მეორედ მოსვლა – საღმრთო წერილი მაცხოვრის მეორედ მოსვლას პირდაპირ არ განსაზაღვრავს, მაგრამ ზოგიერთ ისეთ ნიშანსა და სასწაულს აღწერს, რომლებიც სოფლის აღსასრულის მოახლოვებას თავის დროზე ცხადყოფენ. პირველი ნიშანი: უწინარეს ქრისტეს მეორეს მოსვლისა მისი სახარება ყოველთა თესლთა შორის იქადაგება; მეორე: თუმცა სახარება იქადაგება, მაგრამ კაცთა შორის სიმართლე, სიწმინდე და სიყვარული დამცირდება. ფარისეველნი და მზაკვარნი განსაკუთრებით მაშინ გამრავლდებიან, გარეგნულად ღმრთის მოყვარენი იქნებიან და ღმრთის სიყვარულის ძალა არ ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭკუა და ცოდნა დიდი იქნება, მაგრამ ზნეობა – დაცემული. როდესაც ეს ცოდვა და უსჯულოება თითქმის ყველას მოინადირებს და დედამიწას დაამძიმებს, მაშინ სოფლის აღსასრულის უცხადესი ნიშანი გამოჩნდება, მოვა ანტიქრისტე – კაცი, საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს ღმერთს დაარქმევს და მრავალ ცრუ სასწაულს აღასრულებს, რითაც ყოველ სუსტსა და გარყვნილს თავისკენ მოაქცევს. ამგვარად, იგი ქვეყნის უსჯულოებას შეავსებს და ღმრთის სასჯელის გამოჩენას დააჩქარებს. ერთი მხრივ, მცირედ დარჩენილი რჩეულები უფლის მოახლოებას ცხადად იგრძნობენ, მეორე მხრივ კი, უმრავლესი და თითქმის ყოველი მაშინდელი ადამიანი ცოდვათა შინა დაძინებული იქნება. სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა უცბად გამოჩნდება, ზეცით მომავალ ქრისტეს ყველა იხილავს. ყოველი სული, რომელიც კი ოდესმე ქვეყანაზე ცხოვრობდა, უკანასკნელ სამსჯავროზე წარდგება: ცოდვილნი საუკუნო სატანჯველს მიეცემიან, ხოლო მართალნი – ცხოვრებას საუკუნოს.
მთავრობის მოყვარება – მთავრობის მოყვარება ისაა, როცა კაცი სხვა ადამიანებზე უფლებისა და მბრძანებლობის მოპოვებას ეძებს. ამ ცოდვებში უფრო ისინი ვარდებიან, რომლთაც დიდი თანამდებობები აქვთ. თუ კაცი თანამდებობას მხოლოდ თავის სასარგებლოდ ეძებს, რათა გამდიდრდეს და უფრო მეტი პატივი და დიდება შეიძინოს, მაშინ იგი დიდად სცოდავს. ის კი, ვისაც თანამდებობა იმიტომ უნდა, რომ მოყვასთან სასარგებლოდ მოიხმაროს, სოფელში მშვიდობა და მყუდროება, სიმართლე და მართლმსაჯულება დაიცვას, კეთილი და მადლიანი საქმისათვის ი ღწვის. მას ყოველთვის ახსოვს რა დიდი და ძნელი საქმეა მთავრობა, და რა დიდსა და საშინელ პასუხისგებაში ვარდება ღმრთის წინაშე ის კაცი, რომელიც ძალაუფლებას უსამართლოდ მოიხმარს.
