საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
-
ი -
იადგარი - ძველ ქართულ მწერლობაში ჰიმნებისა და საგალობლების კრებული.
იაჰვე (ებრ. იეჰოვა) - ძვ. აღთქმით ღვთის გამომხატველი სიტყვა - „მე ვარ რომელი ვარ“.
იბაკო - მცირე ფორმის საგალობლების სახეობა. იგალობება კვირა დღეებში, ცისკრად, 118-ე
ფსალმუნის შემდეგ, სრულდება ფეხზე დგომით ე.ი. საზეიმოდ; იბაკო მოთავსებულია კანონის
მესამე გალობის შემდეგ.
იერარქი (ბერძ. - ჰიეროს - წმინდა, არქე - საწყისი, საფუძველი ძალაუფლება) - ქრისტიანული
სამღვდელოების უმაღლესი რანგი (პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი.
არქიელი).
იერარქია საეკლესიო (ბერძ. - სასულიერო ძალაუფლება) - ეკლესიის მსახურთა ხარისხობრივი
კიბე ქვემოდან მაღლა. უწინარეს ყოვლისა არჩევენ „თეთრ“ და „შავ“ სამღვდელოებას. „თეთრს“
ეკუთვნის სასულიერო პირი, რომელსაც ჰყავს ოჯახი. „შავს“ - საბერო დასი. ორივეს საწყისი
საფეხური დიაკვნობაა, შემდეგ მღვდლობა („თეთრისათვის“) და მღველ-მონაზვნობა („შავისათვის“),
შემდგომ მოდის შესაბამისად დეკანოზი და იღუმენი. „თეთრი“ სამღვდელოებიდან ინიშნება
პროტოპრესვიტერი (პატრიარქის ან მღვდელმთავრის ღვთისმსახურების მომწესრიგებელი).
იღუმენთა შორის უმაღლესი წოდებაა არქიმანდრიტი. არქიმანდრიტებიდან ირჩევენ ეპისკოპოსს.
ეპისკოპოსთა შორის არის სამი წოდება: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი.
ეპისკოპოსთა ხარისხიდან ირჩევენ პატრიარქს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში
დგას კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც წმ. სინოდი ირჩევს. მღვდელმთავრები განაგებენ
ეპარქიებს, უმაღლესი ორგანოა საეკლესიო კრება. პატრიარქის მოადგილე ქორეპისკოპოსი
განაგებს მშენებლობას, არის საგარეო საქმეთა განყოფილება და სხვა.
იერეი - მღვდელი.
იეროკირიქსი - ღვთის სიტყვის მქადაგებელი, საეკლესიო კათედრიდან.
იერომნიმონი - დავიწყებული სამღვდელო საქმის მომგონებელი.
იერუსალიმს დიდებით შესვლა უფლისა - იხ. ბზობა.
იკოსი - კონდაკთან საკითხავი გრძელი მუხლი (VI ლოცვა). დაუჯდომელის გრძელ მუხლებსაც
იკოსს უწოდებენ.
იპოსტასი (ბერძ. - პიროვნება, პირი) - სამების თითოეული პირი, ჰიპოსტასი.
ირმოლოგიონი - ღვთისმსახურების წიგნი, რომელშიც მოცემულია მოძრავი და უძრავი დღესასწაულების
საგალობლები.
ირმოსი (ბერძ. - დაკავშირება) - ქართ. ძლისპირი - ყოველ კანონში პირველი მუხლის სახელწოდება,
ის აკავშირებს ერთიმეორესთან მომდევნო ტროპარებს.
ისიხაზმი - XIV საუკუნის ბერძენი ბერების მიერ ათონის მთაზე ჩამოყალიბებული მისტიკური
სწავლა-მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მარადიული შეუქმნელი ღვთიური ნათელის (რომელიც
ღვთის ფერისცვალების დროს მოევლინა თაბორზე) ხილვის მიღწევა შესაძლებელია განსაკუთრებული
ასკეტური მოღვაწეობით.
იღუმენი - მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვარი.
|