყოველივე საშიშის წინააღმდეგ.
უთუოდ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან მაცხოვარი უსაზღვროდ კეთილმოწყალეა, ქართველი ერი საღადმოაზროვნე და ერთადმლოცველია.
ზეცაში გვყავს დიდი ილია მართალი, სამაგიდო წიგნად კი მისი ტომები.
საქართველოს საპატრიარქო ტახტზე ზის ჩვენი დროის გმირი, სულიწმიდის მადლით მოსილი უწმიდესი და უნეტარესი ილია II.
ხოლო ქართულ სამოციქულო ეკლესიაში, მანგლისისა და წალკის ეპარქიაში, სასულიერო აკადემია-სემინარიაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და სრულიად ქართველ ერში და სრულიად საქართველოში მოღვაწეობს 21-ე საუკუნის ლეონტი მროველი - მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე).
პროფ. შალვა ნაჭყებია, ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგე, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი:
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! ბატონო რექტორო!
პატივცემულო საზოგადოებავ, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუდენტებო!
ჩვენთვის უდიდესი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სულიერებისა და რწმენის დიდი კერის - თეოლოგიის კათედრის დაფუძნების ხუთი წლისთავის აღნიშვნის საიუბილეო დღეს ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობლის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მობრძანება, რამეთუ ჩვენი უნივერსიტეტის 85-წლიანი ისტორიის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქართველი ერის სულიერი მამის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის სახელთანაა დაკავშირებული.
ხუთი წელი არცთუ ისე დიდი დროა, მაგრამ ამ მოკლე ხანში თეოლოგიის კათედრა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწის, გამოჩენილი მეცნიერისა და მკვლევარის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის, პროფესორ ანანია ჯაფარიძის წინამძღოლობით ეროვნული სულიერი კულტურის გათავისებისა და ეროვნული ფენომენის მატარებელ მოქალაქედ ახალგაზრდობის აღზრდის ჭეშმარიტ კერად იქცა. ამ ხნის მანძილზე ათეულათასობით სტუდენტი ეზიარა ღვთისმეტყველების საფუძვლებს, დაეუფლა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, გაუძლიერდა მართლმადიდებლური რწმენა და ეროვნულობა, გაიდო ხიდი მეცნიერებასა და რწმენას შორის.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად „მაღალთა შინა ღმერთმა ინება“ საინჟინრო აზროვნებისა და ცოდნის ამ დიდ ტაძარში თეოლოგიის კათედრის დაფუძნება. მისი მოღვაწეობის ხუთწლიანმა პერიოდმა ნათლად დაადასტურა ამ ისტორიული მონაპოვრის განსაკუთრებული საჭიროება და მძლავრი საფუძველი ჩაუყარა უდიდესი ეროვნული და საშვილიშვილო მისიის ღირსეულად გაგრძელების საქმეს.
თავს მდაბლად ვხრით თეოლოგიის კათედრის მთელი შემადგენლობის წინაშე და ვუსურვებთ წინსვლასა და კეთილდღეობას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გურამ ჩიმაკაძე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი:
თეოლოგიის კათედრა – ახალგაზრდობის სულიერი აღზრდის კერა
არც ისე ღრმა წარსულშია ის დრო (რაღაც სამი ათეული წლის წინ), როცა საქართველო სახელმწიფოებრივად და რელიგიურად (განსაკუთრებით სულიერად, რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ღმერთმა არ გაგვწირა, მისი განგებით და წყალობით ქართველ ერს მოგვივლინა უწმიდესი და უნეტარესი ილია II - ერის სულიერი მამა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი. ღვთისა და ერის დიდი სიყვარულით აღვსილმა შესძლო რწმენადაკარგული ქართველებისათვის სიყვარულის, თავისუფლების და ჭეშმარიტი რწმენის აღდგენა, ერის სულიერი გამოფხიზლება, ეკლესია-მონასტრების გაძლიერება, მიტოვებულგავერანებულთა აღორძინება და ახალთა აღმშენებლობა, მრავალი სასწავლებლის (აკადემია, სემინარიები, სკოლები, სხვა საგან-მანათლებლო სამეცნიერო დაწესებულებები) დაარსება. დაფუძნდა პატრიარქის საქველმოქმედო ფონდი, რომლის შემწეობითაც მრავალი ეროვნული პროექტი ხორციელდება. საქართველოს ავტოკეფალიურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საერთაშორისო აღიარება და ავტორიტეტი მოიპოვა.