მიგებება – ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს სვიმონ მართლის მიერ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მირქმას, ანუ მიგებებას. ძველი სჯულის მიხედვით მშობლებს პირმშო შვილი მეორმოცე დღეს ტაძარში უნდა მიეყვანათ და ღმრთისთვის შესაწირავი შეეწირათ. ამ დროს მდიდარს მდიდრული შესაწირავი მიჰქონდა, ღარიბს – ღარიბული – ორი მტრედი. ეს წესი იესო ქრისტეს მშობლებმაც აღასრულეს, იგი ტაძარში მიიყვანეს, ილოცეს და ღარიბთათვის დაწესებული შესაწირავი – ორი მტრედის ხუნდი შესწირეს. როდესაც მარიამი და იოსები ტაძარში შევიდნენ, მათ ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება, რომელსაც სულიწმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომ ვიდრე მაცხოვარს საკუთარი თვალით არ ნახავდა, სიკვდილის გემოს ვერ იხილავდა. მან მკლავები მოხვია ჩვილს, აკურთხა ღმერთი, დალოცა მშობელნი მისნი და წარმოთქვა: აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, მშვიდობით. ეს დღესასწაული მრავალ ზნეობრივ სწავლებას იძლევა. პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორ ბეჯითად და მტკიცედ აღასრულეს საღმრთოO წესი და ჩვეულება იესოს მშობლებმა, თუმცა ჩვილი ძე ღმრთისა იყო და მისთვის ტაძარში მისვლა და მსხვერპლის შეწირვა სრულიადაც არ იყო საჭირო. ქრისტე ასე იმიტომ მოიქცა, რომ ჩვენთვის მოეცა მაგალითი იმისა, როგორ უნდა გვახსოვდეს და მტკიცედ აღვასრულებდეთ სჯულის წესსა და ჩვეულებებს. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მაცხოვარი ქვეყანაზე ძველი სჯულის გასაუქმებლად და ახალი, უწმიდესი და უმტკიცესი სჯულის მისაცემად მოვიდა. მაგრამ ვიდრე ახალი სჯულის ქადაგებას დაიწყებდა, ძველის წესებს ასრულებდა: შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რომელმაც ცოდვა არ იცოდა, ვითარცა ერთი ცოდვილთაგანი შობიდან, მერვე დღეს წინადაცვეთილ იქნა, მეორმოცე დღეს ტაძრად მიიყვანეს და შესაწირავი შესწირეს. ასე დაიმდაბლა მან თავი თვისი, რათა სიმდაბლე ჩვენთვისაც ესწავლებინა, ასე დაემორჩილა იგი სჯულს, რათა ჩვენთვისაც ესწავლებინა მორჩილება სჯულისა.
მიმომწვლილველობა – ანუ მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისაგან მოდის. ზოგჯერ კაცს ლოცვაზე დგომა, მარხვის შენახვა, ან გამუდმებული შრომა და მუშაობა მოსწყინდება, ზოგს საერთოდ თავისი სიცოცხლე მოსწყინდება და ფიქრობს: რა სიცოცხლეა ჩემი სიცოცხლეო და მწუხარებასა და დრტვინვას მიეცემა. მიმომწვლილველობა დიდი და მავნებელი ცოდვაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს. ღმერთმა , რაც მისი ბედნიერებისათვის საჭიროა, ყოველიმე მისცა. ამიტომ ვინც ღმრთისგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება. მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ყოფაქცევის კაცი გრძნობს. ეს ცოდვა მას სხვა ცოდვებშიც ჩააგდებს, სახელდობრ, ვისაც გულში მოწყინება აქვს, ის ხშირად დრტვინავს ღმერთზე, რითაც დიდად სცოდავს.
მიძინება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა – ჩვეულებრივად, სიკვდილი კაცისა დიდი მწუხარების გამომწვევია, იმიტომ, რომ იგი მრავალს დააკლდება. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი კი მიცვალების, ანუ მიძინების შემდეგ მახლობელთა მისთა და საერთოდ, სოფელს კი არ მოაკლდა, არამედ, პირიქით, სოფელმა იგი შეიძინა, ანუ, როგორც საგალობელშია ნათქვამი – შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა. თუ ამ ქვეყნად მისი ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე მახლობლისათვის იყო ცნობილი, რომელნიც მისგან გამოუთქმელ ნუგეშს, დიდსა და სულიერს სარგებლობას იღებდნენ, ამ სოფლიდან იმ სოფელში გადასვლის შემდეგ იგი მთელი სამყაროსათვის შეიქმნა წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა. აი, მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინებას სიხარულით ვდღესასწაულობთ.
