ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა,
გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

წინათქმა გამომცემელთაგან

წინამდებარე საეკლესიო ნაშრომი - „ლექსიკონი ანუ განმარტება ფსალმუნთა სიტყვათა შესახების, გაოგრაფიულის და ისტორიულის სტატიებით“ - გამოცემულია 1875 წელს, ანჩისხატის ტაძრის მედავითნე იოსებ ახალშენოვის მიერ. მასში, იმ ეპოქაში მცხოვრებ (იგულისხმება XIX ს.) ქართველ მორწმუნეთათვის გასაგებ ენაზე განმარტებულია ფსალმუნებში შემონახული უძველეს ქართულ სიტყვათა მნიშვნელობანი; აგრეთვე, მოცემულია იმ გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტება-აღწერილობანი, რომლებზეც გვესაუბრება ღვთივ-კურთხეული მეფე დავით მეფსალმუნე მის მიერ სამი ათასწლეულის უკან შედგენილ საღვთო საგალობლებში - ფსალმუნებში, უწინარეს ყოვლისა წმიდა წერილზე და სხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, და რომელიც, ჟამთა დაშორების გამო, ბუნებრივია, გარკვეულწილად გაუგებარი ან უცნობი უნდა ყოფილიყო XIX ს-ის მორწმუნეთათვის (მითუმეტეს XX-XXI ს.ს.-ების ადამიანთათვის). აღსანიშნავია ისიც, რომ „ფსალმუნთა განმარტების“ ავტორი, წმიდა მამათა ნააზრევზე დაყრდნობით, ცდილობს ჩასწვდეს ზოგიერთი ფსალმუნის ფარულ, ალეგორიულ შინააზრს და მათი თარგმანება შესთავაზოს მკითხველს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს, შინაარსობრივად მდიდარს და საკითხავად მიმზიდველს ხდის მთლიანად შრომას. ამდენად, აღნიშნული ნაშრომი მეტად მნიშვნელოვანი იყო და არის მორწმუნეთა როგორც სულიერი განათლების, ისე ინფორმაციული განსწავლულობის მხრივ.

ჩვენი მოსაზრებით, „ფსალმუნთა განმარტებანი“ არა მარტო უწინდელ აქტუალურობას ინარჩუნებს, მეტწილად საგულისხმოც კია ჩვენთვის, თანამედროვე ქართველ მორწმუნეთათვის, რომელნიც უფრო მეტად ვართ დაშორებულნი უძველეს ქართულ სიტყვიერებას, იმ გეოგრაფიული ადგილების და ისტორიული მოვლენების ცნობას, რომელნიც აღწერილი აქვს მეფე-ნათელმხილველ დავითს.

აქვე გავითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ XIX ს-ის ქართული სიტყვიერება, რომელზეც შექმნილია ეს ნაშრომი, ნაწილობრივ გაუგებარი იქნებოდა თანამედროვე ქართველი მორწმუნეებისათვის, რის გამოც მოვახდინეთ ტექსტის გათანამედროვეება; ამასთანავე, ზოგიერთ განმარტებას, უკეთ გაგების თვალსაზრისით, დავურთეთ რედაქციული შენიშვნები, რაც მოცემულია ფიგურულ ფრჩხილებში - {}.

უფალო, შეგვიწყალენ.

გამომცემელი:
თორმეტი მოციქულის სახელობის
მცხეთის სვეტიცხოველის ეკლესის მოძღვარი
მამა მიქაელი (მაჭარაძე)

რედაქტორი:
იოსებ ჯაჯანიძე

 