ერის სულიერმა მამამ ილია II-მ ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსვლის, ასევე გაჩაღებული მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ერის გადასარჩენად ჭეშმარიტი რწმენით აღზრდის აუცილებლობა დასახა.
დღევანდელი საზეიმო შეკრება მიძღვნილია უწმიდესისა და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ახალგაზრდა ტექნიკური ინტელიგენციის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის ქრისტიანული კერის - თეოლოგიის კათედრის დაფუძნებისადმი. კათალიკოს-პატრიარქმა დააკმაყოფილა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს თხოვნა - კათედრის გამგედ არჩეულიყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 1974 წელს კურსდამთავრებული, დღეისათვის საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობილი მოღვაწე და მეცნიერი, მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მრავალი სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი (საქართველოს საინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, რუსეთის ფედერაციის საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი და სხვ.) ანანია ჯაფარიძე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის არსებით ნაწილს წარმოადგენს. არ არსებობდა მრავალსაუკუნოვანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულყოფილი ისტორია. ასეთი მნიშვნელოვანი ნაშრომის შექმნა თავს იდო მეუფე ანანიამ, რომელმაც მრავალწლიანი ტიტანური შრომის შედეგად საზოგადოებას წარმოუდგინა ფუნდამენტური მონოგრაფია „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია’’ (გამოიცა საბეჭდ მანქანაზე ნაბეჭდი, ახალციხეში, სადაც იმ დროს მეუფე რექტორი იყო მის მიერ დაფუძნებული სასულიერო სასწავლებლის), რომელიც მიუძღვნა ეპიგრაფით: „სამშობლოს დიდ მამასა და მოძღვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ვუძღვნი ამ შრომას“.
მეუფე ანანიამ თავდაუზოგავი ინტენსიური მუშაობით თანამედროვე ისტორიოგრაფიის დონის სრულყოფილი ფუნდამენტური ნაშრომი შექმნა. იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ძირეული საკითხების მრავალ მნიშვნელოვან ორიგინალურ გამოკვლევათა ავტორია. 1998, 1999, 2003 წლებში გამოცემული ფუნდამენტური ოთხტომეული „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, არა მარტო ისტორიკოსებისათვის, არამედ ყველა ქართველი მკითხველისათვის, როგორც იტყვიან, ყველა ოჯახის სამაგიდო წიგნებია.
სამშობლოს და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული მსახური მეუფე ანანია ამავე დროს მნიშვნელოვანი შრომების ავტორია ქართული ენის საკითხებზე. ისტორიის, ქართული ენისა და კულტურის მრავალი საკითხების დიდი ქომაგი და დამცველი მეუფე ანანია, 2005 წელს, საქართველოს საპატრიარქოს ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. დაინტერესებულ მკითხველს ნათელ წარმოდგენას მისცემს მეუფე ანანიას პოპულარული, მაგრამ ღრმა მეცნიერულ დონეზე საუბარი (მერი აშუღაშვილთან) თემაზე „ენაი შემკული და კურთხეული“ - გამოქვეყნებული მართლმადიდებლურ ჟურნალ „კარიბჭე“-ში (№7, 2006წ). მოვიყვანთ რამდენიმე ამონარიდს:
„სამეცნიერო წრეებში არსებობს შეხედულებაც, რომ ქართული ენა სრულებით დამოუკიდებელი ენაა, ე.წ. იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და არ არის ინდოევროპული“.
„ჩვენი წყაროები ნათლად ამბობენ და მეც ვეთანხმები, რომ ქართველური ენის საწყისი ქართულ სახელმწიფოებრიობასთან თანხვედრაში უნდა ვეძიოთ – ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მცირედ უსწრებდა ქართული ენის ჩამოყალიბება“.
„რატომღაც არ აკვირდებიან, რომ ფარნავაზის დროს ქართული ენა ესმოდა, ანუ მშობლიური იყო როგორც ეგრისელისათვის (დღევანდელ მეგრელთა წინაპრები), ისე არგვეთელისათვის (იმერლების წინაპრები), სვანეთისთვის (დღევანდელი სვანეთი ფარნავაზის სამეფოში შედიოდა). მემატიანე პირდაპირ წერს, რომ მის სახელმწიფოში არ იზრახებოდა სხვა ენა, თვინიერ ქართულისა, ანუ ფარნავაზის დროს, ქრისტეშობამდე 400-300 წლით ადრე, ქართული საერთო ენა იყო. აქედან გამომდინარე ენები, რომლებსაც ვუწოდებთ სვანურს, ლაზურს, მეგრულს, ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული.