მკითხაობა – ისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი, ან ქალი, ცბიერი და ცრუ და დაინახავს რა, რომ უმეცარი და გამოუცდელი ადამიანები ცრუსა და უცნაურ ამბებს ადვილად იჯერებენ, გამოაცხადებს, რომ თითქოს მას ყოველი საიდუმლოს გამოცნობა შეუძლია, რომ იცის მიზეზი ყოველი ვნებისა და უბედურებისა და მათგან თავის დახსნისა. ჩვენ ვართ მოწმე და მნახველი, რომ მკითხავს ნაცვლად მორჩენისა, ავადმყოფი მოუკლავს და მეუღლეთა თუ მეზობელთა შორის ნაცვლად სიყვარულისა, მძულვარება დაუთესია, შეუძლებელია მოკლედ იმ უბედურებათა აღწერა, რომელთა მიზეზიც მკითხავი და მისი სიცრუეა. მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწავლითა და განათლებით მოისპობა. პავლე მოციქული ტიმოთეს ასწავლის, რომ განეშოროს შეგინებულთა მათ და დედაბრულ ზღაპრებს. მაშინაც იყვნენ და სამწუხაროდ, ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელნიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უსარგებლო ხარჯში აგდებენ და ამდენად, მორალურადაც აზარალებენ.
მოვალეობა ერისკაცისა – ქრისტიანობის გავრცელება და სახარების ქადაგება არა მხოლოდ ეკლესიის მსახურთა, მღვდელთა და ბერთა, არამედ ყოველი ქრისტიანი ერისკაცის მოვალეობაცაა. ევროპის ხალხთა შორის ყველაფერი კეთილი და მოსაწონი არ არის, მაგრამ ქრისტიანობის განსამტკიცებლად რომ მრავალი საზოგადოება ჩამოაყალიბეს არა მარტო სამღვდელოთაგან, არამედ ერისკაცთაგან, ეს მისაბაძი საქმეა. ვისაც უცხო ქვეყნებში წასვლა და ქადააგება არ შეუძლია, ისინი ფულითა და ქონებით შეეწევიან ამ საქმეს. საღმრთო წერილს მრავალ ენაზე თარგმნიან, ბეჭდავენ, მერე მიაქვთ და ყველას უსასყიდლოდ ურიგებენ, ვისაც კი წაკითხვის სურვილი აქვს. უპირველესი საქმე კი ის არის, რომ ქრისტიანი კაცის თვით საკუთარი ცხოვრება და ყოფაქცევა მართალი და პატიოსანი იყოს. მის შემხედვარეთ უსიტყვოდ აღაშენებდეს და უხმოდ არიგებდეს; ამასთან, ცხოვრება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მრავალ ენაზე ლაპარაკი და ქადაგება.
