- ა -
აგიოგრაფია (ჰაგიოგრაფია) - სასულიერო მწერლობის დარგი, ქრისტიან წმინდანთა ცხოვრება-მოღვაწეობის ან მათი მოწამეობრივი აღსასრულის აღწერა.
აგრაფები - მაცხოვრის გამონათქვამები, რომლებიც წმინდა ოთხთავში არ არის ჩაწერილი. „ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, რომ თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოანე 21, 25).
„ადიდებდითსა“ - საეკლესიო საგალობელი, რომელსაც ღვთისმშობლის გალობა ეწოდება - „და სთქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა“ (ლუკა 1, 46).
ადონაი (ძვ. ებრ. უფალი ჩემი) - ღვთის ერთ-ერთი ბიბლიური სახელი.
ათორმეტი სახარება - სახარების თორმეტი მონაკვეთი, სადაც აღწერილია ქრისტეს ვნება (წამება), იკითხება ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს (საღამოს), და პარასკევს (ცისკრის ჟამს).
აიაზმა - ნაკურთხი წყალი, არის დიდი და მცირე. დიდი აიაზმა: - 1) ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხი წყალი, რომელსაც მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში იყენებენ. 2) ნათლობის საიდუმლოს შესრულების დროს ნაკურთხი წყალი.
მცირე აიაზმა - პარაკლისების და სხვა მსახურებათა აღსრულების დროს ნაკურთხი წყალი.
აკათისტო (დაუჯდომელი) - სადიდებელი საგალობელი; ლოცვა, რომლის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ, არამედ ფეხზე უნდა იდგნენ ან დაიჩოქონ.
„აკურთხევდითსა“ - საეკლესიო საგალობელი. (კანონის) მე-8 გალობის სახელწოდება, რომელიც აღებულია „სამთა ყრმათა დასაწყისი სიტყვების მიხედვით: „აკურთხევდით ყოველი საქმენი უფლისანი“ (დანიელი, წინასწარმეტყველება 57).
აკოლოთია - ლოცვათა კრებული, ზიარების წინ შესასრულებელი კანონი.
ალილო - ქართული საგალობელი. სრულდება შობის წინა ღამეს.
ალილუია (ძვ. ებრ. „ადიდეთ უფალი“) - დიდება ღვთისა ყველაფრისათვის, ღვთის სადიდებელი შეძახილი, სამგზის წარმოითქმის როგორც ყოვლად წმიდა სამების თითოეული პირისადმი მიმართული სადიდებელი.
ამაღლება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი - დღესასწაული აღინიშნება აღდგომის მე-40 დღეს, როცა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ხორცით ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა (მარკ. 15, 14-19). ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის: იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა).
ამბა - მონასტრის წინამღძვარი, „მამის“ შესატყვისი. საქართველოში მე-11 საუკუნიდან ალავერდის ეპისკოპოსის ზედწოდება იყო. ტრადიცია მომდინარეობს ალავერდის მონასტრის პირველი წინამძღვრის, ერთ-ერთი თორმეტთაგანი სირიელი მამის - იოსებისაგან, რომელიც ამბა ალავერდელად იწოდებოდა.
ამბიონი - განსაკუთრებული ამაღლებული ადგილი ეკლესიაში. აღსავლის კარის (კანკელის სამი კარიდან შუა კარი) წინ, სადაც იკითხება სახარება, ფსალმუნი, წარმოითქმის ქადაგება და ლოცვები.
ამინ - დამამტკიცებელი, დასკვნითი სიტყვა. წარმოთქვამენ ლოცვის, საგალობლის, ქადაგების ბოლოს, საზეიმო ფიცის ან აღთქმის დადების დროს.
ანათემა - ეკლესიისაგან განკვეთა, შეჩვენება. ქართულ ეკლესიაში ზოგჯერ იხმარებოდა „შერისხვა“.
ანალოგია (ანალოღია) - დახრილი, პატარა მაგიდა, ღვთისმსახურების დროს ხატისა და სახარების დასაბრძანებელი.
ანაფორა - 1) მღვდლის განიერი და გრძელი შესამოსი; 2) წირვის დროს დარჩენილი პური და ღვინო, რომელსაც გლახაკებს ურიგებენ.
ანგელოზთა გალობა - 1) გალობა, რომელსაც განუწყვეტლივ აღავლენენ ღვთის ტახტს გარშემორტყმულნი სერაფიმები „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“; 2) გალობა, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს მაცხოვრის შობის ღამეს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება (ლუკა 2, 14)“.
ანგელოზთა დასი - იხ. ანგელოზთანი.
ანგელოზი (ბერძ. მაცნე) - ღვთის ზეციური მსახური, რომელიც ფლობს ადამიანზე ბევრად აღმატებულ ცოდნას, სიწმინდეს, ძალას, არის სულიერი, უსხეულო არსება.
ანტიდორი - სეფისკვერის ნაწილი, რომლიდანაც ამოღებულია ტარიგი. იგი ურიგდება მლოცველებს ზიარების შემდეგ.
ანტიფონი - საეკლესიო გალობის ფორმა; ორი გუნდის მონაცვლეობით გალობა.
ანფოლოგიონი - წიგნი, რომელიც შეიცავს საეკლესიო დღესასწაულთა, ლოცვათა თანმიმდევრობას.
აპოლოგეტიკა - მოძღვრება, რომელიც ღვთის მიერ გამოცხადებულ ჭეშმარიტებას იცავს ფილოსოფოსთა და მოაზროვნეთა ცრუ სწავლებისაგან.
