- გ -
გადმოცემა წმიდა - მაცხოვრისა და მოციქულების მიერ ზეპირად გადმოცემული სწავლება, რომლებიც მოგვიანებით იქნა ჩაწერილი. ის შეიცავს: 1) უძველესი ადგილობრივი ეკლესიების სარწმუნოების სიმბოლოს; 2) „მოციქულთა წესებს“, რომელიც მიიღო კანონიკურად მართლმადიდებელმა ეკლესიამ; 3) მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებებს, რომელთა ავტორიტეტი აღიარებულ იქნა VI მსოფლიო კრებაზე; 4) წმიდა მამათა მიერ ჩამოყალიბებულ ხიმბოლოებს; 5) მსოფლიო და ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებებს; 6) პირველ ლიტურგიებს, რომელთა წარმოშობა ეკუთვნით მოციქულებს; 7) პირველ წმინდანთა მარტვილობას, რომელიც შედგენილია თვითმხილველთა მიერ; და სხვა.
განბანვა - ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მირონის მოწმენდა წყლით. პირველ საუკუნეებში სრულდებოდა მირონცხების შემდეგ მე-8 დღეს. თანამედროვე პრაქტიკაში სრულდება იმავე დღეს.
განდეგილობა - ბერ-მონაზვნური ცხოვრების განსაკუთრებული წესი, განმარტოებით დაყუდება აღმატებული მარხვისა და ლოცვისათვის.
„განიცადე“ - გალობა, რომელიც სრულდება ღვთისმსახურთა ზიარების დროს და წარმოადგენს ჟამის წირვის ბოლო ნაწილს, სახელწოდება მოდის ფსალმუნისაგან: „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“.
განკვეთა - ერესის გამო ეკლესიიდან გაძევება.
განკითხვის დღე - ქვეყნის აღსასრული, ღვთის საშინელი სამსჯავრო, რომელზეც გადაწყდება ცოდვილთა და მართალთა საბოლოო ბედი. პირველნი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყრებიან, მეორენი კი - ნეტართა სასუფეველში მოხვდებიან.
„განმანათლებელი“ - ცისკრის ლოცვაზე მე-9 ძლიპირის გალობის შემდეგ წასაკითხი სამმუხლიანი ლოცვა.
განტევება - კურთხევით პატიება შეცოდებისა.
„განძლიერდასა“ - საგალობლის (კანონის) მე-3 გალობა, სახელწოდება აღებულია ბიბლიური ანას გალობის დასაწყისის მიხედვით: „განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიერ“ (1 მეფეთა 2, 1).
გაპატიოსნება - მიცვალებულისათვის ყველა საჭირო წესის აღსრულება, პატივის დადება, დასაკრძალავად მომზადება, შემოსვა, წესის აგება.
გარდამავალი დღესასწაულები - 13 საეკლესიო დღესასწაული, გამოითვლება არა რიცხვით, არამედ სხვა დიდი დღესასწაულების მიხედვით. მაგ. შიო მღვიმელის (ყველიერის ხუშთაბათი), გამოცხადება ივერიის ღვთისმშობლის ხატისა (ბრწყინვალე სამშაბათს) და სხვა.
გარდაცვალება - სულის გამოსვლა სხეულიდან, რომლის შედეგად სხეული მიწისაგან შექმნილი „მიწად მიიქცევა“, ხოლო სული განაგრძობს არსებობას და წარსდგება ღვთის წინაშე.
გარდამოხსნა (მოხსნა, ჩამოღება) – 1) ქრისტეს ჩამოღება ჯვრიდან. 2) ქსოვილი, რომელზეც გამოსახულია მაცხოვრის ცხედარი. 3) მსახურება, რომელიც აღესრულება დიდ პარასკევს.
გერი - ასე ეწოდება მიბაძვით გალობებს, სტიქრონებს, რომელთაც უმთავრესად საკუთარი მელოდია აქვთ.
გვერდნი („გუერდი“) - ჰიმნოგრაფიული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პლაგალურ ე.ი. დამატებით ხმას, ძირითადი ხმებისაგან განსხვავებით.
გვირგვინი - ქორწინების საიდუმლოში გვირგვინის თავზე დადგმა ნიშნავს მეუღლეების მიერ ვნებებზე გამარჯვებას და მათ მიერ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად განვლილი ცხოვრებისათვის მინიჭებულ ჯილდოს (იხ. ქორწინება).
გინგილა - დიაკონის შესამოსელის ნაწილი. მხარზე გადასაკიდი გრძელი ვიწრო ბაფთი. სიმბოლურად ნიშნავს ანგელოზთა არანივთიერ ფრთას.
„გიხაროდენი“ - ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი. სახელწოდება მოდის გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ მარიამ ღვთისმშობლისადმი ხარების დროს წარმოთქმული მიმართვის დასაწყისი სიტყვებიდან: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა“ (ლუკა 1, 28).
გულანი - საეკლესიო წიგნების კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები:
სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი,
ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული
საკითხავები და სხვა. გულანი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას
არ აქვს.