მოვალეობა ქალისა – დროთა განმავლობაში სახე იცვალა აღზრდამ, მდგომარეობამ და ყოფაქცევამ ქალისა. ადრე უმეტესწილად აღზრდა ქალისა შინაური იყო, შინ ხდებოდა. დედ-მამის ზედამხედველობის ქვეშ. იგი სწავლობდა საღმრთო წერილს, დავითნსა და ჟამნს, საეკლესიო გალობას, შინაურ საქმეებს. ასე რომ, მათ მომავალი ცხოვრებისათვის კეთილგონივრულად ამზადებდნენ. ე.ი. წინასწარ აჩვევდნენ იმას, რაც მომავალ ცხოვრებაში ელოდებოდათ. ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმეტესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი – გონებით. ქალი მაშინაა კამყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა და თუ სხვა მახლობლების მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმრეთმა მას მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებანი იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს. ძველებური აღზრდა ქალს სწორედ თავისი მოვალეობის, დანიშნულების აღსრულებისათვის ამზადებდა. პირველ რიგში, გასაოცარი იყო სიყვარული და ერთგულება ქალისა ქმრისადმი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმარი უღირსი იყო. დღეს შინიდან გამოსული და განათლებული ქალი ხშირად შეურაცხყოფს მეუღლეს, თუ იგი ქცევითა და ღირსებით მასზე ნაკლებია. მეორე – ასევე გასაოცარი და საკვირველი იყო ძველ წესზე აღზრდილი ქალების თავშეწირული სიყვარული Lშვილებისადმი, მათი მესამე ღირსება სიმდაბლე და სიმშვიდე იყო ზოგიერთები იმდენად თავმდაბალნი იყვნენ, რომ თუმცა მთელ სიცოცხლეს მახლობელ და საყვარელ ადამიანებს სწირავდნენ, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულსა და უჩვეულოს ვერ ხედავდნენ. ამას ემატებოდა მათი დაუცხრომელი შრომა და დაუძინებელი ზრუნვა ოჯახისათვის მსგავსად დაუღალავი ფუტკრისა.
არმოსაწონებელი არც ახალ დროში შემოსულ ქალთა სწავლა- განათლებაა, მაგრამ სასურველი და სანატრელი ისაა, რომ სწავლა-განათლებასთან ერთად ქალებმა ეს საქები თვისებებიც არ დაკარგონ. ადვილი წარმოსადგენია, რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა, ნაცვლად ზემოჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება და გარეგნულად შემკობა შეიყვარეს, ეს ფრიად სამწუხარო და ჩვენი ერის მომავლისათვის ფრიად მავნებელი აღმოჩნდება.
დანიშნულება ქალისა ქრისტიანობაში ძალიან დიდია. ყოველი ადამიანი პირველ აზრებს, მიდრეკილებებს, პირველ ლოცვას დედისგან სწავლობს, ე.ი. ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოველი ადამიანისა თითქმის ქალზე – დედაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი იკითხავს: რა საჭიროა ცალკე სწავლა და დარიგება ქალებისათვის? განა სარწმუნოება და სჯულის სწავლება ერთნაირი არააა ორივე სქესისათვის? მართალია, სარწმუნოება და სჯული ორივე სქესს ერთი გვაქვს, მაგრამ ზნეობრივი სწავლა-დარიგებანი ქალებისათვის განსხვავებულია იმდენად, რამდენადაც სხვაა მათი მოვალეობა და დანიშნულება. ამ შეხედულებას ისიც გვისაბუთებს, რომ ორივე აღთქმის წიგნები ქალებს ხშირად განსხვავებულ დარიგებებს აძლევენ. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა. რას ნიშნავს მხნე დედაკაცი? სოლომონის თქმით, დედაკაცი მხნე სახლს ისე მართავს, რომ გული მისი მეუღლისა სრულად მოსვენებულია. ასეთი ქალისათვის შრომისმოყვარეობა ნუგეშად და სიხარულადაა ქცეული. მხნე დედაკაცი კეთილი და ქველმოქმედიცაა. მისი ქველმოქმედება წინაშე ღმრთისა მით უმეტეს ძვირფასია, რომ იგი გლახაკებს თავის ნაშრომს აძლევს. ამგვარი ქალის ქმარი საზოგადოებაში, მისი მეუღლის გონიერებისა და სიკეთის გამო, ქებული და დიდებულია.
