ვაზისუბნის „ცხრა ყრმა კოლაელთა“ სახელობის ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორები და მონაწილენი ბავშვები არიან. ამ უბანში 1994 წლამდე არც ერთი ეკლესია არ იყო. 1994 წელს ბავშვებმა მიმართეს თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს. ამავე წლის 3 აგვისტოს სამგორის რაიონის გამგეობაში წერილი მოვიდა: „კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დალოცვილია ეკლესიის მშენებლობა, გთხოვთ, დაეხმაროთ ეკლესიის მშენებლობისათვის ტერიტორიის გამოყოფაში“.
1995 წლის 26 ივნისს მოხდა ადგილის კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ და საფუძველი ჩაეყარა მშენებლობას. ყოველ ოთხშაბათს დაწესდა პარაკლისების გადახდა, რომელსაც ატარებდა მამა მიქაელ შაიშმელაშვილი, დაიწერა პირველი ხატი მამა ალექსანდრე ჩახვაშვილის მიერ, დაიდგა ჯვარი და სასანთლე.
ტაძრის მშენებლობა 4 წლის შემდეგ, 1999 წლიდან განახლდა. მშენებლობაში დიდი ღვაწლი დადეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებელმა თეიმურაზ ქურხულმა, ამავე რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი (გია) ყარყარაშვილმა, ხუროთმოძღვარმა რევაზ ჯანაშიამ, რაიონის წარმოება-დაწესებულებათა ხელმძღვანელობამ; მე-40, 163-ე, 92-ე, 172-ე სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა და ვაზისუბანის მოსახლეობამ.
2001 წლის 25 ოქტომბერს ტაძარი მოინახულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მოიწონდა და დალოცა. 28 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრია გვაზავამ, მანვე აღავლინა საზეიმო წირვა.