მინდა მკითხველმა კარგად გაიგოს, 2000 წლის წინ საერთოქართველური ენა ჯერ კიდევ არსებობდა. 2000 წელი უზარმაზარი დროა“.
„ცნობილმა მეცნიერებმა, ბატონმა თამაზ გამყრელიძემ და გივი მაჭავარიანმა 1965 წელს ერთობლივად გამოსცეს წიგნი, სადაც წერია, რომ წელთაღრიცხვათა მიჯნაზე, ანუ I საუკუნეში, ზანქართული ენა ჯერ არ იყო დაშლილი. ეს არის მოციქულთა შემოსვლის დრო. ვიცით, უფალმა აკურთხა თავისი მოწაფეები - წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნიო. სულთმოფენისას მათ მიიღეს ბრძანება, წარმართებთან მათსავე ენაზე ექადაგათ და ასევე მიიღეს ცოდნა ამ ენებისა. როცა ისინი ჩვენთან შემოვიდნენ, უნდოდათ თუ არა, ჩვენს ენაზე მეტყველებდნენ და ეს ენა ყოფილა ზან-ქართული ანუ დაუშლელი და დაუყოფელი ქართული ენა“.
„ეს ენა ჩემი აზრით, ზანურ-ქართული იყო „ძველი ქართული ენა“, ანუ მთელი საქართველოს მოსახლეობის საეკლესიო ენა. ჩვენი წინაპრები მას უწოდებდნენ უბრალოდ ქართულ ენას, ჩვენ კი - ძველ ქართულს. ის არის ბიბლიის ენა როგორც სვანებისათვის, ისე მეგრელებისათვის, ძველი აფხაზებისთვის, ჩრდილო კავკასიის მცხოვრებლებისთვის.
ძველი ენა ნამდვილად უფრო მადლიანია. ჩვენი ძველი ქართულიც მოციქულების ენაა, ღვთისმშობლის ენაა. ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება მაქვს: ძველმა ქართულმა ენამ შემოინახა ის საერთო-ქართველური ენა, რომელიც დაფიქსირებული გვაქვს 1500 წლის წინანდელ დამწერლობით წყაროებში. ვფიქრობ, ძველმა ქართულმა ენამ ფუძექართული ენის დიდი ნაწილი შემოინახა, ამ ფუძექართულზე აღმოცენდა ძველი ქართული, რომელიც, ასე ვთქვათ, ჩვენამდე დაკონსერვებული სახითაა მოტანილი, ანუ ძველი ქართული არ იყო რომელიმე დიალექტის ენა. ეს მხოლოდ ქართლელების, კახელების, ან ეგრისელების ენა კი არ იყო, არამედ მათი საერთო წინაპრებისა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საბჭოთა ენათმეცნიერება მიიჩნევს, თითქოს ძველი ქართული ენა ქართულ დიალექტზეა აღმოცენებული, სინამდვილეში პირიქითაა, მისგანაა განვითარებული ქართლური დიალექტიც, კახურიც, ეგრისულიც...“
„ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით ქართული ანბანის საფუძველია ასომთავრული, მისგან განვითარდა ნუსხახუცურიც და თანამედროვე მხედრულიც. ეს ჩვენი კულტურაა, ჩვენი განძია, ეკლესია ინახავს როგორც ძველ ქართულ ენას, ასევე ხუცურ დამწერლობას.
