- კ -
კაბა - სამღვდელო შესამოსელი.
კათაკმეველი - მოუნათლავი, ქრისტიანული წესით მოსანათლად გამზადებული. ის ვინც ქრისტიანულ ეკლესიაში ემზადება ნათლობისათვის, სწავლობს სარწმუნოების საფუძვლებს და ეკლესიური ცხოვრების წესებს. კათაკმევლობაში დარჩენილი - მოუნათლავად დარჩენილი.
კათედრა - 1) ადგილი, საიდანაც ქადაგებენ; 2) ეპისკოპოსის (არქიელის) სავარძელი; 3) ეპისკოპოსის რეზიდენციის ტრადიციული ადგილი (ქალაქი, დაბა, მონასტერი).
კათოლიკე (ბერძ. - საყოველთაო) - ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოსა საყოველთაო და კრებითი, იგი ყველა ადგილსა და ყველა დროის მორწმუნეებს მოიცავს.
კათოლიკოსი (ბერძ. - საყოველთაო, სრულიად) - საქართველოს ეკლესიაში პატრიარქი, წოდება უმაღლესი მღვდელმთავარი.
კანდელი (სანათი, ლამპარი) - ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთი, ეკლესიის ჭერზე ჯაჭვით ჩამოკიდებული ლამპარი, რომელშიც ზეთი ანთია. ქორკანდელი - სასანთლეთა წრე, ერთ საკიდზე დაკიდებული რამდენიმე კანდელი. აღაპები უთითებენ, რომელი ხატის წინ უნდა დაინთოს კანდელი სააღაპე პირისათვის და რამდენი ზეთი უნდა დაიხარჯოს.
კანკელი (იკონოსტასი) - მართლმადიდებელ ეკლესიაში ტიხარი, ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოყოფს ეკლესიის ძირითადი ნაწილისაგან. მას სამი კარი აქვს. შუა კარს აღსავლის, ანუ სამეფო კარი ჰქვია, აქედან შედიან საკურთხეველში მღვდელმსახურნი, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარიდან შედიან საეკლესიო მსახურნი და ერისკაცნი. ჩრდილოეთის კარიდან სრულდება დიდი და მცირე გამოსვლა წირვის დროს.
კანონი (ბერძ. – „ჯოხი“, მითითება, წესი) – 1) ეკლესიის სწავლება - მოძღვრების ამსახველი წესი, ფორმა, რომელიც ეკლესიის კრებითი დადგენილებით არის მიღებული; 2) ღვთაებრივი შთაგონებით დაწერილი რელიგიური წიგნი; 3) საზეიმო გალობა, ცხრა გალობის ერთობლიობა, ყოველი შეიცავს ხუთ მუხლს, ეძღვნება ამა თუ იმ წმინდანს.
კანონიზაცია (ბერძ. - ვაკანონებ) - სარწმუნოებისათვის თავდადებულთა, მოწამეთა, ეკლესიის მოღვაწეთა, წმინდანად შერაცხვა.
კანონიკა - საეკლესიო სასულიერო მწერლობის დარგი, მოიცავს საეკლესიო იურიდიულ ლიტერატურას, რომელიც უმაღლესი საეკლესიო ორგანოების მიერ ნებადართულია იურიდიულ საკითხებში პრაქტიკული ხელმძღვანელობისათვის.
კარიბჭე (პორტიკი) - ეკლესიის დასავლეთის ან სამხრეთის მხრიდან წინ გამოწეული შენობის ნაწილი, რომელიც სახურავის საყრდენი კედლით ან სვეტებით და თაღებით არის შექმნლი და ღიაა ერთი ან სამი მხრიდან.
კარშიკი - მღვდლის შესამოსი, შესაკრავი ღილი, ბალთა.
კატაბასია (ბერძ. - მისვლა) - კანონის დასამთავრებელი, ბოლო მუხლი (ლექსი), რომელიც თავშიც იმღერება და ბოლოშიც („დასაფარებელი“). მისი შესრულების დროს ორივე მგალობელთა გუნდი ერთმანეთს უახლოვდება და დგება ამბიონთან.
კატაკომბები - რომის იმპერიაში, ქრისტიანთა დევნისას შექმნილი მიწისქვეშა სამარხები, სადაც მოწყობილი იყო მართალთა სალოცავი და მოსასვენებელი ოთახები, აგრეთვე, მათი სამალავები.
კატეხიზმო (ბერძ. - ზეპირი დარიგება, განცხადება) - ეკლესიაში ახალმოსულთა სასწავლად გამიზნული წიგნი. ქრისტეს მოძღვრების გადმოცემა კითხვა-პასუხის სახით.
კელია - ბერის საცხოვრებელი, სენაკი.
კერპი - წარმართული ღმერთების სკულპტურული გამოსახულება, მათ როგორც ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ, რასაც ქართული წყაროებით „ზორვა“ ან „გება“ ეწოდება.