ზოგიერთმა ქალმა შეიძლება იფიქროს, ნუთუ დედაკაცს გარდა დაუძინებელი შრომისმოყვარეობისა, ქსოვისა და კერვისა, რომელთაც სოლომონ მეფე აქებს, სხვა თვისებები არ უნდა ჰქონდეს? რა თქმა უნდა, ქალს სხვა საქმეთა აღსულებაც შეუძლია, მაგრამ უპირველესი დაუცხრომელი შრომა და ოჯახის მართვა უნდა იყოს. ამით იგი ცხადად გვიმტკიცებს, რომ თავისი თავი უარყო და სარგებლობას არა საკუთარი თავისთვის, არამედ მახლობლებისათვის ეძიებს. მეორეც, შრომისმოყვარე ქალს დრო აღარ რჩება ჭორისა და ბოროტსიტყვაობისათვის, განცხრომისა და სხვა შეუფერებელი საქმეებისათვის და მესამე: იგი კეთილ მაგალითს აძლევს შვილებსა და გარშემო მყოფთ. ასეთი ქალი, მსგავსად სანთლისა, თავის გარშემო მყოფთ სიწმინდით, ბედნიერებითა და ქრისტიანული ზნეობით აცისკროვნებს. ერთის სიტყვით, იგი მხნეა.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დაუძინებელი შრომა მხოლოდ ღარიბ ქალებს მოეთხოვებათ, - არამც და არამც! ღმერთმა შრომა და მუშაობა ყოველი ადამიანისათვის დააწესა. გავიხსენოთ, რომ მხნე დედაკაცის აღწერა ბრძენმა სოლომონმა დედისაგან მოისმინა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ღარიბი ყოფილიყო. უმჯობეს და უსაყვარლეს მაგალითად კი იმას მოვიყვანთ, რაც სარწმუნო კაცისაგან მომისმენია. ერთ უძველეს ეკლესიაში კედელზე ყოფილა ფრესკა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისა, რომელსაც წინ მატყლი უდევს, ხელში თითისტარი უჭირავს და ქსოვს. კარგი იქნებოდა მენახა ეს ხატი. მაშინ ყოვლადწმიდა დედის საღმრთო ბუნების მეორე მხარესაც გავიცნობდი. საჭიროა, ყოველ ქალს მუდმივად თვალწინ ჰქონდეს ისეთი ხატი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა, რომელზეც მას ხელში მატყლი და თითისტარი ექნება. მის ერთ მხარეს მისი ღმრთეებრივი ყრმა იქნება, რომელიც დედას სიყვარულით აღსავსე ღიმილით უცქერის. თვითონ ღმრთისმშობლის სახეზე სიწმინდე, სიმშვიდე და სიყვარული დიდი ხელოვნებით იქნება გამოყვანილი, ხოლო მის თვალებში იმ გონიერებისა და კრძალულების უფსკრული იბრწყინებს, რომელნიც ადამიანის გულს წარიტაცებენ. ასეთი ხატი ჭეშმარიტი დროშა, ანუ სიმბოლო იქნებოდა ყოველი ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისა.
ქალს განსაკუთრებით სჭირდება გონიერება და მხნეობა, შეიძლება უფრო მეტადაც კი ვიდრე მამაკაცს, როგორც ვიცით, ქალი აგებულებით მამაკაცზე ბევრად უფრო სუსტია, ამიტომ ეს სისუსტე, რათა მამაკაცს ძალიან არ ჩამორჩეს, მან გონიერებითა და ხასიათის სიმტკიცით უნდა შეავსოს. მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში არ გახდება ის მამაკაცის ხელში სათამაშო. ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რდგან ღმერთმა იგი მრავალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ქალი კი თავის დანიშნულებას მაშინ შეასრულებს, თუ ამ თვისებებთან ერთად სიმშვიდითა და სიმდაბლითაც იქნება შემკული და თავის ჭკუას და სულიერ სიმტკიცეს ოჯახსა და მახლობლებს მოახმარს.
