- ბ -
ბაზილიკა - მოგრძო, ნავისებრი ფორმის ტაძარი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ნავს ცხოვრების ზღვაში, რომლის მესაჭეც არის იესო ქრისტე და მისი საშუალებით შეგვიძლია გავცუროთ ზღვა და მივიდეთ სამშვიდობო ნავსადგურში, ე.ი. სასუფეველში.
ბაია - პალმის რტო.
ბაიაობა - იხ. ბზობა.
ბაირაღი - ეკლესიის წმიდა დროშა, რომელიც გამოიყენება დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს. ის აღნიშნავს მართლმადიდებლობის ამ ქვეყანაზე გამარჯვებას.
ბაპტისტერიუმი (ბერძ. ნათლობა) - განსაკუთრებული შენობა, ნათლობის საიდუმლოს ჩასატარებლად, სადაც მოწყობილია ემბაზი.
ბარტყულა (კუნკული) - მონაზვნის თავსაბურავი.
ბარძიმი - ძვირფასი ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი) დამზადებული მაღალფეხიანი სასმისი, რომელშიც ღმრთისმსახურების დროს ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად. ბარძიმიდან ხდება ზიარება.
ბასილი დიდის წირვა - საღვთო ლიტურგიას ძველ დროში სხვადასხვანაირად ასრულებდნენ. ის ხშირად მთელ ღამეს გრძელდებოდა, ამიტომ ქალაქ კესარიის მთავარეპისკოპოსმა, წმ. ბასილი დიდმა, შეადგინა საყოველთაო წირვის სახელმძღვანელო, შემდეგ იგი შეამოკლა წმინდა იოანე ოქროპირმა. დღეს ხმარებაშია უმეტესწილად იოანე ოქროპირის ლიტურგია. ბასილი დიდის წირვა წელიწადში 10-ჯერ სრულდება: დიდმარხვის 1-5 კვირებში, ქრისტეშობის ან მის წინა დღეს, ბასილი დიდის ხსენების დღეს, ნათლისღების ან მის წინა დღეს, დიდ ხუთშაბათს და დიდ შაბათს.
ბაღდადი - მეწამული ფერის ოთხკუთხა ნაჭერი, იხმარება ზიარების შემდეგ ბაგეს მოსაწმენდად.
ბერ-მონაზვნობა (ბერძ. „მონახოს“ - კენტად მცხოვრები, განდეგილი) - წუთისოფლისაგან განდგომა, ცხოვრების გატარება საკუთარი ნების უარყოფაში, ლოცვაში, მარხვაში და მუდმივად ღმერთზე ფიქრში. ბერ-მონაზვნულ ცხოვრებას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში, რომელიც განვითარდა მე-4 საუკუნეში. მის ფუძემდებლად ითვლება წმ. ანტონი დიდი.
ბზობა (ბაიაობა), ბზობის კვირა - ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (უკანასკნელი კვირა აღდგომის წინ). ერთი ათორმეტი საუფლო დღესასწაულთაგანი. დამკვიდრებულია მე-4 საუკუნიდან. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად შესვლა. მოსახლეობა იესოს ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი - პალმის ტოტს - ბაიას უფენდა, თან ოსანას შესძახოდნენ.
ბისონი - 1) ძვირფასი, რბილი, თხელი ქსოვილი მეწამული მოყვითალო ფერის. 2) ამავე ქსოვილისაგან დამზადებული მდიდრული სამოსი. 3) ეპისკოპოსის შესამოსელი. სიმბოლურად აღნიშნავს იმ სამოსელს, რომლითაც იესო შემოსეს განსჯის დროს.