კერძო ღვთისმსახურება - ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება რომელიმე კერძო პირისათვის, ცოცხალთათვის ან მიცვალებულთათვის. მაგ.: პანაშვიდი, პარაკლისი, სახლის კურთხევა და სხვა. შესაძლებელია შესრულდეს სახლში.
კვართი (სტიქარი) - მღვდელმსახურების დროს მედავითნის, დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის ჩასაცმელი. მიჩნეულია ქრისტეს სამოსელის სიმბოლურ გამოხატულებად.
კვართი საუფლო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი იესო ქრისტეს ზედა სამოსელი. გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მისი სამოსელი მცხეთელმა ებრაელებმა იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოიტანეს. კვართი დამარხულია მიწაში სვეტის (სვეტიცხოვლის) ქვეშ და ის სვეტიცხოვლის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.
კვეთა - იხ. პროსკომიდია.
კვეთებული - სპეციალური ლოცვა, კანონი სულიერად ავადმყოფთათვის.
კვერექსი - გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებული მოკლე ლოცვების წყება, რომელსაც კითხულობს დიაკონი ან მღვდელი, ხოლო ლოცვების თითოეულ მუხლზე გუნდი პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“, ზოგიერთ შემთხვევაში „მოგვმადლენ უფალო“. სახეები: მცირე, დიდი, მრჩობლი, თხოვნითი, მიცვალებულის მოსახსენიებელი და სხვა.
კვერთხი - ეძლევა მღვდელმთავარს ეპისკოპოსად კურთხევის დროს ლიტურგიის შემდეგ. იგი წარმოადგენს მამობრივი მზრუნველობის სიმბოლოს თავისი სამწყსოს მიმართ.
კიდამონი - მირონის სურნელი.
კლირი - მღვდელმსახურთა, ეკლესიის მსახურთა, სასულიეროთა მრევლის საერთო სახელი.
კოვზი - კოვზით აზიარებენ მორწმუნეებს, სიმბოლურად ნიშნავს ლერწამს, რომლითაც ჯვარცმულ მაცხოვარს მიაწოდეს ნაღველნარევ ძმარში დასველებული ღრუბელი.
კონდაკი (ბერძ. - მოკლე) – 1) სამღვდელმსახურო წიგნი, რომელსაც იყენებენ მღვდელმთავარი და დიაკონი. მასში მოთავსებულია მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე სათქმელი ლოცვები; 2) ჯოხი, რომელზეც დახვეული იყო პერგამენტის გრაგნილები, სადაც აღწერილი იყო ქრისტიანული საგალობლები. შემდგომ ასევე ეწოდა თავად საგალობლებსაც, რომლებშიც მოცემულია საეკლესიო დღესასწაულის, რომელიმე წმინდანის ცხოვრების, ან ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენის მოკლე აღწერა.
კორკოტი - მიცვალებულთა დაკრძალვისა და მოხსენიების დროს შესაწირი. კორკოტი მოხარშული ხორბალია თაფლით შეკაზმული. სიმბოლურად ხორბალი აღნიშნავს, რომ მიცვალებული ჭეშმარიტად აღსდგება, ხოლო თაფლი - ნეტარი ცხოვრების სიტკბოებას, რომელიც მოელის მართლებს აღდგომის შემდეგ.
კრავი - საღვთო კრავი, ტარიგი, იესო ქრისტეს სახელი, რომელიც მას უწოდა იოანე ნათლისმცემელმა (იოანე 1, 29) იმის აღსანიშნავად, რომ მან თავისი სისხლით ცოდვებისაგან იხსნა კაცობრიობა.
კრიალოსანი - ძაფზე ასხმული მძივი, რომელიც გამოიყენება ლოცვისას კანონის შესასრულებლად. სახელწოდება წარმოდგება ბერძ. „კირიე ელეისონიდან“ რაც ნიშნავს „უფალო შემიწყალეს“. მძივებით მლოცველი წარმოთქმული ლოცვების რაოდენობას განსაზღვრავს.
კტიტორი - იხ. ქტიტორი.
კუნკული - იხ. ბარტყულა.
კურთხევა (ბერძ. - ქიროტონია, ხელის ძალით მოქმედება) – 1) ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის ამაღლება სამღვდლო ხარისხში ხელდასხმით; კურთხევის დროს უპირატესი ეპისკოპოსი ხელს დაადებს თავზე მას, ვინც უნდა აკურთხოს, ამით გადასცემს უფლის მადლს; 2) მღვდელმსახურის მიერ მორწმუნის დალოცვა რამე საქმეზე.
კურთხევანი - ღვთისმსახურების წიგნები. მასში მოთავსებულია საეკლესიო საიდუმლოებების და სხვა საეკლესიო წესების შესრულების დროს საჭირო ლოცვები.
„კურთხეულ არსა“ - საეკლესიო საგალობლის (კანონის) მე-7 გალობა, რომლის სახელწოდება
აღებულია დანიელის წინასწარმეტყველების „სამთა ყრმათა გალობის“ დასაწყისი სიტყვიდან
„კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“ (დანიელი 3, 26).