ავტორის წინასიტყვაობა

ფსალმუნნი არის საფუძველი თითქმის ყოველთა საღმრთოთა წიგნთა. იგი არის აღვსებული ყოველ-გვარი სულის განმაცხოველებელი სიმდიდრით: მასში საკმაოდ იპოვებიან ისტორიული მოთხრობანი, მოძღვრებანი, ლოცვანი, წინასწარმეტყველებანი, კეთილ-მოქმედთა კურთხევანი და ბოროტის-მოქმედთა შეჩვენებანი. წმიდა ავგუსტინე მასწავლელის ბრძნობით: „ფსალმუნნი არის შემამკობელი სულისა, შესამოსელი სიწმიდისა და მომნიჭებელი სიხარულისა“. მაშასადამე, ყოველნი ქრისტეანენი მოვალენი ვართ გულსმოდგინედ მივაქციოთ ყურადღება სულთა განმაცხოველებელ ამ დიდებულ წიგნს ფსალმუნთასა, გულდასმით ვისმენდეთ კითხვის დროს, არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ შინაც და ყოველი სიტყვა მასში აღმოკითხული გავაცნობიეროთ და გონებით განვმარტოთ, ვინაიდან იმავე ავგუსტინეს სწავლებით: „ფსალმუნნი - სულსა ადიდებს, გულს წმიდა-ჰყოფს, ცნობას (აზროვნებას) ახარებს, გვამს (სხეულს) განაბრწყინვებს, სვეტსა მაღალსა აღაგებს და გონებას მასზედ აღამაღლებს, ბოროტს დააკნინებს და კეთილს აღაზევებს, მოხუცთ ნუგეშინის-სცემს და ჭაბუკთ შეამკობს“.

წინამდებარე წიგნი, სავსე ყოვლითა სიკეთითა, არის ნათარგმნი ბერძნულიდან ღირსი მამის გიორგი მთაწმინდელის მიერ იმ ქართულ ენაზე, რომელიც მის დროს არსებობდა და ამჟამად დაშორებულია ჩვენგან, ამდენად, ნაწილობრივ გაუგებარიცაა. ზოგი სიტყვები არ გვესმის სიძველის გამო, ზოგიც კი ჩვენი უცოდინარობის გამო; ამ სიტყვების გაუგებლობა კი აბრკოლებს ფსალმუნებში გადმოცემული აზრის მართებულ გაგებას, მითუმეტეს, ახლადმოქცეულ ქრისტეანთათვის, რომელნიც კითხულობენ და უცხო ენასავით ჩაესმით ეს ძველ-ქართული. მათ შორის ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ვინაიდან ვისწავლე რა ანბანი (წერა-კითხვა) მამა-პაპური წესით, მასწავლებელმა მიბოძა ფსალმუნთა წიგნი (დავითნი) და დამავალა პირველი ფსალმუნის დაზეპირება, შემდეგ კი სხვანიც ამგვარად შევისწავლე. ფსალმუნთა ამგვარი სწავლისას მე მტანჯავდა გამოუცნობლობა ძველი სიტყვებისა, რის გამოც ვიხმარე ეს ღონისძიება (ხერხი) და ის სიტყვები, სახელები და ზოგი აზრები, რომელნიც არ მეყურებოდა (მესმოდა), - ამოვიწერე და ერთად მოვუყარე თავი. ამ ოთხი წლის უკან კი, ღვთის შეწევნის იმედით, ჩემი უძლური მეცადინეობა მივმართა მათ განსამარტებლად: დავაწყე ანბანის მიხედვით, მივუწერე ფსალმუნების და მუხლების რიგითობა, ვეძიე საღმრთო წიგნებში, ლექსიკონებში, ისტორიებში და სხვა წყაროებში - და მცირედი ესე ნაყოფი წარმოვადგინე ჩემი ქრისტეს მოყვარე ხალხის წინაშე, რის გამოც არ მეშინია არც მოკვეთისა, არც ცეცხლში დაწვისა და არც განკითხვისა საშინელისა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი მცირედი ღვაწლით ისარგებლებენ ჩემებრ უსწავლელი მეფსალმუნენი.

ვიმედოვნებ, რომ შეიწყნარებენ ამ ჩემს მოკრძალებულ შრომას სახიერი (კეთილი) მამანი, ყოვლად პატიოსანნი მოძღვარნი, და სიხარულით თანა-მიგრძნობენ.

კვალად ვიმედოვნებ, რომ კეთილად მიიღებენ ამ მცირე ძღვენს საღმრთო წერილთა მოყვარენი, კეთილ-შობილნი (არისტოკრატია) და სწავლულნიც და სიტყვათა გაუმართავობისათვის, გინა ჩემი უღირსებისათვის არ შეურაცხ-ჰყოფენ (უგულებელს-ჰყოფენ) ჩემს ამ მცირე შრომას.

ანჩისხატის ტაძრის მედავითნე
იოსებ ახალშენოვი