„მადლი, სწორედ მადლი აქვს მეტი, თორემ უფალი ნებისმიერი ანბანით წაკითხულ ლოცვას შეიწირავს. არის მოსაზრება, რომ ძველი ქართული დამწერლობა ფარნავაზის დროიდან მოდის. თეიმურაზ ბატონიშვილი კი ამბობდა, რომ კიდევ უფრო ადრე იგი წარმართ ქურუმთა წრეში ინახებოდა. ახლა სხვა მოსაზრებაც გამოითქვა - თითქოს ქართული ანბანი ქრისტიანობის მერე ჩამოყალიბდაო. არა მგონია სწორი იყოს.“
„სხვათა შორის, აქამდე ეს არსად მითქვამს. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე და 5 წელი ინჟინრად ვმუშაობდი. ჩემს სამსახურში ურთულესი აპარატურა იდგა. ამ დაწესებულებაში სხვადასხვა კაბელი იყრიდა თავს, რომლებიც ძლიერდებოდა და რუსეთში გადიოდა. ჩვენთან მუშაობდა რუსი ინჟინერი, გვარად პუშკინი. ზუსტად იმ დღეს, ისე რომ, არც ვიცოდი თბილისში რა ხდებოდა, ჩემი საქმის შესასრულებლად აპარატურასთან მივედი. ეტყობა, მას ეგონა, რაღაც ანტისაბჭოთა ქმედებას ჩავდიოდი. მომიბრუნდა და მითხრა: მალე ყველა ქართველს დავხვრეტთო (Расстреляем всех грузин). გაოცებული მივაჩერდი, რა დაემართა ამ კაცს-მეთქი.
რუსები თავიდანვე ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, ქართულ კულტურას აგდებით უყურებდნენ.“
„როგორც 100 წლის წინ სურდათ, რომ როგორმე გაევრცელებინათ და დაენერგათ აზრი: მეგრელობო, თქვენ სხვა ხალხი ხართ, სვანებო - თქვენ სხვაო. დღესაც იმავეს ცდილობენ. ამას ინგლისელი ჰიუტი მოუწოდებს. აფხაზეთში მან მოიგო საინფორმაციო ომი, ახლა ჩამჯდარა გალში და ქართველ ერში შუღლს აღვივებს: ქართველები იმპერიალისტები არიან, მეგრულ ენაზე უნდა თარგმნოთ წმინდა წერილი, უნდა შექმნათ სალიტერატურო მეგრული ენაო. Hიუტის ამ მოწოდებას ზოგიერთი, არც კი ვიცი რა დავარქვა ამ ხალხს, მხარს უჭერს თბილისში.
ეს ამაზრზენია, ასეთ ხელოვნურ გაყოფას კვლავ ომები მოჰყვება. მათაც ეს სურთ, რომ სამოქალაქო ომში ჩაითრიონ საქართველო.
ჩვენი საბჭო სამეცნიეროა და არსებულ სამეცნიერო თვალსაზრისებს - ამ მარგალიტებს - მოვკრებთ, შევაერთებთ და გავაცნობთ საზოგადოებას, იქნებ რაიმე გვეშველოს. სულ ახლახან გამოვედით დამპყრობელი კომუნისტების ბოროტების იმპერიიდან, ჯერ კიდევ უმწეონი ვართ. ამან წაგვაგებინა აფხაზეთის ომიც. უნდა გავძლიერდეთ ეროვნულად, ეკლესიურად, ერად, ნამდვილ ნაციად ჩამოვყალიბდეთ და დავდგეთ დიდი ერების გვერდით. ეს ის არის, რასაც წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) შესთხოვდა უფალს თავისი ლოცვებით.“
საზოგადოებისათვის ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ და მეცნიერმა მეუფე ანანიამ შეუძლებელი შეძლო - თითქოს და რელიგიისათვის „უცხო სამყაროში“ - ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურისათვის უჩვეულო ტრადიციული, მრავალი ათეული წლების ისტორიის მქონე საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მაპროფილებელ კათედრებთან ყოველმხრივ თანასწორი თეოლოგიის კათედრის შექმნა (ვგონებ, იგი პირველი და ერთადერთია პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში) - უწმიდესისა და უნეტარესის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დავაფუძნეთ კათედრა, რომელმაც თავის მუშაობას საფუძვლად დაუდო ილია მართლის უკვდავი იდეები. კათედრა დაკომპლექტდა სასულიერო აკადემიის ლექტორებით, ეკლესია-მონასტრებში პედაგოგიური გამოცდილების მქონე მოღვაწეებით. განათლებული, სულიერი სიწმიდის მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით პროფესორმა ანანია ჯაფარიძემ მეტად მოკლე დროში (5წელი) ახლად დაფუძნებული კათედრის მუშაობა მაღალ მეცნიერულ და პედაგოგიურ დონეზე წარმართა.
