- პ -
პანაღია - ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ეპისკოპოსი გულზე ატარებს.
პანაშვიდი (ბერძ. ღამის თევა) - საეკლესიო ლოცვა მიცვალებულთათვის; სრულდება გარდაცვალების მე-3, მე-9, მე-40 დღეს; აგრეთვე, დაბადების დღეს და გარდაცვალების წლისთავზე, ანგელოზის დღეს. პანაშვიდი არის დიდი და მცირე. დიდი პანაშვიდი შედგება 90-ე ფსალმუნისაგან და ძლისპირებისაგან თავისი ტროპარებით.
პარაკლისი - საეკლესიო მღვდელთმსახურება, სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვა, სრულდება მრევლისათვის. პარაკლსის მთავარ ნაწილს წარმოადგენს ტროპარი, ძლისპირები თავიანთი ტროპარებით, სახარება, კვერექსები, ბოლო სავედრებელი ლოცვა და სხვა. არსებობს სხვადასხვა პარაკლისი: უფლის, ღვთისმშობლის, წმინდანების, ახალი წლის, გვალვის დროს, ავადმყოფობის დროს და ა.შ. შეიძლება შესრულდეს ზეთის ცხებით და მცირე აიაზმასთან ერთად.
პარაკლიტონი - იხ. ოქტიოხოსი.
პარასკევი - იუდეველთა შაბათის შესახვედრად მოსამზადებელი დღე. იოანეს სახარების მიხედვით პარასკევს ეწოდება ქრისტეს „ჯვარცმის დღე“ – „პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი“.
პარაფისტი - საკმეველის ჭურჭელი (საბა).
პასექი (ძვ. ებრ. - გამოსვლა) – 1) ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; აღდგომის მომდევნო კვირა; 2) ებრაელი ხალხის დღესასწაული, დაკავშირებული ეგვიპტიდან გამოსვლასთან.
პასქალია - აღდგომის დღეთა ციკლი (წლები).
პატრიარქი (მამამთავარი) - ავტოკეფალიის მქონე მართლამდიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული და ამ ტიტულის მქონე პირი.
პატროლოგია - ღვთისმეტყველების ნაწილი, რომელიც სწავლობს ეკლესიის წმინდა მამათა თხზულებებს. ამ თხზულებათა კრებული.
პერანგი - ხატის ძვირფასი ლითონით შემკულობა.
პირველშეწირული წირვა (ლიტურგია) - ტარდება დიდმარხვაში ოთხშაბათ-პარაასკევს და ვნების კვირის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. ასე იმიტომ ეწოდება, რომ წირვა ტარდება წინა კვირის წმ. ბასილი დიდის ლიტურგიის დროს წინასწარ შეწირულ ტარიგზე. ამ ლიტურგიას საბოლოო ფორმა მისცა გრიგოლ დიდმა დიოლოგოსმა. დამტკიცებულია ტრულის კრებაზე 692 წ.
პირჯვარი - ლოცვის გარეგანი გამოხატულება, პირჯვარი გამოიხატება სამი თითის: ცერის, საჩვენებლის და შუათითის მჭიდრო მიდებით (არათითი და ნეკი უკან იკეცება). ორი მიკეცილი თითი აღნიშნავს ქრისტეს ორ ბუნებას, სამი - სამებას. თითებს იდებენ შუბლზე, მერე მკერდს ქვემოთ, მარჯვენა და მარცხენა მხართან (გონების, გულისა და ძალის სიმბოლო).
პოტირი - იხ. ბარძიმი.
პრესვიტერი - მღვდელი, ხუცესი.
პროზელიტი - სხვა სარწმუნოებიდან მოქცეული ახალ სარწმუნოებაზე.
პროზელიტიზმი - 1) მისწრაფება სხვების მიქცევისა თავის სარწმუნოებაზე; 2) მხურვალე ერთგულება ახლად მიღებული მოძღვრება-რწმენისა.
პროსკომიდია - კვეთა, ლიტურგიის პირველი ნაწილი, რომელშიც მღვდელთმსახურნი სამკვეთლოზე კვეთენ სეფისკვერს, ბარძიმში ასხამენ ღვინოს და წყალს. კვეთის დროს გამოიყენება ხუთი დიდი სეფისკვერი, ამათგან ერთ-ერთიდან, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ამოიღება ტარიგი, ხოლო დანარჩენებიდან ნაწილები - ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, წმინდანთა, ცოცხლების და მიცვალებულების სახელზე. კვეთისას იკვეთება მორწმუნეების მიერ შეძენილი პატარა სეფისკვერი.
პროსფორა (ჰოსტია) - პატარა კვერი, სეფისკვერი.
პროტოიერეი - ქართ. დეკანოზი, ტაძრის უფროსი მოძღვარი; ეს საპატიო წოდება ენიჭება პირადი დამსახურებისათვის.
პროტოპრესვიტერი - საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. თეთრი სამღვდელოების უმაღლესი წოდება. საქართველოში პროტოპრესვიტერის წოდება მიღებულია სიონის საკათედრო ტაძარში.