- წ -
წანდილი - იხ. კოლიო.
წარგზავნა - დღესასწაულის წარგზავნა. ნიშნავს რომელიმე საუფლო ან დიდი დღესასწაულის დამთავრებას. დღესასწაულიდან წარგზავნამდე იკითხება სადღესასწაულო საგალობელი, თვით წარგზავნის დღეს კი (ძირითადი დღესასწაულიდან მე-8 ან მე-9 დღეს) უკანასკნელად იკითხება საგალობელი და ამგვარი პატივით გაისტუმრება.
„წარდგომა“ - მცირე საგალობელი, რომელიც ყოველთვის უძღვის ცისკრის 9 გალობიან კანონს. მას საკუთარი მელოდია აქვს (ე.ი. თვითავაჯი) და ხშირად ემყარება „უფალო ღაღადყავის“ ტექსტს.
წარწყმედა - ადამიანისათვის მეორედ სიკვდილი, როდესაც ჩადენილი ცოდვების გამო სული ხვდება სამუდამო ჯოჯოხეთში.
წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი; დღე, როდესაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. ვნების შვიდეულის პარასკევი, ამ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება განსაკუთრებული რიტუალი ქრისტეს ჯვარცმის სამახსოვროდ, რომლის დროსაც ტაძარში დაასვენებენ გარდამოხსნას, ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს გამოსახულებას (იხ. გარდამოხსნა).
წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - აღინიშნება 1(14) იანვარს, ნიშნად ყრმა იესოს დაბადებიდან მე-8 დღეს წინადაცვეთისა, როდესაც მას სახელად უწოდეს იესო, ე.ი. მხსნელი.
წინამძღვარი - მონასტრის ან ეკლესიის კრებულის უფროსი.
წინასწარმეტყველნი - განსაკუთრებული, მომავლის წინასწარმჭვრეტი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ეს ნიჭი ღვთის ნებით ეძლევათ განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსავობით გამორჩეულ ადამიანებს. ძველ აღთქმაში არსებობს 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი; მათი წიგნებიდან დიდებს ეკუთვნის: ესაია, იერემია, იეზეკიელი და დანიელი. მცირეებია: ოსია, იოილი, ამოსი, ავდია, იონა, მიქა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია. წინასწარმეტყველთა წიგნებს იესო ქრისტე აყენებდა მოსეს კანონების გვერდზე. ახალ აღთქმაში წინასწარმეტყველურ წიგნად ითვლება იოანეს გამოცხადება.
წირვა - იხ. ლიტურგია.
წმიდა ადგილები - იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები: პალესტინა - იწოდება წმ. მიწად, იერუსალიმი - წმ. ქალაქად; წმ. ადგილებია: გოლგოთა - იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილი, უფლის საფლავი (იერუსალიმში), თაბორი (ფერიცვალების ადგილი), ბეთლემი (შობის ადგილი), მდ. იორდანე (ნათლისღების ადგილი), ნაზარეთი, სინას მთა (სადაც მოსეს ღმერთმა გადასცა ათი მცნება), წმ. ადგილებია, აგრეთვე, ქრისტეს მოციქულებისა და სხვა მოწამეთა მოღვაწეობის ადგილები. საქართველოში წმ. ადგილებია - ახალი ათონი (სადაც დაკრძალულია სვიმონ კანანელი), სვეტიცხოველი (სადაც დაფლულია კვართი უფლისა), თბილისის სიონი (აქ ინახება წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და თომა მოციქულის თავის ქალა) და სხვ.
წმიდა ზიარება (ევქარისტია) - იესო ქრისტეს მიერ დაწესებული უმთავრესი საიდუმლო - იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. ზიარებაზე დაიშვება ეკლესიის ყველა წევრი მარხვითა და სინანულით სათანადო მომზადების შემდეგ. ზიარებით ადამიანი ხდება ქრისტეს სხეულის ნაწილი.
წმიდა წერილი - ბიბლია.
წმიდა ჭურჭელი - 1) ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ევქარისტიის საიდუმლოს დროს: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, დაფარნები, ლახვარი, კოვზი, ღრუბელი, სამირონე და სანაწილე; მათთან შეხება არ შეუძლია ერის კაცს და დაბალი ჩინის საეკლესიო პირებს; 2) საერთო მნიშნველობით ეს არის საეკლესიო ღვთისმსახურების დროს გამოყენებული ჭურჭელი და საგნები. მაგ.: საცეცხლური, ნაკურთხი წყლის ჭურჭელი და სხვ.
წმიდანები - ისტორიული პიროვნებები, რომლებიც ეკლესიამ აღიარა ღვთაებრივი ძალის მქონედ, ისინი არიან შუამავლები ადამიანებსა და ღმერთს შორის.
წუმწუბა - გოგირდის ცეცხლოვანი წვიმა, რომელიც მოუვლინა სოდომს ღმერთმა (საბა).
წყევლა - ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, წყევლა ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინლესი ცოდვაა.
წყლის კურთხევა - საეკლესიო ღვთისმსახურება, რომლის დროსაც იკურთხება წყალი (იხ.
აიაზმა).