ვანისა და ბაღდათის ეპარქია

(ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები)

მთავარეპისკოპოსი ანტონი (მარკოზ ბულუხია)

დაბ. 07.05.1956. ქობულეთი, ოჩხამური
1976-1982 - მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი
1980-1982 - მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი
1987-1990 - მცხეთის სასულიერო სემინარია
16.03.1989 - დიაკონი
26.04.1989 - მღვდლად კურთხევა
1995 - დეკანოზი
25.10.1996 - ბერად აღკვეცა
26.10.1996 - არქიმანდრიტი
11.11.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა
1999-2000 - მსჯვარდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
2004 - მთავარეპისკოპოსი

 

ვანისა და ბაღდათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში მდებარეობს. იგი ქალაქებს - ვანს, ბაღდათს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთისა და უბისის, დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილოეთიდან ქუთაის-გაენათის და ხონის, სამხრეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები.

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება მოციქულების დროს დაიწყო, როდესაც მათ მოაიარეს ზღვისპირეთი და მდინარე ფაზისს აჰყვნენ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს და, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ამავე სახელწოდების საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, ვაკე იმერეთი მის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული ეპარქია ცალკე სამღვდელმთავროდ არ გამოყოფილა. თანამედროვე ეპარქიის ტერიტორია იმერეთის სამეფოში არსებულ ქუთაისის და მარგვეთის სამწყსოებში შედიოდა. XIV ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბებული ხონის, შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსის რეზიდენციის გელათში გადმოტანისას, დასავლეთ საქართველოს საეპარქიო საზღვრები შეიცვალა და ვაკე იმერეთიც მათ შორის გადანაწილდა. XVIII-XIX სს-თა მიჯნაზე ეს მხარე ქუთათელისა და ხონელის სამწყო ტერიტორიას შეადგენდა.

ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ვაკე იმერეთი გაერთიანებული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო შემადგენლობაში - იმერეთის ეპარქიაში შედიოდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სამწყსო ქუთაისსა და გაენათის ეპარქიას მიეკუთვნებოდა.

1995 წ. 5 აპრილის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვანისა და ბაღდათის ეპარქია ჩამოყალიბდა. 1996 წ. ნოემბრიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანტონ ბულუხია.

ადმინისტრაციულად ვანისა და ბაღდათის ეპარქია ორ ოლქად იყოფა: ვანისა (მთავარხუცესი - დეკანოზი პეტრე გიორგაძე) და ბაღდათისა (მთავარხუცესი - არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე).

ვანის ოლქის მოქმედი ეკლესიები:

  1. ვანის ყოველთა ქართველთა წმიდათა საკათედრო ტაძარი. წინამძღვრის მოადგილე - დეკანოზი პეტრე გიორგაძე
  2. გორას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ანდრია პაიკიძე
  3. ზეინდრის წმ. ნიკოლოზის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იასონ შარიქაძე
  4. სოფ. ამაღლების ქრისტეს ამაღლების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლუკა ჭულუხიძე
  5. ბზვანის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ზურაბ ბიბიჩაძე
  6. ისრითის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლონგინოზ მანაგაძე
  7. ქედის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ზაქარია დვალიშვილი
  8. ტობანიერის იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი ნიკოლოზ კაცაძე
  9. ყუმურის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი კონსტანტინე გაბუნია.

ბაღდათის ოლქის მოქმედი ეკლესიები:

  1. ბაღდათის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი (არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე)
  2. ზემო დიმის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იოანე ყურაშვილი
  3. საკრაულას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი მიქაელ გიორგობიანი
  4. ხანის 12 მოციქულის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბესარიონ მშვილდაძე
  5. წითელხევის ტაძრად მიყვანების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბასილ ბასილაძე
  6. როკითის ფერისცვალების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი იოაკიმე ისაკაძე
  7. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი მარკოზ დარჯანია
  8. ქვემო დიმის მთავარანგელოზთა ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გაბრიელ დარჯანია
  9. ქვემო დიმის წმ. ნინოს სახელობის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი დოსითეოზ შემაზაშვილი
  10. ობჩის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი დავით ბურჯანაძე
  11. ობჩის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - იღუმენი ისააკი (ფირცხალავა)
  12. ბაღდათის წმ. თამარ მეფის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ზაბულონი (ნოდია)
  13. გოთიეთის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე)

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006