- ო -
ოდიკი (ანტიმინსი) - წმინდა ბარძიმი ქვესაფენელი ტრაპეზზე. ოთხკუთხა ქსოვილია, რომლის შუაგულში გამოსახულია მაცხოვრის დასაფლავება, ხოლო კუთხეებში - ოთხი მახარებელი. ქვეშ წარწერა აქვს, რომელმა ეპისკოპოსმა როდის და რომელი ეკლესიისათვის აკურთხა იგი. ოდიკის შუაგულში, უკუღმა პირიდან გამოკერებულია რომელიმე მოწამის ნაწილი ნიშნად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები საფლავებზე ასრულებდნენ ზიარებას. ოდიკი შეხვეულია ილტონში. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია.
ოთხთავი - იხ. სახარება.
ოლარი - მღვდლის შესამოსელი, გულზე ჩამოსაკიდი ორად შეკეცილი გინგილა. სიმბოლურად სამღვდელო მადლს ნიშნავს (იხ. გინგილა).
ომოფორი - ეპისკოპოსის გრძელი და ფართო ბაფთი, მხრებზე სატარებელი. სიმბოლურად აღნიშნავს გზააბნეულ კრავს, რომელიც მაცხოვარმა მოიძია, მხრებზე შეისვა და დაუბრუნა თავის სამწყსოს.
ორარი - იხ. გინგილა.
ორმოცი - 1) მეორმოცე დღეს ადამიანის გარდაცვალებიდან მისი სული წარსდგება პირად სამსჯავროზე. ამ დღეს წყდება, თუ სად იქნ ება მისი სული საყოველთაო აღდგომამდე. ამ პერიოდში მიცვალებულის ახლობლებმა განსაკუთრებულად უნდა ილოცონ მისთვის, გადაუხადონ პანაშვიდი, შეუკვეთონ წირვა მის სახელზე, გასცენ მოწყალება; 2) მეორმოცე დღეს ადამიანის დაბადებიდან ჩვილი პირველად მიიყვანება ტაძარში დედასთან ერთად, სადაც მღვდელი მათთვის კითხულობს სპეციალურ ლოცვას. დედისათვის იკითხება განწმენდის ლოცვა, რომლის შემდეგ მას შეუძლია მიიღოს წმინდა ზიარება, ხოლო ამის შემდეგ შეუძლიათ ბავშვი მონათლონ.
ოსანა - ღვთისა სადიდებელი შეძახილი, იუდეველთა მიმართვა სასულიერო პირისადმი, მიმართვა უფლისადმი.
ოქტოიხოსი (რვა ხმათა) - საეკლესიო საგალობელთა წიგნი, სადაც მსახურებები დალაგებულია ხმათა მიხედვით. ყოველი კვირის მსახურება ერთ ხმაში სრულდება.
ოხითა (ტროპარი) - მოკლე საგალობელი, დღესასწაულის მნიშვნელობის ან წმინდანის ღვაწლის გამომხატველი, სადიდებელი ან სავედრებლად აღვლენილი. იგალობება პარაკლისის, მწუხრის, ცისკრის და წირვის დროს. იკითხება ჟამნობისას.