როცა ღმერთმა ჩვენი წინაპარი ადამი შექმნა, ბრძანა: არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო, ვქმნეთ მისა შემწე მისებრ და შექმნა ევა მსგავსად და ხატად კაცისა და შემწედ მისა, - ეს არის საფუძველი ქალთა დანიშნულებისა და მოვალეობისა. ქალი შემწე და მეგობარი უნდა იყოს კაცისა, მისი საქმის, მთელი მისი ცხოვრების მოზიარე. მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება, უნდა იყოს მისი ნუგეში, განმამხნევებელი, განმაღვიძებელი, ერთი სიტყვით, უნდა გაამართლოს სახელი „მეუღლე“, ანუ უნდა შეეწიოს ქმარს უღლის ზიდვაში. ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქები და მადლიანია ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. ბრძენი სოლომონის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მხნე ქალი გვირგვინია ქმრისა, ქალი, რომელიც სიზარმაცითა და უსარგებლო სამკაულების სიყვარულით გამოირჩევა, ქმრისთვის ყელზე ჩამოკიდებული ლოდია, რომელიც ახრჩობს მას, საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ საზოგადოების დაბალ ფენებში უფრო მრავლად არიან ისეთი ქალები, რომელნიც შრომასა და ჯაფაში გვერდით უდგანან მეუღლეებს. დროა მაღალი წრის ქალებმაც დათმონ თავიანთი ჩვეულებანი, მრავალი უსარგებლო ხარჯი შეამოკლონ, მეუღლეებს ცხოვრება გაუადვილონ და შრომასა და მოღვაწეობას შეუდგნენ.
მოთმინება – ამქვეყნად ადამიანის ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ თუ მოთმინება არა აქვს, ვერ გაძლებს. ადამიანს მოთმინება ყოველთვის და ყველა საქმეში სჭირდება: მოთმინება უნდა გვქონდეს მუშაობისას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით ოჯახში. მაგრამ ყველაზე დიდი მოთმინება ქრისტიანს სჯულის აღსრულებისას სჭირდება. თუ მას დიდი მოთმინება და სიმტკიცე არა აქვს, ცოდვასა და განსაცდელს წინ ვერ აღუდგება და ქრისტეს კეთილი მოწაფე ვერ იქნება. როდესაც რამე განსაცდელი შეგემთხვევა და ცხოვრება გაგიჭირდება, უფალი ჩვენი, იესო ქრისტე გაიხსენე. რა არ მოითმინა მან ჩვენი გულისათვის: განკიცხვა, გინება, შეურაცხყოფა, დევნა, ტანჯვა, ჯვარცმა. თუ მაცხოვარმა ამდენი დაითმინა შენთვის, შენც ცოტაოდენი მაინც მოითმინე მისთვის, მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა ჭირისა და უბედურების მიზეზი, რომელიც შეგემთხვევა, შენ თვითონვე ხარ. თუ ყოველივეს სულგრძელად მოითმენ, ღმერთი ისე მიიღებს, თითქოს იმისთვის მოგეთმინოს.