სასწავლო პროცესის დაწყებიდან (მარტი, 2002წ.) კათედრა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს ემსახურება და ღვთისმეტყველების საფუძვლებს აზიარებს სტუდენტებს. უნივერსიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით მაღალ მეცნიერულ და პედაგოგიურ დონეზე შედგენილი სალექციო და სემინარული მეცადინეობების სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებულია მსოფლიო რელიგიების, საქართველოს რელიგიის ისტორიის, რელიგიის და საზოგადოების, რელიგიის და მეცნიერების და ღვთისმეტყველების სხვა საკითხების შესწავლა, რომელთა მიზანია სტუდენტთა ცოდნის ამაღლება და ის, რომ ინფორმაციასთან ერთად მათ გამოუმუშაოს სამშობლოსადმი პატრიოტული გრძნობა, პატივისცემა და ქრისტიანული შემწყნარებლობა. კათედრის წარმატებით მუშაობაზე და ავტორიტეტზე მეტყველებს თეოლოგიის კურსის ლექციებზე სტუდენტების დასწრება, ინტერესი, მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობა - ღვთისმეტყველების საკითხებზე მაღალი სამეცნიერო დონის მოხსენებებით.
კათედრის დაარსებიდან განვლილმა წლებმა საზოგადოებას დაანახა, რომ თეოლოგიის კათედრის დაარსება დროული, აუცილებელი და სავსებით გამართლებული იყო. სწრაფ განვითარებად და მზარდ მეცნიერებას მაღალტექნიკური კვალიფიკაციის სულიერად ჭეშმარიტი რწმენის სპეციალისტები სჭირდება.
თეოლოგიის კათედრამ პროფესორ ანანია ჯაფარიძის თავკაცობით სულიერი, პედაგოგიური, მეცნიერული და აღმზრდელობითი მოღვაწეობით აღიარება მოიპოვა უნივერსიტეტის მრავალათასიან კოლექტივში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის სიყვარული დაიმსახურა.
სტუდენტი ახალგაზრდობის და თანამშრომელთა საეკლესიო ღვთისმსახურების უფრო ღრმად აღქმისა და გაცნობის, მათში სისტემატური მონაწილეობის მიზნით, მეუფე ანანიამ უნივერსიტეტში მოქმედი სამლოცველოები დაარსა (ადმინისტრაციულ კორპუსში - წმიდა გიორგის, I სასწავლო კორპუსში - დავით აღმაშენებლის და II სასწავლო კორპუსში - წმიდა ნინოსი), რომლებშიც კათედრაზე მოღვაწე მოძღვრები აღავლენენ ღვთისმსახურებას უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის და მათთან ერთად უნივერსიტეტში არამოღვაწე მრავალრიცხოვანი მრევლისათვის.
თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მეძლევა საშუა-ლება მივულოცო ღირსშესანიშნავი თარიღი კათედრის გამგეს, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, კათედრის თანამშრომლებს და ვუსურვო მათ უფრო მაღალი, დიდი მიღწევები საქართველოსთვის ღირსეული სულიერი სიწმიდის კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდაში.
გვწამს, რომ ღვთის შეწევნით, ერის უსაყვარლესი სულიერი მამის, მწყემსმთავრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობის და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. უფლისადმი ერის ჭეშმარიტი სიყვარულით საქართველო გაბრწყინდება.
პროფ. ნანა ხაზარაძე, საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრის გამგე:
ჩემთვის დღევანდელ დღესასწაულში მონაწილეობა უდიდესი პატივია. დღეს საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსების საიუბილეო თარიღი. ხუთი წლის წინათ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მაშინდელი ჩვენი რექტორის, ბატონ რამაზ ხუროძის თანადგომითა და ხელშეწყობით დაფუძნებული თეოლოგიის კათედრა რწმენისა და ცოდნის ერთიანობის სიმბოლო გახდა.
5 წელია, რაც ყოველ ჩვენგანს ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ დროს თავისუფლად შეუძლია რექტორატის შენობის მეორე სართულზე განლაგებულ, საკმევლის სურნელით დამშვენებულ სამლოცველოში მივიდეს, რამდენიმე წუთი მაინც ღმერთთან ერთად გაატაროს, უფალს სანუკვარი ფიქრები გაანდოს, სიხარული და მწუხარება გაუზიაროს, ცოდვების მიტევება შესთხოვოს, საყვარელ წმინდანებს ესაუბროს, სანთელი დაუნთოს, განწმენდილი, ამაღლებული და იმედით აღსავსე ყოველდღიური მოვალეობის აღსრულებას დაუბრუნდეს!