არტოკრასია - პურის კურთხევა.
არტოსი (ბერძნ. პური) - გაფუებული ცომისაგან დამზადებული პური, რომელიც იკურთხება აღდგომის დღეს განსაკუთრებული ლოცვით, მას ინახავენ კანკელის წინ, ანალოღიაზე ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში. პასექის შაბათს იმტვრევა და ურიგდება მორწმუნეებს, როგორც სიწმინდე.
არქიდიაკონი - მთავარ დიაკონის ბერული წოდება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ბერია.
არქიელი - მღვდელმთავარი.
არქიეპისკოპოსი - მთავარეპისკოპოსი, მაღალი იერარქიის ტიტული, უმეტესად მთავარი ქალაქების ეპისკოპოსები.
არქიერატიკონი (ბერძ. სამღვდელმთავრო) - ლიტურგიის წესების სახელმძღვანელო წიგნი, რომელიც განკუთვნილია მღვდელმთავართათვის. არქიერატიკონი ანუ „სამღვდელმთვარო კონდაკი“, სამღვდელო კონდაკისაგან განსხვავებით, შეიცავს ხელთდასმის („ქიროტონიის“) წესებსაც.
არქიმანდრიტი (ბერძ. ზღუდის უფროსი, იგულსხმება მონასტრის ზღუდე, გალავანი) - მართლმადიდებელი ეკლესიის ბერთა უმაღლესი სასულიერო წოდება. რამდენიმე მონასტრის წინაძღვრის, ზედამხედველის ტიტული.
არწივი - იხ. სამღვდელმთავრო არწივი.
ასამაღლებელი - სამების სადიდებელი ლოცვათა ბოლო ნაწილი, რომელსაც საზეიმო კილოთი ხმამაღლა წარმოთქვამს მღვდელი.
ასკეტიზმი (ბერძ. ასკეტის - გმირობა, ვარჯიში) - განდეგილობა, ხორცის გვემა, ცხოვრების სიამეთა უარყოფა, მორწმუნის პირადი ცხოვრების ძირითადი კანონი.
აქსიოს (ბერძ. ღირსი) - ეპისკოპოსისა და მღვდლების, ზოგჯერ კი დიაკვნის ქიროტონიის დროს სამღვდელოთა და მრევლის შეძახილი, რომლითაც ისინი გამოხატავენ დასტურს, რომ საკურთხებელი პიროვნება გამოირჩევა თავისი წმინდა, შეურყვნელი ცხოვრებით და ღირსია ხელდასხმის.
აღაპი (ბერძ. სიყვარული, ქრისტიანთა ძმური ტრაპეზი) - რიტუალი, რომელიც ძველად მიცვალებულის მოსახსენიებლად ეწყობოდა. საქართველოში მას თან ახლდა წირვა და ზოგჯერ პანაშვიდი. სააღაპო ტრაპეზზე უნდა შეესვათ ღვინო მიცვალებულის ცოდვების შესანდობლად, ხოლო წირვისას მოეხსენებინათ მისი სახელი.
აღდგომა - ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული „ოდეს ყოველი ხარობს, რამეთუ აღსდგა ქრისტე“. მოძრავია და აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, ებრაული პასექის სწორს, მას წინ უსწრებს დიდმარხვა, რომელიც მორწმუნეებს აღდგომის შესახვედრად ამზადებს. აღდომის დღესასწაული გრძელდება ერთ კვირას (ბრწყინვალე შვიდეული) ახალ კვირამდე (კვირაცხოვლობა). სააღდგომო კვერცხებს წითლად ღებავენ (წითელი ფერი ქრისტეს მიერ ადამიანთა კეთილდღეობისათვის დაღვრილი სისხლის მოსაგონია, კვერცხი კი მარადიული სიცოცხლის სიმბოლო), აღდგომის აღნიშვნის დღე დაადგინა ნიკეის საეკლესიო კრებამ (325 წ.) სააღდგომო საგალობლების უმეტესი ნაწილი იოანე დამასკელს ეკუთვნის.
„აღვივსენითი“, „აღვივსენი“ - მცირე ფორმის საეკლესიო საგალობელი, რომელსაც გალობენ ფსალმუნის გალობასთან ერთად, ცისკრის ღვთისმსახურებაზე. სახელწოდება აღებულია 89-ე ფსალმუნის მე-14 მუხლის დასაწყისი სიტყვის მიხედვით: „აღვივსენით ჩუენ ცისკარსა, წყალობითა შენითა, უფალო“.
აღსავალთა გალობა - ცისკრის ლოცვის წინარე მუხლი რვა ხმისათვის, აღსავლები, ანტიფონი წირვის პირველი სამი საგალობელია.
აღსავლის კარი - ტაძრის კანკელის შუა კარები.
აღსარება - ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, რომლის დროსაც მორწმუნე უფლის წინაშე აღიარებს და ინანიებს თავის ცოდვებს, ხოლო მღვდელი უფლის სახელით შეუნდობს მას.
აღსაყდრება (ინტრონიზაცია) - პატრიარქის კურთხევის ცერემონია.
ახალი აღთქმა - საღვთო წიგნების კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“ ანუ ოთხი სახარება: მათესაგან, მარკოზისაგან, ლუკასაგან და იოანესაგან. მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“, „კათოლიკე ეპისტოლენი“ (სულ 7), „ეპისტოლენი წმიდისა მოციქულისა პავლესნი“ (სულ 4) და „გამოცხადება იოანესი“ ანუ „აპოკალიფსისი“.
ახალი ისრაელი - მართლმადიდებელი ეკლესია.