მოყვასი – ერთმა სჯულისმეცნიერმა ებრაელმა უფალს ჰკითხა; ვინ არს მოყვასი ჩემდა? რადგან აინტერესებდა, ვინ უნდა შეეყვარებინა ისე, როგორც საკუთარი თავი, ებრაელები ხომ მოყვასად მხოლოდ თანამემამულეებსა და მონათესავეებს თვლიდნენ, სხვები კი მტრებად მიაჩნდათ. მაცხოვარმა მას სამარიტელლზე იგავით უპასუხა. ჩვენც ხშირად ვეკითხებით ჩვენს თავს – ვინ არის ჩემი მოყვასი? ჩვენც გვაქვს ის ჩვეულება, რომ ადამიანები ორ ნაწილად გავყოთ, ზოგი მოყვარედ მივიჩნიოთ და ზოგი მტრად, ჩვენი ქვეყანა შეწუხებულია იმით, რომ ჩვენს შორის ერთობა, სიყვარული და ქრისტიანული ერთგულება არ არსებობს. ჩვენი ხალხი ასწილად ბედნიერი იქნებოდა ხორციელად და უმჯობესი სულიერად, მოყვრად და მტრად გაყოფის ნაცვლად ურთიერთსიყვარული რომ არსებობდეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძალა და სული სახარებისა ჩვენი გულის სიღრმეში ჯერაც არ შესულა, ჩვენი ბუნება და ჩვეულებანი მთლიანად ჯერაც არ დაუმორჩილებია. სადაც განხეთქილება, შური და სიძულვილი სუფევს, იქ არ არის სული ქრისტიანობისა. ვინმემ შეიძლება იფიქროს: განა შესაძლებელია ყოველი კაცის შეყვარება იმგვარად, როგორც ჩვენ დედ-მამა ან და-ძმა გვიყვარს? მაგრამ ვისაც თავისი ოჯახის წევრები გულწრფელად უყვარს, სხვათაც ადვილად შეიყვარებს. ჭეშმარიტ სიყვარულს ის თვისება აქვს, რომ იგი ადამიანის გულს აფართოებს, სულგრძელ ყოფს და მისგან ყოველგვარ შურსა და სიძულვილს განდევნის. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერი ნათესაობა ხორციელზე უდიდესია. ძმა და მოყვარე მხოლოდ ხორციელადაა დაკავშირებული ჩვენთან, ხოლო ღმერთმა სულიერად ყოველი კაცი შეაერთა და თავის თავში ყველანი ძმად და მოყვარედ გვყო. მივხედოთ მოწყალე სამარიტელს, რომელმაც გვაჩვენა, რა არის მოყვრობა და როგორ უნდა ასრულებდეს ქრისტიანი მცნებას მოყვასის სიყვარულისა. თუმცა, დაჭრილი მისი მოძულე, მოშურნე და მტერი იყო, მაინც შეიწყალა და რაც შეეძლო, შეეწია კიდეც, მაშასადამე, ყოველი კაცი ჩვენი მოყვასი და ძმაა, უმეტესად კი, რა თქმა უნდა, უბედური და გაჭირვებული.
მოწოდება ღმრთისაგან – მოუწოდა თუ არა უფალმა ზებედეს შვილებს – იაკობსა და იოვანეს, მათ მეყსეულად დატოვეს ნავიცა და მამაც და მისდევდნენ მას. აქედან კარგად ჩანს, თუ როგორ ჰქონდათ გული მომზადებული ამ უბრალო მეთევზეებს ღმრთისაგან წოდების მისაღებად. რაკი ერთხელ ესმათ ხმა უფლისა, აღარც ეჭვს, აღარცშიშს, აღარც მშობლებისა თუ მონაგების სიყვარულს აღარ შეეძლო მათი დაბრკოლება. ამ უბრალო და უსწავლელმა მეთევზეებმა შესანიშნავი მაგალითი მოგვცეს იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ღმერთი მოგვიწოდებს. ეს მოწოდება სხვადასხვა სახისაა. მაგალითად, როცა გულს კაცისა რომელიც სოფლის ამაო საქმეებითაა გართული, უეცრად ყოველივე მოსწყინდება, ან როდესაც ცოდვებისაგან შეწუხებული სინდისი დევნის და ცოდვის მონობისაგან გამოსვლას აიძულებს – ეს ღმრთისაგან მოწოდებას ნიშნავს. მაგრამ მზაკვარი გონება ხშირად ამგვარ მდგომარეობას რაღაც სხვა მიზეზებს მიაწერს და ამით ღმრთის წოდებას აუქმებს. ღმრთისგან მოწოდებაზე მიანიშნებს ისიც, როცა ადამიანს რომელიმე უბედურება – ან მოყვასთა სიკვდილი, ან სიღატაკე, ან მძიმე სნეულება შეემთხვევა. ამგვარ შემთხვევებს ღმრთისმოსავი ადამიანები მადლობით