მისამართი: ავლაბარი, მეტეხის კლდე, რუისის ქუჩა.
ისტორია: რუისის ქუჩაზე, სადაც ამჟამად წმიდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაა, გადმოცემის მიხედვით, ადრე წმიდა მარინეს სახელობის ტაძარი იდგა. ახალი ტაძრის მშენებლობა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით 1998 წელს დაიწყო. მომავალი ეკლესიის საძირკველი დეკანოზმა თევდორემ (ამბროლაძე) აკურთხა. პროექტის ავტორია არქიტექტორი რევაზ ჯანაშია.
არქიტექტურა: ტაძარი მიდგმულ-აბსიდიანი ბაზილიკაა, გალერეით მტკვრის მხარეს. ტაძარი გალავნიანია. წმიდა დავით წინასწარმეტყველის ეკლესია ძეგვის ბუნებრივი ფლეთილი ქვით და ძველი ქართული აგურით აშენდა. ნაგებობა გადახურულია ასევე ძველი ქართული კრამიტით. ტაძარს ქუჩის მხარეს აქვს სამრეკლო, ხოლო მის ქვეშ ცენტრალური შესასვლელია.
ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი და დამფინანსებელია ბ-ნი ბიგი ჩხოლარია და მისი ოჯახი. სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ მშენებლები გიორგი ბერაია და ზურაბ ალანია. ქვის სამუშაოები შეასრულა ქვისმთლელმა მურთაზ ხვისტანმა. ტაძრის კანკელი ვარდისფერი ეკლარის ქვითაა აგებული.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 7(58), 2000 წ.