მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი № 1, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი.
აშენების თარიღი: ტაძრის აგება ქართველი ინტელიგენციისა და თსუ სტუდენტთა სულიერი მოთხოვნილების ნაყოფია. ამ საქმეში დიდია უნივერსიტეტის რექტორის ბატონ როინ მეტრეველის წვლილი. ეკლესია აგებულია შემოწირულობებით. ქველისმოქმედთაგან გამოვყოფდით ბანკ „გულანისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექციას. 1995 წლის 5 სექტემბერს ტაძარი აკურთხა და პირველი საზეიმო წირვა აღავლინა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა.
არქიტექტურა: ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია და ემსგავსება სამწევრისის ეკლესიის შემცირებულ მოდელს. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი მარსაგიშვილი.
ხატები: ეკლესიაში დაცულია რამდენიმე ძველი რუსული ხატი: „ყაზანის ღვთისმშობელი“, „ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი (ტრიხერუსა)“, „ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი“. თანამედროვე ხატთაგან აღსანიშნავია: წმიდა მიქაელისა და წმიდა გაბრიელის, წმიდა დავით გარეჯელის, წმიდა პანტელეიმონის ხატები. მაცხოვრის, წმიდა გიორგის, წმიდა დავით აღმაშენებლის, ჯვარცმისა და კანკელის მოხატულობის ავტორია დავით აბრამია, ტაძრის დიდი ნაწილი მოხატულია ხატმწერ ამირან გოგლიძის მიერ.
ტაძრის ეზოში მდებარეობს V-VI საუკუნეების ბაზალტის სტელა ახალქალაქის ნასოფლარ დანკალიდან. მასზე გამოსახულია წმინდადის ფიგურა, სიცოცხლის ხე და ჯვარი ბოლოებგაფართოებული მკლავებით. ტაძარს აქვს სამრევლო ნაგებობა და აუზი წყალკურთხევისა და ნათლობისათვის.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 21, 1999 წ.