მიიღებენ, ღმრთის სამართლიანად დამსჯელ მარჯვენას დაემორჩილებიან და შეეცდებიან მორჩილებითა და მოთმინებით გამოისწორონ ცხოვრება და ღმრთის მოწყალების ღირსნი კვალად შეიქნენ. ურწმუნონი კი პირიქით იქცევიან, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, ანუ ღმრთისგან მოვლინებულ სწავლას უარყოფენ. ასევე, უკეთუ შენ ღმერთმა პატივით, ჭკუითა და განათლებით შეგამკო, ან სიმდიდრე და წარმატება მოგანიჭა, ეს ყველაფერი იმიტომ მოგეცა, რომ მას ემსახურო. მრავალნი კი ღმრთისგან ამ სახით მოწოდებას სხვაგვარად უყურებენ, სიმდიდრესა და წარმატებას საკუთარი თავის დამსახურებად თვლიან, უკეთური სურვილებისა და ვნებების დასაკმაყოფილებლად იყენებენ და ამგვარად ღმრთის წოდებას აუქმებენ. გული ხშირად გვეუბნება, რომ დროა უკვე სოფლის ამაოებათა დატევებისა და ღმრთისაკენ მიქცევისა, მაგრამ მაინც ისევ ცოდვის მონებად ვრჩებით. ჩვენი დაუდევრობისა და უზრუნველობის მიზეზი ღმრთის წოდების დაუფასებლობაა, ანუ ჩვენ ვერ შევძელით დავმსგავსებოდით უბრალო მეთევზეებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ მათ მსგავსად არა ყოველივეს დატევება, არამედ მხოლოდ ღმრთისმსახურება, მისი მცნებების აღსრულება მოგვეთხოვება. ამსოფლიური საქმენი კაცმა ისე უნდა დააწყოს, რომ ყოველივე ერთ უმაღლეს საქმეს – სულის ცხონებას ემსახურებოდეს.
მოწყალე სამარიტელი – სჯულისმეცნიერი ებრაელის კითხვას – ვინ არს მოყვას ჩემდა, - მაცხოვარმა მოწყალე სამარიტელზე იგავით უპასუხა. ავაზაკებისაგან დაჭრილ ცოცხალ-მკვდარ ებრაელს, რომელსაც გვერდი გულგრილად აუარეს მღვდელმა და ლევიტელმა, სამარიტელმა უპატრონა, თუმცა, ებრაელებს სამარიტელნი სძულდათ; წყლულები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შემდეგ სასტუმროში მიიყვანა და მის პატრონს ჩააბარა იმ პირობით, რომ იმაზე მეტს მისცემდა, რაც მის მოვლაში დაეხარჯებოდა. ამ იგავს მეორე მნიშვნელობაც აქვს. მოწყალე სამარიტელი თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტეა, გზაზე დაგდებული დაჭრილი კაცი მთელი კაცობრიობაა, რომელიც ვიდრე მაცხოვარი მოვიდოდა, ავაზაკებმა, ანუ ეშმაკებმა და მათმა შხამიანმა ნაყოფებმა – ცოდვამ, ვნებამ, სულიერმა ხრწნილებამ და სიკვდილმა ფრიად სტანჯეს. მისი მკურნალობა თავს არავინ იდვა, არც მღვდელთა და არც ლევიტელთა და აი, მოვიდა ქვეყნად მოწყალე სამარიტელი უფალი იესო. მიეახლა ცოცხალ-მკვდარს, წყლულები შეუხვია, სცხო მას ზეთი სიტყვისა და ნუგეშისცემისა და დაასხა ღვინო ქადაგებისა და თავისი მადლისა. თუმცა, მისი მოწყალების ღირსნი არ ვიყავით, უფალი მაინც მოვიდა ჩვენთან და მიუხედავად იმისა, რომ მისი მტერნი და მოძულენი ვიყავით, მაინც გამოგვიხსნა, იცოდა რა, რომ ეს გზა გოლგოთამდე მიიყვანდა. და ყოველივე ამის სანაცვლოდ რა მოგვთხოვა? ურთიერთსიყვარული და ერთობა და ისიც არა თავისთვის, არამედ, ჩვენი ბედნიერებისათვის.