5 წელია, რაც სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებს ერთ-ერთი პირველთაგანი თეოლოგიის კათედრის გამგე, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე მოუწოდებს სამშობლოს სიყვარულისაკენ, ბეჯითი შრომისაკენ, მოყვასის ერთგულებისაკენ.
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ სტუ-ის თეოლოგიის კათედრის ხუთწლიანი წარმატებები, პირველ რიგში, მისი უცვლელი გამგის, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის პიროვნების გამორჩეულობითაა გან-პირობებული. ბოლო წლების მანძილზე მეუფე ანანიამ ქართულ ისტორიოგრაფიას არაერთი სერიოზული მონოგრაფიული გამოკვლევა შესძინა, მეცნიერთა არაერთ ფორუმს ჩაუდგა სათავეში, მომავალი სამეცნიერო კვლევა-ძიებების არაერთი პროექტი შემოგვთავაზა.
დღევანდელ დღეს ხაზი კიდევ ერთ გარემოებას უნდა გაესვას: ქართველი ხალხი თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი, კულტურული, განსწავლული, სულიერად და ზნეობრივად ამაღლებული სახელმწიფოს აღმშენებლობის ურთულეს გზას შეუდგა. მართალია, ცხოვრება საკმაოდ მძიმე პირობებში გვიხდება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაშიც ყოფილა, მაგრამ გადარჩენილა, წინ წასულა. ყოფილა დრო, როდესაც ქართველი კაცი იძულებული გამხდარა ბალახის დაფქვილი თესლით გამოეკვება ოჯახი ან მიწის ხნულიდან ამოღებული ადოლა-მცენარით დაკმაყოფილებულიყო. აღარაფერს ვამბობ საქართველოს მკვდრეთით აღდგომის სხვა მაგალითებზე: მურვან ყრუს, თემურ-ლენგისა და შაჰ-აბასის მიერ წელგაწყვეტილი და გაჩანაგებული საქართველოს კვლავ აღორძინებაზე.
ისტორიკოსი ვარ. ცხოვრების უმთავრესი ნაწილი საქართველოსა და წინა აზიის ძველი ისტორიის შესწავლას მოვანდომე. მან კი საშუალება მომცა საქართველოს წარსული წინა აზიის ხალხთა ისტორიის კონტექსტში დამენახა. ხშირად დამბადებია კითხვა: რამ გადაგვარჩინა? როგორ მოხდა, რომ ჩვენ, რომელთაც ისტორიაში პირველი ნაბიჯები უდიდესი ცივილიზაციების შემქმნელ შუმერებთან, ეგვიპტელებთან, აქადელებთან, ხურიტებთან, ხეთებთან, ურარტუელებთან ერთად გადავდგით, გავუძელით ჟამთა სვლის საშინელ ქარტეხილებს და დღემდე მოვაღწიეთ, ხოლო ისინი ახლა „მკვდარი ხალხების“, მათი ენები კი „მკვდარი ენების“ სახელითაა ცნობილი. რა არის ჩვენი გადარჩენის საიდუმლო, სად უნდა ვეძებოთ ქართველური ეთნოსის სიცოცხლისუნარიანობის უშრეტი წყარო?!
თუ ჩვენს ისტორიას ამ თვალსაზრისით გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის გადარჩენა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ უმთავრესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ჩვენი სულიერების, ზნეობრიობისა და ცოდნის სადარაჯოზე იდგა, ერისათვის ყველაზე მძიმე წუთებში ქართველ ვაჟკაცებს გამარჯვების რწმენითა და უკეთესი მომავლის იმედით აღავსებდა. ამ ეროვნულ მისიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წინამძღოლობით დღესაც პირნათლად ახორციელებს. ამავე მისიას ემსახურება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ 5 წლის წინათ შემობრძანებული თეოლოგიის კათედრა, რომელმაც სტუდენტი-ახალგაზრდობის სულიერი და ზნეობრივი აღზრდის სრულყოფისათვის, ცოდნის გაღრმავებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდგომი წინსვლისათვის ახალი პრიორიტეტები და პერსპექტივები წარმოგვიჩინა.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის დაარსების შემდეგ მრგვალ თარიღს – 10 წლისთავს უფრო ფართო მასშტაბით აღვნიშნავთ. Dდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმისა და ცხინვალის ფილიალებშიც.
გვისმინოს ღმერთმა, ამინ!